ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
ლია რუსიაშვილი

ერთი ქრისტეანის ფიქრები
(საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ბიულეტენ "მართლმადიდებელი"-ს არქივიდან: 1998 წ. № 7 (18)) 

ქრისტეანებს, ამქვეყნიური დაცინვა-ქილიკის სანაცვლო ჯილდოდ ნუგეშის თაიგულები ელოდება, ოღონდ არა ამავე ქვეყნისგან, არამედ სამყაროს მეუფისგან.

ჩვენც მოთმინებით ველოდებით ნუგეშის თაიგულებს...

ვერავის მოვთხოვთ სიტყვათა დახვეწას, რამეთუ მხოლოდ წმიდა მამებმა შეძლეს გაუხედნავი ვნებების ჭეშმარიტი მოთოკვა. მრავალთათვის დღესდღეობით ერთდაერთი გამოსავალია - იყოს ფხიზლად მდუმარე! - რაიც გადარჩენის ერთ-ერთი მაღალი საფეხურის მიღწევაა.

მაგრამ ამ გამოსავალსაც რომ ვერ ამჩნევენ?!

მეტიც, უსწრაფესად ცოტავდება დედამიწაზე მომავალი, მარადიული ნეტარი ცხოვრებისადმი მორწმუნე სულთა რიცხვი!

სანაცვლოდ ასევე უსწრაფესად მრავლდება ყოველივესა და ყველაფრის მიმართ ცინიზმით აღსავსე სულთა რიცხვი!

იყო ცინიკოსი - ეს ჯერ კიდევ არაა უბედურება! უბედურება ისაა, როდესაც ამ ცინიზმში ლამის ავხორცულ სიამოვნებას ჰპოვებ! აქედან სულის ავთვისებიან სნეულებამდე ხომ უკვე ერთი ნაბიჯია...

რას იზამ! კაცობრიობის ისტორია დადასტურებაა, როგორც ადამიანის უსაზღვრო პატივმოყვარეობისა, ასევე მისი თავგამოდებული ბრძოლისა დემონის, ანუ უხილავი მტრის მიმართ. ეს უკანასკნელი რომ არ არსებობდეს, ადამიანის ცოდვით დაცემის ისტორიას დიდი ხნის წინ დაესმოდა წერტილი!

დღესდღეობით კი სამწუხარო ფაქტის წინაშე ვდგავართ: ადამიანის თავგამოდებული ბრძოლა დემონთან მეტისმეტად შესუსტებულია!

რატომ? 

თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანმა ნებაყოფლობით ტანჯვათა დათმენას რახან ნებაყოფლობითი განცხრომა-სიამენი ამჯობინა! 

დაივიწყეს, რომ ერთადერთი ფუფუნება, რომელიც შეგიძლია შეინარჩუნო ამქვეყნად, ესაა სულის მოჩუქურთმება სათნოებებით! ეს ფუფუნება იმითაცაა გამორჩეული, რომ ამსოფლიურ ქარიშხალსაც გადაგატანინებს და მარადიულობაშიც დაგაფუძნებს - უფლის სხივებქვეშ!

ათეისტები ამტკიცებენ, "ღმერთი იმას უნდა, ვისაც არაფერი აბადიაო!". დავით წინასწარმეტტველს რატომღა ნებადვა უფალი? მასაც არაფერი ებადა?!

ბობოლებო, გაფრთხილდით, არ მიეკაროთ ჭეშმარიტ ეკლესიას, რამეთუ საშიშია არ დაავადეთ სიღატაკის სურვილით, ანდა მლიქვნელობისა და განდიდების სიძულვილით, რომლებიც უეჭველად შეგიშლიან ხელს ამსოფლიურ წარმატებებში! მაშ, თავპირისმტვრევით გაექეცით "უსარგებლო" სათნოებებს, რადგან ამსოფლიური ძლიერება და დიდება, რომელიც ყალბი ბრილიანტივით ბზინავს, ვერასგზით დაივანებს იმ სათნოებების გვერდით, ასე დაჟინებით რომ მოითხოვს თქვენგან ჭეშმარიტი ეკლესია!

მომატყუებელია ის კმაყოფილებაც, რომელსაც ადამიანები ხანდახან სიკეთის გაცემაში ჰპოვებენ თუ ამ სიკეთის გაცემას თან არ ახლავს ღვთისმსახურების მართალი და გულწრფელი აღსრულება.

მერედა სადაა მართალი და მადლმოსილი ღვთისმსახურება?

როდესაც რელიგიას უყურებენ, როგორც ვალდებულებას, იგი მალე მოსაწყენი და საეჭვოც კი ხდება. ხოლო როცა შეიმეცნებენ, როგორც სიხარულს, მაშინ იგი ერთადერთ შვებად იქცევა წუთისოფელში.

ძნელი არაა იმ ეკლესიის ძიება და პოვნა, სადაც ღვთისმსახურება ჭეშმარიტ სიხარულადაა ქცეული, რადგან საყრდენად წმიდა მამათა შეურყვნელი და გადაუკეთებელ-შეუსწორებელი მოძღვრება აქვს, რომელთა გვირგვინიც წმიდა სჯულისკანონია.

ამიტომაც ჰქვია ამ ეკლესიას ძველმართლმადიდებლური!

მაგრამ ეკლესიას მხოლოდ მაშინ იპოვი, როცა ამსოფლიური დიდება გულს აღარ აგიჩქროლებს. დიდება ხომ ძალიან ჰგავს წვიმის დროს წყალზე წარმოშობილ წრეებს, უცებ რომ უჩინარდება და თუ წვიმასავით მუდმივი ხელისშემწყობი არ ჰყავს, სწრაფად გაქრება კიდეც!

ამიტომ ვეღარ იცლიან ვერასდროს დიდებისა და განცხრომის მოყვარულნი ეკლესიის საპოვნელად! არადა მხოლდ იქ, ჭეშმარიტ ეკლესიაში გახსენდება ლოცვით განბანილს, რომ ჭეშმარიტი სიბრალული და კაცთმოყვარეობა სწორედ მაშინ მჟღავნდება, როდესაც შენს წინაშე მდგარ ცოდვილს აგრძნობინებ, რომ შენც მისნაირი ხარ და არაფრით აღემატები! რომ, მართალია ღრმა ფიქრებით უახლოვდება ადამიანი სრულყოფილებას, მაგრამ უნდა ერიდოს ფიქრთა ისეთ მწვერვალზე ასვლას, სადაც შესაძლოა სულიერი ჟანგბადი არ ეყოს და მრავალთა მსგავსად ჭკუაზე შეიშალოს. ამიტომაც სრულყოფისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე, საიმედო და უშიშარი გზა უნდა ავირჩიოთ - ეკლესიური გზა. კადნიერებაა გასჯა იმ საკითხებისა, რომელთა განმარტების ნიჭიც მარტოდენ სრულყოფილი სულის მქონე ადამიანების, წმინდა მამებს მიჰმადლებიათ, რადგან მხოლოდ მათ ძალუძთ წმიდა საიდუმლოთა კარიბჭესთან მიახლოება. 

დაუშვებელია უფლის შემეცნება ისევე, როგორც უაზრობაა მიუწვდომლის ძალდატანებითი შეგნება. უფალს თაყვანი უნდა ვცეთ, ხოლო მიუწვდომელს რწმენით მივეახლოთ. ყველაზე დიადი და ღრმა ხომ ის სიბრძნეა, რომელიც გულში აგიზგიზებული სიყვარულის ცეცხლიდან იშვება! გული კი ჭეშმარიტი სიყვარულით მაშინაა აღსავსე, როდესაც უკიდურესად ზნედაცემულიც კი ვერ აღაშფოთებს და ვერ გააკვირვებს... კაცი, რომელმაც ლოცვა იცის, მაგრამ ჩხუბი უფრო ეხერხება, უფროსთა წინაშე თავის დამდაბლება იცის, მაგრამ მასზე სუსტის დამცირება უფრო ეხერხება, ორიოდე გროშის გამეტება იცი (სახელისთვის!), მაგრამ მილიონის მოხვეჭა უფრო ეხერხება, ასეთი კაცი თავის ირგვლივ ისეთ ჩრდილს ჰფენს, სადაც მხოლოდ სულის დამასნეულებელი უხილავი სოკოები ამოდის!

ბედნიერი ხომ მხოლოდ მაშინ ხარ, როცა შენს დანახვაზე ისე გამოეფინებიან ადამიანები თავთავიანთი  თავშესაფრიდან თითქოს მზეზე თბებიანო! მზე ხომ - ეს მათდამი შენი სიყვარული და სიკეთეა!

რომ, ის კი არაა გმირობა, როდესაც სჯერდები იმას, რაც რეალურად ხარ და მეტს ვერ ასწევ, არამედ ის, რომ იცი, ძალგიძს იყო პირველი და სჯერდები საკუთარი სურვილით, ბოლოდ ყოფნას!

რომ, ამსოფლიური ოცნებები ულმობელი უფსკრულია, სადაც საკუთარი სურვილით ფიფქებივით ნარინარად, მივფარფატებთ, მაგრამ მაინც რატომღაც, ყოველთვის მტკივნეულად ვახდენთ საბოლოოდ ზღართანს!"

რომ, მხოლოდ საკუთარ თავთან ბრძოლა აკაჟებს და აწრთობს ადამიანს, ხოლო სხვების წინააღმდეგ  არასჯულიერი ბრძოლა, რაოდენ მართალიც უნდა იყოს იგი, - დამანგრეველად ფიტავს!

რომ, ძლიერებაა, როდესც საკუთარ ნაკლოვანებებს აღიარებ, ხოლო სრულყოფილებაა, როდესაც ამ ნაკლოვანებებს ამოშანთავ!

რომ, სჯობს ჩრდილში იდგე და მითაც დაკმაყოფილდე, რადგან ჩრდილს, ანუ თვმდაბლობას მრავალი გადაურჩენია, ხოლო დიდებას, ანუ თაკარა მზეს, მრავალთათვის დაურტყამს თავში სასიკვდილოდ!

რომ, საკუთარ თავში ღირსებების ძებნა არაა საჭირო, პირიქით, უკეთურება უნდა ვეძიოთ! ხოლო სხვებისაში უკეთურების ძებნა არაა საჭირო! პირიქით, ღირსებები უნდა ვეძიოთ.

რომ, სასოწარკვეთა მაშინაა განსაკუთრებით საშიში, როდესაც მრისხანებითაა გაჯერებული! ხოლო მრისხანება სასოწარკვეთის გარეშე - მკურნალობას დაქვემდებარებული სულიერი წყლულია! 

განა მხოლოდ ღვთის შიში არ განაშორებს ადამიანს ამსოფლიური ათასნაირი გაბრუებისა და საცდურისგან!

რომ, სასიხარულო სულისათვის მაშინ არის საშიში, როდესაც მას სიძულვილი ბადებს! ხოლო, როცა სიხარული სიყვარულისგან იშვება, მაშინ იგი სულის სხვადასხვა იარებს მალამოდ ეცხება!

აი, რამდენ მტკივნეულ საკითხზე გაფიქრებინებს ჭეშმარიტი ეკლესიის მადლმოსილება! ამიტომაც უნდა ეძიოს იგი ყოველში გონიერმა, გადადრჩენის მოსურნე ადამიანმა!

დღეს კი, სამწუხაროდ, ადამიანები ცდილობენ გაჭირვებიდან თავდასაღწევად ვინმეს ჩაებღაუჭონ და ვერ ამჩნევენ, რომ "ის ვინმე" მათსავით ქმნილი, მოკვდავი, ადვილად დასამარცხებელი ადამიანია და ამიტომაც სჯობს საშველად დაუმარცხებელს, უქმნელს და უკვდავს - იესუ ქრისტეს ჩაებღაუჭონ, მხოლოდშობილ ძეს ღვთისას!

ღმერთო, უშველე ყველა შენს მოსურნეს, ამენ.