ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
წმ. იოანე დამასკელი

დრაკონთა და მოჩვენებათა შესახებ (1)

ზოგიერთის აზრით, დრაკონს შეუძლია მიიღოს ადამიანის სახე ან გადაიქცეს პატარა ან უზარმაზარ გველად. ისინი ერთმანეთისგან სიგრძითა და სხეულის ზომებით განსხვავდებიან. ადამიანებად გარდასახული დრაკონები მათთან ურთიერთობას ამყარებენ, იტაცებენ დედაკაცებს და ეუფლებიან. ამგვარად მეზღაპრეებს ვკითხავთ: "რამდენი გონიერი ბუნება ჰქმნა ღმერთმა? და თუ არ უწყიან, ჩვენ ავუხსნით: ორი ბუნება - აქ მხედველობაში მყავს ანგელოზები და ადამიანები. თვით ეშმაკიც კი, რომელიც ამჟამად სიბნელეში დადის, ღმერთმა ნათლის ანგელოზად შექმნა, მაგრამ იგი ნებაყოფლობით განვარდა ნათლისგან. 

ამრიგად, ეს ორი გონიერი ბუნება ღმრთის შექმნილია. მაგრამ, თუ დრაკონი ბუნებას იცვლის, ადამიანებთან ურთიერთობაშია და დდაკაცებთანაც ცხოვრობს, ხან გველეშაპია, ხან კი ადამიანი (როგორც ერთი მრავალთაგანი), მაშინ გამოდის, რომ ის ადამიანზე ბევრად აღმატებული და გონიერი არსება ყოფილა. რაც შეუძლებელია, რაც არასოდეს იყო და არც იქნება. 

საინტერესოა, ამ აზრს მათ ვინ უნერგავს? რამეთუ ჩვენ მოსეს სწავლებას ვენდობით. უფრო ზუსტად კი, სულიწმიდას, რომელიც წინასწარმეტყველის პირით მეტყველებდა და გვიცხადებდა: "მოჰგვარა ღმერთმა ადამს ყველა ცხოველი, რათა ენახა რას დაარქმევდა, რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა" (დაბ. 2:19).

მაშ, დრაკონიც ერთ-ერთი ცხოველთაგანი ყოფილა. მე არ უარვყოფ დრაკონთა არსებობას, არამედ ვამბობ, რომ ესენი ქვეწარმავლები არიან და სხვა ქვეწარმავალთაგან იშვებიან. ახლად გამოჩეკილები ძალზედ პატარები არიან. მაგრამ, როგორც კი სისრულის ასაკს მიაღწევენ, იმდენად იზრდებიან და მსხვილდებიან, რომ ზოგჯერ ზომით სხვა ქვეწარმავლებს აღემატებიან. 

ზოგიერთთა თქმით ისინი ოცდაათ წყრთასაც (2) კი აღწევენ, ხოლო სისქეში მორივით მსხვილდებიან. დიონ რომაელი (3), რომელმაც რომის იმპერიისა და რესპუბლიკის ისტორია დაწერა, გვამცნობს: ერთხელ, როდესაც რომის კონსული რეგულუსი კართაგენის წინააღმდეგ იბრძოდა, უეცრად დრაკონი მოცოცდა და რომაელ ჯარისკაცთა ზვინულის წინ მოკალათდა: რეგულუსის ბრძანებით რომაელებმა ქვეწარმავალი მოკლეს, გაატყავეს და რომის სენატს გაუგზავნეს. როდესაც სენატის ბრძანებით ტყავი გაზომეს ო, საოცრებავ, დიონის თქმით, მისი სიგრძე ას ოცი ფუტის (4) აღმოჩნდა. ასეთივე სისქისა ყოფილა ის სისქეშიც.

არსებობენ ქვეწარმავალთა სხვა სახეობებიც, რომელთაც ფართო თავი და ოქროსავით მბრწყინავი თვალები აქვთ, კეფაზე წამოზრდილი რქოვანი შვერილებით, სხვებს ყელიდან წვერი ეზრდებათ - ქვეწარმავალთა ეს სახეობა "აღათოდემონების" (5) სახელს ატარებს. მათ სახე არა აქვთ, ამბობენ ეს დრაკონის ერთგვარი სახესხვაობააო. მას ხომ თხასავით წვერი ეზრდება და კეფაზე რქებიც აქვს. ქვეწარმავალთა ყველა სახეობა დრაკონთა გარდა, შხამიანია.

ასეთ ზღაპარსაც ჰყვებიან, თითქოსდა დრაკონს დევნის ჭექა-ქუხილი. ამ დროს იგი ჰაერში აიწევა და კვდება. ამაზე პირდაპირ მეცინება: როგორ შეიძლება ხან ადამიანის მსგავს გონიერ არსებად, ხან კიდევ ღმერთს ამხედრებულ იმ ქვეწარმავლად წარმოდგენა, რომელიც ღმრთის მიერაც იდევნება. ყველაზე დიდ ზიანს ჩვენს თავს მაშინ ვაყენებთ, როდესაც უფლის სიტყვის თანხმიერად წმიდა წიგნთა კითხვასა და მის გამოკვლევას უგულებელვყოფთ. ეს იმის მსგავსია, მეომარმა რომ თქვას: "მე მეომარი ვარ და კითხვა არ მჭირდებაო", - მიწისმოქმედი მიწათმოქმედებას იმიზეზებს, სხვებიც მსგავსადვე იქცევიან. ასე რომ, უფლი მცნების უარმყოფელნი გამოვდივართ.

ჭექა-ქუხილი არ დევნის ქვეწარმავალს. ქუხილი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ღრუბელი სინესტის გამო წვიმად იღვრება ან კიდევ ქარისგან იდევნება. როდესაც ქარი ღრუბლებში აღწევს და შლის მას, ღრუბლებში წარმოიქმნება ქუხილი. ზემოთ ეს ხმაური გრგვინვად იწოდება. ხოლო ის, რაც ქარის ზემოქმედებით მიწაზე გადმოდის - ელვად.. თუკი სახლს ან ხეს დაეცემა - კლავს, რისი მომსწრეც ბევრჯერ ვყოფილვართ, მაგრამ დრაკონს არასოდეს ატყდება ასეთი ზარდაცემა. 

ამბობენ, რომ ჭექა-ქუხილი ერთდროულადაც ხდება. ღრუბლის გარღვევას თან სდევს ჭექა-ქუხილი და ელვა. აქედან ელვა მყის გამოჩნდება, ხოლო გრგვინვა, სანამ სიმაღლიდან არ ჩამოდაბლდება არ გვესმის; ამიტომაცაა, რომ გრგვინვა ელვაზე გვიან ისმის.

ასეთ მაგალითებსაც მოგიყვან. ყურადღებით დააკვირდით, როდესაც ვინმე  ამაღლებულ ადგილზე, მოშორებით მდგომი კაკუნით ნიშანს გაძლევს, ჯერ ხეზე მოკაკუნის ხელს ხედავ და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მოდის შენს სმენამდე ხეზე დარტყმის ხმა. იგივე ხდება ქარით აღვსილ ღრუბლებშიც. ხმა მაშინ გვესმის, როდესაც ის სინესტის ძალით ირღვევა ხოლო, თუ სხვა ღრუბელს მიენარცხა, მაშინ მეტად მძლავრი ხმა წარმოიქმნება.

არ მსურს უმეცარნი იყოთ მოჩვენებებთან დაკავშირებითაც. განსაკუთრებულად უბირნი ამტკიცებენ დედაკაც-მოჩვენებათა არსებობას, რომელთაც ჰელუდებსაც უწოდებენ. ჰყვებიან, თითქოსდა ისინი ღამ-ღამობით ჰაერში დაფრინავენ და თუ ვინმეს სახლში დააპირებენ შესვლას, ვერც საკეტი, ვერც კარი მათ ვერ აბრკოლებს, შიგნით შედიან და ბავშვებს ახრჩობენ. სხვათა თქმით, ისინი ყრმათა ღვიძლსა და შიგნეულობებს მიირთმევენ და მით ყრმატა სიცოცხლის ხანგრძლივობას იუწყებიან. ამასთანავე, ერთნი ამბობენ, რომ თვითმხილველნი არიან ამ ამბებისა, სხვები კი ჰყვებიან გაგონილს იმის თაობაზე თუ როგორ შედიან ჩარაზულ კარებში მოჩვენებანი არათუ სულით, არამედ სხეულითაც.

მე მათ მივუგებ, რომ ასეთი რამ მხოლოდ უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მოიმოქმედა, როდესაც თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდგომ წმიდა მოციქულებს ჩაკეტილი კარიდან მიეახლა. და თუ ამას ჯადოქრებიც ახერხებენ, მაშინ უფალს არაფერი საკვირველი არ მოუმოქმედნია. თუ ვინმე იტყვის, რომ (ჩაკეტილ კარში) ხორცისგან გათავისუფლებული სული გადის იმ დროს, როდესაც სხეული სარეცელზე წევს, მან ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათქვამს მოუსმინოს: "ხელ მეწიფების დადება ჩემი სულისა და კუალად მიღება მისა" (იოანე 10:18). რაც თავის წმიდა ვნებათა ჟამს ერთხელ უკვე მოიმოქმედა და, თუკი ამას ვინმე ჯადოქარიც იქმს, მაშინ კვლავად ვიტყვით - უფალს საკვირველი არაფერი მოუმოქმედნია. და კიდევ: თუ მსახური ბავშვის ღვიძლს მიირთმევს სიცოცხლეს როგორღა უნარჩუნებს? აქედან ცხადია, რომ მთელს ამ სისულელეს წმიდა, კათოლიკე ეკლესიის წინააღმდეგ ამხედრებული მწვალებლები იგონებენ, რათა უბრალონი ააცილონ მართალ და სწორ აზროვნებას.



შენიშვნები და კომენტარები:

1. წმ. იოანე დამასკელის ამ მცირე ტრაქტატის გამოქვეყნებით გვსურს მკითხველთა ყურადღება არა იმდენად ღირსი მამის საბუნებისმეტყველო შეხედულებებს (რაც, ბუნებრივია, თავისი ეპოქის დაღს ატარებს და, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერების ისტორიისთვის შეიძლება იყოს საინტერესო), რამდენადაც მისი აზროვნების მეთოდს მივაპყროთ. გარემომცველი სამყაროს ფენომენთა თანმიმდევრულ, საღ შეფასებას, ასე გასაოცრად რომ უპირისპირდეება უსაზღვრო მისტიციზმს, რომელსაც იდუმალ და აუხსნელ მოვლენათა ყალბი რელიგიურობით აღბეჭდილი ძიება ახასიათებს.

2. წყრთა - სიგრძის ერთეული, რომელიც უდრის 45-47 სმ. 

3. დიონ კასიუსი (დაახლ. 155-236) - რომაელი ისტორიკოსი. ბერძნ. ენაზე დაწერა "რომის ისტორია" 80 წიგნად, სადაც აღწერა რომის ადრეული ისტორიიდან ჩვ. წელთაღრიცხვის 3-ე საუკუნემდე პერიოდის ისტორიული მოვლენები. დიონს ჰქონდა ზებუნებრივისადმი ძლიერი რწმენა.

4. ფუტი - სიგრძის ერთეული, რომელიც 308,3 მმ-ს უდრის.

5Agathodaimon – "კეთილი გენიოსი"