ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
ანათემა მასონებს!
მართლმადიდებელი ბულგარელები ეკლესიისგან ითხოვენ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მასონთა მიმართ


ეკლესიამ ნათლად უნდა დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება მასონობისა და მასში შემავალი ორგანიზაციებისადმი (როგორიცაა მაგალითად, "კლუბი როტარი" ან "ტამპლიერთა ორდენი"), ასევე ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებულ ერისკაცთა და კლერიკოსთა მიმართაც, - აცხადებენ წმ. კირილესა და მეთოდეს სახელობის ეკლესიის სამღვდელოება და მრევლი, ბულგარეთის ეკლესიის საჭეთმპყრობლის, პატრიარქ მაქსიმესადმი მიწერილ წერილში.

მღვდელმთავრისადმი ამგვარი მიმართვა კი მათ აიძულა შემთხვევამ, როდესაც ერთ ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში წესი აუგეს და ქრისტეანულად დაკრძალეს ცნობილი ბულგარელი მასონი ივანე სტავრევი. მეტიც, გარდაცვლილს მისმა მასონმა "თანამოძმეებმა" მასონური რიტუალიც აღუსრულეს და თანაც მართლმადიდებლურ ტაძარში.

"როგორც მართლმადიდებელ ქრისტეანს შეშვენის, - მიმართავენ პატრიარქს ბულგარელი ქრისტეანები, - ვაცხადებთ, რომ აუცილებელია მკაცრად და კატეგორიულად დაიგმოს იმ ორგანიზაციათადმი კუთვნილება, რომლებიც თავიანთ მიზნად ღმრთისა და მისი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავენ! ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ ხსენებული ორგანიზაციები - ღმრთისმბრძოლი და ანტიქრისტეანულია. მასონებმა ამასწინათ განაცხადეს, რომ მათ სჭირდებათ წარმომადგენლობა ევროპარლამენტში, რათა წინ აღუდგნენ ქრისტეანობის ზეგავლენას. ამგვარი წინააღმდეგობის მიზანი ნათელია: ეს არის მართლმადიდებლობის განადგურება, რომელიც ერთადერთი ინარჩუნებს ქრისტეს სწავლებას", - ნათქვამია ქრისტეანთა წერილში.

წერილის ავტორები დაბეჯითებით მოითხოვენ, რათა სინოდმა სჯულის თანხმიერად დასაჯონ მასონური და ანტიქრისტეანული ორგანიზაციის წევრები, თუ სასულიერო პირები არიან - დაამხონ ისინი პატივისგან, ერისკაცები კი განიკვეთონ. ისინი ამტკიცებენ, რომ მასონური ლოჟების წევრები არიან, მაგალითად, ლევკიის ეპისკოპოსი პავლე და სტაროზაგორსკის მიტროპოლიტი გალაქტიონი, რომელმაც 2009 წელს "ტამპლიერთა ორდენის ყოველწლიური სასულიერო კრებაც" კი მოაწყო ქალაქ სტარაია ზაგორაში.