წმ. ეფრემ ასურელი
უფლის მოსვლისათვის I
ვისაც გულის შემუსვრილობა და ცრემლთადენის მადლი მოუხვეჭავს, დე ევედროს უფალს, რათა განერიდოს ქვეყნად მოწევნად იმ უდიდეს გაჭირვებას, როცა მოვა მხეცი იგი და არ ესმას შიში, სიყმილი და სრვანი და ძვრანი ადგილ-ადგილ. ასე ვიტყვი, ასეთ ადამიანს დასჭირდება სულის სიმტკიცე, რათა თავისი სიცოცხლე საცთურთა ჭაობიდან გამოიხსნას, მზაკვარი გველის ცრუ ნიშნები ხომ ადვილად სძლევს და დაატყვევებს დაუდევარს, რომელიც სამსჯავროზე შეწყალებას ვერ ეღირსება, რამეთუ საკუთარი ნებით მიენდო მტარვალს. ხანგრძლივი ლოცვა და გლოვა გვმართებს, საყვარელნო, რათა გავუძლოთ მხეცისგან მოვლინებულ საცთურთ, რადგან მას, ღმრთის წინააღმდგომს, ყველას წარწყმედა განუზრახავს.
ისმინეთ ჩემო ქრისტესმოყვარენო ძმანო, ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელს რა შეამთხვია წყეულმა და ყოვლადბილწმა სატანამ და როგორი მზაკვარებით მოახერხა თითოეული მათგანის შეტყუება ყველაზე მძიმე ცოდვაში. მან, ისრაელის შესაცდენად შთააგონა ბალაამს, უბოროტესი რჩევა მიეცა მადიამელთა მეფის ბალაკისთვის - გამოეყვანა ქალაქელი დიაცები და მით ისრაელიტელნი სიძვისა და კერპთაყვანისცემის ცოდვაში შტაეგდო, რათა საბოლოოდ, პირუტყვული ჟინით აღძრულნი ამ დიაცებთან სიძვით დაცემისთანავე უკეთურებივით ამოეწყვიტა უფალს. და აჰა, მეფემაც დააყენა დიაცნი ერის წინაშე; მათ კარებთან, მოაწყო ტრაპეზები შესაწირავებითა და სამსხვერპლოებითურთ, რათა სიძვის მსურველს ჯერ კერპთათვის შეეწირა მსხვერპლი, ხოლო შემდეგ უწმინდურ დიაცებთან სიძვა-მრუშობით ეჯერა გული. დიაცებიც სხვას როდი ითხოვდნენ ისრაელიტელთაგან, გარდა იმისა, რომ მათთან შერევის მსურველს ჯერ კერპთათვის მსხვერპლი უნდა შეეწირა. და აი, მეფემაც გამოიყვანა თავადთათვის ასულნი მდიდართა, უბრალო ხალხს კი მდაბიო დედაკაცები აკუთვნა, რათა ყველა შემცოდე ერთდროულად სიკვდილის შესაპყარი გაეხადა.
ხედავ ბოროტის მზაკვარებას, ყველას სასიკვდილო ორმო როგორ გაუთხარა? თუ სმენია ვინმეს ორპირმახვილ აღლესული სიძვა?! რამეთუ საშინელი და ორმაგი სიკვდილით კლავდნენ დედაკაცნი მათთAნ დაცემულ მამაკაცებს, როდესაც კერპთაყვანისცემისა და მათთან სამარცხვინო კავშირისკენ აღძრავდნენ მათ.
სწორედ ამ ხერხს გამოიყენებს მტარვალიც, როცა დრო-ჟამის აღსასრულს ცრუ ნიშებითა და სასწაულებით გამოჩნდება. ის მოინდომებს, რათA ყველამ მხეცის ბეჭედი და ისე მოაწყობს, რომ მხოლოდ მისი საშუალებით იქნება შესაძლებელი საზრდელისა და ყოველგვარი სარჩო-საბადებელის მოპოვება. ამ ბრძანების შესასრულებლად კი სახალხო მთავრებს დანიშნავს. დააკვირდით ძმანო მხეცის უსაზღვრო ბოროტებასა და მზაკვარებას: მუცლიდან იწყებს, რათა შიმშილით გათანგული და უკიდურესობამდე მისული კაცი იძულებული გახდეს მიიღოს მხეცის ბეჭედი და მაშინ ეს უბილწესი და მტარვალი დაიწყებს თავისი ბეჭდით კაცთა აღბეჭდვას და ამას სხეულის ნებისმიერ ასოზე კი არ გააკეთებს, არამედ თავის ნიშანს დაადებს სწორედ მარჯვენა ხელსა და შუბლზე, რათა ადამიანებმა მარჯვენა ხელით ვერც ჩვენი ქრისტე მაცხოვრის სასოებისადმი გამომხატველი ნიში და ვერც ეშმაკისთვის საშიშარი წმიდა ჯვრისა და სახელის გამოსახვა შეძლონ. მტარვალმა კარგად უწყის, თუ ვინმე აღბეჭდილია უფლის ჯვრით განქარვებულია მთელი მისი ძალმოსილება, ამიტომაც დაადებს მარჯვენა ხელზე თავის ბეჭედს, რადგან სწორედ მარჯვენა ხელი აღბეჭდავს ჩვენი სხეულის ნაწილებს ჯვრის ნიშნით და როგორც სანთელის წვერზე ინთება ცეცხლი, ასევე მაცხოვრის ნიშიც ადამიანის შუბლზე გამოისახება.
მაშ ასე, ძმანო ჩემნო, დიდი და საშინელი განსაცდელი ელის ქრისტეს ერთგულ და ღმრთის მოყვარე ყველა მტკიცე ადამიანს. არავინ, თვით სიკვდილამდეც არც ერთხელ, როდესაც გველი ჯვრის ნიშის სანაცვლოდ თავისი ბეჭდით დაიწყებს კაცთა აღბეჭდვას, არ უნდა დაუთმოს მტარვალს და არ მიეცნენ უძლურებას, რადგან მტარვალი ყოველგვარ მზაკვარებასა და საშუალებას გამოიყენებს რათა კაცთა ცნობიერებიდან აღხოცოს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის ყოვლადუწმიდესი და უპატიოსნესი სახელი, ვინაიდან ვინც მის ბეჭედს არ მიიღებს, არც მისი საცთურების ქვეშ მოექცევა. ამდაგვართ კი უფალი არ განშორდება, გაანათლებს მათ გულებს და თავისკენ მიიზიდავს.
ჩვენ კი, ძმანო, მთელი მონდომებით გულისხმავყოთ კაცთმოძულე მტრის ეშმაკობა, რამეთუ უფალი მოვალს რათა განაქარვოს საცთურნი მტარვალისა. ქრისტესადმი რწმენით განმტკიცებულნი, ნუ დავემორჩილებით მტრის ძალმოსილებას. ვიქონიოთ მტკიცე და ღვთისმოსავი ცნობიერება და უძლური იგი გველი ოტებულ იქნება ჩვენგან, რადგან ჩვენი რწმენით დაუძლურებულს არ შეეძლება ვნების მოყენება.
უფლის მოსვლისათვის II
წმინდანთა დასნო, ერთგულნო და ქრისტესმოყვარენო, გევედრებით ცრემლმორეული და შეგაგონებთ მე უბადრუკი, ნუ შევიქნებით მტრისთვის ადვილად შესაპყარნი ან შეპყრობილნი - შეუპყრობელნი ვიქნეთ ჯვრის ძალმოსილებით. წინ გვიძევს უცილობელი ღვაწლი. ყველამ აღვიღოთ რწმენის ფარი და საღმრთო წყაროდან სიყვარულით დავირწყულოთ თავი, რათა ვაცხოვნოთ სულნი ჩვენნი. ხოლო საღმრთო წყაროში, ძმანო, ერთარს სამებას ვგულისხმობ, რომელიც ჭეშმარიტად წყაროა ჩვენი სიცოცხლისა და თუკი ასეთი იარაღით აღვიჭურვებით, გჯეროდეთ, დაითრგუნება გველი.
ამასთანავე, ვილოცოთ, ძმანო, რათა არ შეგვიპყროს შიშმა და გაქცევამ არ მოგვიწიოს ზამთარში. მაშ ასე, ერთგულნო მსახურნო, უფლის მოყვარულნო და მის მოწინააღმდეგეთა უარმყოფელნო, მზად იყავით, რამეთუ (სანამ უფალი მოვიდოდეს) ბოროტი და მრისხანე მპარავი მოვა, რათა ჭეშმარიტ მწყემსს მოჰპაროს, დაუკლას და წარუწყმიდოს ცხოვარნი. მაგრამ ჭეშმარიტი მწყემსის ხმის კარგად გამრჩევი მყის იცნობს ცრუს, რამეთუ ბოროტეულის ხმა სრულიად არ არის ჭეშმარიტი მწყემსის ხმის მსგავსი. სულთა მომწყვლელია მპარავის ხმა, ფარისევლურია და მყის გამოაშკარავდება. მაშ, შევეცადოთ, მეგობარნო, იმის გაგებას, თუ როგორი სახით მოვა დედამიწაზე უსირცხვილო გველი.
მაცხოვარი, რომელმაც კაცთა მოდგმის ცხოვრება განიზრახა, ქალწულისგან იშვა, განკაცდა და თავისი საღმრთო ძლიერებით გათელა ეშმაკი. მადაბალი და მორჩილი იყო ამქვეყნად, რათა ჩვენც აღვეყვანეთ მიწიან ზეცად. სწორედ ამ ღმერთმა, რომელიც ნამდვილად და ჭეშმარიტად ჩაისახა, განკაცდა და იშვა წმიდა ქალწულისგან, მოგვცა მცნებები, იგი კვლავადვე მოვა, რათა უკანასკნელ დღეს განიკითხოს ცოცხლებიცა და მკვდრებიც და როგორც მართლმსაჯულმა, მათი საქმეებისდა კვალად მიაგოს ცოდვილთა და მართალთ.
იცის მტერმა, რომ უფალი მეორედ ზეცითგან ღვთაებრივი დიდებით მოვა, ამიტომაც განიზრახა თვითონ შექმნას მისი მოსვლის მსგავსება და აცთუნოს ყოველნი, მაგრამ ჩვენი უფალი საშინელი ელვის მსგავსად ნათელმოსილი ღრუბლით მოვა, ხოლო მტერი არა ამგვარად, რადგან განდგომილია; სინამდვილეში ეშმაკის ეს იარაღი შებილწული დედაკაცისგან იშვება. თავად სატანა კი არ განკაცდება, არამედ ყოვლადსაძაგელი (ე. ი. ანტიქრისტე - მთარგმნ.) მის ხატებას მიიღებსს და როგორც მპარავი, მოვა ყოველთა საცთუნებლად. თავიდან თავს მოიკატუნებს და ღვთისმოსავად, მორჩილად, თვინიერად, უსამართლობის მოძულედ და კერპთა უარმყოფელად გვეჩვენება. უპირატესობას მიანიჭებს ღვთისმოსაობას, კეთილთ, ღატაკთა და უპოვართა შემწყალებელთ, ყველასადმი უსაზღვროდ გულისხმიერი იქნება, განსაკუთრებით კი იუდეველთა მიმართ, რამეთუ იცის იუდეველნი ელიან მის მოვლინებას. ამასთანავე, უდიდესი ძალმოსილებით მოიმოქმედებს ნიშებსა და სასწაულებს, მიმართავს ყოველგვარ საშუალებას ყოველთა გულის მოსაგებად, რათა ხალხმა შეიყვაროს და თანაც ძალიან მალე. არ აიღებს ქრთამს, არ იქნება მრისხანე, მუდამ მომღიმარი და ყველას მიმართ ალერსიანი, გარეგნული კეთილსახოვნებით აცთუნებს მსოფლიოს სანამ არ გამეფდება. რამეთუ, როგორც კი ერები და საზოგადოებრივი წოდებები იხილავენ მის ასEთ სათნოებას, ძლიერებასა და სრულყოფილებას, ერთი აზრი შეიპყრობს ყველას და უდიდესი სიხარულით აღტყინებულნი გაამეფებენ და იტყვიან: "არის კი სხვა ესოდენ კეთილი და მართალი ადამიანი ქვეყანაზე?" ხოლო ყველაზე უმეტესად სამეფო პატივსა და დიდებას მას ქრისტეს მკვლელი იუდეველები მიაგებენ.
ამიტომ ისიც, იუდეველები სხვებზე უპირატესობის რომ წარმოაჩინოს, მათდამი განსაკუთრებული განზრახვის მქონე, მიუთითებს მათ ადგილსა და ტაძარს. ანტიქრისტეს მეფობისას ერები დიდი სიხარულით დაუმეგობრდებიან მტარვალს და მისი მოკავშირეებიც გახდებიან. ედომი, მოაბი და ყამონეველნი სიხარულით დაემორჩილებიან როგორც სჯულიერ მეფეს და მისი უპირველესი თაყვანისმცემელნი გახდებიან. მსწრაფლ განმტკიცდება მისი მეფობა და ეს გველი მთელ თავის ღვარძლს სიონზე (ე. ი. ეკლესიაზე - მთარგმნ.) გადმოანთხევს. შეაშფოთებს მთელ მსოფლიოს და მის კიდეებს შეძრავს, ყველას შეავიწროებს, მრავალთა სულებს შებილწავს, მოიცილებს ღვთისმოსავი, კეთილი და სათნო ადამიანის ნიღაბს და თავის სისასტიკეს, სიმკაცრესა და მრისხანებას გამოამზეურებს.
თავისი დაუოკებლობით მტარვალი შეეცდება კაცთა მთელი მოდგმის უკეთურების ჭაობში შეთრევას. მოჩვენებითად აღასრულებს ცრუ ნიშებსა და შემაძრწუნებელ სასწაულებს კერძოდ, მტარვალი მრავალთ მოაჩვენებს, რომ ძალუძს მთების გადაადგილება, მაშინ როდესაც არავითარი გადაადგილება არ მოხდება; მრავალთა თვალწინ, რომლებიც ხოტბას შეასხამენ მას ამ ცრუსასწაულთა გამო, მგრგვინავ ხმას გამოსცემს, რომლისგანაც მის თაყვანისმცემელ ბრბოს მიწა შეერყევა და იტყვის ყოვლადბილწი: "ხალხნო შეიმეცნეთ უდიადესი ძალი ჩემი უფლებამოსილებისა". აჰა, თქვენს წინაშე ვუბრძანებ ამ მთას, გადმოლახოს ეს ზღვა და გადმოდგეს ჩვენთან". და იტყვის ყოვლადბილწი: "გიბრძანებ შენ მთაო, ამ წუთასვე გადმოიარე ეს ზღვა" და მხილველთა თვალწინ მთა გადაადგილდება, თუმც ეს მოხდება მოჩვენებით, სინამდვილეში კი ის ოდნავადაც არ დაიძვრება თავისი ადგილიდან, რამეთუ იმაზე, რაც დასაბამიდანვე დააწესა უზენაესმა ღმერთმა, მტარვალს არავითარი ძალმოსილება არ ექნება.
მტარვალი მხოლოდ ცრუჩვენებებით მოხიბლავს კაცობრიობას, ასევე მიმართავს იგი დიდი ზღვის სიღრმეში მდებარე სხვა მთას, რომელიც ზღვის ზედაპირზე უდიდეს კუნძულად გამოჩნდება, დაიძრას თავისი ადგილიდან და მაყურებელთა საამებლად გამოდგეს ნაპირთან და, თუმც კი მთა არ დაიძვრება, მაყურებელს მოეჩვენება, რომ მთა ნაპირს მოადგა. გარდა ამისა, ანტიქრისტე სხვა მრავალ ცრუსასწაულსაც მოიმოქმედებს: იგი გაიწვდის ხელს, შეკრებს უამრავ ფრინველსა და ქვეწარმავალს, შედგება უფსკრულზე და გადაივლის მას როგორც მშრალ მიწას და ყოველივე ამას იქმს მოჩვენებითად.
მრავალი ერწმუნება მას, როგორც ყოვლადძლიერ ღმერთს. არ მოტყუვდება მხოლოდ ის, ვინაც თავის გულში უფალი დაიმკვიდრა. მისი გულის თვალი განათლდება და ჭეშმარიტი სარწმუნოებით განბრწყინვებული იხილავს და იცნობს მტარვალს. იმას, ვინც ღვთისმოშიშია და ვისი გულიც განბრწყინვებულია უფლის ნათელით, ცხადად იცოდინება, რომ არც მთა დაძრულა თავისი ადგილიდან და არც კუნძული ამოსულა ზღვიდან. და ყოველივე ამას ანტიქრისტე აღასრულებს თავისი სახელით, რამეთუ ვერ დაითმენს, რომ ხსენებულ იქნეს სახელი მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, რადგანაც იქნება იგი ღვთისმბრძოლი და ძე წარწყმედისა.
როდესაც ეს ყოველივე აღსრულდება, როგორც თქმულ არს, ერნი თაყვანისსცემენ და განადიდებენ მას, როგორც ღმერთს. ჭეშმარიტი ღმერთი დღითი დღე გამოავლენს თავის რისხვას და მიაქცევს პირს მათგან და იქნებიან მაშინ სიყმილნი, ხანგრძლივნი წყლულებანი, დაუცხრომელი მოწისძვრანი; შემცირდება საზრდელი, გამეფდება დიდი შიში და შEჭირვება, მაშინ ცა არ გამოიღებს ცვარს, მიწა ნაყოფს, წყაროები დაშრება, მდინარეები დაიწრიტება, არ გაიზრდება ბალახი, მიწა აღარ შეიმოსება მწვანე საფარით; ხეები გახმებიან, ფესვები გაიყინებიან, ტოტები არ გაიკვირტებიან, ზღვაში დაწყდება თევზი და ვეშაპი, ზღვა აყროლდება და იქნება ისეთი ხმაური, რომ ადამიანები მიწაზე უგრძნობლად დავარდებიან და შიშისგან დაიწყება დიდი სიკვდილიანობა.
სიტყვა აღდგომისა და სამსჯავროსთვის
მოვედით, ძმანო, და ისმინეთ ჩემი, უმდაბლესი ეფრემისა. საკუთარი სინდისი დავიყენოთ მსაჯულად, რათა გამოვიკვლიოთ ჩვენი გულისთქმები, საღმრთო წერილისამებრ ვალთ თუ არა. ნუ შევაწუხებთ სულიწმიდას, რომლითაც აღვიბეჭდეთ გამოხსნის დღეს (ეფეს. 4:30). თუ ვინმეს კეთილი საქმენი მოუხვეჭავს, მადლის გამრავლებას ესწრაფოს, რომელიც თავმდაბლობით მიუღია კაცთმოყვარისგან. ხოლო თუ შეგვიგნია, რომ ცოდვებში ვინთქმებით, ძმანო, დაუდევრად რატომ დავშთომილვართ?
აჰა, მოიწევა ჩვენზე, ძმანო, ის დღე, როდესაც დაბნელდება მზე და ვარსკვლავები დამოცვივან, ცა გრაგნილივით დაეხვევა, დაიგრგვინვებს დიდი საყვირი და საშინელი ხმით გააღვიძებს ყველა მიძინებულთ საუკუნითგან, რომლებიც მსაჯულის ხმაზე დააცარიელებენ ჯოჯოხეთს და შეხვდებიან ქრისტეს, რომელიც ნათელმოსილი ღრუბლით ცითგან მოვა ურიცხვ ანგელოზებთან ერთად, რათა განსაჯოს ცოცხალნი და მკვდარნი და მიაგოს თითოეულს საქმეთაებრ მათთა.
ჭეშმარიტად საშინელია ქრისტეს მოსვლა. საკვირველია, ქრისტესმოყვარენო, იმის ხილვა თუ როგორ დაიგრაგნება უეცრად ზეცა, მიწა შეიცვლება, მიცვალებულნი აღდგებიან. მიწა დათმობს მიცვალებულთა გვამებს ისე, როგორც მიიბარა; და თუნდა მხეცებს დაეგლიჯოთ ან ფრინველთ დაეძიძგნოთ, თევზებს შეეჭამოთ, მკვდრეთით აღმდგარ მიცვალებულთ თმის ღერიც კი არ შეეცვლებათ, რამეთუ ღმერთი უკვდავად მიაქცევს თითოეულ მათგანს. ყოველნი საკუთAრი საქმეების შესაბამის სხეულებს მიიღებენ. მართალთა სხეულები მზეზე შვიდგზის უბრწყინვალესად შეიცვლება. ხოლო ცოდვილთა სხეულები გაშავდება და აყროლდება. თითოეულის სხეული გამოაჩენს მის საქმეს - ყველა ჩვენგანი ხომ თავის საქმეებს საკუთარ სხეულშივე ატარებს. და მაშინ იქნება ჩვენს საქმეთა საშინელი გამოცდა. სიტყვით ან საქმით შევცოდეთ? - ყოველივე ჩვენს ირგვლივ გამოჩნდება; სიკეთე ვქმენით ან ბოროტება? - ესეც ცხადად გამოჩნდება. საითკენაც უნდა მივაპყროთ მზერა, ყველგან ჩვენი საქმეები დაგვიდგება.
მაშ, საყვარელნო ძმანო, ძალ-ღონეს ნუ დავიშურებთ იმ საშინელი სირცხვილის თავიდან ასაცილებლად, რომელიც იმ დღეს ცოდვილებზე მოიწევა. მოვინდომოთ იმ სიკეთეთა თანაზიარყოფა, რომელიც ღმერთმა მართალთ განუმზადა: "რომელი თვალსა არა უხილავს, ყრუსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა წარმოუდგა" (1 კორინთ. 2:32), "რომლისთვის გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად" (1 პეტრე 1:12). როდესაც ქრისტე ზეცით მოვა, მყის ცეცხლის მდინარე აღტყინდება და მის წინაშე დაჰფარავს ყოველივეს, რამეთუ ნოეს დროინდელი წარღვნა ამ დაუშრეტელი ცეცხლის წინასახეა. როგორც წარღვნით ყოველი მისი მწვერვალი დაიფარა, ასევე ცეცხლიც გადაფარავს ყოველივეს. მაშინ გამოვლენ ანგელოზნი და აღიტაცებენ მართალთ ზეცად და დიდებით მოსილთ ღრუბელთა ზედა შეაგებებენ ქრისტეს.
მაშ, შევეცადოთ, საყვარელნო, ღირს ვიქმნეთ ზეცად ამ აღტაცებისა, რათა უბიწონი აღმოვჩნდეთ საშინელ მსაჯულთან, რომლის წინაშე ძრწის ყოველი განსასჯელი. ნეტარ არს ყოველი, რომელიც ღრუბლებზე აღტაცებული შეხვდება დიდების მეუფეს; და პირიქით, უბედურია ამდაგვარ პატივს მოკლებული, რამეთუ ისინი, რომლებიც მართლებთან ერთად აყვანილნი არ იქნებიან ღრუბლით, აღმოჩნდებიან უკეთური ცოდვილნი.
მაშ, ნუ მიეცემით მთვლემარებას ქრისტეს მოყვარენო ძმანო, რამეთუ საბიელი ღიაა ყველასთვის; ამიტომაც, სანამ დროა, შევინანოთ; დავთრგუნოთ ხორციელი ვნებები, გემოთმოყვარება და სიამტკბილობა. უბიწო იოსების მსგავსად შევაკავოთ არა მხოლოდ ხორციელ ვნებათა ღელვანი, არამედ გონებითიც, რამეთუ სრულყოფილი კაცი სწორედ ამ ზომამდე ელტვის უბიწოებას; ვინაიდან, ვიცით, რომ "ყოველი რომელიც ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა" (მათე 5:28), ხშირად ხორციელი აღძვრა მრავალ მიზეზთა გამო იშრიტება და კაცობრივი შიშიც არც თუ იშვიათად იცილებს მას მაშინ, როდესაც გონებითი ქმედება უშიშრად აღესრულება.
მრავალი თქვენგანიც აღძრულა, საყვარელნო, საკუთარი შეუკავებელი გულისთქმებით და ოცნებებით გატაცებულა, რომელიც მყისვე განქარდება. ოცნებებითა და გულისთქმებით გატაცებული ადამიანი იმ დაჭრილ არჩვს წააგავს რომელიც, მართალია, მონადირეთ ადვილად უსხლტება, მაგრამ სხეულში შერჭობილი ისარიც თან მიაქვს. ამიტომაც გულისთქმით შეპყრობილი უბიწოდ ვერ წარმოჩინდება ღვთის წინაშე და კაცობრივი მორიდება და მათ წინაშე საქვეყნოდ შერცხვენის შიში რომ არა, სულთან ერთად ხორცსაც ადვილად გახრწნიდა, ამიტომაც ვერ დაიდგამს ის უბიწო კაცის გვირგვინს და თუ არ შეინანებს, დაისჯება ვითარცა კაცთმაამებელი, ხოლო (თუ შეინანებს), გულისთქმებითაც შეპყრობილი რომ ყოფილიყო ამ წყლულებს სინანულით ადვილად განკურნავს.
მაშ, ძმანო, ვერიდოთ ბოროტ გულისთქმას, მან ხომ აკრძალული ნაყოფის ერთი მოკბეჩითაც კი განძარცვა ევა დიდებისგან. მანვე მოაწია წარღვნა დედამიწაზე: რამეთუ "იხილნეს რაი ძეთა ღმრთისათა ასულინი კაცთAნი" (დაბ. 6:2) სამარცხვინოდ შეიბილწნენ მათთან; მისი მიზეზით აღტყინდა ეგვიპტელი დიაცი უბიწო იოსების წინაშე, მაგრამ ამ ღვთისმოშიშმა ყმაწვილმა დაამარცხა მასზე აღტყინებული ასპიდი. მანვე დაატყვევა სახელოვანი და დაუძლეველი სამსონი. ადრე მან ლომი გახლიჩა და ვირის ყბით ათასი კაცი დაამარცხა, მაგრამ როდესაც იქედნესთან თანაცხოვრება ისურვა, იმწუთასვე დამოცვივდა მის თავს კულულები ნაზორეველისა. უმოწყალოდ დაკარგა თვალის ჩინი და ყველას დასაცინი შეიქნა.
დავითმაც ხომ ქალის გულისთვის მოკლა ურია ქეტელი; ნაბუთეც სურვილებს შეეწირა; ხოლო უბადრუკი იუდა თავისი მეუფის, ქრისტეს, გაყიდვამდე დაეცა. ნეტარია ის, ვინც დაამარცხა ყოველგვარი სმენითი და ხედვითი, შეხებითი და ყნოსვითი მოსურვება და უბიწოების გვირგვინით დამშვენებული წარსდგება საშინელ და ძრწოლვის მომგვრელ სამსჯავროზე. მაშ, მოვედით, ძმანო, ერთად თაყვანისვცეთ ქრისტეს, ერთხმად ვუგალობოთ მას ალილუია! მოვედით და ყველამ განვადიდოთ იგი. ამინ!