ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
არქიეპისკოპოსი პავლე

2011 წლის 4 სექტემბრის კრება და მარინა იაშვილის ცრუბრალდებათა მხილება

(2011 წლის 4 სექტემბრის კრების მასალები)

2. ტელევიზიისა და ინტერნეტის შესახებ

ყველასთვის კარგად არის ცნობილი თუ როგორ უარყოფითად აფასებს მართლმადიდებლობა გასართობ, სახუმარო და სპორტულ სანახაობებს. ქრისტეანებს ეკრძალებათ გასართობ სანახაობებში მონაწილეობა და მათი ყურებაც კი. წმიდა მართლმადიდებელი მამები სამსახიობო ხელოვნებას სამარცხვინოდ, გართობას კი ქრისტეანის სულისთვის საზიანო ქმედებად მიიჩნევდნენ. ამ პოზიციას ადგას ძველმართლმადიდებლური ეკლესია დღემდე, მიუხედავად ამისა, თავისი წერილის 2-ე თავში ("ტელევიზია") მ. იაშვილი იმოწმებს საეკლესიო კრებათა დადგენილებებს (VI:50, 51), რომლებიც მიღებულია გართობათა წინააღმდეგ და ამ კანონთა დარღვევაში გვადანაშაულებს. ამ ბრალდების მიზეზად კი ქრისტეანთა ოჯახებში ტელევიზორების არსებობას ასახელებს. მ. იაშვილის აზრით: "თუ ერისკაცი უყურებს რაიმე სანახაობას, მაგალითად, ტელევიზორს, ცირკს, და ა. შ. დროებით უნდა განიკვეთოს ეკლესიიდან, სასულიერო პირი კი უნდა დაემხოს თავისი პატივისგან".

წინდაწინ უნდა აღვნიშნოთ, რომ გართობასთან დაკავშირებით (იქნება ეს ტელევიზია, თეატრი, საცეკვაო თუ სპორტული სანახაობა) ჩვენი ეკლესიის იერარქებს და წევრებს თავიანთი აზრი არაერთხელ გამოუთქვამთ. მაგალითად, ჩვენს საიტზე სპეციალურად განთავსდა სტატია "მხეცის ხატი", რომელიც ეხება ტელევიზიას და გართობის ამ საშუალებით გავრცელებას. ჩვენ ინტერნეტ ფორუმებზეც არაერთხელ შევეხეთ ამ საკითხს და ჩვენი ეკლესიის სჯულიერი და მკაცრი დამოკიდებულება დავაფიქსირეთ, თანაც აღვნიშნეთ, რომ მსახიობობა მიგვაჩნია ცოდვად. მაშ, რა აღელვებს ქ-ნ მარინას? მისი ბრალდება წინა ბრალდების მსგავსია: ფაქტობრივად მას სულაც არ აინტერესებს გართობასთან ჩვენი დამოკიდებულება და უსაფუძვლო ბრალდებებით გვიტევს. 

სამწუხაროდ, ტელევიზიის სახით გართობა დღეს თითქმის ყველა ოჯახში შემოიჭრა. თანამედროვე ცხოვრებას ისეთი აპოსტასიური დაღი აზის, რომ არ გვეგულება ერისკაცი, რომელიც ან ტელევიზიას არ უყურებდეს, ან რომელიმე სპორტულ სანახაობას, ან კიდევ თეატრში არ დადიოდეს სპექტაკლებზე.

როგორ მოვიქცეთ? ისე თუ მოვიქცევით, როგორც მ. იაშვილი ითხოვს (სწორედაც რომ მ. იაშვილი და არა VI მსოფლიო საეკლესიო კრება, რასაც ქვემოთ ვაჩვენებთ), მაშინ ჩვენ ეკლესიიდან უნდა გავყაროთ მთელი მრევლი, რომელთა უმეტესობა ქალაქში ცხოვრობს. სოფლებში მცხოვრებთ შესაძლოა არც აინტერესებდეთ ტელევიზიის ყურება ან გართობა, სოფლებში ამისი შესაძლებლობაც ნაკლებია, მაგრამ ქალაქის პირობებში, სადაც ადამიანები ბეტონის "გამოქვაბულებში" ჩაკეტილან და სამყაროსთან კავშირს მხოლოდ თანამედროვე კომუნიკაციური საშუალებებით (ტელევიზია, ინტერნეტი, ტელეფონი, მობილური) ახორციელებენ, ამგვარი მიდგომა წარმოუდგენელია. 

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ტელევიზიას და ვაქეზებთ ჩვენს მრევლს გართობისკენ? ცხადია, არა! ეს ქ-ნ იაშვილს სურს ასე იყოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ბრალდების და ეკლესიის მრევლისგან დაცლის უბადლო შესაძლებლობა არ მიეცემა. აი, რას ესწრაფვის მარინა იაშვილი.

ახლა კი ვნახოთ, რას ბრძანებს VI მსოფლიო კრება თავის 50-ე კანონში

სლავურად: "Ни мирским человеком играти не подобно, ни шпильманом быти, ни позорищ глядати, ни лова деяти, отлучаютбося: причетницы же се творящии измещутся".

რუსულად: "Никто из мирян и клириков впредь да не предается предосудительной игре. Если же кто усмотрен будет творящим сие: то клирик да будет извержен, а мирянин да будет отлучен от общения церковнаго".

ქართულად: "ერისკაცთა და სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა ამიერიდან შვება-თამაშს და ლოთობას. ხოლო ვინც ჩაიდენს ამას, თუ სასულიერო პირი იქნება, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი - უზიარებელ იყოს.

ძვ. ქართ.: "ნუმცა ვინ ნუცა ერთი ყოველთაგანი, გინა ერისკაცი, ანუ მოყუასი შეექცევის ამიერითგან შუებათა და მთვრალობათა. ხოლო უკუეთუ ვისმე ემხილოს ამისი ქმნაი, უკუეთუ მოყუასი იყოს, განიკუეთოს, ხოლო უკუეთუ ერისკაცი - უზიარებელ იქმნას.

ხოლო VI მსოფლიო კრების 51-ე კანონში ვკითხულობთ: "წმინდა და მსოფლიო კრება გმობს სახუმარო სანახაობას, სანადირო სანახავს და მგოსანთა როკვას. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს, თუ სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი - უზიარებელ იყოს".

სლავურად: "Ни мирским человеком играти не подобно, ни шпильманом быти, ни позорищ глядати, ни лова деяти, отлучаютбося: причетницы же се творящии измещутся.

როგორც ჩანს, სლავური "კორმჩაიას" სიტყვები "да будет отлучен от общения церковнаго" მ. იაშვილს ეკლესიიდან დროებითი მოკვეთა ჰგონია, არადა აქ ლაპარაკია უზიარებლობაზე, რასაც არსენ იყალთოელის ძველქართული თარგმანი ათვალსაჩინოებს ("უზიარებელ იყოს").

არსებობს განკვეთის ორი სახე: ანათემა და ეკლესიის თანაზიარობიდან მოკვეთა. ანათემა ეკლესიიდან სრულ მოკვეთას ნიშნავს, ხოლო ეკლესიის თანაზიარობიდან მოკვეთა ქრისტეს უპატიოსნეს ხორცთან და სისხლთან (ასევე საერთო-საეკლესიო ლოცვებთან) უზიარებლობას გულისხმობს. ამრიგად, სიტყვები "да будет отлучен от общения церковнаго" გულისხმობს ადამიანზე უზიარებლობის ეპითიმიის დადებას, ხოლო როგორ ეპითიმიას დაადებს გართობის მოყვარულ მორწმუნეს მოძღვარი, ეს თვით მორწმუნის ცოდვის ხარისხიდან და მოძღვრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უნდა გაირკვეს.

გარდა ამისა, ქ-ნ მარინა არასწორად და დამახინჯებით გადმოსცემს თვით კანონის შინაარსს. VI მსოფლიო კრების 50-ე კანონი იმეორებს წმ. მოციქულთა 42 და 43-ე კანონების მოთხოვნას და ერისკაცებსა და მითუმეტეს, სასულიერო პირებს, აზარტულ თამაშობებს უკრძალავს. ანუ ისინი არ უნდა მიეცნენ შვება-თამაშს, ე. ი. თვითონ არ უნდა ითამაშონთვითონ არ უნდა მიიღონ ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა. ეს ცხადყოფილია კანონიდანაც და მისი განმარტებებიდანაც. 

კანონში გამოყენებულია სიტყვა: "да не предается" (სლავურში), ქართულში: "ნურავინ მიეცემა". რაც ცხადად მიანიშნებს იმაზედ, რომ აქ ლაპარაკია არა ყურებაზე, არამედ მონაწილეობაზე. ამას ცხადყოფს მ. იაშვილის მიერ დამოწმებული სლავური "კორმჩაიას" განმარტებაც, სადაც სიტყვა სიტყვით წერია:

"Толкование обою правилу: И мирстии человеци христиане суще, чисто житие имети истязаеми суть: того ради правило се, аще кто от них играет, или плясания творит, или шпильманит, рекше, глумы деет, и на видение человек собирает (ასეა აქ გაგებული სიტყვა "глядати"), или ловитвам прилежит, таковыя отлучает. Причетницы же аще что от реченных сих сотворят, да извергнутся".

ამრიგად, VI მსოფლიო კრების ხსენებული დადგენილებები სრულიად სარმართლიანად კრძალავენ გართობებსა და სანახაობებში ქრისტეანთა მონაწილეობას. ამ კანონებში არაფერია ნათქვამი ამგვარი სანახაობების ყურებაზე, რაზეც მ. იაშვილი ამახვილებს ყურადღებას. ამის შესახებ ლაპარაკია VI მსოფლიო კრების 24-ე კანონში (რომელიც ცხადია ამ კანონებზეც ვრცელდება).

"სამღვდელო პირს ან მონაზონს არა აქვს იპოდრომზე ან სახუმარო სანახაობაზე მისვლის უფლება. თუ სასულიერო პირი მიპატიჟებული იქნება ქორწილზე, იგი უნდა გაეცალოს იქაურობას, როგორც კი დაიწყება სალაღობო სანახაობა, ანუ თამაშობანი, ვინაიდან ასე ბრძანებს მამათა მოძღვრება".

რუს.: "Никому из числящихся в священном чине, ни монаху, не позволяется ходить на конские ристалища, или присутствовать на позорищных играх. И Если кто из клира зван будет на брак, то при появлении игр, служащих к обольщению, да встанет и тотчас да удалится: ибо так повелевает нам учение отцев наших. Если же кто обличен будет в сем: или да престанет, или да будет извержен".

ამრიგად, აქაც ლაპარაკია იმაზე, რომ სასულიერო პირი არ უნდა დადიოდეს სახუმარო, თეატრალურ და სპორტულ სანახაობებზე., რადგან ქრისტეანული ცხოვრების მაღალზნეობრივ პრინციპებს არ შეეფერება. 

ყურადღებას იპყრობს ამ კანონის პატრიარქ ბალსამონისეული განმარტება. ბალსამონი წერს:

"მისდევს რა ლაოდიკიის კრების 54-ე კანონს წინამდებარე კანონიც უკრძალავს სამღვდლო პირებს, ან ბერებს დოღზე, სახუმარო და თეატრალურ სანახაობებზე მისლვას და ამატებს, რომ კლერიკოსები, რომლებიც ქორწილში იქნებიან მიპატიჟებულნი (ბერებზე აქ მამებმა საერთოდ დაიდუმეს, იმდენად შეუფერებელია მათთვის სანახაობებსა და ქორწილებში მისვლა), უნდა გაეცალონ იქაურობას, როგორც კი დაიწყება სალაღობო სანახაობა. თუმცა ლაოდიკიის კრება არ სჯის კანონის დამრღვევთ; ხოლო წინამდებარე კანონი არწმუნებს მათ, ვინც ასეთ რამეს სჩადის, თავი დაანებონ მსგავს უწესობას; ხოლო თუ არ დაანებებენ, დაემხონ პატივისგან. 

მიუხედავად ამ ორი კანონის მოთხოვნისა და ეკლესიის აკრძალვისა ბერები და სხვა სასულიერო პირები არ დაეწრონ საცხენოსნო სანახაობას, ზოგიერთები ამბობდნენ, რომ სანახაობებზე მისვლის აკრძალვა, ისევე საქებია, როგორც ქალწულება და სხვა საქმენი, რომლებიც განწმენდენ ადამიანს. მაგრამ, თუკი არ ისჯება ის, ვინც ქორწინდება, რადგან არ ძალუძს ქალწულების შენარჩუნება, შემწყნარებლურად უნდა მივუდგეთ მათაც, ვისაც არა აქვს ძალი თავი შეიკავოს სიამოვნებებისგან და დოღზე (ზოგადად, სპორტულ სანახაობაზე - არქიეპ. პ.) არ წავიდეს. მით უფრო, თუ ამის უფლებას თავს მისცემს მხოლოდ ერთხელ და ბოროტად არ გამოიყენებს ამ შეღავათს. რადგან ამბობენ, რომ ეს კანონი კრძალავს იმ დოღს, რომელიც ძველად ეწყობოდა, და არა იმას, რაც დღეს იმართება იმპერატორის ნებართვითა და თანდასწრებით. ძველად, თვით ხალხი დოღსაც და გასართობ სანახაობებსაც როგორც უნდოდათ ისე აწყობდნენ, ამიტომაც აქ მრავალი უმსგავსოება და აღმაშფოთებელი უწესოება აღესრულებოდა. 

მეფის თვალწინ იყო შეტაკებებიცა და ბილწსიტყვაობაც მოპაექრე მხარეებს შორის, როგორც ამას ისტორიული მატიანე მოწმობს და როგორც იყო ეს, მაგალითად, იმპერატორ იუსტინიანეს, ანასტასის, ტირან ფოკასა და სხვა იმპერატორთა დროს. თანაც მხარეებს არც ნიძლავის დადება ეკრძალებოდათ და არც კამათელის გაგორება, რითაც მოუწოდებდნენ იღბალს, რაც საეკლესიო კანონებით საერთოდ აკრძალულია.

იმ დროს მხეცების შებრძოლებაცა და სხვა უწესობაც დაიშვებოდა. ამიტომაც, წინამდებარე კრების 51-ე კანონი უკრძალავს სამღვდლო პირებსა და ბერებს დოღზე, სახუმარო თუ თეატრალურ სანახაობებზე მისლვას და ვინც ამ განწესებას დაარღვევს სასულიერო პირს ამხობს თავისი პატივიდან, ერისკაცს კი განაშორებს წმიდა ზიარებას.

და ბოლოს კართაგენის კრების 15(18)-ე კანონი სიტყვასიტყვით ბრძანებს: "მღვდელთა შვილები საერო სანახაობაში ნურც მონაწილეობას მიიღებენ, ნურც სანახავად წავლენ. ეს ყველა ქრისტეანს ექადაგება ყოველთვის, რომ სადაც გმობა იყოს, იქ არ უნდა მივიდნენ".  მაგრამ დღეს დოღს მეფის ნებართვითა და თანდასწრებითა აწყობენ და არაფერი უწესო და შესაზარი იქ არ ხდება. ამიტომაც ამბობდნენ: საქებარია, თუკი ვინმე თავს იკავებს დოღისა ან სხვა რაიმე სანახაობის ყურებისგან, არ დაატკბობს გულს და სიამოვნებას არ მიანიჭებს მზერას; მაგრამ თუკი ამგვარ სანახაობაზე წავა კლერიკოსი ის არ უნდა დაისაჯოს. რადგან თუკი ყოველგვარი სანახაობა და დოღი, რომელიც ახლა აღსრულდება ისევე უნდა აიკრძალოს, როგორც ძველად, მაშინ უნდა აიკრძალოს ძაღლებით ნადირობაც; ვიღაცა იძულებული იქნება თქვას, რომ არასოდეს არაფერი მსგავსი არ უნდა გააკეთოს არც მეფემ და არც სხვა ვინმემ; რომ უნდა შეწყდეს ძაღლებით კურდღლებზე ნადირობა, რათა ერისკაცნი, რომლებიც დოღსა და სანახაობას ესწრებიან და თავს იქცევენ ნადირობითაც, უზიარებელნი არ დარჩნენ. 

აქედან გამომდინარე, დოღი და ნადირობა უნდა განცალკევდეს ერთურთისგან, როგორც დროსტარების ორი ნაირსახეობა, ესენია: 1) სრულიად აკრძალული, - რომელზე სიარული არა მარტო კლერიკოსებს, არამედ ერიკსაცებსაც ეკრძალებათ და უზიარებლობით ისჯებიან; და 2) ნებადართული სანახაობები, რომლებიც დღესაც აღესრულებიან და რომელზე დასწრების უფლება გააჩნიათ არა მარტო ერისკაცებს, არამედ კლერიკოსებსაც.

ასევე ამბობენ, რომ კანონებმა აკრძალესო არა ყოველგვარი თამაშობა, არამედ ისინი, რომლებიც სამარცხვინოა და საშიშია. ეს ჩანს კართაგენის კრების 61 (72-ე) კანონიდან, სადაც სიტყვა-სიტყვით ნათქვამია: "არ უნდა მოეწყოს სანახაობა და თეატრონი კვირა დღეებში და წმინდათა სხვა დღესასწაულებზე. საჭიროა ვთხოვოთ საერო ხელისუფალთ, რომ სანახაობები, სათეატრო მასკარადები კვირა დღეებში და ქრისტეანული სარმუნოების სხვა ბრწყინვალე დღეებში ნუ აღესრულება, რადგან ვხედავთ, რომ აღდგომის წინა რვა დღეს ცხენთა შეჯიბრებებზე უფრო მეტი ხალხი იკრიბება, ვიდრე ეკლესიაში. ამისთვის სანახაობებს უნდა ჰქონდეთ დაწესებული სხვა დღეები, თანაც ქრისტეანი არ უნდა იყოს იძულებული, მივიდეს სანახაობაზე დასასწრებად".

მაშ, თუ კანონებით ყოველგვარი სანახაობა იკრძალება, მამები არა მარტო კვირა დღეებსა და ქრისტანული სარწმუნოების სხვა ბრწყინვალე დღეებში, არამედ საერთოდ მოითხოვდნენ მათ აკრძალვას. აღნიშნავდნენ იმასაც, რომ სადღეისოდ წიგნისმკითხველები იმიტომაც მონაწილეობენ სანახაობებზე, რომ ისინი ეკლესიის ნებართვით ეწყობა და ადრინდელი უწესივრობები შეწყდა. 

თავიანთი სიტყვების გასამართლებლად იმოწმებდნენ ბასილიკონის 60-ე წიგნის 8-ე ტიტლოსის 5-ე თავს, სადაც წერია: "დადგენილება კრძალავს ყოველგვარ თამაშობას ხუთი სახეობის გარდა და განსაზღვრავს სასჯელს კამათელით თამაშისთვის; თანაც ქალაქის თავსა და ოლქის მეთაურს, ასევე ეპისკოპოსებს ევალებათ გამოააშკარავონ ამგვარნი და უარყონ ყოველგვარი შეთანხმება, რომელთაც მხარეები დებენ თამაშისას; მაგრამ სარჩელის უფლებას მხოლოდ ნებადართულ თამაშებში იძლევა და მონაწილეებს უფლებას აძლევს მოითხოვონ ვალის გადახდა თამაშების სხვა მონაწილეთაგან. ხოლო ამ დადგენილების დამრღვევთ გადასახადად უწესებს ათ ლიტრას".

კიდევ ამბობდნენ, რომ ამ დადგენილების მიხედვით, არსებობს ხუთი ნებადართული თამაშობა: ჭიდაობა, კრივი, სირბილი, დოღი და დისკოს სროლა... ასე მსჯელობდა ზოგიერთი ცხენოსნურ შეჯიბრებათა შესახებაც; ხოლო რაც შეეხება სახუმარო და თეატრალურ სანახაობას, მათ შორის არ აკეთებდნენ არავითარ განსხვავებას და წინამდებარე კანონის მოთხოვნებს უქვემდებარებდნენ. 

მაგრამ, უმრავლესობას, განსაკუთრებით კი ღვთისმოსავ ადამიანებს, რომელთაც მეც ვეთანხმები, ეს ყოველივე არ მოსწონდათ და ამბობდნენ, რომ კანონი სულის სასარგებლო აზრით უნდა განიმარტოს და არა იმ კუთხით, რასაც გარყვნილებისა და უგულისხმოებისკენ მივყავართ" (Правила всел. соб. (полных переводов) с толкованиями).

ჩვენც პატრიარქ ბალსამონის აზრს ვიზიარებთ, თუმცა მისი მსჯელობა კანონი როდია. ბალსამონის განმარტებიდან ჩანს, რომ მის დროს სპორტულ და სახუმარო სანახაობათა შესახებ სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ. ბალსამონი უფრო ზნეობრივი და თავშეკავებული პოზიციისკენ იხრება, მაგრამ მეორე მხარის კატეგორიული განსჯა არ შეიმჩნევა. 

ამრიგად, ჩვენ გვაინტერესებს საკითხი: თუკი VI მსოფლიო კრების მითითებულ კანონებში ჩამოთვლილ სანახაობებთან დაკავშირებით ერთი აზრი არ არსებობდა, შეგვიძლია თუ არა ეს კანონი განვავრცოთ ტელევიზიასა და ინტერნეტზე? და ადამიანი, რომელსაც სახლში ტელევიზორი ან კომპიუტერი უდგას, ექვემდებარება თუ არა ზემოთხსენებულ განწესებათა განჩინებებს? 

ეს ადვილად გადასაწყვეტი როდია, რადგან რას უყურებს ტელევიზორის მფლობელი ადამიანი და რას არა, ერთმა მისმა მოძღვარმა და ღმერთმა უწყიან. 

ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ზოგიერთი ადამიანი ამა თუ იმ პროგრამას შემეცნებითი თვალსაზრისით უყურებს. ამაზე, მ. იაშვილი ამბობს, რომ "ეშმაკმა ყველას თავისი საცთური დაურიგა", მაგრამ საცთური განა მარტო ტელევიზორის ყურებაშია? არის თუ არა საცთური გასართობი წიგნების კითხვაში? სინანულის საიდუმლოში მოძღვარი სინანულად მოსულს ეკითხება, ხომ არ წაუკითხავს მას მწვალებელთა წიგნები? რატომ არსებობს ეს შეკითხვა და რას გულისხმობს იგი? ცხადია, იმას, რომ ქრისტეანი არ უნდა იყოს გატაცებული მწვალებელთა სწავლებებით, რათა არ შეერყვნას უბიწო სარწმუნოება და არ გადაიხაროს ჯეროვანისგან. მაგრამ, თუ მწვალებელთა წიგნებს ვკითხულობთ იმისთვის, რათა უარვყოთ მწვალებელთა შეხედულებები, ნუთუ ამ შემთხვევაშიც ცოდვაა მწვალებელთა წიგნების კითხვა? ცხადია, არა და ამას წმიდა მამათა ცხოვრება გვიმტკიცებს.  

ვის შეუძლია ამტკიცოს, რომ წმიდა მამებს, მაგალითად, ბასილი დიდს, იოანე ოქროპირს, ათანასე ალექსანდრიელს, კირილე ალექსანდრიელს და მრავალ სხვას, წაკითხული არ ჰქონდათ მწვალებელი არიოზის, ნესტორის ან სხვა უსჯულოთა ნაწერები? მწვალებელთა თხზულებებს რომ არ გასცნობოდნენ, როგორ შეძლებდნენ ისინი მრავალგვარ მწვალებლობათა დეტალურ გარჩევასა და უარყოფას?
 
წმიდა მამები მრავალგან ამბობენ, რომ ადამიანის საქციელი უნდა შეფასდეს განზრახვის და არა გარეგანი მოქმედების მიხედვით. წმ. იოანე ოქროპირს, მაგალითად, მოჰყავს სოდომიდან და გომორადან გამოსული ლოთისა და მისი ქალიშვილების ამბავი. რა შეიძლება იყოს ლოთის ქალიშვილების საქციელზე უარესი, რომლებმაც დაათვრეს მამა და რიგრიგობით იცხოვრეს მასთან? მაგრამ, წმ. მამები განმარტავენ, რომ ღმერთმა არ მიხედა მათ ცოდვას და არ დასაჯა ისინი, რადგან გაითვალისწინა მათი განზრახვა. ლოთის ქალიშვილებს რაკიღა ეგონათ, რომ სოდომზე გადმოსული ღმრთის რისხვით მთელი ქვეყანა დაიქცა და კაცობრიობის მოდგმის გამგრძელებელი აღარავინ დარჩა, რიგრიგობით იცხოვრეს მამასთან.  

ამრიგად, ღმერთი ადამიანს არა გარეგანი საქციელის, არამედ განზრახვის მიხედვით განსჯის. მაშ, რატომ იტყვის ვინმე, რომ თუ კაცს ტელევიზორი უდგას სახლში ან კომპიუტერი, ის აუცილებლად სცოდავს? ხომ არ ვვარდებით აქ განკითხვის ცოდვაში? იქნებ არ სცოდავს? იქნებ ის, ვისაც სახლში ტელევიზორი აქვს მართლაცდა ინფორმაციის წყაროდ იყენებს მას და შემეცნებით გადაცემებს უყურებს? და თუ მ. იაშვილს ეს არ მოსწონს ან ამისი არ სჯერა, მისი პირადი შეხედულება ეკლესიისთვის კანონი ვერ იქნება. 

რაც შეეხება VI მსოფლიო კრების ზემოთდამოწმებულ კანონებს (50 და 51), ასეთ შემთხვევებზე ვერ განზოგადდება. ეს კანონები სრულიად ცხადად გადმოსცემენ იმ შემთხვევებს, რომელთა გამოც არიან ისინი მიღებულნი და რომ გამოვიყენოთ, იქ აღწერილი ვითარების სრული შესატყვისობა უნდა გვქონდეს ადამიანს გართობისმოყვარულობა რომ დავუმტკიცოთ.

ამდენად, ჩვენის აზრით, თუ ვინმეს სახლში აქვს ტელევიზორი, ან კომპიუტერი და ჩართულია ინტერნეტში, ის გამოკითხულ უნდა იქნას მოძღვრის მიერ და თუ ეს ნივთები შემეცნების თვალსაზრისით გამოიყენება არ დაადოს სასჯელი, ხოლო თუ გართობის მიზნით, მაშინ აკრიბიის (მკაცრი მიდგომის) ან იკონომიის (შეღავათიანი მიდგომის) პრინციპებით იხელმძღვანელოს. 

ვითარების გაუთვალისწინებლად, კანონის მექანიკური და პირდაპირი გამოყენება დაუშვებელია! ეს არის მოძღვრის ფუნქცია, მისი უდიდესი პასუხისმგებლობის საქმე და მასში ერისკაცებს ჩარევის არანაირი უფლება არა აქვთ.
 
უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია მოწოდებულია არა მარტო მოაქციოს, არამედ შეინარჩუნოს მოქცეული ქრისტეანები. მოციქულები წარმართულ ჩვეულებებსაც კი უტოვებდნენ ახლადმოქცეულთ, ამჯერად კი, როდესაც მსოფლიო აპოსტასიურ ეპოქაში ცხოვრობს, როდესაც ვამბობთ, რომ ძველმართლმადიდებლობის გარდა ჭეშმარიტი ეკლესია აღარსად არის, ასეთი სიმკაცრე ეკლესიისკენ მომსვლელთაც დააბრკოლებს და არანაკლებ ზიანს მასში მყოფ უძლურ ქრისტეანებსაც მიაყენებს. 

გარდა ამისა, მეექვსე მსოფლიო კრების კანონები ათვალსაჩინოებენ იმ რეალობას, რასაც სანახაობებზე კლერიკოსთა მისვლა იწვევს და რაც დაბრკოლების მიზეზი შეიძლება შეექმნას ადამიანს; რამაც შესაძლოა დასაცინი და აბუჩად ასაგდები გახადოს ქრისტეანობა. მაშინ როდესაც, ვერავინ იტყვის თუ ვინ, რატომ და რა მიზნით იყენებს ან ტელეგადაცემებს ან ინტერნეტს და თუ იტყვის, ამისი უტყუარი და დამაჯერებელი ფაქტები უნდა გააჩნდეს. მარინა იაშვილი კი ითხოვს ბინა არ იკურთხოს, თუკი იქ ტელევიზორი დგას. მეტიც, მას ტელევიზორის სახლში ქონა მწვალებლობად (ერესად) მიაჩნია. რას ეფუძნება ამგვარი მოთხოვნა? ცხადია, არა წმიდა მამების სწავლებას, რადგან მათ დროს ტელევიზია და ინტერნეტი არ არსებობდა; თუ იმას, რომ ადრე ასეთი მიდგომა ჰქონდა ზოგიერთ ძველმორწმუნე სასულიერო პირს, უნდა ვთქვათ, რომ ყველას თავისი კერძო მიდგომა აქვს, რომელიც არ შეიძლება მიღებულ იქნას საყოველთაო სჯულმდებლობად.

მოსკოვთან ახლოს ცხოვრობდა მღვდელი ტრიფილე, რომელიც ქრისტეანს ზიარებას არ აძლევდა თუ მის სახლში ელექტროგაყვანილობა არსებობდა, რადგან ელექტრობას ის ეშმაკის გამოგონებად მიიჩნევდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, სანამდე შეიძლება მივიდეს საქმე, თუკი ასე არაგონივრულად მივუდგებით თანამედროვე ტექნოლოგიებს და მათ პირველსაუკუნეების თუ შუასაუკუნეების მიდგომით განვიხილავთ, როდესაც ელექტროენერგიის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. 

ასე შეგვიძლია უარვყოთ ავტომობილი (ამოვიღოთ მისგან რადიო, CD ან DVD საკრავი), ან თვით ავტომობილი ავკრძალოთ, რადგან მასაც მრავალი ადამიანი არაჯეროვნად იყენებს, უარვყოთ მობილური ტელეფონები მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა მათგანში არის განთავსებული ჯავა-თამაშები. მესამე თაობის მობილურებიდან ინტერნეტშიც შედიან და ტელეგადაცემებსაც კი უყურებენ. ავკრძალოთ წიგნების კითხვა, რადგან მათშიც მრავალი გარყვნილებაა... მოკლედ, თუკი ერთხელ გზას გავუხსნით არაგონივრულ მიდგომას თანამედროვე ცხოვრებისადმი და ეკლესიის დამოკიდებულებაში ამ პროცესებთან გამოვრიცხავთ იკონომიას და დავუშვებთ მხოლოდ აკრიბიას, ეკლესიის დანგრევა და დაშლა გარდაუვალი შეიქნება.

მ. იაშვილი ითხოვს კანონები პირობათა გაუთვალისწინებლად, უხეშად და მკაცრად გამოვიყენოთ, მაგრამ ავიწყდება, რომ თვითონაც ადამიანია და მრავალ რამეში საკმაოდ სცოდავს. ასე, რომ მას შეგვიძლია ვუთხრათ: "რას ეძებ ბეწვს სხვის თვალში, უკეთურო, ჯერ საკუთარი თვალიდან დვირე ამოიღე". 

მეტიც, მ. იაშვილი ეპისკოპოს ბასილის (რომელსაც, სხვათა შორის, თავის კელიაში არც ტელევიზორი უდგას და არც რადიო), მოუწოდებს  როგორც ცოდვილს, როგორც უმძიმეს შეცოდებაში მხილებულს და ურჩევს "გულწრფელად შეინანოს" და "გადააფასოს მთელი თავისი წარსული ცხოვრება". ეს არის კადნიერების და ამპარტავნების გაუგონარი გამოხდომა! მ. იაშვილი პირდაპირ არ ამხელს თუ ვის გულისხმობს, როდესაც წერს, რომ "მღვდლები და ეპისკოპოსები ცხოვრობენ იქ, სადაც ტელევიზორია", მაგრამ აშკარად აქეზებს ეპისკოპოს ბასილის ამ მღვდლების და ეპისკოპოსების წინააღმდეგ. 

როგორია ჩვენი დამოკიდებულება მსახიობობასთან და სამსახიობო ხერხებით რელიგიური ან დადებითი იდეების გადმოცემასთან? 

ამის შესახებ საკმაოდ ვრცლად იმსჯელეს ჩვენმა ქრისტეანებმა ოფიციალური ეკლესიის ერთ-ერთ ფორუმზე. მოგვყავს ნაწყვეტები ამ მსჯელობიდან, რის შემდეგადაც ვფიქრობთ ყველასთვის ცხადი გახდება ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან (უფრო სრულად იხ. "არის თუ არა მსახიობობა ცოდვა").

"ღმრთისკენ ადამიანს უნდა მიაქცევდეს ჭეშმარიტი ქადაგება, ეკლესიური ცხოვრება, და არა სამსახიობო ხელოვნება, რომელიც დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს გათამაშებს და ხვალ ვიღაც მეძავ დედაკაცს... ეს არის უდიდესი მკრეხელობა. თანაც, არსად, წმიდა მამებს, არ დაუკონკრეტებიათ სამსახიობო ხელოვნება როდის შეიძლება იყოს მისაღები და როდის არა. თვით ფორმა ჭეშმარიტების გადმოცემისა არის მიუღებელი; ამგვარი ფორმით მქადაგებლის ცხოვრება და საქმიანობა არის შეუთავსებელი ქრისტეანულ მორალთან; მახსოვს, ერთი მსახიობის განცხადება: "დილით მამათმავალს ვთამაშობ და საღამოს მეფესო..." აი, ეს არის მსახიობობა; სხვისი და არა საკუთარი ცხოვრების გათამაშება... 

წმინდანები საკუთარი ცხოვრებით გვაძლევდნენ მაგალითს და ადამიანის სულის ცხოვნების საქმეში არასოდეს ჩაუყენებიათ რაიმე დამხმარე (თანაც საეჭვო ღირსების მქონე) საშუალება. ჭეშმარიტ ქრისტეანობას ეს არ სჭირდება... ოფიციალური ეკლესიის წევრი, აწ გარდაცვლილი გ. გაბაშვილი ("ივერიის გაბრწყინების" რედაქტორი), სრულიად სამართლიანად წერდა: 

"სარწმუნოებრივ სფეროში ისეთი მკვეთრად ამსოფლიური ინსტრუმენტით, როგორიცაა სცენური ხელოვნება – სახიობა, არის ზემსოფლიურის გამიწიერება, პროფანაცია. წმ. წერილის ინსცენირება უდავოდ მკრეხელობაა, და, აი, რატომ: ჯერ ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანული სულისკვეთებისათვის ყოველთვის უცხო იყო სცენური ხელოვნება – ქრისტიანობის აპოლოგეტი და ეკლესიის მასწავლებელი ტერტულიანე (IIIს.) გვმოძღვრავს: "თუკი ჩვენ უგულვებელვყოფთ საერო ლიტერატურას, რამეთუ ის ითვლება ღმერთის წინაშე სისულელელდ, ამით საკმარისადაა თქმული სანახაობათა იმ სახეობების შესახებ, რაც საერო ლიტერატურაში იყოფა კომიკურ და ტრაგიკულ წარმოდგენებად" (И. Зейпель. "Хозяйственно-Этические взгляды Отцов Церкви"; стр. 168).

წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი (IIIს.) ასე მოძღვრავს თავის თანამედროვე ქრისტიანს: "თანახმად ორმხრივი სიყვარულისა და შენი თავმდაბლობისა, საჭიროდ ჩაგითვლია ჩემთვის რჩევა გეკითხა, ძვირფასო ძმაო, თუ რას ვფიქრობ მე ერთი მსახიობის თაობაზე, რომელიც იმყოფება რა თქვენს (ე. ი. მართლმორწმუნეთა – გ.გ.) შორის, არ წყვეტს თავის სამარცხვინო ხელოვნებას... შენ მეკითხები: დასაშვებია თუ არა, რომ ასეთი ადამიანი თანაეზიაროს მორწმუნეებს? – მე ვთვლი, რომ ეს შეუსაბამოა სახარებისეულ სწავლებასთან: ეკლესიის სიწმინდისა და ღირსების შელანძღვა ეგზომ სამარცხვინო და საზიზღარი შეხებით დაუშვებელია" (И. Зейпель. "Хозяйственно-Этические взгляды Отцов Церкви"; стр. 168).

მხატვრული კინო და თეატრი ქადაგების, კონკრეტული იდეების გავრცელების ერთგვარი ფორმაა, რომელსაც გამომდინარე მსახიობის კარგი თამაშიდან, კარგი რეჟისურიდან, ოპერატორის დინამიური თუ რომანტიკული ხედვიდან და შესაფერისი მუსიკიდან, მრავალი ადამიანის სულის დაპყრობა შეუძლია. ასეთ ნაწარმოებებს ძალუძთ უდიდესი ემოციური დატვირთვა მიაღებინონ მაყურებელს. მაგრამ, სამსახიობო ქადაგების (მოდი ასე ვუწოდოთ კინოს და თეატრს) შინაარსი, რომელიც მეტად მოქმედებს ადამიანის ემოციებზე (ანუ მის მშვინვიერ სფეროზე) ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ არის (ანუ რომელი აღმსარებლობისაა) მათი ავტორი. 

გახსოვთ ალბათ ბაპტისტების მიერ გადაღებული ფილმი "იესო", რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საპატრიარქოს ეგიდით ვრცელდებოდა. ან სხვა ფილმები, რომლებიც მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ამა თუ იმ მომენტს შეხებიან (თუნდაც, თქვენს მიერ ნახსენები მელ გიბსონის "ქრისტეს ვნებები", რომელიც სანახაობრივად საკმაოდ ძლიერ შთაბეჭდილებებს ტოვებს). ამგვარ ფილმებში, სამსახიობო ხელოვნებას რომ არ შევეხოთ, ყოველთვის შეიძლება მწვალებლური მომენტების გამოყოფა, რომელიც უკვე მავნეა მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის და ჭეშმარიტების საზიანოა (გავიხსენოთ, თუნდაც, ფილმები "დოგმა", "და ვინჩის კოდი", "ლეგიონი" და სხვა მრავალი). სამსახიობო და კინოხელოვნება შეგვიძლია შევაფასოთ ოთხი  მხრიდან, ესენია: 1) პერსპექტივა, 2) ასკეტიკა, 3) ზნეობა და 4) ილუზია (ანუ ხიბლი).

1) პერსპექტივა. ფაქტია - ფილმებიც ქადაგებენ და ამ მხარესთან ჩვენ ცოდვა-არცოდვის თვალსაზრისით მხოლოდ ნაქადაგევის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ და გამომდინარე აქედან მოვიწონოთ ან არ მოვიწონოთ ფილმის შინაარსი. ამ მხრივ შეიძლება ერთგვარი პარალელი გავავლოთ მხატვრულ ლიტერატურასთან. ამ მიმართებით, მათ შორის არ არის განსხვავება. 

მხატვრული ნაწარმოების გადმოცემის ფორმა (მნიშვნელობა არა აქვს სამსახიობო სანახაობაა ეს თუ ლიტერატურული ნაწარმოები), ყოველთვის დადებით (პოზიტიურ) პერსპექტივაში წყდება, განსხვავებით რელიგიური ხელოვნებისგან (მაგ. ხატწერა, წმიდა წერილის კანონიკური წიგნები, წმინდანთა ცხოვრება), რომელიც შებრუნებული პერსპექტივის ფორმას იყენებს ქადაგებისთვის. ეს არის არსებითი და მნიშვნელოვანი განსხვავება საერო და სასულიერო (ძირითადად, მართლმადიდებლური) ხელოვნებას შორის (მათთვის ვინც არ იცის რა არის შებრუნებული პერსპექტივა უბრალოდ და გლეხურად განვმარტავ: წარმოიდგინეთ სურათი (ვთქვათ პეიზაჟი), რომელსაც (დადებით პერსპექტივაში დახატული სურათისგან განსხვავებით) ჰორიზონტი და სიღრმე არა აქვს, არამედ ყველა ობიექტი ერთ სიბრტყეზეა განლაგებული. უფრო ცხადად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ პატარა ბავშვის მიერ დახატული პეიზაჟი და დააკვირდეთ, როგორ ხატავენ ისინი ბუნებას ან პორტრეტებს - პატარების ნახატები სწორედ შებრუნებულ, ერთსიბრტყოვან სივრცეშია გადმოცემული). ეს არის მართლმადიდებლური ხატწერის ერთ ერთი უძირითადესი განმასხვავებელი ნიშანი ლათინური, ფერწერული "ხატმწერლობისგან" და საერთოდ, მხატვრული აზროვნების საერო ფორმებისგან.

ასეა, მხატვრულ ლიტერატურაშიც. მხატვრული მოთხრობა ან რომანი გიპყრობს, სიღრმეში გითრევს, თითქოსდა რომანში დატრიალებული მოვლენების მომსწრე და მონაწილეც კი ხდები. საკუთარ თავს წარმოიდგენ იმ სიტუაციასა და ვითარებაში, სადაც მიმდინარეობს მოქმედება. მოკლედ, მთლიანად რომანის პერიპეტიებში ხარ ჩართული. მაგრამ, აბა ერთი წარმოიდგინეთ სახარება და ქრისტეს სახარებისეულად აღწერილი ცხოვრება. სახარების კითხვისას თუ წარმოგიდგენიათ თავი ქრისტეს ადგილას? ან იქნებ ოდესმე, სახარების კითხვისას, გაგჩენიათ აზრი, რომ თქვენ ხართ ღვთისმშობელი და მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს თქვენ ეუბნებით მაცხოვარს; ან კიდევ პეტრე მოციქული ხართ და თქვენს წარმოსახვაში იმ როლებს განასახირებთ, სახარებაში რომ კითხულობთ? არა? არ გაგჩენიათ ასეთი აზრი? ცხადია! ის არც შეიძლება გაგიჩნდეთ, რადგან სახარების გადმოცემის ფორმაა ისეთი, ამგვარი ოცნებებისგან და წარმოსახვებისგან იცავს ადამიანს. ეს არის სწორედ შებრუნებული პერსპექტივა! თეატრალური და კინოხელოვნებით "ქადაგება" რადიკალურად განსხვავდება ქადაგების სულიერი ფორმებისგან და მას არ შეუძლია მოიტანოს ის შედეგი, სულიერ ფორმებს რომ გააჩნიათ.

2) ასკეტიკა. ადამიანის სულიერი ზრდადობის, სულიერი განმტკიცების საქმეში, ქადაგების ფორმის მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, კიდევ უფრო შორს წავიდეთ და შევეხოთ ლოცვას. ანუ ლოცვის პროცესს. ასკეტური ღვთისმეტყველება ლოცვის დროს გვიკრძალავს წარმოსახვას, ანუ რაიმეს, ვთქვათ ჯვარცმის, ან ქრისტეს გარეგნობის, ან რომელიმე სახარებისეული სიუჟეტის, წარმოდგენას. ამგვარ ოცნებებს ადამიანი ხიბლში შეჰყავს და ჭეშმარიტ ლოცვას განაშორებს. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება ადამიანის წარმოსახვა და რა შეემთხვევა მის სულს, როდესაც ის კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას და ოცნებებს ეძლევა. ამიტომ, ხომ არ ებრძოდა ეკლესია მხატვრულ ლიტერატურას? მართლმადიდებლურ ერებში საერო ლიტერატურა სასულიეროზე გვიან ჩნდება. ზოგჯერ ისინი გამოკრთიან აგიოგრაფიულ ნაწარმოებებში, მაგრამ ეს ზომიერი მომენტებია, აგიოგრაფები მაინც იცავენ იმ წესს, რომელიც ადამიანს წარმოსახვებისა და ოცნებებისგან იცავს, მაგრამ განა ასე ხდება მხატვრულ ნაწარმოებში? მხატვრული ფილმებსა და თეატრალურ წარმოდგენებში ამაზე უარესი ხდება. აქ მიდის პირდაპირი შეტევა ადამიანის წარმოსახვაზე, როდესაც ადამიანის გონებას პირდაპირი გაგებით იპყრობენ ამაო ოცნებები და ეს შეგრძნება მათ დიდი ხნის განმავლობაში დაჰყვება. თუკი მართლმადიდებელი მამები, ადამიანის სულისადმი მავნებლობის გამო ადამიანს ე. წ. წარმოსახვით ლოცვას უკრძალავენ, რამდენად საზიანო და მავნეა წარმოსახვების მთელი კასკადის ყურება, ოღონდ არა საკუთარ თავში, არამედ კინოეკრანზე? ამდენად, ასკეტურ-რელიგიური მხარე კინოხელოვნებას არა თუ უარყოფითად შეაფასებს, არამედ ადამიანის სულის უპირველეს დამანგრეველ ძალად, ეშმაკის მანქანებადაც ჩათვლის. 

3) ზნეობა და კანონიკა. თქვენ ამბობთ, რომ არსებობენ მართლმადიდებლური ფილმებიც, მაგალითად "კუნძული" ("Остров"), რომელიც ადამიანზე განმასპეტაკებლად მოქმედებს. მე არ დაგიწყებთ დავას, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, როგორც გარკვეული იდეის მატარებელი, ფილმიც, წიგნის მსგავსად, შესაძლოა კაცს დადებითადაც მუხტავდეს. ეს მხატვრული კინემატოგრაფის იდეოლოგიური მხარეა, რომელზეც ორიოდ სიტყვით უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ, საკითხის არსი მარტო იმაში კი არ მდგომარეობს, რომ თეატრისადმი ეკლესიის სიმკაცრე განპირობებულია სცენური წარმოდგენების უზნეობითა და წარმართული შინაარსით. ეკლესია თეატრის მარტო წარმართულ შინაარსს როდი განიკითხავდა, არამედ თვით მსახიობობის პრინციპსაც. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ტრაქტატში "სანახაობათა შესახებ" წერდა: "რა უნდა ითქვას უსარგებლო კომიკურ ძალისხმევაზე, ტრაგიკული სიტყვის უდიდეს განცდებზე და კივილის ნერვულ დაძაბულობაზე? ეს ყველაფერი კერპებსაც რომ არ ეძღვნებოდეს, მაინც არ მართებს ქრისტეანს ამგვარ სანახაობაზე მისვლა და მისი ყურება; რადგან, ამაში პირდაპირი დანაშაულიც რომ არ იყოს, მაშინაც კი სრულიად არასაკადრისია მართლმორწმუნეთათვის ამგვარი ამაობის ყურება" (იხ. Киприан Карфагенский, св. Творения. М.: Паломник, 1999. С. 383).

სამსახიობო ხელოვნებას ეკლესია უძველესი დროიდანვე კრიტიკულად ეკიდებოდა. III და IV საუკუნის წმიდა მამები და საეკლესიო კრებები ერთმნიშვნელოვნად გმობდნენ ადამიანთა მიდრეკილებას თეატრისადმი და გასართობ სანახაობათა ცქერას. გვიანდელ კრებებს ადრინდელ კრებათა ეს დადგენილებები არ გაუუქმებია. 

სხვათა შორის, მეექვსე მსოფლიო კრების 62-ე კანონი, უკრძალავს მამაკაცს დედაკაცის ტანისამოსის ჩაცმას, ხოლო დედაკაცს - მამაკაცისას (რაც არცთუ იშვიათია სამსახიობო როლებში), ასევე ნიღბების გამოყენებას: "ატიკური, ჯამბაზური, ან თამაშით გასართობი სამსახიობო ნიღაბი არავინ უნდა აიფაროს (სქოლიო: იგულისხმება სატირული, კომედიური და ტრაგიკული სამსახიობო ხელოვნება). ვინც ზემოთთქმულთაგან რომელიმე საქციელს ჩაიდენს... თუ სასულიერო პირი იყოს, მათ განკვეთას ვბრძანებთ, თუ ერისკაცი - უზიარებელ იყოს" (დიდი სჯულისკანონი. VI მსოფლიო კრების. 62-ე კანონი. "საქართველოს ეკლესიის კალენდარი". 1987 წ. გვ. 332). კანონიკურ განწესებათა ცნობილი კომენტატორი მათე ბლასტარისი განმარტავს, რომ მოცემული განწესება "კრძალავს კომიკური ნიღბების აფარებას ვინმეს დასაცინად, ან ტრაგიკულისა თანაგრძნობისა და ტირილის აღსაძვრელად" (Властарь Матфей. Алфавитная синтагма. М., 1996. С. 208). ლაპარაკია საკუთარ თავზე ისეთი სახის მიღებისა, რომელიც მაყურებელში შესაბამის გრძნობებს გამოიწვევს. და თუკი დავფიქრდებით, შევნიშნავთ, რომ მსახიობისთვის, თვით გრიმი და როლთან შეფარდებული სახის მიმიკა ასევე ერთგვარი ნიღაბია - კომიკური იქნება ის, სატირული თუ ტრაგიკული.

VI მსოფლიო საეკლესიო კრების 51-ე კანონი ბრძანებს: "წმინდა და მსოფლიო კრება გმობს სახუმარო სანახაობას, სანადირო სანახავს და მგოსანთა როკვას". ავტორიტეტული კომენტატორი იოანე ზონარა განმარტავს: "სახარებისეული ცხოვრების სიმკაცრე ითხოვს, რათა მართლმორწმუნენი ცხოვრობდნენ წმინდანთა შესაბამისად და არა თავაშვებულად და გარყვნილად. ამიტომაც, ამ კანონით აკრძალულია ყოველივე, რასაც სულში შემოაქვს გაფანტულობა, აუძლურებს და არყევს მის სიმტკიცეს და იწვევს სიცილისა და ხარხარის მძლავრ აფეთქებას, როგორიცაა კომიკოსთა წარმოდგენები, რომლებიც ზოგჯერ ბაძავენ არაბებს, ზოგჯერ სომხებს, ზოგჯერ მონებს და კიდევ მრავალთ, ლოყაზე მირტყმით წარმოშობენ უჯერო სიცილს და უბრალო და უგულისხმო ადამიანები თითქმის თავდავიწყებამდე მიჰყავთ... იკრძალება აგრევთე სცენაზე ცეკვა". შემდეგ, მსახიობობასთან დაკავშირებით, ზონარას მოჰყავს მნიშვნელოვანი სიტყვები: "ხოლო სცენა არის პირმოთნეობა და თვალთმაქცობა, ამიტომაც ადამიანებს, რომლებიც პირმოთნეობენ და ხან მონებს თამაშობენ, ხან ბატონებს, ხან კიდევ მხედართმთავრებსა და მმართველებს, მსახიობებს უწოდებენ. ამრიგად, კანონი კრძალავს როგორც ამ კომიკოსთა წარმოდგენებს, ასევე სცენაზე ცეკვას" (Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями. М., 2000. С. 452).

მათე ბლასტარისიც თითქმის იგივეს ბრძანებს: "კომიკოსებს კანონი იმათ უწოდებს, რომლებიც მავანის ხმებსა და ჩვევებს ბაძავენ და მაყურებელში თავშეუკავებელ სიცილს იწვევენ... ხოლო სცენა არის პირმოთნეობა და თვალთმაქცობა; ადამიანებს, რომლებიც პირმოთნეობენ და ხან მონებს თამაშობენ, ხან ბატონებს, ხან კიდევ მხედართმთავრებსა და მმართველებს, მსახიობებს უწოდებენ" (Властарь Матфей. Алфавитная синтагма. С. 266 – 267).

ამრიგად, ძველი საეკლესიო კანონები გმობენ ემოციებისა და გრძნობების გამოხატვის არტისტულ მეთოდს (ნათქვამია: კრება კრძალავს ნიღბებს "თანაგრძნობისა და ტირილის გამოსაწვევად"; განკიცხულნი არიან ისინი, "რომლებიც მავანის ხმებსა და ჩვევებს ბაძავენ და მაყურებელში თავშეუკავებელ სიცილს იწვევენ..."); გმობენ ასევე თვით სამსახიობო პრინციპს ხან ერთი როლი ითამაშო, ხან მეორე ("ხან მონა, ხან ბატონი..."); და ბოლოს თეატრალური სცენა იწოდება "პირმოთნეობად და თვალთმაქცობად".

მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელ-მსახიობი (ამგვარ კურიოზსაც მოვესწარით), ივანე ოხლობისტინი თავისი სამსახიობო ხელოვნების შესახებ ერთ ერთ ინტერვიუში აცხადებდა: "ჩემს ცხოვრებაში ეს ორი შემადგენელი ნაწილი განცალკევებულია ერთმანეთისგან. როდესაც მე ვარ ტაძარში, სულიერი მდგომარეობა მიპყრობს და მაიძულებს ვიმოქმედო კანონების შესაბამისად, ხოლო გადასაღებ მოედანზე ვცდილობ ვიაზროვნო და ვიმოქმედო როგორც კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა" (Аргументы и Факты, № 47, 18.11.08). მაგრამ, ქრისტემ ბრძანა: "არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც" (მათე 6:24). არჩევანის გარდაუვალობა ცხადია, როგორც მღვდლის, ასევე პროფესიონალი მსახიობისთვის. სცენარის შესწავლა, რეპეტიციები, გადაღებები, როლში შესვლა, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებით გამოსვლა გადაღებულ ფილმთან დაკავშირებით - ეს ყოველივე აღვსებულია არა იმ სულით, რომელიც უნდა გააჩნდეს მართლმადიდებელ ქრისტეანს.

4) ილუზია. საქმე იმაშია, რომ ყოველგვარი სამსახიობო როლი არის სხვისი ცხოვრების გათამაშება, სხვისი სახის მიღება (აქედან ხომ არ მოდის სიტყვა "სახიობა"?), ფსიქოლოგიის აღქმა, ქცევის მანერები, პერსონაჟის პიროვნული თავისებურებები, იმ სახის შექმნა, რომელიც თვითონ მსახიობისთვის დამახასიათებელი არ არის და ამიტომაც, რეალური ცხოვრებიდან ილუზორულ ცხოვრებაში გადანაცვლებაა (თუ რომანის მწერალი მოქმედებს მხოლოდ თავისი წარმოსახვით და ეს ყოველივე წიგნის ფურცლებზე გადააქვს, მსახიობი მთელი თავისი არსით სხვა პერსონაჟად გარდაისახება და მთლიანად, ფსიქოლოგიურად ერწყმის როლს). მსახიობი არ არის გმირი, ის მხოლოდ ჩანს ასეთად, ის არც წმინდანია, არამედ თამაშობს წმინდანს და ამ გარდასახვაში არსებობს სულისთვის საზიანო საფრთხე, რომელიც ყოველი ადამიანში უბრალოებასა და სიწრფელეს არის მოწყურებული.

ადამიანი მოწოდებულია იმისკენ, რომ სულის განწმენდის გზით გათავისუფლდეს ყოველი ცოდვილი მიდრეკილებებისგან და თავის თავში გამოავლინოს ხატი ღმრთისა, მაშინ როდესაც, მსახიობი თამაშის დროს მოირგებს სხვა სულის ნიღაბს. ამას ემატება ისიც, რომ ნებისმიერი სპექტაკლი ან სათამაშო ფილმი არის მხატვრული გამონაგონი და მსახიობი აკეთებს ამ გამოგონილი პერსონაჟის, ან გმირის, ან კიდევ ბოროტმოქმედის იმიტაციას. ის ერწყმის ამ როლს, გადის სინამდვილიდან და ქმნის ერთგვარ სიცრუეს, უფრო ზუსტად ილუზიას, რომელსაც მაყურებელიც ეზიარება.

"შეხედე საკუთარ თავს, - ამბობდა წმ. იოანე ოქროპირი, - როგორი ხარ შენ ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ და როგორი, - თეატრიდან გამოსვლისას; შეადარე ეს ორი დღე ერთმანეთს და არ დაგჭირდება ჩვენი განმარტება" (Иоанн Златоуст, свт. Полное собрание творений. Т. 4. Кн. 2. М.: «Златоуст», 1995. С. 857).

ასეთია, ძალზედ მოკლედ, ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ზოგადად გართობებისა და კონკრეტულად სამსახიობო ხელოვნების მიმართ. ასე, რომ ქ-ნ მ. იაშვილს ჩვენი "სამხელი" არაფერი გააჩნია.