ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
არქიეპისკოპოსი პავლე

გავამარჯვებინოთ სიყვარულს!


საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 2001 წელს მომხდარი განხეთქილების ისტორია. 1999-2001 წლის მოვლენები. ეპისკოპოს იონას († 2003 წ.) დაპირისპირება ეპისკოპოს პავლეს წინააღმდეგ: ფაქტები და განმარტებები. 



წინამდებარე ნაშრომი 2001 წლის ივნისში, ანუ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის 2001 წლის განხეთქილებამდე 3 თვით ადრე, შესასწავლად და გასათვალისწინებლად გადაეცა ეპისკოპოს იონას. თხზულებაში დეტალურად არის განხილული ვითარება, რომელიც ეპისკოპოსმა იონამ შექმნა თავისი ხიბლისმიერი მდგომარეობით და ეკლესიაში დიქტატურული რეჟიმის დამყარების მცდელობით. მკითხველი დეტალურად გაეცნობა საქმის ვითარებას და ორივე მხარის არგუმენტაციას. 2001 წლის განხეთქილების წინაისტორიასა და პირობებს, რამაც მოამზადა ეს სამწუხარო აქტი.

გარდა ამისა, ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში დაეჭვებულებს ვაძლევთ შესაძლებლობას უფრო დაწვრილებით გაეცნონ იმ დოკუმენტებს, რასაც ეყრდნობოდა ჩვენი მხარე ეპისკოპოს იონას მხილებასა და მასთან ევქარისტული ერთობის შეჩერებაში. ჩვენ არ გვსურს ეს ისტორია იდუმალებით მოცული დავტოვოთ ფართო საზოგადოებისთვის და მით დაეჭვების საბაბი გავუჩინოთ ვინმეს ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში. 

წინამდებარე თხზულებას ვაქვეყნებთ იმ მიზნით, რათა ფართო საზოგადოება გაეცნოს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია; გაეცნოს ეპისკოპოს პავლესა და ეპისკოპოს იონას შორის 1999-2001 წლებში წარმოქმნილი უთანხმოების მიზეზებს და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მოქმედების პრინციპებს მსგავსი პრობლემების წარმოქმნისას; უწყოდეს იმ უსამართლობის შესახებ, რაც განიცადა ფოთის იმდროინდელმა ეპისკოპოსმა პავლემ, რომელსაც ზოგიერთი პირები დღემდე ადანაშაულებენ ეპისკოპოს იონასადმი უსამართლო მოპყრობაში. ასეა თუ არა ეს დე, ამ ისტორიის მკითხველმა განსაჯოს. 




ნაწილი მეორე

"ხუთი სიცრუის" განმარტება
(ყოველივეს გადმოვცემთ მაქსიმალური სიზუსტით)

ყოველივე,რაც წინამდებარე პუბლიკაციაშია გამოთქმული, საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში ჯანსაღი მართლმადიდებლური ატმოსფეროს, მართლმადიდებლური სწავლების, ადამიანთა შორის ქრისტეანული ურთიერთობებისა და ეკლესიის გარე სამყაროსთან მიმართებაში მართლმადიდებლური კურსის შენარჩუნება-დამკვიდრებისთვის ზეპირად, სიტყვიერად და კერძო წერილობითი მიმართვებით არაერთხელ ყოფილა გამოთქმული, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკლესიაში არსებული ზოგიერთი მეტად მავნე ტენდენციის გამო, ჩვენი კეთილი მონდომება და მიზანდასახულობა ჯეროვნად ვერ შეფასდა. 

ეპისკოპოს იონას მიერ გამოთქმული ზოგიერთი კერძო შეხდულებისა და იდეისადმი ფანატიკურად განწყობილი პიროვნებები ქმნიან ატმოსფეროს, რომელიც ზოგადად მთელი ეკლესიის ინტერესებისა, ხოლო კონკრეტულად ჩემი, როგორც ეპისკოპოსის წინააღმდეგ არის მიმართული და, რაც ყველაზე სამწუხაროა და შემაშფოთებელია, ამ ვითარების დაძაბვას, ნებსით თუ უნებლიედ, დუმილით თუ აშკარა წაქეზებით, "კულისებს მიღმა" თუ აშკარა განცხადებებით, ხელს უწყობს ჩვენივე ეკლესიის პირველიერარქი - მეუფე იონა. 

რადგანაც პირველიერარქთან და მის გარემოცვასთან ჩვენმა პირადმა საუბრებმა თუ წერილობითმა მიმართვებმა, ასევე კოლექტიურმა ძალისხმევამ (ვიწრო წრის ფარგლებში) სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, და მეტიც, ვიღაცის ხელშეწყობით, ჩუმ-ჩუმად და ჩემს ზურგს უკან არასასურველი ალიანსიც კი იკვრება, ეკლესიაში განხეთქილების თავიდან აცილებისა, სიყვარულისა და მშვიდობის დასამყარებლად თავს მოვალედ ვთვლი მთელი, ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის გასაგონად და საფხიზლოდ ავხსნა იმ მოქმედებათა მიზეზები, რომელთა გამო ამ ბოლო დროს ამდენი გაურკვევლობა წარმოიქმნა.

სამწუხაროდ, ეკლესიაში შეიქმნა პარტიული განწყობილებები, კერძოდ, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში დასაბამი მიეცა "ჩახაველთა" პარტიას (ამჟამად ეს პარტია, რომელიც მხოლოდ დედაკაცებისგან შედგება, განცალკევებულია ძველმართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიისგან და ცალკე სექტად ფორმირებული, თავისთვის იკრიბება - რედ.), რომელთა საერთო განწობა ეკლესიის რამდენიმე წევრის კეთილ მონდომებას მეტად მუქ ფერებში ახვევს და მით ეკლესიისთვის საკეთილდღეო წამოწყებას აბრკოლებს. 

კერძოდ, ამ პარტიის, - ანუ ეპისკოპოს იონას კერძო, საღვთისმეტყველო, ესქატოლოგიური და ზოგჯერ მცდარი შეხედულებების ფანატიკური მიმდევრები მეტად ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ამ შეხედულებების მიმართ სხვაგვარად განწყობილი ადამიანებისადმი, რითაც დათვურ სამსახურს უწევენ თვით პირველიერარქს. 

სამწუხაროდ, ჩვენს ეკლესიაში ჩნდება "სხვაგვარად მოაზროვნეების" ცნება. ეს კი არაჩახავურად მოაზროვნე მორწმუნეებია, რომელთა მიმართ იქმნება მეტად უარყოფითი დამოკიდებულება, რასაც, სამწუხაროდ, ნებსით თუ უ უნებლიედ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელს უწყობს თვით მეუფე იონაც. მეტიც, ზოგჯერ ის პირდაპირი მბრძანებლობით ითხოვს მისი მცდარი ან გაურკვეველი ესქატოლოგიური და სწავლა-მოძღვრებითი ხასიათის შეხედულებათა გაზიარებას; ან კიდევ მეტად სწყინს, როდესაც მის ამა თუ იმ შეხედულებებს ვინმე არ იზიარებს, ხოლო ზოგჯერ (რომლის მომსწრეც არაერთხელ ვყოფილვართ) მეტად მძაფრადაც კი რეაგირებს. 

მეტიც, ეპისკოპოსი იონა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი შეხედულებებისადმი უარყოფითად განწყობილი მორწმუნეების მიმართ ქმნის შიშის ატმოსფეროს, ხშირად ანათემითაც კი იმუქრება (მაგალითად, ვინც მის აზრებს ზოგჯერ პრინციპულად და, სხვათა შორის, არცთუ უსაფუძვლოდ, არ იზიარებს, ემუქრება, რომ ამგვარი წინააღმდეგობისთვის ღმერთი სასტიკ სასჯელს მოუვლენს; ან კიდევ, თუ რაიმე აზრს არ დავეთანხმეთ და პირად ცხოვრებაში რაიმე ექსცესი მოხდება, ამ შემთხვევას აუცილებლად თავის სასარგებლოდ წარმოაჩენს და მრევლს არწმუნებს, რომ ჩვენ ღმრთის მიერ მისი (ე. ი. ეპ. იონას) შეხედულებების საპირისპირო აზრების გამოხატვისთვის "დავისაჯეთ" და ა. შ.). განსაკუთრებით სამწუხარო კი ის არის, რომ ეპ. იონა მის შეხედულებებთან შეუთანხმებელ მორწმუნეთა მიმართ შეურიგებელია.

მიუხედავად მეუფე იონასადმი ჩვენი პატივისცემისა, ვერც მის ასეთ მოქმედებებს და ვერც ეკლესიაში ფეხმოკიდებულ ფანატიკურ განწყობილებებს შევიწყნარებთ. მითუმეტეს, რომ ზემოთხსენებული განწყობილების ეს ტალღა მეც გადმომწვდა. ზოგიერთი დაბოღმილი კოპებს მიკრავს, სხვები "ამპარტავნებისგან" თავშეკავებას მთხოვენ; ერთმა სულიერმა შვილმა ისიც კი მითხრა, რომ ეპისკოპოს იიონას თქმით, "წაქცეულ სულიერ მამასა თუ მოძღვარს წიხლებს არ უნდა ვურტყამდეთ" და ა. შ. და ყოველივე ამას, როგორც ჩემს, ასევე ჩემს მხარდამჭერთა საყურადღებოდ ამბობენ და ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გავბედეთ და პირველიერარქის ზოგიერთ მოსაზრებას არ დავეთნხმეთ.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სეკლესიო და სწავლა-მოძღვრებით საკითხებთან დაკავშირებით, ეპ. იონას კრიტიკა რატომღაც აღქმულია "წაქცეული სულიერი მამის ჩაწიხლვად", "ამპარტავნებად", "ხაფანგის დაგებად", "ლაფის სროლად" და სხვა. რადგანაც მრავალს, ჩვენი კანონიკური უფლებიდან გამომდინარე, ჩენი სამართლიანი შენიშვნების ვერც აზრი გაუგია და ვერც მიზანი, გთავაზობთ ამ საკითხთა დეტალურ განმარტებას. 

აქვე მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო: რადგანაც ფაქტების ის ნაწილი, რომელმაც მეუფე იონას ზოგიერთი მტკიცებისადმი ჩვენი დაეჭვება, უარყოფა და მთელი რიგი კრიტიკული შენიშვნები გამოიწვია წერილობით დაფიქსირებული არასოდეს ყოფილა და მხოლოდ შიდა ეკლესიურ ცხოვრებასა და საუბრებში ვლინდებოდა, წინამდებარე განმარტებაში ყოველივე გადმოცემული იქნება მაქსიმალური სიზუსტით, რადგან ფაქტების დამახინჯებით ჩვენი პირველიერარქისა და ეკლესიის ღირსების შეურაცხყოფა არ დაგვბრალდეს, რისთვისაც პასუხს ვაგებთ ღმრთის წინაშე.


ეპისკოპოს პავლე მიმართვა ეპისკოპოს იონასადმი

როგორც უკვე ჩვენი წერილის პირველ ნაწილში ვაჩვენეთ, ჯეროვანი, წინასწარი გამოძიების გარეშე არავის აქვს უფლება საეკლესიო ბრალდება წაუყენოს ეკლესიის რომელიმე წევრს, მით უმეტეს სასულიერო პირებს. აქ კვლავ გავიმეორებთ IV მსოფლიო კრების 21-ე კანონს, რომლის მიხედვითაც: "სასულიერო პირთაგან ან ერისკაცთაგან, რომლებიც დაასმენენ ეპისკოპოსს ან სხვა სასულიერო პირს, მარტივად და შეუმოწმებლად ნუ მიიღებენ დასმენას, სანამ არ გამოიკითხავენ და არ გაარკვევენ მათ წესიერებას ან უწესოებას". დამსმენთა და ბრალმდებელთა ვინაობის გამოკვლევის გარდა, კანონები ითხოვენ ბრალდებათა გამოძიებას, რომლის გარეშე ეპისკოპოსის დადანაშაულება არ შეიძლება, რასთან დაკავშირებითაც ზემოთ საკმაოდ უხვად დავიმოწმეთ, როგორც წმ. კრებათა განწესებანი, ასევე ეკლესიის ავტორიტეტულ კომენტატორთა: პატრიარქ ბალსამონის, იოანე ზონარას და ალექსი არისტინეს განმარტებანი. 

ყოველივე ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ თქვენ თუმც კი დააკმაყოფილეთ ჩემი მოთხოვნების მხოლოდ ერთი პუნქტი და ჩამომიყალიბეთ თქვენი ბრალდებები, ვფიქრობ დაკმაყოფილებული არ არის ამ ბრალდებათა დამოკიდებულება სხვა მოთხოვნებთან, რამეთუ გამოუკვლეველ-გამოუძიებელია მთელი რიგი ბრალდებები, რომელთაც ბოლოს მაინც ერთვის ულტიმატუმი - შევინანოთ ჩვენი "შეცოდება", - კერძოდ "რეზონანსში" დაბეჭდილი განცხადება და ასევე სხვა ბრალდებები, რომელთა საფუძვლიან გამოძიებაზე დაფუძნებულ დასაბუთებას რატომღაც არ გვაწვდით. მეტიც, სამწუხაროდ, თქვენ წერილის დასაწყისშივე მუხტავთ მკითხველს ჩვენს წინააღმდეგ. არც ერთი ბრალდება, რომელიც 1999 წლის 17 ოქტომბერს წამომიყენეთ და მათ შორის ისინიც, რომლებიც განხილულ წერილშია მოცემული, ზემოთ მოტანილი საეკლესიო სჯულმდებლობის თანახმად, გამოკვლეული არ არის, ხოლო ისინი, რომელთა განხილვას ქვემოთ გთავაზობთ, სხვადასხვა საკითხთა ურთიერთაღრევის შედეგად შეიცავს დასანან გაუგებრობებსა და შცდომებს. ზოგიერთ მათგანს კი საერთოდ რეალობაში არავითარი საფუძველი არა აქვს! ამდენად, სამწუხაროა, რომ პასუხის მოცემამდე უკვე გვაცხადებთ "დამნაშავე პირებად" და ეპითიმიასაც განგვისაზღვრავთ.

სანამ თქვენი ბრალდებების მიმოხილვას დავიწყებდე, მსურს ზოგადად გადავავლო თვალი თქვენს წერილს და მივანიშნო ის სქემა, რომელითაც აგებულია მსჯელობა ჩემს წინააღმდეგ.

თქვენი წერილი აგებულია ულტიმატუმის პრინციპით, რაც დიდი შეცდომაა და რაშიც თქვენს დარწმუნებას ამ წერილით შევეცდები. საკითხის ასეთი დაყენება თქვენთვისვეა წამგებიანი, რის შესახებ, თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ მამა გრიგოლის ოჯახში საუბრის დროს მოგახსენეთ. კერძოდ, საქმე ეხება განაჩენის (ეპითემიის) განსაზღვრას ჩემს გამოკითხვამდე. ასევე, წერილში წამოყენებული ზოგიერთი ბრალდების გამოძიებამდე! ასეთი შემთხვევებისთვის განსაზღვრული კანონები ზემოთ უკვე დაგიმოწმეთ, ამიტომაც ამაზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ.

თქვენი წერილი გარკვეულ სქემად არის ჩამოყალიბებული, კერძოდ: მცირეოდენი შესავლის შემდეგ, სადაც უკვე დამნაშავეებად გვაცხადებთ და, სადაც ასევე დამოწმებულია გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებული ჩვენი განცხადება, თქვენ გადადიხართ ჩემს "მხილებაზე" შემდეგი სქემით:

1) ხუთი სიცრუე და მათი განხილვა;

2) სტრატეგიული გეგმა (რომელიც თურმე ჩვენ შეგვიმუშავებია თქვენს წინააღმდეგ) და "რეზონანსში" დაბეჭდილი ჩვენი განცხადების განხილვა ამ "გეგმისა" და სხვა "ფაქტების" შუქზე;

3) სტატიის დაწერის მოტივი;

4) ხიბლის საკითხისა და ჩვენი ვინაობის გარკვევა ზემო, ორ მუხლში ჩამოყალიბებულ ბრალდებათა მიხედვით; 

5) დასკვნა და ბრალდების საბოლოო სურათი, სადაც, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, უგულებელყოფთ იმ სჯულმდებლობას, რომელიც ამტკიცებს, რომ კონკრეტულ დანაშაულში დაეჭვების შემთხვევაშიაც კი, წინასწარი გამოკითხვისა და ბრალმდებელთა და მოწმეთა მოსმენის გარეშე, შეუძლებელია ეპისკოპოსის რაიმე დანაშაულში ბრალდება, რათა, როგორც თავადვე აღნიშნავთ, "... ერთეულთა ურცხვობით დიდი და პატიოსანი სახელი მღვდლობისა მრავალთაგან განსჯისა და განკითხვის საგანი" არ გახდეს.

იმისთვის, რათა ვიხილოთ რამდენად იქნა დაცული ეს მოთხოვნა ჩემთან, როგორც ეპისკოპოსთან მიმართებაში, გადავალ თქვენი ბრალდებების განხილვაზე, რომელთა ჩამოყალიბებაშიც იმედი მაქვს, პირადად თქვენ იმდენი ქმედითი როლი არ მიგიძღვით, რამდენიც სხვა პირებს, რომელთა ზეგავლენისა და რჩევა-დარიგებების მიხედვით აყალიბებდით ამ ბრალდებებს.


"პირველი სიცრუის" განხილვა

მაშ ასე, განვიხილოთ ჩვენი "პირველი სიცრუე". თქვენ წერთ: "გამოქვეყნებულ განცხადებაში კოლხეთის ეპარქიის ეპისკოპოსი პავლე იუწყება, რომ იგი თითქოსდა არაერთგზის (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - ეპ. პ.) მაფრთხილებდა და მეწინააღმდეგებოდა იმ შვიდი სასულიერო პირის (ერეტიკოსთა) დასჯის გადაწყვეტილების მიღების გამო, რაც მტკნარი სიცრუეა. არსებობს ფაქტობრივი მასალა: მთელი ერთი თვის განმავლობაში ამბიონიდან ვაცხადებდი იმ შვიდ პირთა დასჯის შესახებ და არც ერთხელ უბრალო შენიშვნაც კი არავის მოუცია. პირიქით, ეპისკოპოსი პავლე მაქეზებდა იმ შვიდეულთან ერთად პატრიარქიცა და გ. გაბაშვილიც ჩამერთო დასჯილთა სიაში".

უცებ, რაც ამ ბრალდების წაკითხვისთანავე ნათელი ხდება არის სამი შეცდომა, რომელთაც, ძვირფასო მეუფეო, ვფიქრობ, ან დაუკვირვებლობით ან გულმავიწყობით, ან კიდევ ვიღაცი გავლენით უშვებთ.

1. ჯერ-ერთი, თქვენი თქმით: "გამოქვეყნებულ განცხადებაში (იხ. ზემოთ) ეპისკოპოსი პავლე იუწყება, რომ იგი თითქოსდა არაერთხსელ მაფრთხილებდა და მეწინააღმდეგებოდა იმ შვიდ სასულიერო პირთა (ერეტიკოსთა) დასჯის გადაწყვეტილების მიღბის გამო".  ძვირფასო მეუფეო, "რეზონანსში" დაბეჭდილი ჩემი განცხადება თქვენს წინაშე დევს და, თუ შეიძლება, მიმითითეთ, ამ განცხადებაში სად წერია, რომ არაერთხელ გაფრთხილებდით, და გეწინააღმდეგებოდით ამ შვიდი სასულიერო პირის დასჯის გამო?! ფრაზა "არაერთხელ" ჩემს განცხადებაში არსად წერია! არადა თქვენ სრულიად აშკარად, სიტყვა-სიტყვით ასე წერთ: "გამოქვეყნებულ განცხადებაში... იუწყება... თითქოსდა არაერთხელ მაფრთხილებდა და მეწინააღმდეგებოდა...". საწყენად ნუ მიმიღებთ, მაგრამ სიცრუე და ისიც მტკნარი, თუ გნებავთ ეს არის, - და, ეს რომ ასეა, ამის დამოწმება ამ განცხადების ნებისმიერ მკითხველს შეუძლია.

შეიძლება თქვენ ან სხვა ვინმემ პასუხად მომიგოთ - მართალია, ეს სიტყვა განცხადებაში არ არის, მაგრამ ნაგულისხმევიაო ტექსტის ზოგადი შინაარსიდან გამომდინარე. გიპასუხებთ: აქაც შეცდებით და თუ რატომ, ამას ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. 

2. მეორეც, თქვენ აღნიშნავთ,რომ "... მთელი ერთი თვის განმავლობაში ამბიონიდან ვაცხადებდი იმ შვიდი პირის დასჯის შესახებ და არც ერთხელ უბრალო შენიშვნაც კი არავის მოუცია". სანამ მომდევნო წინადადებაზე გადავიდოდე, რომელიც საკუთრივ წარმოადგენს კიდევაც თქვენს მესამე სიცრუეს, შეგახსენებთ, რომ თქვენი განცხადება თითქოსდა "იმ შვიდ პირთა დასჯის გამო თქვენთვის არავის, არცერთხელ უბრალო შენიშვნაც კი არ მოუცია", არ შეესაბამება სინამდვილეს! საღურადღებოა, რომ ეს შენიშვნა სწორედ მე მოგეცით!

ეს იყო ჩემი ფოთში გამგზავრების წინ. თბილისის ზღვის ფერდობზე, ჩვენი ეკლესიის ეზოში ვისხედით თქვენ, მე და მამა ილია (ამჟამად გადასულია ოფიციალურ, "მართლმადიდებელ" ეკლესიაში, მსახურობს წმ. სამების ტაძარში მამა მაკარის სახელით, არის ხატმწერი - რედ.) (იყო კიდევ ერთი პირი, მაგრამ ვინ, სამწუხაროდ, არ მახსოვს). სწორედ მაშინ გკითხეთ: "მეუფეო, რა უნდა ქნათ, ეგ საქმე (სატანისადმი შვიდი კაცის გადაცემა - რედ.) რომ არ გამოვიდეს?" (ხომ გახსოვთ, თქვენი თქმით და წერილში დაბეჭდილი განცხადებითაც, ეშმაკი ამ შვიდ ადამიანში უნდა შესულიყო "სატანჯველად ხორცისა", რაც გაწარმართებული მსოფლიოსთვის პირველი მაგალითი იქნებოდა იმის საჩვენებლად, თუ ვისთან დგას ღმერთი (იხ. "რეზონანსი". № 215, 9 აგვისტო).

მოკლედ, თქვენ ელოდით სასწაულს და აი, მაშინ, თქვენ, ჩვეული კატეგორიულობით განაცხადეთ, რომ "ეჭვიც კი არ უნდა შემპარვოდა ამაში". მეტიც, ამ სასწაულის შემდეგ 300 ათასი ლტოლვილის შეყვანას აპირებდით აფხაზეთში (!), ანუ ანალოგიური სასწაულით უნდა დაგესაჯათ ლადისლავ არძინბა და აფხაზეთის თვითმარქვია მთავრობა, რომლის შემდეგ თქვენი სასწაულთმოქმედებით დაშინებული წინააღმდეგობის გაწევის ძალა არც კი უნდა ჰქონოდატ და ლტოლვილებსაც გზა ეხსნებოდათ შინისკენ.

მოსმენილით გაოგნებული დავრჩი, გავჩუმდი, არ ვიცოდი რა მეთქვა! წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო დამემსახურებინა თქვენი გულისწყრომა და ურწმუნოდაც კი შეგერაცხეთ. აკი მითხარით: "ეჭვიც კი არ შეგეპაროსო!". ამასთან გამახსენდა წმ. დიდმოწამე პანტელეიმონის მაგალითი: ერთხელ წმ. პანტელეიმონს ბრმა მიუყვანეს, რომელსაც წმინდანი მცირედი გასაუბრების შემდეგ განკურნებას შეჰპირდა და უთხრა "მოგანიჭებს შენ ღმერთი მხედველობას ჩემისთანა უღირსი მონის მიერ". როდესაც ეს პანტელეიმონის მამამ შეიტყო, შეეცადა შვილისთვის განზრახვა გადაეთქმევინებინა და უთხრა: "ჩემო საყვარელო შვილო! ისეთ საქმეს ხელს ნუ მოჰკიდებ, რომლის აღსრულება არ ძალგიძს, რათა შემდგომ, წარუმატებლობის შემთხვევაში, ყველას დასაცინი არ შეიქნე". ამაზე პანტელეიმონმა უპასუხა: "მცირედითაც დაითმინე მამავ და თვით საქმე აჩვენებს წარმატებაში ჩემი თავდაჯერებულობის საფუძველს".

ამდენად, საიდან  უნდა მცოდნოდა თუ რა გაძლევდათ თქვენ, მეუფეო, ამ საქმის წარმარტებით განხორციელებაში ასეთი თავდაჯერების საფუძველს? ამიტომაც გავჩუმდი.

ეს იყო ჩემი წინააღმდეგობაც და გაფრთხილებაც! სხვაგვარი წინააღმდეგობის (ვთქვათ, აკრძალვის, დაშინების ან სხვა რამ) უფლება ჩვენ არც მორალურად გვქონდა და არც კანონიკურად! ესეც არ იყოს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ზოგიერთ თქვენს მომხრეს თქვენი წამოწყების უსაფუძვლო მოწინააღმდეგედაც შევერაცხე, ამდენად, ისეთ ორჭოფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ გაჩუმება და მოვლენათა განვითარების დალოდება ვამჯობინე.

ამდენად, თქვენი განცხადება, ამ შვიდ პირთა სატანაზე გადაცემასთან დაკავშირებით, თითქოსდა "უბრალო შენიშვნაც კი არ მიეცეს არვის", არ შეეფერება სინამდვილეს. უბრალოდ გაკვირვებული ვარ ამ განცხადებით. ნუ მიწყენთ, მაგრამ, ამას თქვენს გულმავიწყობას მივაწერ, რადგან ვერ ვიფიქრებ, რომ საკუთარი თავის გასამართლებლად წერთ ამგვარ რამეს.

3. და მესამე: თქვენ წერთ: "პირიქით, ეპისკოპოსი პავლე მაქეზებდა, იმ შვიდეულთან ერთად პატრიარქიცა და გაბაშვილიც (იგულისხმება რელიგიური ალმანახის, "ივერიის გაბრწყინების" იმდროინდელი რედაქტორი, აწ გარდაცვლილი გიორგი გაბაშვილი - რედ.) ჩამერთო დასჯილთა სიაში". სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არ მომითხოვია თქვენთვის დასასჯელთა (და არა "დასჯილთა") სიაში ბ-ნ გიორგი გაბაშვილის ჩართვა! ვფიქრობ, ეს კვლავ თქვენი გულმავიწყობის ბრალია. შეგახსენებთ, რომ გაბაშვილის შესახებ მხოლოდ ის გკითხეთ, თუ რატომ არ ჩართეთ დასასჯელთა სიაში (რადგან, სხვებთან ერთად, იგი ყველაზე მეტად შეურაცხგყოფდათ პრესის მეშვეობით. გიწოდებდათ "ეშმაკეულს", "ბორგნეულს" და სხვა), რაც შეეხება მის დასჯას, ეს მე არ მითხოვია! თქვენ მიპასუხეთ, რომ რადგანაც თქვენი აზრით გაბაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული პრესის მეშვეობით მასონების მხილებაში და ამასთანავე არის ხუთი შვილის (ამჟამად ექვსი შვილის) მამა, ამიტომაც დაინდეთ; მაშინ მე ამგვარი პასუხით არანაკლებ გაკვირვებულმა გკითხეთ, "არჩილ მინდიაშვილიც ხომ ამხილებდა მასონებს და ისიც, სხვათა შორის, ხუთი შვილის მამაა", რაზეც პასუხის გაცემას თავი აარიდეთ. შემდგომ არც მე ჩაგძიებივართ ზედმეტად და შეკითხვების დასმასაც თავი დავანებე. ეს იყო "რეზონანსში" თქვენი წერილის გამოქვეყნებამდე! ამდენად, გ. გაბაშვილის დასჯა მე არ მომითხოვია!

რაც შეეხება ილია II-ს, შესაძლებელია ერთმანეთში გერევათ ორი მომენტი: ილია II-ს დასჯას, თუ გახსოვთ, გირჩევდათ ზვიად ნოდია, ისიც ასეთი პრინციპით: თუ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ სატანას გადასცეს ნიკონიანელი ერეტიკოსები, რაღა "ლიფსიტებიდან" იწყებთ, ბარემ მეთაური გადაეცით სატანასო. მასაც აინტერესებდა, რატომ ინდობდით ილია II-ს. ჩვენთვის ცალ-ცალკე საინტერესო იყო ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც თქვენ ეს დასასჯელი პირები შეარჩიეთ და მათ სიაში თქვენს წინააღმდეგ "ხმალამოწვდილი" გაბაშვილი და ცრუ ეკლესიის მოძღვარი ილია II არ შეიყვანეთ. მახსოვს ბ-ნ ზვიადს მიუგეთ, რომ "ამჯერად არ გსურდათ დაჯახებოდით ილია II-ს". ეს იყო და ეს! მე რაც შემეხება, ილია II-ს შესახებ გესაუბრეთ ამ შვიდი პირის გაფრთხილების, ანუ "რეზონანსში" თქვენი წერილის გამოქვეყნების შემდეგ. მე გითხარით, თუ ვინმე სატანაზე გადაცემის ღირსი იყო, ეს ილია II-ა და თუ ეს საქმე აღსრულებადია, პირველ რიგში სატანისთვის ის უნდა შეგეყენებინა-მეთქი. "ასეც იქნებაო!", მიპასუხეთ და ერთმანეთს დავშორდით კიდეც. ამდენად, არც თქვენი წერილის გამოქვეყნებამდე და არც მის შემდეგ, მე გ. გაბაშვილის ან ილია II-ის სატანაზე გადაცემის წამქეზებელი არ ვყოფილვარ!

როგორც მახსოვს, ამ საქმეში თქვენი წამქეზებელი, როგორც ჩემთან საუბარში განაცხადა, იყო თქვენი ნათესავი და სულიერი შვილი ირინა კენჭაძე. ამრიგად, თქვენს პირველ ბრალდებაში, რომელსაც "პირველი სიცრუე" უწოდეთ, თავადვე აღმოგაჩნდათ სამი სიცრუე.

საჭიროდ ვთვლი იმის აღნიშვნასაც, რომ თქვენი პირველი სიცრუის გარდა (რომლის დამტკიცება თვალსაჩინოდ შესაძლებელია და დავამტკიცეთ კიდეც), დანარჩენი ორი სიცრუის გამოაშკარავებაში, თქვენც და თქვენი ახსნა-განმარტების მკითხველი ჩემს სიტყვიერ ახსნა-განმარტებებს უნდა დასჯერდეს, რამეთუ თქვენი მხრიდან ეს ბრალდებები ასევე მხოლოდ და მხოლოდ თქვენს სიტყვიერ მტკიცებებს ეყრდნობა და არა რაიმე ფაქტობრივ მონაცემებს. ასე, მაგალითად, ან თქვენ ან ვინმემ, როგორ უნდა დამიმტკიცოთ, რომ ნამდვილად მე წაგაქეზეთ და თანაც მოგთხოვეთ გაბაშვილისა და ილია II-ს ჩართვა დასასჯელთა სიაში? ამისთვის საჭიროა მოწმეთა რაოდენობა 2-დან 5 კაცამდე. იმისდა მიხედვით, თუ რა ეპითემიას მიმზადებთ. საჭირო იქნებოდა მათი გამოკითხვა-გამოძიება და ა. შ. თუ ვივარაუდებთ და დავუშვებთ, რომ შესაძლებელია თქვენს სიტყვას უფრო მიემხრონ, ვიდრე ჩემსას, ყველა ჩემს ბრალმდებელს მაინც ზემოთხსენებული კანონის გათვალისწინება მოუწევს, რომელიც ასეთი, სიტყვიერი უერთიერთმტკიცების შემთხვევაში, გარკვეული თვისებების და ღირსებების მქონე მოწმეთა განსაზღვრულ რაოდენობას ითვალისწინებს. 

ამის გარეშე, ასეთი სიტყვიერი ბრალდების წამოყენება, უკვე პირველ ნაწილშივე დამოწმებული კანონების საფუძველზე წარმოჩინდება ცილისმწამებლად, რაც ლაოდიკიის 19 (20)-ე კანონის თანახმად ბრალდებული სასულიერო პირის (კერძოდ კი ჩემი, როგორც ეპისკოპოსის) სამღვდლო პატივს უეჭველად ჩრდილს მიაყენებს. თქვენ კი იცით, რომ ამ კანონით, რომელსაც არაერთგზის მიმოწმებთ, თავადვე დაექვემდებარებით იმავე სასჯელს, რაც განმიწესეთ (თუმც, დიდება უფალს, რომ აქამდე არ მივიდა ეს საქმე).





წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი თბილისის ზღვის ერთ ერთ ფერდობზე (დღევანდელი მდგომარეობა)