წმ. იოანე ოქროპირი
მტაცებლობის კეთილსახოვანი გამოვლინება
საშინელი დაავადება შემოიპარა ეკლესიაში, საყვარელნო, საშინელი, რომელიც ჯეროვან მკურნალობას საჭიროებს, რამეთუ მათ, რომელთაც სიმდიდრის მოხვეჭა სამართლიანი შრომითაც კი ეკრძალებათ და, მეტიც, საკუთარი სახლის კარი მუდამ ღია უნდა ჰქონდეთ უქონელთათვის, შემოსავლის წყაროდ გაუხდიათ სხვათა სიღარიბე და თავიანთი ვერცხლისმოყვარეობის მოხერხებული დაფარვით მტაცებლობის ერთგვარ კეთილსახოვან ფორმას ამკვიდრებენ _ აღნადგინებზე (პროცენტებზე _ მთარგმნ.) ფულს ავასხებენ.
ნუ მეტყვი, რომ ეს დაშვებულია სამოქალაქო კანონებით. სამოქალაქო კანონს მეზვერეც ასრულებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასჯელს მაინც ვერ აიცდენს. სასჯელს დაგვადებენ ჩვენც თუ ღარიბთა შევიწროვებას არ შევეშვებით და მათ გაჭირვებას ჩვენი სამარცხვინო შემოსავლებისთვის გამოვიყენებთ.
ფულის ღარიბების შესავიწროვებლად კი არ მოგეცა, არამედ იმისთვის, რომ შეუმსუბუქო მათ ეს მძიმე ხვედრი. მაგრამ შენ დიდსულოვნების ნიღაბს ამოფარებული, უფრო მეტად ავრცელებ სიღარიბეს და მოწყალებას ფულზე ჰყიდი. გაყიდვას არავინ გიკრძალავს, მაგრამ მხოლოდ ცათა სასუფევლის მოსაგებად უნდა ყიდდე. რამდენს დაუკარგავს აღნადგინებისთვის მთელი კაპიტალი და რამდენი დაქვემდებარებია საფრთხეს მათ გამო? რამდენმა დაიგლახაკა თავი გაუგონარი ვერცხლისმოყვარებისთვის და მოყვასნიც უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდო?
ნუ მეტყვი, თითქოს ძლიერ გახარებულია ვახშის ამღები და მადლობელიც კია, რომ ფული ასესხეს, მაგრამ ეს ხომ შენი გარდამეტებული ანგარების გამო ხდება _ გაჭირვება აიძულებს, შენს ულმობელ საქციელზე მადლობა შეგწიროს; შენ ხომ საჭიროდ არ მიიჩნევ, თანაუგრძნო გაჭირვებულს და ფული აღნადგინების გარეშე მისცე? ნუთუ ვერ ხედავ, ასეთი საქციელი როგორ სასჯელს იმსახურებს? ნუთუ არ იცი, რომ ეს აკრძალული იყო ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდანვე (რჯლ. 15)?
ზოგი იტყვის: "ავიღებ აღნადგინებს და ღარიბებს დავურიგებ". სათქმელად კარგად ჟღერს, ოღონდ იცოდე ღმერთს არ ნებავს ამგვარი ქველი საქმე. უმჯობესია საერთოდ არაფერი მისცე შეჭირვებულს, ვიდრე შემოსავლის წყაროდ გაიხადო მისი სიღარიბე, რამეთუ არამი შემოსავლით პატიოსნად მონაპოვარ სიმდიდრესაც დააკნინებ.
ისე იქცევი, თითქოსდა ადამიანს ღრიანკალთა და იქედნეთა შობას აიძულებ. გულისხმაყავ, მევახშე ვერასდროს დატკბება მონაპოვრით; ის ვახშის მომატებით კი არ ხარობს და შემოსავლის ზრდა კი არ ახარებს, პირიქით, დამწუხრებულია, აქაოდა, აღნადგინები კაპიტალს რომ ვერ გაუთანაბრა და მანამ, სანამ ამას არ მიაღწევს, აღნადგინებს გულმოდგინედ ინახავს და კაპიტალად აქცევს. აი ეს არის მევახშეობა! იგი იქედნეს მსგავსად ღრღნის და ჭამს ღარიბთა სულებს! აი, უსამართლო კავშირი! აი, ძალდატანებითი ხელშეკრულების სიმძიმე.
შენი საქციელით ამბობ: "ღარიბს ფულს იმიტომ კი არ ვაძლევ, რაიმე შეიძინოს, არამედ იმისთვის, რომ ვალი ერთი-ორად დამიბრუნდეს". ხოლო ღმერთი გაცემულის უკან დაბრუნებასაც კი არ ითხოვს! "ავასხებდითო, _ ბრძანებს _ და ნურარას უსასო ჰყოფთ" (ლუკა 6:35)! შენ კი ადამიანო, არა მხოლოდ იმას ითხოვ, რაც გაეცი, არამედ აღნადგინების მოცემასაც ავალდებულებ გლახაკს და ჰგონებ, რომ ამით საფასეთა შენთა განამრავლებ, მაგრამ უწყოდე, _ საფასის წილ დაუშრეტელ გეჰენას დაიმკვიდრებ.
ამდენად, იგივემ რომ არ გიწიოს, მოვიკვეთოთ უსამართლო აღნადგინები, უსჯულოების საკვრელთაგან განვთავისუფლდეთ და, ესრეთ თუ ვყოთ ღირს ვიქმნებით ჭეშმარიტი სარეწავის მოვაჭრეებად, რამეთუ მოციქული პავლე ბრძანებს: "ხოლო ნანდვილვე არს სარეწავ დიდ ღმრთის მსახურებაი უნაკლულობით" (1 ტიმ. 6:6).
მაშ, თუ გამდიდრებაა, მხოლოდ ეს ერთადერთი სიმდიდრე მოვიხვეჭოთ, რათა აქაც დავტკბეთ მშვიდობით და მომავალ ნეტარ ცხოვრებასაც მივეწიფნეთ".
(56-ე ჰომიილიდან მათეს სახარებაზე)