აპოლოგეტიკა - "ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი..." - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
"ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი..."

ჩვენი პასუხი "დეკანოზ" ილია ჭიღლაძეს
ბრმები ბრმებისვე წინამძღოლნი
2021 წ-ის 6 თებერვალს "დეკანოზმა" ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ოფიციალურ ეკლესიაში დამკვიდრებულ ზოგიერთ წესს შეეხო, კერძოდ: 1) ძალდატანებით "ნათლისღებას", 2) ძალდატანებით ზიარებას და 3) ასევე უფლის განცხადების დღეს (6 / 19 იანვარს) წმიდა სამების - მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე წყალში ყვინთაობის ტრადიციას.
 
ბ-ნი ი. ჭიღლაძე სამართლიანად არის აღშფოთებული თავისი ეკლესიის მღვდელმსახურთა უწესობით, რომელიც, აუცილებელია აღინიშნოს, მათი უმეცრებიდან მომდინარეობს.
 
საქმე იმაშია, რომ ოფიციალური, ე. წ. მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალმა მღვდელმსახურმა არ იცის როგორ უნდა ჩატარდეს ნათლისღების საიდუმლო. ზოგიერთი მიხვდა, რომ ნათლობისას აუცილებელია წყალში შთაფლვა, მაგრამ, რადგან ასეთი პრაქტიკა ამ თემში იშვიათია, სასულიერო პირებს გამოცდილებაც ნაკლები აქვთ და არა თუ არ იციან როგორი უნდა იყოს შთაფლვასთან დაკავშირებული პროცედურა, არამედ არც ის, რომ სხვაა ნათლისღების (უფლის განცხადების) დღესასწაული (6 / 19 იანვარი) და სხვა საკუთრივ ნათლისღების საიდუმლო. ეს სამარცხვინო უცოდინრობაა და აქ შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ "დეკანოზ" ილია ჭიღლაძეს.
 
თუმცა, პარადოქსული ისაა, რომ ბ-ნმა "დეკანოზმა" ოფიციალური ეკლესიის "მღვდელმსახურთა" ეს უმეცრება უმეტესწილად ძველმართლმადიდებელ ქრისტიანებს, მისი თქმით "სტაროვერებს" დააბრალა.
 
ბ-ნი ჭიღლაძე წერს: "ასევე არის ზოგ მღვდელში და მრევლშიც შეხედულება-განწყობა, რომ შთაფვლითი (ანუ ჩაყვინთვა) ნათლობა, უფრო მადლმოსილი და კანონიკურია, ვიდრე დასხმითი ნათლობა, რაც დიდი შეცდომა და დასხმით შესრულებული ნათლობის საიდუმლოს შეურაცხყოფაა, უმეტესად სწორედ დასხმითი ნათლობები ხდება ეკლესიაში და შეუძლებელია ერთი პრაქტიკის ნათლობა უფრო მადლმოსილი იყოს, ვიდრე მეორე პრაქტიკით აღსრულებული, ეს ცდომილი აზრი სტაროვერული სექტანტური სწავლებებიდან მოდის. ამ საკითხზე იხ. ისტორიული და კანონიკური მიმოხილვა: ედ. ჭელიძე, ეკლესია სძალი უფლისა, 1990 წ."
 
ე. ჭელიძის მიმოხილვები - "ეკლესია - სძალი უფლისა" (1990 წ.) და "სული - ცხოველი" (2012 წ.), რომელიც სპეციალურად დაიწერა ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ნაშრომში "გზა - მართლად სავალი" (თბილისი. 2017 წ.). ეს ნაშრომი ინტერნეტშიც განვათავსეთ, სადაც ი. ჭიღლაძესაც და ყველა დაინტერესებულ პიროვნებასაც თვალნათლივ შეუძლია იხილოს რამდენად "კანონიკურია" ე. ჭელიძის "მიმოხილვა", აქ კი, - "დეკანოზ" ჭიღლაძის კატეხიზაციის მიზნით, - მხოლოდ მის უმეცრებას შევეხებით.
 
დიახ, "დეკანოზი" ი. ჭიღლაძე, რომელიც თავის მხრივ უმეცრებაში ამხელს თავისივე ეკლესიის თანამოძმე მსახურებს, უწოდებს მათ "გონებაშეზღუდულებს და უმეცრებს" (მაგ.: "მღვდელ" შალვა კეკელიას), "საშიშ და მიუღებელ მქადაგებლებს" (მაგ.: "დეკანოზ" თადეოს სარალიძეს) და სხვა, დიდი სიბრძნით ვერც თვითონ გამოირჩევა და უცოდინრობას ამჟღავნებს არა მარტო ნათლისღების საიდუმლოს დოგმატური არსის აღქმაში, არამედ ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებულ ისტორიულ-კანონიკურ ნიუანსებშიც.
 
საკუთარი საძმოს შეფასებაში ი. ჭიღლაძეს არ შევედავებით და საწინააღმდეგოს მტკიცებას არ დავიწყებთ, რადგან, უეჭველად, ი. ჭიღლაძემ ჩვენზე უკეთ იცის საკუთარი ეკლესიის სამღვდელოების განათლების დონე, რომელზეც, სხვათა შორის, მის მიერ ხსენებული ე. ჭელიძე თავდაუზოგავად "ზრუნავს".
 
შედეგიც სახეზეა - ტოტალური უმეცრება!
 
მოდი დავრწმუნდეთ ამაში თვით "დეკანოზ" ი. ჭიღლაძის მაგალითზე.
 
ამისთვის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მის ნათქვამს ძველმართლმადიდებელ ქრისტიანებზე: "ასევე არის ზოგ მღვდელში და მრევლშიც შეხედულება-განწყობა, რომ შთაფვლითი (ანუ ჩაყვინთვა) ნათლობა, უფრო მადლმოსილი და კანონიკურია, ვიდრე დასხმითი ნათლობა, რაც დიდი შეცდომა და დასხმით შესრულებული ნათლობის საიდუმლოს შეურაცხყოფაა, უმეტესად სწორედ დასხმითი ნათლობები ხდება ეკლესიაში და შეუძლებელია ერთი პრაქტიკის ნათლობა უფრო მადლმოსილი იყოს, ვიდრე მეორე პრაქტიკით აღსრულებული, ეს ცდომილი აზრი სტაროვერული სექტანტური სწავლებებიდან მოდის".
 
რაში ვლინდება აქ ილია ჭიღლაძის უმეცრება?
 
უპირველესად იმაში, რომ ძველმართლმადიდებელი ქრისტიანები სექტანტები არ არიან! ამას აღიარებდა თვით ოფიციალური საპატრიარქო თავის ოფიციალურ საიტზე (მოგვიანებით ეს აღიარება გაქრა) (ფოტო საპატრიარქოს საიტიდან ამ აღიარებით იხ. ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. არქიეპისკოპოსი პავლე. "გზა - მართლად სავალი". ტ. III. თავი VII. 1. კანონიკურობის "საბუთი" და მისი განმარტება. http://oldorthodox.ge/apologetika_gza_martlad_savali_iii...).
 
მაგრამ, რაც უფრო საინტერესოა, "სტაროვერებს" საქართველოში სექტანტებად ძველ საუკუნეებშიც კი არ მოიხსენიებდნენ, არამედ მართლმადიდებლებად ხმობდნენ. აი რას ვკითხულობთ იოანე ბატონიშვილის (1766-1830) ცნობილ კატეხიზმოში "ხუმარ-სწავლა":
 
ელიაზარის კითხვაზე: "ქრისტიანეთა შორის რომელი უფრო უმეტეს არს"? იოანე პასუხობს, რომ ამდაგვარნი უმეტესნი და უპირველესნი ყოველთა ქრისტეანეთა შორის არიანი ისინი, "რომელსა შინა არც წმიდა სამებასა და არცა განხორციელებასა შინა არა რაიმე გმობა რამ იხილვება (ანუ დოგმატური ცთომილებები არ გააჩნიათო - არქიეპ. პ.) და ეგრეთვე ზოგნი ეკლესიისნი წირვა და ლოცვა და სხვა ყოველი სამღვდელო განწესება უუმჯობეს და უფრო უპატიოსნესად აქვთ განკარგული" (იოანე ბატონიშვილი. "ხუმარ-სწავლა". წიგნი I. თბილისი. გამომც. "მერანი", 1990. გვ. 62-63).
 
ხოლო იმ ქრისტიანთა ჩამონათვალში, ვისაც "უფრო პატიოსნად აქვთ განკარგული" ყოველი ქრისტეანული წესი და რიგი იოანე ბატონიშვილი ახსენებს "სტაროვერებს": "(ჰკითხა) ელეაზარმან: არიან ვინმე კვალად სხვანი ქრისტიანენი? იოანემ (უპასუხა): არიან რუსეთსა შინა მრავალგვარნი სტაროვერად წოდებულნი ... რომელ ერთგვარნი არიან მართლმადიდებელნი და მტკიცენი სჯულსა ზედა და სულ ძველთა დროთამებრ იქცევიან..." (იქვე. გვ. 56-57).
 
ამრიგად, 18-ე საუკუნის საქართველოში რიგით ადამიანებს უფრო მართებული წარმოდგენა ჰქონიათ "სტაროვერებზე", ვიდრე დღევანდელ, "საინფორმაციო საუკუნედ" წოდებულ ეპოქაში მცხოვრებ ი. ჭიღლაძისნაირ "მღვდლებს" და "სასულიერო პირებს". აქ ვიკითხავთ: მაშ, თუკი "სტაროვერებს", რომელთაც იოანე ბატონიშვილი მართლმადიდებლებს უწოდებს, სჯული მტკიცედ დაუცავთ და "სულ ძველთა დროთამებრ" ანუ ძველ საეკლესიო გადმოცემებისამებრ იქცევიან, რის გამოც მათში არც წმიდა სამების და არც ქრისტეს განკაცების დოგმატებში "არა რაიმე გმობა იხილვება" და ასევე "ეკლესიის წირვა-ლოცვა და ყოველი სამღვდელო განწესება უუმჯობესად და უპატიოსნესად აქვთ განკარგული", რის საფუძველზე უწოდებს მათ ი. ჭიღლაზე სექტას? "დეკანოზ" ილია ჭიღლაძისთვის დოგმატური უცთომელობა და საეკლესიო გადმოცემათა (მსახურებისა და სხვა წეს-განგებათა) ურყევობა თუ "სექტანტური" ნიშან-თვისებაა, მაშინ რა თვისებები აქვს მისი წარმოდგენით მართლმადიდებლობას? ძნელი არ არის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა: ი. ჭიღლაძე თვითონვეა სექტანტი და მოდერნისტი, და რაც მთავარია, ისეთივე ბნელი, როგორიც მისი თანამოძმეები ბრძანდებიან. ამიტომაც, თამამად შეგვიძლია ი. ჭიღლაძესაც ისეთივე ეპითეტები მივუძღვნათ, როგორსაც ის თავის ერთმორწმუნე თანამსახურებისთვის იმეტებს (იხ. ზემოთ).
 
მაგრამ ეს კიდევ არაფერი... თავისი ლექტორის, ე. ჭელიძის ერთგული სულიერი შვილი ი. ჭიღლაძე კიდევ უფრო შორს მიდის და მართლმადიდებლური ეკლესიის უძველეს კანონიკურ პრაქტიკას (სამგზის შთაფლვას ნათლისღების საიდუმლოში), მასთან დაკავშირებულ საეკლესიო-კანონიკურ დადგენილებებს და მართლმადიდებელ წმინდანებს უშიშრად განიკითხავს.
 
ის წერს: "სოცქსელი დაიპყრო ვიდეომ, სადაც მოზრდილ ბავშვს, ალბათ 8-10 წლის გოგონას, მღვდელი ძალისმიერად აყვინთებს წყალში (ანუ ე.წ. შთაფვლით) მოსანათლად, რამაც დიდი აღშფოთება და განკითხვა გამოიწვია მოსახლეობაში. აუცილებელია ეკლესიის ადმინისტრაცია ასეთ საკითხებს ყურადღებას აქცევდეს. ზოგადად, ბერძნულ და რუსულ სამოძღვრო და ლიტურგიკულ საღვთისმეტყველო სახელმძღვანელოებში ეს საკითხები კარგადაა გაწერილი ინსტრუქციების და რჩევების სახით, ჩვენთან ამ მხრივ საკმაო ვაკუუმია და სიმწირე".
 
ძალდატანებითი ნათლობის შემთხვევებზე ჩვენ არ შევჩერდებით, რადგან ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამგვარი რამ მხოლოდ უმეცარ სასულიერო პირებში ხდება, მკითხველის ყურადღებას მხოლოდ იმ "ვაკუუმსა და სიმწირეზე" გავამახვილებთ, რომელსაც ოფიციალური ეკლესიის სასულიერო პირთა "ცოდნა-განათლება" მოუცავს. ეს "ვაკუუმი" და "სიმწირე" ძალიან მოკლედ და ლაკონურად არის გადმოცემული თვით "დეკანოზ" ილია ჭიღლაძის ტირადაში: "ასევე არის ზოგ მღვდელში და მრევლშიც შეხედულება- განწყობა, რომ შთაფვლითი (ანუ ჩაყვინთვა) ნათლობა, უფრო მადლმოსილი და კანონიკურია, ვიდრე დასხმითი ნათლობა, რაც დიდი შეცდომა და დასხმით შესრულებული ნათლობის საიდუმლოს შეურაცხჰყოფაა, უმეტესად სწორედ დასხმითი ნათლობები ხდება ეკლესიაში და შეუძლებელია ერთი პრაქტიკის ნათლობა უფრო მადლმოსილი იყოს, ვიდრე მეორე პრაქტიკით აღსრულებული, ეს ცდომილი აზრი სტაროვერული სექტანტური სწავლებებიდან მოდის".
 
ამრიგად, სწავლება იმის შესახებ, რომ "ნათლისღების საიდუმლოში შთაფლვა უფრო მადლმოსილი და კანონიკურია, ვიდრე დასხმითი ნათლობა" ი. ჭიღლაძის მიერ შერაცხილია "შეცდომად" და დასხმითად შესრულებული ნათლობის "შეურაცხყოფად". ეს "ცთომილი აზრი", - ბრძანებს ჩვენი კრიტიკოსი, - "სტაროვერული სექტანტური სწავლებებიდან მოდის".
 
რატომ არის ი. ჭიღლაძის ამგვარი ბრალდება უმეცრება და ცთომილება? - იმიტომ, რომ შთაფლვითი ნათლობის არა თუ უპირატესობა დასხმით-პკურებით "ნათლობასთან", არამედ ერთადერთობა და პკურება-სხურების უარყოფა ძველი ეკლესიისა და, ჰოი საოცრებავ, - თვით ი. ჭიღლაძისვე ეკლესიის სწავლება და გადმოცემაა.
 
იმას, რასაც ი. ჭიღლაძე "სტაროვერულ სექტანტურ სწავლებას" უწოდებს პრინციპულად არის დაცული და გადმოცემული ი. ჭიღლაძის ეკლესიის მღვდელმთავართა, მღვდელმსახურთა და წმინდანებად შერაცხილ პირთაგან.
 
მაგრამ, მოდი, ჯერ ი. ჭიღლაძე გავარკვიოთ, თუ რა არის "გაწერილი" მის მიერ ნახსენებ "ბერძნულ და რუსულ სამოძღვრო და ლიტურგიკულ საღვთისმეტყველო სახელმძღვანელოებში". რადგან ოპონენტმა ისინი ახსენა, ჩვენც სწორედ მათგან წარმოვუჩინოთ ჩვენს კრიტიკოსს საკუთარი უმეცრება:
 
ბერძნული წყაროებიდან გამოვყოფდით ბერძნულ დიდ სჯულისკანონს "პიდალიონს", რომელიც საბერძნეთში და თვით ე. ჭელიძის მიერაც წმინდანად აღიარებულ მოღვაწეს - ნიკოდიმე მთაწმინდელს შეუდგენია. აი რას წერს ნიკოდიმე:
 
"ლათინური წყალპკურება უცხოა შთაფლვისა და აღმოშობისა, შედეგად, ვერ არის გამომხატველი უფლის სამდღიანი სიკვდილისა და აღდგომისა, ამიტომაც ყოველგვარი მადლმოსილებისა, განწმენდისა და ცოდვათა მიტევებისგან გაუცხოებულია. თუ ლათინები იტყვიან, რომ წყალპკურება იძლევა განწმენდასა და მადლს წმიდა სამების მოწოდებითო, დე უწყოდნენ, რომ ნათლობა ოდენ მოწოდებით კი არ აღესრულება, არამედ უცილობლივ ითხოვს მსგავსებას უფლის სიკვდილისა და აღდგომისა, რამეთუ აცხოვნებს მოსანათლავს არა ოდენ რწმენა წმიდისა სამებისა, არამედ ამასთანავე რწმენა "მესიის სიკვდილისა"; იგივეს ბრძანებს ნეტარი იერონიმეც, რომ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ჟამს სამგზისი შთაფლვა წყალში მოციქულთა დროიდან მომდინარეობს, ზეპირი საეკლესიო გადმოცემით გადმოგვეცა და აღესრულება არა მხოლოდ ყოვლადწმიდა სამი ღვთაებრივი პირის სახელით, არამედ იმიტომაც, რომ უფალი თავისი ადამიანური ბუნებით სამი დღის განმავლობაში იყო მკვდარი".
 
იქვე: "ასე, რომ, ლათინნი მწვალებლები არიან. როგორც მოუნათლავთ (მათში დამკვიდრებული წყალპკურებითი "ნათლობის" გამო - ადმ.), მათ არ გააჩნიათ სულიწმიდის მადლი და შედეგად არც ერთი საიდუმლოც; მათგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულები უნდა გადაინათლონ".
 
იქვე: "ლათინთა ნათლისღება (წყალპკურება, დასხმითი "ნათლობა" - ადმ.) ცრუდ იწოდება...".
 
"ლათინები მოუნათლავები არიან იმიტომ, რომ ნათლისღებისას სამჯერ არ შთაფლავენ მოსანათლავს, ... მათ შეცვალეს მოციქულთამიერი ნათლობა და შთაფვლის სანაცვლოდ წყლის თავზე გადასხმით ნათლავენ ... ასე, რომ ლათინური წყალპკურება გაუცხოებულია ყოველგვარი მადლმოსილებისგან და არც განწმენდას იძლევა და არც ცოდვათა მიტევებას" (Пидалион., стр. 248, 249).
 
რუსული წყაროებიდან საყურადღებოა "მღვდელმსახურის სამაგიდო წიგნი", რომელიც პატრიარქ პიმენის დროს გამოუციათ. აი რას ვკითხულობთ ამ წიგნში:
 
"თუკი გაირკვევა, რომ ნათლისღება შესრულებულია არასწორად: არა სამგზისი შთაფლვით, დამახინჯებით ან საერთოდ არასწორი ფორმულირებით... მღვდელი ვალდებულია ნათლისღების საიდუმლო და მირონცხება შეასრულოს ჩვეულებრივი (ანუ სწორი) წეს-განგებით" (Настольная книга священнослужителя. Том 4. Таинства и обряды Православной Церкви. Последование Святаго Крещения. О совершителе Крещения. Издание Московской Патриархии. Москва 1983. Стр 236).
 
როგორც ვხედავთ, პატრიარქ პიმენის დროს გამოცემული "მღვდელმსახურის სამაგიდო წიგნი" (8 ტომად), - რომელიც კონკრეტული ინსტრუქციაა მღვდელმსახურთათვის, - არა სამგზისი შთაფლვით შესრულებულ ნათლობას არასწორს უწოდებს და მღვდელს საიდუმლოს წესიერად და თავიდან შესრულებისკენ მოუწოდებს.
 
ამრიგად, თუნდაც ამ ორი ბერძნულ-რუსული "სამოძღვრო და ლიტურგიკულ-სსაღვთისმეტყველო სახელმძღვანელოებიდან" ცნობილი ხდება, რომ შთაფლვითი ნათლობის უპირატესობის (უფრო სწორედ ერთადერთობის) აღიარება დასხმით-პკურებითი "ნათლობის" წინაშე, სულაც არ ყოფილა "სტაროვერთა" სექტანტური სწავლება.
 
საკითხის მეტი თვალსაჩინოებისთვის დავამატებთ ქართულ წყაროებსაც:
 
17-ე საუკუნისა (და უფრო ადრინდელ) საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ეპისკოპოსად ხელდასხმის წესში არსებობდა ხელდასასხმელი კანდიდატის მიერ წარსათქმელი მრწამსის სავალდებულო ტექტი ("ფიცი"), რომელსაც ეპისკოპოსად ხელდასასხმელი ყველა კანდიდატი წარმოთქვამდა და ეკლესიაში თავისი ხელდამსხმელის წინაშე საზეიმოდ აცხადებდა: "...კუალად აღვიარებ შვიდთა მათ საიდუმლოთა, რომლითაცა ცხოვრობენ ქრისტიანენი: პირველად ნათლისღებასა, რომელ არს კარი და დასაბამი ყოვლისა საიდუმლოისაი, იქმნების სამგზის შთასვლითა ემბაზსა შინა და აღმოყვანითა, და არა მსგავსად ლათინთა მიერ ახლად შემოღებულთა, რომელნი იტყვიან, ვითარმედ სხურებით იქმნების ნათლისღებაი" (საეპისკოპოსოდ ხელდასასხმელი კანდიდატის მიერ წარსათქმელი მრწამსის წინამდებარე ტექსტი, აღებულია კრებულიდან "ქრისტეანულ-არქეოლოგიური ძიებანი" 3/2010. ტექსტი კრებულში გამოსაქვეყნებლად მოამზადა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა. გვ. 119).
 
მაშ, ხედავთ? ძველად ქართველი ეპისკოპოსები თურმე ფიცს დებდნენ, რომ ნათლისღებას, რომელიც არის კარი და დასაბამი ყოველი საიდუმლოსი, აღასრულებდნენ მხოლოდ შთაფლვით და არა "ლათინთა მიერ ახლად შემოღებულთა" მსგავსად, რომლებიც ამტკიცებდნენ - "სხურებითაც იქმნება ნათლისღებაო". დღეს ამ ლათინურ პოზიციაზე დგას პროლათინურად (პროდასავლურად) განწყობილი "სამღვდელობა", რომელთა შორის "დეკანოზი" ილია ჭიღლაძეც იხილვება.
 
დასასრულ, ყველა ლათინს, გალათინებულ და გაუნიატებულ "მართლმადიდებლებს", პროლათინურად განყწობილ "სამღვდელოებას" ილია ჭიღლაძესთან ერთად, ქართლის კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის სიტყვებით ვკითხავთ: "თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით, ... რის გამოც მათგან ნათელღებულთ ნათლის მინიჭების მაგიერ, სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში".
 
აი თურმე, ვინ იმყოფება "ვაკუუმში" და "სიმწირეში" - განუნათლავნი... წყალდასხმითად შებილწულნი... "დეკანოზი" ილია ჭიღლაძე და ძმანი მისნი.
 
(უფრო დეტალურად დასხმითი "ნათლობის" შესახებ იხ. "გზა - მართლად სავალი". ტ. I. "შთაფლვა თუ დასხმა?!" თბ. 2017 წ.).
 
P. S. ფერარო-ფლორენციის კრებაზე მისულ წმ. მარკოზ ეფესელს, რომელმაც ხელი არ მოაწერა ლათინებთან უნიატურ შეთანხმებას და მათი მძაფრი კრიტიკითაც გამოვიდა, რომის პაპმა ამგვარი პოზიციის მიზეზი ჰკითხა, რაზეც წმიდა მარკოზ ეფესელმა მიუგო, რომ მისი რწმენა სახარებაზე, მოციქულთა კანონებზე, შვიდ მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე იდგა, და თუ პაპი მარკოზს ეფესელს მაინც ცთომილად შერაცხავდა, მაშინ მას ცთომილად უნდა გამოეცხადებინა თვით სახარება, მოციქულთა კანონები, მსოფლიო და ადგილობრივი კრებები და წმიდა მამათა გადმოცემანი. უფრო ლაკონურად რომ ვთქვათ, წმიდა მარკოზმა პაპს მიუგო - თუ რამეში მამტყუნებთ, მაშინ, უეჭველად, მე კი არა ყოველივე იმას ამტყუნებთ, რასაც მე ვაფუძნებო ჩემს რწმენას.
 
ასეა "სტაროვერების" შემთხვევაშიც: ჩვენი რწმენა, როგორც ეს იოანე ბატონიშვილის "კალმასობიდანაც" (ხუმარ-სწავლა) ვნახეთ, ეფუძნება წმიდა სახარებას, მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებებს (დიდ სჯულისკანონს), წმიდა მამათა გადმოცემებს და თუკი ჩვენს რწმენას ამტყუნებთ, ბატონებო, მაშინ თქვენ ქრისტეს და მისი სჯულის მოწინააღმდეგეები ყოფილხართ. და მაშინ, სექტანტურ-მწვალებლური სწავლება "სტაროვერებიდან" კი არ მომდინარეობს, რომელთაც მართლმადიდებლებს უწოდებდნენ ჩვენი ახლო წინაპრები, არამედ თქვენგან, გალათინებული "სამღვდელოებისგან".
 
დასკვნის სახით "დეკანოზ" ილია ჭიღლაძეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პიროვნება წარმოადგენს ლიტურგიკისა და კანონიკის უცოდინრობის უბადლო ნიმუშს, თუ არა - მაშინ, უნამუსობისას, რადგან აშკარაა მისი წინააღმდეგობა საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებასთან. აშკარაა ეკლესიის უძველესი და უჭეშმარიტესი სწავლებების უარყოფა, რაც ნათლისღების საიდუმლოს სხურება-პკურებით გაყალბებასა და შთაფლვითი ფორმის კანონიკურობის "სექტანტურ სწავლებად" შერაცხვაში გამოიხატება. ამიტომაც, "დეკანოზი" ილია ჭიღლაძე მისივე სიტყვებით უნდა შევაფასოთ და ვთქვათ, რომ ეს არის ""საშიში და მიუღებელი მქადაგებელი"; მაგრამ, საშიშია მისი ქადაგება არა ჩვენთვის, ძველმართლმადიდებელთათვის, არამედ მისი მრევლისა და თაყვანისმცემლებისთვის... რადგან, ნათქვამია: "ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან" (მათე 15:14).
 
ღმერთმა გაგინათლოთ გონება!
 
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა).
 
თბილისი. 8 თებერვალი. 2021 წ.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому