ზონარა: განწესებას სურს, რათა შენარჩუნებულ იქნეს ძველი წესი, რასაც განსაზღვრავენ გვიანდელი კანონებიც და სამოქალაქო განწესებებიც. ამგვარად, კანონი ადგენს, რათა ალექსანდრიის ეპისკოპოსს ჰქონდეს პირველობა ეგვიპტის, ლიბიისა და პენტაპოლისის ეპისკოპოსთა შორის, ხოლო ანტიოქიის ეპისკოპოსს მისდამი დაქვემდებარებული ოლქების ეპისკოპოსებზე, ანუ სირიასა და კელესირიაზე, ორივე კილიკიასა და მესოპოტამიაზე; და, რომ სხვა ეპისკოპოსებსაც უნდა გააჩნდეთ ძალაუფლება მათდამი დაქვემდებარებულ ქვეყნებზე ისევე, როგორც რომის ეკლესიის წინამძღვარს მისცა ჩვეულებამ მმართველობის უფლება დასავლეთის ქვეყნებზე. ამიტომაც, კანონს ნებავს, რათა ამ ეპისკოპოსებს თავიანთ სამთავროებში ის უდიდესი უპირატესობა ჰქონდეთ, რასაც იძლევა საზოგადო დადგენილება და მათ გარეშე არაფერი უნდა გაკეთდეს ისეთი, რაც ეხება საეკლესიო მმართველობის საკითხებს, რომელთაგან ყველაზე უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ეპისკოპოსთა ხელდასხმაა. ამრიგად, კანონი ამბობს: თუ მიტროპოლიტის გარეშე ვინმეს ხელს დაასხამენ ეპისკოპოსად, ის არ უნდა აღიარონ ეპისკოპოსად. მართალია, ძველად ეპისკოპოსებს შეკრებილი მოქალაქეები ირჩევდნენ, მაგრამ მაშინაც კი ამ არჩევის შესახებ მიტროპოლიტს მოახსენებდნენ და ვისაც ის მოიწონებდა ხელსაც იმას დაასხამდნენ. შემდეგ კანონი ამატებს, რომ, თუ არჩევის დროს, რომელიც მოხდა განწესებათა დაცვით, უმეტესი ნაწილი შეთანხმებული და ერთი აზრისა იქნება ასარჩევ კანდიდატზე, ხოლო ორი ან სამი კამათის მოყვარული, ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე შეეწინააღმდეგება და არ დაეთანხმება დანარჩენებს, ძალა უნდა მივცეთ უმეტესთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ასეა დაწესებული სამოქალაქო კანონების მიერაც ფინანსურ საქმეებში. ეპისკოპოსთა უთანხმოების შესახებ ანტიოქიის კრების 19-ე კანონიც იგივეს განაწესებს.
არისტინე: ეგვიპტეზე, ლიბიასა და ხუთქალაქზე (პენტაპოლისზე) ძალაუფლება უნდა ჰქონდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსს, რომისას რომისადმი დაქვემდებარებულ ოლქებზე, ხოლო ანტიოქიისას თავის სამთავროებზე. თუ ვინმე ხელდასხმულ იქნება ეპისკოპოსად სამთავროს მიტროპოლიტის ნებართვის გარეშე, ნუმც იქნება ეპისკოპოსი. ხოლო უმეტესობის მიერ არჩეულს, რომელიც აღსრულდება განწესებისამებრ, შეეწინააღმდეგება ორი ან სამი, მათ შეხედულებას ძალა არ უნდა ჰქონდეს. ყოველი პატრიარქი უნდა დასჯერდეს თავის უპირატესობებს და არავინ მათგან თავის უფლებამოსილებას სხვის სამთავროზე არ უნდა ავრცელებდეს და სხვის სამთავროებს არ უნდა იტაცებდეს, რომელიც არც ადრე ყოფილა მის განმგებლობაში, რადგან ეს არის საერო ძალაუფლების მედიდურობა. თუმცა ყოველი სამთავროს ეპისკოპოსიც უნდა ემორჩილებოდეს თავის პირველ ეპისკოპოსს, ანუ მიტროპოლიის მღვდელმთავარას, და მისი ნებართვის გარეშე არ უნდა ირჩევდეს ეპისკოპოსს; ხოლო თუ ვინმეს აირჩევენ მიტროპოლიტის ნებართვის გარეშე, ასეთს ეპისკოპოსობა არ უნდა მიუბოძონ. ხოლო თუ მიტროპოლიტის ნებართვით საეპისკოპოსო კანდიდატთა არჩევისთვის შეკრებილი ეპისკოპოსები ვერ შეთანხმდებიან ასარჩევ კანდიდატზე და ზოგიერთი, მისთვის დამახასიათებელი კინკლაობით შეეწინააღმდეგება უმრავლესობის არჩევანს, ძალა უმეტესობის გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს. იხილე აგრეთვე ეფესოს კრების 8-ე კანონი, მოციქულთა 34-ე, ანტიოქიის 2-ე და 3-ე, ასევე სარდიკიის კრების 3-ე კანონები.
ბალსამონი: წინამდებარე 6-ე და მისი შემდგომი 7-ე კანონები განსაზღვრავენ, რათა ძველი ჩვეულებისამებრ პატივი მიეგოს ოთხ პატრიარქს: რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმისას (კონსტანტინოპოლის პატრიარქის შესახებ სხვა კანონთა განმარტებებში ვისაუბრებთ), და რომ ალექსანდრიის პატრიარქს უპირატესობა უნდა ჰქონდეს ეგვიპტეზე, ლიბიასა და პენტაპოლისზე; მსგავსადვე, ანტიოქიის მღვდელმთვარს სირიის, კელესირიის, მესოპოტამიიისა და ორივე კილიკიის ოლქებზე; იერუსალიმის პატრიარქს პალესტინაზე, არაბეთსა და ფინიკიაზე, რადგან, კანონი ამბობს, რომ რომის ეპისკოპოსს უპირატესობა გააჩნია დასავლეთ ოლქებზე. ამგვარად, კანონს სურს, რათა პატრიარქებს გააჩნდეთ უპირატესობა მათდამი დაქვემდებარებულ მიტროპოლიებზე, ხოლო მიტროპოლიტებს, თავის მხრივ, უნდა გააჩნდეთ უპირატესობა მათდამი დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებზე ისე, რომ ისინი არაფერს უნდა აკეთებდნენ ისეთს, რაც მათ ძალაუფლებას აღემატება. ამას განსაზღვრავს სწორედ კანონიც, რათა ის, ვინც ეპისკოპოსად იქნება არჩეული უპირატესი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, არ უნდა გახდეს ეპისკოპოსი და ამატებს, რომ როდესაც არჩევა ხდება კანონიერად, ხოლო ზოგიერთები შეეწინააღმდეგებიან ამ არჩევანს, კანონის მიხედვით, უპირატესობა უმრავლესობის გადაწყვეტილებას უნდა მიეცეს. ყოველივე ამის შემდეგ ერთმა იკითხა: წინამდებარე კანონი განსაზღვრავს რათა ყოველ საქმეში უმრავლესობის აზრი დომინირებდეს, ხოლო ჩვენი წმიდა მეფის, უფალ მანუელ კომნინოსის ახალ კანონმდებლობა, რომელიც ინდიქტიონის 6674 წლის, 14-ე ინდიქტიონის ივლისის თვეში გამოიცა, სხვათა შორის, სიტყვა-სიტყვით განსაზღვრავს შემდეგს: თუ ყველა არ იქნება თანახმა, და ზოგიერთი წინააღმდეგობას გაუწევს უმეტესობის გადაწყვეტილებას, ან კიდევ ხმები განაწილდება თანაბრად, ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს იმათ, ვისაც დაეთანხმება კრების თავმჯდომარე. მაშ, რომელ გადაწყვეტილებას მივსდიოთ? ზოგიერთი ამბობდა, რომ საეკლესიო საქმეებში არ უნდა მივსდიოთ ნოველას, ამიტომაც, ძალა ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ძველ განწესებებსა და მათთან თანხმიერ კანონებს; სხვები კი, პირიქით, ამტკიცებდნენ, რომ ნოველა გამოცემულია მთელი მსოფლიოსთვის და ყოველი საქმისთვის და საზოგადო სჯულმდებლობას წარმოადგენს. ჩემის აზრით კი ამ ნოველის განსაზღვრება არ ეხება საეკლესიო არჩევნებსა და საქმეებს, რათა მისი მეშვეობით ყოველი კანონიკური არჩევანი არ დამახინჯდეს. იხილე აგრეთვე ანტიოქიის კრების 19-ე კანონი. იერუსალემის პატრიარქი იწოდება ელიის ეპისკოპოსად, რადგან ქალაქი იერუსალემი ოდესღაც სალიმად და იებუსად იწოდებოდა, ხოლო იმის შემდეგ, რაც მეფე სოლომონმა მასში ბრწყინვალე და დიდებული ტაძარი ააგო, ის იერუსალემად გადაკეთდა. ამის შემდეგ ებრაელი ერი დაატყვევეს ბაბილონელებმა და ქალაქი საფუძვლიანად დაანგრიეს. როდესაც რომის იმპერატორმა ელიუს ადრიანემ ის განაახლა, მისი სახელის მიხედვით იწოდა კიდეც ქალაქი ელიად. საზოგადო სახელით კი თვით ქალაქიცა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ოლქები, პალესტინად იწოდება. ზოგიერთი კითხულობდა: რას ნიშნავს კანონის სიტყვები: "ჰქონდეს პატივის თანამიმდევრობა, ღირსების შენარჩუნებით, რომელიც მიტროპოლიტმა მიანიჭა?" (იხ. ქვემოთ კანონი 7-ე) - და პასუხად მიიღეს, რომ პალესტინაში მიტროპოლია იყო კესარია, ხოლო იერუსალიმის ეკლესია ოდესღაც მისი საეპისკოპოსო გახლდათ. ამრიგად, კანონს სურს, რათა მიტროპოლიას დარჩეს მისი უფლებები, თუმცკი მისგან უკვე გამოყოფილია ელია და მისმა ეპისკოპოსმა მიიღო პატივი ქრისტეს მაცხოვნებელი ვნებების გამო. იხილე აგრეთვე IV კრების საქმეები (საქმე 8) და შეიტყობ, რომ ანტიოქიის ეპისკოპოს მაქსიმესა და იერუსალემის ეპისკოპოს იუვენალის ურთიერთ თანხმობით, კეთილად იქნა მიჩნეული ანტიოქიას ჰქონოდა ორი - ფინიკია და არაბეთი, ხოლო იერუსალემს სამი - პალესტინა. მაშინ ასე გადაწყდა, ამჯერად კი ვითარების ცვლილებამ, ჩვეულებისამებრ, ესეც შეცვალა.