ჩვენს დროს ჯანსაღი ცხოვრების წესი ნამდვილ კულტად იქცა, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში. ერთ ერთი საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული პრაქტიკა, რომელიც ჯანმრთელობის გაკაჟებას ისახავს მიზნად, არის იოგა. ეს აღმოსავლური პრაქტიკა გამოვიდა რელიგიური ტრადიციიდან და საკმაოდ განმტკიცდა სეკულარიზებულ დასავლეთში. იბადება კითხვა: ჩამოსცილდა თუ არა იოგა თავის რელიგიურ ფესვებს თუ კვლავ აგრძელებს ადამიანების ზიარებას იმ სულიერ ტრადიციებთან, რომელთაგანაც ის ჩამოყალიბდა? როგორი მიმართება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტეანს ჩვენს ყოველდღიურობაში აღმოცენებულ ამ მოვლენასთან?
არც თუ იშვიათად, როდესაც ქუჩებში დავდივარ, ვხედავ სარეკლამო ბანერებს, რომლებზეც ჯანსაღი ახალგაზრდა ადამიანები, მამაკაცები და ქალები იოგას პოზაში არიან გამოსახულნი. "შემოგვიერთდით", - მათი მკაცრი იმპერატივი და თავდაჯერებული გამომეტყველება რეკლამირებული პრაქტიკის სასიცოცხლო აუცილებლობაში დაეჭვების შანსსაც კი არ ტოვებს. "ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა და კიდევ ერთხელ ჯანმრთელობა. განავითარეთ და განამტკიცეთ ახალი თვისებები", - ვკითხულობთ "იოგას მოსკოვის ფედერაციის" საიტზე. ამგვარ რეკლამას მინდობილი ადამიანები იწყებენ ფიქრს, რომ იოგა - ეს არის ფიტნესის აღმოსავლური ნაირსახეობა. ასეთი შეხედულება მართლმადიდებელთა შორისაც გვხვდება, მაშინ როდესაც საქმე სულ სხვაგვარადაა.
იოგა არის ვარჯიშთა სისტემაზე დამყარებული სწავლება, რომელიც მიმართულია ადამიანის ფსიქიკისა და ფსიქოფიზიოლოგიის მართვისკენ და მისი უფრო მაღალი ფსიქოფიზიკური და სულიერი მდგომარეობის მიღწევისკენ. ფიქრი იმაზე, რომ იოგით შეიძლება ვივარჯიშოთ მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, უკიდურეს შემთხვევაში, არასწორია. იოგა - უპირველეს ყოვლისა სულიერ შეხედულებათა სისტემაა; მისი მიზნები სულიერია და არა ფიზიკური. ცნობილი მართლმადიდებელი მოღვაწე სერაფიმ როუზი წერდა: "ადამიანი, რომელიც იოგას სხეულებრივი ჯანმრთელობის მისაღწევად მისდევს, უკვე ამზადებს თავს გარკვეული სულიერი შეხედულებებისა და განცდების მისაღებად, რომელთა შესახებაც, როგორც წესი, არაფერი უწყის". უნდა აღვნიშნოთ, რომ მამა სერაფიმემ ყურმოკვრით როდი უწყოდა თუ რა არის იოგა, რადგან ახალგაზრდობაში (მართლმადიდებლობაში მოსვლამდე) აქტიურად მისდევდა ამ პრაქტიკას.
იოგას არსი სულაც არ მდგომარეობს ფიზიკურ ვარჯიშებში, სხვადასხვა პოზებსა და მოძრაობებში. მისი ცენტრი არის მედიტაცია. სხეული აქ უბრალოდ გონებას ეხმარება კონცენტრაციაში. მამა სერაფიმე წერს: "იოგას ვარჯიშების მიზანია გახადოს ადამიანი თვითკმაყოფილი, მოდუნებული, არამოაზროვნე და პასიური, ანუ მიმღები იმ სულიერი იდეებისა და შთაბეჭდილებებისა, იოგა რომ ემსახურება".
იოგათი რამოდენიმე კვირის ვარჯიშიც საკმარისია, რათა ადამიანმა შეამჩნიოს, რომ უფრო მშვიდი, მსუბუქი და გაწონასწორებული გახდა. ადამიანი გრძნობს სულიერ აღმაფრენას. "საბოლოო ჯამში, მედიტაცია - ეს არის "შინაგანი სოლო მოგზაურობა", და ყოველი გარეგანი დამოკიდებულება განდგებულ უნდა იქნას შინაგანი წყაროს მოსაპოვებლად", - ვკითხულობთ "იოგას ფედერაციის" საიტზე. მაგრამ ეს კეთილდღეობა და სიმშვიდე მოჩვენებითია. მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი აღწევს, მას იმ "სულიერების" აღქმას უადვილებს, რომელსაც იოგა შეიცავს და "სოლო მოგზაურობა" შეიძლება ძალზედ მწარედ დამთავრდეს.
საქმე იმაშია, რომ ყოველი სულიერი გამოცდილება იოგაში დადებითად მიიჩნება, ოღონდაც ის არსებობდეს. მასში არ არსებობს სულთა გარჩევა, რომლისკენაც არის მოწოდებული ყოველი ქრისტეანი და გამოცდილება, რომელიც ქრისტეანული თვალსაზრისით ხიბლისმიერია, შესაძლოა მეტად რეკომენდირებული იყოს იოგაში. მოვიტანთ მაგალითს დღეს ესოდენ პოპულარული კუნდალინი-იოგადან. ის ლაპარაკობს კუნდალინის ენერგიის გამოთავისუფლებაზე სხვადასხვაგვარი ფსიქოტექნიკის დახმარებით, რომელიც "მძინარე" მდგომარეობაში კონცენტრირდება ხერხემლის ფუძეში. მაგრამ წმიდა ასკეტი მამები ერთმნიშვნელოვნად ამბობენ, რომ ნებისმიერი შეგრძნებები ლოცვის დროს, რომელიც გულსქვედა არეებიდან მოდის, უნდა უარვყოთ. ქრისტეანი, რომელმაც არაფერი იცის მართლმადიდებლური ლოცვის შესახებ, ადვილად დაემონება იმ "სულიერებას", რომელიც მას იოგას მეშვეობით დაიპყრობს.
ლოცვასა და მედიტაციას შორის უდიდესი განსხვავებაა. "მედიტაცია, როგორც ჩვენი გონების ყოველგვარი სახეებიდან განყენება, შეიძლება დამშვიდების შეგრძნებას გვაძლევდეს, გამოვყავდეთ დროისა და სივრცის შეგრძნებიდანაც, მაგრამ მასში არ არსებობს შეგნებული წარდგომა პიროვნული ღმრთის წინაშე; მასში არ არის ნამდვილი ლოცვა, ანუ ლოცვა პირისპირ", - წერს სხვა გამოჩენილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი). მართლმადიდებლური ლოცვა ღმრთისადმი ღრმა რწმენას გამოხატავს, ის იბრძვის ღმრთის კარზე აკაკუნებს, მასში არ არსებობს უსახურობა, - პირიქით, ის ყოველთვის არის ღმერთთან დიალოგი.
სანამდე მივყავართ მედიტაციას? მღვდელმონაზონი სერაფიმე, რომელიც ახალგაზრდობაში აღმოსავლური სისტემებით იყო გატაცებული, გვპასუხობს: "მას შეუძლია მიგვიყვანოს იქამდე, რომ ადამიანი დაკმაყოფილდება მსგავსი ფსიქიკური ექსპერიმენტების შედეგებით და, რაც ყველაზე უარესია, მისთვის უცხო გახდება ცოცხალი, პიროვნული ღმრთის აღქმა. მედიტაცია ადამიანს ღმრთისგან აუცხოვებს". მაგრამ, ღმრთისგან გაუცხოებაზე უარესი რა შეიძლება იყოს მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის?
ღმერთთან პირადი შეხვედრის არარსებობის დროს, რასაც იოგა ამკვიდრებს, ადამიანი მთელს გულისყურს საკუთარ თავს აპყრობს. "იოგას ხელოვნება იმაშია, რათა ადამიანი საკუთარ თავსა და სრულ მდუმარებაში ჩაძიროს. განაშოროს მას ყოველგვარი ფიქრი და ილუზია, ზურგი აქციოს ყოველივეს, ერთი ჭეშმარიტების გარდა: ადამიანის ნამდვილი არსი - ღვთაებრივია; ის არის ღმერთი, დანარჩენზე შეიძლება დაიდუმო", - წერს ბენედიქტიანელი ბერი ჟ. მ. დეშანე, რომელიც ნახევარი საუკუნის უკან ქრისტეანული სწავლებისა და იოგის შესატყვისობის დამტკიცებას ცდილობდა. მაგრამ ამ ადამიანის სიტყვებშიც კი შეიძლება დავინახოთ პრინციპული შეუთავსებლობა იოგისა ქრისტეანობასთან.
მიაქცევს რა ადამიანის ყურადღებას საკუთარი არსისკენ და მისი გაღმერთებისკენ, ადამიანი იოგაში ადამის ცოდვას იმეორებს, რომელმაც ღმერთად გახდომა ისურვა და გასცდა უფლის მიერ დაწესებულ საზღვრებს. "ცხოვნება "საკუთარ თავში და საკუთარი თავის მიერ" კი არ აღესრულება, არამედ ღმერთში და ღმრთის მიერ" - წერს მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი იეროთეოსი (ვლახოსი). ხოლო ძენ იოგის ცნობილი ოსტატი ბორის ორიონი პირდაპირ ამბობს: "რა არის ძენი? ეს არის რელიგია, სადაც "ღმრთის" ან "შემოქმედის" ცნება არ არსებობს, სადაც მთავარია არა ლოცვა, არამედ საკუთარ ცნობიერებაში ჩაღრმავება".
გარდა ამისა, თანამედროვე და ესოდენ რეკლამირებული იოგა თავის ადეპტებს "სულიერი ნაყოფის" სწრაფ მიღწევას ჰპირდება. ეს კი მრავალ ადამიანს აყენებს მომხმარებლურ განწობილებაზე, შეჰყავს ის ეიფორიაში და ამავდროულად ამპარტავნებაშიც აგდებს, რადგან უჩნდება დიდი შეხედულება საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე. არქიმანდრიტი სოფრონი გვაფრთხილებს: "ჩვენი მამების გზა ითხოვს მტკიცე რწმენას და მოთმინებას, მაშინ როდესაც ჩვენი თანამედროვეები სულიერი ნიჭების ერთი ხელის მოსმით მოპოვებას და თვით აბსოლუტური ღმრთის ჭვრეტასაც კი უმოკლეს ვადაში ცდილობენ". თანამედროვე "გურუები" ადამიანებს "განათლებას" რამოდენიმე სეანსში ჰპირდებიან, თანაც ხელსაყრელ ფასში.
რას შეიძლება ეძებდეს იოგაში მართლმადიდებელი ქრისტეანი? სიმშვიდეს, ჰარმონიას საკუთარ თავთან, სულიერ კომფორტს, ფიზიკურ ჯანმრთელობას და სრულყოფილებას? ეს ყოველივე ისედაც სასურველი და მიმზიდველია, და რაც მთავარია ძალზედ სასიამოვნო. მაგრამ წმიდა მოღვაწეთა ცხოვრება სულ სხვა იდეალს გვიჩვენებს - ეს არის არა სამყაროსთან ან საკუთარ თავთან ჰარმონიული და კომფორტული თანაარსებობა, არამედ ნებაყოფლობითი მოწამეობა ქრისტესთვის. მხოლოდ მის მიერ მიიღწევა სრულყოფილება, მხოლოდ მის მიერ მიეახლება ადამიანი ღმერთს. შემოგვიერთდით!