ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
არქიეპისკოპოსი პავლე
გავამარჯვებინოთ სიყვარულს!
საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 2001 წელს მომხდარი განხეთქილების ისტორია. 1999-2001 წლის მოვლენები. ეპისკოპოს იონას († 2003 წ.) დაპირისპირება ეპისკოპოს პავლეს წინააღმდეგ: ფაქტები და განმარტებები.
წინამდებარე ნაშრომი 2001 წლის ივნისში, ანუ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის 2001 წლის განხეთქილებამდე 3 თვით ადრე, შესასწავლად და გასათვალისწინებლად გადაეცა ეპისკოპოს იონას. თხზულებაში დეტალურად არის განხილული ვითარება, რომელიც ეპისკოპოსმა იონამ შექმნა თავისი ხიბლისმიერი მდგომარეობით და ეკლესიაში დიქტატურული რეჟიმის დამყარების მცდელობით. მკითხველი დეტალურად გაეცნობა საქმის ვითარებას და ორივე მხარის არგუმენტაციას. 2001 წლის განხეთქილების წინაისტორიასა და პირობებს, რამაც მოამზადა ეს სამწუხარო აქტი.
გარდა ამისა, ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში დაეჭვებულებს ვაძლევთ შესაძლებლობას უფრო დაწვრილებით გაეცნონ იმ დოკუმენტებს, რასაც ეყრდნობოდა ჩვენი მხარე ეპისკოპოს იონას მხილებასა და მასთან ევქარისტული ერთობის შეჩერებაში. ჩვენ არ გვსურს ეს ისტორია იდუმალებით მოცული დავტოვოთ ფართო საზოგადოებისთვის და მით დაეჭვების საბაბი გავუჩინოთ ვინმეს ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში.
წინამდებარე თხზულებას ვაქვეყნებთ იმ მიზნით, რათა ფართო საზოგადოება გაეცნოს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია; გაეცნოს ეპისკოპოს პავლესა და ეპისკოპოს იონას შორის 1999-2001 წლებში წარმოქმნილი უთანხმოების მიზეზებს და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მოქმედების პრინციპებს მსგავსი პრობლემების წარმოქმნისას; უწყოდეს იმ უსამართლობის შესახებ, რაც განიცადა ფოთის იმდროინდელმა ეპისკოპოსმა პავლემ, რომელსაც ზოგიერთი პირები დღემდე ადანაშაულებენ ეპისკოპოს იონასადმი უსამართლო მოპყრობაში. ასეა თუ არა ეს დე, ამ ისტორიის მკითხველმა განსაჯოს.