აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II_IX_ჯვრის გამოსახვის შესახებ 6 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ჯვრის გამოსახვა
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________

7. არის თუ არა სამი თითით პირჯვრისწერა სამების ჯვარცმა?

როგორც უკვე ვნახეთ, თვით ახალმოწესე მეცნიერთა აღიარებით, ორი თითით პიჯვრისწერის წესი უფრო ძველი ჩვეულებაა, ვიდრე სამი თითით; მოვიტანეთ უძველესი მაგალითები იმისა, რომ, როგორც ძველ ქრისტეანებს, ასევე IX-XII საუკუნის ბერძნებს თავიანთ საეკლესიო პრაქტიკაში ორი თითით პირჯვრისწერა საყოველთაოდ დამკვიდრებული ჰქონდათ. სწორედ მათვე უბოძეს სლავურ სამყაროს პირჯვრისწერის ეს წესი, რომელიც მოგვიანებით მიავიწყდათ. მიუხედავად ამისა, ე. ჭელიძე თვალის დაუხამხამებლად აცხადებს, თითქოსდა "არ მოიპოვება საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრის გადაწერის არც ერთი ძველბერძნული მოწმობა. ამიტომ, ყველა ის მრისხანე გამონათქვამი თუ წყევლა ორი თითით პირჯვრისწერის უარმყოფელთა მიმართ სრულიად უნადაგოა, რადგანაც საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერა უცხოა ძველბერძნული მართლმადიდებლობისთვის" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990 წ. გვ. 203). სიცრუეა ასევე ე. ჭელიძის მტკიცება, თითქოსდა "წმიდა მამებთან არსად იჩენდეს თავს ორი თითით საკუთარ თავზე პირჯვრის გადაწერა" (იქვე).

ზემოთ ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით და ქვემოთ კიდევ მრავალგზის დავრწმუნდებით იმაში, რომ ორი თითით პირჯვრისწერის წესი ნამდვილად არსებობდა ძველ ქრისტეანთა შორის, ხოლო მის უარმყოფელთა შეჩვენება მოცემულია მართლმადიდებლური ეკლესიის წეს-განგებებში, კერძოდ, მონოფიზიტთა მიღების წესში, სადაც პირდაპირ ნათქვამია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენება".

ორი თითით ჯვრის გამოსახვას (როგორც პირჯვრის საწერად, ასევე კურთხევის გასაცემად) ასწავლიდნენ არა მარტო რუსი წმიდა მამები (საკმარისია დავასახელოთ თუნდაც მოსკოვის 1551 წლის "ასმუხლიანი" საეკლესიო კრება, რომელსაც საკვირველმოქმედი წმიდა მამები ესწრებოდნენ), არამედ ძველი მამებიც (წმ. პეტრე დამასკელი, წმ. იოანე მოსხი და სხვა). ახალმოწესეთა ეკლესიის წმინდანი და თვით ე. ჭელიძისთვის საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ნიკოდიმე მთაწმინდელი მის მიერ განმარტებულ "პიდალიონში", წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონთან დაკავშირებით (იხ. წმ. ბასილი დიდის მიერ ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის 27-ე თავიდან სულიწმიდის შესახებ) აღნიშნავს, რომ იმ დროს (ანუ წმ. ბასილი დიდის დროს) მართლმადიდებელი ქრისტეანები პირჯვარს იწერდნენ ორი თითით. ზემოთ ამ საგანზე ჩვენ საკმაოდ ვილაპარაკეთ, ამიტომ აქ აღარ გავიმეორებთ, უბრალოდ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ უმთავრესს, რომ წმიდა ეკლესიამ ორი თითით ჯვრის გამოსახვა კრებითად დააკანონა და მონოფიზიტთა მიღების წეს-განგებაშიც შეიტანა, როგორც აუცილებლობა. ჩამოაყალიბა შეჩვენების ფორმულა ("ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრიტეცა, შეჩუენება"), რომელშიც გამოხატა თავისი რწმენა, რომ ჯვრის ორი თითით გამოსახვის გადმოცემა მომდინარეობს თვით იესუ ქრისტესგან და მოციქულთაგან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკლესიის პრაქტიკაში არსენ იყალთოელის დროისთვის ორი თითით ჯვრის გამოსახვის წესი უკვე დამკვიდრებული ჩვეულება იყო. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ყველა ბრალდება, რომელიც "შეჩვენებაში" არის გადმოცემული, (მათ შორის ორი თითით ჯვრის გამოსახვის შესახებაც), თეორიულად ცნობილი და პრაქტიკულად დაკანონებული იყო არსენ იყალთოელის დროს.

ამ გადმოცემას აღიარებდა ყველა წმიდა მამა, მას საკრებო დადგენილებებით იცავდნენ კონსტანტინოპოლის და რუსეთის ეკლესიები და რაოდენ სამწუხაროა, რომ შემდგომში, გაურკვეველი მიზეზებით (ალბათ, უფრო უმძიმესი პოლიტიკურ-რელიგიური ვითარებების გამო, რომელიც კონსტანტინოპოლს თავს დაატყდა თურქებისგან და ლათინებისგან) აღმოსავლეთში ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის წესი სამთითიანი წყობით შეიცვალა.

თუმცა, კრებითი დადგენილებებით გამყარებული ორთითიანი წყობის გამაუქმებელი მორიგი კრება, რომელიც დაასაბუთებდა ამ წყობის უარესობას სამთითიან წყობასთან შედარებით და მისი შეცვლის საჭიროებას, აბოსოლუტურად უცნობია. არადა, ვიცით, რომ საკრებო დადგენილებების თვითნებური და დაუსაბუთებელი გაუქმება (თუნდაც საეკლესიო კრებითაც), ყოვლად დაუშვებელია ჯვრის გამოსახვის წესში ჩადებული დოგმატური სწავლებების გამო.

მაგრამ ზემოთ ხსენებული სიცრუით როდი შემოიფარგლება ე. ჭელიძის "გამომგონებლობა". თავის პირველ ანტიძველმართლმადიდებლურ წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა", ე. ჭელიძე წერს: "აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ გავრცელებულია ასეთი ღიმილისმომგვრელი მტკიცება: ვინც საკუთარ თავზე სამი თითით იწერს პირჯვარს, ის ამ გზით ჯვარს აცმევს სამებას. ეს თვალსაზრისი, რაც, ცხადია, ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში არსად არცერთხელ არ იჩენს თავს, ... ეს არის, ალბათ, უკანასკნელი არგუმენტი სამი თითით პირჯვრისწერის უარსაყოფად.

ამ თვალსაზრისის მომხრეებს შევახსენებთ, რომ როდესაც მორწმუნე ადამიანი პირჯვარს იწერს, ჯვრის ფორმას გამოსახავს მთელი ხელის მტევანი. ორი თითით პირჯვრის გადამწერნი სამ შეკრულ თითს (ცერი, არათითი, ნეკი) სამების სიმბოლოდ რაცხენ, მაგრამ განა ეს სამი თითიც ასევე არ შემოწერს ჯვრის ფორმას, როგორც ორი დანარჩენი? შეიძლება მოგვიგონ, რომ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ თითებს, რომლებიც უშუალოდ ეხება სხეულს. ამგვარი შეპასუხება არ იქნება მართებული, რადგანაც მაგალითად, კურთხევის გაცემის ჟამს მოძღვარი მხოლოდ ჰაერში გამოსახავს ჯვარს და ეს ჯვარი ბუნებრივი აუცილებლობით, ცხადია, გამოისახება ყველა თითის მიერ მოკეცილია ის, თუ აღმართულია, რადგანაც ჯვრის გამოსახვაში მონაწილეობს მთელი ხელის მტევანი... სამი თითით პირჯვრისწერა თუ სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ საერთოდ არ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს სამებისადმი … ჯვარი წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ეწოდება ნათლისღებას, ხოლო ნათლისღება კონკრეტულად სამებისადმი აღესრულება. თუკი პირჯვრისწერის თითებით არ შეიძლება სამების აღნიშვნა, მაშინ ნათლისღებასაც არ უნდა აღვასრულებდეთ სამებისადმი, რადგანაც, როგორც ვთქვით, ნათლისღება იგივე ჯვარია"
(გვ. 203-204).

როგორც სხვა შემთხვევებში, ისევე აქაც, ე. ჭელიძე მორიგ ბინძურ ხრიკებს მიმართავს. ის არ განმარტავს, თუ საიდან გაჩნდა მტკიცებულება იმისა, - "ვინც საკუთარ თავზე სამი თითით იწერს პირჯვარს, ის ამ გზით ჯვარს აცმევს სამებას". მოდი, ჯერ ვნახოთ, რას ასწავლიან წმიდა მამები ჯვრის გამოსახვის შესახებ.

ჯვარი, კლიმენტი ალექსანდრიელისა და თეოდორიტეს განმარტებით, არის საუფლო ნიშნისა და ძლევის სახე (იქვე. გვ. 187, 191). მასში ჯვარცმული ქრისტე იქადაგება, როგორც ამას ეპიფანე კვიპროსელი ბრძანებს: "აღიბეჭდვის ნიშითა მის ცხოვრებისათა… რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასო მისა და სძალ სიძისა მის დიდისა, რომელი (ე. ი. ქრისტე - არქიეპ. პ.) იქადაგების ყოველსა ჟამსა ნიშითა ჯუარისაითა" (შატბერდის კრებული. თბილისი. 1979 წ. გვ. 139), ამიტომაც არის ეს ბეჭედი ქრისტესი უფლის ვნებისა და აღსარების ნიშანი, ხოლო ნათლისღება მოცემული გვაქვს ჯვარცმული მაცხოვრის სამდღიანი სიკვდილის (დაფლვის) სახედ: "ისმინე პავლესი, რასა იტყვის, ვითარმედ: დავეფლენით მის (ქრისტეს და არა სამებას -არქიეპ. პ.) - თანა ნათლის-ღებითა სიკუდილად" და ვითარმედ "ძუელი იგი კაცი ჩუენი ჯუარს ეცვა" (წმ. იოანე ოქროპირი. განმარტება იოანეს სახარებისა. წიგნი I. გვ. 167. თბილისი 1993 წ.). აი, რატომ არის, რომ "არა თუ ოდენ ნათლისღებასა ჯუარ-ცუმა ეწოდების, არამედ ჯუარ-ცუმასა ნათლის-ღებაი…" (იქვე. გვ. 168), რამეთუ მიგვანიშნებს თუ ვისი მაცხოვნებელი მსხვერპლის გამო მოგვეცა ნიშად სამგზის დაფლვა წყალში სულთა განსაწმენდად.

როგორც უკვე ვთქვით და წმ. მამებიც დავიმოწმეთ, ჯვარი თითებით ქრისტეს სახელის მიმართ (ანუ ქრისტეს აღსარების ნიშნად) უნდა იქნეს გამოსახული. ასე გვასწავლის წმ. კირილე იერუსალიმელი: "ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით, ბეჭედი ჯვარი" (იქვე. გვ. 188).

მაგრამ, ჯვარცმულია სწორედ ქრისტე (ადამიანური ბუნებით) და არა სამება და, რადგანაც ჯვარცმული მაცხოვარი "სამ დღე იყო საფლავსა შინა" (წმ. იოანე ოქროპირი) ნათლისღებისას სამგზისი დაფლვის წესიც სწორედ ამ ნიშნის გამო გვებოძა.

ე. ჭელიძემ ან არ იცის, ან მალავს, რომ როდესაც რუსეთში დაამკვიდრეს სამთითიანი პირჯვრისწერა, მოკეცილი ორი თითი საერთოდ არაფერს მიანიშნებდა. მას მხოლოდ მოგვიანებით, ძველმორწმუნეებთან დავის პროცესში მიენიჭა ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლოს მნიშვნელობა.

ამრიგად, თუ თითების წყობით, - როგორც წმ. მამები განმარტავენ, - უნდა გამოვხატავდეთ აღსარებას იმისა, ვინც ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ხოლო ყველა ახალმოწესე ამ აღსარების ნიშნად ჰკრავდა (და ჰკრავს) სამ თითს, რაც, მათივე მტკიცებით, წმ. სამების ერთარსობის სიმბოლოს წარმოადგენს, სწორედ ასე გამოხატავდნენ ისინი ჯვარცმულის აღსარებას, აქედან კი გამოდის, ისინი ჯვარცმულად მიიჩნევენ ღვთაებრივ ბუნებას.  

მართლაც, თუკი, როგორც ნიკონიანელი რეფორმატორები (მათ შორის ბერძენი იერარქები და სხვა მაღალი ხარისხების მპყრობელი სტუმრები) კეცავდნენ ორ თითს (არათითს და ნეკას), ხოლო ჰკრავდნენ პირველ სამ თითს (ცერით, საჩვენებელითა და შუათითით) ჯვარცმულის აღსარების ნიშნად, სრულიად ბუნებრივად ისინი ჯვარცმულად (თუნდაც ამ სიმბოლური ნიშნის მიერ) სწორედ ღვთაებრივ ბუნებას მიიჩნევდნენ. ეს რომ ასეა, მრავალი ფაქტით დასტურდება.

ასე მაგალითად, ცნობილი ანტი"სტაროვერული" ნაშრომის "ჭეშმარიტად ძველი და ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ეკლესია" ("Истинно древняя и истинно православная Христова Церковь") ავტორი, ყაზანელი არქიეპისკოპოსი გრიგოლი (პოსტნიკოვი) (1784-1860) ძველმართლმადიდებლებთან დავაში სამთითიან პირჯვრისსაწერ წყობაში მოკეცილ ორ თითს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მისი თქმით: "სალოცავი ჯვარის-წერის ჩვენეული ტრადიციის მიხედვით, იკვრება პირველი სამი თითი წმ. სამების ნიშნად, ხოლო ბოლო ორი ხელისგულისკენ მოიკეცება მნიშვნელობის გარეშე: საკურთხებლად კი გამოიყენება ხუთივე თითი უფალ იესუ ქრისტეს სახელის აღსანიშნად" ("Для нашего крестнаго знамения молебнаго слагаются три первые перста в означение Св. Троицы, а два последние пригибаются к ладони без зпачения: для благословляющаго же употребляются все пять перстов для известнаго означения имена Господа Іисуса Христа") (Истинно древняя и истинно православная Христова Церковь. С. Петербург. 1856. Стр. 56).

ჯვარცმულის აღსარებად და სადიდებლად სამი თითის შეკვრა და მით პირჯვრის საწერი თითების წყობაში წმ. სამების ჯვარცმულად გამოცხადება რომ ამ რეფორმირებული და გაბატონებული ეკლესიის მოძღვრებაა, კარგად ჩანს თუნდაც 1963 წელს გამოცემულ "ლოცვანში", სადაც მოცემულია განმარტება პირჯვრისწერის შესახებ. ამ ლოცვანში ვკითხულობთ: "კეთილმსახურსა და მართლმადიდებელსა ქრისტეანსა მართებს, რომ პირჯვრის დასაწერად შეაერთოს ხელის თითები ესრეთ: პირველად უნდა შეაერთოს თავისი მარჯვენა ხელი სამი თითი, სახედ წმიდისა სამებისა. დიდი თითი, ე. ი. ცერი და შემდგომ მისი ორი თითი: ამით ცხადად ვაჩვენებთ წმიდისა სამებისა თანასწორობას და ერთარსობას და ამასთანავე შეურევნელობას..." (ორ თითზე აქ საერთოდ არ არის მოცემული განმარტება - არქიეპ. პ.), ხოლო შემდეგ ნათქვამია: "და ესრეთ, ამ ნაირად ჯვრის პირზედ გამოსახვითა სამითა თითითა, როგორცა ვთქვით ზემოთ, ჭეშმარიტად პატივის იცემების და იდიდების ჩვენგან გამოუთქმელი ძალითა ჯვარცმული მაცხოვარი და პატიოსანი ჯვარი" ("ლოცვანი". დაიბეჭდა პატრ. ეფრემ II-ის დროს. 1963 წ. 16 აგვისტო).  

ცხადია, გაბატონებულ ეკლესიას სწორად ესმის, რომ, წმ. მამათა მოთხოვნის თანახმად, თითები ჯვარცმულის აღსარების ნიშნად უნდა შეკრას ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირჯვრის საწერი თითების წყობით გამოხატოს ჯვარცმულის აღსარება და ადიდოს იგი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მაცხოვრის ორბუნებოვნების სიმბოლოდ  ორი თითით "ჰქმნან ბეჭედი ჯვარი", ჯვარცმულის აღსარებას სამი თითით გამოხატავენ; თუ ჯვარს ეცვა იესუ ქრისტე, როგორ არის შესაძლებელი ჯვარცმულის აღსარების ნიშნად სამი თითით "ვქმნათ ბეჭედი ჯვარი", ის ხომ წმ. სამების ღვთაებრივ პირთა ერთასობის სიმბოლოა?

ამრიგად, სამი თითით პირჯვრისწერა სამების ჯვარცმაა, იმიტომ, რომ ოფიციალური, ახალმოწესეობრივ-რეფორმატურული ეკლესია ჯვარცმულის აღსარებას სამი თითით გამოხატავს და ჯვარცმულად წარმოაჩენს ღვთაებრივ ბუნებას. ეს იყო ახალმოწესეობრივ-რეფორმატორული მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური სწავლება, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, მოგვიანებით, ძველმართლმადიდებლებთან პოლემიკის პროცესში, დამატებითი განმარტებით შეიცვალა, რადგან თვით ახალმოწესეებიც კი მიხვდნენ სამთითიან პირჯვრისწერასთან დაკავშირებული ცრუგანმარტების აბსურდულობას. სწორედ მოგვიანებით მიენიჭა თავიდან გაუქმებულ და მოკეცილ ორ თითს განკაცებული ქრისტეს სიმბოლური მნიშვნელობა.

ამრიგად, თქმა იმისა, რომ "ვინც პირჯვარს იწერს სამი თითით, ის ჯვარს აცმევს სამებას", დაკავშირებულია თავდაპირველ რეფორმატორულ განკარგულებასთან, პირჯვარი გადაესახათ სამი თითით, ხოლო ორი თითი, როგორც არაფრის აღმნიშვნელი, მოეკეცათ.

ამასთან დაკავშირებით პროფ. ბ. უსპენსკის წიგნში "ჯვრის გამოსახვა და საკრალური სივრცე" ("Крестное знамение и сакральное пространство") ვკითხულობთ: "თითების წყობის თავდაპირველი მნიშვნელობა მართლმადიდებლურ ტრადიციაში გამოხატავდა ღმერთკაცობის იდეას და არა სამებისას, მოგვიანებით მისით ორივე იდეის გამოხატვა დაიწყეს. ამასთან, როდესაც პატრიარქ ნიკონის რეფორმის შემდეგ ორი თითით პირჯვრისწერის ტრადიცია შეცვალეს სამთითიანი წესით, თითების წყობის ახალი ჩვეულება მოწოდებული იყო, გამოეხატა სამების იდეა და არა ქრისტეს ღმერთკაცობისა; მოსკოვის 1666-1667 წლის დიდმა კრებამ დაადგინა: "პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის სახე უნდა გადავიწეროთ მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით: დიდი თითი, მის გვერდით მყოფი საჩვენებელი და შუა ერთად უნდა შეიკრას მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ხოლო ორი, - ნეკა და მის გვერდით მყოფი არათითი, მოკეცილ უნდა იყოს უქმედ, წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემის მიხედვით" (Борис Андреевич Успенский. Крестное знамение и саральное пространство (Почему православные крестятся справа налево, а католики слева направо?) Издательство. Языки славянской культуры. Москва. 2004. Стр. 104).

"ამგვარად, ამ ფორმულირების მიხედვით ნეკა და არათითი "უქმედ" დარჩნენ, ანუ ისინი არაფერს გამოხატავენ" (იქვე).

ზუსტად ასე ედავებოდა ძველმოწესეებს ეგნატე რიმსკი-კორსაკოვი, ციმბირისა და ტობოლსკის მიტროპოლიტი თავის 1696 წლის ეპისტოლეში, სადაც ასწავლიდა, რომ მართლმადიდებელი ქრისტეანები პირველი სამი თითით გამოხატავენ სამებას, "ხოლო დარჩენილი ორი თითით, რომელიც ხელისგულისკენ არის მოკეცილი, არსად არის ნათქვამი ჯვრის ნიშის გამოსახვა. ამიტომ მხოლოდ თუ ვივარაუდებთ..." („прочия же два малыя персты последния приклонени к длани имети: образования же от Святых Писаний, чтобы знаменовали, не обретается: домыслитися же приличествует“) ანუ წმიდა წიგნებში არსად არის ნათქვამი, თითქოსდა ამ ორ თითს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, არამედ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ეს ორი თითი ნიშნავს დაცემულ კაცობრიობას, პირველწინაპარ ადამის სულიერ და ხორციელ დანაშაულს" ("оныя последния знаменуют доле падшее человече-ство, в преступление праотца Адама, душевне и телесне"). (ბ. უსპენსკი. ხს. შრ. § 2. ორთითიანი და სამთითიანი წყობის სიმბოლური მნიშვნელობები. სქოლიო. შენიშვნა 25. გვ. 121).

ავტორი სტატიისა "ხელის რომელი თითებით გამოვსახოთ ჯვარი", რომელიც ნიკონის "ფილაქნებში" ("Скрижали") გამოქვეყნდა 1656 წელს, თავის მსჯელობას უძღვნის იმას, რომ თითების წყობით შეიძლება და უნდა აღვნიშნოთ კიდევაც სამება, მაგრამ მათით შეუძლებელია გამოიხატოს ღმერთკაცობის იდეა: ისინი, ვინც ცდილობენ ამ იდეის გამოხატვას ორი თითით, - ამტკიცებს ამ წიგნის ავტორი, - განყოფს ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებას და მით თვითონ ნესტორიანულ მწვალებლობაში ვარდება (Скрижаль, 1656, с. 795-806 и особенно с. 804 четвертой пагинации. Ср. в этой связи: Поморские ответы, 1884, с. 144- 145 (ответ 50, статья 2-я) (იქვე. გვ. 84. სქოლიო. შენიშვნა 71).

ასეთი გაგება, უეჭველად, მიღებული იყო ამ დროის ბერძნებშიც: ასე მსჯელობდა, მაგალითად, მელეტი პიგასი, ალექსანდრიის მომავალი პატრიარქი გამოცემაში "მართლმადიდბელი ქრისტიანი" 1587 (ГИМ, Син. 328; см.: Никанор, 1890, с. 362), კონსტანტინოპოლის პატრიარქი პაისი მოსკოვის პატრიარქ ნიკონისადმი მიწერილ პასუხში თითების წყობის შესახებ (1654 წ.. პასუხი 24) (Скрижаль, 1656, с. 740-741 четвертой пагинации; Паисий, 1881, с. 567), ასევე დამასკინოს სტოდიელი (შემდგომში ნავპაქტის მიტროპოლიტი. მისი თხზულება გადათარგმნეს ბერძნულიდან და ჩართეს "ფილაქნებში" ("Скрижаль"), რომელიც 1656 წელს გამოიცა პატრ. ნიკონის დროს) († 1577) (Скрижаль, 1656, с. 773 четвертой пагинации; Dამასკინოს, 1578, тетр. «Аа», л. 8; Damaskinos, 1910, с. 339) და ქრისტეფორ ანგელოსი (1575-1638) (Angelos, 1655, с. 232; Свидетельство о перстосложении... , 1864, с. 78-79; Макарий, IV/2, с. 73) (ბ. უსპენსკი. ხს. შრ. გვ. 74. სქოლიო, შენიშვნა 48).

ქრისტეფორ ანგელოსი. 1608 წ. წავიდა ინგლისში და 1619 წელს გამოსცა წიგნი თავის თანამემამულეებზე. ბ. ა. უსპენსკი. დასახ. შრ. გვ. 36), რომელიც თითების წყობის განმარტებისას, ლაპარაკობს სამებაზე, მაგრამ არ ახსენებს ღმერთკაცობას (ანუ მოკეცილი ორი თითი ქრისტეფორე ანგელოსის დროსაც "უქმი" და მნიშვნელობის არმქონე იყო). ზუსტად ასევე ბერძნულ სტატიაში ჯვრის გამოსახვის შესახებ, რომელიც ამართლებს სამთითიან წყობას და დამატების სახით ჩართულია არსენ სუხანოვის დავაში ბერძნებთან, რომელიც გაიმართა 1950 წელს, ნათქვამია, რომ პირველი სამი თითი გამოხატავენ სამებას და რომ მისი გამოხატვა არ შეუძლია ბოლო ორ თითს, და რომ ეს ორი თითი არ გამოსახავს ქრისტეს ორ ბუნებას".

შეად. ასევე დავა არსენი სუხანოვისა იერუსალიმის პატრიარქ პაისისთან პირჯვრისსაწერი თითების წყობის თაობაზე, რომელიც გაიმართა 1650 წლის 24 აპრილს. პატრიარქი პაისი ლაპარაკობს მხოლოდ სამების გამოსახვაზე, ხოლო არსენ სუხანოვი - სამებაზეც და ქრისტეს ორბუნებოვნებაზეც (Сергей Белокуров. Арсений Суханов, ч. І-ІІ (ч. І: Биография Арсения Суханова; ч. ІІ, вып. 1: Сочинения Арсения Суханова. М., 1891-1893. Оттиски из ЧОИДР, 1891, кн. 1 и 2; 1894, кн. 2.Белокуров, II, с. 35, ср. с. 62, 135-136, 140-141, 183-184).

მეტიც, ძველმორწმუნეებთან დავით გართულმა რეფორმატორმა ღვთისმეტყველებმა ძველმართლმადიდებელთა მიერ თითთაწყობაში მოცემულ სამ თითს (ცერს, არათითსა და ნეკას) დაუკავშირეს ფანტასტიკური სწავლება და ბრალდება, რომლის თანახმადაც, თითქოსდა ძველმოწესეები არათანაბარი თითების შეერთებით წმ. სამების პირთა არათანასწორობას ქადაგებდნენ და მათ მიერ შეერთებული პირველი სამი თითი ამ დოგმატს ზედმიწევნითი სიზუსტით წარმოაჩენდა.

"ეს ფუჭად მეტყველნი (იგულისხმებიან ძველმოწესენი - არქიეპ. პ.) კიდევ ამბობენ, თითქოსდა ორი თითი, საჩვენებელი და შუა, ქრისტეს ღმერთკაცობას გამოხატავდეს, ხოლო სამი თითი: პირველი, მეოთხე და ნეკა, დახრილი და შეერთებულია ორი თითის ქვეშ სამების ნიშნად, და მეტყველებენ, თითქოსდა ამ სამი არათანაბარი თითით სამების საიდუმლო გამოიხატებოდეს. ყველასთვის ცხადია, რომ წმიდა სამებაში არათანაბრობას აღიარებდნენ: არიანელები და ნესტორიანელები, სულიწმიდის მგმობელნი, აპოლინარელნი და სხვა წყეული მწვალებლები. ზოგი მამას უწოდებდა მეტს, ძეს კი ნაკლებს, სულიწმიდას კი ამაზე უფროდაც აკნინებდნენ, ვითარც მონას. ასევე იქცევიან ესენიც (ძველმოწესეებიც), რადგან სამი განსხვავებული, არათანაბარი თითი, ზემოთ ხსენებულ წყეულ მწვალებელთა მსგავსად, თითქოსდა სამებას წარმოაჩენდეს" (Деяния соборов 1666-1667 гг., л. 32 четвертой фолиации; Н. И. Субботин. І-ІХ - Материалы для истории раскола за первое время его существования. Под ред. Н. И. Субботина, т. І-ІХ. М., 1875-1890, с. 271; Доп. Акты исторические, собранные и изданные Археографическою комиссиею, т. І-V. СПб., 1841., V, № 102, с. 502).

ეგნატე რიმსკი-კორსაკოვის თანახმად, "დიდი თითი (ცერი) მამა ღმერთის აღმნიშვნელია, საშუალო ძე-ღმერთისა, ხოლო საჩვენებელი სულიწმიდისა" და კიცხავს ძველმოწესეებს იმაში, რომ ისინი, გამოხატავენ რა სამებას, "ვერ ამბობენ, რომელი თითით რომელ იპოსტასი მიენიშნება" (დიდება ღმერთს, რომ მათ ამგვარი სისულელე არსად უთქვამთ! - არქიეპ. პ.) ამასთან, ეგნატეს თქმით, რადგან დიდი თითი უეჭველად წარმოადგენს მამა ღმერთის სიმბოლოს (?), ძველმოწესეები, "უნდათ მათ ეს, თუ არა", ღმრთის ძეს მეოთხე, ხოლო სულიწმიდას მეხუთე თითით გამოხატავენ" (?) (Игнатий Римский-Корсаков. Послания блаженнаго Игнатия (Римского-Корсакова), митрополита Сибирскаго и Тобольскаго, изданныя в Православном Собесднике. Казань, 1857, с. 50-54) (ბ. უსპენსკი. ხს. შრ. გვ. 121. შენიშვნა 24).  

მსგავსი არგუმენტაციაა გამოთქმული სიმეონ პოლოცკის "სამწყსო კვერთხში" ("Жезл правления") (იხ. Симеон Полоцкий, 1667, л. 59 (обличение и возобличение 21-е) და ხოლმოგორელი არქიეპისკოპოსის ათანასეს "სულიერ დარიგებაში" ("Увет духовный") (Афанасий Холмогорский, Увет духовный. М., 1682, л. 133 об.). მსგავს ბრალდებებს რომ პასუხობს, ანდრია დენისოვი ("პომორული სიტყვისგები" ავტორი - არქიეპ. პ.) თავის "პომორულ სიტყვისგებაში" (1723 წ.) წერს: "არსად წერილა... უკანასკნელი ან მეოთხე თითით გამოვსახოთ სიტყვა-ღმერთი, არამედ ამ სამი თითით აღვიარებთ სამი ღვთაებრივი იპოსტასის, მამის, ძის და სულიწმიდის საიდუმლოს, ერთ ღმერთს სამ იპოსტასში, ხოლო რომელი თითით რომელი იპოსტასი უნდა გამოვსახოთ, არსად წერილა; ხატმწერლობაშიც, სადაც წმიდა სამებას გამოსახავენ, იწერება მხოლოდ სამი პირი, ხოლო რომელია ძე, რომელი მამა, და რომელი სულიწმიდა, ეკლესიას არ გადმოუცია, არამედ საზოგადოდ გვასწავლის, რომ ეს წმიდა სამებაა" (Поморские ответы, 1884, с. 141, ответ 47) (Б. А. Успенский. Крестное знамение и сакральное  пространство. Почему православные крестятся справа налево, а католики … слева направо? Изд. Языки славянской культуры. Москва. 2004., стр.120. Примечания. Прим. 25).

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული "ბრძნული" სწავლება მეტად დამახასიათებელია ნიკონიანელი "განსწავლული" თეოლოგებისთვის. საინტერესოა ვკითხოთ მათ, იმ სამი თითით (ცერით, საჩვენებლით და შუათითით), როგორ გამოიხატება სამების თანასწორობა? იქნებ, მიატყუპონ მაინც ეს თითები ერთმანეთს, შეადარონ მათი სიგრძეები და გვითხრან, როგორ გამოხატავენ ისინი სამების თანასწორობას? და თვითონ უფრო ხომ არ ემსგავსებიან მათ მიერვე ჩამოთვლილ მწვალებლებს, რადგან ძველმართლმადიდებელთ თითების ზომები სამების თანასწორობის ნიშნად არასდროს მიუჩნევიათ, არამედ ჰკრავდნენ მათ სამი იპოსტასის ერთობის ნიშნად. ეს იყო და არის აღმსარებლობითი სიმბოლო და არავითარ შემთხვევაში წმ. სამების არსობრივი გამოხატულება. როგორც ნათქვამია: "ორმოს მთხრელი თვითონვე ჩავარდება მასში და მახის დამგებიც თვითონვე გაებმება (სიბრძნე ზირაქისა 27:26-29)".

ასე გაებნენ მათ მიერვე დაგებულ მახეში და შთავარდნენ მათ მიერვე გათხრილ ორმოში ახალმოწესე-რეფორმატორები, რადგან თვითონვე არიან დამნაშავენი იმ შეუსაბამო, სულელურ და აბსურდულ სწავლებაში, თითების სიგრძით წმ. სამების თანასწორობის გამოხატვა რომ ჰქვია და რომელსაც ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ მიაწერენ, რადგან მათი მიერ სამების ნიშნად შეკრული სამი თითიც ასევე არათანასწორია.

ხოლო, თუ ვინმე გვეტყვის, ასე "სტაროვერები" ასწავლიდნენ და არა ნიკონიანელი რეფორმატორებიო, ვუპასუხებთ, მსგავსი სწავლება არსად გადმოუციათ ძველმორწმუნეთ; და მეორეც, თუ სამი თითის შეკვრა (რომელიც გინდა იყოს) სამების დოგმატის დარღვევაა, ღვთაებრივ პირთა არათანასწორად წარმოჩენაა, მაშინ პირველი სამი თითით პირჯვრისწერაც მსგავსი მწვალებლობაა. ნამდვილი ფუჭმეტყველება სწორედ ამგვარი ახალმოწესეობრივი სწავლება გახლავთ.

რაც შეეხება ძველმორწმუნეთ, კიდევ გავიმეორებთ, ისინი სამ თითს ჰკრავდნენ და ჰკრავენ არა წმ. სამების ღვთაებრივ პირთა თანასწორობის გარეგნულ გამოხატულებად, არამედ წმ. სამების ერთობის ნიშნად, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ მას სამ იპოსტასად შევიმეცნებთ. და კიდევ: ასეთი იყო არა ძველმორწმუნეთა გამოხატულება, არამედ უძველესი ეკლესიისა, რასაც თვით პროფ. ბ. ა. უსპენსკი და კიდევ სხვა დასახელებული მეცნიერებიც ადასტურებენ. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ, როგორც პროფ. ბ. ა. უსპენსკი აღნიშნავს, "1667 წლის კურთხევანში ეს ტექსტი უკვე აღარ მოიპოვება", თუმცა არც მისი სულელური შინაარსის უარყოფა გვაქვს სადმე.

ამრიგად, როგორც საეკლესიო და ისტორიული დოკუმენტებიდან ვხედავთ, ახალმოწესე რეფორმატორები თავიან სამთითიან პირჯვრისსაწერ წყობაში არაფრად მიიჩნევდნენ მოკეცილ ორ თითს და სამი თითით გამოხატავდნენ ჯვარცმულის აღსარებას. აი, რას უკავშირდება ძველმართლმადიდებელთა სამართლიანი ბრალდება, გამოთქმული ახალმოწესე რეფორმატორთა მიმართ, რომ პირველი სამი თითით ჯვრის გამოსახვით ისინი ჯვარს აცვამენ წმიდა სამებას.

აწ, რამდენად "ღიმილისმომგვრელია" ეს ვითარება, მკითხველმა განსაჯოს (25).

________________

25. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ცნობილი დიაკვანი და ღვთისმეტყველი ანდრია კურაევი სამთითიან წყობასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს ორთითიან წყობას. ა. კურაევის თქმით, ორთითიანი წყობა "დოგმატურად უფრო ზუსტია, რადგან ჯვარს ეცვა ქრისტე და არა სამება" ... როდესაც დარბაზიდან გაისმა ხმა "ეს ხომ წვრილმანია", დიაკვანმა ა. კურაევმა უპასუხა: "და რა, განა ეს ცოტაა? - დოგმატიკისა და საეკლესიო სიმბოლიკის სფეროში წვრილმანები არ უნდა არსებობდეს. ჩვენი თითების წყობა ხომ თითებით ღვთისმეტყველებაა. მე ძალიან მოხარული ვიქნებოდი, ჩვენი ეკლესია ორთითიან წყობას რომ დაუბრუნდებოდეს" (Отец Андрей (Кураев) об ошибках и заслугах староверов. https://www.youtube.com/watch?v=F1qGQE4pMnw)).

________________

ამრიგად, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა მიერ ახალმოწესე მართლმადიდებელთა მხილება იმაში, რომ ისინი სამთითიანი პირჯვრისწერით ჯვარზე აკრავენ წმიდა სამებას, მომდინარეობს თვით ახალმოწესე რეფორმატორთა ადრინიდელი სწავლებებიდან, სადაც უარყოფილი იყო ორი თითის მნიშვნელობა და ჯვარცმულის აღსარებას ქმნიდნენ მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით, ხოლო სამი თითი სწორედაც რომ წმ. სამების სიმბოლოდ იკვრება და არა ჯვარცმულისა.

***

ე. ჭელიძის მომდევნო "არგუმენტის" მიხედვით "სამი თითით პირჯვრისწერა ნიშნავს სამების მფარველობაში შესვლას, სამების აღიარებას, რაც პირდაპირაა თქმული წმ. ეფრემ ასურის (IV ს.) მიერ: "თავს ვიცავთ რა პირჯვრისწერით, თავს ვიცავთ სამების მიერ". მაგრამ, წმ. ეფრემ ასურელი არ განმარტავს, თუ რომელი თითებით უნდა ვიწერდეთ პირჯვარს და სამების ეს მფარველობა როგორ უნდა იქნეს გამოსახული თითებით; ანუ ეს ნიშნავს სამი თითით პირჯვრის გადაწერას თუ იგივე ქმედებას, აღსრულებულს ორი თითით?!

რადგან ორთითიან წყობაში ჯვარს გამოსახავს ხუთივე თითი, სადაც ორი აღმართული (საჩვენებელი და შუათითი) ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლოს წარმოაჩენს, ხოლო დანარჩენი სამი (ცერი, არათითი და ნეკა) სამების სიმბოლოს, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ორთითიანი წყობით გამოიხატება სამების მფარველობის სიმბოლოც და ჯვარცმულის აღსარებაც. მეტიც, ორთითიანი წყობა, როდესაც ის ედება შუბლს, ჭიპს (ან მკერდს), შემდეგ კი მარჯვენა მხარსა და ბოლოს მარცხენას, თავისი მოძრაობით და სხეულის ნაწილების მიხედვით (შუბლი, ჭიპი ან მკერდი და მხრები) გამოხატავს ქრისტეს ზეციდან გარდამოსვლის, განკაცების, ჯვარცმით სიკვდილისა და აღდგომის შემდგომი ამაღლების, მამის მარჯვენით ჯდომისა და მეორედ მოსვლის სიმბოლოს.

გამომდინარე აქედან, სრულიად უქმდება სამთითიანი პირჯვრისწერის ე. ჭელიძის გამამართლებელი არგუმენტაცია, რომელიც აცხადებს იმ ჭეშმარიტებებს, რომ "ჯვარი როგორც ძლევის სიმბოლო, სწორედ სამებამ მიანიჭა კაცობრიობას ძე ღმერთის გზით" ("ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 205); ან კიდევ: "ჯვარი თვით ნივთიერი შემზადებითაც სამების სიმბოლოა" (იქვე. გვ. 206) და სხვა.

ჩვენ ამ ჭეშმარიტებას როდი ვეწინააღმდეგებით, ოღონდ აღვნიშნავთ, რომ ე. ჭელიძე, რომელმაც სრულიად დაამახინჯა ძველმართლმადიდებელთა მიერ ადრე გამოთქმული ბრალდებები სამთითიანი წყობით სამების ჯვარცმის თაობაზე, ზემოთ ხსენებულ ჭეშმარიტ სწავლებებს მის მიერ შეთითხნილი ბრალდების საპასუხოდ აგებს. როგორც იტყვიან, "თვითონ ჭრის და თვითონ კერავს".

სამთითიან და ერთთითიან პირჯვრისწერასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს ე. ჭელიძის შემდეგი საღვთისმეტყველო განმარტება: "შეიძლება დაისვას კითხვა: თუ პირჯვრისწერისას სამი თითი სამებას მოასწავებს, მაშინ რატომ იწერდნენ ადრექრისტიანულ ეპოქაში პირჯვარს ერთი თითით?

"საქმე ისაა, - განმარტავს ე. ჭელიძე, - რომ ერთი თითით პირჯვრისწერა ტრიადოლოგიური აზრით იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა, რადგანაც ორივე შემთხვევაში სწორედ ერთარსება სამება აღინიშნება. კერძოდ, ერთი თითი მოასწავებს ერთარსებას ღვთისას, სამი კი სამპიროვნებას, ხოლო მართლმადიდებლობაში ერთარსება ყოველთვის სამებაა და სამება ყოველთვის ერთარსებაა. სწორედ ამ აზრით, ერთი თითით პირჯვრისწერა იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა და ამ ორ ფორმობრივ სახესხვაობას სრულიად ერთი ძალი, ერთი შინაარსი, ერთი სახისმეტყველება აქვს" (იქვე. გვ. 206-207).

დიახ, ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით იმაში, რომ "ერთარსება ყოველთვის სამებაა და სამება ყოველთვის ერთარსებაა", მაგრამ, როდესაც, წმიდა მამების (კირილეს, ეპიფანეს, ბასილი დიდის, პეტრე დამასკელის) სწავლებით პირჯვრისწერისას თითებით ჯვარცმულის აღსარებაზეა ლაპარაკი, თითით ან სამი თითით ამ აღსარების გამოხატვა სწორედაც რომ მონოფიზიტური მწვალებლობა გახლავთ. რას იცავს ე. ჭელიძე - მართლმადიდებლობას თუ მონოფიზიტობას?

გარდა ამისა, ე. ჭელიძის ამ ლოგიკიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ, თუკი ეკლესიამ უარყო ერთი თითით პირჯვრისწერა, როგორც მონოფიზიტური მწვალებლობის გამოხატულება, რომელიც ჯვარს აცვამს ღვთაებრივ ბუნებას; და თუკი, როგორც ე. ჭელიძე ბრძანებს "ერთი თითით პირჯვრისწერა იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა", მაშინ სამი თითით პირჯვრისწერაც ისევე უნდა იქნას უარყოფილ, როგორც ერთი თითით პირჯვრისწერის მონოფიზიტური ჩვეულება, რადგან როგორც ერთ, ისევე მეორე შემთხვევაში აშკარაა ღვთაებრივი ბუნების ჯვარცმა.

თუკი მწვალებლობაა და ღვთაებრივი ბუნების ჯვარცმის გამომხატველია "სამწმიდაო"-ს ლოცვაში ("წმიდა ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ") სიტყვების "რომელი ჯვარს ეცვი ჩვენთვის", ჩამატება, ჯვარცმულის თითებით აღსარებაში ანალოგიურია სამი თითით ჯვრის გამოსახვა, მით უმეტეს, თუკი, "ერთი თითით პირჯვრისწერა იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა", თანაც, ე. ჭელიძის აღიარებითვე, "ამ ორ ფორმობრივ სახესხვაობას სრულიად ერთი ძალი, ერთი შინაარსი, ერთი სახისმეტყველება აქვს". ამიტომაც, სრულიად ლოგიკურად, ერთის აკრძალვის შემთხვევაში ავტომატურად უნდა იკრძალებოდეს მეორეც, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია

ახლა ვნახოთ, რამდენად დასაბუთებულია ერთი და სამი თითით პირჯვრისწერის აპოლოგეტის, ე. ჭელიძის მორიგი არგუმენტი, რომელიც უკვე უშუალოდ ნათლისღების საიდუმლოს ეხება. ე. ჭელიძე წერს: "სამი თითით პირჯვრისწერა თუ სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ საერთოდ არ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს სამებისადმი. ცხადია, ეს ასე არაა. ამასთან, როგორც აღნიშნულია სპეციალურ ლიტერატურაში, ჯვარი, წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ეწოდება ნათლისღებას, ხოლო ნათლისღება კონკრეტულად სამებისადმი აღსრულდება. თუკი პირჯვრიწერის თითებით არ შეიძლება სამების აღნიშვნა, მაშინ ნათლისღებაც არ უნდა აღვასრულოთ სამებისადმი, რადგანაც, როგორც ვთქვით, ნათლისღება იგივე ჯვარია" ("არა მხოლოდ ნათლისღება ითქმის ჯვრად, არამედ ჯვარიც ნათლისღებად” (იოანეს თავის განმარტება, XXXV, პგ. 59, სვ. 151).

მივყვეთ ე. ჭელიძის მსჯელობას დეტალურად:

1) "სამი თითით პირჯვრისწერა თუ სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ საერთოდ არ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს სამებისადმი" (ე. ჭ. დასახ. შრ. გვ. 204).

აქ აშკარაა აქცენტების გადატანის მცდელობა. კერძოდ, სხვადასხვაა პირჯვრისსაწერი თითების წყობა და წარმოსათქმელი ლოცვა. ჩვენ პირჯვარს ვიწერთ არა მარტო სამების, არამედ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, ანგელოზთა და წმინდანთა მიმართაც, და ნუთუ ის უნდა ვიფიქროთ, რომ ჯვარს რომელიმე მათგანი ეცვა (ღმერთო, დაგვიფარე ამგვარი მკრეხელობისგან). ცხადია, შემოვიზღუდავთ რა თავს ჯვრით, ღმრთის წინაშე შეწევნისთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ანგელოზებსა და სხვადასხვა წმინდანსაც მივმართავთ. ამიტომაც, აქ ე. ჭელიძე სრულიად შეგნებულად აბნევს და ატყუებს თავის მკითხველს. კიდევ ერთხელ ვიტყვით: სამი თითით პირჯვრისწერა სამების ჯვარცმა იმიტომ კი არ არის, რომ პირჯვარს ვიწერთ სამებისადმი (ანუ ვლოცულობთ სამებისადმი), არამედ იმიტომ, რომ ასეთია თვით ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" საღვთისმეტყველო განმარტება; და კიდევ, წმიდა მამების სწავლების შესაბამისად, რომლებიც ჯვრის გამოსახვას ითხოვენ ჯვარცმულის აღსარების ნიშნად, ამ აღსარებას გამოხატავენ სამი თითით. აქვე გავიმეორებთ იმასაც, რომ მოკეცილმა ორმა თითმა თავისი ქრისტოლოგიური მნიშნელობა მხოლოდ მოგვიანებით, ძველმართლმადიდებლებთან დავის პროცესში შეიძინა, რადგან, როგორც ჩანს, ახალმოწესეები მიხვდნენ თავიანთი ქმედების აბსურდულობას, თუმცა ამ გარემოებამ ბევრი ვერაფერი შეცვალა.


2) "ჯვარი, წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ეწოდება ნათლისღებას, ხოლო ნათლისღება კონკრეტულად სამებისადმი აღსრულდება. თუკი პირჯვრიწერის თითებით არ შეიძლება სამების აღნიშვნა, მაშინ ნათლისღებაც არ უნდა აღვასრულოთ სამებისადმი, რადგანაც, როგორც ვთქვით, ნათლისღება იგივე ჯვარია".

აქაც აქცენტების გადატანას აქვს ადგილი. არავინ უარყოფს იმას, რომ "ნათლისღება იგივე ჯვარია". მაგრამ, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, როგორ გავიგოთ ეს გამოთქმა და მართლდება თუ არა ამით სამი თითით პირჯვრისწერა?

ამ საკითხში გასარკვევად ჯერ უნდა ვნახოთ თუ რა ხდება ნათლისღების საიდუმლოში. ჩვენი წინამდებარე ნაშრომის პირველ განყოფილებაში, საკმაოდ დეტალურად ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ბერძნული სიტყვა "ბაპტისმა" შთაფლვას ნიშნავს. ვნახეთ ისიც, რომ ნათლისღების უმთავრესი ქმედება მოსანათლავი ქრისტეანის წყალში სამგზის შთაფლვაა, რაც წარმოადგენს საფლავში ქრისტეს სამდღიანი დების სახეს, რომლის შემდეგაც მოხდა მისი მკვდრეთით აღდგომა.

ყოველი მოსანათლავი გადის ქრისტეს ამ გზას. ზუსტად ისე, როგორც ქრისტე მოკვდა ჯვარზე ჩვენი ცოდვებისთვის, ნათლისღების საიდუმლოში ჩვენც ვკვდებით (ანუ აღარ ვარსებობთ) ცოდვილი ცხოვრებისა და სატანის ნების აღსრულებისთვის, რათა შემდგომ აღვსდგეთ ღმერთში სიცოცხლისთვის. ამ დროს მთელი ჩვენი ბუნება განახლდება. მოგვეტევება ყველა ჩვენი ცოდვა, რომელიც ნათლისღებამდე ჩაგვიდენია და რომლებიც გულწრფელად შევინანეთ.

თვით მაცხოვრის სიტყვების თანახმად, ნათლობის მისაღებად აუცილებელია რწმენა წმიდა სამებისადმი და არა წყალში შთაფლვის ოკულტური ძალისადმი, რომელიც თითქოსდა შეიძლება იყოს ყველა პრობლემის მომგვარებელი (ზემოთ უკვე ვნახეთ, რომ ამგვარად შთაფლულთ ნათლობის საიდუმლოს არ უთვლიდნენ და თავიდან ნათლავდნენ). ნათლისღება არ წყვეტს ცხოვრებისეულ და ფინანსურ პრობლემებს და არ წარმოადგენს "ინსტრუმენტს" ან "გათვალვის" თუ "წახდენის" მოსახსნელ იარაღს.

ამრიგად, ნათლისღება ჯვარია იმიტომ, რომ ის აღსრულდება ქრისტეს ჯვარცმის, საფლავში დამარხვის და მესამე დღეს აღდგომის მიმსგავსებით, და არა იმიტომ, რომ ის აღსრულდება წმიდა სამების სახელის მოწოდებით. ე. ჭელიძეს რადგან აქცენტი კვლავ სამებაზე გადმოაქვს (და არა ქრისტეს სამდღიან დამარხვაზე), გამოდის, რომ მისთვის ნათლისღების საიდუმლოც სამების ჯვარცმა ყოფილა.

ჯვარცმულია სწორედ ქრისტე (ადამიანური ბუნებით) და არა სამება და, რადგანაც ჯვარცმული მაცხოვარი "სამ დღე იყო საფლავსა შინა" (წმ. იოანე ოქროპირი), ნათლისღებისას სამგზისი დაფლვის წესიც სწორედ ამ ნიშნის გამო გვებოძა. სწორედ ამიტომ იწოდება ჯვარი ნათლისღებად და ყოველივე ეს წმ. სამების მფარველობითი ბეჭდით აღიბეჭდება, ამიტომ ინათლება მოსანათლავი სამგზის დაფლვისას სამების სახელზე და იწერს პირჯვარს ორი თითით (საჩვენებელი და შუათითი), სამი თითი კი (ცერი, ნეკა და არათითი) შეკრული აქვს სამების მფარველობითი აღბეჭდვის ნიშნად.

მაშასადამე, თითების წყობაც და ნათლისღებაც ჯვარცმულის აღსარებისა და მისი სამი დღის განმავლობაში საფლავში დების ნიშად გვაქვს ბოძებული. ამიტომაც არსებობს პირჯვრისწერასა და ნათლისღებას შორის ასეთი აღმსარებლობითი კავშირი.

ამრიგად, ნათლისღების საიდუმლოს შინაარსის დამახინჯებით ე. ჭელიძე წარმოგვიდგება, როგორც უკიდურესად გონებაშერყვნილი მწვალებელი.

ერთი ან სამი თითით პირჯვრისწერის წესისა და ნათლისღების საიდუმლოს განმარტებაში ის ჯვარს და ჯვარცმულს უკავშირებს წმიდა სამებას და ამით თვითონვე აცხადებს ჯვარცმულად ღვთაებრივ ბუნებას.

3) ე. ჭელიძის მორიგი "არგუმენტი" ასეთია: "მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება. ვინც ორი თითით პირჯვრიწერასა და კურთხევის გაცემას აღიარებს, თვლის, რომ ეს ორი თითი მაცხოვრის ორბუნებოვნებას აღნიშნავს; თუ სამი თითით პირჯვრის გადაწერა სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ ორი თითით პირჯვრისწერა მაცხოვრის ორივე ბუნების ჯვარცმას უნდა აღნიშნავდეს, მაგრამ განა შესაძლებელია ეს? განა მაცხოვრის ორივე ბუნებაა ჯვარცმული? განა მაცხოვრის საღვთო ბუნებისათვის ჯვარცმის მიწერა იმავე სამების ჯვარცმას არ ნიშნავს?" (იქვე. გვ. 204).

აქ ე. ჭელიძე მორიგ ხრიკს მიმართავს და მის მზაკვრობაში უკეთ რომ გავერკვეთ, ამთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სამი თითი სამების პირთა ღვთაებრივი ერთარსობის სიმბოლოა. თვით ე. ჭელიძე წერს, რომ "ერთი თითით პირჯვრისწერა ტრიადოლოგიური აზრით იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა, რადგანაც ორივე შემთხვევაში სწორედ ერთარსება სამება აღინიშნება. კერძოდ, ერთი თითი მოასწავებს ერთარსებას ღვთისას, სამი კი სამპიროვნებას, ხოლო მართლმადიდებლობაში ერთარსება ყოველთვის სამებაა და სამება ყოველთვის ერთარსებაა. სწორედ ამ აზრით, ერთი თითით პირჯვრისწერა იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა და ამ ორ ფორმობრივ სახესხვაობას სრულიად ერთი ძალი, ერთი შინაარსი, ერთი სახისმეტყველება აქვს".

ამრიგად, ე. ჭელიძის თქმით, ერთი ან სამი თითი, არსებითად, გამოხატავს ერთსა და იმავეს - ღვთის ერთარსებას და სამპიროვნებას. და თუკი მართლმადიდებლობაში "ერთარსება ყოველთვის სამებაა და სამება ყოველთვის ერთარსება", მისით ჯვრის გამოხატვა ჯვარცმულის აღსარების ნიშნად (წმ. კირილე იერუსალიმელი) პირჯვრისწერის წესის სიმბოლოში განა სამების ჯვარცმის გამომხატველი არ იქნება?

მაგრამ, ეს სულაც არ არის ასე, როდესაც პირჯვარს ორი თითით ვიწერთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი თითიდან ერთი ქრისტეს ღვთაებრობის სიმბოლოა, მეორე კი - კაცობრივისა. მართალია, ჯვრის სახეს ორივე თითი შემოწერს, მაგრამ არამც და არამც ამ შემოწერაში ღვთაების ჯვარცმა არ იგულისხმება (განსხვავებით ერთი ან სამი თითით პირჯვრისწერის შემთხვევისა). რატომ? მოდი, ამ საკითხის განმარტებისთვის მოვუსმინოთ წმ. იოანე დამასკელს (VII-VIII სს.), რომელიც ბრძანებს: "განიკუთვნებს სიტყვა ადამიანურ (თვისებებს), რადგან მისია ის, რაც მისი ხორცისაა, თავისას კი ხორცს გადასცემს, ნაცვალბოძების წესისამებრ, ნაწილთა ურთიერთისადმი დამტევნელობისა და ჰიპოსტასისმიერი ერთობის შედეგად და, აგრეთვე, იმიტომ, რომ ერთი და იგივე იყო ის, ვინც მოქმედებდა საღვთოსაც და ადამიანურსაც თითოეულ ხატებაში მეორესთან თანაზიარებით. ამიტომ ითქმის, რომ "დიდების უფალი ჯვარს ეცვა" (1კორ. 2,8), თუმცა მისი საღვთო ბუნება არ ვნებულა" (წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ორმოცდამეშვიდე, ორი ბუნების შესახებ. თბილისი 2000. გვ. 110).

და კვლავ, იგივე წმიდა მამა ბრძანებს: "ამრიგად, თვით ღვთის სიტყვამ დაითმინა ხორცით ყოველივე და მხოლოდ მისი საღვთო და უვნებელი ბუნება დარჩა უვნებლად, რადგან როდესაც ერთმა ქრისტემ, ღმრთეებისა და ადამიანობისაგან შედგენილმა და ღმრთეებაში და ადამიანობაში მყოფმა, ივნო, ევნო ის, რაც ვნებადია და რასაც ვნებულობა სჩვევია, მაგრამ არ თანავნებულა ის, რაც უვნებელია. მართლაც, სული, რომელიც ვნებადია, თუმცა არ განიკვეთება სხეულის გაკვეთის ჟამს, სხეულთან თანამოტკივარობს და თანაევნება, მაგრამ ღმრთეება, უვნებლად მყოფი, არ თანაივნებს სხეულთან ერთად.

საცოდნელია კი, რომ ვამბობთ ღმერთს ხორცით ვნებულად, მაგრამ ღმრთეებას ხორცით ვნებულად ანდა ღმერთს ხორცის მიერ ვნებულად - არანაირად. ისევე, როგორც მზით განათებულ ხეზე, თუკი ეს ხე ცულით იჭრება, გაუჭრელი და უვნებელი რჩება მზე, ბევრად უფრო უვნებელი რჩება ხორცის ვნებულების ჟამს ხორცთან ჰიპოსტასურად შეერთებული უვნებელი ღმრთეება სიტყვისა, და ისევე როგორც გავარვარებულ მახვილზე წყლის დასხმისას ქრება ის, რასაც სჩვევია ვნებულება წყლისგან (ვამბობ ცეცხლს), მაგრამ დაუზიანებელი რჩება რკინა, რადგან არ სჩვევია მას, რომ იშლებოდეს წყლისგან, ასევე, ბევრად უფრო ვერმიმღები რჩება ვნებულებისა, ხორცის ვნებულების ჟამს, მასთან განუშორებლად მკვიდრი მხოლო უვნებელი ღმრთეება (ამასთან, არ არის აუცილებელი, რომ მაგალითები ყოვლითურთ და უკლებლივ მსგავსი იყოს, რადგან საჭიროა, რომ მაგალითში მსგავსებაც განიჭვრიტებოდეს და სხვაობაც, რამეთუ სხვა შემთხვევაში მაგალითიც აღარ იქნებოდა იგი. მართლაც, ყველაფრით მსგავსი იგივეა და არა მაგალითი, და ეს - განსაკუთრებით საღვთოთა შესახებ, რადგან შეუძლებელია ყველაფრით მსგავსი მაგალითის პოვნა ღვთისმეტყველებასთან და განგებულებასთან დაკავშირებით)" (თავი სამოცდამეათე. უფლის სხეულის ვნებულებისა და მისი ღმრთეების უვნებლობის შესახებ. იქვე. გვ. 155-156).

"მსგავსადვე ითქმის ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების შესახებაც. - განაგრძობს წმიდა იოანე დამასკელი, - ესენი განეკუთვნება არა ბუნებას, არამედ ჰიპოსტასს. ასე რომ, ვნებადი ბუნებით ევნო და ჯვარს ეცვა ორ ბუნებაში მყოფი ქრისტე, რადგან ხორცით ჩამოეკიდა იგი ჯვარზე და არა ღმრთეებით. ამიტომ, რადგან ისინი ჩვენს შეკითხვაზე: "ორ ბუნებით მოკვდა?" გვიპასუხებენ და გვეტყვიან: "არა", მაშ, არც ორი ბუნება ყოფილა ჯვარცმული, არამედ იშვა რა ქრისტე (ანუ განკაცებული სიტყვა ღვთისა), იშვა იგი ხორცით, ჯვარს ეცვა ხორცით, ევნო ხორცით და მოკვდა ხორცით, მისი ღმრთეება კი უვნებელი დარჩა" (თავი მეოთხმოცე. "მათ მიმართ, რომლებიც გვეკითხებიან: ნუთუ ღვთისმშობელმა ორი ბუნება შვა? ნუთუ ორი ბუნება ჩამოეკიდა ჯვარზე?" თბილისი 2000. თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა. გვ. 164) (ძვ. ბერძნულიდან თარგმნა ე. ჭელიძემ).

მაგრამ რომელია ამ უვნებელი ბუნების მაჩვენებელი ერთ ან სამ თითში? - არც ერთი! ორივეგან სიმბოლური სწავლება მხოლოდ ღმრთეების ერთარსებას, ან საღმრთო პირთა ერთობას უკავშირდება და არა მაცხოვრის განკაცებას. "ერთი თითი მოასწავებს ერთარსებას ღვთისას, სამი კი სამპიროვნებას, ხოლო მართლმადიდებლობაში ერთარსება ყოველთვის სამებაა და სამება ყოველთვის ერთარსებაა" - გვიმტკიცებს ე. ჭელიძე და ვერ ხვდება (ან არ უნდა, რომ მიხვდეს) - ამგვარი შინაარსის მქონე თითების სიმბოლური წყობა შეუძლებელია ჯვარცმულის გამომხატველი იყოს.

ერთ ან სამ თითში გამოიხატება ღვთის ერთარსების ან ერთი ღვთაების სამპიროვნების აღსარება და როდესაც მას წმიდა მამის მოთხოვნისამებრ "ჯვარცმულის აღსარების ნიშნად" ამოძრავებენ ზემოდან ქვემოთ (ქრისტეს სიმბოლოსთან, ორ თითთან მიმართებაში ეს ნიშნავს განკაცებას), და შემდეგ ქვემოდან მარჯვენა მხარზე და შემდეგ მარცხენაზე (იმავე სიმბოლოში ეს მიანიშნებს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, ამაღლებას, მამის მარჯვენით ჯდომას და საუკუნო სამსჯავროს), ამით ირღვევა ჯვარცმულის აღსარების დოგმატი. სწორედ ამის გამო დაგმო ეკლესიამ ერთი თითი პირჯვრისწერის მონოფიზიტური დოგმატი და კრებითად მიიღო ორი თითით ჯვრის გამოსახვის ჩვეულება. შეაჩვენა ყველა, ვინც კი ასე არ გადაწერდა ჯვარს, რითაც საბოლოოდ უარყო ჯვრის თითით გამოსახვის ჩვეულება (თუკი ის ოდესმე არსებობდა), და ავტომატურად, რადგან, როგორც ბ-ნი პროფესორი გვარწმუნებს, "ერთი თითი მოასწავებს ერთარსებას ღვთისას, სამი კი სამპიროვნებას", კატეგორიულად დაუშვებელია იგივე მონოფიზიტური დოგმატის განმეორება სამი თითით, რადგან ერთისა და სამის ასეთი იდენტურობის ძალით ორივე ფორმა ღვთაების ჯვარცმის გამომხატველად მიიჩნევა. ერთი თითით ჯვრის გამოხატვა თუ ღვთაების ჯვარცმაა, რაც დაგმო ეკლესიამ, მაშინ სამი თითით ჯვრის გამოსახვაც სამების ჯვარცმაა, რადგან ერთი თითით და სამი თითით ჯვრის გამოსახვა სრულიად "ერთმნიშვნელოვანია", როგორც ამას წმიდა ბარბარას მაგალითის მოშველიებამდე აცხადებს ე. ჭელიძე (იქვე. გვ. 207) (უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ).

ორი თითით ჯვრის-წერა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ სპეციალურად იმიტომ დააწესა, რომ მისით წმიდა სამების მეორე იპოსტასის, ძე-ღმერთის განკაცება გამოეხატა და ესწავლებინა, რომ ამ ორი თითით ჯვრის გამოხატვისას ეკლესია მისი ადამიანური ბუნების ჯვარცმას აღიარებს და არა ღვთაებრივისას.

მაშინ, როდესაც არც ერთი და არც სამი თითით პირჯვრისწერის წესში ამგვარი გამოხატვის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს (უკვე აღვნიშნეთ, რომ მოკეცილი ორი თითი მხოლოდ მოგვიანებით გახდა ამგვარი სწავლების გამომხატველი, თუმცა ისიც მეორე პლანზეა გადაწეული და ჯვრის გამოსახატავად აქ მაინც სამი თითი გამოიყენება, რადგან თავიდან, როგორც უკვე ვნახეთ, მოკეცილი ორი თითი არაფერს ნიშნავდა. ის სწორედ იმიტომაც მოკეცეს, რომ არანაირი დანიშნულება მას არ გააჩნდა).

რატომ იწოდება პირჯვრისწერის ჩვენ მიერ დაცული წესი "ორი თითით" პირჯვრისწერად, აქ ხომ სამი შეკრული თითიც არის, რომელიც წმ. სამების ერთობას გამოხატავს? იმიტომ, რომ ჯვართან მიმართებაში არის ორი და არა სამი თითი. მაგრამ, რას ნიშნავს "ჯვართან მიმართებაში"? ამაში გაგვარკვევს XVI ს.-ის რუსეთის პატრიარქი იობი: "ხოლო მლოცველებს პირჯვრისწერა მართებთ ორი თითით: ჯერ უნდა დაიდონ თავზე, შემდეგ მკერდზე, შემდეგ მარჯვენა მხარზე და მერე მარცხენაზე. ერთი თითის მოხრა (ორიდან - არქიეპ. პ.) ნიშნავს ქრისტეს გარდამოსვლას ციდან, ხოლო სწორად მდგომი თითი მის ამაღლებაზე მიანიშნებს, სამი თითი კი ერთად უნდა შევკრათ, რითაც განუყოფელ სამებას ვაღიარებთ. ეს არის ჭეშმარიტი პირჯვრისწერის წესი. ვისაც არ უყვარს უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, დე იყავნ წყეულ".

აი, რუსული დედანიც: "И молящися креститися подобает двема прьсты: преж положити на чело главы своея, таже на перси, потом же на плече правое, таже и на левое. Сгбение прьсту именует сшествие с небес, а стоящии перст указует взнесение Господне, а три персты равны держати - исповедуем Троицу Нераздельну, то есть истинное крестное знамение. Иже не любит Господа нашего Исуса Христа, да будет проклят" (მთლიანად პატრ. იობის წერილი ქართლის მიტროპოლიტ ნიკოლოზისადმი შეგიძლიათ იხილო აქ: "Послание к Митрополиту Николе и всему священному собору Иверскиа земли Грузинскаго царствия". http://nasledie.russportal.ru/index.php?id=istina.iobpo).

პატრიარქი აშკარად მიუთითებს თუ რომელი თითები უნდა დავიდოთ შუბლზე, მკერდზე, მარჯვენა მხარზე და მარცხენაზე. ამიტომაც ვამბობთ, რომ პატრიარქი აქ ორი თითით პირჯვრისწერის წესს განმარტავს. რაც სიტყვებს "ჯვართან მიმართება", ან "ჯვარცმა", ეს არის ჩვენი განმარტება. პატრ. იობს ამის თქმა არ დასჭირვებია. ეს ჩვენ გვჭირდება დავუღეჭოთ ე. ჭელიძისნაირ "მეცნიერებს" ელემენტარული და აბსოლუტურად გასაგები განმარტებები, რათა დაწერილი მოწმობების შინაარსი დავანახოთ. "ჯვართან მიმართება" ნიშნავს, რომ პირჯვარს სწორედ ამ ორი თითით ვიწერთ და არა იმ სამით, რომელიც ამასთანავე შეკრული გვაქვს სამების ერთობის აღსანიშნავად. ტერმინს "ჯვარცმა" ვიყენებთ იმისთვის, რათა ავხსნათ, რომ ჯვარცმულის აღსარებად ვკრავთ ორ თითს, რადგან ჯვარცმული იყო ქრისტე და არა სამება. წმ. კირილე იერუსალიმელიც ასე ითხოვს პირჯვრის გადაწერას: "ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და თითებით ვქმნათ ბეჭედი ჯვარი".

ვეკითხებით ე. ჭელიძეს და მის ყველა თანამოაზრეს:

1. აღიარებთ თუ არა წმ. კირილეს მოთხოვნას, რომ არ უნდა შეგვრცხვეს "ჯვარცმულის აღიარება და თითებით ვქმნათ ბეჭედი ჯვარი"?

2. ვინც ეცვა ჯვარს - ქრისტე თავისი კაცობრივი ბუნებით თუ სამება?

თუ გვიპასუხებენ, რომ ჯვარს ეცვა ქრისტე თავის კაცობრივი ბუნებით, მაშინ კვლავ ვკითხავთ:

3. წმ. კირილეს მოთხოვნის თანახმად, რომელი თითებით ქმნით "ჯვარცმულის" აღსარებას? - სამით თუ ორით?

4. რომელია შეკრული თითებიდან ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლო, - ორი თუ სამი?

5. რომელი თითებით ვქმნით ჯვარს, განა იმით არა, რომელიც ჯვარცმულს გამოხატავს?

6. და თვით თითების მოძრაობის სიმბოლო (ზემოდან ქვემოთ - ზეციდან გარდამოსვლის და განკაცების; ქვემოდან აწევა მარჯვენა მხარზე და მერე გადატანა მარცხენაზე - მკვდრეთით აღდგომისა და ამაღლების, მამის მარჯვენით ჯდომისა და კვლავად მეორედ მოსვლის სიმბოლო) ქრისტეზე არ მიანიშნებს?

7. რატომ უნდა დავიდოთ სამი თითი შუბლზე, მერე მკერდზე (ან ჭიპზე), ავამაღლოთ და დავიდოთ მარჯვენა მხარზე და მერე მარცხენაზე?

8. რატომ არის სამების სიმბოლო (სამი თითი) განკაცებისა და ჯვარცმის, მკვდრეთით ამაღლებისა და მამის მარჯვენით ჯდომის სიმბოლურ მომენტებთან (შუბლთან, ჭიპთან (ან მკერდთან) და მარჯვენა-მარცხენა მხრებთან მიმართებაში?

თქვენ სამი თითით ქმნით ჯვარცმულის აღსარებას. - ასე განმარტავენ და წერენ თქვენი პატრიარქები და მოძღვრები თავიანთ კატეხიზმოებში და არ უფიქრდებიან, რას ამბობენ.

ჯვარცმულის აღსარება თითებით, უნდა გამოვსახოთ ორი თითით, ხოლო წმიდა სამებისა სამით. და სრულიად ცხადად არის ნათქვამი და გასაგებიც არის, თუ რატომ გადადის წინა პლანზე ორი თითი, რატომ ედება ის სხეულის იმ ნაწილებს, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ ზეციდან გარდამოსვლას, განკაცებას, აღდგომას და ამაღლებას...

მონოფიზიტები ამას აკეთებდნენ ერთი თითით და მართლმადიდებლებმა ისინი შეაჩვენეს, თქვენ რატომ უნდა შეგაქოთ, იმისთვის ხომ არა, რომ დაუტევეთ მართლმადიდებლური წესი და ისევ მონოფიზიტებივით ღვთაებრიობის გამომხატველი სიმბოლოთი იწერთ პირჯვარს?

რითი განსხვავდებით მონოფიზიტებისგან? - ისინიც და თქვენც, სიმბოლურ გამოხატულებაში ჯვარს აცვამთ ღვთაებას.

ერეტიკოსი ე. ჭელიძე ამის თეოლოგიურ "გამართლებასაც" კი გვთავაზობს და გვიმტკიცებს, რომ ერთი თითით პირჯვრისწერა იგივეა, რაც სამი თითით, რადგან "ერთი თითით პირჯვრისწერა ტრიადოლოგიური აზრით იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა, რადგანაც ორივე შემთხვევაში სწორედ ერთარსება სამება აღინიშნება, კერძოდ ერთი თითი მოასწავებს ერთარსებას ღვთისას, სამი კი სამპიროვნებას, ხოლო მართლმადიდებლობაში ერთარსება ყოველთვის სამებაა და სამება ყოველთვის ერთარსებაა. სწორედ ამ აზრით, ერთი თითით პირჯვრისწერა იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა და ამ ორ ფორმობრივ სახესხვაობას სრულიად ერთი ძალი, ერთი შინაარსი, ერთი სახისმეტყველება აქვს" (ე. ჭ. დასახ. შრ. გვ. 206-207).

განსხვავება მხოლოდ ერთშია, მონოფიზიტებისგან განსხვავებით, თქვენი ოფიციალური ეკლესია დოგმატურ ღვთისმეტყველებაში არ ასწავლის სამების, ანუ ღვთაების ჯვარცმას, მაგრამ წინააღმდეგობაშია ამ სწავლებასთან სამთითიანი პირჯვრისწერის ჩვეულებით.

ამიტომაც, განა უფრო ჯეროვანი არ იქნებოდა, ის წესი გამოიყენოთ პირჯვრისწერისას, როგორი აღმსარებლობაც გაგაჩნიათ? ძალიან დიდი შეუსაბამობაა, ბატონებო, თქვენს დოგმატურად სწორ აღმსარებლობასა და მასთან შეუსაბამო სამთითიან პირჯვრისწერას შორის.
14
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому