აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II_IX_ჯვრის გამოსახვის შესახებ 3 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ჯვრის გამოსახვა
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________

4.  წმ. მელეტი ანქიოქიელის მოქმედება

პირჯვრის საწერ წყობასთან დაკავშირებით ძველმართლმადიდებელი პოლემისტები ხშირად იმოწმებენ წმ. მელეტი ანტიოქიელის (IV ს.) მაგალითს, რომელმაც, როგორც ფიქრობენ, ანტიოქიაში გამართულ კრებაზე შეკრებილ ხალხს ჯვარი ორი თითით გადასწერა და ასე ასწავლა ჯვრის გამოსახვა მღვდლებსაც და ხალხსაც.

ერთი გადმოცემის მიხედვით: ჯერ მან შეჰკრა სამი თითი, მაგრამ არანაირი სასწაული არ მომხდარა. შემდეგ მან თითები შეკრა ორთითიანი წყობით და ადამიანები აკურთხა და ამ დროს მისი კურთხევისგან, ვითარც ელვამ, ცეცლხმა გამოკვესა. 1551 წლის მოსკოვის ცნობილი "ასმუხლიანი" (Стоглавый) კრება ასე გადმოსცემს ამ ამბავს: "... Два совокупив, три согнув и благослови люди, и изыде от него яко огонь молния, достохвальный убо он испусти глас... и тако посрами еретики" (Стоглав, гл. 31) ("... ორი შეაერთა, სამი მოხარა და ხალხი აკურთხა, და გამოკვესა მისგან ელვარე ცეცლხმა... და ასე შეარცხვინა მწვალებლები") (Стоглав. Издание второе. Казань 1887 г., стр. 65).

ცნობილია, რომ "1656 წლის 12 თებერვალს, წმ. მელეტი ანტიოქიელის ხსენების დღეს, როდესაც ცისკარზე კითხულობდნენ ცნობილ თქმულებას პროლოგიდან, პატრიარქმა ნიკონმა ხმამაღლა ჰკითხა პატრიარქ მაკარის - როგორც წმ. მელეტის საყდრის მემკვიდრეს - თუ როგორ უნდა გავიგოთ ეს თქმულება მელეტის შესახებ, რაზეც მაკარიმ მიუგო, რომ წმ. მელეტიმ ჯერ აჩვენა გაყოფილი 3 თითი, შემდეგ კი - შეერთებული, რომელთაგან ცეცხლის ალმა გამოკვესა" (Каптерев Н. Ф. Патриарх Никон и его противники в деле исправления церк. обрядов: Время патриаршества Иосифа. Серг. П., 1913. С. 103-104).

მართლმადიდებლური ენციკლოპედიის ელექტრონულ ვერსიაში ვკითხულობთ: "საღვთისმეტყველო დისკუსიაში ხელის თითების გამოყენების ცნობილი მაგალითი, აღწერილია სოზომენეს (Sozom. Hist. eccl. 4. 28) და ნეტ. თეოდორიტე კვირელის (Theodoret. Hist. eccl. 2. 31) მიერ, - ეს არის წმ. მელეტის ანტიოქიელის გამოსვლა 361 წ. ანტიოქიის კრებაზე არიანელთა სამხილებლად, როდესაც მან მოახდინა მამის, ძის და სულიწმიდის ერთარსების ილუსტრაცია, რისთვისაც ჯერ აღმართა 3 თითი, შემდეგ კი მათგან ორი მოხარა; შემდგომში ამ მაგალითმა გარკვული როლი ითამაშა პოლემიკაში ორთითიანი წყობით პირჯვრისწერის საკითხში, რადგან მოდავე მხარეები წმ. მელეტის ქმედების ინტერპრეტაციას ახდენდნენ განსაზღვრული თითთა წყობის მოწმობის დასადასტურებლად (თუმცა, ძველი საეკლესიო ისტორიკოსების მონათხრობიდან ასეთი დასკვნის გამოტანა შეუძლებელია)" (Двоеперстие. Православная энциклопедия. Электронная версия. http://www.pravenc.ru/text/171503.html) (URL-ს მიმართვის თარიღი: 18.09.2020).

ადრინდელი ნიკონიანელი პოლემისტებივით იქცევა ე. ჭელიძეც, რომელიც წმ. მელეტი ანტიოქიელის ქმედებას მისთვის სასურველ თითთაწყობის დასტურად მიიჩნევს და ამ შემთხვევას, ძველმორწმუნეებისაგან განსხვავებით, მისი ეკლესიისა და სამთითიანი ტრადიციის სასარგებლოდ განმარტავს.

ძველმორწმუნეთა მტკიცებულებას ე. ჭელიძე ეჭვქვეშ აყენებს და წერს: "რაც შეეხება საკუთრივ მელეტი ანტიოქიელის შესახებ მოწოდებულ ცნობას, იგი გულისხმობს არა საკუთრივ პირჯვრის გადაწერას, არამედ კურთხევის გაცემას ("благослови люди"), რომელიც ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში სრულდებოდა როგორც ორი შეკრული თითით (ცერითა და არათითით) და სამი აღმართული თითით (საჩვენებლი, შუათითი და ნეკი) (?), ასევე, უფრო იშვიათად (?) ორი აღმართული თითით (საჩვენებლი და შუათითი) და სამი შეკრულით. როდესაც წყაროში წერია, რომ მელეტიმ ხალხს ჯერ სამი თითი აჩვენა და არ გადასახა პირჯვარი, იგულისხმება რომ წმიდა მამამ ერს აუკრძალა პირველი სამი შეკრული თითით კურთხევის გაცემა, რადგანაც ხსენებული თითებით გადაიწერებოდა მარტოდენ პირჯვარი, კურთხევა კი თითთა სხვაგვარ წყობას მოითხოვდა. ასე რომ, მოტანილ ცნობაში გამიჯნულია პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის გარეგნული სახე" (ე. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ.180-181).

ასეთი მსჯელობა მეტად ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია.

ჩვენი ოპონენტი ჯერ ამბობს, რომ მელეტი ანტიოქიელის შესახებ მოწოდებული ცნობა "გულისხმობს არა პირჯვრის გადაწერას, არამედ კურთხევის გაცემას, რომელიც ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში სრულდებოდა როგორც ორი შეკრული (ცერითა და არათითით) და სამი აღმართული თითით, ასევე, უფრო იშვიათად,  ორი აღმართული თითით (საჩვენებლი და შუათითი) და სამი შეკრულით" (შეკრულში სავარაუდოდ მოკეცილი თითები იგულისხმება - არქიეპ. პ.). შემდეგ კი, წერს, რომ წმ. მელეტის სამი აღმართული თითით კურთხევის გაცემა აუკრძალავს: "როდესაც წყაროში წერია, რომ მელეტიმ ხალხს ჯერ სამი თითი აჩვენა და არ გადასახა პირჯვარი, იგულისხმება რომ წმიდა მამამ ერს აუკრძალა პირველი სამი შეკრული თითით კურთხევის გაცემა" (იქვე).

ასეთ შემთხვევაში წმ. მელეტი "ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში დამკვიდრებული" სამი თითით კურთხევის წესის მოწინააღმდეგე ხომ არ გამოდის, რომელიც, მისი თქმით "უფრო ხშირად სრულდებოდა" ვიდრე ორი თითით კურთხევა? ან საიდან იცის ე. ჭელიძემ, რომელი უფრო ხშირად სრულდებოდა? - ამისი დამადასტურებელი არანაირი საეკლესიო ან ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება! ან კიდევ, სად და ვის მიერ არის მოწოდებული ცნობა, რომ ერისკაცთ ოდესმე ვინმე ეკურთხებინოთ? სად არის ცნობა, რომ მელეტის დროს ხალხიც აკურთხებდა? ჩვენთვის ამგვარი ფაქტები უცნობია. ასევე უცნობია, საიდან მოაქვს ისინი ე. ჭელიძეს.

შემდეგ: წმ. მელეტიმ თუ "ხალხს სამი თითით კურთხევა აუკრძალა", ცხადია, იგი ამას თვითნებურად არ იზამდა, არამედ ზოგადსაეკლესიო წესიდან და სწორი სწავლებიდან გამომდინარე. მაგრამ კვლავაც: თუ მელეტიმ ხალხს სამი თითით კურთხევის გაცემა აუკრძალა, როგორ გავიგოთ ე. ჭელიძის მტკიცება, რომ ის "ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში სრულდებოდა"? თუ სრულდებოდა, რატომ აკრძალა? ხოლო, თუ აკრძალა, მაშინ ამგვარი კურთხევა ან არასწორი ან კიდევ მწვალებლური ყოფილა... და თუ სამი თითით კურთხევა აკრძალული იქმნა წმ. მელეტის ხსენებული მოქმედებით, რასაც თვით ე. ჭელიძეც აღიარებს, მისით პირჯვრისწერა რატომ უნდა იყოს მისაღები? გაუგებარია, რა იცვლება სამი თითის შეტრიალ-შემოტრიალებით, თუ თითებში გამოხატულია სარწმუნოებრივი დოგმატის აღსარება?

ე. ჭელიძის აზრით, ძველმართლმადიდებელთა მიერ დამოწმებული უწყება წმ. მელეტი ანტიოქიელის შესახებ (რომელიც ორი თითით ერის კურთხევას უჭერს მხარს) "ისტორიულ სიმართლეს არ შეესაბამება და შეთხზულია სლავურ სამყაროში იმ პირთა მიერ, რომლებიც ცდილობდნენ წმიდა მამის ავტორიტეტის მოშველიებით მარტოდენ ორი თითით კურთხევის გაცემის მართებულობა დაემტკიცებინათ" (ე. ჭ. დასახ. შრ. გვ.181).

"რა ადასტურებს წმ. მელეტი ანტიოქიელის შესახებ ზემომოტანილი უწყების სიყალბეს?" - კითხულობს ე. ჭელიძე და თავადვე პასუხობს:

"(1) ამას ადასტურებს ის, რომ სლავურ წყაროებში ეს უწყება კირილე იერუსალიმელის სახელსაც უკავშირდება, მაგრამ პატრისტიკისა და მსოფლიო კრებათა ისტორიის შემსწავლელთათვის კარგად არის ცნობილი, რომ წმ. კირილეს არსად არ აღუწერია მეორე მსოფლიო კრებაზე წმ. მელეტი ანტიოქიელის ქმედება, უფრო მეტიც, წმ. კირილე არსად აღწერს, საზოგადოდ, ხსენებული კრების რაიმე ეპიზოდს. ასე რომ, ზემომოტანილი უწყების წმ. კირილესადმი მიწერა ფსევდოეპიგრაფიკის ნიმუშია" (იქვე).

ჩვენი პასუხი: წარმოდგენილი მსჯელობა უსუსური არგუმენტია წმ. მელეტი ანტიოქიელის ქმედების უარსაყოფად, რადგან, თუ სლავური წყაროები არასწორად მიაწერენ წმ. კირილეს მელეტისთან დაკავშირებულ ამ შემთხვევას და ზემომოტანილი უწყების წმ. კირილესადმი მიწერა "ფსევდოეპიგრაფიკის ნიმუშია", ეს გარემოება ეჭვ ქვეშ ვერ დააყენებს თავად მელეტისეული ქმედების სინამდვილეს; რადგან, ის შესაძლოა მართლაც მომხდარიყო, ოღონდ ამ ამბის გადმოცემა არასწორად მიეწერა წმ. კირილეს.

"(2) არსებობს მეორე მსოფლიო კრების დაწვრილებითი აღწერილობანი, - წერს ე. ჭელიძე, - რომელთაგან სრულიად აშკარად ჩანს, რომ ხსენებულ კრებაზე გაკვრითაც კი არავის დაუსვამს პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის მართებული შესრულების საკითხი" (იქვე).

ჩვენი პასუხი: არც ეს გახლავთ რაიმე ღირებულების მქონე არგუმენტი, რადგან, ჯერ ერთი, შეუძლებელია იმისი მტკიცება, თითქოსდა მეორე (ან რომელიმე) მსოფლიო კრების საქმეებში დეტალურად ყოფილიყოს აბსოლუტურად ყველა საკითხი აღწერილი (ზოგიერთი მსოფლიო კრების საქმეები საერთოდ შემონახულიც კი არ გახლავთ). თანაც მელეტის შემთხვევა მოხდა არა მეორე მსოფლიო კრებაზე, არამედ ანტიოქიაში, სადაც ხალხმა მელეტის (და არა მსოფლიო კრებას) სთხოვა, ეჩვენებინა მათთვის სამების საიდუმლოს გამოსახვა. მეორეც, მელეტის ეს ქმედება აღწერილი აქვთ ნეტ. თეოდორიტესა და სოზომენეს. მიუხედავად იმისა, თითების რომელი წყობა აჩვენა მელეტიმ და რა ასწავლა, თავად ამბავი, რომელსაც თეოდორიტე და სოზომენე გადმოსცემენ, ნამდვილად მოხდა და თუ ეს იყო კურთხევის გადმოცემა, რაც, ე. ჭელიძის მტკიცებით, უჩვენებია წმ. მელეტის, როგორღა ამბობს, რომ მოტანილი ცნობა სიყალბეა? მაშ, თეოდორიტესა და სოზომენეს ცნობებიც "ფსევდოეპიგრაფიკის" ნიმუშები ყოფილა...  

შესაძლოა მკითხველმა იფიქროს, ე. ჭელიძეც ხომ სწორედ იმ ფაქტს აღნიშნავს, რომ მელეტის შემთხვევას ადგილი ჰქონდა არა მეორე მსოფლიო კრებაზე, არამედ სხვა დროს. მაგრამ ამგვარ შემოპასუხებას ცივ წყალს ასხამს ე. ჭელიძის ქვემოთ მოტანილი მესამე უარმყოფელი არგუმენტი, რომელშიც ნათქვამია:

"(3) მოგვეპოვება აღნიშნულ კრებაზე (ანუ II მსფოლ. კრებაზე - არქიეპ. პ.) წმ. მელეტის მოქმედების ამსახველი უძველესი ბერძნული წყაროები, რომლებიც მოღწეულია, ასევე, უძველესი ხელნაწერებით. ... ბერძნული წყაროები აშკარად ცხადყოფს, რომ სლავურად არსებული ტექსტი მელეტი ანტიოქიელის შესახებ წარმოადგენს სწორედ აღნიშნული ბერძნული წყაროების ტენდენციურ, სურვილისამებრ შეცვლას.

როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ძირითადი საკითხი იყო სამების ერთარსების, კონკრეტულად კი ძისა და სულიწმიდის ღმერთობის საკითხი. არიოზისა და მაკედონიუსის მიმდევრები, შესაბამისად, უარყოფდნენ ძისა და სულიწმიდის ღმერთობას, რითაც უარყოფდნენ ერთარსება ღვთის სამპიროვნებას. წმ. მელეტი ანტიოქიელმა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე სწორედ ერთარსება სამების დოგმატი გააცხადა თავისი ქმედებით. ასეთი რამ მოიმოქმედა მან: უპირველესად აღმართა სამი თითი, რითაც სამება ცხადყო, შემდეგ კი ორი მოკეცა, აღმართულად დატოვა მარტო ერთი და ამით იმავე სამების ერთარსება ანუ ერთება გააცხადა. ნეტარი თეოდორიტე კვირელი ... თავის "საეკლესიო ისტორიაში" გვაუწყებს:

"წამოდგა დიდი მელეტი და გააცხადა საღვთისმეტყველო წესის მართებულობა. ჭეშმარიტება თითქოს სასწორით აწონა მან, არც მეტი უთქვამს, არც ნაკლები. ხალხი ფრიად გაეხმატკბილა მელეტის, ხოლო როდესაც თხოვეს, რომ მოკლედ გადმოეცა მოძღვრება, აჩვენა მათ მელეტიმ სამი თითი, შემდეგ კი ორი მოხარა, ერთი დატოვა და ღირსადსაქები ხმა გამოსცა: "სამს შევიმეცნებთ, მაგრამ ვმსჯელობთ როგორც ერთის შესახებ" (იხ. თეოდორიტე კვირელი, საეკლესიო ისტორია, წიგნი 2, თავი 31, ნაწ. II. Pგ. 81, სვ. 1081. შდრ. რუსული თარგ.: показав три перста, а потом два из них сложив и оставив один, произнес следующее утьшительное изречение: разумеем три, а беседуем, как бы о едином. იხ. Арх. Григорий, დასახ. წიგნი, გვ. 65) (ე. ჭ. იქვე. გვ. 182).

და კიდევ: "ერთი თითისა და სამი თითის ერთმნიშვნელოვნება... მეორე მსოფლიო კრებაზე ყველას თვალწინ წარმოაჩინა დიდმა მელეტიმ, რომელმაც ჯერ სამი თითი აღმართა, რითაც სამება ცხადყო, შემდეგ კი აღმართა ერთი და ამით იმავე სამების ერთარსება გამოაცხადა" (ე. ჭ. იქვე. გვ. 207).

ჩვენი პასუხი: ე. ჭელიძეს აქ მოსდის მორიგი შეცდომა, რადგან "ნეტ. თეოდორიტეს "საეკლესიო ისტორიაში" ცხადად და მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ეს შემთხვევა მოხდა არა მეორე მსოფლიო, არამედ ანტიოქიაში გამართულ ადგილობრივ კრებაზე.

2008 წელს გამომცემლობა "ახალმა ივირონმა" დასტამბა თეოდორიტე კვირელის "საეკლესიო ისტორიის" ქართული თარგმანი (ძველბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ჯაშმა. რედ. დეკ. მაქსიმე ჭანტურია). ამ თარგმანში ვკითხულობთ: "ამ დროს კონსტანციუსი ანტიოქიაში იმყოფებოდა. ხოლო როდესაც ზავი დაიდო და სპარსელებმა ომი შეწყვიტეს, კვლავ შეკრიბა ეპისკოპოსები და ყველა აიძულა, უარეყოთ "თანაარსიც" და "სხვაარსიც". როდესაც ევდოქსიოსმა ლეონტის შემდეგ მიიტაცა ეს საყდარი და შემდეგ გაძევებულ იქნა, და მრავალი კრების შემდეგ უკანონოდ ეპყრა კონსტანტინოპოლი; ანტიოქიის ეკლესიამ დაკარგა მწყემსი. მაშინ შეკრებილი ეპისკოპოსები (ყველა მხრიდან მრავალმა მოიყარა თავი) ამბობდნენ, რომ საჭირო იყო ჯერ სამწყსოსთვის საძოვარის მიცემა, შემდეგ ასე მასთან ერთად ერთობლივად დოგმატების შესახებ თათბირი. ამ დროს ღვთივშთაგონებული მელეტი მართავდა სომხეთის რომელიღაც ქალაქს, შემდეგ ვერ აიტანა ქვეშევრდომთა ურჩობა, სხვაგან გადასახლდა და ცხოვრებას სიმშვიდეში ატარებდა. არიოზის დაჯგუფების წევრებმა იფიქრეს, რომ იგი მათი თანამოაზრე და მათი დოგმატების გამზიარებელი იყო, და სთხოვეს კონსტანციუსს, რომ მისთვის გადაეცა ანტიოქიის ყველა სადავეები. ყველა კანონი უშიშრად დაარღვიეს, ცდილობდნენ ურჯულოების გაბატონებას. კანონების დარღვევა მკრეხელობის საყრდენი ხდებოდა. მრავალი ასეთი ცვლილებები შეიტანეს დედამიწის მრავალ ადგილას. სამოციქულო დოგმატების მიმდევრებმა კი იცოდნენ დიდი მელეტის დოგმატურად საღი აზროვნება, ცხოვრების ბრწყინვალება და ნათლად უწყოდნენ (მისი) სათნოების სიმდიდრე; ამიტომ, ხმა მისცეს გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით დიდი მოშურნეობით იზრუნეს, რომ გადაწყვეტილება დაეწერათ და ყველას მოეწერა ხელი. ეს მათაც და ამათაც, როგორც რამ ერთობლივი შეთანხმება, ჭეშმარიტების ნამდვილ მებრძოლს, სამოსატელთა ეპისკოპოს ევსების გადასცეს შესანახად. როდესაც იმპერატორის მოწოდება მიიღო, დიდი მელეტი წავიდა, მას ყველა შეეგება, ვინც მღვდელმთავრობის წილმქონე იყო, ასევე შეეგება ეკლესიის სხვა დასებიც და ქალაქის მთელი მოსახლეობა. იქ იმყოფებოდნენ იუდეველებიცა და ელინებიც, რომელთაც ეწადათ სახელგანთქმული მელეტის ხილვა.

იმპერატორმა მასაც და სხვებსაც, ვისაც საუბარი შეეძლო, მოსთხოვა ხალხისთვის აეხსნა სიტყვები: "უფალმა მისი გზების დასაბვამად მისი საქმეებისთვის შემქმნა მე" (იგავ. 8:22). სწრაფად ჩაწერისთვის დახელოვნებულებს უბრძანა, დაეწერათ თითოეული სიტყვა, ფიქრობდა, რომ მოძღვრება ასე უფრო ზუსტი იქნებოდა. პირველად გიორგი ლაოდიკიელმა ამოანთხია მწვალებლური სიმყრალე. მის შემდეგ აკაკი კესარიელმა შუალედური რამ მოძღვრება გამოიტანა, მათ მკრეხელობას მრავალი რამ ჩამოაშორა, მაგრამ წმინდა და უბიწო სამოციქულო ხასიათი არ დაიცვა. მესამე ადგა დიდი მელეტი და ღვთისმეტყველების გამართული კანონი წარმოაჩინა. რადგან დადგენილ რამ ჭეშმარიტებას იყენებდა, ზედმეტობასაც და ნაკლოვანებასაც თავი აარიდა. როდესაც ხალხისგან მრავალი საქებარი სიტყვა მოისმინა და ითხოვდნენ მათთვის შემოკლებული მოძღვრების მიცემას, აჩვენა სამი თითი, შემდეგ ორი მოკეცა და ერთი გაშლილი დატოვა, და ამოუშვა ღირსადქებული ხმა: "სამად გავიაზრებთ, მაგრამ როგორც ერთზე ისე ვსაუბრობთ" (თეოდორიტე კვირელი. "საეკლესიო ისტორია". თავი XXVII. ანტიოქიაში გამართული სინოდისა და წმინდა მელეტის წინააღმდეგ იქ შეკრებილთა შესახებ. გამომცემლობა "ახალი ივირონი". თბილისი 2008 წ. გვ. 148).

ე. ჭელიძე იმოწმებს ცნობილ ისტორიკოს სოზომენესაც, მაგრამ სოზომენეც ბრძანებს, რომ ეს შემთხვევა მოხდა არა მეორე მსოფლიო კრებაზე, არამედ ანტიოქიაში.

"ახლა მოვუსმინოთ V ს-ის სახელგანთქმულ ისტორიკოსს სოზომენეს. - წერს ე. ჭელიძე, - მელეტიმ "დაუფარავად გააცხადა, რომ ძეს ჰქონდა იგივე არსება, რაც მამას. ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც მელეტის ჯერ კიდევ არ დაემთავრებინა სიტყვა, მაშინდელი ეკლესიის არქიდიაკონი მიეჭრა მას, ხელი მიაფარა და დაუხშო პირი, ხოლო მელეტიმ სიტყვაზე უცხადესად ხელით გამოთქვა თავისი აზრი, გაშალა და გამოაჩინა მან ჯერ სამი თითი, შემდეგ მოკეცა ისინი და აღმართა ერთი" (იხ. სოზომენე, საეკლესიო ისტორია, წიგნი IV, თავი 28, იხ. პგ. 67, სვ. 1204. შდრ. რუს. თარგ. "...показაв сначала три перста, а потом опять сложив их, и показав один; Арх. Григорий, დასახ. წიგნი, გვ. 66).

ამრიგად, აშკარაა, რომ ე. ჭელიძე აყალბებს ისტორიულ ცნობას, წმ. მელეტის მიერ ანტიოქიაში თითებით სამების ერთობის ქადაგების ფაქტს და ეს ამბავი გადააქვს მეორე მსოფლიო კრებაზე. აბსოლუტურად ყალბად განმარტავს თვით ამ ფაქტს და ცდილობს, ერთი თითით და სამი თითით პირჯვრისწერის არარსებული ჩვეულება მიაწეროს არა მარტო წმიდა მელეტის, არამედ თვით მეორე მსოფლიო კრებასაც, რომლის მსვლელობის დროსაც მომხდარა თურმე ეს ფაქტი. რითაც ცდილობს მიანიშნოს, რომ ამ კრების მამებიც შესაბამისად იწერდნენ პირჯვარს და აკურთხებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მელეტის ქმედებას მამათა კრიტიკა უნდა გამოეწვია. რადგან ასეთი რამ ცნობილი არ არის, ავტომატურად იგულისხმება, რომ როგორც მელეტი, ასევე მეორე მსოფლიო კრების მამები ვითომ პირჯვარს იწერდნენ ან ერთი, ან სამი თითით, და არავითარ შემთხვევაში ორით. ასეთია ე. ჭელიძის მსჯელობის კონკრეტული მიმართულება.

ახლა ვიკითხოთ, რის "არგუმენტად" იყენებს ამ ფაქტს ე. ჭელიძე - პირჯვრისწერისა თუ კურთხევისა? ოფიციალურ ეკლესიაში ხომ პირჯვრისწერაც და კურთხევაც სხვადასხვანაირად ხდება? არც თეოდორიტეს და არც სოზომენეს მიერ გადმოცემულ ამბავში ლაპარაკი არ არის არც პირჯვრისწერაზე და არც კურთხევაზე. აქ ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ გამოხატა თითებით წმ. მელეტიმ წმიდა სამების ერთარსების აღსარება.

ამის დასტურად მოყვანილი მაგალითი განვიხილოთ დაკვირვებით: "მელეტის სთხოვეს მოკლედ გადმოეცა მოძღვრება", ანუ მას პირჯვრისწერის ან კურთხევის გასაცემი წყობის კომბინაციის ჩვენება კი არ სთხოვეს, არამედ მართლმადიდებლური მოძღვრების გადმოცემა ღმრთის შესახებ, და როგორ შეასწავლა მელეტიმ ხალხს წმიდა სამების დოგმატი?

"აჩვენა მათ მელეტიმ სამი თითი, შემდგე კი ორი მოხარა, ერთი დატოვა" და ბრძანა: "სამს შევიმეცნებთ, მაგრამ ვმსჯელობთ როგორც ერთის შესახებ ".

ახლა გავიხსენოთ, რას წერს ე. ჭელიძე მელეტის ქმედების შესახებ: "რაც შეეხება საკუთრივ მელეტი ანტიოქიელის შესახებ მოწოდებულ ცნობას, იგი გულისხმობს არა საკუთრივ პირჯვრის გადაწერას, არამედ კურთხევის გაცემას, რომელიც ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში სრულდებოდა როგორც ორი შეკრული თითით (ცერითა და არათითით) და სამი აღმართული თითით (საჩვენებელი, შუათითი და ნეკი) (?), ასევე, უფრო იშვიათად (?) ორი აღმართული თითით (საჩვენებელი და შუათითი) და სამი შეკრულით. როდესაც წყაროში წერია, რომ მელეტიმ ხალხს ჯერ სამი თითი აჩვენა და არ გადასახა პირჯვარი, იგულისხმება რომ წმიდა მამამ ერს აუკრძალა პირველი სამი შეკრული თითით კურთხევის გაცემა, რადგანაც ხსენებული თითებით გადაიწერებოდა მარტოდენ პირჯვარი, კურთხევა კი თითთა სხვაგვარ წყობას მოითხოვდა. ასე რომ, მოტანილ ცნობაში გამიჯნულია პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის გარეგნული სახე" (ე. ჭ. დასახ. შრ. გვ.180).

მაგრამ მელეტისეულ სწავლებაში, რომელიც წმიდა მამამ თითებით გამოხატა, არც პირჯვრისწერის სწავლებაა და არც კურთხევის გაცემისა. რომელი სამი თითი აღმართა და რომელი ორი მოხარა? და რა კავშირშია ან აღმართული სამი თითი ან დატოვებული ერთი პირჯვრისწერასთან?

ედიშერ ჭელიძე ისეთ მაგალითებს აკავშირებს პირჯვრისწერასთან, რასაც სინამდვილეში მასთან არანაირი შეხება არა აქვს. ეს დასტურდება თუნდაც მის მიერ ხსენებულ წიგნში წმ. ბარბარეს მაგალითის დამოწმებით. ამჯერად ამ მაგალითზე არ დავკონკრეტდებით, რადგან მას ქვემოთ უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ, აქ კი მელეტის შემთხვევას დავუბრუნდეთ.

როგორც ზემოთ ვნახეთ, ედ. ჭელიძეს იქვე მოჰყავს სხვა მოწმობა იმავე მელეტის შესახებ, კერძოდ, იმიოწმებს V ს-ის ცნობილ ისტორიკოს სოზომენეს, რომელიც ამბობს: "მელეტიმ "დაუფარავად გააცხადა, რომ ძეს ჰქონდა იგივე არსება, რაც მამას. ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც მელეტის ჯერ კიდევ არ დაემთავრებინა სიტყვა, მაშინდელი ეკლესიის არქიდიაკონი მიეჭრა მას, ხელი მიაფარა და დაუხშო პირი, ხოლო მელეტიმ სიტყვაზე უცხადესად ხელით გამოთქვა თავისი აზრი, გაშალა და გამოაჩინა მან ჯერ სამი თითი, შემდეგ მოკეცა ისინი და აღმართა ერთი" (სოზომენე, საეკლესიო-ისტორია, წიგნი IV, თავი 28, იხ. პგ. 67, სვ. 1024. ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი. "მეცნიერება". 1990 წ. გვ. 183).

ამ ადგილიდან ცხადზე უცხადესად ნათელყოფილია, რომ მელეტიმ, დაუშალეს რა ქადაგება წმიდა სამების პირთა ერთარსობის შესახებ და დაუხშეს პირი საქადაგებლად, აღმართა თითები და მათით გამოხატა ის, რის თქმასაც აპირებდა, რომ ეცლიათ.

აი, როგორ არის გადმოცემული ეს ამბავი ერმიას სოძომენეს მიერ: "ამბობენ, როდესაც მელეტი ("ახალი ივირონის" ქართულ თარგმანშია "ევსტათი", მაგრამ ეს აშკარა შეცდომაა. უნდა იყოს "მელეტი" - არქიეპ. პ.)  ჩავიდა ანტიოქიაში, არიოზის მიმდევართა და პავლინეს თანაზიართა დიდი რაოდენონობის ხალხი შეიკრიბა. ზოგს უნდოდა, ენახა ეს კაცი, რადგან დიდი სახელი ჰქონდა გავარდნილი მის ჩამოსვლამდე; ზოგს კი სურდა, გაეგო, თუ რას იტყოდნენ და რა გადაწყვეტილებას მოიწონებდნენ. უკვე ხმა დადიოდა, რომ იგი იწონებდა ნიკეაში შეკრებილთა დოგმატს. თავდაპირველად იგი საჯაროდ ასწავლიდა ეგრეთ წოდებულ ზნეობრივ შეხედულებებს, ბოლოს კი, აშკარად აცხადებდა, რომ ძე იმავე არსისგან იყო, რაც მამა. ამბობენ, მას მიეჭრა არქიდიაკონი, რომელიც იმჟამად ადგილობრივ კლიროსში იყო და როდესაც ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, ხელი მიაფარა და პირი დაუმუწა. მაგრამ იგი ხელებით ხმაზე უფრო ცხადად მიანიშნებდა მის აზრზე: მხოლოდ სამი თითი გაიშვირა საჩვენებლად, შემდეგ ერთად მოკეცა თითები და ერთი გაშალა. ხელის გამოსახულებით ხალხის წინაშე გამოხატავდა იმას, რასაც ფიქრობდა და რის სათქმელადაც ხელი შეუშალეს. როდესაც შეცბუნებულმა არქიდიაკონმა ხელი მოაშორა, პირი გააღო და თავისუფალი ენით დიდი ხმით უფრო ნათლად გააცხადა მისი აზრი. შეაგონებდა, ეპყრათ ნიკეაში განჩინებული მრწამსი და მსმენელების წინაშე მოწმობდა, რომ სცოდავდნენ ისინი, ვისაც ჭეშმარიტებისგან განსხვავებულად სწამდა. ვინაიდან მან უკან არ დაიხია და ხან სიტყვით მეტყველებდა, ხან ხელით აჩვენებდა, როდესაც აბრკოლებდა არქიდიაკონი, და ქიშპობა წარმოიშვა ორივე მხრიდან, პანკრატიონის მსგავსი. ევსტათიანელები დიდი ხმით ყვიროდნენ, ხარობდნენ და დახტოდნენ, არიანელები კი სულით დაეცნენ. ეს მოისმინეს ევდოქსიოსის მომხრეებმა და განრისხდნენ, ცდილობდნენ მელეტის სასწრაფოდ ქალაქიდან განდევნას" (ჰერმიას სოძომენე. საეკლესიო ისტორია. წიგნი მეოთხე. თავი 28. საეკლესიო გამომცემლობა "ახალი ივირონი". თბილისი 2017, გვ. 238).

ვნახოთ რუსული თარგმანიც: "Когда Мелетий прибыл в Антиохию; то собралось, говорят, множество народа из последователей Ариевых и общников Павлиновых, - одни с намерением посмотреть мужа, которого слава долетела к ним еще прежде его прибытия, другие, желая узнать, что он скажет и с кем согласится; ибо была молва, что он держится учения отцов никейского Собора, как доказали и последствия. Сначала Мелетий всенародно говорил так называемые нравственные поучения, а наконец открыто исповедал Сына единосущным Отцу. Говорят, что, когда он еще произносил это, архидиакон тамошнего клира подбежал и заградил ему уста рукою; но он яснее, чем голосом, выразил свою мысль, посредством руки, показав сначала только три пальца, а потом опять сложив их и показав один, - И ЭТИМ ВИДОМ РУКИ ИЗОБРАЗИЛ НАРОДУ ТО, ЧТО МЫСЛИЛ И ЧТО ПРЕПЯТСТВОВАЛИ ЕМУ ВЫСКАЗАТЬ. Когда же неловкий архидиакон схватил его руку и чрез то открыл уста; то он, получив свободу языка, еще яснее и громче объявил свою мысль, то есть, увещевал держаться определений никейских и внушал слушателям, что мыслящие иначе отступают от истины. Между тем как Мелетий продолжал то же самое либо говорить, либо опять показывать рукою, смотря потому, что можно было делать при помехе архидиакона, от чего между нами происходила борьба, почти похожая на театральную, - евстафиане громко восклицали, радовались и прыгали, а ариане стояли с поникшими головами. Услышав об этом, сообщники Евдоксия смутились и вознамерились изгнать Мелетия из города" (Ермий Созомен. Церковная история. Книга четвертая. Глава 28. https://azbyka.ru/otechnik/Ermij_Sozomen/tserkovnaja-istorija/4_28) (URL-ს მიმართვის თარიღი: 18.09.2020).

სად არის აქ ე. ჭელიძისა და მისი გუნდისთვის სასურველი პირჯვრის საწერი სამი თითი? ის, რომ წმ. მელეტიმ სამი თითი აღმართა (ისევე, როგორც ერთი თითი), სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ პირჯვრის გადასაწერად აღმართა ისინი. მოცემული შემთხვევის გადმოცემა როგორც თეოდორიტესთან, ასევე სოზომენესთან ცხადყოფს, რომ მას სხვა განზრახვა ჰქონდა, ვიდრე პირჯვრის საწერი ან კურთხევის გასაცემი წყობის ჩვენება.

მეტიც, სოზომენეს დეტალურად აქვს აღწერილი, რას ქადაგებდა და რას ასწავლიდა ხალხს მელეტი, როდესაც მას დიაკვნის ხელისგან პირი უთავისუფლდებოდა, კერძოდ: "როდესაც შეცბუნებულმა არქიდიაკონმა ხელი მოაშორა, პირი გააღო და თავისუფალი ენით დიდი ხმით უფრო ნათლად გააცხადა მისი აზრი. შეაგონებდა, ეპყრათ ნიკეაში განჩინებული მრწამსი და მსმენელების წინაშე მოწმობდა, რომ სცოდავდნენ ისინი, ვისაც ჭეშმარიტებისგან განსხვავებულად სწამდა". აი, რა მიზანი ჰქონდა წმ. მელეტის მიერ თითების ჩვენებას, რაც სრულ წინააღმდეგობაშია ე. ჭელიძის კადნიერ ტყუილთან, რომლის მიხედვითაც, თურმე მელეტის ხალხისთვის პირველი სამი შეკრული თითით კურთხევა აუკრძალავს, რადგან "ხსენებული თითებით გადაიწერებოდა მარტოდენ პირჯვარი, კურთხევა კი თითთა სხვაგვარ წყობას მოითხოვდა" (ე. ჭ. იქვე).

სიცრუეა ისიც, რომ მელეტის დროს პირჯვარი სამი თითით გადაიწერებოდა, რასაც ე. ჭელიძე თვითონაც ეწინააღმდეგება, როდესაც წმ. იოანე ოქროპირის ჰომილიის გადმოცემისას გვარწმუნებს, თითქოსდა ამ დროს პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით. გავითვალისწინოთ ისიც, რომ წმ. მელეტი და იოანე ოქროპირი თითქმის თანამედროვეები არიან (წმ. მელეტი გარდაიცვალა 381 წელს, ხოლო იოანე ოქროპირი 407 წელს) და ერთსა და იმავე საუკუნეში მოღვაწეობდნენ.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი. სულ სხვაგვარად არის გადმოცემული ეს შემთხვევა მოსკოვის 1551 წლის "ასმუხლიან" კრებაზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კრებას თავმჯდომარეობდა თავისი დროის უგანათლებულესი მიტროპოლიტი მაკარი, ცნობილი "დიდი საკითხავი თვენის" შემდგენელი. კრებას ასევე ესწრებოდნენ ყველასთვის ცნობილი წმინდანები გური და ბარსონუფი ყაზანელი საკვირველთმოქმედნი, აკაკი ტვერელი, მოსკოვის მომავალი მიტროპოლიტი და წმ. მღვდელმოწამე ფილიპე და სხვები.

აი, როგორ გადმოსცემს "ასმუხლიანი" კრება მელეტის ამბავს: "Так же и Мелетий севастийский и Феодорит научают нас, и инде речено бысть. Мелетий сей, севастийский епископ, житием и словом славен зело. Безчиния же ради сущих под руку его отрекся епискупъи и бысть в безмолвии. Тогда еретицы, мневше яко мудрствует с ними Мелетий, просиша его у царя. До будет патриярх, еже и бысть. И посем вывшу собору о вере единосущества и арияном инако глаголющим, Мелетий же божественного правила показа явление. Людем же просящим скорое учение от бога показати, он же показа персты той во Отец и Сын и святый Дух, и не бысть знамения. По сем же Мелетий два совокупль, а три пригну и благослови люди. И изыде от него яко огнь молнии, достохвальный он испусти глас. Трие убо разумеем о едином же беседуем, и тако посрами еретики. И посем в Константин град прииде, от великого царя Феодосия зело почтен бысть святый. Сице благословити рукою и креститися. Три персты равны имети вкупе по образу троическому: бог Отец, бог Сын, бог святый Дух. Не три бози, но един бог в троицы. Имены разделяется, а божество едино" (Стоглав, гл. 31) (https://azbyka.ru/otechnik/pravila/stoglav/ // http://sidashtaras.ru/img/dejania_stoglava_1551.pdf) (URL-ს მიმართვის თარიღი: 18.09.2020).

აქ ნათქვამია, თუ როგორ აკურთხა მელეტიმ შეკრებილი ხალხი. ჭელიძის მიერ მოყვანილ მაგალითებში არც პირჯვრისწერაზეა ლაპარაკი და არც კურთხევაზე. აქედან, არავითარი საფუძველი არ არსებობს, ჭელიძისეული მაგალითებიდან გამოვიყვანოთ ის აზრი, თითქოსდა პირჯვარი უნდა დავიწეროთ ერთი ან სამი თითით. "ასმუხლიანი"კრების მოწმობით კი მელეტიმ აჩვენა როგორ უნდა ვაღიაროთ სამების ერთობა და როგორ - ქრისტეს ორბუნებოვნება, შეაერთა ორი თითი, სამი მოხარა და მით აკურთხა შეკრებილი ერი. აქედან, გვაქვს უფლება ვამტკიცოთ, რომ მელეტიმ აჩვენა კურთხევისა და პირჯვრისწერის წესი.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ზუსტად ასეა აღწერილი ეს შემთხვევა საპატრიარქოს ცნობილ გამოცემაში "ჯვარი ვაზისა". აქ ვკითხულობთ: "II მსოფლიო კრებაზე არიანელთა სამხილებლად წმ. მელეტის სთხოვეს ჩამოეყალიბებინა სწორი სწავლება ყოვლადწმიდა სამების შესახებ. მღვდელმსახური წამოდგა, აღმართა მარჯვენა, შეაერთა სამი თითი (სამების პირთა აღსანიშნავად), შემართა დარჩენილი ორი თითი, ერთი მათგანი მოხარა და ამგვარად აკურთხა შეკრებილნი" (გ. აროშვილი. "დოგმატი ყოვლადწმიდა სამების შესახებ". "ჯვარი ვაზისა". 1993 წ. # 1).

ყოველგვარი გაუგებრობისა და ყალბი კომენტარების თავიდან ასაცილებლად, მოდი, სიტყვასიტყვით განვიხილოთ ეს ცნობაც:

1) "აღმართა მარჯვენა", რადგან პირჯვარს ვიწერთ და ვაკურთხებთ მარჯვენა ხელით.

2) "შეაერთა სამი თითი". რომელი სამი თითი? რა თქმა უნდა, ცერი, ნეკა და არათითი, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო წინადადებას აზრი ეკარგება.

3) "შემართა დარჩენილი ორი თითი და ერთი მოხარა". ცხადია, ახლანდელ სამთითიან წყობაზე რომ იყოს ლაპარაკი, სადაც შეერთებულია პირველი სამი თითი (ცერი, საჩვენებელი და შუათითი) და მოკეცილია ბოლო ორი თითი (არათითი და ნეკა), "შემართა ორი თითი"-ო არ იტყოდნენ (მოკეცაო იტყოდნენ). თანაც სამი თითით კურთხევის პრაქტიკა, როგორც ამას ე. ჭელიძე თავგამოდებით გვისაბუთებს, ოფიციალური ეკლესიის პრაქტიკაში არასოდეს ყოფილა.

საღმრთო მადლმა ნათელყო მელეტისეული წესის (ანუ ორი თითით კურთხევისა და პირჯვრისწერის) მართლმადიდებლურობა იმით, რომ ამ დროს წმინდანის თითებიდან თურმე ცეცხლმა გამოკვესა!

ამრიგად, ჩვენ წინაშეა წმ. მელეტის ქმედების ორგვარი (უფრო ზუსტად, სამგვარი) ვერსია:

ერთი - ედიშერ ჭელიძის წიგნიდან (თეოდორიტესა და სოზომენეს მაგალითები, რომლებიც მცირედით, მაგრამ, მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან); მეორე - ასმუხლიანი კრების საქმეებიდან და მესამე - საპატრიარქოს ჟურნალ "ჯვარი ვაზისა"-დან აღებული მოწმობა, რომელიც ასმუხლიანი კრების მოწმობის მსგავსია.

ე. ჭელიძის წიგნში მოტანილი თეოდორიტესა და სოზომენეს ისტორიული მოწმობები აჩვენებს თუ როგორ ასწავლა სამი ღვთაებრივი პირის ერთობა წმ. მელეტიმ და არ არის ნათქვამი, რომ მისით ან აკურთხა ვინმე ან პირჯვარი გადაიწერა. მიუხედავად ამისა, ე. ჭელიძემ მის მიერ გადმოცემული შემთხვევა პირჯვრისწერას და კურთხევას მიუყენა, რაც სრულიად არაკორექტული და არასწორია.

რაც შეეხება მეორე, "ასმუხლიანი" კრების მოწმობას, იქ აშკარად არის ნათქვამი, რომ მელეტიმ შეკრებილ ერს ჯვარი გადაწერა, ანუ აკურთხა ისინი ორთითიანი წყობით. ამიტომაც ძველმართლმადიდებლებს ჰქონდათ საფუძველი, წმ. მელეტის შემთხვევა პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის წყობის გასამართლებლად გამოეყენებინათ. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ არ ვიცით, თავის გადმოცემაში ასმუხლიანი კრება რა წყაროებს ეყრდნობა.

მიუხედავად იმისა, რომელია უფრო სწორი, ნეტ. თეოდორიტესა და სოზომენეს თუ ასმუხლიანი კრების გადმოცემა, წმ. მელეტის შემთხვევა არ არის გადამწყვეტი ორი თითით პირჯვრისწერის ან კურთხევის გაცემის მართებულობა-არამართებულობის საკითხში. წმ. მელეტის შემთხვევა გამოყენებულ იქნა ერთ-ერთ - და არა ერთადერთ ან ყველაზე ავტორიტეტულ - არგუმენტად. ის არ არის საფუძველი, რომლის გამოცლის შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს ორი თითით პირჯვრის მაწერალთა სასოება. ქვემოთ ჩვენ ვნახავთ, რომ ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის უფრო სერიოზული და წმ. მელეტის შემთხვევაზე უფრო საფუძვლიანი წყაროებიც არსებობს, რასაც ადასტურებს ქრისტეანულ-მეცნიერული არქეოლოგია.

ჩვენ ვერ შევედავებით ასმუხლიანი კრების საკვირველმოქმედ მამებს. დაუშვეს თუ არა მათ შეცდომა, მოდი, ამის გარკვევა ობიექტურ მკვლევრებს მივანდოთ. ხოლო ჩვენ თავს შევიკავებთ რაიმე კრიტიკული აზრის გამოთქმისგან. არავისთვის არ არის უცხო, რომ ერთსა და იმავე ისტორიულ მოვლენებს სხვადასხვა საუკუნეების და ზოგჯერ ერთი და იმავე საუკუნეთა ისტორიკოსებიც კი სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ. მაგალითად, თეოდორიტეს გადმოცემაში ნათქვამი არ არის, რომ მელეტის მიეჭრა დიაკვანი და პირზე ხელი ააფარა, რათა არ ექადაგა და სწორედ მაშინ იძულებულმა წმიდა მამამ თავისი აღმსარებლობა (წმ. სამების ერთობა) თითებით გამოხატა. თანაც ეს გამოხატვაც თეოდორიტესთან და სოზომენესთან გადმოცემულია განსხვავებულად.

თეოდორიტეს მიხედვით ადგა დიდი მელეტი და ღვთისმეტყველების გამართული კანონი წარმოაჩინა. რადგან დადგენილ რამ ჭეშმარიტებას იყენებდა, ზედმეტობასაც და ნაკლოვანებასაც თავი აარიდა. როდესაც ხალხისგან მრავალი საქებარი სიტყვა მოისმინა და ითხოვდნენ მათთვის შემოკლებული მოძღვრების მიცემას, აჩვენა სამი თითი, შემდეგ ორი მოკეცა და ერთი გაშლილი დატოვა, და ამოუშვა ღირსადქებული ხმა: "სამად გავიაზრებთ, მაგრამ როგორც ერთზე ისე ვსაუბრობთ" (თეოდორიტე კვირელი. "საეკლესიო ისტორია". თავი XXVII. ანტიოქიაში გამართული სინოდისა და წმინდა მელეტის წინააღმდეგ იქ შეკრებილთა შესახებ. გამომცემლობა "ახალი ივირონი". თბილისი 2008 წ. გვ. 148).

ხოლო სოზომენეს მიხედვით: "... მხოლოდ სამი თითი გაიშვირა საჩვენებლად, შემდეგ ერთად მოკეცა თითები და ერთი გაშალა".

ამიტომაც, როგორც ვერ შევედავებით ვერც ნეტ. თეოდორიტესა და სოზომენეს, ასევე ვერც ასმუხლიანი კრების მამებს. მათი მოწმობა იქ შეკრებილ წმიდა მამათა უდიდესი სიწმიდის გამო ჩვენთვის მეტად ავტორიტეტულია. თუ რატომ არის ასეთი განსხვავება მელეტის მიერ ნაჩვენები თითების შესახებ ამ დამოწმებულ წყაროებს (თეოდორიტე-სოზომენესა და ასმუხლიანი კრების განმარტებებს) შორის, ეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება და ალბათ მეცნიერებმა უნდა გამოიკვლიონ. მაგრამ ყველა დამოწმებული წყაროდან გამომდინარე (იქნება ეს ნეტ. თეოდორიტეს ცნობა, ან სოზომენესი, ან კიდევ ასმუხლიანი კრებისა და თუნდაც, საპატრიარქოს "ჯვარი ვაზისასი"), ე. ჭელიძეს შევედავებით ამ წყაროთა მისეულ ინტერპრეტაციებში. კერძოდ, წმ. მელეტის ანტიოქიის კრებაზე შეკრებილი ერისთვის ერთი ან სამი თითით არც პირჯვრისწერა უსწავლებია და არც კურთხევა; ასევე, მას არც სამი თითით კურთხევა აუკრძალავს, რამეთუ, რაც არ არსებობდა, იმას როგორ აკრძალავდა, მით უმეტეს, სამი თითის ჩვენება სულაც არ იყო დაკავშირებული კურთხევასთან, როგორც ამას გადმოსცემენ თვით ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული ნეტ. თეოდორიტე და სოზომენე. ასე რომ, ე. ჭელიძის მზაკვარება და მატყუარობა აქაც ნათლად აშკარავდება.

საგულისხმოა, რომ თვით ახალმოწესე მეცნიერებიც კი არ უარყოფენ "ასმუხლიანი" კრების ავტორიტეტს. მაგალითად, აკადემიკოსი მ. დიაკონოვი წერს, რომ "რუსებმა ორი თითით პირჯვრისწერა შეინარჩუნეს იმ სახით, როგორადაც მიიღეს ის ბერძნებისგან ვლადიმირის მიერ რუსეთის გაქრისტეანების დროს (988 წ.). ამ აზრით "ასმუხლიანი" კრების მამები სრულიად მართებულად მოიქცნენ, როდესაც სანქცია მისცეს ამ გაბატონებულ პრაქტიკას" ("Русские сохранили обряд перстосложения в форме двоеперстия в том самом виде, в каком они восприняли его от греков при крещении Руси во время Владимира (988 г.). И в этом смысле отцы стоглавого собора поступили совершенно правилтно, санкционировав эту господствующую практику") (Акад. М. А. Дьяконов. Н. Ф. Каптерев - Некролог. 1918 г.).

სლავურ "დიდ სჯულისკანონში", რომელსაც "მესაჭე წიგნი" - Кормчая книга ეწოდება, იაკობიტ-მონოფიზიტებზე ნათქვამია: "იაკობიტები ევტიქიანური მწვალებლობით დასნებოვნებულებს წააგვანან... სცოდავენ უფლის განკაცებასთან დაკავშირებით და ორი ბუნების აღრევით ღმერთს ვნებულად წარმოაჩენენ" ("Яковити убо подобно суть болящим евтихиевою ересию... согрешают о плотстем смотрении Господа нашего и оба естества сливающе Богострастницы показующеся...") ცოტა ქვემოთ კი ვკითხულობთ: "... ესენი სამწმიდაო გალობას ამატებენ "რომელი ჯვარს ეცვი ჩვენთვის", პირჯვარს იწერენ ერთი თითით მარცხნიდან მარჯვნივ, პროსფორას ზეთს უმატებენ" და სხვა...  ("... к Божеству страсть прилагающе ... сии убо к трисвятому пению прилагают "распныися нас ради", ЕДИНЕМ ПЕРСТОМ ПЕРЕКРЕЩЕВАЮТСЯ от левыя страны на правую, приношение их, рекше просфиры с маслом месят..." (Кормчая. Гл. 39. Димитрия митрополита кизического о иаковитех, и о хацицарех. Кормчая (Номоканон). Санкт-Петербург. 1997. Стр. 724-725).

სწორედ ამიტომ არის სომეხ-იაკობიტთა (ანუ მონოფიზიტთა) საეკლესიო მიღების წეს-განგებაში ანათემატიზმები:

სამწმიდაო გალობის დარღვევასთან დაკავშირებით - "ვინცა ვინ შესძინოს ამას თანა ვითარმედ: "წმიდა ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო" დართვაი ამისი: "რომელ ჯვარს ეცუ ჩვენთვის, შეგვიწყალენ ჩვენ", შეჩუენებულ იყავნ!".

ზეთშერთულ სეფისკვერთან დაკავშირებით - "რომელნი ურთვენ ზეთსა პურსა თანა წმიდისა შესაწირავისასა, შეჩუენებულ იყავნ".

ორი თითით პირჯვრისწერის დარღვევასთან დაკავშირებით: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი". "შეჩუენებანი იაკობიტთა და ყოველთა ერთ-ბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა". მ. რაფავა. "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი". საქ. სსრ. მეცნ. აკადემიის მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია. 1975 წ. გვ. 27).

წმ. მელეტი ანტიოქიელთან დაკავშირებით ე. ჭელიძეს დამატებით მოჰყავს ამონაწერი წმ. გრიგოლ ნოსელის ეპიტაფიური ენკომიიდან, რომელიც მიძღვნილია წმიდა მამის მელეტი ანტიოქიელისადმი. ამ დამატებითი "არგუმენტიდან" გამომდინარე ჩვენი ოპონენტი აკეთებს დასკვნას, რომ "გრიგოლ ნოსელის მოწმობით წმ. მელეტი ანტიოქიელი ორზე მეტი თითით აღასრულებდა კურთხევას, რაც უთუოდ სამ და არა ორ აღმართულ თითს გულისხმობს".

თავის ადგილზე ჩვენ აღნიშნული გვაქვს, რომ კურთხევასაც და პირჯვრისწერასაც ძველი ქრისტეანები აღასრულებდნენ ხუთი თითით, ამიტომაც, წმ. გრიგოლ ნოსელის ხსენებული თხზულებიდან დამოწმებული ადგილის ე. ჭელიძისეული გააზრება იმთავითვეა განწირული. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ე. ჭელიძე აქაც დამატებით არასწორ ცნობებს იძლევა კურთხევის გაცემასთან დაკავშირებით. მოდი, უფრო დეტალურად გავეცნოთ წმ. გრიგოლ ნოსელის ქადაგებას და მის გააზრებას ე. ჭელიძის მიერ.

"წმ. ბასილი დიდის ძმას, - წერს ე. ჭელიძე, - წმ. გრიგოლ ნოსელს, რომელსაც უწოდებდნენ "ქრისტეს ეკლესიათა სამკაულს", დაწერილი აქვს ეპიტაფიური ენკომია, რომელიც მიძღვნილია წმიდა მამის მელეტი ანტიოქიელისადმი. ამ შრომაში ერთგან წმ. გრიგოლ ნოსელი ახსენებს ახალგარდაცვლილი მამის მარჯვენა ხელს და ამბობს (მოგვაქვს წმ. გიორგი მათაწმიდლის თარგმანი): "სადა არს საწადელი იგი მარჯუენე მისი, რომელი კურთხევასა მას პირისასა სასურველთა მათ თითთა თვისთა ჯუარისწერითა დაჰბეჭდვიდა" (ხელნ. A-55, XII ს., 319ვ) (ე. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 217-218).

"როგორც ვხედავთ, - განაგრძობს ე. ჭელიძე, - წმ. გრიგოლ ნოსელის უწყებით წმ. მელეტი ანტიოქიელი პირისმიერ კურთხევას (ე.ი. პირით წარმოთქმულ კურთხევის ფორმულას) თითთამიერი ჯვრის გარდასახვით სრულყოფდა. მოტანილი ციტატიდან ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა ის ფაქტი, რომ წმ. მელეტი კურთხევას გასცემდა "თითთა თKსთა ჯუარისწერითა”. რამდენი თითი იგულისხმება მოტანილ კონტექსტში? აქვე ვუპასუხებთ: ორზე მეტი! საქმე ისაა, რომ ბერძნულ ენას, განსხვავებით ქართულ-რუსულისაგან, აქვს სამი რიცხვი: მხოლობითი, ორობითი და მრავლობითი (ორზე მეტი), ძველბერძნულ ორიგინალში კი "თითთა"-ს შესაბამისი სიტყვა τος δακτλους დგას არა ორობით რიცხვში, არამედ მრავლობითში, ხოლო მრავლობითი რიცხვი ბერძნულ ენაში ყოველთვის ორზე მეტს გულისხმობს (აი, ძველბერძნული ტექსტი: "... τ το στματος ελογίᾳ τος δακτλους συνεπισεουσα" პგ. 46, სვ. 856).

ბერძნული სიტყვა τος δακτλους ნიშნავს ორზე მეტს. წმ. გრიგოლ ნოსელს რომ ორი თითით ჯვრის გარდასახვა ეგულისხმა, მის ტექსტში გვექნებოდა არა τος δακτλους ("ტუს დაკტიულუს"), არამედ - τ δακτλ ("ტო დაკტიულო").

ძველბერძნული ტექსტი კიდეც რომ არ ყოფილიყო შემორჩენილი, ზემომოტანილი ძველქართული თარგმანის საფუძველზე სრულიად უყოყმანოდ შეიძლებოდა იგივეს თქმა, რადგანაც თუკი სიტყვა "თითი" (το δκτυλον) ორიგინალში ორობით ბრუნვაში იქნებოდა დასმული, მაშინ წმ. გიორგი მთაწმიდლის თარგმანში უთუოდ გვექნებოდა არა "თითთა", არამედ "ორთა თითთა", როგორც ეს გვაქვს, საზოგადოდო, სხვა შემთხვევებში"
(იქვე. გვ. 218-219).

"ამგვარად, - ასკვნის ე. ჭელიძე, - წმიდა გრიგოლ ნოსელის მოწმობით წმ. მელეტი ანტიოქიელი ორზე მეტი თითით აღასრულებდა კურთხევას, რაც უთუოდ სამ და არა ორ აღმართულ თითს გულისხმობს" (იქვე).

ცოტა ქვემოთ ე. ჭელიძე აკონკრეტებს თუ რომელი სამი თითი იგულისხმება მელეტი ანტიოქიელისეულ კურთხევაში: "ზემოთქმული არ ნიშნავს ორი აღმართული თითით კურთხევის გაცემის უარყოფას. ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ მართლმადიდებლობაში არსებული ერთი ფორმობრივი ტრადიციის (კერძოდ, ორი აღმართული თითით კურთხევის გაცემის) ერთგულებამ არ უნდა მიგვიყვანოს მართლმადიდებლობის მიერვე ასევე სავსებით შეწყნარებული მეორე ფორმობრივი ტრადიციის (კერძოდ სამი აღმართული თითით, - საჩვენებლით, შუათითით და ნეკით, კურთხევის გაცემის) უარყოფამდე". ე. ი., ე. ჭელიძის აზრით, წმ. მელეტი ანტიოქიელი ერს აკურთხებდა სამი თითით (საჩვენებლით, შუათითით და ნეკით), სადაც ორი თითი - ცერი და არათითი შეერთებულია (იხ. მაცხოვრის ხატი ქვემოთ).



მაგრამ, ჯერ ერთი, ქრისტეანობის ისტორიაში უცნობია კურთხევის ამგვარი წესი. ის მიჩნეულია მხოლოდ ორატორულ ჟესტად და ზოგიერთი მკვლევრის დასკვნით, სწორედ მისგან (უფრო სწორად ამ ორატორული ჟესტის დამახინჯებული ფორმიდან) არის აღმოცენებული ე. წ. "სახელობითი კურთხევა", რომელიც "მალაქსას" ზედწოდებითაც არის ცნობილი (უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ).



სახელობითი კურთხევა ("მალაქსა")

და მეორეც, საიდან დაასკვნა ე. ჭელიძემ, რომ წმ. მელეტი ანტიოქიელი ერს აკურთხებდა სწორედ ამ სამი თითით? მსგავსი წყარო, რომელიც დეტალურად აღწერდა, თუ რომელი თითებით აკურთხა ერი წმ. მელეტიმ, არ არსებობს. ხოლო ის, რაც არსებობს (ზემოთ აღწერილი წმ. მელეტის მოქმედების თანახმად) არანაირად არ უკავშირდება არც კურთხევას და არც პირჯვრისწერას.

წმ. მელეტი ანტიოქიელის ქმედება ჩვენ დეტალურად უკვე განვიხილეთ, ამიტომ აქ აღარ გავიმეორებთ, მხოლოდ შევნიშნავთ - წმ. მელეტის ქმედების დაკავშირება ვითომდა სამი თითით კურთხევის არარსებულ წესთან თავიდან ბოლომდე არის საპატრიარქოს იდეოლოგის, პროფ. ე. ჭელიძის გამონაგონი. აქედან გამომდინარე, სრული სიცრუეა მტკიცება, რომ, რაკიღა წმ. მელეტი ანტიოქიელი კურთხევას აღასრულებდა ორზე მეტი თითით, ეს აუცილებლად უნდა გულისხმობდეს სამ და არა ორ აღმართულ თითს. მით უმეტეს, როგორც უკვე ვნახეთ, წმ. მელეტის საერთოდ არ მოუცია სწავლება, თუ რომელი თითებით უნდა იკურთხებოდეს მართლმადიდებელი ერი.

ე. ჭელიძემ კარგად უწყის, თუ რას გულისხმობს "ორთითიანად" წოდებული ძველმართლმადიდებლური წყობა, რომელიც, თვით IX-XI საუკუნეთა ეკლესიის რწმენით, დასაბამს თვით ქრისტესგან იღებს (იხ. იაკობ-მონოფიზიტთა შეჩვენების ფორმულა არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში", რომელიც ბერძნული წარმომავლობისაა და მოსკოვის 1551 წლის "ასმუხლიანი" კრების დადგენილება იმავე "ორ თითზე", რომლის სათავეც ბერძნული წყაროებია) და ორი ზეაღმართული თითის გარდა, ასევე გულისხმობს სამ შეკრულ თითს: ნეკას, ცერას და არათითს. ამაში დარწმუნება ადვილია. თავის ნაშრომში "ეკლესია - სძალი უფლისა" ე ჭელიძე ერთგან აღნიშნავს: "ორი თითით პირჯვრისწერის გადამწერნი სამ შეკრულ თითს (ცერი, არათითი, ნეკი) სამების სიმბოლოდ რაცხენ, მაგრამ განა ეს სამი თითიც ასევე არ შემოწერს ჯვრის ფორმას, როგორც ორი დანარჩენი?" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990 წ. გვ. 203).

მაშასადამე, ე. ჭელიძემ კარგად უწყის, რომ ძველმართლმადიდებლური "ორთითიანი" (საჩვენებელი და შუათითი) წყობა, სინამდვილეში, ასევე გულისხმობს დარჩენილი სამი თითის (ცერის, ნეკასა და არათითის) შეერთებას; ანუ "ორთითიან" წყობაში მონაწილეობას იღებს ხუთივე თითი, სადაც ორი თითი (საჩვენებელი და შუათითი) ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლოს, ხოლო დარჩენილი სამი (ნეკა, ცერი და არათითი) სამების ერთობის სიმბოლოებს წარმოადგენს.

ამიტომაც, "ორთითიანად" წოდებული თითების განლაგება, როგორც ეს უკვე არაერთხელ ვთქვით, სინამდვილეში ხუთთითიან წყობას წარმოადგენს და წმ. გრიგოლ ნოსელის და მისი პერიოდის წმიდა მამათა თხზულებებში კონკრეტულ "ორთითიან" დასახელებაზე მითითებები რატომ უნდა გვქონდეს?! ამგვარი მითითება ჩნდება წმ. გრიგოლ ნოსელის პერიოდის შემდგომ საეკლესიო დადგენილებებში, განსაკუთრებულ სახელწოდებად კი ჩამოყალიბდა ნიკონ პატრიარქის რეფორმების (XVII ს.) შემდეგ.  

ასე რომ, გამოაშკარავდა ე. ჭელიძის მორიგი მზაკვრული მცდელობა: IV საუკუნის წმიდა მამის ცნობაში, როდესაც ის წმ. მელეტი ანტიოქიელზე მსჯელობს, აქცენტირება გააკეთოს პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის გვიანდელ სახელწოდებაზე და ამით მიანიშნოს, თითქოსდა "ორთითიანი" წყობა მარტო ორი თითით ჯვრის გამოსახვას გულისხმობდეს და არა მარჯვენა ხელის მტევნის ხუთივე თითს.

ე. ჭელიძეს ამგვარი განლაგება იმიტომ სჭირდება, რომ შემდეგ ადვილად ამტკიცოს, თითქოსდა წმიდა მამები ლაპარაკობენ თითებზე და არა ორ თითზე, მითუმეტეს, ცნობილია, რომ ბერძნულ ენაში არსებობს ორობითი რიცხვი და მარტო ორ თითზე (და არა ხუთზე) რომ ყოფილიყო ლაპარაკი, მაშინ ბერძენი მამები გამოიყენებდნენ შესაბამის ტერმინს ("ტო დაქტიულო"). მაგრამ, თუ საკითხს შევხედავთ არა ე. ჭელიძის თვალსაწიერიდან, არამედ ობიექტურად, და გავითვალისწინებთ, რომ მამები გულისხმობდნენ ხუთივე თითს, როგორც პირჯვრისწერაში ჩადებული სრული შინაარსის გამოხატულებას, მაშინ მათ არანაირად არც უნდა ეთქვათ "ორი თითით", არამედ "თითებით", რადგან სწორედ თითებით, ანუ ხუთივე თითით გამოიხატება ქრისტეს ორბუნებოვნებისა და სამების იპოსტასთა ერთობის მართლმადიდებლური სწავლება.

თავისი ცრუ არგუმენტაციის გასაძლიერებლად ე. ჭელიძე მიმართავს ქართულ წყაროსაც, რომელიც მისი ყალბი ვერსიის გამამართლებლად ჰგულვობს, მაგრამ ხელმოცარულ მეცნიერს აქაც უვარდება კოვზი ნაცარში.

"სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია, - წერს ე. ჭელიძე, - რომ წმ. გრიგოლ ნოსელის ხსენებული სიტყვები გაიმეორა შემდეგში წმ. გიორგი მთაწმიდლის ბიოგრაფმა, გიორგი ხუცესმონაზონმა თავად წმ. გიორგი მთაწმიდლის მიმართ, რაც ცხადყოფს, რომ წმ. გიორგი მთაწმიდელიც სამი (და არა ორი) აღმართული თითით აღასრულებდა კურთხევას".

ჯერ ერთი, ამგვარი განმეორებიდან არანაირად არ გამომდინარეობს, რომ "წმ. გიორგი მთაწმიდელიც სამი (და არა ორი) აღმართული თითით აღასრულებდა კურთხევას", რაც მხოლოდ და მხოლოდ ე. ჭელიძის სურვილად შეიძლება ჩავთვალოთ, და მეორეც, როგორც უკვე ვთქვით, თითებით კურთხევა ხუთთითიან წყობას (ორი აღმართული, სამი შეკრული თითი) გულისხმობს.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ წმ. გიორგი მთაწმიდელი ცხოვრობდა XI საუკუნეში (1009 - 1065 წწ.), როდესაც ბიზანტიაში გავრცელებული იყო კურთხევის ის წესი (ხუთი თითით), რომელსაც ნიკონის რეფორმების პროცესში და განსაკუთრებით რეფორმის შემდეგ ორთითიანი კურთხევა ეწოდა (16) და რუსეთის გაქრისტიანების დროს (X-XI სს.) ბერძნებმა რუსებს სწორედ ხუთთითიანი (იგივე "ორთითიანი") კურთხევა ასწავლეს; თვით გიორგი ხუცესმონაზონი ცხოვრობდა XI ს-ის 80-იან წლებში; ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ XI-XII საუკუნეებში საქართველოში არსენ იყალთოელი ადგენს ისეთ მნიშვნელოვან ანტიმონოფიზიტურ დოგმატურ თხზულებათა კრებულს, როგორიც არის "დოგმატიკონი", სადაც მონოფიზიტთა მიღების წეს-განგებაში შეჩვენებულია ყველა, ვინც ჯვარს არ დასწერს ორი თითით ("ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, იყავნ შეჩუენებულ"), ეჭვიც არ შეიძლება არსებობდეს იმაზე, რომ ამ საუკუნეებში მოღვაწე ქართველი წმინდანები პირჯვარსაც და კურთხევასაც ასრულებდნენ სწორედ ხუთი თითით, ანუ ე. წ. "ორთითიანი" წყობით.

-------------------------

16.
იხ. Б. А. Успенский. Экскурс. Перстосложение при изображении крестного знамения в православной традиции. § 1. Реформа патриарха Никона и споры о перстосложении в России: двуперстное и троеперстное крестное знамение. ბ. ა. უსპენსკის წიგნიდან: Крестное знамение и сакральное пространство: Почему православные крестятся справа налево, а католики - слева направо? - Языки славянской культуры.  Москва. 2004. Стр. 99.

-------------------------

შეგახსენებთ "დოგმატიკონის" თვით ე. ჭელიძისეულ შეფასებას: ""დოგმატიკონი", ეს არის კრებული, უკლებლივ ყველა, ოდნავ მაინც მნიშვნელობის მქონე გაუკუღმართებასთან დაკავშირებით; თუ დავეუფლებით ჩვენ ამ ძეგლს, თუ შევისწავლით, თუ დავამკვიდრებთ სასწავლებელში, რომ შეისწავლებოდეს ეს ძეგლი, როგორც სისტემური კურსი მაცხოვნებელი მოძღვრების დოგმატური ფორმულირებისა, ყველა ისარსა და გესლს თავიდან განვირიდებთ და ჩვენ შევძლებთ ჩვენს თავში შევამოწმოთ სარწმუნოება ვართ კი მართლმადიდებელნი, როგორც ამას ჩვენც ვფიქრობთ, თითქოს გვწამს და გვგონია ასეა, თუ რომელიღაც სარწმუნოების გესლით ვართ იმდენად მოწამლულნი, რომ ეს ვერ გაგვიცნობიერებია. ასე, რომ ეს გახლავთ საზომი სარწმუნოებისა, იყო ყოველთვის, დღესაც უეჭველად არის" (ტელეგადაცემა "ერთსულოვნების სალონი" (2015.01.06.) ("ედოგმატიკონი - მივიწყებული საგანძური" https://www.youtube.com/watch?v=mtEDruJbKaE) (URL-ს მიმართვის თარიღი: 18.09.2020).

მაშ, თუ "დოგმატიკონი" - "ეს არის კრებული, უკლებლივ ყველა, ოდნავ მაინც მნიშვნელობის მქონე გაუკუღმართებასთან დაკავშირებით" და  "სარწმუნოების საზომი", როგორ არის შესაძლებელი ამ ეპოქაში მცხოვრები ქართველი წმინდანი (გიორგი მთაწმინდელი, გიორგი ხუცესმონაზონი, არსენ იყალთოელი) გადამცდარნი ყოფილიყვნენ ამ საზომს და არ ცოდნოდათ ბიზანტიაში საყოველთაოდ გავრცელებული "ორთითიანი" (იგივე ხუთი თითით) პირჯვრისსაწერი წყობა და ჯვრის გამოსახვის საიდუმლო ექმნათ განსხვავებული წესით?! - ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგან ამგვარი ცოდნა მოცემულია XI-XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწის, ფილოსოფოსის, მწერლისა და ჰიმნოგრაფის არსენ იყალთოელის მიერ შედგენილ კრებულ "დოგმატიკონში" ("დოგმატიკონის" შესახებ უფრო დეტალურად ზემოთ ვილაპარაკეთ).

ამიტომაც, ე. ჭელიძეს მოვუწოდებთ, თავი დაანებოს სიცრუის ფრქვევას ძველმართლმადიდებლებთან და პირჯვრისწერის წესთან (და არა მარტო) დაკავშირებით და კი არ ეომოს ხუთთითიან პირჯვრის საწერ წყობას (რომელიც "ორთითიანის" სახელწოდებითაც არის ცნობილი), არამედ აისრულოს ოცნება და ხელი შეუწყოს არსენ იყალთოელის "დოგმატიკონის" დამკვიდრებას სასწავლებლებში, რადგან, მისივე თქმით: "რომ შეისწავლებოდეს ეს ძეგლი, როგორც სისტემური კურსი მაცხოვნებელი მოძღვრების დოგმატური ფორმულირებისა, ყველა ისარსა და გესლს თავიდან განვირიდებდით".

ასევე ვურჩევთ მას, საკუთარი მოწოდებისამებრ, თავის თავსა და იმ მორწმუნეებში, რომელსაც მიმართავს იგი თხზულებებით "ეკლესია - სძალი უფლისა" (თბ. 1990 წ.) და "სული - ცხოველი" (თბ. 2012 წ.), არსენ იყალთოელის "დოგმატიკონის" მიხედვით შეამოწმოს საკუთარი სარწმუნოება და ოფიციალური ეკლესიისთვის აქტუალური გახადოს მის მიერ დასმული კითხვა: "ვართ კი მართლმადიდებელნი, როგორც ამას ჩვენც ვფიქრობთ, თითქოს გვწამს და გვგონია ასეა, თუ რომელიღაც სარწმუნოების გესლით ვართ იმდენად მოწამლულნი, რომ ეს ვერ გაგვიცნობიერებია"; და თუ ასე იზამს, იხილავს, რომ თუნდაც არსენ იყალთოელის "დოგმატიკონის" მიხედვით, არც მონათლულია და არც პირჯვრისწერა იცის, რადგან "დოგმატიკონი" ყოველგვარი მწვალებლური ხელყოფისგან იცავს ერთსაც და მეორესაც, და პირველის (ანუ ნათლისღების) შესახებ განაჩინებს: "ვინცა ვინ არა ნათელს სცეს სამითა შთაყოფითა (წყალსა შინა), სახელსა ზედა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, შეჩუენებულ იყავნ"; ხოლო მეორეს (ჯვარის-წერის) შესახებ აკანონებს: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენებულ იყავნ".
11
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому