რჯულისკანონი - პიდალიონი - მოციქულთა 50-ე კანონი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ნიკოდიმე მთაწმინდელი

პიდალიონი

ამონაწერები ბერძნული დიდი სჯულისკანონიდან (პიდალიონიდან)
ნიკოდიმე მთაწმინდელის
(1749-1809) განმარტებებით

ეკლესიის ხომალდი

წმიდა მოციქულთა 50-ე კანონი

ნიკოდიმე მთაწმინდელის განმარტება

თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთგზის და ეს უფლის სიკვდილთან მიმართებაში აღასრულოს, დაემხოს. რამეთუ არ უთქვამს უფალს: "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-სცემდით", არამედ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათ. 28,19).

(II მსოფ. 7).

განმარტება

ნათლისღების წმიდა საიდუმლოში უკიდურესად აუცილებელია და ყოველთვის სრულიად სავალდებულოა სამი რამ: ნაკურთხი წყალი, სამგზისი შთაფლვა წყალში და აღმოსვლა მისგან, და სამი ღვთაებრივი იპოსტასის მოწოდება. წინა 49-ე კანონში ღვთაებრივმა მოციქულებმა დააწესეს სამგზისი მოწოდება და გვასწავლეს, როგორ უნდა წარმოვთქვათ სახელები და რა თანმიმდევრობით. ხოლო წინამდებარე 50-ე კანონში ისინი თავის მხრივ აწესებენ სამ შთაფლვას და აღმოსვლას, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, აუცილებელია (1) ამ სიტყვის უზუსტესი მნიშვნელობით და წარმოადგენენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ნათლისღების შემადგენელ ნაწილს. მართლაც, მათ გარეშე ნათლისღება არა თუ ვერ შედგება, არამედ საერთოდაც შეუძლებელია იწოდოს ნათლისღებად. რამეთუ, თუკი სიტყვა "ნათლობა" (βαπτζω) ნიშნავს იგივეს, რასაც უფრო ყოფითი სიტყვა "შთაფლვა" (βουτî) და შედეგად, მომდინარეობს წყალში ჩაყვინთვისგან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამი შთაფლვისგან (βουτματα), ანუ "ნათლისღებისგან" (βαπτίσματα), იწოდება კიდევაც იგი შთაფლვად (βούτημα) და ნათლისღებად (βάπτισμα) და არა სხვა რამედ.

____________

1. "Итак, символическое учение о таинствах заповедует, чтобы тремя погружениями в воду священнокрещаемый подражал Божественной смерти Христа Жизнодавца, Который три дня и три ночи находился во гробе" (Пидалион. 2019 г. Правила святых апостолов. Стр. 294).

____________

მაგრამ, მოდი უფრო ზუსტად ვნახოთ რას განაწესებენ მოციქულები.

ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, ვინც ნათლისღების ერთ საიდუმლოში არ აღასრულებს სამ "ნათლობას", ანუ სამ შთაფლვას, არამედ მხოლოდ ერთს, რომელიც ვითომცდა უფლის ერთი სიკვდილის მიმართ აღესრულება, უნდა დაემხოს (ყურადღება მიაქციე იმას, რომ მოციქულთა ეს კანონი წინასწარმეტყველურად ამხობს ევნომეს გამონაგონს, რომელმაც პირველმა შემოიტანა ერთგზისი შთაფლვა, როგორც უკვე ვამბობდით, თუმცა, შესაძლოა, სხვა მწვალებლებიც იქმოდნენ ამას წმიდა მოციქულთა დროს). რადგან ჩვენთვის, ანუ თავის მოციქულთათვის არ უთქვამს უფალს, როდესაც საქადაგებლად გვაგზავნიდა: "ჩემი სიკვდილის მიმართ მონათლეთო", არამედ თქვა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა" (მათე 28:19), ანუ მონათლეთ სამი შთაფლვით და აღმოსვლით და ყოველ შთაფლვაზე თანმიმდევრულად მოუწოდეთ წმიდა სამების ერთ-ერთი იპოსტასს. ერთი შთაფლვა-აღმოსვლით არ გამოისახება არც მაცხოვრის სამდღიანი სიკვდილი, არც საღმრთო წმიდა სამების საიდუმლო და მისი შემეცნებაც არ წარმოჩინდება. მაშასადამე, ასეთი ნათლისღება, რადგან ის მოკლებულია ღვთისმეტყველებას და განკაცების განგებულებას, უაღრესად უკეთური და უპატიოსნოა. ხოლო სამი შთაფლვა-აღმოსვლით აშკარად იუწყება რწმენა წმიდა სამებისადმი, და ამავდროულად გამოისახება მაცხოვრის სამდღიანი სიკვდილი, დაფლვა და აღდგომა. შედეგად, ამის წყალობით ჩვენი ნათლისღება გამოხატავს ორ უპირველეს დოგმატს, რომელთაც მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ვაღიარებთ, მე ვგულისხმობ დოგმატებს, რომლებიც ღვთისმეტყველებენ ცხოველმყოფელ სამებაზე და ღმრთის სიტყვის განკაცების განგებულებაზე.


შენიშვნა

1. ის, რომ იესუ ქრისტეს სიკვდილი აუცილებელი იყო მთელი კაცთა მოდგმის საცხონებლად და ადამიანის ღმერთთან შესარიგებლად, ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოების უცილობელი დოგმატია. მის გარეშე ადამიანი ვერასოდეს შეურიგდებოდა ღმერთს, არამედ, უცილობლივ, საუკუნოდ მისდამი შეურიგებელ მტრად დარჩებოდა. აჩვენებს რა ამას, მოციქული პავლე ბრძანებს: "მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს" (რომ. 5:10).

ამიტომ, იმისთვის, რათა მუდამჟამ აღესრულებოდეს ადამიანისადმი ღმრთის ეს გამოუთქმელი მოწყალება და მომავალშიც ყოველთვის ქმედითი იყოს ამ სიკვდილისგან გამომდინარე ადამიანთა ცხონება, - უფალმა, რომელმაც ხორციელად განიცადა სიკვდილი და დასაბამი მისცა ჩვენს ცხონებას, ასევე მისმა ღვთაებრივმა მოწაფეებმა და ყველა ღმერთშემოსილმა მამამ დააწესეს, რათა აუცილებლად და უცვალებლად აღბეჭდილიყო უფლის სიკვდილის ხატი ყოველ საიდუმლოსა და მღვდელმსახურებაში, ყოველ წეს-ჩვეულებაში ეკლესიისა.

მაგრამ, ხატი უფლის სიკვდილისა უპირატესად ნათლისღების საიდუმლოში არის გაცხადებული, რომელიც სამგზისი შთაფვლით აღსრულდება. უპირატესად ამ საიდუმლოშიო ვამბობთ იმიტომ, რომ ყველა სხვა მღვდელმოქმედება გარე კაცისა წარმოაჩენს მათს შინაარსში ჩადებულ ხატს უფლის სიკვდილისა, მაშინ, როდესაც წმიდა ნათლისღებაში ადამიანი საკუთარ თავზე გამოხატავს მას; ანუ თვითონ მოსანათლავი კვდება ხატისაებრ უფლის სიკვდილისა და თანადაეფლვის ქრისტეს წყალში ნათლისღებისა. ამას ადასტურებს - წმიდა მოციქული პავლე, რომელიც ამბობს: "ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა" (იხ. რომ. 6:3-4). შედეგად, იმისთვის, რათა ჩვენშიც აისახოს მსგავსება ქრისტეს სიკვდილისა და სამდღიანი დამარხვისა, აუცილებელია იყოს სამგზისი შთაფლვა, სხვაგვარად ეს შეუძლებელია.

კიდევ ისმინე, შთაფლვის აუცილებლობასთან დაკავშირებით როგორ ეთანხმება საღმრთო წერილსა და მოციქულთა კანონებს  წმიდა მამათა გადმოცემა. მაგალითად, მოციქულთა თანამედროვე, დაფარულ საიდუმლოთა მხილველი დიონისე, მისთვის დამახასიათებელი ამაღლებული მეტყველებით ბრძანებს: "ამრიგად, სიმბოლური სწავლება საიდუმლოთა შესახებ გვამცნებს, რომ წყალში სამგზისი შთაფლვით სიწმიდით ნათელღებულმა უნდა მიბაძოს ქრისტე მაცხოვრის ღვთაებრივ სიკვდილს, რომელიც სამი დღე და სამი ღამე იმყოფებოდა საფლავში"*.

____________

*
"Итак, символическое учение о таинствах заповедует, чтобы тремя погружениями в воду священнокрещаемый подражал Божественной смерти Христа Жизнодавца, Который три дня и три ночи находился во гробе" (Пидалион. 2019 г. Правила святых апостолов. Стр. 294).

____________



და კიდევ: "... ამგვარად, სრული დაფარვა წყალქვეშ სიკვდილისა და უხილავი დაფლვის სახედ აღიქმება" (Dion. Areop. De eccl. hierarch. II, 3.7 // PG 3, 404B) **. და კიდევ სხვა ადგილას: "ამრიგად, იერარქი სამგზის შთაფლავს მას (იგულისხმება მოსანათლავი - ღირ. ნიკოდიმე) და ყოველ შთაფლვასა და აღმოსვლაზე საღმრთო ნეტარების სამი იპოსტასიდან ერთ-ერთ მოუწოდებს" (Ibid., 3.7 // PG 3, 396D) ***.

____________

** ძველქართულ თარგმანში ვკითხულობთ: "ამისთვის ყოვლითურთსა წყალსა შინა დაფლვასა სიკუდილისა და საფლავისა მიერ უჩინო ქმნისა ხატი მოაქუს, ვინაიცა სიწმიდით ნათელღებულთა სახის შემოღებითი მოძღურებაი ზიარ საიდუმლოთა ჰყოფს სამ-გზისითა მით შთაყოფითა და კუალად აღმოყოფითა ღმერთ-მთავრობითსა მას სამ დღე ღამისსა დაფლვასა მისსა, იესუის ცხორების მომცემელისასა და მიმსგავსებად სიკუდილსა მისსა, რაოდენ მისაწთომელ არს კაცთა მიერი ღმრთის მსგავსებაი, რომელსა შინა სიტყუათაებრისა მის საიდუმლო და დაფარულად მოცემისა ვერარას ჰპოებს მთავარი იგი ამის სოფლისაი" (პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი). შრომები. საეკლესიოისა მღვდელთ-მთავრობისათვის. თავი ბ. წესთათვის, რომელნი ნათლის-ღებასა შინა აღესრულებიან. III ხედვაი. § 7. გვ. 168).

*** ძველქართულ თარგმანში: "და ნათელს სცის მას მღდელთ-მთავარმან და სამსა მას ზედა შთაყოფისა და აღმოყოფისა სრულ-ყოფასა ხმობნ სამ-გუამოვნებასა საღმრთოისა ნეტარებისა" (დასახ. შრ. გვ. 163).

____________

კირილე იერუსალიმელი თავის მისტაგოგიურ ქადაგებაში ამბობს: "სიმბოლურად მიანიშნეთ აქაც ქრისტეს სამდღიანი დაფლვა. ისევე როგორც მაცხოვარმა ჩვენმა სამი დღე და სამი ღამე დაჰყო მიწის წიაღში (მათ. 12:40), ასევე თქვენც პირველი ამოსვლით გამოსახეთ ქრისტეს პირველი დღე მიწაში, და ჩასვლით ღამე" (Cyr. Hieros. Mystag. 2.4. // PG 33, 1080C). და კიდევ: " როგორც იესო, სოფლის ცოდვათა ამღებელი, მოკვდა, რომ სიკვდილი მოეკლა და შენ აღედგინე სიმართლეში, ასევე შენც ჩადიხარ რა წყალში და ერთგვარად დაიფლობი მასში, როგორც იგი კლდეში, კვლავ აღდგები, რომ "ცხოვრების სიახლეში ხვიდოდე" (რომ. 6.4)". და შემდეგ:  "ამის შემდგომ მიყვანილი ხარ შენ  საღვთო ნათლისღების წმინდა საბანელთან, როგორც ქრისტე ჯვრიდან აქ მდებარე საფლავთან" (Idebm. Mystag. 2.4 // PG 33, 444A).  და კიდევ: "იგი განიბანა მდინარე იორდანეში და სხეულის მიერ ღმრთეებას შეაზიარა წყალი. ამოვიდა იქიდან და იქმნა მასზე არსობრივი გარდამოსვლა სულიწმინდისა მსგავსზე განისვენა მსგავსმა. თქვენც, ასევე, ამოხვედით რა სამღვდელო ნაკადულთა საბანელიდან, მოგეცათ ცხება, ნაცვალსახე იმისა, რითაც იცხო ქრისტემ" (Ibid. 3.1 // PG 33, 1088A-1089A).

მტკიცე ათანასე დიდი, განმარტავს რა მოციქულის გამოთქმას "თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა" (ახ. ქართ.: "სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ") (რომ. 6:5), ბრძანებს: "თანაშეზრდილნი ვართ, ე. ი. თანამოზიარენი გავხდით; როგორც მიწაში დაფლულმა უფლის სხეულმა სამყაროს ცხოვრება აღმოუცენა, ასევე ჩვენი სხეულიც, დაფლული ნათლისღებაში, სიმართლეს აღმოაცენებს ჩვენთვისვე. ხოლო მსგავსება აი რაში მდგომარეობს: როგორც ქრისტე მოკვდა და მესამე დღეს აღდგა, ასევე ჩვენც, ვკვდებით რა ნათლისღებაში, აღვდგებით. მართლაც, ბავშვის სამგზის შთაფლვა ემბაზში და შემდეგ აღმოყვანა - ეს ნიშნავს ქრისტეს სამდღიან სიკვდილს და მესამე დღეს მის აღდგომას" (Athanas. Alex. Quaest. in Script. 92 // PG 28, 753B).


ბასილი დიდი ამბობს: "ამრიგად, ნათლისღების საიდუმლო აღესრულება სამგზის შთაფლვით და ამდენივე რაოდენობის მოწოდებით, რათა სიკვდილის სახე თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი, და ჩვენ, მოსანათლავნი, ღმრთისშემეცნებას მიწევნულნი, სულიერად გავნათლდეთ" (Basil. Magn. De Spirit. Sanct. 15.35 // PG 32, 132A). და კიდევ სხვა ადგილას: "ჩვენ ერთი ვიცით მაცხოვნებელი ნათლისღება, რადგან ერთია სიკვდილი ქვეყნიერებისთვის და ერთია აღდგომა მკვდრეთით, რომლის სახესაც წარმოადგენს ნათლისღება" (Ibis. // PG 32, 129C). და კიდევ: "მაშ, როგორ ჩავდივართ ჯოჯოხეთში? ქრისტეს დამარხვისადმი მიბაძვით, რადგან მოსანათლავთა სხეულები წყალში თითქოსდა იმარხებიან" (Ibid. // PG 32, 129B). და შემდეგ: "მაშასადამე, წყალი გამოხატავს სიკვდილს, ხoლო სული მას ცხოველმყოფელ ძალას აზიარებს" (Ibid. // PG 32, 129C).

გრიგოლ ნოსელი თავის "კატექეტურ სიტყვაში" ამბობს: "წყალში ჩასვლა და მასში ადამიანის სამგზისი ყოფნა საკუთარ თავში შეიცავს სხვა საიდუმლოს..." (Greg. Nyss. Or. catech. 35 // PG 45, 85D). და კიდევ: "ამრიგად, ჩვენი ღმერთი და მაცხოვარი, აღასრულებდა რა ჩვენი ცხონების განგებულებას, ჩავიდა მეოთხე სტიქიონში - მიწაში, ხოლო ჩვენ, როდესაც ნათლობას ვიღებთ რა ჩვენი უფლის, მოძღვრისა და ხელმძღვანელის მიბაძვით, მიწაში არ ვიმარხებით, მაგრამ შევდივართ რა მიწასთან მონათესავე სტიქიაში, მასში ვიფლობით, როგორც მაცხოვარი დაიფლო მიწაში, და, აღვასრულებთ რა ამას სამგზის, საკუთარ თავზე მესამე დღის აღდგომის მადლს გამოვხატავთ" (Idem. In bapt. Christ. // PG 46, 585AB).

წმ. იოანე ოქროპირი (25-ე ჰომილია იოანეს სახარებაზე) ამბობს: "როგორია ნათლისღების აზრი? ის, რომ წყალში სიმბოლურად გამოიხატება კუბო და სიკვდილი, აღდგომა და სიცოცხლე, და ყველაფერი ეს ერთდროულად ხდება. როდესაც, თავს ვუშვებთ წყალში, ვით კუბოში, ამ დროს დაიმარხება ძველი ადამიანი და, ქვე ჩაშვებული, სრულიად იფარება. შემდეგ, როდესაც ავიმართებით - ახალი ადამიანი იშვება" (Ioan. Chrysost. Hom. in Ioan. 25.2 // PG 59, 151). კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს განმარტებაშიც ის ამბობს: "წყალში შესვლა, წყლით დაფარვა, შემდეგ კი წყლიდან ამოსვლა ჯოჯოხეთში ჩასვლისა და იქიდან ამოსვლის ნიშანია. ამიტომ პავლეც ნათლისღებას დაფარვას (ნიკოდიმესთან წერია "კუბოს" - არქიეპ. პ) უწოდებს, როცა ამბობს: "თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებით მით სიკუდილსა მისსა" (რომ. 6:4). და კიდევ: "რაც დედის წიაღია ჩვილისთვის - იგივეა წყალი ერთგულისთვის: იგი წყალში ჩაისახება და წარმოიშობა" (Idem. Hom. in Ioan. 26. 1 // PG 59, 153).

ღირ. იოანე დამასკელი ამბობს: "სამი ჩაძირვის გზით უფლის დასაფლავების სამ დღეს მოასწავებს ნათლისღება" (Ioan. Damasc. De fide orth. IV, 9 // PG 94, 1120A).
****


____________

**** იხ. ქართ. გამოცემა: წმიდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თბილისი 2019 წ. გვ. 542. ძველი ბერძნულიდან თარგმნა და ორიგინალი დაურთო ე. ჭელიძემ.

____________

მაგრამ, ნათლისღებაში შთაფლვის აუცილებლობს დასადასტურებლად რატომ ვიმოწმებ მე მხოლოდ ჩვენს ძველ მამებს? დაე მსურველმა წაიკითხოს ლათინი ღვთისმეტყველისა და სწავლულის კორდერიუსის ნაწერები, და ნახავს, რომ თავის სიტყვაში ნათლისღების შესახებ ის, უარყოფს რა თომა აქვინელის მზაკვრულ შეხედულებას (რომელიც მიიჩნევდა, თითქოსდა არა აქვს მნიშვნელობა ნათლობა სამგზის შთაფლვით იქნება შესრულებული თუ არა) მიდის დასკვნამდე, რომ სამგზისი შთაფლვა და აღმოსვლა წყლიდან, ჩვენი აღმოსავლეთის ეკლესიის მიერ ნათლისღების შესახებ მიღებული დადგენილებების თანხმიერად, უცვალებლად უნდა იქნას დაცული.

თვით ემბაზის სახელწოდებაც კი, რომელშიც შთაიფლებოდნენ, ანუ "ბანაობდნენ", სანათლავნი, მრავალი სხვა მტკიცებულების გარეშე თავისთავადაც ადასტურებს შთაფლვის აუცილებლობას. ამიტომაც "მოციქულთა დადგენილებებში" (წიგნი 7. თ. 43) წერია, რომ მოსანათლავი ჩადის წყალში (PG 1, 1045B). და კიდევ: "ამრიგად, ნათლობა მოიცემა უფლის სიკვდილის მიმართ: წყალი - კუბოს ნაცვლად, ზეთი - სულიწმიდის ნაცვლად, ბეჭედი - ჯვრის ნაცვლად. მირონი - აღსარების დადასტურებაა... შთაფლვა - ქრისტესთან ერთად სიკვდილია, ხოლო აღმოსვლა - მასთან ერთად თანააღდგომა" (წიგნი 3, თ. 17) (PG 1, 800A).

აი რატომ არის დღემდე დაცული ჩვეულება მოსანათლავი კათაკმეველის ნათლობა დიდი შაბათის ღამეს, როგორც მოწმობს ამას იგივე "მოციქულთა დადგენილებანი" (წიგნი 5, თ. 19) (PG 1, 893A) ლაოდიკიის კრების 45-ე კანონი. მართლაც, ბალსამონისა და ზონარას თანახმად, დიდი შაბათის ღამეს შუალედური ადგილი უჭირავს უფლის დამარხვასა და აღდგომას შორის, მაშასადამე, ამ ღამეს მონათლული თანადაეფლვის და თანააღდგება ქრისტეს არა მარტო შთაფლვითა და აღმოსვლით, არამედ საიდუმლოს მიღების დროის მხრივაც.

ფრანცისკ პივატის ლექსიკონში წერია, რომ წმ. ოთონი სამი შთაფლვით ნათლავდა. იმის შიშით, რომ ლათინებს ყალბად არ გამოეცხადებინათ ნათლობასთან დაკავშირებული მოციქულთა განწესება და არ შეერყვნათ იგი, მან განკარგულება გასცა ტაძრების შიგნით აეშენებინათ და დაედგათ მუხლამდე სიმაღლის მარმარილოს ემბაზები, რათა მათში შესაძლებელი ყოფილიყო მოსანათლავი ყრმების სრული შთაფლვა. ერთ-ერთი ამგვარი ემბაზთაგანი ლათინთა პირის დასაყოფად დღემდეა შემორჩენილი ვენეციის წმ. მარკოზის ეკლესიაში. გარდა ამისა, პაპი პელაგიუსი ასევე გამოთქვამდა აზრს, რომ სამი შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში სრულიად აუცილებელია.

ამრიგად, რა დასკვნა უნდა გაკეთდეს ყოველივე ზემოთთქმულიდან? რამდენადაც, სამი შთაფლვა და აღმოსვლა ნათლობაში აუცილებელია, რამეთუ მათით გამოიხატება მაცხოვრის სამდღიანი სიკვდილი, დაფლვა და აღდგომა, რომელთა მიერ ენიჭებათ ადამიანებს ღმრთისგან ცხონება, ცოდვათა მიტევება და შერიგება, იმდენად, ლათინური პკურება, რომელიც მოკლებულია შთაფლვებსა და აღმოსვლებს, ამის შედეგად, მოკლებულია უფლის სამდღიანი სიკვდილის, დაფლვისა და აღდგომის გამოსახვასაც. ხოლო თუკი მას ეს არ გააჩნია, ნათელია და უდავო, რომ ის ვერ იძლევა ცოდვათა მიტევებას და მოკლებულია ყოველგვარ მადლსა და ნათელღებას.

თუკი ლათინები იტყვიან, რომ მათი პკურება მადლსა და ნათელღებას იძლევა წმიდა სამების მოწოდებითო, უწყოდნენ, რომ ნათლისღება მარტო წმიდა სამების მოწოდებით როდი აღსრულდება, არამედ აუცილებლად ითხოვს უფლის სიკვდილის, დაფლვისა და აღდგომის სახესაც. რადგან აცხოვნებს მოსანათლავს არა მარტო რწმენა სამებისადმი, არამედ მასთან ერთად აუცილებელია რწმენა მესიის სიკვდილისადმიც, და მაშინ, როგორც ერთის, ასევე მეორესადმი რწმენის მეშვეობით მოიპოვებს მოსანათლავი ცხონებასა და ნეტარებას.


აქ ჯეროვანია გავიმეოროთ ბასილი დიდის სიტყვები: "ამრიგად, ნათლისღების საიდუმლო აღსრულდება სამი შთაფლვით და ამდენივე მოწოდებით, რათა სიკვდილის სახეც თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი, და ჩვენც, მოსანათლავნი, ღმრთისშემეცნებით განსწავლულნი, სულით გავნათლდებოდეთ".

მაგრამ, მიაქციე ყურადღება: რადგან ვამბობთ, რომ ზემოთ მითითებულ მიზეზთა გამო ლათინითა ნათლისღება მწვალებლური და მიუღებელია, ჩვენც, მართლმადიდებელთ, გვმართებს დიდი ყურადღების გამოჩენა, რათა ჩვენში ნათლისღება არ აღესრულებოდეს მცირე ტევადობის როფებში, რომლებშიც მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეიძლება მოსანათლავ ჩვილთა ფეხების ჩაყოფა. აღარაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ ეს ჭურჭლები ხშირად ყირავდება და წმიდა წყალი იღვრება!

ამდენად, თუკი ლათინებს ვამხელთ იმაში, რომ უარყვეს მოციქულთამიერი ნათლისღება, მაშინ ჩვენ, პირიქით, გვმართებს მისი ფრთხილად და უზადოდ შესრულება. ამაზე ზრუნვის მოვალეობა, ისევე როგორც ყველაფერ სხვა დანარჩენზე, სულების მწყემსებს აკისრიათ. ჩვენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მივილტვით ჩვენი მიზნისკენ და ყოველივე ამის შესახებ ვაუწყებთ მოძღვართ, ხოლო მათ დაე ყურადღება მიაქციონ იმას, რაც მათ ეხებათ, რადგან ღმრთის წინაშე მოუწევთ პასუხისგება.

კიდევ დავამატებთ იმას, რომ დიდი გრიგოლ თესალონიკელის თქმით, უფალმა, ჯერ ადრიდანვე მიგვითითა რა თავისი ნათლისღების მეშვეობით ჯოჯოხეთში მისი შთასვლა და აღმოსვლა, შემდეგ ერთგულთაც მისცა უფლება ნათლობა სულთა საცხოვნებლად აღესრულებინათ (ჰომილია მე-2, ნათლისღების შესახებ) (Greg. Pal. Hom. 60.5 // EPE. T. 11.   
Σ. 514-515). მართლაც, მართლმადიდებლური ნათლისღება წარმოადგენს არა მარტო უფლის სხეულის დამარხვის სახეს, როგორც ამას ამბობენ მოციქულები და სხვა მამები, არამედ ზემოთ დამოწმებული ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის გამონათქვამების თანახმად, მისი სულის ჯოჯოხეთში შთასვლის სახესაც. და ეს იმისთვის, რათა ქრისტეს დამარხვის სახით, როგორც ბრძანებს იგივე გრიგოლი, განიღმრთობოდეს მოსანათლავის სხეული, ხოლო ჯოჯოხეთში შთასვლის სახით - მისი სული (Greg. Pal. Hom. 60.7 // EPE. T. 11.   Σ. 514-516).

დასასრულ, თესლი თუ ღრმად არ ჩაითესება ან ყლორტი არ ჩაირგება მიწაში, არამედ მის ზედაპირზე დარჩებიან, ვერ ამოიზრდებიან და ნაყოფს ვერ გამოიღებენ, არამედ ან გახმებიან ან გაიქელებიან, ან ფრინველები აკენკავენ მათ, ასე ემართებათ საცოდავ ლათინებსაც, რადგან ისინი, მოციქულთა თქმისებრ, ნათლისღების მეშვეობით შეერთებულნი (
σμΦυτοι) არ არიან ქრისტეს, ანუ მცენარეთა მსგავსად ჩანერგილნი არ არიან მასთან ერთად. *****

_________

***** "პიდალიონის" გამომცემელთა შენიშვნა: "პიდალიონის" ავტორების ეს მსჯელობა აგებულია სიტყვათა თამაშზე: Φυτεύω ("დარგვა", "ჩათესვა") და σύμφυτοι, რაც ბუკვალურ თარგმანში ნიშნავს "დამყნობას, ერთად გაზრდას, ერთ მოდგმას" (საეკლესიო სლავურ თარგმანში "сообразни", რუსულ თარგმანში კი - "соединены").

_________


სწორედ ამგვარი აზრი აქვს ბასილი დიდის თანახმად სიტყვა შეერთებას, რომელიც ბრძანებს: "თანადავიმარხებით რა ქრისტესთან ერთად, ჩვენ ვიღებთ არა ხრწნადობისებრ უსიცოცხლობას, არამედ დამარხვას და მიწაში ჩათესილ მარცვლებს ვემსგავსებით" (Basil. Magn. De baptismo. 1. 13 // PG 31, 1548BC). და კიდევ: "რადგან ჩვენ თანაჩარგულნი ვართ ქრისტესთან ერთად მისი სიკვდილის მსგავსებით, უეჭველად აღვდგებით მასთან ერთად, რადგან სწორედ აღდგომა მოსდევს დარგვას" (Слово 1 о крещении. Т. 2. С. 656) (Ibid. 1.15 // PG 31, 1552BC). და განსაკუთრებით იმიტომაც ვხდებით ქრისტესთან შეერთებულნი ნათლისღებით, რომ უფალმაც საკუთარი თავი შეადარა ხორბლის თესლსა და ნერგს, თავისი დამარხვა კი - ხორბლის ჩათესვას, როდესაც თქვა: "მიწაში ჩავარდნილი პური თუ მოკვდა (ანუ ჩაითესა მიწაში და დაიმარხა - ღირ. ნიკოდიმე), უამრავ ნაყოფს გამოიღებს" (იოანე 12:24). ხოლო, რადგან, კიდევ გავიმეორებ, ლათინები არ არიან ჩათესილნი ნათლისღების წყლებში ქრისტესთან ერთად - მარცვალთან, რომელსაც ორი ბუნება აქვს, და რადგანაც ნათელს ვერ იღებს ვერც მათი სხეული და ვერც სული - უბრალოდ რომ ვთქვათ, ცხონების აღმოცენება არ ძალუძთ, - ხმებიან და კვდებიან.


Преп. Никодим Святогорец. ПИДАЛИОН. Правила православной церкви с толкованиями. Том 1. Правила Святых Апостолов. Изд. Александро-Невский Ново-Тихвинский женский монастырь. Екатеринбург. 2019 г., стр. 292 298.

ტექსტი მითითებული რუსული გამოცემიდან თარგმნა არქიეპისკოპოსმა პავლემ (ხორავა). ტექსტში გამოყენებული დამუქებები მთარგმნელისაა.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика