ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
არქიეპისკოპოსი პავლე

ვისი "მოწმეები" არიან იეღოველები?

ძველაღთქმისეულ ბიბლიურ ტრადიციაში ცნობილია უფლის ათამდე სახელი: იაჰვე, ელოღიმ, ელ, შადდაი, ელიონ, ადონაი, ცაბაოთ და ა. შ. თითოეული მათგანი შეიცავს საკუთარ ინფორმაციას და ღმრთის ამათუიმ თვისებაზე მიანიშნებს (უფრო კონკრეტულად იხ. სტ. "ღმერთის სახელი"). დამასკოში მიმავალი ქრისტეანთა მდევნელი სავლე გამოცხადებულ ნათელს ეკითხება: "ვინ ხარ შენ, უფალო?" მას აინტერესებ რა სახელით გამოეცხადა ღმერთი დამასკოს გზაზე და ესმის: "მე ვარ იესუ, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა" (საქმე 9:5). ამ მომენტიდან აღიჭურვება სავლე-პავლე უფლის ამ სახელით, მისი ქადაგებით გამოდის "ცოდვის ეგვიპტიდან" და გაურბის სულიერ "ფარაონს" (ეშმაკს). 

ძველი ეკლესიის რწმენა უფლის ამ სახელის ცხოველმყოფელი ძლიერებისადმი გამოიხატებოდა და დღემდე გამოიხატება ამ სიტყვებით: "სხვის მიერ არავისგან არის ხსნა. არც კაცთათვის მოცემული სხვა სახელი არის ცის ქვეშ, ვის მიერაც ვიხსნიდით თავს" (საქმე 4:12). ტეტრაგრამატონი _ ოთხი ასოსგან შედგენილი უფლის სახელი ბიბლის ევროპულ ტექსტში გვხვდება 6823-ჯერ. ამ სახელის წაკითხვა ლათინურ-კათოლიკური ტრანსკრიპციით _ "იეღოვა" _ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით "ევროპულ ენციკლოპედიაში" ვკითხულობთ: 

"...ბიბლიის უახლეს თარგმანებში უფლის სახელი იაჰვე (JHWH), წარმოდგენილია ფორმით "იეღოვა", რომელიც ფილოლოგიური თვალსაზრისით დაუშვებელია. ხსენებული ფორმა წარმოიშვა სახელ JHWH-ს გახმოვანების სურვილით. ამ თვალსაზრისით სახელი "იეღოვა" არც ერთხელ არ გვხვდება წმ. წერილის ებრაულ ტექსტში. მაგრამ მას ვხვდებით წმიდა წერილის რუსულ, სინოდალურ თარგმანებში (იხ. დაბ. 22:14; გამოსვლა 3:14; 15:3; 17:5; 33:19; 34:5; მსაჯ. 6:24; ოსია 2:5), რაც ლათინური (პაპისტური) ტრადიციის სქოლასტიკური ზეგავლენის გამოხატულებაა, რომელიც რუსეთის ეკლესიის ისტორიაში დომინირებდა XVII-XIX საუკუნეების სკოლარულ ღვთისმეტყველებაში.

მოციქულთასწორ და სლავთა განმანათლებელთა _ წმ. კირილე და მეთოდეს (IXს.) მიერ ნათარგმნ სლავურ ბიბლიაში სიტყვა "იეღოვა" არსად არის. არ არის ის არც ბიბლიის გენადისეულ სიაშიც (1499 წ.). პირველნაბეჭდი "ოსტროგის" სლავური ბიბლია (1581 წ.) ასევე არ იცნობს ამ სახელს. არ გვხვდება ის ბიბლის ძველქართულ თარგმანებშიც. "დაბადების" წიგნისა (22:14) და "გამოსვლათა" წიგნის (3:14) ცნობილი ადგილები იკითხება ასე: "და უწოდა აბრაამ სახელი ადგილისა მის "უფალმან იხილა". 

"მე ვარ რომელი ვარ", სახელ "იაჰვეს" ძველებრაულ გაგებას შეესაბამება. სწორედ ეს გამონათქვამი: "მე ვარ, რომელი ვარ" (სხვა ვერსიით "მე ვარ მყოფი"). ასეა სლავურშიც: "Я есмь тот, кто я есмь". წმ. წერილის  ბერძნული თარგმანი "სეპტუაგინტა" (IIIს. ქრ. შობამდე) ასევე არ იცნობს ამ სახელს _ "იეღოვა".

ამრიგად, უფლის სახელის დაწერისა და გამოთქმის არც ბერძნულ, არც სლავურ, არც ქართულ და ბოლოს თვით ებრაულ ტრადიციებშიც კი უფლის სახელი არ იწერება და არ გამოითქმის ისე, როგორც აკეთებენე ამას "იეღოვას მოწმეები". მაშ, თუკი უფალს ამ სახელს არ უწოდებს ძველი ქრისტეანული ხალხებიდან არც ერთი და თვით ებრაელებიც კი და, შესაბამისად "იეღოვა" არ არის უფლის სახელი, ვისი მოწმეებიღა არიან იეღოველები?