აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II_IX_ჯვრის გამოსახვის შესახებ 9 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ჯვრის გამოსახვა
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი IX
___________________________________________________________________________________________________________________________________

10. ორთითიანი წყობა მოციქულთა დროის ქრისტეანულ ძეგლებში (I ს.)

ისტორია, როგორც უკვე ვთქვით, არანაირ ცნობას არ გვაწვდის თითების წყობის ფორმაზე, რომლითაც პირველი ქრისტეანები პირჯვარს გამოისახავდნენ საკუთარ თავზე, რის გამოც ჩვენი დროის ზოგიერთი ავტორიტეტული მეცნიერი თავის მეცნიერულ კვლევა-ძიებას აგებს იმ ვარაუდებზე, თითქოსდა პირვანდელი ფორმა პირჯვრისწერისა ერთი თითი ყოფილიყო, რაც შემდეგ ორი თითით და ბოლოს ეს უკანასკნელიც გვიანდელი სამი თითით შეიცვალა, რომელიც დღემდე შერჩა ბერძნულ და რუსულ გაბატონებულ ეკლესიებს.

არ შევდივართ რა ამ ჰიპოთეზის დეტალურ განხილვაში, აუცილებლად მიგვაჩნია შევნიშნოთ, რომ ის მეტად არასრული და უსუსურია, რაც უკვე შეამჩნია ზოგიერთმა მეცნიერმაც. მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირზე, ნეტ. იერონიმეზე და სხვა წმიდა მამებზე დაყრდნობით ამტკიცებენ რა IV ს.-ში ერთი თითით პირჯვრისწერის ჩვეულების არსებობას, მკვლევრები აწყდებიან წმ. კირილე იერუსალიმელის მოწმობასაც, რომელიც იმავე IV საუკუნეში ცხოვრობდა, მაგრამ რომელიც პირჯვრის გადაწერას გვასწავლის არა თითით (როგორც უნდათ ეს დაინახონ ამგვარმა მეცნიერ-მკვლევრებმა), არამედ "თითებით". გარდა ამისა, თვით მამათა თხზულებების თარგმანებში, რასაც ეფუძნება საკუთრივ ერთი თითით პირჯვრისწერის არსებობის თეორია, შეიმჩნევა დიდი წინააღმდეგობა: წმ. მამის ერთი და იგივე გამონათქვამი ნათარგმნია სხვადასხვანაირად.

სანიმუშოდ ავიღოთ წმ. იოანე ოქროპირის ცნობილი გამონათქვამი, რომელიც მოთავსებულია მათეს სახარების 54-ე ჰომილიაში, სადაც ლაპარაკია საკუთარ თავზე ჯვრის გამოსახვის შესახებ. იოანე ოქროპირის აკადემიურ გამოცემაში წერია: "... არა მხოლოდ თითით" ("...не просто перстом"), მაშინ როდესაც ღვთისმეტყველების მაგისტრმა დიაჩენკომ, რომელიც მისდევდა ორიგინალის სიზუსტეს, გადათარგმნა: "თითებით". "არა მარტო თითებით გვმართებს ვქმნათ ბეჭედი ჯვარი", - ამბობს ის იოანე ოქროპირის სიტყვებით თავის წიგნში "Уроки и примеры христианской надежды" (1894. С. 318).

მეცნიერ-მკვლევართა მსგავსი ურთიერთწინააღმდეგობა შთაგვაგონებს ფრთხილად ყოფნას მათი ვარაუდებისა და დასკვნებისადმი და მათ სამართლიანობაში გვაეჭვებს, რადგან ისინი ვერ გვაძლევენ საკვლევი საგნის მართებულ განმარტებას. ჩვენი აზრით, ჯვრის გადასაწერი თითების წყობის ყოველმხრივი კვლევისთვის, აუცილებელია ვხელმძღვანელობდეთ არა მარტო წერილობითი, არამედ ქრისტეანული ხელოვნების ძეგლების ნივთიერი მტკიცებულებებითაც, რაც თავისებური ისტორიაა და უფრო მეტად დაგვეხმარება, სრულიად გავაშუქოთ საკითხი ძველქრისტეანულ ეკლესიაში პირჯვრის საწერი თუ კურთხევის გასაცემი ამა თუ იმ წესის არსებობის შესახებ.

ქრისტეანული ხელოვნების უძველეს ძეგლებია ქრისტე მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმ. ანგელოზთა და ქრისტეან მოწამეთა წმიდა გამოსახულებები, ასევე ძველი და ახალი აღთქმის საღმრთო ისტორიის მოვლენათა ამსახველი გამოსახულებები, რომლებიც უმეტესწილად გადანახულია კატაკომბებში, სადაც წარმართი ხელისუფლების თვალთვალსა და დევნულებას გაქცეული პირველი საუკუნეების ქრისტეანობა თავის ლოცვებსა და საგალობლებში ადიდებდა უფალს. პირჯვრის საწერ და კურთხევის გასაცემ თითების წყობას მჭიდროდ უკავშირდება ხატწერითი გადმოცემებიც, რომლებიც, ასევე, ქრისტეანული ხელოვნების ძეგლებს განეკუთვნება.

ძველი ღვთისმოშიში გადმოცემა პირველ ხატმწერად ლუკა მახარობელს ასახელებს. მისმა ფუნჯმა პირველად გამოსახა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ხელში დაუსაბამო ყრმა უპყრია, და ამგვარად ხატწერის პროტოტიპი გახდა. ამ გადმოცემის მნიშვნელობა ღრმავდება კიდევ იმით, რომ წმ. ლუკა, როგორც ქრისტე მაცხოვრის უშუალო მოწაფე, თვითმხილველი იყო მისი მიწიერი ცხოვრებისა, ქადაგებებისა და სასწაულებისა, და ცხადია, მას უეჭველად ნანახი ჰქონდა თითების წყობის ის სახე, რომლითაც მაცხოვარი ჩვეულებრივ და ძალზედ ხშირად აკურთხებდა საკვებს ჭამის წინ, ასევე, ხალხს, თავის მოწაფეებს, რომლებიც შემდეგ, ცაში ამაღლების უწინარეს, აკურთხა. ეს ყოველივე ნანახი ჰქონდა წმიდა ხატმწერს, რაც ღვთაებრივი მოძღვრის ხატზე აღბეჭდა მისი მაკურთხებელი ხელის სახით.

სახარებიდან ვიცით, რომ იმავე წმ. ლუკა მახარობელმა და მისმა თანამეგზურმა კლეოპამ გზაში დამგზავრებულ უცნობში შეიცნეს მაცხოვარი სწორედ მისმიერი კურთხევის მეშვეობით (ლუკა 24:28-31). მათაც უამბეს სხვებს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი "პურის გატეხისას" (იქვე 24:35). ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია, რომ წმ. ლუკამ, გამოხატავდა რა ღვთისმშობელს ყრმა ქრისტესთან ერთად მაკურთხებელი ხელით, მის თითებს მისცა ის წყობა, რომელსაც, ჩვეულებრივ, ხედავდა მაცხოვარზე და რომლის მეშვეობითად იცნო იგი აღდგომის შემდეგ ემაუსში. როგორია ეს თითთაწყობა?



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სმოლენსკის ხატი, რომელიც, გადმოცემის მიხედვით დაწერილია წმ. მახარობელ ლუკას მიერ

ქრისტეანული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ ყველა ხატზე, რომელიც მიეწერება ლუკა მახარობელს და რომელზეც, ცხადია, მაცხოვარი გამოხატულია მაკურთხებელი თითებით, ყრმა მაცხოვარს თითები შეკრული აქვს ორთითიანი წყობით, ანუ სამი თითი - დიდი, უსახელო და ნეკა ერთად არიან შეერთებულნი, ხოლო შუათითი და საჩვენებელი - აღმართულნი. ჩვენ აქ მოგვაქვს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სმოლენსკის ხატის ფოტოსურათი, რომელსაც გადმოცემა მიაწერს წმ. ლუკას მიერ დაწერილ ხატებს. აქ, როგორც ხედავთ, მაცხოვრის მაკურთხებელი ხელი ორთითიანი წყობისაა.

მაგრამ აქ ბუნებრივად იბადება კითხვა: სამართლიანია თუ არა გადმოცემა, რომ წმ. მახარობელმა დაწერა ღვთისმშობლის ხატი, და თანაც არაერთი? ფლობდა თუ არა წმ. ლუკა ხატმწერის ხელოვნებას? ხომ არ არის ეს მხოლოდ ღვთისმოსავი ლეგენდა? მოდი, გავერკვეთ ამ საკითხში. ეკლესიის გადმოცემები, რომლებიც მთელი ქრისტეანული ისტორიის განმავლობაში, საუკუნიდან საუკუნეში გადმოიოდა, შეუძლებელია უარყოფილ იქნას; ასევე შეუძლებელია მათ ისტორიულ უტყუარობაში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გადმოცემებია, რომელთაც არ გააჩნია წერილობითი დადასტურებანი.

ჩვენ ვიცით ქრისტეანული რელიგიის მრავალი ჭეშმარიტება, რომელიც მხოლოდ გადმოცემამ შემოგვინახა, მაგრამ ამის გამო მათ სულაც არ დაუკარგავთ ისტორული სინამდვილის ფასი. წმიდა ბასილი დიდს მოჰყავს ეკლესიის მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი გადმოცემები, რომლებსაც აქვს ქრისტეანული თაობების ერთადერთი "ცოხცალი" მოწმობანი, რომლებიც მემკვიდრეობითად გადმოეცემოდა ეკლესიის თაობებს, როგორც დაუწერელი ჭეშმარიტებანი. და ერთ-ერთი ამ გადმოცემათაგანი გახლავთ სწორედ პირჯვრისწერის წესი (იხ. წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონი).

სწორედ ამ "ცოცხალმა" ისტორიამ შემოგვინახა გადმოცემა წმ. ლუკა მახარობლის, როგორც პირველი ხატმწერის შესახებ. ამ გადმოცემის საყოველთაოობა, რომელიც არსებობს თითქმის ყველა ქრისტეანულ ქვეყანაში, ამტკიცებს, რომ ის არ არის უაზრო ლეგენდა ან ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი, არამედ სწორედ ის ეჭვშეუვალი ჭეშმარიტებაა, რომელმაც ჩვენამდე "დაუწერლად" მოაღწია, რომელმაც გაუძლო ასწლეულებს და ათასწლეულებსაც კი და ამის მიუხედავად, არ დაუკარგავს თავისი მშვენება და სილამაზე.



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტიხბინის ხატი, რომელიც, გადმოცემის მიხედვით დაწერილია წმ. მახარობელ ლუკას მიერ

მოდი, თვალი მივადევნოთ ისტორიულ ცნობებს წმ. ლუკა მახარობლის, როგორც ხატმწერის შესახებ. მის სამხატვრო მოღვაწეობას პირველად ახსენებს VI ს-ის ისტორიკოსი თეოდორ წიგნისმკითხველი, რომელიც გვაუწყებს, რომ იმპერატრიცა ევდოკიამ პულქერიას იერუსალემში გაუგზავნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დაწერილი იყო ლუკა მახარობლის მიერ (Московские Церковные Ведомости. 1900. № 4); ეს მოვლენა, მოხდა დაახლოებით V საუკუნეში.

თხზულებებში, რომელიც წმ. იოანე დამასკელს მიეწერება, არაერთხელ არის ნახსენები ხატი, რომელიც ლუკა მახარობლის მიერ ყოფილა დაწერილი. მეტაფრასტი, X ს-ის მწერალი, ლუკა მახარობლის ცხოვრების აღწერისას გვამცნებს, რომ ამ უკანასკნელს დაუწერია ქრისტეს და ღვთისმშობლის ხატები. ბოლონიის ანალებში (XII ს.) გადმოცემულია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბოლონიის ხატი დაწერილია ლუკა მახარობლის მიერ და აქ კონსტანტინოპოლიდან ჩამოუტანია ერთ ბერძენს.

XIV ს-ის მწერალი ნიკიფორე კალისტე არაერთხელ ლაპარაკობს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის წმ. ლუკას მიერ დაწერილ ხატებზე. მისი თქმით წმ. ლუკა პროფესიით იყო ექიმი, მაგრამ ძალზე დახელოვნებული ფერწერაში. ნიკიფორეს თქმით მან პირველმა დაწერა ფერწერულად ქრისტე და ღმრთივსაკადრისად მისი მშობელი დედა, შემდეგ კი მოციქულთა თავნი და აქედან ეს ღვთისმოსავი და ღირსპატივდებული საქმე მთელ მსოფლიოს მოედო (Каллист Н. История. Т.Н. Гл. 43).

სხვა ადილას ნიკიფორე კალისტე იუწყება, რომ პულხერიამ, რომელსაც, თეოდორე წიგნისმკითხველის ცნობით, ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნეს, ააგო სამი ტაძარი და მათ შორის მათი ტაძარი Οδηνων, სადაც დააბრძანეს მისთვის ანტიოქიიდან გამოგზავნილი ხატი, რომელიც ღვთაებრივმა მახარობელმა ლუკამ საკუთარი ხელით დაწერა, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ჯერაც ცოცხალი იყო. მას მადლობა გადაუხდია ხატმწერისთვის მისი მშვენიერი ნაწარმოებისთვის (Он же. Указ. соч. Кн. XIV и XV).

ამ გადმოცემამ ბერძნულ ხატმწერლობით დედანშიც შეაღწია და აისახა წმ. ლუკას გამოსახულებაზე. "წმ. ლუკა - ნათქვამია მასში, - ახალგაზრდა, თმები დახვეული, წვერი მცირე, ხატავს ღვთისმშობელს".

"უეჭველია, - ამბობს ამასთან დაკავშირებით პროფ. ნ. ვ. პოკროვსკი (1848-1917), - რომ გამოსახულების უკანასკნელი ნიშანი პირდაპირ მიუთითებს დედნის შედგენისას ცოცხლად შენახულ გადმოცემაზე, რომ წმ. ლუკას დაწერილი აქვს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები" (Покровский Н.В. Сийский иконописный подлинник. С. 55).

წმ. ლუკა მახარობლის, როგორც ხატმწერის შესახებ ისტორიული ცნობების მიმოხილვის ბოლოს მოვიყვანთ ჩვენი დროის ავტორიტეტული მეცნიერის, იმავე პროფ. პოკროვსკის აზრს, რომელიც სრულ თანხმობაშია ისტორიულ თქმულებებთან და საეკლესიო გადმოცემასთან და მოცემული საკითხის ასეთ გადაწყვეტას გვთავაზობს: "ყველაზე უბრალო და ისტორიული კრიტიკის დამაკმაყოფილებელი განმარტება უნდა მდგომარეობდეს შემდეგში: ჯერ ერთი, თუ არ არსებობს არავითარი ისტორიული შეუთავსებლობა ამ გადმოცემის არსში, და მეორეც, თუკი სანდო წყაროები ერთხმად აღიარებენ, რომ ლუკა მახარობელი იყო ხატმწერი და წერდა ხატებს, მაშინ არ გვაქვს არავითარი საფუძველი, უარვყოთ ამ გადმოცემის სინამდვილე და თანახმანი ვართ ძირითად საფუძვლებში ვაღიაროთ ის ჭეშმარიტად" (Покровский Н. Сийский... . С. 60).

ამრიგად, საყოველთაო გადმოცემის, ისტორიული თქმულებებისა და ავტორიტეტულ მეცნიერთა გამოხმაურებების მიხედვით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ წმ. ლუკა ნამდვილად იყო ხატმწერი - მან დაწერა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი, რომლებიც დღეს ქრისტეანული სამყაროს სხვადასხვა ადგილას არის დაცული.



წმ. მახარობელ ლუკას ხატი


11. ორთითიანი წყობა II-IV საუკუნეების ქრისტეანულ ძეგლებში

ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში ორი თითით პირჯვრისწერის კვლევის საკითხში აუცილებელია შევეხოთ ქრისტეანული ხელოვნების ძეგლებს, უპირატესად სკულპტურებს, ფრესკებს, მოზაიკებს და მათი გამოკვლევით შევეცადოთ, დავადგინოთ მისი არსებობის ფაქტი როგორც კატაკომბების, ასევე შემდგომი საუკუნეების პერიოდში.

ქრისტეანობის ძეგლთა უძველესი დამცველია ჭაღარა რომი თავისი ძველთაძველი ტაძრებით, კატაკომბებითა და მუზეუმებით. ქრისტეანობის ძველ დროში, როდესაც წარმართობა ჯერ კიდევ ძლიერი იყო და ყოველ ღონეს მიმართავდა, რათა მოედრიკა ახალშობილი ქრისტეანობა, ჯვარცმულის მიმდევრები იძულებულნი იყვნენ თავიანთი საკურთხევლები ეშენებინათ ე. წ. კატაკომბებში, რომლებიც ამავდროულად ქრისტეან მოწამეთა დაკრძალვის ადგილსაც წარმოადგენდა.

დღეისთვის რომში 60-მდე ამგვარი გამოქვაბული, ანუ კატაკომბია. მათ შესახებ უფრო დეტალურად ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ, ახლა კი შევეხოთ წარმართობიდან ქრისტეანობისკენ გარდამავალი პერიოდის ქრისტეანული ხელოვნების ერთ შესანიშნავ ძეგლს. ეს გახლავთ მოციქულ პავლეს ქანდაკება, რომელიც ქრისტეანებმა იუპიტერის ქანდაკებიდან გადააკეთეს. გადაკეთება უმთავრესად შეეხო ქანდაკების თავსა და ხელებს: წარმართული ღმერთის განადგურებული თავის ადგილზე მიადგეს მთავარმოციქულის ბიუსტი, მარცხენა ხელში მოციქულს დააჭერინეს გასაღებები - "შეკვრისა და გახსნის" სიმბოლო, რომელიც ქრისტემ მისცა თავის მოციქულებს სიტყვისამებრ: "მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს" (მათე 16:19).



წმ. პეტრეს ქანდაკება რომში

პეტრეს მარჯვენა ხელი მაკურთხებლად არის შემართული, თანაც მოციქულის ხელის თითები, იმ დროს მიღებული კურთხევის წესით, შეკრულია ორთითიანი წყობით. ეს ქანდაკება დღემდე დაცულია რომში, წმ. მთავარმოციქულთა - პეტრესა და პავლეს ტაძარში.

ახლა კი გადავიდეთ კატაკომბებზე. კატაკომბები - ეს არის მიწისქვეშა გამოქვაბულები მრავალრიცხოვანი კორიდორებით და გადასასვლელებით, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, გათხრილია ძველი ქრისტეანების მიერ მიცვალებულთა დასაკრძალავად და დევნულების დროს ღვთისმსახურების ჩასატარებლად. რომისა და მისი შემოგარენის გარდა, კატაკომბები გახსნილია კიდევ რამდენიმე ადგილას, რომლებიც ოდესღაც ქრისტეანობის კერებს წარმოადგენდნენ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენილია მილანში, ნეაპოლში, ეფესოს მესინაში, ცენტრალურ აზიაში, აფრიკაში, კუნძულ კვიპროსზე, პალესტინაში, ეგვიპტეში...



IV საუკუნის რომაული სარკოფაგის ფრაგმენტი. მარცხნივ - ფიგურა ორთითიანი წყობით

მაგრამ ქრისტეანულ სიძველეთა სიმდიდრით პირველ ადგილს იკავებს რომის კატაკომბები. რა თქმა უნდა, მათგან ჯერ ყველა როდია გამოკვლეული და შესწავლილი; შესაძლოა, ახლო მომავალი კიდევ არაერთ ისტორიულ სიმდიდრეს გამოგვიჩენს, რომლებიც საუკუნეებია კატაკომბთა სიბნელეშია მომწყვდეული და რომლებიც სულ სხვა შუქს მოჰფენს ძველი ქრისტეანობის ისტორიას. თანამედროვე არქეოლოგიურმა კრიტიკამ დაამტკიცა, რომ უძველესი ქრისტეანული გამოსახულებები, რომლებიც კატაკომბთა კედლებზე აღმოაჩინეს, ქრისტეანობის პირველ საუკუნეებს უკავშირდება. ამგვარი გამოსახულებების ნიმუშები აღმოჩენილია რომის კატაკომბებშიც, როგორიცაა, მაგალითად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოსახულება ყრმით ხელში და კიდევ მესამე პირით, რომელიც აღმოაჩინეს პრისკილას კატაკომბში. ჯ. ბ. დე როსის (ასეა წიგნში - არქიეპ. პ.) დასკვნით, ის განეკუთვნება ქრისტეანული წელთაღრიცხვის I საუკუნეს (ПокровскийН. Памятники... . С. 13).

კატაკომბების კედლები სავსეა საკმაოდ კარგად შენახული ფრესკებით, რომლებზეც წმიდა ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენებია ასახული, განსაკუთრებით ქრისტე მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ეპიზოდები. ჩვენი მიზნიდან გამომდინარე, შევეხებით ზოგიერთ მათგანს კატაკომბურ გამოსახულებებზე ქრისტე უმეტესწილად წარმოდგენილია ახალგაზრდა რომაელის სახით, რომელსაც აცვია ტუნიკი, ფეხებზე კი სანდლები. თავზე ნიმბი (ბრწყინვალება) არა აქვს, ისევე როგორც საერთოდ მთელს კატაკომბურ პერიოდში - ნიმბი ძალიან იშვიათია ამ პერიოდში და IV საუკუნემდე ის თითქმის არ გამოიყენებოდა გამოსახულებებში.



ჰერმეს მარცელინისა და პეტრეს კატაკომბების ფრესკები (III ს.). "ლაზარეს აღდგინება"

სწორედ ასეთად წარმოგვიდგება იგი ჰერმესის, მარცელინისა და პეტრეს კატაკომბებში (III ს.) - ლაზარეს აღდგინების გამოსახულებაზე (Покровский Н. Памятники... . С. 45-49). ფრესკაზე არის მცირედი შენობა, რომელიც რომაული "კოლუმბარიუმების" ფორმის მქონე ნაგებობას წარმოადგენს. მათში, ჩვეულებისამებრ, ათავსებდნენ ურნებს გარდაცვლილთა ფერფლით. კოლუმბარიუმის კარებთან ვხედავთ "ოთხი დღის მკვდარი და სახვევებით შეკრული ლაზარეს" ფიგურას. მასთან ახლოს მდგომი მაცხოვარი ორი თითით აკურთხებს თავის მკვდრეთით აღმდგარ მეგობარს. ეს მოწმობა ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისით, რადგან, მეცნიერთა შორის გაბატონებული შეხედულების საპირისპიროდ, მიუთითებს, რომ III საუკუნეში არსებობდა ორთითიანი და არა რომელიმე სხვა წყობა. IV საუკუნის ძეგლები, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა სკულპტურული ნაწარმოების სახით, კერძოდ: სარკოფაგები, ავორიუსები, დიპტიქები და ნაწილობრივ მთლიანი ქანდაკებები - წარსულ საუკუნეებთან შედარებით მეტი შემორჩა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, თვალნათლივ შევხედოთ ორთითიანი წყობის არსებობის ისტორიას ამ პერიოდში, განსაკუთრებით წერილობითი ძეგლების მიხედვით, რომლებიც ამ დროიდან ჩნდება ეკლესიის წმიდა მამათა თხზულებებში. ჩვენი მიმოხილვა დავიწყოთ სარკოფაგებიდან.

სარკოფაგი (ბერძნ. σαρκοφαγος) - ეს არის მარმარილოს ან უბრალო ქვის საძვალე, რომელიც წარმოადგენდა ადამიანის ზომის ან ცოტა მეტი სიგრძის გრძელი ყუთის ფორმის ნაგებობას. გარეგნულად სარკოფაგის გარეთა მხარეს ამშვენებდნენ ჩვეულებრივი რელიეფური გამოსახულებებით, უმეტესწილად ძველი და ახალი აღთქმის საღმრთო ისტორიის სიუჟეტებით. ქრისტეანული სარკოფაგების გავრცელება, პროფ. პოკროვსკის მოწმობით, განეკუთვნება IV-V საუკუნეებს, როდესაც გამოსახულებათა სიმბოლური ციკლი იცვლება ისტორიული ციკლით; შედეგად, ამ მხრივ, გამოსახულებები სარკოფაგებზე ჰარმონიულ შეთანხმებაშია ძველქრისტეანული ხელოვნების საერთო მიმართულებასთან. სარკოფაგთაგან უმნიშვნელოვანესი დაცულია რომის ლატერანის მუზეუმში. სარკოფაგების რელიეფურ გამოსახულებებს ჩვენთვის ის მნიშვნელობა აქვს, რომ მათზე არცთუ იშვიათად გამოსახულია ქრისტე მაცხოვარი მაკურთხებელი თითების წყობით, და ეს წყობა აბსოლუტურ უმეტესობაში არის ორთითიანი.




დიდი ლატერანული სარკოფაგის ნაწილი, IV ს.

აი, ჩვენ წინაშეა "დიდი ლატერანული სარკოფაგის" ნაწილი (IV ს.) (Покровский Н. Памятники православной иконографии и искусства. С. 84-85), რომლის ზედა ნაწილის მარცხენა მხარეს გამოსახულია წმიდა სამება სამი კაცის სახით. მამა ღმერთი მხცოვანის სახით დაბრძანებულია ტახტზე; მისგან მარცხნივ - ძე ღმერთი, რომელიც ქმნის ევას ადამის ნეკნისგან; ხოლო უკან სულიწმიდა, ასევე ადამიანის სახით. მამა ღმერთი, ცნობილი ბიბლიური სიტყვებით ადამიანთა გამრავლებაზე, აკურთხებს შექმნილ ადამიანს ორთითიანი წყობით. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ყველა მსგავსი წყობა, რომელიც ძველქრისტეანულ ძეგლზეა გამოსახული, მაკურთხებელი წყობა როდია, არამედ მხოლოდ მოლაპარაკე პირის ჟესტი, რომელიც მიმართულია სხვა პირისადმი (Такого же мнения держится профессор Е. Голубинский. См.: Богословский Вестник. 1892. С. 65). მაგრამ ეს შეხედულება არ შეიძლება სწორად და ისტორიულ სინამდვილესთან შესაფერისად იქნეს მიჩნეული. პროფესორი პოკროვსკი, როგორც არქეოლოგიისა და საერთოდ, ქრისტეანული სიძველეების ღრმა მცოდნე, მოცემული ძეგლის განმარტებისას პირდაპირ აცხადებს, რომ მამა ღმერთი ადამისა და ევასკენ მიმართულია "მაკურთხებელი თითთაწყობით" (Покровский Н.В. Памятники... . С. 84).



ლატერანული სარკოფაგის ნაწილი, IV ს.

ასეთივე თითთაწყობით არის გამოსახული პილატეს სამსჯავროს წინაშე მდგომი მაცხოვარი ლუცინას კატაკომბებში (იქვე, გვ. 82), ე. წ. "მცირე" ლატერანულ სარკოფაგზე (იქვე, გვ. 86) და ასევე მრავალ სხვა სარკოფაგზე, რომლებიც დაცულია ქრისტეანული სამყაროს სხვადასხვა მუზეუმში.




ტრივულცის ავორიუსი, IV ს.

მაცხოვრის საფლავთან მჯდომი ანგელოზი მენელსაცხებლე დედებისკენ იშვერს მარჯვენას მარკურთხებელი ორი თითით და აუწყებს მათ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის სასიხარულო ცნობას.

მენელსაცხებლე დედები სიხარულით და თრთოლით ემხობიან ზეციური მახარობლის წინაშე და ჩქარობენ ქრისტეს სიკვდილით დამწუხრებული მოწაფეების გახარებას - რომ მათი ღვთაებრივი მოძღვარი "აღსდგა მკვდრეთით". ასეთია ზოგადად ქრისტეანული ერის პირველი ოთხი ქრისტეანული ხელოვნების ძეგლები. მათში ნათლად აისახა პირველქრისტეანთა რწმენის სულისკვეთება, რომლებიც აღვსილნი იყვნენ ქრისტე მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების მოვლენათა, მის სასწაულთა და ქადაგებათა მოგონებებით, ასევე თითებით საკუთარ თავზე ჯვრის გამოსახვის მეთოდით - რომელიც არის ბოროტებაზე მარადიული ჭეშმარიტების გამარჯვების სიმბოლო.

მაცხოვრის მაკურთხებელ ხელზე ორთითიანი წყობის გამოხატვა მეტად მკაფიოდ აჩვენებს, რომ ასეთი თითთაწყობა საყოველთაოდ თუ არა, საკმაოდ გავრცელებული მაინც იყო პირველ საუკუნეებში, რამეთუ, ჩვეულებისამებრ, ნივთიერ ძეგლებში გამოისახება ის, რასაც შეიცავს მოცემული დროება და უეჭველად მართებულად და მაცხოვნებლად მიიჩნევა ამ პერიოდში. გადმოცემა ორი თითით ჯვრის გამოსახვისა და კურთხევის გაცემის შესახებ ქრისტეანთა შორის არსებობდა მოციქულთა დროიდან და ამიტომაც ის გამოისახებოდა სწორედ ხელოვნების ძეგლებზე, როგორც წმ. ღმერთშემოსილ ქადაგთა პატივდებული გადმოცემა.

წერილობით ძეგლებშიც საკმაო მითითებებს ვპოულობთ იმისას, რომ IV ს. ქრისტეანებში არსებობდა საკუთარ თავზე თითებით (და არა თითით, როგორც ამის დანახვა სურს წარსულის ზოგიერთ მკვლევარს) ჯვრის გამოსახვის ჩვეულება. როგორი იყო ეს თითთაწყობა? ქრისტეანული ხელოვნების ძეგლებმა გვიჩვენა, რომ ეს ორთითიანი წყობაა, და არა რომელიმე სხვა. ამგვარი მოწმობა გვაქვს წმ. კირილე იერუსალიმელთან, რომელიც ცხოვრობდა IV საუკუნეში (გარდ. 386 წ.). თავის "მაცხოვნებელ ქადაგებებში" ის ასე მსჯელობს ჯვრის გამოსახვის შესახებ: "ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და თითებით აშკარად ვქმნათ ბეჭედი ჯვარი ... შუბლზე და ყოველივეზე".

ისტორიულ მიმართებაში ამ მოწმობას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ანგრევს ზოგიერთი მეცნიერის აზრს ან ჰიპოთეზას, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოსდა ერთი თითით პირჯვრისწერა არსებობდა IV საუკუნეში. მსგავსი მტკიცებულებების მერყეობა ნათელი ხდება ქრისტეანული კულტურისა და დამწერლობის ჩვენს მიერ დამოწმებული ძეგლების მეშვეობით. ეს ვითარება ძლიერდება კიდევ იმით, რომ ერთი თითით პირჯვრისწერა, პროფ. კაპტერევის მოწმობით, "მოიფიქრეს მწვალებელმა იაკობიტებმა", რომლებიც გამოჩნდნენ V საუკუნეში (Каптерев Н.Ф. Патриарх Никон и его противники. С. 87).

IV ს-მდელი ქრისტეანული ძეგლების მოკლე მიმოხილვას დავამთავრებთ წმ. ბასილი დიდის მითითებით. ჩვენ უკვე დავიმოწმეთ მისი 91-ე კანონი, რომელშიც ის ამბობს, რომ ორი თითით პირჯვრისწერა არის მოციქულთაგან მოცემული დაუწერელი გადმოცემა. მართალია, წმიდა მამა არ მიუთითებს, რომელი თითებით სრულდებოდა ჯვრის გამოსახვა, მაგრამ ძეგლებზე დაყრდნობით, დაბეჯითებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ის გამოისახებოდა ორი თითით და არა სხვაგვარად. ჩვენი ამ დასკვნის სამართლიანობას ადასტურებენ საეკლესიო კანონთა ბერძენი კომენტატორები - ბერძნული "პიდალიონის" შემდგენლები (აღაპი და ნიკოდიმოს მთაწმინდელი - არქიეპ. პ.), "პიდალიონში", წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონის კომენტარში ასე ამბობენ: "ძველი ქრისტეანები სხვაგვარად იწერდნენ პირჯვარს, ვიდრე დღევანდელნი, ანუ ისინი ჯვარს გამოისახავდნენ ორი თითით - საჩვენებლით და შუათითით, როგორც ამას ბრძანებს პეტრე დამასკელი: "მთელი ხელი, - ამბობს პეტრე, - ნიშნავს ქრისტეს ერთიან იპოსტასს, ხოლო ორი თითი - მის ორ ბუნებას" (Никольский. Греческая Кормчая, книга "Пидалион". С. 259).

ამგვარად, ქრისტეანობის პირველი ოთხი საუკუნის განმავლობაში ორი თითით ჯვრის გამოსახვის ჩვეულება უეჭველია; მის კვალს ვხედავთ ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის მრავალრიცხოვან ძეგლებში, რაც ნაწილობრივ არის დამოწმებული წინამდებარე მიმოხილვაში. ორთითიანი წყობის არსებობაზე V და მომდევნო საუკუნეების ქრისტეანულ ეკლესიაში მომდევნო თავში ვისაუბრებთ.



მილანის დიპტიქის ნაწილი. V ს.




მელესაცხებლე დედები უფლის საფლავთან. ავორიუსი. დაახლ. 400 წ.




მენელსაცხებლე დედები უფლის საფლავთან. ამპულა VI-VII სს.


12. ორთითიანი წყობა V-IX საუკუნეების ქრისტეანულ ძეგლებში

გადავდივართ რა ჩვენს გამოკვლევებში მეოთხე საუკუნის მიჯნას და განვიხილავთ რა V საუკუნის ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერ ძეგლებს, აქ ორთითიანი წყობის საკმაოდ შესამჩნევ ნაკვალევს ვპოულობთ. მართალია, ამ პერიოდის ძეგლები არც ისე მრავალრიცხოვანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკმარისია იმისთვის, რათა გააშუქოს ჩვენთვის საინტერესო საკითხის ისტორიული წარსული.

კატაკომბური პერიოდის სარკოფაგებს, ავორიუსებსა და ფრესკებს, რომელთა შესახებაც ჩვენ უკვე პირველი ოთხი საუკუნის ქრისტეანული ძეგლების მიმოხილვისას ვილაპარაკეთ, ამჯერად ძველქრისტეანული ხელოვნების სხვა სახის ნიმუშები ცვლის, რომელთაც "დიპტიქები" ეწოდებათ.

დიპტიქი - ეს არის ერთმანეთთან შეერთებული ორნაწილიანი დასაკეცი ხატი, ანუ ორკარედი, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, ამზადებდნენ ან სპილოს ძვლისგან, ან ხისგან, ზოგჯერ მეტალისგანაც. მათი შიდა ნაწილი განკუთვნილი იყო ამა თუ იმ ჩანაწერების გასაკეთებლად, ხოლო გარეთა ნაწილი მორთული იყო სხვადასხვა რელიეფური, უპირატესად, რელიგიური ხასიათის გამოსახულებებით. შიდა ნაწილში, რომელიც დაფარული იყო სანთლის და მასტიკის თხელი ფენით, წერდნენ მკვეთრი სტილით, ხოლო, თუ სანთლის ნაცვლად პერგამენტს აკრავდნენ, მაშინ მასზე წერდნენ ე. წ. "ეგვიპტური" ლერწმით. ბერძნულ-რომაულ სიძველეებში დიპტიქებმა გადაინაცვლა ქრისტეანულ საეკლესიო ტრადიციაშიც, სადაც მათზე წერდნენ ცოცხალთა და გარდაცვლილ ნათესავთა სახელებს ლიტურგიაზე მოსახსენიებლად. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სწორედ აქედან იღებს სათავეს სინოდიკონები, ანუ მოსახსენიებლები, რომლებიც დღეს ასე გავრცელებულია საეკლესიო პრაქტიკაში.

ამგვარი დიპტიქების არცთუ მცირე რაოდენობაა შემონახული ჩვენს დრომდე. მათი გარეგანი მხარის რელიეფური გამოსახულებების მიხედვით შეიძლება ვილაპარაკოთ იმ დროინდელი ყოფიერების თავისებურებებზე, და კერძოდ, პირჯვრის საწერი და კურთხევის გასაცემი თითების წყობის შესახებაც.


მილანის დიპტიქის ნაწილი V ს.

აი, ჩვენს წინაშეა "მილანის" დიპტიქის (V ს.) ნაწილი, რომელზეც გამოსახულია სახარებისეული ისტორიის ერთ-ერთი ეპიზოდი - ანგელოზის გამოცხადება უფლის საფლავზე მისულ მენელსაცხებლე დედებთან. ჩვენ წინაშეა მაცხოვრის საფლავი, რომელსაც მრგვალი ფორმა აქვს. ასეთები გვხვდება ქრისტეანობის პირველი საუკუნის ძეგლებში. საფლავის კარი ღიაა ნიშნად იმისა, რომ მიუხედავად მცველთა სიფხიზლისა და ბეჭდების სიმრთელისა, აქ დაკრძალული აღსდგა მკვდრეთით. კართან მიგორებულ ლოდზე უეცრად გამოჩნდა ნათელმოსილი ანგელოზი, რომლის დანახვისას მეომრები შიშის ზარმა მოიცვა და პირქვე დაემხნენ. მარჯვნივ ვხედავთ მენელსაცხებლე დედებს, რომლებიც "კვირის პირველ დღეს" მარიამ მაგდალელთან ერთად დილაუთენია მივიდნენ სამარხთან, "როცა ჯერ ისევ ბნელოდა" (იოანე 20:1), რათა "ეცხოთ მისთვის" (მარკ. 16:1). მაგრამ ზეციურმა მახარობელმა ასწია მარჯვენა ხელი საკურთხებელი ორი თითით და აუწყა მათ, რომ ის, ვისაც ისინი ეძებენ, "აღსდგა მკვდრეთით". სცენა გასაოცარი სიმკვეთრით გადმოგვცემს ამ მოვლენას და ამასთან, მკაფიოდ უსვამს ხაზს ანგელოზის მარჯვენას, რომელიც ორთითიანი წყობით არის შეკრული. და რადგან ნივთიერ ძეგლებზე ხშირად გამოისახებოდა ის, რასაც ცნობდნენ მოცემულ დროში, თავისთავად ნათელი ხდება, რომ V საუკუნეში, ისევე როგორც მის წინა ოთხ ასწლეულში, პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემისთვის ქრისტეანები იყენებდნენ ორთითიან წყობას.

ამ მტკიცებულების სამართლიანობას ადასტურებს თვით გაბატონებული ეკლესიის ზოგიერთი განსწავლული მღვდელმთავარიც, თუმცა ცდილობენ, ეს ახსნან საკუთარი თვალთახედვით. V საუკუნეში, როგორც ცნობილია, გაჩნდა "მონოფიზიტობა" თავისი სწავლებით, რომლის მიხედვითაც, იესუ ქრისტეში იყო მხოლოდ ერთი ბუნება (ბერძნ. "მონო" ერთი, "ფიზის" ბუნება), დოგმატიკური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ქრისტეს აქვს ერთი, ღვთაებრივი ბუნება და უარყოფილია მეორე ადამიანური, რასაც არ აღიარებენ დიოფიზიტები (ორბუნებიანობა), ანუ მართლმადიდებლები - არქიეპ. პ..). ცდილობდნენ რა საკუთარი რწმენა გამოეხატათ პირჯვრის საწერი თითების წყობაშიც, მონოფიზიტები, ქრისტეს ერთბუნებოვნების ნიშნად, ჯვარს სწორედ ერთი თითით გამოხატავდნენ; მაშინ როდესაც მართლმადიდებლები პირჯვარს და კურთხევას გამოხატავდნენ ორი თითით, რაც უკვე ვნახეთ გასული პირველი ოთხი საუკუნის ქრისტეანულ ძეგლებზე, და რასაც ვხედავთ V საუკუნის ძეგლებშიც. ამ აზრს, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, იზიარებენ ოფიციალური ეკლესიის მეცნიერ-მკვლევრებიც. ასე, მაგალითად, ჩერნიგოვის არქიეპისკოპოსი ფილარეტი, სტატიაში "Богослужение русской церкви домонгольского времени" ("რუსეთის ეკლესიის ღვთისმსახურება მონღოლურ პერიოდამდე"), ჯვრის გამოსახვასთან დაკავშირებულ ტრაქტატში წერს: "მონოფიზიტები გულმოდგინედ განაგრძობდნენ ერთი თითით ჯვრის გამოსახვას, რაც მათი აზრით ამყარებდა შეხედულებას ქრისტეში ერთი ბუნების არსებობის შესახებ. მაგრამ მართლმადიდებლებმა, რომლებიც ქრისტეს აღიარებდნენ არა მარტო ბაგით, არამედ გარეგნული ნიშნითაც, პირჯვრისწერისას მისი ორბუნებოვნების გამოხატვა დაიწყეს ორი თითით" (ციტ.: "Каптерев Н.Ф. Патриарх Никон и его противники. Изд. 2-е. С. 91). მოტანილ ციტატაში მხოლოდ ერთი სიტყვაა უზუსტო - "დაიწყეს", მკვლევარს უნდა ეთქვა, რომ მართლმადიდებლებმა მეხუთე საუკუნეში კი არ დაიწყეს ორი თითით პირჯვრისწერა, არამედ "განაგრძეს" ის ძველი ტრადიცია, რაც ადრევე ჰქონდათ, ხოლო მონოფიზიტები, მათ საპირისპიროდ მისდევდნენ ერთთითიან ტრადიციას და მას, როგორც უკვე ვთქვით, თავიანთ მწვალებლურ შეხედულებას უკავშირებდნენ. მით უმეტეს, რომ ერთი თითით პირჯვრისწერის წესი თავის აღმოცენებას უნდა უმადლოდეს მონოფიზიტობას, მისი ცრუსწავლებიდან გამომდინარე.



უფალი ყოვლისმპყრობელი. წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერი. VI ს.

მივყვეთ თანმიმდევრულობის სისტემას და გადავიდეთ VI ს-ის ნივთიერი მტკიცებულებების განხილვაზე. აქაც იმავე მოვლენას ვაკვირდებით: (28) VI საუკუნე სავსეა მონაცემებით, რომელთა მიხედვითაც შეიძლება, უეჭველად ვილაპარაკოთ ამ პერიოდში ორთითიანი წყობის არსებობის შესახებ. აქ შემთხვევითი ხასიათის ძეგლების გვერდით, როგორებიც არის ავორიუსები, დიპტიქები და სხვა, გვხვდება, აგრეთვე, მოზაიკური გამოსახულებები, რომლებიც არსებობდა იმ დროის უძველეს ქრისტეანულ ტაძრებში. მაგრამ, სანამ ამ ძეგლთა აღწერაზე გადავიდოდეთ, აქ ორიოდ სიტყვით შევჩერდებით მოზაიკურ მხატვრობაზე, როგორც ხელოვნებაზე.

____________

28.
აშკარად ორთითიან კურთხევას (და არა ორატორულ ჟესტს) წარმოაჩენს რავენას ეროვნულ მუზეუმში დაცული ე. წ. მურანოს დიპტიქი (V ს.), რომელიც შესრულებულია სპილოს ძვალზე (Джузеппе Бовини. Равенна. Искусство и история. Изд. Лонго. Равенна. 105). ამ დიპტიქის ცენტრალური ფიგურა (ქრისტე) გამოსახულია უწვეროდ და შემართული აქვს ორი თითი. მის ირგვლივ გამოსახულ სხვადასხვა სიუჟეტებზეც ასევე მოცემულია ორთითიანი ჟესტიკულაცია. ზემოთ მოტანილი განმარტებების მიხედვით, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ აქ გამოსახულ ფიგურებს თითები შემართული აქვთ ორატორულ ჟესტად. მაგრამ ერთ-ერთ გამოსახულებაზე მაცხოვარის (ანგელოზის ?) წინაშე მავედრებელ ფიგურას შუბლზე მიდებული აქვს ორი თითი, რაც აშკარად კურთხევას უნდა გამოხატავდეს.

____________




ქრისტეს საუბარი სამარიტელ დედაკაცთან. აპოლინარი ახლის სახელობის ტაძრის მოზაიკა. რავენა. VI ს.

მოზაიკა არის სხვადასხვა ფერის მყარი შუშის კუბიკებისგან შემდგარი როგორც ცალკეული ფიგურების, ასევე მთელი გამოსახულებების შექმნის ხელოვნება. მათ აწებებენ რაიმე სწორ ზედაპირზე: კედელზე, ჭერზე და ა. შ. ეს ხელოვნება ცნობილი იყო ჯერ კიდევ შორეულ, ქრისტეანობამდელ დროში და შემდეგ თანდათანობით გადმოვიდა ქრისტეანულ ეკლესიაშიც, სადაც მან ფართო გამოყენება პოვა წმიდა ისტორიის სხვადასხვა მოვლენის ასახვაში.



უფალი ყოვლისმპყრობელი. მარიამ დიდის (სანტა მარია მაჯორე) ეკლესიის მოზაიკა. რომი. V ს.

რომში, კონსტანცისა და პუდენციანის ეკლესიებში დღემდეა შენარჩუნებული IV საუკუნის მოზაიკა, ასევე მარიამ დიდის ტაძარში, რომელიც განეკუთვნება V საუკუნეს. მაგრამ ამ ხელოვნების უმთავრეს ძეგლად მიჩნეულია აპოლინარი ახლის ტაძრის მოზაიკა რავენაში, რომელიც აშენებულია 553-566 წლებში (ზოგიერთი მონაცემებით უფრო ადრეც) (Базилика Сан-Аполлинаре Нуово в Равенне. Нач. VI в. // Арган Дж. К. История итальянского искусства: Пер. с ит. В 2 т. Т. 1 / Под научн. ред В.Д. Дажиной. М.: Радуга, 1990).

ამ ეკლესიის ცალკეული მოზაიკური გამოსახულებებიდან ყურადღებას იპყრობს შემდეგი: "მაცხოვრის მიერ განრღვეულის განკურნება", რომელიც ტაძრის სახურავიდან არის ჩამოშვებული; "ქრისტე, მოწაფეებთან ერთად" და "მოციქულ პეტრეს უარყოფა კაიაფას ეზოში იესუ ქრისტეს ვნების ღამეს". ყველა ამ მოზაიკაზე ქრისტე გამოსახულია საკმაოდ მკაფიო ორთითიანი თითების წყობით" (Покровский Н.В. Памятники... . С. 127) (29).

____________

29.
"საყურადღებოა, - წერს ამ გამოსახულებებთან დაკავშირებით პროფ. პოკროვსკი, - რომ ყველა ეს წმინდანი, მიუხედავად თავიანთი საეპისკოპოსო ხარისხისა, წარმოდგენილნი არიან მოკლე თმებით; ეს მიუთითებს ჩვენგან დიდი ხნის წინათ მივიწყებულ ბერძნულ ჩვეულებაზე, რომლის მიხედვითაც, სასულიერო პირები, პატრიარქიდან და ეპისკოპოსიდან მოყოლებული ვიდრე უბრალო კლერიკოსამდე, მოკლედ შეკრეჭილ თმებს ატარებდნენ. მეორე მხრივ, წმინდანთა შესამოსელში მრავალი თავისებურებაც ჩანს, რომელიც განასხვავებს მათ ჩვენი თანამედროვე ეპისკოპოსების შესამოსლისგან: ყველა მათგანი შემოსილია ფილონებში და არა საკოსებში; შემდეგ, ამ ფილონებს წინ არანაირი ამონაჭრები არ აქვს და წარმოგვიდგება როგორც უსახელურო სამოსები, რომლებიც ფარავს მთელ კორპუსს წინიდან და უკნიდან: ასეთი იყო სინამდვილეში ფილონის უძველესი ფორმა როგორც საბერძნეთში, ასევე რუსეთშიც" (Покровский Н.В. Памятники... . С. 148).

____________

ჩვენს ტაძრებშიც არის დაცული წმ. ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, დიონისე არეოპაგელის, ნიკოლოზ მირონ-ლუკიელის და სხვათა გამოსახულებები, ორთითიანი წყობით (იგივე უნდა ვთქვათ ჩვენც ქართული მინანქრულ, ფერწერულ და ფრესკულ მხატვრობაზე - არქიეპ. პ.).

VI საუკუნეს განეკუთვნება ბიზანტიაში ნახატებიანი სახარებების გამოჩენა, რომელშიც ქრისტეანულ ხელოვნებას სურდა თვალსაჩინოდ გადმოეცა სახარებისეული ისტორიის გადმოცემა ფერწერული ხელოვნების მეშვეობით. აქაც იგივე ხდება, რაც გვხვდება ამ საუკუნის ფრესკებსა და მოზაიკებზე. ესენია მაცხოვრის იგავთა, სასწაულთა და მისი მიწიერი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტების გამოსახულებები. ამ სახის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი გახლავთ "როსანის" სახარება, რომელიც თავისი გამოსახულებების გამო შეიძლება VI საუკუნის საუკეთესო ძეგლად დასახელდეს.

პროფ. პოკროვსკიმ თავის ნაბეჭდ ნაშრომში ამ ძეგლის განხილვისას მისი რამდენიმე გამოსახულებაც გადმოიტანა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გახლავთ მაცხვორის იგავი "ბრძენ და სულელ ქალწულებზე". ნახატის შუაში წარმოდგენილნი არიან ქალწულები, რომელთაც ჩაუქრათ ლამპრები. ისინი გულმოდგინედ აკაკუნებენ დახშულ კარზე, რათა შეძლონ სამოთხის სანახებში შესვლა, მაგრამ ზეციური სიძის ხმა გადაჭრით ეუბნება მათ: "არ გიცი თქვენ" (დიდი რაოდენობის გამო, აქ ყველა მინიატურას ვერ დავიმოწმებთ, ასევე ვერც სხვა ნიმუშებს, არამედ ან შენიშვნა - სქოლიოებში მივუთითებთ წყაროებს, საიდანაც აღებული გვაქვს მონაცემები: Покровский Н.В: Памятники... . С. 167). ამ მინიატურის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ მაცხოვარი გამოსახულია სწორედ ორთითიანი წყობით.



წმიდა სოფიის ტაძრის მოზაიკა. კონსტანტინოპოლი. VI ს.

თავს უფლებას მივცემთ, შევჩერდეთ VI საუკუნის კიდევ ერთ მეტად საინტერესო ძეგლზე. ეს არის "მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის" გამოსახულება, რომელიც კონსტანტინოპოლის სოფიაწმიდის ტაძრის ერთ-ერთ გუმბათზეა (Покровский Н.В. Евангелие в памятниках иконографии. С. 452). იგი აღმოაჩინეს გასული საუკუნის (იგულისხმება XIX საუკუნე - რედ.) 50-იან წლებში და ბიზანტიური ეპოქის სიძველეთა მკვლევარებისთვის გასაგებ ინტერესს წარმოადგენს. თავისი მდგომარეობის წყალობთი (გუმბათის ცენტრში), მოზაიკა წარმოდგენილია კონცენტრირებული წრეების სახით, რომელთაგან უმცირესში მოთავსებულია ტახტი, რომელზეც დაბრძანებულია საზეიმოდ შემოსილი მაცხოვარი. მას მარცხენა ხელით უპყრია სახარება, ხოლო მარჯვენა ხელი შეკრულია ორთითიანი წყობით, რაც კურთხევის შთაბეჭდილებას ტოვებს. კონცენტრების (30)  რადიუსების მიხედვით განლაგებულია 12 მოციქულის გამოსახულებაც, რომელთაც თავზე "ცეცხლოვანი ენების" სახით გადმოდის სულიწმიდა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, საყდარზე დაბრძანებულია არა იესუ ქრისტე, არამედ განსახიერებული სულიწმიდა, მაგრამ ასეა ეს თუ არა, ძნელი სათქმელია. ჩვენთვის მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანია ის, რომ საყდარზე დაბრძანებულ ღმერთს ასევე ხელის საკმაოდ მკაფიო ორთითიანი წყობა აქვს.

______________

30.
კონცენტრი (გეომეტრ.) - წრეების ერთობლიობა, რომელთაც საერთო ცენტრი გააჩნიათ.

______________

ამ ძეგლის მოწმობა ძალიან ფასეულია მისი ისტორიული მნიშვნელობის თვალსაზრისით, რადგან წმ. სოფიის ტაძარი არა მარტო კონსტანტინოპოლის უმთავრესი ტაძარი გახლდათ, არამედ მთელი საბერძნეთისა და აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი სიწმიდეც იყო. აქ მსახურობდნენ აღმოსავლელი პატრიარქები, ამ ტაძარში იმყოფებოდნენ ცნობილი იმპერატორები, აქ იყრიდა თავს ქრისტეანობის გარეგანი ბრწყინვალება, ბიზანტიის მთელი თვალსაჩინო რელიგიური ძლიერება; ამაოდ როდი ბრძანებდა კონსტანტინოპოლიდან დაბრუნებული რუსეთის თავადი ვლადიმირი, რომ არ შეეძლო სიტყვებით გადმოეცა ამ ტაძრის სილამაზე. ყოველივე ამას ჩვენ იმიტომ აღვნიშნავთ, რომ წმიდა სოფიის ტაძრის გამოსახულებები შეუძლებელია მიეწეროს მხატვრის თვითნებობას ან თავისუფალ შემოქმედებას, რადგან აქ მკაცრად გამოისახებოდა ის, რაც მიიჩნეოდა სწორად და რასაც ეკლესია შეიცავდა იმ პერიოდში. მაშასადამე, VI საუკუნის კონსტანტინოპოლის ეკლესიაში პირჯვარს უდავოდ ორი თითით იწერდნენ და ორი თითითვე აკურთხებდნენ, რადგან ასეთი იყო გასული საუკუნეების პირდაპირი მემკვიდრეობა.

VI საუკუნეში ორთითიანი წყობის დამადასტურებელ ერთ-ერთ ძლიერ არგუმენტს წარმოადგენს, ასევე, ქრისტეს ბიუსტური გამოსახულება, რომელიც გადმოცემულია ცნობილი ინგლისელი მწერალ-ღვთისმეტყველის ფარრარის მიერ თავის თხზულებაში "იესუ ქრისტეს ცხოვრება".



მაცხოვრის გამოსახულება. VI ს.

"ეს გამოსახულება, - განმარტავს ფარარი, - რომელიც სიდიდით ორჯერ აღემატება ორიგინალს, გამოსახულია ქვაზე". გრავიურა უთითებს მეექვსე საუკუნის მკაცრ სტილზე და უფალს, რომელიც ქიტონითა და მანტიით არის შემოსილი, სრული სახით წარმოგვიდგენს. მისი მარჯვენა ხელი, ჩვეულებისამებრ, საკუთხრებლად არის აღმართული, ხოლო მარცხენაში საყოველთაო მეუფების ნიშნად დედამიწის სფერო უპყრია. ასოები IС, ХС, რომელსაც ვხედავთ მაცხოვრის თავის ორივე მხარეს, წარმოადგენს შემოკლებულ სიტყვებს ICOYC XRICTOC, ანუ იესუ ქრისტეს. ამასთანავე, თავის უკან, ნიმბის ჯვარსახოვან გამოსახულებაზე შეიძლება ამოვიკითხოთ OΩN OHN, ანუ "ვინც არის და იყო" (გამოცხ. 1:8). ვფიქრობთ, საჭირო არ არის ამ ძეგლის განმარტება და არც მასზე გამოსახული მაცხოვრის მარჯვენა ხელის თითების წყობის დეტალური ახსნა: ფაქტი თვითონ მეტყველებს ცხადზე უცხადესად...

როგორი თეორიებიც გინდ შექმნან, როგორი ჰიპოთეზებიც მოიფიქრონ - ნივთიერი ძეგლები მეტად თვალსაჩინოდ და ყოველგვარი ფრაზების გარეშე ადასტუებს იმ ფაქტს, რომ VI საუკუნეში ორთითიანი წყობა უეჭველად არსებობდა. ამაში გვარწმუნებს VII საუკუნის ძეგლებიც.



იმპერატორ იუსტინიანე II-ის სოლიდუსი. VII ს.

თითების წყობის ისტორიის თანმიმდევრულობის თვალსაზრისით, VI საუკუნიდან VII საუკუნეში გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს რელიეფური გამოსახულებები, ე. წ. "ამპულები" - მეტალისა და თიხის ჭურჭელი (მათარები), რომელთაც პილიგრიმები და წმიდა ადგილთა მომლოცველები მოგზაურობისას "პალესტინური" ზეთის შესანახად იყნებდნენ. ასეთი "ამპულების" ყველაზე მეტი რაოდენობა ინახება მონცში, წმ. იოანეს ეკლესიაში და ლონგობარდიის დედოფლის თეოდალინდას მემკვიდრეობად მიიჩნევა. "ამპულების" გარეგანი კედელი, ჩვეულებრივ, მოხატულია რელიგიური ხასიათის გამოსახულებებით, უპირატესად სახარებისული მოვლენების სცენებით.



მონცის ამპულა. VII ს. დასაწყისი

ჩვენ მიერ აღებულ "მონცის ამპულაზე" შეიძლება ვნახოთ ორი ასეთი სახარებისეული მოვლენა: ზედა ნაწილში - ორ ავაზაკს შორის ჯვარცმული ქრისტე, ხოლო ქვედაზე - ანგელოზის გამოცხადება მენელსაცხებლე დედებთან უფლის საფლავზე. გასაგები მიზეზის გამო, ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა რელიეფის ბოლო ნაწილი, სადაც გამოსახულია ანგელოზი, რომელსაც მენელსაცხებლე დედებისკენ გაშვერილი აქვს მარჯვენა ხელი თითების ორთითიანი წყობით, რაც აშკარად ადასტურებს ჩვენს მტკიცებულებას იმაზე, რომ ორთითიანი წყობა არსებობდა ამ საუკუნეშიც.

ოდნავ სხვა პირობებში იმყოფება ამ მხრივ VIII საუკუნე. ამ ასწლეულის ხატმწერლობითი ხელოვნების ძეგლებიდან მცირედი თუ შემორჩა ამ საუკუნეში მბორგავი ხატმებრძოლური მწვალებლობის გამო, რომლის მიმდევრებიც დევნიდნენ ხატებს და ხატმწერლობას, რაზეც უნდა გამოსახულიყო იგი. ხატმებრძოლობა აღმოცენდა VIII საუკუნის პირველ ნახევარში და გაგრძელდა IX საუკუნის თითქმის მეორე ნახევრამდე. ამ მოძრაობის გამომწვევი იყო ბერძენი იმპერატორი ლეონ II ისავრიელი (717-741), რომლის პოლიტიკასაც მისდევდნენ მისი მომდევნო მემკვიდრეები, ბერძენი იმპერატორები თეოფილეს, უფრო ზუსტად კი, თეოდორას გამეფებამდე, რომელმაც 842 წელს ხატთაყვანისცემა კვლავ აღადგინა. ორთითიანი წყობის არსებობა უეჭველია ამ პერიოდშიც, რადგან IX საუკუნეში ჩვენ მას კვლავ ვხვდებით ქრისტეანული ხელოვნების ძეგლებში.

პროფ. გოლუბინსკი თავის გამოკვლევებში თითების წყობის შესახებ სწორედ ასეთ დასკვნამდე მიდის, თუმცა, მის მიერ მიღებული სისტემის მიხედვით, საკითხს სხვა კუთხით აშუქებს. "IX საუკუნის მიწურულიდან, - ამბობს ის, - იწყება მოწმობები, რომელთაგანაც დაბეჯითებით ცნობილი ხდება, რომ ასეთი იყო მრავალთითობა, რომელიც არსებობდა თევდორე სტოდიელის ამა თუ იმ დრომდე, და ეს იყო ორთითიანი წყობა".

"ამა თუ იმ დრომდე" კი სწორედ VIII საუკუნეს გულისხმობს, რადგან თევდორე სტოდიელი ცხოვრობდა 759-826 წლებში და, თუ ორთითიანი წყობა ცნობილი იყო ღირ. თევდორემდე, მაშინ ცხადი ხდება, რომ მთელი VIII საუკუნის განმავლობაში, ისევე როგორც წინა საუკუნეებში, პირჯვრის საწერად და კურთხევის გასაცემად იყენებდნენ სწორედ ორ თითს.

ხატმებრძოლობის ბობოქარი ტალღის გადავლის შემდეგ, რომელმაც პირისაგან მიწისა აღგავა ქრსიტეანული ხელოვნების ფასდაუდებელი ძეგლები, იკონოგრაფია კვლავ აღორძინდა და ქრისტეანული ტაძრები ისევ აღივსო ძვირფასი და ულამაზესი ხატებით. გამოჩნდა ხატმებრძოლებს გადარჩენილი ძველი ხატებიცა და მოზაიკური გამოსახულებებიც, ასევე, ძველქრისტეანული ხელოვნების სხვა ძეგლები. ქრისტეანული ხელოვნება კვლავ აღორძინდა.

IX საუკუნეში ხატმწერლობის გვერდით ვპოულობთ კიდევ მრავალ ნახატებიან ხელნაწერს, რომლებიც თავიანთი მხატვრული გაფორმებით შეიძლება განვაკუთვნოთ თავისი დროის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს. ამგვარი ხელოვნების საუკეთესო ძეგლად სამართლიანად მიიჩნევა "გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიათა ბერძნული კოდექსი", რომელიც პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ხელოვნების როგორც ადრინდელი, ასევე თანამედროვე ისტორიკოსები საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ამ "კოდექსის" მხატვრული ღირებულებების გადმოცემისას.



წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. მინიატურა

ეს ხელნაწერი, პროფ. კონდაკოვის თქმით, უეჭველად, მინიატურული ხელოვნების ერთ-ერთ გასაოცარ ნიმუშს წარმოადგენს. მისი მდიდრული მორთულობა განპირობებულია მის შექმნაში მეფის კარის უშუალო მონაწილეობისგან; სავარაუდოა ისიც, რომ მინიატურა მეფის მინიატურისტების დამზადებულია. ამის შესაბამებისია უჩვეულოდ განვითარებული ტექნიკა, საღებავების სიმკვეთრე და შუქ-ჩრდილების გასაოცარი გადანაწილება, ასევე კოსტიუმებისა და დეტალების სიმდიდრე. ესოდენ მნიშვნელოვანი ძეგლი არ იმსახურებს დუმილით გვერდით ავლას, და ჩვენც აუცილებლად მივიჩნიეთ ჩვენს გამოკვლევაშიც ჩაგვერთო IX საუკუნის ამ ძეგლის ერთ-ერთი მინიატურა (Покровский Н.В. Памятники.... С. 193-202).

აქ იმდენად "კოდექსის" მინიატურის მხატვრული მხარე არ გვაინტერესებს (თუმცა მას თავისი ღირებულება გააჩნია), რამდენადაც მისი ისტორიული მნიშვნელობა IX საუკუნეში ორთითიანი წყობის არსებობის კვლევის საქმეში. ჩვენ მიერ აღებულ მინიატურაში წარმოდგენილია "ლაზარეს აღდგინება", მოვლენა, რომელიც მრავალჯერ არის გამოსახული ძველქრისტეანული ხელოვნების ძეგლებში, რის გამოც ზედმეტად მივიჩნევთ მის დეტალურ აღწერილობაზე შეჩერებას. ამ სახის ადრინდელი ძეგლებისგან განსხვავებით, ეს ძეგლი გამოირჩევა იმით, რომ "მკვდარი" ლაზარე დგას გამოქვაბულის და არა რომელიმე ნაგებობის - კოლუმბარიუმის ან როტონდის - კარებთან. ქრისტე მაცხოვარი, რომელიც "სიცოცხლისკენ მოუხმობს" თავის მეგობარს, მას ორთითიანი წყობით აკურთხებს, რაც მისეული კურთხევის ჩვეულებრივი ჟესტია და რაც წითელ ზოლად გასდევს ქრისტეანული ხელოვნების მთელ ისტორიას. ქრისტეს ფეხებთან შიშით და მაცხოვრისადმი უსაზღვრო მადლიერების გრძნობით დამხობილან ლაზარეს დები - მარიამი და მართა, რომლებიც უმეტესად რწმუნდებიან, რომ ქრისტე ნამდვილად არის "ყოველთა აღდგომა". მინიატურის მეორე ნაწილზე გამოსახულია სერობა, რომლებიც დებმა აღსრულებული სასწაულის საპატივცემოდ მოუწყვეს თავიანთ მოძღვარს, და მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე ამ ტრაპეზობის "ერთ-ერთი თანამეინახეა".

განსახილველი "კოდექსის" მომდევნო მინიატურაში გამოსახულია სხვა სახარებისეული მოვლენა - "იესუ ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალემში" (ზემოთ მოტანილი მიზეზის გამო ამ მინიატურას აქ აღარ დავიმოწმებთ). "ქრისტე, - განმარტავს პროფ. პოკროვსკი, - მაკურთხებელი ორი თითით ზის ვირზე, და უახლოვდება იერუსალიმს, რომლის კარებიდან, პალმის რტოებით ხელში, მასთან შესახვედრად უამრავი ხალხი მოემართება; იესუ ქრისტეს ახლოს დგანან მისი მოწაფეებიც" (Покровский Н.В. Памятники.... С. 202).

ამ თავს დავასრულებთ IX საუკუნის ქრისტეანული ხელოვნების ჩვენ მიერ დასახელებული ძეგლების მოკლე მიმოხილვით. მომდევნო თავებს კი მივუძღვნით ორთითიანი წყობის არსებობას X საუკუნიდან XVII საუკუნის ჩათვლით.
17
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому