ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
მ. ს. ივანოვი

აპოკატასტასისი
(მცირეოდენი შემოკლებით)

ქრისტეანობაში აპოკატასტასისად (ბერძნ. ἀποκατάστασις - აღდგენა, დაბრუნება, დასრულება) იწოდება სწავლება ცოდვილთა (ადამიანთა და დემონთა) საყოველთაო ცხოვნების (ბუკვ. აღდგენის) შესახებ, რომელიც ეკლესიის მიერ უარყოფილია. ეს სწავლება წარმოიშვა ორი ცნების: ἀποκατάστασις ("აღდგენა") და ἀποκατάστασις τῶν πάντων ("ყოველივეს აღდგენა"), ურთიერთაღრევის შედეგად. სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება მცდარი სწავლებაც.

ძველბერძნულ ბიბლიურ ტექსტში ეს ცნება გვხვდება მხოლოდ ერთხელ, მოციქულთა საქმეებში (3:21), სადაც მოთხრობილია ქრისტეს შესახებ: "რაჲთა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა, და მოავლინოს, რომელსა-იგი ჴელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტე იესუ, რომლისა-იგი ჯერ-არს ზეშთა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყუელთა მისთაჲთა" (ახ. "ქართ. მოიწიოს ჟამი სულის მოთქმისა უფლის პირისგან და მოგივლინოთ თქვენთვის წინასწარ აღთქმული იესო ქრისტე, რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით"). მაგრამ ზმნა ἀποκαθιστάναι, რომლისგანაც არის ნაწარმოები ეს სიტყვა, ბიბლიაში მრავალგზის გვხვდება.

წმიდა მამათა თხზულებებში ტერმინი "აპოკატასტაზისი" პირველად ჩნდება წმ. იუსტინე ფილოსოფოსთან. თავის "დიალოგში ტრიფონ იუდეველთან", ის იხსენებს ნოეს შვილებთან დაკავშირებულ ისტორიას და წერს: "თუკი ნოემ თავის ორ შვილს მონად მისცა მესამე შვილის მოდგმა, ამჯერად ქრისტე თავისუფალი შვილებისა და მათი მონების აღსადგენად (εἰς ἀποκατάστασιν)  მოვიდა" (Dial. 134).

მოციქულთა სწორ მამებთან და აპოლოგეტებთან ზოგჯერ გვხვდება ზმნა ἀποκαθίστημι ("აღდგენა"). მას იყენებს წმ. ეგნატე ღმერთშემოსილიც, როდესაც ლაპარაკობს ანტიოქიელ ქრისტეანებზე, რომლებთანაც "დაისადგურა მშვიდობამ, დაბრუნდა მათი დიდება და მათი მცირე სხეულიც (ანუ ეკლესია - მთარგმნ.) აღსდგა (ἀπεκατεστάθη)" (Ep. ad Smyrn. 11. 2).
ტატიანე ამ ზმნის მეშვეობით აღწერს ადამიანის სხეულის მკვდრეთით აღდგომას: "მეუფე ღმერთი, როდესაც ინებებს, თავდაპირველ მდგომარეობაში აღადგენს (ἀποκαταστήσει) არსებას (სხეულს - ავტ.), რომელიც მხოლოდ მისთვის არის ხილული" (Contr. graec. 6).

წმ. ირინეოსის აზრით, ადამიანის სხეულებრიობას სიცოცხლე, ანუ ქრისტე აღადგენს (ἀποκαταστήσει) (Adv. haer. V 12. 1). ლაპარაკობს რა მეორედ მოსვლაზე, წმ. მამა აღნიშნავს, რომ "უფალი ბოლო ჟამს თავის თავს ყოველივეში დააბრუნებს (აღადგენს)" (ὅτι ἐπ̓ ἐσχάτων τῶν καιρῶν φανερωτεὶς ὁ Κύριος τοῖς πᾶσι ἑαυτὸν ἀποκατέστησεν) (Ibid. IV 38. 1).


აპოკატასტასისი ანტიკურ ეპოქაში

აპოკატასტასისის იდეა ანტიკურ ცნობიერებაში ჩაისახა დროისა და ისტორიის გაგებასთან დაკავშირებით. ამ ცნობიერებისთვის დროის ხაზობრივი დინების ცნება არ არსებობდა, რომელიც ამ ყოფიერებიდან მარადისობისკენ იქნებოდა მიმართული. დროის პერსპექტივა მისთვის ყოველთვის შეზღუდული იყო და ჩაკეტილი იყო წრეში როგორც ყოფიერების სისრულის სიმბოლო. თანაც ეს სისრულე არსებობდა დასაბამიდანვე და არ განხორციელებულა დროში ისტორიული პროცესის შედეგად. ის გამოხატავდა იდეალურ სამყაროს, რომელიც ემპირიული სამყაროს პირველხატი იყო. ამ პირველხატისადმი მუდმივი მიმართვა ანტიკურ დროში ყოველთვის დაკავშირებული იყო "მარადიული დაბრუნების" იდეასთან, ანუ "მარადიულ განმეორებასთან"; ამ იდეის თანახმად, დრო არც იწყება და არც მთავრდება. ის ვლინდება ემპირიული სამყაროს მუდმივად განმეორებად ჩაკეტილ ციკლებში; ამ ციკლებში სამყარო ასრულებს წრიულ მოძრაობას; ხოლო თვით ციკლები ზუსტად იმეორებენ ერთურთს. "ეს განმეორებადობა ხდება სწორედ კოსმიურ მასშტაბებსა და მოცულობებში, მთელი სამყარო "უკან ბრუნდება". სტოიკოსები ლაპარაკობდნენ კიდევაც "ყოველივეს აღდგენაზე", ἀποκατάστασις τῶν πάντων... მაგრამ, ჩვენს წინაშე არავითარი მოძრაობა არ არის, - ყოველივე "იმავე სახეს უბრუნდება" (ἐν ᾧ ἔσμεν σχῆμα). აქედან ვღებულობთ ერთგვარ შემაძრწუნებელ კოსმიურ perpetuum mobile... -ს" (Флоровский Г., прот. О воскресении мертвых // Переселение душ: Сб. ст. П., 1935. С. 161). ამ "მარადიულ ძრავში" ადამიანი ხდება მხოლოდ "ჭანჭიკი", რომელიც "კოსმიური რიტმებისა" და "ვარსკვლავური დინების" ტყვეობაში აღმოჩნდა (რასაც ბერძნები "ბედს" (ἡ εἱμαρμένη )უწოდებდნენ (იქვე). აპოკატასტასისი ანტიკურ ეპოქაში გაიგებოდა, როგორც სამყაროსა და ადამიანის პირიოდული დაბრუნება თავის პირვანდელ მდგომარეობასთან.


აპოკატასტასისი ქრისტეანობის ისტორიაში

ამ სწავლების პირველი ცალკეული პოზიციები გამოხატა კლიმენტი ალექსანდრიელმა. ადამიანთა მარადიული ხვედრის განსაზღვრისას ის ერთმანეთისგან ასხვავებდა მათ, ვინც მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში უფლის ერთგული იყო და, მათ ვინც, მართალია, ეკლესიის წიაღში ცხოვრობდა, მაგრამ ასეთი ერთგულება არ გამოუვლენია. "განმწმენდელი ტანჯვანი... ორივესთვის დასრულდება" (Strom. VI 14). თუმცა მეორენი აღმოჩნდებიან "უქვემოესი დიდების სავანეში" და უკვე იქ დაიტანჯებიან იმის გამო, რომ "არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ თავიანთ თანამოძმეთა ბრწყინვალებაში, რომლებიც მართალი და უბიწო ცხოვრებისთვის ღმერთმა უმაღლესი დიდებით დააჯილდოვა" (Ibidem). კლიმენტი ალექსანდრიელი არაფერს ამბობს ამ სატანჯველისგან გათავისუფლებაზე, მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მან სინანულის შესაძლებლობა თვით ეშმაკისთვისაც კი დაუშვა (Ibid. I 17), უნდა ვივარაუდოთ, რომ კლიმენტი ალექსანდრიელი დასაშვებად მიიჩნევდა, მომავალში, "დიდების უქვემოეს სავანეში" მყოფთა ტანჯვის დასრულებას.

კლიმენტი ალექსანდრიელის სწავლებამ აპოკატასტასისზე თავისი გაგრძელება ჰპოვა ორიგენესთან. ეს უკანასკნელი ასახელებს სამ ძირითად მიზეზს, რომელთა გამოც ცოდვილთა ტანჯვა ჯოჯოხეთში არ იქნება მარადიული. პირველი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ბოროტება არ არის სუბსტანციონალური და როგორც ასეთი, საკუთარ თავში ატარებს თვითხრწნილებისა და თვითგანადგურების საწყისს. ამიტომაც, დროთა განმავლობაში ის დაიღუპება. ხოლო ის, რაც შექმნილია ღმრთის მიერ, შექმნილია "ყოფიერებისა და არსებობისთვის", და "არ წარწყმდება" (De princip. III 6. 5). კორინთელთა მიმართ პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლეს სიტყვების "ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში" (1 კორინთ. 15:28) განმარტებაში, ორიგენე წერს: "მაშინ უკვე აღარ იქნება განსხვავება კეთილსა და ბოროტს შორის, რადგან ბოროტი საერთოდ აღარ იქნება: ღმერთი იქნება ყოველში, მასში კი უკვე ბოროტს აღარ ძალუძს არსებობა..." (De princip. III 6. 3).

მეორე მიზეზი დაკავშირებულია ორიგენეს წარმოდგენებთან სამყაროს ბედში მის ესქატოლოგიურ პერსპექტივაში. მას სწამდა, რომ სამყარო "საყოველთაო აღდგენისკენ" (ἀποκατάστασις τῶν πάντων) მიემართება. მაგრამ ეს აღდგენა არის სამყაროს დაბრუნება პირველყოფილ მდგომარეობასთან. 

"დასასრული, რომელიც საწყისთან მიდის და საგანთა მდგომარეობა, რომელიც გათანაბრებულია მათ დასაბამთან, აღადგენს იმ ვითარებას, რაც გონიერ ბუნებას იმ დროს გააჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა სურვილი ეგემა ხისგან ცნობადისა ბოროტისა და კეთილისა. მაშინ, ყოველგვარი ცოდვილი გრძნობის აღხოცვისა და ამ ბუნების სრული განწმენდის დასრულების შემდეგ, მხოლოდ ერთი და სახიერი ღმერთი იქნება მისთვის ყოველივე; და ის იქნება შემადგენელი არა მხოლოდ ზოგიერთი ან მრავალი არსებისა, არამედ - ყოვლისა" (De princip. III 6. 3).

მესამე მიზეზს, რომლის თანახმად ტანჯვა უკვე აღარ იქნება, ორიგენე ხედავს იესუ ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლში. ეს ღვაწლი და ქრისტეს ჯვრის ძალი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, ორიგენეს აზრით, თავის ზეგავლენას ახდენს არა მარტო ადამიანებზე, არამედ გარშემომყოფ ბუნებაზე და თვით ბოროტ დემონებზეც კი. ჯვრის ძალას წინ ვერ აღუდგება ვერავითარი ბოროტი ნება, როგორი ჯიუტიც უნდა იყოს იგი" (In Ep. ad Rom. V 10).

ორიგენე, მართალია, არ აღიარებდა ტანჯვის (ჯოჯოხეთის) მარადიულობას, მაგრამ მიიჩნევდა, რომ ის შეიძლება იყოს როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი, "მრავალსაუკუნოვანი" (De princip. I 6. 3). მისი აზრით ტანჯვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ცოდვილის სულიერ მდგომარეობაზე, რომელსაც, ღმერთი, ვითარც მკურნალი კურნავს ტანჯვათა მეშვეობით. "დაავადებული სხეულის გამოჯანმრთელებისთვის, - წერს ორიგენე, - ზოგჯერ, მეტ-ნაკლებად მტკივნეული საშუალებაა აუცილებელი, თვით სხეულის ამა თუ იმ ნაწილის მოკვეთაც კი; და სნეულების ზომა თუ ამ საშუალებებსაც აღემატა, მაშინ უზომოდ განვითარებულ სნეულებას წვავს ცეცხლი, მითუმეტეს, თუ გვჯერა, რომ ღმერთი, ჩვენი მკურნალი, რომელსაც ნებავს ჩვენი სულის განკურნება ცოდვათა და დანაშაულობათა წყლულებისგან, იყენებს იმავე საშუალებას... და ცეცხლით სჯის მათ, ვისაც დაუკარგავს სულის ჯანმრთელობა" (De princip. II 10. 6).

ორიგენესთან აპოკატასტაზისი თუ მკაფიოდაა განსაზღვრული, კირილე ალექსანდრიელი თავისი მოსაზრების მტკიცებისას არ არის კატეგორიული და ხშირად იყენებს ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა: "ჩემის აზრით", "მე ვფიქრობ" და ა. შ. De princip. II 10. 4; I 6. 3; III 6. 4). როდესაც სამყაროს საბოლოო ბედზე ლაპარაკობს, ის შენიშნავს: "ჩვენ ვლაპარაკობთ ამის შესახებ დიდი შიშითა და სიფრთხილით და უფრო ვიკვლევთ და განვსჯით, ვიდრე რაიმეს ვამტკიცებთ განსაზღვრულად ან დაბეჯითებით" (De princip. I 6. 1).

აპოკატასტასისის იდეა მახლობელი იყო წმ. გრიგოლ ნოსელისთვისაც. ორიგენეს მსგავსად, ისიც საყოველთაო ცხოვნების პრობლემას განიხილავდა სიკეთისა და ბოროტების ბუნებაზე რელიგიურ-ფილოსოფიური წარმოდგენების პრიზმაში. სიკეთე ღმრთისგანაა, და ის იპოსტასურია, ანუ თავისთავად არსებულია, ხოლო ბოროტება "არაარსია". ის არის მხოლოდ სიკეთის არარსებობა და როგორც ასეთი არაიპოსტასურია. "სიკეთისა და ცოდვის განსხვავება, - წერს წმიდა მამა, - წარმოგვიდგენია არა როგორც ორი იპოსტასური მოვლენის განსხვავება, თითქოსდა არაარსებულს უპირისპირდებოდეს არსებული, ან არაარსებული იპოსტასურად განსხვავდებოდეს არსებულისგან; არამედ ვამტკიცებთ, რომ არარსებობა ყოფიერების, არსებობის საპირისპიროა. ამგვარადვეა მანკიერება სათნოების საწინააღმდეგო არა როგორც თავისთავად არსებული რამ, არამედ როგორც კეთილისა და უკეთესის არქონა. და როგორც ვამბობთ, რომ სიბრმავეა მხედველობის საპირისპირო, მაგრამ სიბრმავეში თავისთავად რაიმე არსებულს როდი ვგულისხმობთ, არამედ ხედვის უნარის მოკლებას, ასევე ვამტკიცებთ, რომ მანკიერება ეს არის სიკეთის მოკლება, ერთგვარი დაბნელება, რომელიც მოსდევს სინათლის სხივის განშორებას" (Or. catech. 6).

მთელი თავისი აგრესიულობისდა მიუხედავად, როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი შენიშნავს, სიკეთისადმი წინააღმდეგობა შეუძლებელია, ხოლო "ჩვენი ბუნების უგუნურება ღმრთის სიბრძნეზე უმაღლესი და უმტკიცესი როდია" (De hom. opif. 21). ამიტომაც, "მანკიერება მარადიულად არ გრძელდება"; მივა რა თავისი "საზღვრამდე", ის ქრება და ადგილ უთმობს სიკეთეს, "რადგან სიკეთის ბუნება მანკიერების ზომას უთვალავჯერ უმეტესად აღემატება " (Ibidem). აპოკატასტასისის პრობლემის გადაწყვეტას წმ. გრიგოლ ნოსელი არა მარტო ბოროტების უპერსპექტივობაში ხედავს, არამედ სიტყვა-ღმერთის განკაცებაშიც, რომელშიც გაიხსნა შესაძლებლობა ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვებისა და ახალ ცხოვრებასთან დაბრუნებისა. თანაც, ქრისტე თავისი განკაცების მეშვეობით "კურნავს" არა მარტო ადამიანს, არამედ "თვით მანკიერების გამომგონებელსაც" (ანუ ეშმაკს) (Or. catech. 26). ამასთან, ჯოჯოხეთური ტანჯვა, წმ. გრიგოლ ნოსელის თანახმად, წარმოადგენს მხოლოდ სულიერი კურნების საშუალებას და როგორც ასეთი არ შეიძლება მარადიული იყოს; და თუკი წმიდა წერილში მის მარადიულობაზეა ლაპარაკი, ეს მხოლოდ აღმზრდელობითი მიზნით გამოიყენება.

საყოველთაო ცხოვნების შესახებ სწავლებასთან ერთად წმ. გრიგოლ ნოსელთან ვხვდებით გამონათქვამებს, რომლებიც შესაძლოა ამ სწავლების საწინააღმდეგოდ მოგვეჩვენოს. მსჯელობს რა ადამიანზე, რომელიც განკვეთილია ეკლესიისგან, წმიდა მამა აღნიშნავს, რომ მისი სული "ჩაკეტილია რა ერთგვარ ბნელ ადგილას... იქვე რჩება და უსასრულო, საუკუნო გლოვით იტანჯება" (Castig).  ჰომილიაში "მევახშეთა წინააღმდეგ" ის ამხელს მევახშეს, რომელსაც "საუკუნო სასჯელი" ელის (Contr. usur.). წმ. გრიგოლი იყენებს ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა "ცეცხლოვანი ტანჯვა და ისიც, მარადიული" (De Benefic.), "სამარადისო წარწყმედა" (Adv. Ar. et Sab. 6) და სხვა. ყველა ამ შემთხვევაში ის იყენებს სიტყვებს "საუკუნე" (αἰών) და  "საუკუნო" (αἰώνιος), რომლებიც მიტრ. მაკარის (ოქსიუკი) აზრით, რომელიც იკვლევდა წმ. გრიგოლის ესქატოლოგიურ სწავლებას, აქ "განსაკუთრებულ ხანგრძლივობას" აღნიშნავს. როდესაც წმ. გრიგოლი "მარადიულობაზე აბსოლუტური აზრით" მსჯელობს, ის იყენებს სიტყვებს ἄπειρος ("უსაზღვრო", "უსასრულო") და ἀΐδιος ("მუდმივი", "მარადიული"). მათი მეშვეობით ის აღწერს მაგალითად, ღვთაებრივი ყოფიერების მარადიულობას, ღმერთს როგორც მარადიულ მეფეს, რომელიც "იმეფებს უკუნითი უკუნისამდე!" (გამ. 15:18) და ა. შ. (Макарий (Оксиюк), митр. Эсхатология св. Григория Нисского. К., 1914. М., 1999р. С. 386-387).

ნეტ. ავგუსტინე, რომელიც კრიტიკულად ეკიდება საყოველთაო ცხოვნების სწავლებს, აპოკატასტასისის მომხრეებს დაჰყოფს კატეგორიებად და მათ, ირონიით "ჩვენზე მზრუნველთ", ხოლო ორიგენეს - "ყველაზე უმეტეს მზრუნველსა და მოწყალეს" უწოდებს (De civ. Dei. XXI 17). ამგვარ "მზრუნველთაგან" ერთნი ფიქრობდნენ, რომ მარადიულ სატანჯველს ასცდებიან მხოლოდ ადამიანები, მაგრამ არა ანგელოზები (Ibid. XXI 18). ხოლო სხვები კი ფიქრობდნენ, რომ ყველა ადამიანი გადარჩება "წმინდანთა ლოცვითი შემწეობით" (Ibidem); მესამენი კი ამბობდნენ, რომ ცხოვნდებიან ისინი, "ვინც ეზიარება" ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს, თუნდაც ერეტიკოსებად გარდაიცვალონ, ისინი მაინც ცხოვნდებიანო, - ამბობდენენ ისინი (Ibidem).

მეოთხენი ამტკიცებდნენ, რომ სამარადისო ტანჯვისგან ეკლესიისადმი კუთვნილება ათავისუფლებსო, "თუნდაც შემდეგში ეს ადამიანები შთავარდნენ რომელიმე მწვალებლობაში და თვით წარმართულ კერპთაყვანისმცემლობაშიც კი" (Ibid. XXI 20). მეხუთე კატეგორიის აზრით, - გადარჩება ყველა, ვინც იქმოდა მოწყალების საქმეებს, თუნდაც "უღირსად და უკეთურად" ცხოვრობდნენ (Ibid. XXI 22); და ბოლოს, მეექვსე კატეგორია ასწავლიდა, რომ ცხოვნდებიან ყველანი: ადამიანებიც და დემონებიც (Ibid. XXI 23).


ხატი "საშინელი სამსჯავრო".
საყოველთაო ცხოვნებაზე მრავალფეროვანი წარმოდგენა, ასევე ის ფაქტი, რომ საყოველთაო ცხოვნებას შესაძლებლად მიიჩნევდნენ ავტორიტეტული საეკლესიო მწერლები, აჩვენებს, რომ ეკლესიის ისტორიაში აპოკატასტასისის პრობლემა ყოველთვის არ წყდებოდა კერძო საღვთისმეტყველო აზრის ჩარჩოებში. როდესაც ამ ჩარჩოებში იყო, ეკლესია აპოკატასტასისის თეორიის მიმდევართადმი იჩენდა შემწყნარებლობას და კრებითად არ განიკითხავდა მათ მცდარ შეხედულებებს. ამიტომაც, დიდი ხნის განმავლობაში არავის განუსჯია ამ პრობლემის ორიგენესეული შეხედულებანი, ხოლო წმ. გრიგოლ ნოსელის საღვთისმეტყველო აზრი საერთოდ არავის გაუკრიტიკებია. მაგრამ, როდესაც მცდარი შეხედულებები იზიდავდნენ მრავალ ქრისტეანთ, მაგალითად, ორიგენისტ ბერებს, ეკლესიას, ვითარც მზრუნველი დედა, იცავდა თავის შვილებს სარწმუნოებრივი ცდომილებებისგან და კრებითი აზრით მკაცრად განიკითხავდა ცდომილებასაც და მის მიმდევართაც. ორიგენიზმის მიმდევართა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ ალექსანდრიელი მოძღვარი ჯერ დაგმობილ იქნა ალექსანდრიის კრებაზე 399 წ. მისი განმეორებითი დაგმობის დროსთან დაკავშირებით ზოგიერთი ისტორიკოსი (მაგ. პროფ. ვ. ვ. ბოლოტოვი) ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ორიგენე დაგმობილ ყოფილიყო V მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. "მაგრამ, კანონიკური თვალსაზრისით, - ასკვნის ბოლოტოვი, - ამას არ მივყავართ რაიმე სერიოზულ შედეგამდე; მეექვსე და მეშვიდე მსოფლიო კრებებმა კი ანათემას გადასცეს ორიგენეც" (Собрание церковно-исторических трудов. М., 1999. Т. 1. С. 411-412). ბოლო ორმა კრებამ ანათემას გადასცა ალექსანდრიული სკოლის წარმომადგენელი და ორიგენეს სწავლების მემკვიდრე ბრმა დიდიმეც.

სწავლება საყოველთაო ცხოვნების შესახებ გაზიარებული არ არის არა მარტო მართლმადიდებლური, არამედ კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების მიერაც. ის დაგმო ლატერანის IVკრებამ (Denzinger H. Enchiridion Symbolorum, Definitionum et Declarationum de rebus fidei et morum. Freiburg, 1955. P. 429), პაპ ბენედიქტე XII-ის დოგმატურმა კონსტიტუციამ (Ibid. P. 531), ვატიკანის I კრებამ (Collectio Lacensis: Acta et Decreta sacrorum consiliorum recentiorum: In 7 t. / Ed. Iesuiten aus Maria Laach. Freiburg i. Br., 1870-1890. T. 7. P. 517, 550, 564, 567) და კათოლიკური ეკლესიის სხვა კრებებმა. თანამედროვე ლათინი ღვთისმეტყველი ჯ. ბიფი წერს: "იესუს სწავლების თანახმად ის, ვისი ცხოვრებაც არ ემორჩილებოდა მამა ღმერთის განგებას უჯანყდებოდა მის სიყვარულს და ღმერთთან მტერობაში მოკვდა, მოისმენს საშინელ სიტყვებს: "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მთ. 25:41). ეს სასჯელი იქნება მარადიული, ანუ არასოდეს დასრულდება და მისი არსი მდგომარეობს ღმრთისგან ადამიანის სრულ განგდებაში... იმისთვის, რათა შევინარჩუნოთ ადექვატური წარმოდგენა ადამიანის თავისუფლებაზე, - აგრძელებს ბიფი, - აუცილებელია დარწმუნება იმაში, რომ ყოველი ზრდასრული ადამიანი შესაძლოა განკითხულ იქნეს..." (Я верую: Краткое изложение католического вероучения. М., 1992. С. 111-112).

პროტესტანტიზმმა აპოკატასტასისი დაგმო ჯერ კიდევ რეფორმაციის პერიოდში. აუგსბურგის აღმსარებლობის XVII პარაგრაფში ნათქვამია: "... სამყაროს აღსასრულს ქრისტე ისევ მოვა როგორც მსაჯული და აღადგენს ყველა მიცვალებულს. ის ყველა მართალსა და რჩეულს მიაგებს სამარადისო ცხოვრებასა და სიხარულს, ხოლო ცოდვილთა და ბოროტეულთ შთააგდებს მარადიულ სატანჯველში. ჩვენი ეკლესიები გმობენ ანაბაპტისტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ცოდვილი ადამიანების ტანჯვას ექნება დასასრული" (1-4). ანაბაპტისტების გარდა განკითხულ იქნენ მენონიტები, მორაველი ძმები, სოცინიანები და სხვა დასავლურ ქრისტიანული სექტები, რომლებიც აღიარებდნენ სწავლებას საყოველთაო ცხოვნების შესახებ. თუმცა, ამ სწავლებამ თავი იჩინა პროტესტანტიზმის შემდგომ ისტორიაში. ე. წ. უნივერსალისტები, რომლებიც XVIII ს. გამოჩნდნენ ინგლისსა და ამერიკაში, აპოკატასტასისის პრობლემას უდგებიან ჰუმანისტური პოზიციებიდან და მას ნატურალისტური ეთიკის პოზიციიდან წყვეტენ. თანაც ფიქრობდნენ, რომ მარადიული ტანჯვის აღიარება ეწინააღმდეგება არა მარტო წმიდა წერილს, არამედ ადამიანურ სამართლიანობასაც კი. მსგავს დასკვნებამდე მივიდა ცნობილი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ფ. შლეიერმახერი (იხ.Riemann O. Die Lehre v. der Apokatastasis. Magdeburg, 1889; Robinson A. T. In the End, God. N. Y., 1968. P. 119-133).

ცოდვილთა ტანჯვა ჯოჯოხეთში. მატლი დაუძინებელი. XVI ს. ხატი.
XIX საუკუნეში აპოკატასტასისის მომხრეთა შორის ვრცელდება რწმენა ღმრთის მიერ მარადიულ სატანჯველში განწესებულთა განადგურების შესახებ. ჩნდება ანიჰილაციური (ლათ. annihilatio - განადგურება) რელიგიური მიმართულება, რომელიც მარადიულ ცხოვრებას აღიარებს მხოლოდ მათთვის, ვინაც ცხოვნებას მიაღწია. დანარჩენებს კი სრული განადგურება ელოდებათ. ბ. ბ. უროფილდის კლასიფიკაციის მიხედვით, არსებობს ანიჰილაციონიზმის სამი სახესხვაობა: 1) აბსოლუტური სიკვდილის კონცეფცია; 2) პირობითი უკვდავების კონცეფცია და 3) საკუთრივ ანიჰილაციონიზმი (Warfild B. B. Annihilationism // Studies in Theology. N. Y., 1932. P. 447-450). 

ქრისტიანთა შორის ყველაზე ნაკლებად პოპულარული, აბსოლუტური სიკვდილიანობის კონცეფცია, თავისი არსით, მატერიალისტურია, რადგან ვარაუდობს ადამიანის სრულ განადგურებას სიკვდილის მომენტში. პირობითი უკვდავების კონცეფციის მომხრენი იყოფიან ორ ჯგუფად. ერთი მათგანი აღიარებს ღმრთისადმი ურწმუნოთა არსებობის შეწყვეტას მათი სიკვდილის შემდეგ (White E. Life in Christ: A Study of the Scripture Doctrine of the Nature of Man, the Object of the Divine Incarnation, and the Conditions of Human Immortality. L., 18783) მაშინ, როდესაც მეორე ჯგუფს სწამს, რომ მკვდრეთით აღსდგება ყველა ადამიანი, მაგრამ აღდგომის შემდეგ ღმერთი შეწყვეტს ცოდვილთა არსებობას, რდგან მათთვის მეორე, მარადიული სიკვდილი დადგება.  

საკუთრივ ანიჰილაციონიზმი ადამიანის პიროვნებისთვის უკვდავებას  დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ დაქვემდებარებია ცოდვას. მაგრამ, რაკიღა ამგვარ ზეგავლენას ადგილი აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ხოლო "ვინაიდან, ცოდვის საზღაური არის სიკვდილი" (რომ. 6:23), ნებისმიერი ადამიანი უეჭველად წყვეტს თავის არსებობას, თუ არ აღმოჩნდება ის ქრისტესთან ერთობაში, რომელმაც თავის თავში სძლია ცოდვას. ცოდვაში ადამიანი ერთგვარად "იცვითება" და გარკვეული დროის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობა ადამიანის ცოდვილიანობაზეა დამოკიდებული, თვითდარღვევის გზით მიდის თვითგანადგურებამდე. საკუთრივ ანიჰილაციონიზმის ზოგიერთი მომხრე მიიჩნევდა, რომ სულიერ აღორძინებაზე უარის მთქმელ ცოდვილს ელოდება არა თვითგანადგურება, არამედ მას მოსპობს თვით ღმერთი, რომელსაც არ ძალუძს და არც სურს დაუშვას, რომ ასეთ ადამიანს გააჩნდეს მარადიული სიცოცხლე.

XX საუკუნის პროტესტანტულ ღვთისმეტყველებაში, სატანჯველთა მარადიულობის აღიარების გვერდით, აპოკატასტასისის გამართლების (см.: Stauffer E. Die Theologie des NT. Gütersloh, 1948. § 57) ან მისი ანტინომიურობის (ე.წ. ორმაგი გამოსავალის: ერთის მხრივ, სამოთხე და ჯოჯოხეთი, და მეორეს მხრივ - საყოველთაო განახლება) აღიარების მცდელობასაც ვხვდებით (Althaus P. Die letzten Dinge. Gütersloh, 1949). ზოგიერთი პროტესტანტი ღვთისმეტყველი უარს ამბობს აპოკატასტასისის პრობლემის გადაწყვეტაზე, რადგა მასში ხედავს ღმრთის მიუწვდომელ საიდუმლოს (Brunner E. Das Ewige als Zukunft u. Gegenwart. Zürich, 1953). პროტესტანტული ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოს ერთი თანამედროვე ავტორი წერს: "წმიდა წერილი გვაძლევს იმდენად ნათლად და მკაფიოდ გადმოგვცემს სწავლებას მარადიული წყევლის შესახებ, რომ მისი უარყოფა, არსებითად, მხოლოდ ღმრთის სიტყვის ღვთაებრივი ძალაუფლების უარმყოფელთ თუ შეუძლიათ... რადგან უკეთურნი თავიანთ ცოდვებში რჩებიან და ღმრთის წყევლის ქვეშ იმყოფებიან (ინ. 3:18, 36), მათი სხეულები საფლავებიდან აღსდგებიან "საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის" (დან. 12:2). ასე, რომ ცოდვილი ცხოვრების ყველა ნაკლი კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება მათ სხეულებში, რომლებიც აღსდგებიან მარადიული შერცხვენისთვის. ჰემნიცი ამის შესახებ ასე წერს: "მართალია ცოდვილთა და წყეულთა სხეულები უხწნელებითა და უკვდავებით შეიმოსება, ისინი მაინც უგრძნობელნი როდი იქნებიან და მარადიულად დაიტანჯებიან... ისინი აღიბეჭდვიან მუდმივი ხრწნილებითა და შერცხვენით, განწირულნი იქნებიან მარადიული სირცხვილისთვის და ჯოჯოხეთის უკუნი შთანთქავს მათ. ისინი არიან ჭურჭლები, განკუთვნილი შებღალვისა და შერცხვენისთვის (რომ. 9:21; 2 ტიმ. 2:20)" (Doctr. Theol. S. 643)" (Мюллер Д. Христианская догматика. Duncanville, 1998. С. 739-740, 744).

ამ ბოლო დროს აპოკატასტასისის იდეებისადმი მიბრუნების სურვილი ცალკეულ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველსაც უჩნდება. ამასთან აკრიტიკებენ "მარადიული ტანჯვის შესახებ არსებულ საზოგადო წარმოდგენას", რომელიც, როგორც პ. ნ. ევდოკიმოვი მიიჩნევს, "არის მხოლოდ სკოლის შეხულება, გამარტივებული ღვთისმეტყველება" (Женщина и спасение мира. Минск, 1999. С. 121). ევდოკიმოვისთვის მარადიული ტანჯვის აღიარება წარმოადგენს მხოლოდ "შიშის პედაგოგიურ არგუმენტს", რომელიც ამჟამად უკვე "აღარ მოქმედებს, მაგრამ მეტად სახიფათოდ ამსგავსებს ქრისტეანობას ისლამთან" (იქვე). 1988 წელს, ლონდონში, "მართლმადიდებელ ქრისტეანთა ჯგუფს" გამოუცია "საოჯახო კატეხიზმო", სადაც ისინი მკითხველს მოუწოდებენ "ბოლო მოეღოს... გასულ საუკუნეთა საზარელ მტკიცებულებას" (მხედველობაშია ტანჯვის მარადიულობის აღიარება). "განა შეუძლია ღმერთს, რომელიც სიყვარულია და ქრისტეს მიერ გვემცნო, უსასრულოდ სჯიდეს დროებით ცხოვრებაში ჩადენილ ცოდვათათვის? ნუთუ ბოროტების ძლიერება იმდენად დიდია, რომ ის მაშინაც კი იარსებებს, როდესაც "ყოველივეში უფალი გამეფდება?" - რიტორიკულად კითხულობს ალექსანდრე მენი (Сын Человеческий. Брюссель, 1983. С. 128). 


აპოკატასტასისის კრიტიკა

საყოველთაო ცხოვნების შესახებ სწავლების მცდარობა გამომდინარეობს იმ არგუმენტთა უსუსურობიდან, რომელსაც ამ სწავლების დასაცავად იყენებენ და ქრისტეანული სარწმუნოების ზოგიერთი მომენტის არასწორი გაგებიდან.

1. "ბოროტება საერთოდ არ იქნება" (ორიგენე). ამგვარი დასკვნის დასაბუთებას ორიგენე ცდილობს მით, რომ ბოროტება, როგორც ის სამართლიანად შენიშნავს, არასუბსტანციურია. მაგრამ ბოროტების ამ განსაკუთრებულობას ეკლესიის მრავალი წმ. მამა სხვა დასკვნამდე მიჰყავს, რომელიც ალექსანდრიელი მოძღვრის (ანუ ორიგენეს - მთარგმნ.) დასკვნისგან განსხვავებულია. ბოროტება არა მარტო "არ იქნება" "არსებით (სუბსტანციურ) ასპექტში", არამედ ამ წმიდა მამათა შენიშვნით, ის საერთოდ არც არსებობს,  რადგან "ბოროტება არის არა ბუნება, არამედ ბუნების მდგომარეობა" (Лосский В. Догматическое богословие. С. 250). ამიტომაც ბოროტება უნდა განვიხილოთ არა არსებითობის პოზიციიდან, როგორც ამას აკეთებდა ორიგენე, არამედ პიროვნების პოზიციიდან. ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს ქმნილ სამყაროში მხოლოდ იქ, სადაც არსებობს თვითგამორკვევის შესაძლებლობა. ასეთ შესაძლებლობას ფლობს სწორედ პიროვნება მისთვის ბოძებული თავისუფალი ნების ძალით. პიროვნებას ნამდვილად შეუძლია აირჩიოს არა მარტო სიკეთე, არამედ ბოროტებაც.

2. ყოველივეს აღდგენა (  ̓Αποκατάστασις τῶν πάντων). ორიგენე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ აღდგენას წარმოიდგენდა როგორც იმ მდგომარეობაში დაბრუნებას, "რომელიც გონიერ ქმნილებას გააჩნდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ სურდა სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფის მიღება". ამით ის ფაქტიურად უარყოფდა ისტორიას, რადგან ისტორიულ პროცესს აცლიდა ყოველგვარ შინაარსს. "ორიგენეს სისტემის მთელი პათოსი, - შენიშნავს ამ საკითხთან დაკავშირებით დეკ. გ. ფლოროვსკი, - იმაში მდგომარეობს, რომ მოხსნილ იქნას, გაუქმდეს დროისა და ყოფიერების საიდუმლო. "საყოველთაო აღდგენის", აპოკატასტასისის ორიგენესეული სწავლების მთელი ინტიმური აზრიც სწორედ ამაშია... აპოკატასტასისი არის ისტორიის უარყოფა. ისტორიული დროის მთელი შინაარსი განქარდება უკვალოდ, ყოველგვარი მოგონების გარეშე. და ისტორიის "შემდეგ" დარჩება მხოლოდ ის, რაც უკვე იყო ისტორიაზე "უადრეს" Противоречия оригенизма // Путь. № 18. 1929. С. 109).

3. "სიყვარულის ღმერთს" არ ძალუძს "უსასრულოდ სჯიდეს ცოდვილთ დროებით ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისთვის". ამ მტკიცებულებაში, რომელიც იკითხება დეკ. ა. მენის რიტორიკულ კითხვაში, განხილული პრობლემის გადაწყვეტისას გამოიყენება იურიდიული მიდგომა: დამნაშავე (მოცემულ შემთხვევაში ცოდვილი, რომელმაც დაარღვია ღმრთის სჯული) უნდა დაისაჯოს (მოცემულ შემთხვევაში ღმრთის მიერ, რომელიც არის ამ სჯულის დამწესებელი), თუმცა სასჯელი არ შეიძლება მარადიული იყოს. მარამ ასეთი მიდგომა, რომელიც ნასესხებია სამართლის სფეროდან, რომელიც არეგულირებს ადამიანთა ურთიერთობებს საზოგადოებაში, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს. ტანჯვანი, რომელსაც განიცდიან ცოდვილები, ეს არის არა სასჯელი, რომელსაც მათ ღმერთი უქვემდებარებს, არამედ ცოდვის შედეგი, რომელიც მათ ჩაიდინეს.

ეს შედეგები წარმოადგენენ თვით ადამიანის თავისუფალი, ცხოვრებისეული არჩევანის შედეგს და ღმრთის მხრიდან არანაირ ქმედებას არ არის დაკავშირებული. ჩადის რა ცოდვას და მით არღვევს რა ღმრთის მიერ დაწესებულ ნორმებს, ადამიანი, თავის თავში ბადებს ტანჯვას. 

გამოთქმული შეხედულება მცდარია სხვა მხრივაც. გამოხატავს რა აპოკატასტასისის მომხრეთა პოზიციას, მისი ავტორი მიიჩნევს, რომ არავინ უნდა იტანჯებოდეს მარადიულად დროებით ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში "სიყვარულის ღმერთის" მხრიდან დაშვებულ იქნება აშკარა და წარმოუდგენელი უსამართლობა. მაგრამ, ეკლესიის წმიდა მამები, რომლებიც მსჯელობენ ამ თემაზე, ვერავითარ უსამართლობას ვერ ხედავდნენ. ასე, მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირი სატანჯველთა მარადიულობის გასამართლებლად იყენებს მაგალითს, რომელიც გარემომცველი რეალობიდან არის აღებული. ის მსჯელობს დამნაშავეთა ბედზე, რომლებმაც რაღაც მოიპარეს ან ჩაიდინეს სხვა დანაშაული, რომელიც ექვემდებარებიან სისხლის სამართლის კოდექსს, და ამასთანავე ხაზს უსვამს, რომ "ერთ წამში" ჩადენილი დანაშაულისთვის, ადამიანს შეიძლება სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს (In Ep. I ad Cor. Hom. 9. 1). დამნაშავის შეკითხვაზე: "მე დანაშაული ჩავიდინე რაღაც ერთ საათში, ვიმრუშე მოკლე დროით და ამისთვის სამუდამო პატიმრობით რატომ უნდა დავისაჯო?" - წმ. იოანე ოქროპირი პასუხობს: "ცოდვები განისჯებიან არა დროის, არამედ დანაშაულის არსის მიხედვით" (In Ioan. 38. 1).

ამ მსჯელობაში წმ. იოანე ოქროპირი ეხება სულიერი ცხოვრების მეტად მნიშვნელოვან კანონს, რომლის მიხედვითაც საკუთარ თავში ცოდვის დაძლევა მნიშვნელოვნად აღემატება იმ პერიოდს, რომელშიაც ცოდვა აღესრულა, რადგან ცოდვა შემთხვევითი დაუდევრობა კი არ არის, რომელიც შეიძლება საკმაოდ სწრაფად გამოასწორო, არამედ თავისუფალი და შეგნებული არჩევანის შედეგი, რომელიც განაპირობებს ადამიანის ცხოვრების ხასიათს, შინაარსს და მიმართულებას. უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ცოდვას, "ცოდვის მონა" ხდება (ინ. 8:34), და ამ მონობაში იმყოფება მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. ასეთი ცხოვრებით ჰსურდა მას, - ბრძანებს წმ. პაპი გრიგოლ I დიდი, - "ეცხოვრა უსასრულოდ, რათა უსასრულოდ შეცოდების შესაძლებლობა ჰქონოდა" (Dial. IV 44). ადამიანი, რომელსაც ჰსურს ცოდვაში იცხოვროს "უსასრულოდ", თვითონ აყალიბებს და განსაზღვრავს თავისი მარადიული ცხოვრების ხასიათს, თანაც იმის წყალობით, რომ "ღმერთი სიყვარულია" (1 ინ. 4:8), რადგან მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულის წყალობით არსებობს ის და ყოველგვარი იძულების გარეშე ახორციელებს თავის არჩევანს სიკეთის ან ბოროტების სასარგებლოდ.

4. თეორია საყოველთაო ცხოვნების შესახებ აშკარა წინააღმდეგობაში მოდის სწავლებასთან ღმრთის მიერ შექმნილ გონიერ არსებათა თავისუფალი ნების შესახებ, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ ან დარჩნენ ღმერთთან ან უარი თქვან მასზე. აპოკატასტასისის თეორიის მომხრენი მიიჩნევენ, რომ ჯოჯოხეთური ტანჯვის მოქმედებით, რომლებიც მეტად მძიმე და ხანგრძლივი იქნება, ყველა ცოდვილი ადრე თუ გვიან დაუბრუნდება ღმერთს. და მიუხედავად იმისა, რომ არ ამბობენ ცოდვილთა ტანჯვის ძალა აღემატებოდეს მათი თავისუფალი ნების ძალას და აქედან, თითქოსდა არ აღიარებენ ამ ძალის დათრგუნვას, მიიჩნევენ, რომ ყველა ტანჯვა იქნება სამკურნალო.

ამასთან, მათ მხედველობის არედან რჩებათ ის, რომ ტანჯვათა ზემოქმედების ხასიათი დამოკიდებულია არა მარტო ღმერთზე, რომელიც არის ჩვენი ცხოვნების მკურნალი (ორიგენე), არამედ ცოდვილზეც - რომელიც თვითონ არის საკუთარ სნეულებაში დამნაშავე. თუკი ხორციელად სნეულის მკურნალობა, როგორც წესი, ითხოვს ავადმყოფის ნების თანხმობას მითუმეტეს, სულიერი დასნებოვნების დროს თანხმობა არის მომავალი განკურნების უპირველესი და გარდაუვალი პირობა. მაგრამ იმ ცოდვილთან დაკავშირებით, რომელმაც უარი თქვა ღმერთზე და მისგან დამოუკიდებელი არსებობის წესი ირჩია, განკურნების არანაირ თანხმობაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, რადგან თვით ცოდვილი საკუთარ თავში არავითარ დაავადებას არ აღიარებს და ღმრთის გარეშე თავისი არსებობას ანომალურად არ მიიჩნევს. ამაშია აპოკატასტასისის პრობლემის ტრაგიკული გახსნა. 

მართალთა სიხარული ზეციურ იერუსალიმში (XVI ს. ხატი)