აპოლოგეტიკა - ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო_10 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?

საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
ძველმართლმადიდებლური ლიტურგია


10. უხეირო “შპარგალკა”

ლოგიკის კანონების სრული იგნორირებით და საკითხში ჩაუხედავი მკითხველის გაბიაბრუების აშკარა სურვილით არის გამსჭვალული ოპონენტების სხვა “სამხილიც”. მათ შემოგვთავაზეს მაგალითი, რომელიც თურმე წარმოადგენს ნიმუშს თუ როგორ უნდა იგმობოდეს მწვალებლობა და მწვალებლები. ასეთ “ნიმუშად” კი დაგვისახეს IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე კრების მამათა მოთხოვნა ნეტარი თეოდორიტესგან საკუთარი მცდარი შეხედულებების მსწრაფლდაგმობისა. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე და ძლიერ შეყვარებულმა ოპონენტებმა ამ “ნიმუშს” უწოდეს “შპარგალკა”, რითაც ქედმაღლურად მიგვანიშნეს, რომ ჩვენნაირ “უმეცრებს” მათმა “უმაღლესობებმა” მოგვაწოდეს ცნობა თუ როგორ უნდა მოგვეთხოვა ჩვენი პირველიერარქისგან საკუთარ ცთომილებათა უარყოფა. თუ სასკოლო ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ჩვენმა “ოროსანმა” ოპონენტებმა ხეირიანად “შპარგალკის” მოწოდებაც კი არ იციან.

ბიულეტენ “მართლმადიდებელში” (#5 (16) 1998 წ. გვ. 7-8) “ივერიის გაბრწყინების” რედაქციას განვუმარტეთ ერეტიკოსთა საქმეთწარმოებისა და ერესთა დაგმობის მსოფლიო საეკლესიო კრებებზე გამომუშავებული ძირითადი სქემა. (იხ. დანართი 2 გვ. 103, 104) ამის მიზეზი ის იყო, რომ ოპონენტებმა ერეტიკოსთა (და ერესთა) დაგმობის „ნიმუშად“ წარმოგვიდგინეს ერთი პიროვნების, კერძოდ, ეპ. თეოდორიტესადმი IV მსოფლიო კრების მოთხოვნა. მაშინ კრებამ ამ მამისგან მისი მცდარი შეხედულებების მსწრაფლდაგმობა მოითხოვა. მაგრამ ოპონენტებმა, მათთვის დამახასიათებელი პროპაგანდისტულ-დემაგოგიური ხრიკებით, დაუმალეს მკითხველს ის ფაქტი, რომ ნეტარი თეოდორიტესთვის IV მსოფლიო კრება საკმაოდ ხანგრძლივი გაფრთხილებისა და ნეტარ კირილე ალექსანდრიელის 24 ანათემატიზმის შემდგომ წარმოადგენდა ბოლო ინსტანციას, უკანასკნელ გაფრთხილებას. ამიტომაც ვწერდით, რომ არც ერთ წმიდა მსოფლიო კრებას არც ერთი ერეტიკოსი ასეთ “ცაიტნოტში” – არ ჩაუყენებია” (იხ. დანართი 2 გვ. 102). არ ყოფილა “ცაიტნოტი” კრების მოთხოვნა თეოდორიტესთვისაც, რამეთუ მასთან ხანგრძლივი პოლემიკის შემდეგ კრებამ სრულიად სამართლიანად მოითხოვა შეთვისებულ ცთომილებათა მსწრაფლდაგმობა. ასეთი იყო ჩვენი განმარტების შინაარსი, რომელიც წმ. მსოფლიო კრებათა საქმეთწარმოებებს ეყრდნობოდა; ბრძენი ზირაქისა არ იყოს, გვეგონა “მოისმენდნენ ბრძნულ სიტყვას, შეაქებდნენ მას და თავადაც შეითვისებდნენ” (შეად. სიბრძნე ზირაქისა 21:15) მაგრამ “რაღა დანგრეული სახლი და რაღა სიბრძნე ბრიყვთათვის” (ზირაქი 21:18) მათი გონება “გატეხილ ჭურჭელს ჰგავს, ვერავითარ სიბრძნეს ვერ დაიჭერს” (სიბრძნე ზირაქისა 21:14). ამის დამადასტურებელია ოპონენტთა მეორე “ნიმუში”, რომელიც მათი ბიულეტენის მე-6 (27) ნომერშია მოტანილი. კერძოდ, ოპონენტები ჩვენი საფუძვლიანი, ეკლესიის საკრებო საქმეთწარმოებაზე დაფუძნებული განმარტების მიუხედავად (რომელსაც რატომღაც “თვითშემოქმედებას” უწოდებენ), ერეტიკულ სწავლებათა კვლავ გამოუკვლეველი და მსწრაფლდაგმობის მომხრეებად რჩებიან, საკუთარი მსჯელობის “მართებულობის დასტურად” კი უხმობენ შემდეგ ფაქტს: “რომის მართლმადიდებელმა პაპმა ცელესტინმა (Vს.) სახელგანთქმულ მწვალებელ ნესტორიოსსა და მის მიმდევარ ეპისკოპოსებს გაუგზავნა ულტიმატუმი, რომელშიც მოითხოვა მათგან მათეული მწვალებლობის უარყოფა წერილის მიღებიდან 10 დღის ვადაში! (იხ. Н. Тальберг – История Христианской Церкви. ч. 1. стр. 149 Москва 1991 г.)”.

ტალბერგის წიგნიდან დამოწმებულ ამ ადგილს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, ჯერ კი გვსურს, ვაჩვენოთ ოპონენტთა მსჯელობის ალოგიკურობა, თეოდორიტეს შემთხვევაში მათ მსწრაფლდაგმობის საბუთად მოიტანეს მსოფლიო კრების მოთხოვნა, ხოლო ამჯერად, ნესტორის შემთხვევაში, საბუთად ერთი ეპისკოპოსის, კერძოდ, რომის პაპის ცელესტინესა და მის მიერ შეკრებილი ერთი ადგილობრივი კრების მოთხოვნა მოიშველიეს. შეიძლება ვინმემ იკითხოს: მერე რა! ხომ დასაშვებია, რომ მსოფლიო და ადგილობრივი ეკლესიების კრებები ერესის მსწრაფლდაგმობის ერთი და იგივე პრინციპით მოქმედებდნენ? ჩვენ ვუპასუხებთ, ჭეშმარიტად შეუძლებელია (თუ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაიმე გამონაკლისთან არა გვაქვს საქმე), ადგილობრივი ეკლესიის საქმისწარმოება მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებულ საქმისწარმოებებს ეწინააღმდეგებოდეს; ოპონენტების მიერ მოწოდებული “მეორე ნიმუშის” მთელი “საიდუმლო” იმაში მდგომარეობს, რომ ისიც, პირველი “ნიმუშის” მსგავსად, ისტორიულ-სიტუაციური ქვეტექსტებიდან არის ამოგლეჯილი. ეს მეთოდი “გაქანებული” ერეტიკოსების ხელობაა, რომელთა შესახებაც ჯერ კიდევ IV საუკუნეში ბრძანებდა წმ. იოანე ოქროპირი: “არასაკმარისია რაიმეს შესახებ თქმა იმისა, რომ ეს წერილში წერია, არ არის ჯეროვანი ქვეტექსტიდან სიტყვების მოწყვეტა, ღმრთივშთაგონებული წერილის სხეულიდან მისი ნაწილების ამოგლეჯა, მათი ცალკე აღება ერთმანეთთან დაუკავშირებლად და თვითნებობითა და უპასუხისმგებლობით მათი შერყვნა.

ამგვარად, ეშმაკის შეწევნით, რომელიც უდარდელ ადამიანებს წერილში გამოთქმული აზრების დამახინჯებულად განმარტებასა და შემატება-შემოკლებებით ჭეშმარიტების გაბუნდოვნებას ასწავლის, შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში მრავალი არასწორი შეხედულება. ამიტომაც რაიმეზე იმის თქმა, რომ ეს წერილში წერია, სულაც არ არის საკმარისი. საჭიროა საუბრის მთლიანობაში წაკითხვა, რამეთუ, გამოთქმათა ურთიერთკავშირს თუ დავარღვევთ, მრავალი გაუგებრობა წარმოიქმნება; ასე, მაგალითად, წმ. წერილში შეიძლება წავიკითხოთ: “არა არს ღმერთი” (ფსალმ. 13:1), ან “დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არა – ხილვად სრულიად” (ფსალმ. 9:32) ან კიდევ “ღმერთმან მან არა გამოიძიოს” (ფსალმ. 9:34). ამასთანავე, არათუ არ უნდა გავწყვიტოთ ესა თუ ის აზრი, არამედ წერილის გამონათქვამები ყოველგვარი მიმატების (ან შემოკლების) გარეშე სრულიად უნდა დავიმოწმოთ... ასეთია ეშმაკის მზაკვრობა, რომელის შემატება-შემოკლებით, არ შერყვნით, ან საგნის ყალბი განმარტებით წარმწყმედელ აზრებს ამკვიდრებს” (Св. Иоанн Златоустый. Творения т. 6. стр. 445-446).

ოპონენტთა ქმედება და მათი აზრებიც ეშმაკის მიერ არის შთაგონებული. იგივე წმ. მამა ბრძანებს: “იმიტომაც აბნევენ ერეტიკოსები მათთან მოსაუბრეთ, რომ ნდობით ვეკიდებით მათ და (მათ ნათქვამს) საღმრთო წერილის კანონებს არ ვუქვემდებარებთ”; მაშ, როგორ მოვიქცეთ? წმიდა იოანე გვირჩევს: “წმ. წერილის მოწმობები კედლად შემოარტყით მას, და პირის გაღების შემძლებელიც ვერ იქნება” (იქვე გვ. 559 ციტ. დასახ. ნაშრ. გვ. 15) ოპონენტთა ზერელეობის საჩვენებლად წმ. წერილის დამოწმებაც კი არ გვჭირდება, მათი გამტყუნება სულ იოლია ტალბერგი მათგანვე დამოწმებული წიგნიდან, რომელშიც ერეტიკოს ნესტორის საკრებო განკითხვის ის წესია ნაჩვენები, ჩვენს მიერ გადმოცემულ სქემაშიაც რომ აღიწერა (იხ. დანართი 2 გვ. 103-104) და რომელსაც ოპონენტებმა ჩვეული ენაკვიმატობით უწოდეს “თვითშემოქმედება”.

ახლა კი ვნახოთ, როგორ არის გადმოცემული ნ. ტალბერგის წიგნში ნესტორის მხილებასთან დაკავშირებული შემთხვევა. ტალბერგის გადმოცემით, ნესტორის მწვალებლობა არ არის საკუთრივ ნესტორისა, არამედ ანტიოქიელი პრესვიტერის დიოდორე ტარსელის (გარდ. 394 წ.) გამონაგონია. ეს იყო პირველი ერესი, რომელიც ქრისტეში ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებათა შეერთების სახისა და ურთიერთმიმართების მეცნიერული ახსნის მცდელობის შედეგად წარმოიშვა. დიოდორე ტარსელის შემდეგ ამგვარი მცდელობიდან აღმოცენებული მწვალებლური შეხედულებები მისმა მოწაფე თეოდორემ, მომფსვეტელმა (გარდ. 429) ეპისკოპოსმა განავითარა. *(იხ. Н. Тальберг – “История Христианской Церкви”. стр. 147-148 Москва 1991 г).

ტალბერგი წერს: “მანამ სანამ დიოდორე ტარასელისა და თეოდორე მომფსვეტელის სწავლება მოქცეული იყო მათ თხზულებებში და ვრცელდებოდა როგორც მათი კერძო შეხედულება (ხაზგასმა ჩვენია – არქიეპ.პ.), საღვთისმეტყველო საკითხებით დასაქმებულ ადამიანთა წრეებში უარყოფასა და გაკიცხვას არ წაწყდომია. მაგრამ როდესაც კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა ნესტორიმ ამ მოძღვრების ზოგადასაეკლესიო (ხაზგასმა ავტორისაა – არქიეპ.პ.) სწავლების რანგში აყვანა განიზრახა, ეკლესიამ ის ერესად შერაცხა, გაილაშქრა და საჯაროდ გაკიცხა”. აქ არ შევუდგებით ამ ერესის წარმოქმნის მიზეზების და თვით მისი არსის დეტალურ დახასიათებას, აღვწერთ მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო პროცესს: როგორ ამხილა ეკლესიამ ნესტორი და როგორ მოხდა როგორც მისი, ასევე მისი მწვალებლობის დამხობა.

ნესტორის მწვალებლური აზროვნების გამო მღელვარება ჯერ კონსტანტინოპოლში დაიწყო. მას ბრალს სდებდნენ პავლე სამოსატელის ერესში. ნესტორი იწყებს თავის მოწინააღმდეგეთა დევნას. ამ მიზნით კონსტანტინოპოლში იწვევს კრებას (429 წ.). ხმები კონსტანტინოპოლში მომხდარი უთანხმოების შესახებ სხვა ეკლესიებშიც აღწევს, ანტიოქიასა და სირიაში ნესტორს მრავალი ემხრობა, ალექსანდრიასა და რომში კი მძლავრ წინააღმდეგობას აწყდება. ამ დროისთვის ალექსანდრიის ეპისკოპოსია წმ. კირილე (412 წ-დან), რომელიც სააღდგომო ეპისტოლეში გადმოსცემს ნესტორის მწვალებლობის მავნეობას, მაგრამ ნესტორზე კირილეს შეგონება არ მოქმედებს და კირილესადმი მიწერილ წერილში იცავს ამ სწავლებას. მაშინ კირილე ნესტორის სწავლების შესახებ ამცნობს იმპერატორ თეოდოსი II და მის მეუღლე ევდოქსიას, ასევე იმპერატორის და პულხერიას; ამასთან, ნესტორის ერესის შესახებ აუწყებს რომის პაპ ცელესტინეს. ნესტორი კვლავ იცავს თავის სწავლებას. მაშინ ცელესტინე რომში იწვევს კრებას (430 წ), კიცხავს ნესტორის მოძღვრებას და სასულიერო პატივისაგან დამხობისა და განკვეთის მუქარით ითხოვს მისგან, 10 დღის განმავლობაში უარყოს თავისი მოსაზრება. რომის კრების დადგენილება ნესტორისა და კირილეს მეშვეობით გაეგზავნა აღმოსავლელ ეპისკოპოსებსაც. კირილემ აუწყა აღმოსავლელ ეპისკოპოსებს რომის კრების გადაწყვეტილება. კირილე აფრთხილებს ანტიოქიის არქიეპისკოპოსს იოანეს (რომლის კლერიკოსთაგან გამოვიდა ნესტორი), დაიცვას მართლმადიდებლობა, რათა ანტიოქიის ოლქმა მხარი არ დაუჭიროს ნესტორს და არ შეიქნას რომისა და ალექსანდრიის ეკლესიებთან განხეთქილების მიზეზი. ამ გაფრთხილებით დაშინებული იოანე ნესტორს ურჩევს, ყოვლადწმიდა ქალწულთან დაკავშირებით გამოიყენოს ის სახელწოდებები, რაც ძველ მამათაგან გადმოგვეცა. ამავე დროს, ალექსანდრიის კრებაზე კირილე (430 წ.) გმობს ნესტორის სწავლებას და სცემს 12 ანათემატიზმს, რომლებიც მიმართულია ნესტორის სწავლების სამხილებლად. თავის მხრიდან ნესტორმა ამ ანათემატიზმებს 12 ანათემატიზმით უპასუხა. ნესტორის ანათემატიზმები მიმართული იყო კირილეს წინააღმდეგ და საკუთარი მწვალებლობის დასაცავად. კირილეს აუმხედრდნენ სირიელი ეპისკოპოსები. ნეტარმა თეოდორიტემ, კვირელმა ეპისკოპოსმა დაიწყო კირილეს ანათემატიზმების უარყოფა. უთანხმოების აღმოსაფხვრელად იმპერატორმა თეოდოსი II გადაწყვიტა მსოფლიო კრების მოწვევა. ამ დროს თეოდოსის ნესტორის მხარე ეჭირა. ის იმედოვნებდა, რომ მისი (ე.ი. ნესტორის) მოძღვრება ამ კრებაზე გაიმარჯვებდა (შეად. ნ. ტალბერგის დასახ. შრ. გვ. 148-150).

ასეთი იყო ვითარება მე-3 მსოფლიო კრების წინ.

ახლა ვნახოთ, როგორი იყო კრების საქმისწარმოება ნესტორთან დაკავშირებით. მესამე მსოფლიო კრება მოწვეულ იქნა 431 წ. პირველი სხდომა ჩატარდა 22 ივნისს. ნესტორსა და მის მომხრე ეპისკოპოსთ კრებამ სამჯერ მოუწოდა: პირველად – უშუალოდ კრების დაწყების წინ. მეორედ და მესამედ კი კრების დაწყებისას. ნესტორი არც ერთ ამ მოწოდებაზე არ გამოცხადდა. მაშინ კრებამ გადაწყვიტა საქმის ნესტორის გარეშე განხილვა.

წაკითხული იქნა ნიკეო-კონსტანტინოპოლის კრებათა სიმბოლო (“მრწამსი”), ასევე, ნესტორისადმი მიწერილი ეპისტოლეები, კირილეს ანათემატიზმები, ნესტორის ეპისტოლე კირილეს მიმართ, მისი ქადაგებები და სხვა. მამებმა კირილეს ეპისტოლეები აღიარეს მართლმადიდებლურად, ხოლო ნესტორის ეპისტოლეები და ჰომილიები არამართლმადიდებლურად. ამის შემდეგ მამებმა შეამოწმეს თუ როგორ ასწავლიდა ნესტორი ამჟამად, იქნებ უარყოო თავისი მოსაზრება. უკვე ეფესოშივე ნესტორთან მოსაუბრე ეპისკოპოსების მოწმობით აღმოჩნდა, რომ იგი კვლავ თავისი შეხედულებების მიმყოლია. და ბოლოს, წაკითხულ იქნა ამონაწერები იმ წმიდა მამათა თხზულებებიდან, რომლებიც ქრისტეს პიროვნების შესახებ წერდნენ. აღმოჩნდა, რომ ნესტორი აქაც ეწინააღმდეგება მათ სწავლებას. ყველა ამ გარემოების აწონ-დაწონვის შემდეგ ეფესოს კრების (ე.ი. III მსოფლიო კრების) მამებმა ნესტორის სწავლება აღიარეს მწვალებლობად, ჩამოართვეს მას ეპისკოპოსის ხარისხი და განკვეთეს ეკლესიიდან... თავად ნესტორს განაჩენი გამოუცხადეს მეორე დღეს. *(იხ. ნ. ტალბერგი. დასახ. ნაშრ. გვ. 151-152).

აი, მოკლედ ასეთი იყო ნესტორის დაგმობის მთელი ისტორია. ეს არის მსოფლიო საეკლესიო კრების საქმისწარმოება ერეტიკული მოძღვრებებისა და ერეტიკოსთა დამხობის სფეროში. შეადარეთ იგი (და, თუ გნებავთ, ერეტიკოსებთან და ერეტიკულ მოძღვრებებთან დაკავშირებული შვიდივე მსოფლიო კრების საქმისწარმოება) ჩვენს მიერ მოკლედ აღწერილ მსოფლიო საეკლესიო კრებათა მიერ შემუშავებულ საქმისწარმოებას (იხ. დანართი 2 გვ. 103-104) და დარწმუნდებით, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ გახლავთ ჩვენი “თვითშემოქმედება”.

მოკლედ, წმ. მამებმა და ასევე მსოფლიო კრებამ, ნესტორის სწავლების მხილების მიუხედავად მყის, მსწრაფლდაგმობით როდი მოითხოვეს მისი დამხობა, არამედ საკმაო დრო მისცეს გონს მოსასვლელად. რაც შეეხება პაპ ცელესტინეს მიერ მოწვეული კრების მოთხოვნას ნესტორისადმი, 10 დღეში დაეგმო თავისი მწვალებლობა, ეს ეპისკოპოსთა და, გნებავთ, ადგილობრივი კრების კერძო უფლებაა, რომელიც, როგორც ნახეთ, არ დაკმაყოფილებულა, რამეთუ მსოფლიო კრებებს არასოდეს არ ჩაუყენებიათ ასეთ ცაიტნოტში არც ერთი ერეტიკოსი. წმიდა მამებს არასოდეს დაზარებიათ ცთომილ ადამიანთა ხანგრძლივი შეგონება. ჭეშმარიტად, ღმერთს არ ნებავს კაცთა წარწყმედა, რადგან “შემბრალეა, მოწყალეა და ცოდვათა მიმტევებელია” (შეად. სიბრძნე ზირაქისა 2:11).

ამრიგად, “ეშმაკისეული შთაგონებით და გონებადაბნელებით” ოპონენტებმა განხილული ისტორიული ქვეტექსტიდან ამოგლიჯეს პაპ ცელესტინეს მოთხოვნა და საქმე ისე წარმოაჩინეს, თითქოსდა ერეტიკოსთა მხილების საქმეში ეკლესიის პრინციპი ერეტიკოსთა ცაიტნოტში ჩაყენება და ერეტიკულ სწავლებათა მსწრაფლდაგმობის მოთხოვნა ყოფილიყოს. თვით ერესი, უეჭველია, აღმოჩენისთანავე უარიყოფა და იგმობა, მაგრამ, რადგანაც მწვალებლობით შეპყრობილთ ამგვარი გადაწყვეტილება უნდა დაუმტკიცო, ეკლესია, რა თქმა უნდა, იძლევა ამის შესაძლებლობას და მანამ, სანამ ყოველმხრივ არ დამტკიცდება მწვალებლობა ამა თუ იმ აზრისა, არ ითხოვს ერეტიკოსის მსწრაფლდაგმობას. ესეც არ იყოს, ცალკეულ საეკლესიო მოღვაწეთა და წმ. მამათა მოქმედება ამ შემთხვევაში ეკლესიის საზოგადო პრინციპს ვერ დაჩრდილავს.

რადგანაც ოპონენტთა პრეტენზია ნეტ. თეოდორიტეს მიმართ IV მსოფ. კრების მოთხოვნის მაგალითით დაიწყო (რომელიც შემდგომ პაპ ცელესტინეს მოთხოვნითაც “შეამაგრეს”), ამ შემთხვევასაც უფრო ახლოს გავეცნოთ და კვლავ ნათლად დავინახოთ ოპონენტთა მზაკვრობა.

“სამი დღის შემდეგ (ეფესოს მესამე მსოფლ. კრების დამთავრებიდან – არქიეპ.პ.) (ეფესოში) ჩამოვიდა ანტიოქიელი პატრიარქი იოანე მრავალ ეპისკოპოსთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ თეოდორიტე კვირელი და ეფესოელი ეპისკოპოსი იბა. განაწყენებულნი იმაზე, რომ მათ არყოფნას კრებამ არ მიაქცია ყურადღება – მათ ნესტორის დამხობის გამო გამოთქვეს უკმაყოფილება და ყოვლად უსაფუძვლოდ დაამხეს წმიდა კირილე მემნონ ეფესოელთან ერთად. *(Матфей Влатарь. «Синтагма», начало буквы «А». «О распре, бывшим между св. Кириллом и блаж. Феодоритом» Москва 1996 г. с. 55) ეს კია, იოანე ანტიოქიელი სხვა აღმოსავლელ ეპისკოპოსებთან ერთად ტარსში და ანტიოქიაში ჩატარებული კრებების შემდეგ კირილეს შეურიგდა (ნ. ტალბერგის დასახ. ნაშრ. გვ. 153-154). ამით განაწყენებული ნესტორის მომხრეები ამჯერად იოანე ანტიოქიელს აუმხედრდნენ, დასწამეს რა ღალატი, სირიაში შექმნეს მძლავრი პარტია. მათ შორის იყო ნეტ. თეოდორიტე კვირელიც (იქვე. გვ. 155). მართალია, ის გმობდა ნესტორის ცთომილებას და ეთანხმებოდა მართლმადიდებლურ სწავლებას, მაგრამ არ სურდა, დათანხმებოდა ნესტორის დამხობას. იბასთან ერთად თეოდორიტეს ეჭვი შეჰქონდა წმ. კირილეს მართლმადიდებლურობაში (იქვე) “ამავე დროს თეოდორიტემ დიდი კირილეს მიერ ნესტორის ბოროტმორწმუნეობის სამხილებლად და მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად დაწერილი 12 თავის უარსაყოფი ამდენივე თავნი შეთხზა. მსგავსადვე მოიქცა იბაც, ამის შემდეგ მათ შორის (ე.ი. კირილესა და თეოდორიტეს შორის – არქიეპ.პ.) წარმოიშვა დიდი დავა. ასე, რომ კრებამ ამ მღვდელმთავართა (თეოდორიტესა და იბას – მ.პ.), როგორც ნესტორის თანამოაზრეებისა კვლავ დამხობა დაამტკიცა” (მათე ბლასტარისი. “სინტაგმა” გვ. 55). და აი, ყოველივე ამის შემდეგ IV მსოფლიო კრებამ ერთ-ერთ სხდომაზე თეოდორიტესაგან მწვალებლობის მსწრაფლდაგმობა მოითხოვა. ერთიც ვიკითხოთ: “რამდენი ხნის განმავლობაში უყურებდა შემწყნარებლურად (მოქცევის იმედით) მსოფლიო ეკლესია თეოდორიტეს მოქმედებას? – ვუპასუხებთ: თითქმის ორი მსოფლიო კრების (III-IV) შუალედში. ასე, რომ ოპონენტები მოტყუებით ცდილობენ ერესის მსწრაფლდაგმობის ზოგადსაეკლესიო წესად წარმოჩენას მთლიანი ისტორიული ვითარებებისგან კონკრეტული მოთხოვნების მოწყვეტით, ანუ ისტორიული ქვეტექსტებიდან კონკრეტული სიტუაციის ამოგლეჯით. ასე წარმოაჩინეს მათ ნეტ. თეოდორიტეს საქმეც და პაპ ცელესტინეს მოთხოვნაც.

წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: “თუ დაინახავ ვინმეს, რომელიც საკუთარი მოსაზრებებისაგან აღძრული საღმრთო წერილს ეწინააღმდეგება, განეშორე მას როგორც ჭკუაშეშლილს, თუმცა უმჯობესია შეიწყალო და მის უგუნურებას უპასუხო წმ. წერილიდან” *(Беседы на Бытия. Киев 1773, беседа 10, л. 50. По изд. СПБ 1898 т. 4 с. 80, п.б.) ღმერთია მოწმე და მკითხველიც დაგვეთანხმება, რომ ოპონენტთა სამხილებლად მაქსიმალურად და დაუმახინჯებლად ვცდილობთ წმ. ტექსტთა დამოწმებას და არა “თვითშემოქმედებით”, როგორც ისინი გვაბრალებენ. მათზე ჭეშმარიტად ზედგამოჭრილია წმ. კონსტანტინე დიდის სიტყვები: “... ბოროტმზრახველი კომენტატორი ჭეშმარიტად ერთგვარი ხატება და მსგავსებაა ეშმაკისა” *(Деяние 1 Всел. собора, гл. 4. с. 32. изд. 1887 г. Послание св. равноап. царя Константина).

ღვარძლითა და ამპარტავნებით შეპყრობილ ჩვენს ოპონენტებს, ვგონებ, მეხსიერებაც ღალატობთ. ისინი მოითხოვნდნენ: “ძვირფასო თანამემამულენო! სანამ თქვენ ოფიციალურად არ შეაფასებთ და არ დაგმობთ თქვენი ორგანიზაციის აღნიშნულ თეორიულ და პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, ვითარცა – ერესიარქისეულ ერეტიკულ თხზულებას, და მკვეთრად არ გაემიჯნებით მის ავტორს, მისივე მხრიდან საკუთარი წერილობითი საცთურის ჯიუტად დაცვის შემთხვევაში, - ... სამართლიანად კვალიფიკაციას მოგცემთ, როგორც – “სტაროვერების” წიაღიდან გამოსულ სექტანტ ერეტიკოსებს...” *(“ივერიის გაბრწყინება” #3 (24) 1998 წ. გვ. 17 სვ. 3) მაგრამ ეპისკოპოს იონას თავისი შეცდომები ჯიუტად არ დაუცავს, პირიქით (იმის გამო, რომ პოლემიკას “ივერიის გაბრწყინებასთან” ჩვენ ვაწარმოებდით), მისი სახელით შესაბამისი განცხადებების გაკეთების უფლებამოსილებაც მოგვანიჭა (იხ. დანართი 2 გვ. 101). “ივერიის გაბრწყინებისადმი” მიწერილ საპასუხო წერილშიც თავისი შეცდომები არ დაუმალავს. მაგრამ ოპონენტებს, როგორც ჩანს, დაავიწყდათ მათ მიერვე წამოყენებული პირობა.

ამრიგად, არ არსებობს არავითარი კანონიკური წყარო, რომლის თანახმადაც მთლიანად ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი პირველიერარქის ერეტიკოსად გამოცხადება იყოს შესაძლებელი. ხოლო უცოდინრობით გამოწვეული გარკვეული ცთომილებებისათვის, რომელთაგან დაზღვეული არავინ არის, ადამიანი ერეტიკოსად ვერ გამოცხადდება, თუ ჯიუტად მიეკრობა თავის ცთომილებას და ამავე სიჯიუტით არ დაიწყებს მის დაცვას. ამის შესახებ ასე ბრძანებდნენ წმ. მამები: წმ. იოანე ოქროპირისა (IV) და ღირ. მაქსიმე ბერძენის (XVI) სწავლებით – “ვინც დარიგების მიუხედავად, მტკიცედ მიეკრობა თავის ყალბ მოსაზრებას და ჭეშმარიტების წინააღმდეგ გაილაშქრებს იმ ზომით, რომ მართლმადიდებლად მოქცევის იმედსაც კი არ ტოვებს – ერეტიკოსია. ხოლო თუ უცოდინარობით მოსდიოდეს შეცდომა – შეცდომილად იწოდება და არა ერეტიკოსად”. *(სლავურად ასეა: «Еретик об он есть, кто мнению своему лживому крепце прилепляется и известною совестию истине верно и противу глаголем, жестоце без надежды исправления. Аще бо от неведения сие сотворим, тогда каречется заблудник, А НЕ ЕРЕТИК». Сочинения преп. Максима грека. ч. 1, печ. Казань 1859 г. гл. 25. с. 528 по друг. изд. 1894 г. с. 421).

სრულყოფილებისათვის პასუხი უნდა გავცეთ ოპონენტთა კიდევ ერთ შენიშვნას; ისინი წერენ: “საკრებო გამოძიებას საჭიროებს ახალი მწვალებლობა, და არა – უკვე გამოძიებული და მხილებული; იმისათვის, რასაც ეკლესიამ ადრე განაჩენი გამოუტანა, აწ ხელახალი მოკვლევა სრულიად ზედმეტია; მაგალითად, არიოზის მწვალებლობის კლასიკური სახით რეანიმირება, რომ მოხდეს თანამედროვე კაცობრიობაში, მის მხილებას მე-8 მსოფლიო კრების მოწვევა ნამდვილად აღარ დასჭირდება! თუკი თანამედროვე ერეტიკოსი რაიმე გარდასულ, ეკლესიის მიერ უკვე მსჯავრდებულ, წვალებას ქადაგებს, - საკმარისია ამ ცრუსწავლების საჯარო-საღვთისმეტყველო გამოაშკარავება და იმ ძველ დედა-ერესთან იდენტიფიცირება, ხოლო ცრუმოძღვრისაგან – თავისი სულიერი მავნებლობის დაგმობის მოთხოვნა! ბატონი მურთაზ ჩახავა, როგორც “დისპუტის წინაპირობაშიც” წარმოვაჩინეთ, პროპაგანდას უწევს (?) ეკლესიის მიერ ადრევე მხილებულ და კლასიფიცირებულ ბოროტსჯულიერებას, “პლატონიკოსთა ერესი” იქნება ეს, თუ “ფილეტური მწვალებლობა”, - ამიტომ მისგან მკაფიო და საბოლოო პოზიციის დროულად გამოკვეთაა მოსათხოვი, ხოლო ხორავასეული (?) სქემის ჩახავასადმი მიყენებებით “დროის გაყვანის ტაქტიკის” რეალიზება მოხდება და სხვა არაფერი!” (ხაზგასმა ავტორებისაა – არქიეპ.პ.) (“ივ. გაბრწყინება” #6 (27) 1998 წ. გვ. 13. სვ. 1-2) სწორედ ამ მტკიცების დასტურად მოიტანეს მათ რომის პაპ ცელესტინეს მაგალითი, რომლის უადგილობა და უსუსურობა ზემოთ ვაჩვენეთ, ამჯერად კი ამ მოსაზრებას მცირე კომენტარს დავურთავთ: ჩვენ ვეთანხმებით აზრს, რომ იმ ერესების ხელახალი რეანიმირება რომ მოხდეს, რომლებიც უკვე დაამხეს მსოფლიო კრებებმა, ახალი მსოფლიო კრებების მოწვევა საჭირო აღარ იქნება, მაგრამ ეპისკოპოს იონას ნაშრომში მოცემული არ არის არც ერთი ცთომილება, რომლებიც მსოფლიო კრებათა მიერ იქნა განკითხული. სხვაგავარად რომ ვთქვათ, ის ცთომილებანი, არც ერთ მსოფლიო კრების მსჯელობის საგანი არ გამხდარა. აქ მოცემულ ცთომილებათა უარყოფა მოცემულია წმ. მამათა ცალკეულ თხზულებებში, რაც, შესაძლებელია, არ ვიცოდეთ ან ხელთ არ გვქონდეს, ხოლო ოპონენტი (ანუ შეცთომილი) ითხოვს მის დამტკიცებას, ამიტომაც მსოფლიო კრებებისმიერი სქემა აქ საჭიროა და სწორედ იმისათვის, რათა, როგორც ოპონენტებიც ბრძანებენ, მოხდეს ამა თუ იმ ცრუსწავლების “საჯარო საღვთისმეტყველო გამოაშკარავება” და იმ ძველ დედა-ერესთან იდენტიფიცირება, ხოლო შემცდარი მოძღვრისგან “თავისი ცთომილების დაგმობის მოთხოვნა”.

სწორედ ასეთი დამოკიდებულება არსებობს დღეს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასა და მის ეპისკოპოსს შორის. რაც შეეხება ოპონენტთა ბოროტ სიჯიუტეს, რომლის მიხედვითაც თურმე “ბატონი მურთაზ ჩახავა.. პროპაგანდას (?) უწევს ეკლესიის მიერ ადრევე მხილებულ და კლასიფიცირებულ ბოროტსჯულიერებას...” იგი ჩვენი მრავალგზისი განცხადებებისა და თვით ეპისკოპოს იონას განცხადებების ფონზე (იხ. დანართი 1,2 და “მართლმადიდებელი” #6 (17) 1998 წ. გვ. 3-5) უკვე აშკარაა ცილისწამებაა!
ამრიგად, ოპონენტების მთელი მსჯელობა ალოგიკურია. ისინი ვერ აკმაყოფილებენ სწორი აზროვნების ელემენტარულ პირობებს და ლოგიკის წესებისა და კანონების უარმყოფელნი ბრძანდებიან.
კერძოდ:

1) ოპონენტებს თავიანთი დებულებები გამოჰყავთ მცდარი დებულებებიდან; რის გამოც მათი “ლოგიკური შენობები” ხუხულასავით ინგრევა.

2) ლოგიკური დასკვნის წესები დარღვეულია, რამეთუ ყველა მათგანი გამოტანილია მცდარი დებულებიდან.

3) სადავო პრობლემებში მათი არგუმენტირება მცდარია.

4) არ გვაძლევენ ცნებათა განსაზღვრებებს, რის გამოც ზოგჯერ “ალთას” არიან და ზოგჯერ “ბალთას”.

5) საფუძლვად გამოყენებული აქვთ მცდარი დებულებები.

6) ოპონენტთა ბრალდებები წინააღმდეგობრივია. ანუ:

ერთი და იგივე სიტუაცია ჩვენთან კამათისას გააზრებულია და “გონების გამოღვიძებად”, “ერესად” , ხოლო სხვა შემთხვევაში “ახალი ნოეს გამოღვიძებად” და “ღმრთის სათნოყოფად”. *(იხ. ივ. გაბრწყინება” #6 (27) 1998 წ. გვ. 4).

ამდენად, ოპონენტების ამ უაზრო ლაქლაქს უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებებით, კანონიკური და ობიექტური მტკიცებებისა და არგუმენტირების გარეშე, სხვად ვერაფრად მივიჩნევთ თუ არა ლაყბობად.

ლაყბობის თვალსაჩინო ნიმუშია ოპონენტთა ის კომენტარიც, რომელიც “მართლმადიდებელში” დაბეჭდილ ერთ-ერთ ჩვენს შეკითხვას მოჰყვა: ჩვენ გვაინტერესებდა თუ რატომ ათავსებდნენ ოპონენტები წინწკლებში ჩემს სახელს – “პავლე” მაშინ, როდესაც “ივერიის გაბრწყინებაში”, მისი დაარსების დღიდან დღემდე, არც ერთი აშკარა მწვალებლის თუ სქიზმატიკოსის სახელი წინწკლებში არ მოუთავსებიათ. თანაც ვწერდით, რომ (იმ შემთხვევაშიც, როდესაც ისინი ასეთი დაუდევრობით ეპყრობიან ჩვენ სასულიერო ხარისხებს) “ამ წესს (ე.ი. ჩვენი სახელებისა წოდებების წინწკლებში მოთავსებას), მხოლოდ ჩვენთან ურთიერთობისას მიმართავენ, სხვა აშკარად უმძიმეს ერესში მყოფ კონფესიათა და მათ წარმომადგენელთა მიმართ კი ასეთი კატეგორიულობა არ შეიმჩნევა” (იხ. დანართი 2 გვ. 104, 105). ამ საკითხზე პასუხი არ ჩანს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ოპონენტები ჩვენს რომელიმე განმარტებას ეთანხმებიან, ამას ისეთი უცნაური ფორმით იქმან, რომ, ჩანს, ამპარტავნების დემონს მათი სულები მტკიცედ შეუპყრია.

დასასრულ, იმის შემდეგ, რაც ოპონენტთა მთელი მსჯელობის ალოგიკურობა და მათი დემონსტრაციის უვარგისობა დავამტკიცეთ, გვსურს შეგახსენოთ მათ კიდევ ერთი მტკიცება, რომელიც ვერანაირი ლოგიკის ჩარჩოებში ვერ თავსდება და თავისი გამომგონებლობით, კადნიერებით და ცილისწმწამებლობით ოპონენტთა დემონური სიშმაგისა და განცოფებულობის მაჩვენებელია.

თავად განსაჯეთ, ოპონენტები წერენ: “სხვათა შორის, ბატონ “პავლე” ხორავას თან სდევს ე.წ. “პოლტერგეისტის” (?) მოვლენები, რაც მიზეზი შეიქმნა იმისა, რომ თავდაპირველი შეხვედრების შემდგომ ჩვენ უარი ვთქვით, მასთან უშუალო კონტაქტზე და გარკვეული დროის მანძილზე, შეძლებისდაგვარად, ურთირთობას ვახორციელებდით შუამავლის, სახელდობრ – ბატონ ზვიად ნოდიას, მეშვეობით, აქედან გამომდინარე, სულაც არ იქნება გასაკვირი, ცოტა ხანში, თავისი “პირველიერარქის” წაბაძვით, “პავლე” ხორავამ თავი “პავლე მოციქულად” რომ გამოაცხადოს (ასეთ შემთხვევაში მურთაზ ჩახავას “პირველიერარქობას” “რეალური” საფრთხე დაემუქრება, ვინაიდან, მოგეხსენებათ, პეტრე და პავლე იყვნენ თავნი მოციქულთანი, და არა იოანე, მაშინ ბატონ მურთაზს თავისი “საეკლესიო სახელის” – “იოანე-იოანას” “პეტრე-იონად” გადაკეთება მოუწევს....). ან “დიდ სქემაში” აღიკვეცოს ენოქის, ანდა – ილიას, ახალი სახელით...” (“ივერიის გაბრწყინება” #6 (27) 1998 წ. გვ. 12 სვ. 3).

რა შეიძლება ითქვას ამ ნაბოდვარზე? მხოლოდ ერთი რამ, როდესაც კაცს “შუბლის ძარღვი” გაუწყდება, მერე, როგორც ჩანს ენას ყველაფრის თქმა შეუძლია. გაბაშვილის ენაჭარტალობაც, ალბათ, ამით აიხსნება.

გაგრძელება იხ. შინაარსი:
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому