ლიტურგიკა - საიდან მომდინარეობს დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის წესი - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

საიდან მომდინარეობს დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის არამართლმადიდებლური წესი
დიდი აიაზმის კურთხევა მწუხრზე
ხშირად გვეკითხებიან რატომ აკურთხებს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია დიდ აიაზმას ერთხელ, ღმრთის განცხადების დღესასწაულის წინა დღეს, მწუხრის ღვთისმსახურებაზე, და არა ორჯერ (მწუხრზე და ცისკარზეც), როგორც ეს მიღებულია ოფიციალურ, "მართლმადიდებელ" ეკლესიებში და ზოგიერთ ძველმორწმუნეობრივ (მაგ. "ბელოკრინიცელთა") კონფესიებში.

ძველსლავურ საეკლესიო წეს-განგებაში (ტიბიკონში) "Церковное Око" (გამოც. 1610 წ.), რომელიც წარმოადგენს იერუსალიმური წეს-განგების თარგმანს საეკლესიო-სლავურ ენაზე სახელწოდებით "Око Церковное" (თარგმანი შეასრულა ღირ. სერგი რადონეჟელის მოწაფემ - ღირ. ათანასე ვისოტსკიმ (ვისოცკიმ), რომელიც ამავე დროს გახლავთ სერპუხოვში, ვისოცკის მონასტრის დამაარსებელი. ღირ. ათანასე XIV ს. მიწურულს და XV ს. დასაწყიში ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში) (1) ვკითხულობთ, რომ საყოველთაო, სამოციქულო ეკლესიის ტიბიკონის მიხედვით, დიდი აიაზმის კურთხევა განწესებულია ერთხელ, უფლის ნათლისღების (განცხადების დღესასწაულის) წინადღეს, მწუხრის მსახურებაზე. ასეთია წმიდა მამათა გადმოცემა და სხვა, მაგალითად, სტოდიისა და იერუსალიმის ღვთისმოსავი სავანეებიც დიდი აიაზმის კურთხევას მწუხრზე განაწესებენ. მაგრამ სადღეისოდ ვხედავთ, რომ ზოგიერთნი დიდ აიაზმას აკურთხებენ არა მარტო მწუხრზე, არამედ ცისკარზეც. ამგვარი მოქმედების საფუძველი კი ვერსად მოვიპოვეთ. ვინმე ღვთისმოსავს თუ აქვს რაიმე ცნობა წმიდა წყაროებიდან (იგულისხმება წმ. საღვთისმსახურებო განაწესები და მამათა თხზულებები - არქიეპ. პ.) ჩვენც გაგვანათლოს. რადგან საღმრთო წერილის (იგულისხმება კანონიკური საღმრთო განწესებები და გადმოცემები - არქიეპ. პ.) გარდა სხვა გადმოცემათა მიმდევრობა მრავალ უბედურებას შეგვამთხვევს. სწორედ საღმრთო წერილის უგულებელყოფის გამოა დღეს ჩვენზე წარმართები რომ ბატონობენ. საღმრთო გონიერება თუ ვინმეს აქვს, გულისხმაყოს, - ქრისტე ერთხელ მოინათლა იორდანეში და არა ორჯერ" (ძვ. სლავურ ტექსტში: "Яко типик великия, апостольския церкви, единою повелевает пиросвещати, от вечера точию, от святых отцов предано. Такожде и во инех типицех. Благочестивыя же обители Студицкая, и Иеросалимская, от свечери повелевают. Вяще же ничто. И ныне же видим некия, от свечера убо и за утро се творящих. И необретохом от писания свидетельство. Аще же кто от трудолюбивых обрел есть от сем от писания свидетельство, сам той да просветит нас. Зане же подражавать кроме божественнаго писания, многу беду наностят. И паче же ныне, всегда за еже непоследовати, божественным писанием, языком преданы быхом. Аще ли же есть божественный разум, яко Христос единою крестися, а не дваща. Обаче же не вем" (იხ. Церковное Око. უფლის განცხადების და დიდი აიზამის კურთხევის განაწესი).

ამრიგად, ხსენებული ტიბიკონის გადმოცემაში გვაქვს დიდი აიაზმის კურთხევის დოგმატურ-ისტორიული დასაბუთება ("яко Христос единою крестися, а не дваща" – "ქრისტე ერთხელ მოინათლა და არა ოჯერ"). ნაჩვენებია მისი აღსრულების ჟამი ("от вечера точию" – "მხოლოდ მწუხრზე"). ირწმუნება, რომ სწორედ ასეა გადმოცემული წმიდა მამათა მიერ ("от святых отцов предано"). მოჰყავს ორი ადგილობრივი ეკლესიის (იერუსალიმის და კონსტანტინოპოლის) საღვთისმსახურებო პრაქტიკა და ტიბიკონები ("Такожде и во инех типицех. Благочестивыя же обители Студицкая, и Иеросалимская, от свечери повелевают"). და საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ ეს არისო წმიდა, სამოქციულო ეკლესიის ერთადერთი გადმოცემა ("Яко типик великия, апостольския церкви, единою повелевает пиросвещати, от вечера точию, от святых отцов предано").

ამრიგად, მოცემულ ცნობაში ნათლად არის მითითებული, რომ დიდი აიაზმა უნდა იკურთხოს მხოლოდ ერთხელ, სწორედ ღმრთის განცხადების დღესასწაულის წინადღეს, მწუხრის ღვთისმსახურებაზე.  

ჩვენ გვეუბნებიან, რომ სხვა ადგილობრივ სავანეებში და ადგილობრივ ეკლესიებში მისდევდნენ სხვა ჩვეულებას (კერზოდ, დიდი აიაზმის ორჯერ კურთხევის წესს), რაზეც დიდ ტიბიკონში მოცემულია საკმაოდ არაორაზროვანი და ირონიული შენიშვნაც კი.

თავად განსაჯეთ. იმის შემდეგ, რაც განმარტავს, რომ წყლის (აიაზმის) კურთხევა უნდა მოხდეს ერთხელ, "მხოლოდ მწუხრზე", ტიბიკონში "Церковное Око" ნათქვამია, რომ ზოგიერთებიო წყალს (დიდ აიაზმას) აკურთხებდნენო ორჯერ. და როგორია "საეკლესიო თვალის" შემდეგენლ წმიდა მამათა რეაქცია ამგვარ ქმედებაზე? ამგვარი რამ მათ არსად გაუგიათ და არსად უნახავთ. მეტიც, არც სადმე (ტიბიკონებში ან საღვთიმსახურებო წეს-განგებებში) დაწერილი წაუკითხავთ ("И необретохом от писания свидетельство").

ხოლო საღმრთო წერილის უარყოფა და ეკლესიისთვის უცხო გადმოცემების მიბაძვა ხშირად ხდებაო მრავალი უბედურების მიზეზი ("Зане же подражавать кроме божественнаго писания, многу беду наносит"). რომლის? - თუნდაც, წარმართთა ბატონობის ქვეშ ყოფნისა და დამონების ("И паче же ныне, всегда за еже непоследовати, божественным писанием, языком преданы быхом").

მეტიც, შეაგონებენ რა საღმრთისმსახურებო ტიბიკონის მკითხველს, მისი შემდგენელი წმიდა მამები, ერთგვარად აფრთხილებენ მას და ამბობენ: თუ გაქვთო ღმრთისგან ბოძებული გონიერება (ანუ თუ გონიერნი ხართო), მაშინ უნდა მიხვდეთო, რომ აიაზმა (დიდი) იკურთხებაო ერთხელ, რამეთუ ქრისტე ერთგზის მოინათლა იორდანეში და არა ორგზის.

მაშ, ხომ არ გმობენ წმიდა მამები იმათ, ვინც დიდ აიაზმას ორჯერ აკურთხებენ და უთითებენ, რომ მათ არ გააჩნიათ ღმრთისგან ბოძებული გონიერება (ანუ არიან უგუნურნი), რადგან დიდი აიაზმის ორჯერადი კურთხევით იქადაგება ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს იორდანეში ორგზის ნათლისღება და არა ერთგზის. ხოლო უგუნურებს განა სატანური არ გააჩნიათ ოცნებები? ამიტომაც, შესამჩნევი ირონიით ამბობენ, თუ ეს ასე არ არისო, მაშინ "შრომისმოყვარეთაგან თუ ვინმემ ჰპოვოს წერილთაგან რაიმე მოწმობა, ჩვენც გაგვანათლოსო" ("Аще же кто от трудолюбивых обрел есть от сем от писания свидетельство, сам той да просветит нас")! ანუ, ამგვარი მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობა, აჩვენებს ამგვარი განზრახვის ამაოებასაც და ამის გაკეთების მცდელობის უგუნურებასაც.

სხვა ძველმორწმუნეობრივ (და არა მარტო) ეკლესიათა პოზიციით დიდი აიაზმის ორჯერ კურთხევის ჩვეულებაც ძველია. სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში სხვადასხვა გადმოცემებს იცავდნენ და ეს არ ხდებოდა სერიოზული უთანხმოების მიზეზი. ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება ასეთი კატეგორიულობით მოცემული საკითხის გადაწყვეტა და საეკლესიო მშვიდობაზე მაღლა კერძო საეკლესიო გადმოცემების დაყენება.

ზემოთთქმულიდან გამომდინარეობს ორი კითხვა. პირველი: ვაყენებთ თუ არა ჩვენ ასეთი კატეგორიულობით მოცემულ საკითხს? და მეორე: ვაყენებთ თუ არა ჩვენ კერძო საეკლესიო გადმოცემებს საკლესიო მშვიდობაზე მაღლა?

ორივე შეკითხვაზე უნდა გავცეთ ერთდროული პასუხი: ჩვენ არ დაგვიყენებია ეს საკითხი კატეგორიულობით და არც ჩვენ მიგვინიჭებია კერძო საეკლესიო პრაქტიკისთვის საეკლესიო მშვიდობაზე უმეტესი მნიშვნელობა. წმიდა მამათა მოთხოვნებისა და საეკლესიო გადმოცემათა შესახებ არსებული განწესებების ძალით, საეკლესიო გადმოცემებში სიახლეთა შემოტანისა და აქამდე უცნობ ჩვეულებათა ეკლესიაში დამკვიდრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან წმიდა მამები.

მაგალითად, ღირსი ბიკენტი ლირინელი ბრძანებს: "არავის არა აქვს უფლება, მიიღოს ისეთი რამ, რასაც მსოფლიო ეკლესია არ გვახარებს. სარწმუნოებასთან დაკავშირებული სჯულისდება ყველა დროს ეხება. მაშასადამე, მართლმადიდებელ ქრისტეანთათვის ისეთი რამის წამოყენება, რაც ადრე მათ არ შეუწყნარებიათ, არც არასდროს ყოფილა ნებადართული და არც არასდროს იქნება" (ქრისტეანული რწმენა და ცხოვრება. ნ. საგარდა. II, 1915 წ.)

"ნამდვლად და ჭეშმარიტად მართლმადიდებელია ის, ვინც მთელი სულით ერთგულობს ეკლესიას, მთელი სულით ეკუთვნის ქრისტეს სხეულს და ღვთიურ ჭეშმარიტებას მთელი სულით აღიარებს. ვინც არაფერს აყენებს ღვთიურ რელიგიაზე მაღლა, და თავის მოვალეობად მიაჩნია სწამდეს მხოლოდ ის, რასაც ოდითგანვე თანხმიერად აღიარებდა მთელი ეკლესია;  ხოლო თუ ისეთ რამეს შეიტყობს ეკლესია, რაც ეწინააღმდეგება წმინდანებს, რაც ახალია და აქამდე უცნობი, იმას არა ვითარცა რელიგიის, არამედ ვითარცა ცდუნების კუთვნილად მიიჩნევს" (იქვე. გვ. 156).

ხოლო წმ. მარკოზ ეფესელის (1483) თქმით "ყოველი, რომელიც გადმოცემის საწინააღმდეგოს იტყვის რასმე, გინდაც მარხულობდეს, გინდაც უბიწო იყოს, გინდაც სასწაულებს ახდენდეს, გინდაც წინასწარმეტყველებდეს, ვითარცა მგელი იყოს შენთვის ცხვრის ქურქში გახვეული რომელიც ზიანს აყენებს ცხვრებს".

მეტიც, საეკლესიო მშვიდობისა და ერთობის საწინააღმდეგოდ იქცევა არა ის, ვინც იცავს ძველ გადმოცემებს და უარყოფს უცნობ და უცნაურ ჩვეულებებს, არამედ ის, ვინც ამ უცნაურობას აყენებს სწორედ საეკლესიო ერთობასა და მშვიდობაზე მაღლა და თავისი წესს ჯიუტად და ძალდატანებით ამკვიდრებს ეკლესიაში.


საიდან იღებს სათავეს დიდი აიაზმის ორგზის კურთხევის წესი?

ზოგიერთი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, თითქოსდა უძველესი დროიდან არსებობდა ღმრთის განცხადების დღესასწაულზე დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის წესი. ეყდნობიან ს. ი. სრმინოვის გამოკვლევას, სადაც ამ მიმართებით დამოწმებულია XII-XIII საუკუნეების საღმრთისმსახურებო წიგნები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში ამ მღვდელმოქმედებასთან დაკავშირებით არ ყოფილა ერთიანი აზრი, რაც ჩანს XIV საუკუნიდან მოყოლებულ კურთხევანებში.

მაგრამ, "უძველეს დროებას" თუ ავთვლით არა XII-XIII საუკუნეებიდან, არამედ უფრო ადრინდელიდან, აღმოჩნდება, რომ უძველეს დროში დიდი აიაზმის ორჯერადი კურთხევის ხსენებაც კი არ მოიპოვება.

მაგალითად, IV საუკუნიდან, ანუ წმ. იოანე ოქროპირის დროიდან, მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არსებობდა დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის წესი. წმ. იოანე ოქროპირი ღმრთის განცხადებისადმი მიძღვნილ თავის ცნობილ ჰომილიაში ახსენებს დიდი აიაზმის მხოლოდ ერთგზის და არა ორგზის კურთხევას (იხ. Творения св. отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольского, т. II, кн. I. С.П. 1899г., стр.407)

მეტიც, თვით რუსეთის ცნობილმა რეფორმატორმა პატრიარქმა ნიკონმაც კი (XVII ს.) ვერ გაბედა ამ გადმოცემის შეცვლა თავისი რეფორმატორული მოღვაწეობის პერიოდში. ეს იყო ერთადერთი გადმოცემა, რომელიც მან არ შეცვალა და ჯიუტადაც კი იცავდა ანტიოქიელი პატრიარქის მაკარის ხელყოფისგან. აი რას წერს ამის შესახებ ცნობილი ისტორიკოსი და XVII საუკუნის რუსული განხეთქილების მკვლევარი პროფ. ნ. ფ. კაპტერევი:

"მხოლოდ ერთხელ არ დაეთანხმა ნიკონი პატრიარქ მაკარის მოთხოვნას და დამოუკიდებლად მოიქცა. კერძოდ, ღმრთის განცხადების დღესასწაულზე წყლის კურთხევის საკითხში. დარწმუნებული ძველი ბერძნული და სლავური წიგნებიდან იმაში, რომ უძველესი დროიდან უფლის ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევა აღესრულებოდა ერთგზის და სწორედ დღესასწაულის წინადღეს, მწუხრის მსახურებაზე, და არა ეკლესიაში, არამედ მდინარეში, ნიკონმა ამასთან დაკავშირებით გამოსცა დადგენილება, რომელშიც ლაპარაკი იყო ღმრთის განცხადების წმიდა დღესასწაულის წეს-განგებაზე და იმაზე, "... როგორ უნდა გამოვიდეთ იორდანეში...", როგორც ეს არის ნათქვამი "უძველეს ბერძნულ და ძველ რუსულ ხელნაწერ წეს-განგებებში" (რუს.: "Однажды только Никон не согласился с указаниями и настояниями патриарха Макария и поступил самостоятельно. Это именно в вопросе об освящении воды в праздник Богоявления. Убедившись из древних греческих и славянских книг, что в древнее время освящение воды в праздник Крещения Господня совершалось один раз и именно в навечерии праздника, и не в церкви, а на реке, Никон издал по этому поводу соборное постановление» в котором говорилось о чине в навечерии святых Богоявлении, "...како исходити ко крестильнице...", как оно "в греческих древних и в русских старых харатейных уставех писано") (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Сергиев-посад. 1909г. Репринт. Москва. 1996г.,т.I, стр. 198).  

ამიტომაც, ნიკონის კრებითი განკარგულების მიხედვით: "ვინც ჩვენი დარიგების შემდეგ სხვაგვარ ბრძნობას გაბედავს და აიაზმას აკურთხებს არა წმიდა განცხადების დღესასწაულის წინადღის მწუხრზე, ანუ 5 იანვარს (ძვ. სტ. - არქიეპ. პ.), როგორც ეს დაგვიწესეს წმიდა მამებმა, არამედ თვით დღესასწაულზე, საეკლესიო სასჯელით დაისაჯოს - დაიწყევლოს და მოიკვეთოს ეკლესიიდან" (რუს.: "Аще кто, по сем нашем завещании, дерзнет инако мудрствовати, и не в навечерии святого Богоявления водоосвящение действовати, - еже есть 5 день иануария, - якоже святии отцы уставили и затвердили, но на  самый праздник святаго Богоявления действовати, якоже и прежде, не повинуясь отеческому преданию, да будет церковной казни повинен, еже есть: проклятию и отлучению") (Н. Ф. Каптерев. Там же).

პატრიარქ მაკარის (ანტიოქიელის) დაბეჯითებითი მოთხოვნის მიუხედავად, აიაზმა ეკურთხებინა ორჯერ, როგორც ამას აკეთებდნენ იმდროინდელ ბერძნულ ეკლესიებში (დღესასწაულის მწუხრზე და ცისკარზე, ანუ თვით დღესასწაულზე, მდინარეში), დარჩა თავისი აზრის ერთგული, როგორც მთელი რუსეთის ეკლესიისთვის სავალდებულოსი" (იხ. იქვე. გვ. 199).

შემდგომში 1667 წლის მოსკოვის კრებამ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღო ასეთი დადგენილება: "... ხოლო განკარგულება და წყევლა, რომელიც ყოფილმა პატრიარქმა ნიკონმა გაუაზრებლად დაადო წმიდა აიაზმის კურთხევის წესს, რათა ის აღსრულებულიყო მხოლოდ ერთხელ, გავხსნით, ვარღვევთ და არაფრად მივიჩნევთ" (რუს.: "повеление же и клятву, еже неразсудно положи ю Никон, бывший патриарх, о действе освящения воды святых богоявлений, еже действовати единощи, точию в навечерии, разрешаем и разрушаем и в ничтоже вменяем..." (ზუსტად ასე არღვევდნენ და არაფრად მიიჩნევდნენ სხვა, ძველმართლმადიდებლურ ჩვეულებებს და წეს-განგებებს, წმიდა და ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა გადმოცემებს პატივაყრილი და კათედრებწართმეული ბერძენი იერარქები, რომლებიც თავმჯდომარეობდნენ და ესწრებოდნენ ყაჩაღთა ამ კრებას - არქიეპ. პ.).

"სანაცვლოდ განვაწესებთ, - აგრძელებს 1667 წლის ყაჩაღთა კრება, - და ვაკურთხებთ, რათა აღმოსავლეთის ეკლესიისა და წმიდა და ღმერთშემოსილი მამების ძველი გადმოცემების (? - არქიეპ. პ.) მიხედვით აიაზმა იკურთხოს როგორც დღესასწაულის მწუხრზე, ასევე ცისკარზეც - მდინარეში, როგორც ამას ითხოვენ საეკლესიო წეს-განგებები (რომელი? - არქიეპ. პ.)..." (Там же. Стр.199-200).

"სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, - განმარტავს 1667 წლის კრების მითითებას პროფ. კაპტერევი, - რომ სიმართლე, ამ შემთხვევაში, პატრიარქ ნიკონის მხარეს იყო, (? - არქიეპ. პ.), როდესაც ის ამტკიცებდა, რომ ძველმა ქრისტეანულმა ეკლესიამ უწყოდა აიაზმის მხოლოდ ერთგზისი კურთხევის შესახებ, ისიც ღმრთის განცხადების დღესასწაულის წინადღეს, მწუხრის ღვთიმსახურებაზე, რადგან ეს წეს-განგება, რომელიც მომდინარეობდა ჩვეულებიდან ღმრთის განცხადების დღეს მოენათლათ ქრისტეანები, მართლაც ძველ ეკლესიაში აღესრულებოდა მხოლოდ ერთგზის, კერძოდ, - ღმრთის განცხადების წინადღეს, მწუხრის ღვთისმსახურებაზე" (იქვე).

მაგრამ, მოდი, კვლავ აიაზმის დღესასწაულზე კურთხევის საკითხს დავუბრუნდეთ და გავარკვიოთ, საიდან და როგორ შეიძლებოდა ის გაჩენილიყო ეკლესიაში. ამ მიმართებით საინტერესო ცნობას გვაწვდის ღირ. მაქსიმე ბერძენი. მისი გადმოცემით, ღმრთის განცხადებაზე (ანუ ცისკარზე) აიაზმის კურთხევის ჩვეულება სათავეს იღებს წმ. პატრიარქ ფოტის დროიდან: "ხოლო წყლის კურთხევა (ცისკარზე - არქიეპ. პ.), როგორც ამას განმარტავს ბრძენი ბალსამონი წმიდა კანონთა განმარტებებში, აღესრულება შემდეგი მიზეზით: პატრიარქი ფოტი, ხედავდა, რა როგორ იცავდა ზოგიერთი კერპთთაყვანისმცემლურ ჩვეულებებს, თავიდან დამოძღვრითა და სწავლებებით ცდილობდა განეშორებინა მართლმადიდებელნი ამგვარი ჩვეულებებისგან; შემდეგ კი კრებითად დააწესა და ყველა ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსს დაავალა ყოველი თვის პირველი შვიდეულის პირველ დღეს (ანუ ყოველი თვის 1-ელ რიცხვში - არქიეპ. პ.) შეკრებილიყვნენ წმიდა ტაძრებში, და აღესრულებინათ წყლის კურთხევა, რათა ამგვარი ღმრთისმსახურებით მოერიდებინათ ქრისტეანნი ელინურ ჩვეულებათაგან, რომელთაც ისინი ყოველი თვის დასაწყისში ასრულებდნენ, ანთებდნენ კოცონს თავიანთ ეზოებში და მრავალგზის ახტებოდნენ მათ იმ რწმენით, რომ დამდეგ თვეს იქნებოდნენ ჯანმრთელნი. და ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მადლით, ნეტარი პატრიარქი ფოტის უდიდესი ღვაწლითა და ლოცვით, ეს ელინური ცრუმორწმუნეობა სრულიად აღმოიფხვრა მართლმადიდებელთა შორის" (Преп. Максим Грек. Творения. Изд. Свято-Троицкая Сергиева Лавра. 1996г., стр.78).

ღირ. მაქსიმეს დროისთვის, ამ ჩვეულებას, როგორც თვით ღირ. მამა აღნიშნავს, ნახავდით წმიდა მთის (ათონის) სავანეებშიც, რაც უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მას სავალდებულოდ არ იცავდნენ საერო ეკლესიებში, რადგან ასეთ შემთხვევაში, ანუ ის რომ საყოველთაო ჩვეულება ყოფილიყო, ღირ. მამა არა მარტო ათონის სავანეებს, არამედ მათაც მოიხსენიებდა.

ის ფაქტი, რომ ეს არ იყო დიდი აიაზმის წეს-განგება, არამედ განსაკუთრებული წესი, ნათელყოფილია თვით წყლის ამ კურთხევის წეს-განგებიდან, რაც ზოგადად არის გადმოცემული ღირ. მაქსიმეს ხსენებულ სიტყვაში.

როგორც აღწერიდან ჩანს, ეს არ არის დიდი აიაზმის კურთხევა (ეს უფრო მცირე აიაზმის კურთხევაა, რომელიც, სავარაუდოდ, თვით წმ. პატრ. ფოტის მიერ შეიძლებოდა ყოფილიყო შედგენილი), მაშინ როდესც მოსკოვის 1667 წლის ყაჩაღთა კრებამ დააკანონა სწორედ ღმრთის განცხადების დღესასწაულზე დიდი აიაზმის განმეორებით კურთხევის წესი. ამას ადასტურებს კრების სიტყვები: "ვბრძანებთ და ვაკურთხებთ... დღესასწაულის მწუხრზე წყლები იკურთხოს ტაძრებში, და ცისკარზეც - მდინარეებში, როგორც ამას ითხოვენ საეკლესიო წეს-განგებები (რომლები? - არქიეპ. პ.), იმავე ლოცვების გამოყენებით (რაც მწუხრის კურთხევაზე გამოიყენება. ანუ დიდი აიაზმის კურთხევის სრული განგებით - არქიეპ. პ.) (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Сергиев-посад. 1909г. Репринт. Москва. 1996г., т. I.  Стр. 199-200).

საყურადღებოა ასევე ის გარემოებაც, რომ "დიდი აიაზმის შესახებ, რომელიც იკურთხება 5 იანვარს, ერთხელ, ნათქვამია, რომ დიდი მანძილის გავლის გამო სამი საათის გასვლის, ხოლო ადგილზე მისვლიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ, მისი შენახვა საფრთხილოა, რადგან ის ხდება ისეთი სიწმიდე, რომელსაც, საკუთარი მოძღვრის განსჯით, ზიარების ნაცვლად აძლევენ მორწმუნეებს" (Изборник духовных ответов, полн. Собр. Переписки с читательями за 1995-1997 годы. Изд. «Китеж». Москва 1997, стр.13-14). ანუ, თუ დიდი აიაზმა, როგორც უდიდესი სიწმიდე, რომელიც ქრისტეანებში საზიარებლადაც გამოიყენება (ქრისტეს უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის ნაცვლად. ცხადია, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ან როდესაც ქრისტეანს აკრძალული აქვს ქრსიტეს ხორცთან და სისხლთან ზიარება), იკურთხება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 5 იანვარს; და კიდევ 3 საათის გასვლის შემდეგ ხელუხლებელია, როგორ არის დასაშვები იმ აზრის შეწყნარება, რომ წმ. პატრიარქმა ფოტიმ მართლმადიდებელ ქრისტეანებს ურჩია ყოველი თვის დასაწყისში (პირველ რიცხვებში), ანუ წელიწადში 12-ჯერ ეკურთხებინათ იგი? - ცხადია, რომ წმ. პატრიარქ ფოტის განკარგულებაში არ უნდა ვიგულისხმოთ დიდი აიაზმის კურთხევა, არამედ მცირე აიაზმის, ან კიდევ თვით პატრ. ფოტის მიერ შედგენილი რაიმე განსაკუთრებული წესი.

ამრიგად, თქმა არ უნდა იმას, რომ წმ. პატრიარქ ფოტის დიდი აიაზმის კურთხევა კი არ დაუვალებია თავისი მღვდლებისა და ეპისკოპოსებისთვის ყოველი თვის დასაწყისში, არამედ თვით ბერძნმა იერარქებმა და მათმა ქვეშევრდომებმა აურიეს ერთმანეთში წმ. პატრიარქ ფოტის მიერ მიღებული დადგენილება და დიდი აიაზმის კურთხევის წესი. სწორედ მათი მტკიცებით არის დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევა: "მწუხრზე ... და ცისკარზე, მდინარეში" "აღმოსავლეთის წმიდა ეკლესიის უძველესი წესი", რომელსაც განაწესებენ "წმიდა მამები და ყველა საეკლესიო ტიბიკონები". მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძველმა რუსეთმა არაფერი იცოდა ამ ჩვეულების შესახებ; არაფერი უწყოდნენ მის შესახებ "Церковное око"-ს შემდგენლებმაც; ვერავითარ გამართლებას ვერ აძლევენ მას ვერც მისი მთარგმნელი ღირ. ათანასე და თვით ტიბიკონის შემდგენელი წმიდა მამები.

საბოლოოდ შეჯამების სახით მოკლედ ვიტყვით:

1. უძველესი, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხოა დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის წესი.
აიაზმა უნდა იკურთხოს მხოლოდ წელიწადში ერთხელ Церковное око, და ისიც მხოლოდ ღმრთის განცხადების წინადღეს, მწუხრზე, ნიშნად უფლის ნათლისღებისა იორდანეში.

სწორედ ამიტომაც შთაფლავს ეკლესია დიდი აიაზმის კურთხევის წეს-განგებაში წმიდა ჯვარს წყალში და სამჯერ გალობს ტროპარს "რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო..." (და არა ტროპარით: "შენს ნიჭთა ღირსგვყვენ ჩვენ ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო... ", როგორც იყო ეს დაწესებული პატრიარქ ფოტის მიერ და, როგორც არის ეს გადმოცემული ღირ. მაქსიმე ბერძენის მიერ) (იხ.Преп. Максим Грек. Творения. Изд. Свято-Троицкая Сергиева Лавра. 1996г., стр.79).

დიდი აიაზმის კურთხევისას სწორედ იორდანეში უფლის ნათლისღებას უგალობს ეკლესია სიტყვებით "რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო..." და აღასრულებს ამ მსახურებას ღმრთის განცხადების დღესასწაულის წინადღეს, მწუხრის მსახურებაზე.

2. პატრიარქმა ფოტიმ, წარმართულ ჩვეულებასთან ბრძოლის მიზნით, "განაწესა, რათა ყოველი თვის დასაწყისში (ანუ წელიწადში 12-გზის - არქიეპ. პ.) აღესრულებინათ მცირე აიაზმის კურთხევა და ეპკურებინათ მორწმუნენი. იმავე პატრიარქმა დააწესა, რათა იანვრის თვეში, პირველი რიცხვის ნაცვლად, წყლის კურთხევა აღესრულებინათ ღმრთის განცხადების დღესასწაულზე (ცისკრად), და ესეც გახლდათ მცირე აიაზმის კურთხევა და არა დიდის.

დროთა განმავლობაში, ჩვეულება, რომელიც პატრ. ფოტიმ დაამკვიდრა, გამოვიდა ეკლესიის პრაქტიკიდან, თუმცა ღირ. მაქსიმე ბერძენის დროს ის ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ათონის მონასტრებში. მოგვიანებით, სრულიად გაქრა რა იმდროინდელი ბერძნების ცნობიერებიდან, გადაკეთდა დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის მანამდე არარსებულ ჩვეულებად, რომელიც ძალდატანებით დაამკვიდრეს რუსეთში, საიდანაც გამოდევნეს დიდი აიაზმის ერთგზისი კურთხევის ნამდვილად ძველი და წმიდა მამებისეული წესი.

ეს დასტურდება 1667 წლის ყაჩაღთა კრებითაც, რომელმაც პირდაპირ მიუთითა, რომ ცისკრად წყალი უნდა აკურთხონ იმავე წეს-განგებით, როგორც მას აკურთხებენ წინადღით, მწუხრზე. "ვბრძანებთ და ვაკურთხებთ..., - ნათქვამია ამ კრების საქმეებში, - დღესასწაულის მწუხრზე წყლები იკურთხოს ტაძრებში, და ცისკარზეც - მდინარეებში, როგორც ამას ითხოვენ საეკლესიო წეს-განგებები (რომლები? - არქიეპ. პ.), იმავე ლოცვების გამოყენებით (რაც მწუხრის კურთხევაზე გამოიყენება. ანუ დიდი აიაზმის კურთხევის სრული განგებით - არქიეპ. პ.) (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Сергиев-посад. 1909г. Репринт. Москва. 1996г., т. I.  Стр. 199-200).

ამრიგად, სრულიად ცხადია, რომ დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის წესს არაფერი აქვს საერთო წმ. პატრიარქ ფოტის დადგენილებასთან. მან დაამკვიდრა წყლის კურთხევის მის მიერ შედგენილი წესი (ან მცირე აიაზმის არსებული წესი) და განაჩინა ის აღესრულებინათ "ყოველი თვის პირველ რიცხვში, იანვრის გარდა, რამეთუ იანვარში ეს წეს-განგება (სწორედ "ეს წეს-განგება" და არა დიდი აიაზმის კურთხევა - არქიეპ. პ.) გადაიდება ღმრთის განცხადების ცისკრამდე, როდესაც გამოდიან წმიდა ხატებით, სანთლებით და საცეცხლურებით, გალობენ სულიერ საგალობლებს და მიემართებიან მდინარისკენ ან ახლო მდებარე ჭისკენ" (Преп. Максим Грек. Творения. Изд. Св.-Тройцкая сергиева Лавра. 1996 г., часть 3, стр. 80).

მაშ, რომელი წეს-განგებით აღასრულებენ დიდი აიაზმის ორგზის კურთხევას ისინი, ვის ეკლესიებშიც დამკვიდრებულია ეს უცნაური ჩვეულება? აშკარაა, რომ არა აღმოსავლეთის "ძველი ეკლესიისა და წმიდა და ღმერთშემოსილი მამების გადმოცემების" მიხედვით, როგორც ამტკიცებდა ამას 1667 წლის ყაჩაღთა კრება და როგორც გვიმტკიცებს იგივე მრავალი ჩვენი ოპონენტი.

მეტიც, ისინი თვით პატრიარქ ფოტის წეს-განგებასაც კი არ ასრულებენ, რამეთუ მაშინ მათ ეს უნდა ექნათ "ყოველი თვის პირველ რიცხვში", როგორც ამას ითხოვდა წმ. პატრიარქის წეს-განგება, არამედ მისდევენ 1667 წლის ყაჩაღთა კრების დაწესებას.

რატომ უნდა იყოს გასაკვირი, ბერძნებს, რომლებმაც დაივიწყეს საკუთარი ძველი ჩვეულებები (ისეთები, როგორიცაა ორი თითით პირჯვირსწერა, ორჯერადი ალილუია და მრავალი სხვა), - მწვალებლობად შერაცხეს ისინი და დასწყევლეს ძველი მართლმადიდებლური გადმოცემები, - სრულიად დაევიწყებინათ ეს გადმოცემაც?! მეტიც, მათ თავიანთ პრაქტიკაში დაამკვიდრეს თვით ფოტისთვის და ძველი მამებისთვის უცნობი ჩვეულებანი.

გავმეორდებით, მაგრამ ვფიქრობთ ზედმეტი არ იქნება კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს, რომ ძველ რუსეთში უცნობი იყო დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევა; არ უწყოდნენ მის შესახებ არც ტიბიკონ "Церковное око"-ს შემდგენლებმაც; ამიტომაც, ვამთავრებთ რა ჩვენს პუბლიკაციას ყველას მივმართავთ მათი სიტყვებით, სადაც ირონიზირებულია მითითებული პრაქტიკისადმი აკვიატებული დამოკიდებულება, და ყველას ვთხოვთ, ვინც თუ რამე იცის ძველი, მართლმადიდებლური წყაროებიდან დიდი აიაზმის ორგზისი კურთხევის შესახებ, ან იცის თუ რომელი წმიდა მამა აკურთხებდა დიდ აიაზმას წელიწადში 12-გზის ან თუნდაც ორგზის და რომელ "ძველ წეს-განგებებსა და ტიბიკონებშია" ეს ნათქვამი, - "ჩვენც გაგვანათლოს" ("Церковное око").

თბილისი. 2015 წლის 4 იანვარი (ძვ. სტ.)

______________________________________

1. "Око Церковное" გადმოთარგმნილია ბერძნულიდან კონსტანტინოპოლის მონასტერში "ტის პერილევპტუ", რომელიც შემდეგ გავრცელდა მთელს რუსეთში. 150 წლის განმავლობაში მკვიდრდებოდა იერუსალიმური წეს-განგება ნოვგოროდში, მოსკოვში, ტროიცკო-სერგიევო ლავრაში და საბაწმიდის მონასტერში. ტიბიკონი ("Око Церковное") შედგება 67 თავისგან, რომელშიც მოცემულია მასალები ყველა მონასტრული ტრადიციებიდან: სტოდიის, ათონის, საბაწმიდის და სხვა, რომლებიც ოსტატურად და კრიტიკულადაც კი არის გადამუშავებული. ღირ. ათანასეს ტიბიკონში შესულია ზოგიერთი ძველი ტრადიციულ ტიბიკონური ელემენტებიც, როგორიცაა 23-ე სტატია ნიკონ შავმთელის "ტაქტიკონის" პირველი სიტყვიდან (Михаил Арранц. "ОКО ЦЕРКОВНОЕ". Переработка опыта ЛДА 1978 г. История Типикона. Москва, 1999. стр. 56).
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому