გასული წლის დეკემბრის მიწურულს ბერძნული ტელეკანალის Mega TV ტელეშოუს დროს ელადის ეკლესიის ერთ ერთმა გავლენიანმა იერარქმა, თავისი კონსერვატული შეხედულებებით ცნობილმა პირეელმა მიტროპოლიტმა სერაფიმემ საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა.
კერძოდ, მიტრ. სერაფიმემ ქვეყანაში მიმდინარე დამღუპველი პროცესების დაფინანსებაში დაადანაშაულა ებრაელი ბანკირები და მთელი პასუხისმგებლობა მათ დააკისრა. მან განაცხადა, რომ ებრაელთა და ბანკირთა დანაშაულებრივი კავშირი, რომლის ტიპიური წარმომადგენლები ბარონი როტშილდი და სხვა "მსოფლიო სიონისტები" არიან, მიზნად ისახავს საბერძნეთის დამონებას და მასში მართლმადიდებლური სარწმუნოების ამოძირკვას.
ამასთან, მიტროპოლიტმა ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ "როკფელერის, როტშილდის და სოროსის მსგავსი ებრაელები", სრულიად აკონტროლებენ საერთაშორისო საბანკო სისტემას და გლობალიზაციის პროცესს კურირებენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ყოველგვარი მართლმადიდებლური ღირებულება გაანადგურონ საბერძნეთში. ამის დასამტკიცებლად, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა არგუმენტად მოიტანა ის, რომ სწორედ ებრაელი ბანკირები არ ერიდებიან უზარმაზარი სახსრების გამოყოფას ტრადიციული, ოჯახური ღირებულებების გასაუფასურებლად და მის სანაცვლოდ ე. წ. "ერთსქესობრივი ქორწინებისა" და მარტოხელა დედათა ინსტიტუტის დასამკვიდრებლად.
ამასთან დაკავშირებით, პროგრამის მსვლელობისას წამყვანმა ჰკითხა მიტროპოლიტ სერაფიმეს, იზიარებს თუ არა ის ჰიტლერის შეხედულებებს და, ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მისაღებად ხომ არ მიიჩნევს მათ "ებრაული საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად"? რაზეც მიტროპოლიტმა უპასუხა, რომ ის არ შეიწყნარებს ამგვარ მიდგომას. "ადოლფ ჰიტლერი მხოლოდ ინსტრუმენტი იყო მსოფლიო სიონიზმის ხელში, რომლის მიზნებსაც როტშილდი აფინანსებდა", - განაცხადა იერარქმა და ხაზი გაუსვა, რომ "ხოლოკოსტის ნამდვილი მიზანი იყო ეიძულებინათ ებრაელები დაეტოვებინათ ევროპა და შეექმნათ ისრაელის ახალი იმპერია".
ამასთან, საბერძნეთის მთავრობამ 23 დეკემბერს გადაჭრით დაგმო ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქის, ქალაქ პიერის მიტროპოლიტის, სერაფიმეს მიერ ტელეეთერში გაჟღერებული "ანტისემიტური გამონათქვამები", - იუწყება ISRAland. მაგრამ, ძალიან მალე მიტროპოლიტ სერაფიმეს განცხადებას მხარი აუბა ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელმა სინოდმა. მან არა თუ არ დაგმო მღვდელმთავრის გამბედაობა, არამედ პირიქით, მიწასთან გაასწორა საბერძნეთის ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც, მართლმადიდებელ იერარქთა აზრით, საბერძნეთის მომავალი უპასუხისმგებლო კრედიტორებს ჩააბარა.
"არსებითად, ჩვენი ქვეყანა უკვე აღარ არის თავისუფალი, და მას კრედიტორები მართავენ. სახეზეა ერთდროული, სულიერი, სოციალური და ეკონომიკური დაცემა. ლაპარაკია მრავალი ისეთი რამის ამოძირკვაზე, რომელიც ბუნებრივად მიიჩნეოდა ჩვენს მხარეში მცხოვრებთათვის. მაგრამ, ამას ითხოვენ კრედიტორები. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საბერძნეთი ოკუპირებულია და ის თავის მეპატრონეთა ნება-სურვილს მიჰყვება", - ნათქვამია სინოდის განცხადებაში.
"რატომ არ გადავწყვიტეთ ჩვენ საკუთარი პრობლემები საზოგადოებასა და ეკონომიკაში ადრე, რითაც საქმე დღევანდელ უბადრუკ მდგომარეობამდე მივიყვანეთ? - კითხულობენ ბერძენი მღვდელმთავრები. - იმიტომ, რომ უკვე ზედიზედ მრავალი ათწლეულია ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ ერთსა და იმავე პიროვნებებს. ეს არის ხელმძღვანელობა, რომელსაც არ ძალუძს პასუხისმგებელი იყოს ერის წინაშე, რომელსაც არ შეუძლია ან არ სურს ილაპარაკოს სიმართლის ენით. ის ავითარებს მხოლოდ მლიქვნელობას, რადგან მისი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება და მისი დაყოფაა. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც სულაც არ ადარდებს ერისა და ქვეყნის ჭეშმარიტი ინტერესები".
ამასთან დაკავშირებით სამღვდელმთავრო სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ "შეგნებული აქვთ თუ როგორ გმირობას და გამბედაობას ელის ხალხი ეკლესიის მწყემსთაგან; რომ, ერი ელის ცოცხალ, წინასწარმეტყველურ სიტყვას, რომ მას სჭირდება ეკლესია, რომელიც არ შეუშინდება ამ წუთისოფლის მზაკვარებას და მზად არის მოწამეობრივი საფასური გაიღოს ამა სოფლის წინააღმდეგობისთვის".
"ეკლესია ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია გვერდზე დაუდგეს ადამიანს, მხარი დაუჭიროს მას. მაგრამ ეკლესია, - ეს ხომ თითოეული ჩვენთაგანია, და ამაშია მისი და ჩვენი მთელი ძალა", - ნათქვამია ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის განცხადებაში.