აპოლოგეტიკა - ანტიქრისტეს შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
ძველმოწესეთა გასაუბრებანი
ანტიქრისტეს შესახებ
ანტიქრისტეს მოსვლა
გასაუბრება, პომორელ ე. წ. უმღვდელოთა თანხმობის წარმომადგენელს ფ. ფ. რუმიანცევსა და მღვდლიანთა ("პოპოვცების") ბელოკრინიცული იერარქიის ამღიარებელ ფ. ე. მელნიკოვს შორის.

***
 
ფ. ე. მელნიკოვის პირველი სიტყვა
 
საკითხს ანტიქრისტეს შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია ყველა უმღვდელოთათვის (1).
 
____________________
 
1. აქ და წინამდებარე პუბლიკაციაში ყველგან "უმღვდელოებში" იგულისხმებიან რუსი ე. წ. "ბეზპოპოვცები" - ძველმ. რედ.
 
____________________
 
უმღვდელოთა მთელი სულიერი ცხოვრება ანტიქრისტეს სამეფოს მოსვლისადმი რწმენას ეფუძნება. როგორც ბორბალი ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო, ისე უმღვდელოთა ყველა საკითხი ტრიალებს ანტიქრისტეს გარშემო. უმღვდელოთა მთელი სულიერი ცხოვრება ანტიქრისტეს გარეშე წარმოუდგენელია. ანტიქრისტეს მოსვლისადმი რწმენა რომ არ ჰქონოდათ, საკუთრივ კი - ანტიქრისტეს სამეფოს დადგომისადმი რწმენა, უმღვდელოება არც იარსებებდა. ჩვენ შორის გამართულ წინა ორ გასაუბრებაში, რომელიც აქ, მოსკოვში ჩატარდა, უმღვდელოთა განსწავლულები ხშირად იმოწმებდნენ საბედისწერო 1666 წელს, როდესაც, მათი რწმენით, მოვიდა ბოლო ანტიქრისტე და ქრისტეს დაწესებული ეკლესიის საფუძვლები დაანგრია. მაგრამ უმღვდელო განსწავლულთა და მწერალთა დიდი უმრავლესობა ჯერაც ეძებს ანტიქრისტეს არა ამ საბედისწერო 1666 წელში, არამედ სხვა ადგილებსა და პუნქტებში.
 
ასე, მაგალითად, უმღვდელოთა ერთ-ერთი თვალსაჩინო თანამედროვე განსწავლული, ტ. ა. ხუდოშინი, პომორელთა სრულიად რუსეთის მეორე კრების ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ბოლო ანტიქრისტე - პატრიარქი ნიკონია, რომელმაც, როგორც ყველამ კარგად იცის, 1666 წელს უკვე დაკარგა რუსეთში ყოველგვარი მნიშვნელობა.
 
"დადგა ანტიქრისტეს ძალაუფლების დრო, - ამბობს ხუდოშინი. - ღმრთის ბოროტი მოწინააღმდეგე, ხედავდა რა, რომ მისი წინამორბედები დაიფანტნენ, "როგორც ბზა სამკალი კალოდან", თვით გამოჩნდა ქრისტეს ეკლესიაში და თავისი მხეცური ხატი "წმიდა ადგილას დადგა". ღმრთის მიშვებით, პატრიარქ იოსების სიკვდილის შემდეგ, საპატრიარქო ტახტზე ნიკონი აბრძანდა" (პომორელთა ჟურნალი "Щит Веры", 1912 г., № 2, стр. 108).
 
მაგრამ ვინ არ იცის, რომ პატრ. ნიკონი დიდი ხანია დაიღუპა, ის დაასაფლავეს, როგორც ჩვეულებრივი მიცვალებული. ასეთი ანტიქრისტე არა მარტო ჭეშმარიტ ქრისტიანებს არ აშინებს, არამედ უმღვდელოთათვისაც კი არ წარმოადგენს რაიმე საშიშროებას. ამიტომაც უმღვდელონი უმეტესწილად უარყოფენ მას და ნიკონს უკვე ანტიქრისტეს წინამორბედად მიიჩნევენ, მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში თუ დაიმოწმებენ ნიონს, როგორც უკანასკნელ ანტიქრისტეს. მათში უკვე გაბატონებულია სხვა შეხედულება, რომ უკანასკნელი ანტიქრისტე რომში გაბატონდა, ნიკონის გაპატრიარქებამდე დიდი ხნით ადრე. ცნობილი უმღვდლო მწერალი დ. ვ. ბატოვი, პომორულ ჟურნალში "Щит Веры" ("ფარი სარწმუნოებისა") ამბობს:
 
"რომის პაპის სახით არა მარტო რუსეთის წმიდა სამამულო ეკლესიამ იეჭვა უკანასკნელი ანტიქრისტე, რომელსაც, მოციქულის თქმით (2 თესალონიკ. 1:10-2:22), ქრისტე თავისი მეორედ მოსვლის დროს მოკლავს (იხ. кн. Кирил., на лист. 47), არამედ პაპის ერთმორწმუნებმა ჰუსმაც და ლუთერმაც ასეთად გამოაცხადეს" (1912 г., № 4, стр. 294).
 
თქვენ ხედავთ, რომ უმღვდელოები თავიანთი ყველაზე გამოჩენილი მწერლის პირით აღიარებენ, რომ უკანასკნელი ანტიქრისტეს დროება ძალიან დიდი ხნის წინ დადგა და, რომ უკანასკნელი ანტიქრისტე გამეფდა ჯერ კიდევ რომში. ამ მწერალს ეთანხმება პიჩუგინიც, პომორელთა პირველი სრულიად რუსეთის კრების თავმჯდომარე. 1909 წელს, ჩვენთან ჩატარებულ თავის საუბრებში, მან განაცხადა:
 
"როდესაც რომის ხელისუფლება განადგურდება, ანტიქრისტე კაცობრივი და ღვთაებრივი ძალაუფლების მიტაცებას ეცდება". ვინ გააკეთა ეს? განდგომილმა ერეტიკოსმა პაპმა. საიდან ჩანს ეს? შემდეგიდან: როგორც აქამდე განადგურდნენ სამეფონი, კერძოდ მიდიელთა სამეფო ბაბილონისგან, ბაბილონისა სპარსელთაგან, სპარსული მაკედონელთაგან, მაკედონელთა რომაელთაგან. ასევე ეს უკანასკნელი განადგურედება ანტიქრისტესგან, თავად ანტიქრისტე კი ქრისტესგან". აქ ნათელია დანიელის მსგავსება წმიდა კომენტატორებთან. ოქროპირმა სულიწმიდით თქვა, რომ რომის სამეფოს ანტიქრისტე გაანადგურებდა" ("Беседы старообрядцев", стр. 198).
 
აი, პომორელთა ეკლესიის ორი ყველაზე ცნობილი მწერალი აღიარებს, რომ უკანასკნელი ანტიქრისტე გამოჩნდა რომში პაპის სახით. მაგრამ როგორც უმღვდელოთათვის კარგად არის ცნობილი, ამ ანტიქრისტეთი ძველმოწესეებს ოდნავადაც ვერ შეაშინებ, რადგან რომის პაპს არავითარი კავშირი არა აქვს ძველმოწესეობასთან და არც შეიძლება ჰქონდეს, და, გარდა ამისა, არანაირი დევნულება და სისასტიკე მას ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ არ აღუმართავს, - ამიტომაც უმღვდელოთა მწიგნობრებმა და მწერლებმა ანტიქრისტეს ძებნა სხვაგან დაიწყეს. მათ დაიწყეს განცხადება იმისა, რომ ანტიქრისტე - ეს არის თვით სატანა. ასე, მაგალითად, პიჩუგინი ამავე "საუბრებში" ("Беседы" (210 стр.)) ამბობს:
 
"ანტიქრისტე სრული აზრით არის სატანა"
 
თავისი "საუბრების" 228-ე გვერდზე ის იმეორებს:
 
"ვინ არის მთავარი ანტიქრისტე წმიდა წერილის მიხედვით? ეს არის - სატანა".
 
რა თქმა უნდა, სატანით უფრო ქრისტიანები შეიძლება დააშინო. უმღვდლო მწიგნობრებს ესმით, რომ ადამიანები საშიშნი არ არიან ქრისტიანთათვის, თუკი ისინი არ დევნიან და ავიწროვებენ მათ, უმჯობესია დაიმოწმონ სატანა, რომელიც, ყოველ შემთხვევაში იქნება საშიში ქრისტიანთათვის. მაგრამ იბადება კითხვა: არის თუ არა სატანა - უკანასკნელი ანტიქრისტე? თუკი ის ბოლო ანტიქრისტეა, მაშასადამე ეს უკანასკნელი ანტიქრისტე არსებობს თითქმის სამყაროს დასაბამიდან, რადგან სატანა სწორედაც რომ ამ პერიოდიდან არსებობს. უმღვდელოები იმყოფებიან გამოუვალ მდგომარეობაში: თუ აღიარებენ, რომ სატანა ბოლო ანტიქრისტეა, მაშინ არც წმიდა მამებს და არც წმ. ეკლესიას არ სჭირდებოდათ ეთქვათ, რომ ანტიქრისტე მოვა, რადგან ის უკვე არსებობს. თავიანთი მდგომარეობის გამოუვალობას რომ მიხვდნენ, უმღვდელოებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ანტიქრისტე სატანა არ არის, და იგივე პიჩუგინი უნდა დათანხმებოდა იმ აზრს, რომ უკანასკნელი ანტიქრისტე სატანა არ არის. ჟურნალში "Щит Веры" (1912 г, 121 стр.) ის აცხადებს:
 
"ანტიქრისტე არის განდგომილი, ერეტიკოსი, და არა თვით სატანა".
 
მაშ, ვის ვენდოთ ახლა, თუკი თვით უმღვდელოთა მწიგნობრები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და ანტიქრისტეს ლამის მთელ ქვენიერებაზე ეძებენ? მაინც ასე რატომ დასჭირდათ მათ ანტიქრისტე? იმიტომ, რომ მის გარეშე შეუძლებელია არსებობდეს უმღვდელოთა საზოგადოება. მაგრამ, რადგან უმღვდელონი ვერ პოულობენ ქვეყანაზე ნამდვილ ანტიქრისტეს, რომელიც, წმიდა წერილის მიხედვით, ჯერაც არ მოსულა, ისინი, ნებით თუ უნებლიედ, იძულებულნი არიან ლამის ყოველ შემხვედრს ანტიქრისტე უწოდონ, და თითქოსდა ევედრებიან კიდეც მას: "მამაო ანტიქრისტე, გვიშველე, მოდი, გეთაყვა, ქვეყანაზე, რადგან შენი არსებობის გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებთ". აი რატომ არის ესოდენი წინააღმდეგობა უმღვდლოთა წარმოდგენებში ანტიქრისტეს შესახებ.
 
უნდა ვიცოდეთ, რომ უმღვდელოთა მწიგნობრები ერთმანეთში ურევენ ანტიქრისტესა და მის წინამორბედებს. ეკლესია ნათლად განასხვავებს ეკლესიის უამრავ მოწინააღმდეგეს - ანტიქრისტეს ამ წინამორბედებს, - თვით უკანასკნელი ანტიქრისტესგან, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ უნდა მოვიდეს. ეს რომ ასეა, ამას წმ. მამათა სიტყვებით დავადასტურებ. ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი მოციქულთა ეპისტოლეების განმარტებაში, მოციქულისვე დამოწმებით წერს:
 
"მოციქული ამბობს, რომ ანტიქრისტე უკვე ამქვეყნადაა, ცხადია, არა პიროვნულად, არამედ ცრუწინასწარმეტყველთა, ცრუმოციქულთა და მწვალებელთა სახით, რომლებიც წინ უსწრებენ და გზას უმზადებენ მის მოსვლას. ხოლო თვით ანტიქრისტე იქნება კაცი, რომელშიც სატანა შესახლდება, თავს აიმაღლებს ყოველივეზე, რაც კი ღმერთად და წმიდად არის წოდებული (2 თესალონიკ. 2:4). ამიტომაც აკრძალავს ის კერპთაყვანისმცემლობას (სწორედ ისინი იგულისხმა მოციქულმა "ღმერთებში", ხოლო "წმიდაში" იგულისხმა - ქრისტიანობა), რადგან მხოლოდ საკუთარ თავს გამოაცხადებს ღმერთად" (Толков. на 1-е посл. ап. Иоанна гл. IV, ст. 3, стр. 258, изд. Сойкина).
 
წმიდა მამები სრულად განასხვავებენ ერთმანეთისგან ანტიქრისტეს წინამორბედებსა და თვით ანტიქრისტეს. წინამორბედები მოციქულთა დროიდან არსებობენ, ხოლო თვით ანტიქრისტე საკუთარი სახით, ანუ, როგორც ნეტ. თეოფილაქტე ამბობს, "პიროვნულად" მოვა სამყაროს აღსასრულს. წიგნშიც "რწმენის შესახებ" ("О вере") ასეთივე განსხავებაა მოცემული ცრუმოძღვრებსა (ანტიქრისტეს წინამორბედებსა) და თვით ანტიქრისტეს შორის.
 
"მწვალებელ კაცს, - ნათქვამია ამ წიგნში, - ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი (ტიტ. 3:10-11). ამაზე უმეტესი სამოციქულო მოწმობა და უცხადესი უწყება ანტიქრისტეს მსახურებზე საჭირო არ არის..." ( "О вере", лис. 269).
 
ამ ადგილიდან ჩანსკ, რომ ანტიქრისტეები, როგორც უკანასკნელი ანტიქრისტეს წინამორბედები, მკვეთრად განსხვავდებიან თვით უკანასკნელი ანტიქრისტესგან. თვით ბოლო ანტიქრისტე - იქნება არა კრებსითი პიროვნება ან რაიმე განზოგადოებული ცნება, არამედ კონკრეტული პირი. ნეტ. იერონიმე თავისი "თხზულებების" ХII ნაწილში ამბობს:
 
"ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ იგი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, ეშმაკად ან დემონად, არამედ ერთ-ერთ ადამიანად, რომელშიც სატანა შესახლდება" (გვ. 62).
 
ეს არ არის ურწმუნო ადამიანთა საკრებულო, ეს არ არის ორი და სამი ადამიანის თავმოყრა, არამედ კერძო პირი, ერთი ადამიანი. სწორედ ის იქნება ბოლო ანტიქრისტე, რომელიც თავს გამოაცხადებს მეფედ და ღმერთად. ნეტ. თეოფილაქტეს იოანე მახარობლის განმარტებაში ჯერ მოჰყავს ქრისტეს სიტყვები:
 
"მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (ინ. 5:43), და განმარტავს: "სხვა თუ მოვა", კი ნიშნავს, რომ მოვა ანტიქრისტე, რომელიც დაიწყებს მტკიცებას, რომ მხოლოდ ის არის ღმერთი" ("Благовестник", лис. 86 об., слав. изд.).
 
ეს იქნება ერთი, კერძო პირი, და სწორედ ის იქნება ანტიქრისტე.
 
რამდენი ხანი იმეფებს ეს მტარვალი/ მრავალრიცხოვანი მამები ერთხმად ამტკიცებენ, რომ მისი მეფობა გასტანს მხოლოდ 3,5 წელს, არა უმეტეს. "კირილეს" წიგნში ასეა ნათქვამი:
 
"დიდება ღმერთს, რომ დიდი ჭირი მცირე დროით იქნება. და ამბობს, რომ რჩეულთა გამო შემოკლდებიან ის დღეები. ანტიქრისტეს მეფობა კი მხოლოდ სამწელიწად ნახევარს გასტანს. მე კი არ ვწინასწარმეტყველებ ამას, არამედ დანიელის წინასწარმეტყველებიდან გაუწყებთ, რომელიც წერს: "ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო" (დან. 7:25). ნახევარი დრო კი ექვს თვეზე მიანიშნებს" (лис. 52).
 
უმეტესი სიცხადისთვის წმიდა მამებმა ეს დრო (სამწელიწად ნახევარი) დაჰყვეს თვეებად და ყველანი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტეს მეფობა გასტანს 42 თვე, ან წმიდა მამათა სხვა განმარტებითვე, 12060 დრეს; თანაც ამ დროსთან დაკავშირებითაც წმ. მამები ამბობენ, რომ ის შემოკლდება რჩეულთა გამო. შედეგად, მტკიცება, თითქოსდა ანტიქრისტეს მეფობა, როგორც ამას უმღვდელონი ირწმუნებიან, მთელი ასწლეულები გასტანს, პატრიარქ ნიკონის დროიდან და კიდევ უფრო ადრინდელი პერიოდიდან, კერძოდ, რომის იმპერიის დაცემიდან მოყოლებული ვიდრე აღსასრულამდე, - ნიშნავს ამტკიცო საეკლესიო ერთსულოვნების წინააღმდეგ, ამტკიცო მხოლოდ საკუთარი აზრი, რომელიც არ დასტურდება არც წმიდა წერილით და არც წმიდა მამებისეული სწავლებით. ეს - არასწორი შეხედულებაა. აღსანიშნავია, რომ უმღვდელოთა მწიგნობრები ამ 42 თვეს ქრისტეს ეკლესიის არსებობის მთელ პერიოდზე წელავენ, რომელიც ზეცად ქრისტეს ამაღლებიდან იწყება და მისი მეორედ მოსვლით მთავრდება. იგივე პიჩუგინი, რომლის ციტირებაც მე უკვე მოვახდინე, "რწმენის ფარში" ("Щит Веры") აცხადებს:
 
"ორმოცდა ორი თვე, ანუ სამწელიწად ნახევარი, წმიდა წერილის საიდუმლო ძალით, ნიშნავს ღმრთის საიდუმლო აღმშენებლობას კაცთა მოდგმის გადასარჩენად, რომელიც დაიწყო ქრისტეს პირველი მოსვლიდან და მისივე მეორედ მოსვლით დამთავრდება. მთელი ეს პერიოდი მოქცეულია საიდუმლო ორმოცდაორ თვეში" (1912 г. № 1, стр. 31).
 
თავისთავად ცხადია, რომ უმღვდელოთა კომენტატორებსა და ხელმძღვანელებს ანტიქრისტეს შესახებ შემეცნება ასე იმიტომ აქვთ შერყვნილი, რომ თვითონვე არიან დაბნეულნი ამ ანტიქრისტეს სულის მიერ. ისინი მეტ დროს რომ უთმობდნენ წმიდა წერილის შესწავლას, ვერასოდეს გაბედავდნენ ეთქვათ ანტიქრისტეს სამეფო ასე ხანგრძლივად არსებობსო, რომელიც თითქოსდა ქრისტეს ამაღლებიდან დაიწყო და გაიწელება მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე. ეს არის აშკარა ცდომილება და უკეთურება.
 
ანტიქრისტეს სამეფო ქრისტიანთა საშინელ დევნას დაიწყებს, რომელიც თავისი სისასტიკით და მძვინვარებით ყველა ადრინდელ დევნულებებზე უმძიმესი იქნება. თვით ქრისტე ამბობს სახარებაში:
 
"იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მთ. 24:21).
 
წმ. მამები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტესეული დევნულება წარმოუდგენლად სასტიკი იქნება. დიდება ღმერთს, უმღვდელოები თავიანთი ამჟამინდელი არსებობით უარყოფენ თავიანთ შეხედულებას ანტიქრისტეზე და თავისი ყოფიერებითა და ცხოვრებით ადასტურებენ, რომ ანტიქრისტეს სამეფო ჯერაც არ დამდგარა. როგორც თავიანთ ბოლო დროინდელ საკრებო დადგენილებებში, ასევე თავიანთ უახლეს თხზულებებში ისინი ძველმოწესეობას ახალი ცხოვრებისკენ მოუწოდებენ, და იმედოვნებენ, რომ ჯერაც ამ წუთისოფელში ქრისტესთან ერთად მრავალჟამიერად იმეფებენ.
 
ჩვენ ვიცით, რომ ისინი ახლა აგებენ ბრწყინვალე ტაძრებს, მათ გუმბათებზე კი ქრისტეს ჯვრებს ამაგრებენ, ასრულებენ ლიტანიობებს, აფუძნებენ თემებს, რომელთაც მთავრობები ამტკიცებს, გააჩნიათ მეტრიკული წიგნები ამ თემებში, იწვევენ კრებებს, ყრილობებს, სხვადასხვა სახის თათბირებს, კომისიებს, გამოსცემენ ჟურნალებს, აფუძნებენ გამომცემლობებს, - ერთი სიტყვით, თავიანთი სულიერ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ფართოდ გაშალეს და ამასთანავე ღიად აცხადებენ, რომ თავიანთი ეკლესიისთვის ჯერ კიდევ ამ წუთისოფელში გაფურჩქვნასა და ზეიმს ელოდებიან.
 
შედეგად, უმღვდელოების ეს ახალი მდგომარეობა, რომლის შესახებაც ახლა ვსაუბრობთ ანტიქრისტეს მოსვლასთან დაკავშირებით, უარყოფს უმღვდელოთა ადრინდელ მტკიცებულებებს და ადასტურებს, რომ ანტიქრისტეს მოსვლის დრო ჯერაც არ დამდგარა. უმღვდლოთა სწავლებაში არსებული ასეთი წინააღმდეგობის გამო მე შეკითხვას ვაძლევ ჩემს მოსაუბრეს და ვთხოვ მიპასუხოს: რა დროიდან და ვისი სახით გამეფდა ანტიქრისტე?


ფ. ფ. რუმიანცევის პირველი სიტყვა
 
ძვირფასო კრებავ! თქვენ მოისმინეთ, თუ რომელი მხრიდან განმარტა ანტიქრისტე ჩემმა პატივცემულმა თანამოსაუბრემ. როგორც ჩანს მას ანტიქრისტე მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით ესმის, მაგრამ ჩვენ ანტიქრისტეს სხვანაირად ვხედავთ, არა პოლიტიკური, არამედ საეკლესიო ხედვით: ანტიქრისტე სხვა არაფერია, თუ არა მხოლოდ მომავალი სნეულება გაპარტახებული ეკლესიებისა. ჩვენ მივდევთ ფ. ე.-ს მსჯელობას ანტიქრისტეზე, რადგან ვასრულებთ ეკლესიის მოძღვართა მცნებებს, ხოლო ეკლესიის მოძღვრები გვასწავლიან შევხედოთ მას სწორედ საეკლესიო თვალსაზრისით. ამის დასამტკიცებლად მოვიტან წმ. კირილე იერუსალიმელის სიტყვებდს. მისი თხზულებების 314-ე გვერდზე (1824 წლის გამოცემა) წერია:
 
"მაგრამ ჩვენ ვეძებთ არა საკუთარ ნიშანს, მოსვლასთან დაკავშირებით; არამედ, რადგან ვეკუთვნის ეკლესიას ეკლესიურ ნიშანს ვეძებთ" (15-ე სწავლება მოსანათლავად გამზადებულთათვის).
 
თუკი ჩვენ, ამბობს, ეკლესიას ვეკუთვნითო, მაშინ ანტიქრისტეს მოსვლასთან დაკავშირებით საეკლესიო ნიშანს ვეძებთო, და არა პოლიტიკურ ნიშნებსო. აი ეს, ძვირფასო მსმენელო, მხედველობაში უნდა მიიღოთ და ამას მიაქციოთ თქვენი განსაკუთრებული ყურადღება, მაშინ გასაგები გახდება თქვენთვის ანტიქრისტეს შესახებ ჩვენს შეხედულებათა შორის განსხვავება.
 
ახლა გადავალ თვით ანტიქრისტეს ცნების არსის განმარტებაზე. საეკლესიო მოძღვართა თანახმად სიტყვა "ანტიქრისტე" სხვა არაფერია, თუ არა განდგომა. ეს რომ დავამტკიცოთ, წავიკითხავ მოციქულ პავლეს სიტყვებს და მასზე წმ. იოანე ოქროპირის განმარტებას.
 
"ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:3-4).
 
მოციქული ამბობს: "ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგან არ მოიწევა ეს დღე, ვიდრე არ მოაწევს განდგომილება". წმ. იოანე ოქროპირი ამ სიტყვების განმარტებაში ამბობს:
 
"აქ იგი ანტიქრისტეზე ლაპარაკობს და უდიდეს საიდუმლოებებს ამჟღავნებს. რა არის განდგომილება? განდგომილებას იგი თვით ანტიქრისტეს უწოდებს, ვინაიდან იგი მრავალთ დაღუპავს და განდგომილებამდე მიიყვანს".
 
ამრიგად, ოქროპირი ამბობს, რომ მოციქული განდგომილებას თვით ანტიქრისტეს უწოდებსო.
 
განვმარტავ ამას კიდევ მაქსიმე ბერძენის სიტყვებით:
 
"განდგომილება, ეს არის ენათა (ხალხთა) განდგომა მართალი და უბიწო ქრისტიანული სარწმუნოებიდან სხვადასხვა ღმრთითსაძაგელი მწვალებლობებისკენ და ურწმუნო აგარიანელთა ღვთითმბრძოლობა" (სიტყვა მეორე).
 
წმ. მამა ასკვნის, რომ ადამიანთა განდგომილება მართლმადიდებლური სარწმუნოებიდან სხვადასხვა მწვალებლობებისკენ, არის სწორედ ანტიქრისტეს ცნება. ამის შესახებ ვკითხულობთ აპოკალიფსისში, მიტროპოლიტ პეტრეს საძმოს მიერ 1902 წელს გამოცემულ წიგნში, 139-ე გვერდზე.
 
"სამწელიწად ნახევრით აღნიშნულია დრო, რომლის განმავლობაშიც იბატონებს განდგომილება".
 
სამწელნახევრიან განდგომილებაზე მსჯელობდა ჩემი თანამოსაუბრეც, ხოლო განდგომილება სხვა არაფერია, თუ არა ანტიქრისტე.
 
ვფიქრობ, უკვე გაიგეთ, თუ რა ყოფილა ანტიქრისტე. ჩემ მიერ მოტანილი მოწმობების მიხედვით, ანტიქრისტე არის განდგომილი. მაგრამ რადგან სატანას არ შეუძლია პირადად მოახდინოს ადამიანთა გადაცდომა ჭეშმარიტი გზიდან, ის ირჩევს ადამიან-ჭურჭელს და მის მიერ აცდუნებს სხვებს. ანტიქრისტე - არ არის საკუთარი სახელი, არამედ ზედწოდება, რომელიც გარკვეულ თვისებას შეესაბამება, როგორც, მაგალითად ქურდობის შესატყვისად იწოდება - ქურდი, ავაზაკობის შესატყვისად კი ­- ავაზაკი. საკუთარი სახელი კი მას არა აქვს, რის შესახებაც არის ლაპარაკი წმიდა წერილში. ვკითხულობ აპოკალიფსისს, კიევის გამოცემას, გვერდი 137.
 
"რიცხვის (ბეჭდის) და, ასევე, ყოველივე დანარჩენის, რაც მის შესახებ დაწერილია, საღად მოაზროვნეთ და მღვიძარეთ გაუხსნის განსადელის დროება (იგულისხმება ანტიქრისტეს მმართველობის პერიოდი - "ძველმ." რედ.). როგორც ზოგიერთი მოძღვარი ამბობს, მისი სახელის ცოდნა აუცილებელი რომ ყოფილიყო, ეს, პირველ ყოვლისა, საიდუმლოთმხილველს (იოანეს) ეუწყებოდა, მაგრამ ღვთის მადლმა არ დაუშვა, რომ ეს წარმწყმედელი სახელი საღვთო წიგნში ყოფილიყო ჩაწერილი" (ანდრია კესარიელის განმარტება - "ძველმ." რედ.)
 
წმიდა წერილში არ არის მოცემული ანტიქრისტეს განსაზღვრული სახელი, როგორც ამას ჩვენი თანამოსაუბრე ფიქრობს. ანტიქრისტეშიი იგულისხმება განდგომილ ადამიანთა კრებული.
 
ფ. ე. მელნიკოვი უთითებს, რომ განსვენებული ლ. ფ. პიჩუგინი ამბობდა ანტიქრისტე სატანა არისო. მართალია, პიჩუგინი ამას ამბობდა, მაგრამ რომ გავიგოთ, თუ რა აზრით იყო ეს ნათქვამი, მოვიტან მის სიტყვებს: ვკითხულობ მისი გასაუბრებიდან ფ. ე. მელნიკოვთან, 1909 წ. გვ. 210:
 
"წმიდა ბასილი დიდი თავის თხზულებებში, პირველ ნაწილში (გვ. 170), ამბობს, რომ ანტიქრისტე სრული მნიშვნელობით არის სატანა და განდგომილი (გვ. 228). წმ. წერილის მიხედვით - ეს არის სატანა, რომელიც აცდუნებს მსოფლიოს მწვალებელთა და სხვა ცდომილ ადამიანთა დახმარებით".
 
განა მართალი არ არის პიჩუგინი თავის სიტყვებში, რომ სატანა ისეთივე განდგომილია, როგორც ანტიქრისტე, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სატანა არის პირველი განდგომილი. თუ ეს ასე არ არის, მაშინ თქვენ მიჩვენეთ თქვენს მომდევნო სიტყვაში.
 
იოანეს სახარებაში ქრისტე ამბობს:
 
"მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (ინ. 5:43).
 
ფ. ე. მელნიკოვმა სახარების ეს აზრი თავისებურად გადაასხვაფერა და თქვა, თითქოსდა ქრისტე თავის გამონათქვამში ამბობდეს - მიიღებთ, სახარებაში კი ნათქვამია - შეიწყნარებთ. გთხოვთ, ძვირფასო მსმენელებო, მიაქციოთ ამას განსაკუთრებული ყურადღება. სხვაა - მიიღებთ, და სხვაა - შეიწყნარებთ. მიიღებთ - მომავალი დროა, შეიწყნარებთ - აწმყო. ქრისტე მაცხოვრის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ იუდეველები ანტიქრისტეს ჩახუტებულნი არიან უკვე 2000 წელზე მეტია, როგორც ეს დაადასტურა დიდმა მსოფლიო მოძღვარმა იოანე ოქროპირმა. ვკითხულობ "მარგალიტს", ფურცელი 177).

"დიდად შესცოდეს იუდეველებმა თავიანთი უმეცრების გამო. რომ შეეცნოთ პატრიარქ იაკობის ნათქვამი: "არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა" (დაბ. 49:10) ყურადღებით დააკვირდებოდნენ მისი მოსვლის დროებას და ქრისტესგან განდგომის შიშით, არ ჩაუვარდებოდნენ ანტიქრისტეს, როგორც ეს მათ თვით ქრისტემ უწინასწარმეტყველა: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (ინ. 5:43). ხედავთ, როგორ ცოდვით დაცემას იწვევს უმეცრება".
 
მაშ, ასე რატომ სცოდავენ იუდეველები; იმიტომ, რომ ისინი, როგორც ჩვენი თანამედროვე მოსაუბრენი, წერილს ბუკვალურად არჩევენ და ყურადღებას არ აქცევენ იმას, როგორ სრულდება წინასწარმეტყველებანი, და ამაშია მათი მთავარი შეცდომა. წმ. ოქროპირი ამბობს: "ყურადღებით რომ დაკვირებოდნენ მისი (ქრისტეს) მოსვლის დროებას, ქრისტესგან განდგომის შიშით, არ ჩაუვარდებოდნენ ანტიქრისტეს", არადა ირწმუნებიან, რომ ქრისტე (მესია) ჯერაც არ მოსულაო.
 
მაშ, როგორი უნდა იყოს მათთვის ანტიქრისტე? ჩემი მოსაუბრის თქმით, ის იქნება იუდეველი წინადაცვეთილი, მოვა მათთან და აცდუნებს მათ. მაგრამ განა უკვე ცდუნებულნი არ არიან იუდეველნი? განა ისინი ქრისტესთან არიან? განა უკვე უარყოფილნი არ არიან ღმრთის მიერ? განა მათ არ ეუბნებოდა მაცხოვარი? – "თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ" (ინ. 8:44).
 
კიდევ ვინ უნდა აცდუნოს ისინი ამაზე მეტად?
 
ნუთუ არ იცით, რომ იუდეველებმა უარყვეს ქრისტე, როდესაც პილატემ შესთავაზა მათ მისი გათავისუფლება, ისინი კი ჰყვიროდნენ: "ჯვარც აცვი, ჯვარს აცვი იგი" (ინ. 19:15). ეგ კი არა ბარაბა გაათავისუფლეთ (შეად. ინ. 18:40), რაც გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს სატანას.
 
რაც შეეხება იმას, რომ ანტიქრისტე იქნება რომელიღაც განსაკუთრებული პიროვნება, ასეთი შეხედულება ანტიქრისტეზე სცილდება წმიდა წერილის ფარგლებს. სადმე წმიდა წერილში თუ ლაპარაკია ანტიქრისტეს მოსვლაზე, რაც ჩემმა თანამოსაუბრემ წაიკითხა, ასეთი წერილი, როგორც წინასწარმეტყველური, ბუკვალურად კი არ უნდა გავიგოთ, არამედ მეტაფორული, სულიერი აზრით.
 
წერილს ბუკვალურად იგებდნენ მხოლოდ ებრაელები, და მას არანაირ სულიერ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, როგორც ამას აკეთებს ჩემი თანამოსაუბრეც. თუ ვინმე ანტიქრისტეზე ბუკვალურად საუბრობს, ის მიემსგავსება იუდეველთ და მათსავით დაელოდება ერთსა და იმავე ანტიქრისტეს. ასეთი უკეთური თავდაჯერებულობა, როგორც იუდეველებისა, ასევე ერეტიკოსებისა, რომლებიც ელიან ანტიქრისტეს მოსვლას იმხილება კირილეს წიგნით. ვკითხულობ მე-20 ფურცლის მეორე მხარეს:
 
"იუდეველნი ელოდებიან მესიას, და ამბობენ კიდეც, რომ მისი მოსვლის დროება ჯერ არ დამდგარა. ასე არიან მწვალებლებიც, და ამბობენ, რომ დადგა უკანასკნელი ანტიქრისტეს გამეფები დრო".
 
წაკითხულიდან ჩანს, რომ აწმყო დროში ანტიქრისტეს მოლოდინი მხოლოდ იუდეველთა და მწვალებელთ ახასიათებთ.
 
კიდევ სხვანაირად ვიტყვი, იმის მომიზეზებით, რომ ეს ბოროტი განდგომილი ანტიქრისტე ჯერაც არ მოსულა, ერეტიკოსებს სურთ დაფარონ თავიანთი ბოროტი ერესი, რომელიც მათ შორის არის გაბატონებული.
 
ნუ განაწყენდება ჩემზე ჩემი თანამოსაუბრე ამ შედარებისთვის, - ჩემ მიერ წაკითხული მოწმობები ჩემი პირადი ნააზრევი როდია, არამედ წერილიდან არის აღებული.
 
ძვირფასო მსმენელებო, მინდა გითხრათ, რომ საკითხი ანტიქრისტეს შესახებ ძალიან მნიშვნელობანია, რადგან მასში დაფარულია მთელი ქვეყნიერების ხვედრი.
 
ჩემი თანამოსაუბრის კითხვაზე - როდის მოვიდა ანტიქრისტე, მე ვპასუხობ: ანტიქრისტეს მოსვლა დინასტიური თანმიმდევრობით არის - განდგომილება, ხოლო უკანასკნელი განდგომილება მოხდა 1666 წელს. ამ დროიდან მთელ ქვეყნიერებაზე არ დარჩა ქვეყანა, რომელიც დასნებოვნებული არ იყოს მწვალებლური სწავლებით, და არსად არ დარჩა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი. მათ ყველამ გადაუხვიეს მართალ მოძღვრებას, რაც აღიბეჭდა უკანასკნელ განდგომილებაშიც.
 
ფ. ე. მელნიკოვი კიდევ გვეკითხება - რომელ პიროვნებას მივიჩნევთ ანტიქრისტედ? დროის არქონის გამო, ამ შეკითხვას ჩემს შემდგომ სიტყვაში ვუპასუხებ, ახლა კი დავასრულებ გამოსვლას და გთხოვთ მიპასუხოთ კითხვაზე. ეკლესიის დიდი მოძღვარი იპოლიტე რომაელი ამბობს:
 
"ნეტარი წინასწარმეტყველები თვალები იყვნენ ჩვენთვის, დაფარულის გამცხადებლები" (Бол. соборник лист 120).
 
ღვთაებრივი წინასწარმეტყველებიო, - ამბობს იგი, - ჩვენთვის თვალებიაო, რომელთა მეშვეობით უნდა ვუმზერდეთ საღმრთო წერილის სიღრმეს. ამრიგად, პატივცემულო თანამოსაუბრევ, დაე არასწორი ვიყოთ იმაში, რომ დღეს არ ველოდებით ანტიქრისტეს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში დაგვაკმაყოფილეთ პასუხით შემდეგ კითხვაზე. დანიელ წინასწარმეტყველის მიხედვით ანტიქრისტე მოდის 70-ე შვიდეულის მეორე ნახევარში, ოთხი სამეფოს პერიოდში. მიუთითეთ - რომელ პერიოდში ვცხოვრობთ ახლა, და რომელ შვიდეულში? თუკი დღეს 70-ე შვიდეული ჯერაც არ დამდგარა, მაშინ მართლაც ანტიქრისტე ჯერ არ მოსულა, რადგან ის მოდის უკანასკნელ ნახევარში, ხოლო თუ ის ჯერაც არ დამდგარა, მაშინ გვიჩვენეთ რომელ შვიდეულში ვცხოვრობთ. შვიდეულთა რაოდენობა მხოლოდ 70-ია, არც მეტი არც ნაკლები, როგორც ეს ნათქვამია დანიელის წინასწარმეტყველებაში.
ანტიქრისტეს მოსვლა
ფ. ე. მელნიკოვის მეორე სიტყვა
 
პატივცემულო კრებავ! ჩემ მიერ დამოწმებულ ტექსტებს, რომლებიც ამოწერილი იყო საღმრთო წერილიდან და წმიდა მამათა თხზულებებიდან, ჩემმა ოპონენტმა დუმილით ჩაუარა. აიღო მხოლოდ ერთი ადგილი, რომლის მიხედვითაც სცადა ჩემი გამტყუნება, თითქოსდა მე უპატიოსნოდ მოვიქეცი - ის ისე არ წავიკითხე, როგორ ეწერა. შეგახსენებთ, მე ვკითხულობდი ქრისტე მაცხოვრის სიტყვებს, მიმართულთ იუდეველთადმი:
 
"მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (ინ. 5:43).

ჩემი მოსაუბრე შენიშნავს, რომ უნდა წავიკითხოთ: "არ მიიღებთ", ახლა კი უკვე მიგვიღია და მაშასადამე იმ დროიდან მოდის ანტიქრისტეს სამეფო. ნება მიბოძეთ გადავამოწმო ეს საყვედური. "მახარობელში" ("Благовестное Евангелие") ვკითხულობთ:
 
"სხვა მოვა, ანუ ანტიქრისტე, რომელიც დაიწყებს მტკიცებას, რომ მხოლოდ ის არის ერთადერთი ღმერთი. ამრიგად მე (ამბობს ქრისტე), რომელიც მოვედი მამის ჩემის სახელით, ანუ ვამბობ, რომ წარმოგზავნილი ვარ მამის მიერ, თქვენ არ მიღებთ, ხოლო მას კი - მიიღებთ. ეს თქვენ დაგემართებათ იმისთვის, რომ ის შეგპირდებათ ამქვეყნიურ დიდებას, რომელსაც ეძებთ, გსურთ რა მიიღოთ დიდება ერთმანეთისგან და უარყოფთ იმ დიდებას, რომელიც მხოლოდ ღმრთისგანაა".
 
არ უთქვამს, თქვენ უკვე მიიღეთო, არამედ მიიღებთო. მიმაჩნია რა ჩემი თავი სრულად პატიოსან მოსაუბრედ, ვალდებული ვიყავი ეს ტექსტი წამეკითხა ისე, როგორც ის წიგნშია დაწერილი. აქ წერია: "მას მიიღებთ", მეც ასე ვკითხულობთ. ჩემმა მოსაუბრემ არ იცის, რით და როგორ მიპასუხოს ესოდენ ნათელ მოწმობაზე, რომელიც თვით ქრისტეს სიტყვებისგან არის აღებული, ამიტომაც გამოიყენა არცთუ პატივსაცემი ხერხი: მსაყვედურობს იმაში, რაც წავიკითხე, და წავიკითხე ისე, როგორც წერია.
 
ვეკითხები ჩემს მოსაუბრეს: როდის მოვიდა უკანასკნელი ანტიქრისტე? პირდაპირი პასუხის ნაცვლად ის საუბარს იწყებს მტკიცებით, რომ ანტიქრისტე მოვიდა თვით ქრისტე მაცხოვრის მოსვლისთანავე. იუდეველებმაო, - ამბობს ის, - არ მიიღეს ქრისტე, მაშასადამე მიუღიათო ანტიქრისტე. მშვენიერია. ამ დროიდან რომ მოსულიყო უკანასკნელი ანტიქრისტე, მაშინ რაში უნდა დასჭირვებოდათ მრავალრიცხოვან წმიდა მამებს, რომლებიც უკვე ქრისტეს ამაღლების შემდგომ იყვნენ, იმის დაწერა, რომ ველოდებით ანტიქრისტეს, რომ ის მოვა სამყაროს აღსასრულის წინ. მაშასადამე, ან წმიდა მამები შეცდნენ და ვერ გაიგეს წმიდა წერილი, და ის ესმის მხოლოდ ჩემს მოსაუბრეს, ან, პირიქით, ყველა სულიწმიდით გაბრძნობილმა წმიდა მამამ, სწორად ბრძანა, რომ კიდევ იქნება ანტიქრისტე, ჩემი მოსაუბრე კი ცდება.
 
მთელი იმ დროის განმავლობაში, როგორც კი დავიწყებთ ლაპარაკს ანტიქრისტეზე წმიდა წერილიდან, ან წინასწარმეტყველებზე, ან კიდევ რაიმე სხვა საგანზე, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით არა აქვთ ჩვენს მოსაუბრეებს, ბეზპოპოვცები იწყებენ ჩვენს კიცხევას წერილის ვერგაგებაში და იმაში, რომ ჩვენ მას ბუკვალურად განვმარტავთ. მაგრამ, ჩვენ ხომ წმიდა წერილის შიშველ ტექსტებს არ ვიმოწმებთ, არამედ წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა განმარტებებს ამა თუ იმ ტექსტზე. შედეგად, ჩვენ ტექსტებს ვიმოწმებთ იმ გაგებით, როგორც ის გაგებულია და განმარტებულია ღმრთითშთაგონებული მამების მიერ. ჩვენი მოსაუბრე კი ცდილობს მამათა დაწერილიც კი გაიგოს არა ბუკვალური აზრით, არამედ მეტაფორულად. და ამაშია მისი შეცდომა.
 
ის კითხულობს იმის შესახებ, რომ ანტიქრისტე არის განდგომილება. ხოლო რაკიღა, - ამბობს ის, - მოხდა განდგომილება, აჰა, თქვენც თქვენი ანტიქრისტე. ამ საკითხზე განდგომილებათა შესახებ მე დიდხანს შევჩერდებოდი. ვინ არ იცის, რომ განდგომილებები იყო მოციქულთა დროიდანვე. ჩვენ ვიცით, რომ არიანელებიც, მაკედონიანელებიც, და ნესტორიანელებიც განუდგნენ ეკლესიას, ასეთი ანტიქრისტეები ათასობით კი არა მილიონობით იყო ეკლესიის ისტორიაში, და ბეზპოპოვცების მიმართულებაში ის აღსრულდება ყოველწლიურად და ყოველდღე. და ეს ყველა - ანტიქრისტეები, ანტიქრისტეები, ანქიტრიქსტეები არიან.
 
ამიტომაც, ჩემს მოვალეობად ჩავთვალე პირველივე საუბარში დამეწესებგინა მკაცრი განსხვავება წინამორბედ ანტიქრისტეებს და უკანასკნელ ანტქრისტეს შორის. სწორედ ამ ბოლო ანტიქრისტეზე ვეკითხებო მე მას: როდის მოვიდა იგი და ვისი სახით მოვიდა? ის უნდა იყოს ერთი კაცი, რომელმაც თავი გამოაცხადა მეფედ და ღმერთად. და ამ კითხვას ჩემმა მოსაუბრემ არაფერი მიპასუხა, და ვერც მიპასუხებს, რადგან ეკლესიის ყველა მამა ამბობს, რომ ანტიქრსტე იქნება კერძო პირი, ერთი ადამიანი. ავიღებ ბოლო დროის ისეთ წიგნს, როგორიცაა წიგნი "რწმენის შესახებ" ("О вере").
 
ის დაწერილია 1666 წლამდე რამოდენიმე წლით ადრე. აი, 269-ე ფურცელზე ვკითხულობ, რომ ანტიქრისტეს მსახურები მოვიდნენ, მაგრამ თვით ანტიქრისტე ჯერაც არ მოსულა. 1666 წლამდე გამოცემული წიგნი "რწმენის შესახებ" ამტკიცებს, რომ ანტიქრისტე ჯერაც არ მოსულა. ამ უკანასკნელს ჩვენ ჯერაც ველოდებით, ის ადამიანი, კერძო პირი იქნება. აი ამ უკანასკნელ ანტიქრისტეზე ვეკითხები მე მას: როდის გამოჩნდა იგი და ვისი სახით? და ამ კითხვაზე მე არ მპასუხობენ.
 
ფ. ფ. რუმიანცევი კითხულობს "კირილეს" წიგნიდან (Кириллова книга) 20-ე ფურცელს იმის შესახებ, რომ იუდეველები ელოდებიან ანტიქრისტეს, მასვე ელოდებიან მწვალებლებიც.
 
მაგრამ, იბადება კითხვა: რა მიზნით ელოდებიან ებრაელები ანტიქრისტეს? ისინი ელოდებიან მესიას, როგორც ღვთის ცხებულს, ელიან მას, როგორც წმინდანს, როგორც წინასწარმეტყველს; აი, ჩვენ, ძველმორწმუნეები, ანტიქრისტეს იმავე სახით და აზრით რომ ველოდოთ, იუდეველებივით დამნაშავეები ვიქნებოდით. მაგრამ, ჩვენ, პირიქით, მას (ანუ ანტიქრისტეს) ველით, როგორც მტერს. იმავე "კირილეს" წიგნში, რომელსაც იმოწმებს ჩემი მოსაუბრე, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ველოდებით მტერს. ამას ჩვენი წინაპრები ამბობდნენ ნიკონამდე ცოტა ხნით ადრე. აი რა არის ნათქვამი ამ წიგნის 38-ე ფურცელზე:
 
"განდგნენ ადამიანები სიმართლისგან, ყურს იფხანენ გამოგონილი არაკებით, და ყველანი მიჰყვებიან ხიბლის სიტკბოებას, ყველანი იჯერებენ ამ არაკებს, რის გამოც ადამიანები განუდგნენ კეთილ საქმეებს. მომხიბლავი ურჩევნიათ ჭეშმარიტს, ესაა განდგომილება". განდგომილება უკვე იყო, ის ათასგზის აღსრულდა.
 
"ამიტომაც ველოდებით მტერს, რომელიც თავის წინამორბედებს წარმოაგზავნის, და როდესაც თვითონ მოვა, დარჩენილებს გამოიჭერს" (ფურცელი 38. მეორე მხარე).
 
ხედავთ რაოდენ დიდი განსხვავებაა უკანასკნელ ანტიქრისტეს, რომელიც უნდა მოვიდეს, და მის წინამორბედებს შორის. თვითონ ის ქრისტეს უკანასკნელ მტრად მიიჩნევა, ხოლო წინამორბედები მის მსახურებად არიან აღიარებულნი, რომლებიც მის მოსვლას ამზადებენ.
 
ჩემს მოსაუბრეს არანაირი შესაძლებლობა არა აქვს ილაპარაკოს უკანასკნელ ანტიქრისტეზე და ამიტომაც დასახმარებლად მხოლოდ ანტიქრისტეს მსახურებს მიმართავს - მის წინამორბედებს. მაგრამ იმავე "კირილეს" წიგნიდან უნდა გაიგოთ, რომ ჩემი მოსაუბრე არც თუ კორექტულად სარგებლობს ტექსტებით: ის კითხულობს "კირილეს" წიგნს ჩემს სამხილებლად, არადა იგივე წიგნი აცხადებს, რომ ველოდებით ანტიქრისტეს, ის ჯერაც უნდა მოვიდეს. შედეგად, თუკი მე იუდეველობას მაბრალებენ იმისთვის, რომ ველოდები ქრისტეს მტერს, რომელიც ჯერ არ მოსულა, მაშინ იმავე იუდეველობაში დამნაშავე ყოფილა "კირილეს" წიგნიც, რომელიც იგივეს ბრძანებს, და გვეუბნება, რომ ველოდებით ქრისტეს მტრის მოსვლას - ანტიქრისტეს. მაშ, ვინ გაბედავს ამ წიგნის მხილებას იუდეველურ ცდომილებაში?
 
შემდეგ ფ. ფ. რუმიანცევი კითხულობს ოქროპირის "ჰომილიებს" იმის შესახებ, რომ ანტიქრისტე მიიჩნევა განდგომილად. უბედურებაც იმაშია, რომ საზოგადოდ ჩვენს ბეზპოპოვეც თანამოსაუბრეებს და კონკრეტულად ფ. ფ. რუმიანცევს არ ესმით წმიდა წერილი და არასწორად განმარტავენ წმიდა მამათა თხზულებებს. ოქროპირი იმას კი არ ამბობს, რომ განდგომილებაა ანტიქრისტეო. პირიქით, - ის ამბობს, რომ ანტიქრისტეა განდგომილება. ეს იგივეა, რასაც ქრისტე ამბობს სახარებაში: "მე ვარ კარი". მაგრამ კარს თქვენ არ უწოდებთ ქრისტეს, იმ კარს, რომელიც კავებზეა ჩამოკიდებული, თქვენ ვერ იტყვით: "აი - ქრისტე". ვერა. თქვით, რომ ეს არის ცრუ დასკვნა. ზუსტად ასეა ანტიქრისტეს შემთხვევაშიც: მამები ამბობენ, რომ ანტიქრისტე არის განდგომილება, მაგრამ თვით განდგომილება არსად წოდებულა უკანასკნელ ანტიქრისტედ. აი რას ამბობს ოქროპირი "განმარტებით სამოციქულოში".
 
"განდგომილებად ანტიქრისტეს უწოდებს, რადგან მრავალი ადამიანის განშორება სურს ქრისტესგან" (ფურც. 892).
 
შენიშნეთ: "განდგომილებად". ამ ადგილიდან ნათელია, რომ წმმ. მამები, რომელიც ჩემს მოსაუბრესაც წაუკითხავს, ლაპარაკობენ არა ანტიქრისტეს ბეზპოპოვცური გაგების სასარგებლოდ, არამედ მის წინააღმდეგ: ისინი გმობენ ამგვარ გაგებას, რადგან ის ეწინააღმდეგება წმიდა წერილს და მამათა განმარტებებს. ოქროპირი "განმარტებითი სამოციქულოს" იმავე ფურცელზე, რომელიც ჩემმა მოსაუბრემ მიუტითა, წყვეტს საკითხს: ვინ იქნება ამგვარი ანტიქრისტე? სატანა არის განდგომილი, - მაშ, ის ხომ არ არის უკანასკნელი ანტიქრისტე? ამ კითხვას ოქროპირი ასე პასუხობს: ანტიქრისტე ადამიანი იქნება.
 
"მაშ ვინ არის ის?" - კითხულობს ოქროპირი.
 
თქვენ გესმოდათ, როგორ ამტკიცებდა პიჩუგინი, რომ სატანა - ეს არის უკანასკნელი ანტიქრისტე, გესმოდათ, რომ ჩვენი მოსაუბრეც ამტკიცებდა, სწორედ სატანა არისო უკანასკნელი ანტიქრისტე. მაშ, ისმინეთ, რას ამბობს წმ. კაცი (ოქროპირი):
 
"იქნებ სატანაა?" - სვამს კითხვას ოქროპირი და პასუხობს: "არანაირად".
 
არავითარ შემთხვევაში. მაშ, ვინაა იგი?
 
"ეს იქნება ვინმე კაცი, რომელიც მის მოქმედებას მიიღებს. და გამოჩნდება კაცი, რომელიც აღზევდება ყოველგვარ საწმიდარზე და ღმერთზე. კერპთაყვანისცმემლობას არ დაამკვიდრებს იგი, მაგრამ ღმრთისმოძულე იქნება და ყოველ სათაყვანებელ არსს უარყოფს, და ღმრთის ნაცვლად საკუთარ თაყვანისცემას დააწესებს" ("Беседы апостольския", столб. 2334).
 
აი, ვინ იქნება ანტიქრისტე. არა თვით სატან. "არანაირად", - ამბობს ოქროპირი. არამედ განსაკუთრებული კაცი, რომელიც თავს მეფედ და ღმერთად გამოაცხადებს, მასში იმოქმედებს სატანის ძალა და ბოროტება, ის იქნება პირველი განდგომილის, ეშმაკის, წარმომადგენელი. მაგრამ ეს იქნება კაცი, ეშმაკის ჭურჭელი. გახსოვთ, მე წავიკითხე ნეტ. იერონიმეს სიტყვები მისი "თხზულებების XII ნაწილიდან, სადაც ნათლად არის ნათქვამი, რომ ანტიქრისტე იქნება კაცთაგანი, და არა მათი სიმრავლე. თუკი ყოველგვარ განდგომილებას ანტიქრისტეს მივიჩნევთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ანტიქრისტე მოციქულთა დროიდან არსებულა. "კირილეს" წიგნში ნათქვამია:
 
"პირველად მოვა განდგომილება, შემდეგ კი კაცი უსჯულოებისა, ძე წარწყმედისა - ანტიქრისტე" (ფურც. 15).
 
მაშასადამე, ჯერ იქნება განდგომილება, როგორც ის ხდება, მოამზადებს გზას ანტიქრისტეს მისაღებად, მაგრამ თვით განდგომილება როდია ანტიქრისტე, არამედ მხოლოდ მისი მოსვლის მომამზადებელი მოქმედება, რათა შემდეგ მიიღონ იგი, რომელიც მოვა და შეიწყნარებენ.
 
ჩემმა მოსაუბრემ წმ. კირილე იერუსალიმელიც დაიმოწმა, "ჩვენო, - ამბობს (მოსაუბრე), - პოლიტიკურად როდი გვესმისო ანტიქრისტეს მოსვლა, არამედ საეკლესიო თვალსაზრისით". ოღონდ მან მიუთითა არა საეკლესიო თვალსაზრისზე, რომლიდანაც ჩანდა, რომ, ჯერ-ერთი, ანტიქრისტე - არ იყო პიროვნება, და მეორეც, ის იმეფებდა დიდი ხნის განმავლობაში. წმ. კირილე კი ამბობს (საეკლესიო თვალსაზრისით, და არა პოლიტიკურით), რომ ანტიქრისტეს მეფობა იქნება ძალზედ ხანმოკლე.
 
"ანტიქრისტე იმეფებს მხოლოდ სამწელიწად ნახევარს. ამას ვამბობთ არა აპოკრიფული წიგნებიდან, არამედ დანიელის წინასწარმეტყველებიდან. რადგან ნათქვამია: ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო" (დან. 7:25) ("Твор. св. Кирилла Иерусалимскаго", 16-е огласит. поуч., стр. 181, изд. Сойкина).
 
ყველასთვის ნათელი რომ იყოს, თუ რა იგულისხმება სიტყვებში: "დრო - ორი დრო და ნახევარი დრო", წმ. მამა იძლევა ასეთ განმარტებას: "დრო - ერთი წელია, როდესაც ძალაუფლებას გამოაჩენს, დარჩენილი ორი დრო - ურჯულოების დარჩენილი ორი წელიწადია, ერთად კი სამი წელიწადი. ნახევარი დრო - ექვსი თვეა. კიდევ სხვა ადგილას იგივეს ამბობს დანიელი: "დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში" (დან. 12:7). ამავე აზრით ესმოდათ შემდეგი სიტყვებიც: "ორიათას ოთხმოცდაათი დღე" (11); და კიდევ: "ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს" (12). ამიტომაც უნდა დავიმალოთ და გავიქცეთ. რადგან, ისრაელის ქალაქების შემორბენასაც ვერ მოვასწრებთ, რომ მოვა კაცის ძე" (მთ. 10:23) (იქვე. გვ. 181).
 
შედეგად, იგივე წმ. კირილე იერუსალიმელი, რომელსაც იმოწმებდა ჩემი მოსაუბრე, ამბობს, რომ ანტიქრისტე 3,5 წელიწადზე მეტს ვერ იმეფებს.
 
მე მაძლევენ კითხვას: რომელ დროში ვცხოვრობთ ახლა, რომელ შვიდეულში? მე ვპასუხობ: შვიდეულები დასრულდა ქრისტეს დროს, ზოგიერთი წმიდა მამის განმარტებით კი რჩება ერთი შვიდეული სამყაროს აღსასრულს. და ეს შვიდეული არ იქნება დროის ძალიან გაწელილი პერიოდი, პირიქით, ნახევარ შვიდეულად გამოთვლილია დრო 3,5 წელიწადი, ანუ 42 თვე, ანუ 1260 დღე. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვცხოვრობთ ამ დროში, ამიტომ ანტიქრისტე ჯერაც არ მოსულა, ხოლო მისი მოსვლის ნიშნები ასეთი იქნება: ჯერ-ერთი, ის თავს გამოაცხადებს მეფედ და ღმერთად; მეორეც, ის იქნება კერძო პირი, ადამიანი; და მესამეც, ის იმეფებს მხოლოდ 3,5 წელიწადი. ნეტ. თეოდორიტე ამბობს, თუ როგორ უნდა გვესმოდეს ანტიქრისტე:
 
"განდგომილება უწოდა მოციქულმა თვით ანტიქრისტეს, მისცა რა სახელი საქმეთა მიხედვით, რადგან ჭეშმარიტებიდან ყველას განდგომას მოინდომებს. ხოლო უსჯულოების კაცი უწოდა იმიტომ, რომ თუმც კაცია ბუნებით, საკუთარ თავში მიიღო ეშმაკის მთელი მოქმედება, ძეა წარწყმედისა იმიტომ, რომ თვითონაც დაიღუპება და სხვებსაც წარწყმედს, რადგან კაცთა წარმწყმედელი ჩვენი ღმრთისა და მაცხოვრის განკაცებას მიჰბაძავს, და როგორც უფალმა მიიღო ადამიანური ბუნება და აღასრულა ჩვენი ცხონება, ესეც გამოაცხადებს რა თავს ღმერთად და ქრისტედ, თავიდან ამხილეს ე. წ. "ღმერთების" სიცრუეს, რომელთაც თვითონვე უჭერდა მხარს წარსულში" ("Твор. блаж. Феодорита", ч. VII, стр. 546).
 
ჩვენ ყველანი, ვინც კი აღვიარებთ ქრისტეს, ქრისტიანებად ვიწოდებით, ქრისტეებადაც, მაგრამ საკუთრივი აზრით ქრისტე მხოლოდ ერთია, სხვა ქრისტე ქვეყანაზე არ არსებობს. იგივე უნდა ვთქვათ ანტიქრისტეს და ანტიქრისტიანთა შესახებაც. ანტიქრისტეს შემწეებს, - ყველა მის მსახურს, წინამორბედს, - რომელთა რაოდენობა საშინლად დიდია, მოციქულთა დროიდან მოდიან და სამყაროს აღსასრულამდე იქნებიან. მაგრამ როგორც ქრისტე იყო ერთი, ასევე ანტიქრისტეც საკუთრივ ერთი იქნება. ის არ შეიძლება იყოს კრებითი პირი, არამედ იქნება კერძო და ერთი. აი ამ ანტიქრისტეს შესახებ ვლაპარაკობ მე და ვეკითხები (ოპონენტს): სად არის ასეთი ანტიქრისტე? და ამ კითხვაზე პასუხს არ მაძლევენ, რადგან მას შეუძლებელია ბეზპოპოვცებმა პასუხი გასცენ.
 
მე უკვე წაგიკითხეთ, რომ ანტიქრისტეს დროს იქნება უსასტიკესი დევნულება და შევიწროება. თვით ქრისტე ამბობდა, რომ მაშინ იქნება ისეთი ჭირი, რომელიც არასოდეს ყოფილა სამყაროს დასაბამიდან და არ იქნება. იბადება კითხვა: ბეზპოპოვცები ახლა განიცდიან ამ ჭირს და დევნულებას თავიანთ ყოფიერებაში? თავიანთი ცხოვრებით ისინი ხომ არ ანგრევენ საკუთარსავე შეხედულებას ანტიქრისტეს შესახებ? დიახ, ანგრევენ. აი, როგორ საზეიმოდ უგალობენ ისინი ახლანდელ თავისუფალ დროებას თავიანთ ჟურნალში: "სარწმუნოების ფარი" ("Щит Веры"):
 
"ათასწლეულის მეოთხედი პერიოდის განმავლობაში ქრისტეს ძველმართლმადიდებლური ეკლესია (აქ იგულისხმება თავდაპირველი ძველმართლმადიდებლობა და შემდგომ მისი ბეზპოპოვცური განშტოება - "ძველმართლ". რედ.) ღმრთის ბოროტი მტრებისგან იდევნებოდა და იჩაგრებოდა. ნიკონამდელი მართლმადიდებლური რწმენის ყველა მიმდევარი, რომელთაც დღეს ძველმოწესეებს უწოდებნ, უმძიმესი გაჭირვება გადაიტანეს თავიანთ სამშობლოში და დღემდე პირქუშ მოგონებებს ინახავენ გარდასულ წლებზე. მაგრამ (დიდება ღმერთს) ეს ბნელი წარსული უკვე ისტორიის კუთვნილებაა და ჩვენს წინაშე ახალი ნათელი მომავალია. გადავშალოთ ისტორიის დიადი წიგნი. რამდენი სასტიკი დევნა, რამდენი საშინელი დაცინვა, რამდენი ეშმაკური მზაკვრობა აღიმართა ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ, მაგრამ ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ შემუსრავენ მას.
 
ყოველი ახალი უბედურების შემდეგ, ეკლესია, აღორძინებული მოწამეთა სისხლით და გაძლიერებული ზეგარდმო ძალით, ყმაწვილდებოდა, მტკიცდებოდა და ვითარდებოდა. ამას განვიცდით ჩვენ ახლა. უმაღლესმა მანიფესტმა, ღმრთის ნებით, მიგვაახლა ნეტარ დროებას, როდესაც ქრისტეს მორწმუნენი, ხანგრძლივი დევნულების შემდეგ, სულიწმიდის მადლით განმრკიცებულნი, ელტვიან ქრისტეში სიყვარულით ერთობას და ეკლესიის მორთვას მართალთა გვირგვინებით. დადგა განახლების დრო, - ასკვნიან ისინი თავიანთ ჟურნალში ("Щит Веры", 1912 г., № 1, стр. 5—6).
 
მე ვამთავრებ ჩემს სიტყვას და ჩემს მოსაუბრეს ვეკითხები, ჯერ-ერთი, იმასვე, რაც უკვე ადრეც ვკითხე: რომელი დროიდან მეფობს ანტიქრისტე და ვისი სახით? და მეორე კითხვა: სად ასწავლის წმიდა ეკლესია, რომ უკანასკნელი ანტიქრისტეს სამწელიწადნახევრიანი მეფობა წლებად კი არ უნდა გავიგოთ, არამედ განუსაზღვრელ დროებად? სად და როდის ილაპარაკა ამაზე თუნდაც ერთმა წმიდა მამამ?


გაგრძელება იქნება.

წყარო: Беседы старообрядцев Белокриницкой иерархии с старообрядцами поморцами в Москве, в 1913 году. Беседа 4. О пророках Илии и Енохе. (2 ноября). Беседы старообрядцев Белокриницкой иерархии с старообрядцами поморцами в Москве, в 1913 году : (Стеногр. запись). - Москва : тип. т-ва Рябушинских, 1915.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому