აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III_II_9_10_ლათინური და პროტესტანტული საწყისები ოფიციალურ მართლმადიდებლობაში - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ლათინური ჯვარი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი II
___________________________________________________________________________________________________________________________________

ეკლესიის დაქვრივების შესახებ


9. ლათინური და პროტესტანტული საწყისები ოფიციალურ მართლმადიდებლობაში

როგორც ზემოთ ვნახეთ, ზ. ნოდია პეტრე მოციქულისადმი მაცხოვრის ნათქვამს აიგივებს არა მოციქულთა სარწმუნოებასთან ან ქრისტესთან, არამედ სამოციქულო ხარისხთან და მათ მემკვიდრეებთან და, აქედან გამომდინარე, კლდედ უშუალოდ საეკლესიო ხარისხს -
ეპისკოპოსობას მიიჩნევს.

ზემოთ ასევე აღვნიშნეთ, რომ ეპისკოპოსის დანიშნულების ამგვარი გაგებიდან ლოგიკურად შემოდის სწავლება ეპისკოპოსის, როგორც ქრისტეს ადგილნაცვალის შესახებ, რაც არასწორია. ზ. ნოდია წერს: "მისი (ანუ ქრისტეს - არქიეპ. პ.) მოვალეობის აღმასრულებელნი გახლავან მღვდელმთავრები, რომელ კლდეზედაც ააშენა ეკლესია მანვე (ანუ ქრისტემ - არქიეპ. პ.) და ამის გარეშე (ე. ი. ეპისკოპოსთა გარეშე - არქიეპ. პ.) არ არსებობს ეკლესია". ან კიდევ: "ეკლესია არის სძალი უფლისა და არის დედა და როცა უეპისკოპოსოდ, ანუ უქმროდ (?) რჩება რომელიმე ნაწილი ეკლესიისა, მისი თესლის აღდგინება ძალუძს ქრისტეს ადგილნაცვალ მორიგ ეპისკოპოსს" (იქვე. გვ. 204). მაშასადამე, ზ. ნოდიას აზრით, ქრისტეს თავისი ეკლესია მღვდელმთავრებზე აუშენებია და არა წმ. პეტრე მოციქულის მიერ გამოთქმულ სარწმუნოებაზე. ეკლესიის "კლდე", "ლოდი" ზ. ნოდიას (და არა მარტო მისი) მყარი რწმენით არის მხოლოდ ეპისკოპატი და არა თვით ქრისტე და მისი ღმერთკაცობისადმი რწმენა. ეკლესიის შესახებ ამგვარ სწავლებას წმიდა მამები ერთხმად უარყოფენ და არ შეიწყნარებენ მას ოფიციალური ეკლესიის თეოლოგებიც კი.

მაგრამ, შეიძლება დაიბადოს ასეთი ლოგიკური კითხვა: საიდან მოდის ასეთი შეხედულება ეპისკოპატზე? - ამ შეკითხვას კარგად პასუხობს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი, ისტორიკოსი დიმიტრი ალექსანდრეს ძე ურუშევი. ნოვოსიბირსკში, გამომცემლობა "Слово"-ს ("სიტყვა") მიერ ძველმოწესე მიტროპოლიტ ინოკენტი უსოვის წიგნის გამოცემასთან (Усов И.Г. Церковь Христова временно без епископа. Новосибирск.: "Слово", 2008. 184 с.) დაკავშირებით ისტორიკოსი დ. ურუშევი წერს: "თხზულება ეხება საკითხებს, რომლებიც ერთი შეხედვით მხოლოდ ძველმოწესეებისათვის არის მნიშვნელოვანი. მაგრამ, ყურადღებით თუ წავიკითხავთ, შეიძლება გავიგოთ, რომ ამ საკითხებს ახლავს ზოგადქრისტიანული ხასიათი და ისინი არათუ მოძველდა, არამედ დღემდე აქტუალურია. სწორედ ამიტომაც, წიგნი სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვინც კი დაინტერესებულია ღვთისმეტყველებითა და საეკლესიო ისტორიით. წიგნი განიხილავს "ძველი ღვთისმოსაობის" ისტორიაში არსებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას: შეიძლება თუ არა ძველმოწესეობრივი ეკლესია ჩაითვალოს "ქრისტეს ეკლესიად", თუკი მას ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰყავდა ეპისკოპოსი? ეს საკითხი XIX ს-ის მეორე ნახევარში წამოაყენეს "ანტირასკოლნიკურმა მისიონერებმა", რომლებსაც უწმიდესმა სინოდმა დაავალა ბრძოლა ძველ სარწმუნოებასთან. მისიონერები მოგზაურობდნენ მთელ რუსეთში და აწყობდნენ საჯარო დისპუტებს ძველმოწესეებთან. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც განიხილებოდა ამ დისპუტებზე, გახლდათ საკითხი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მართლმადიდებლურ ეკლესიას დროებითი დაქვრივება, ანუ დროებითი დარჩენა საეპისკოპოსო მმართველობის გარეშე.

ოფიციალური სინოდალური ეკლესიის ღვთისმეტყველება ძლიერ იყო დამოკიდებული დასავლურ (კათოლიკურ და ლუთერანულ) ღვთისმეტყველებაზე, რომელიც XVIII ს-ში რუსულ სასულიერო სკოლებში შეიჭრა უკრაინელ ბერ-მასწავლებელთა მეშვეობით, რომელთაც დასავლური განათლება ჰქონდათ.

ლათინურ ენასთან, სქოლასტიკასტან, პოეტიკასთან და რიტორიკასთან ერთად სემინარიებში დამკვიდრდა ზოგიერთი შეხედულება, რომლებიც კათოლიკე ღვთისმეტყველთ ნაშრომებიდან იყო ნასესხები. მაგალითად, შეხედულება იმის შესახებ, თითქოსდა ეკლესია იყოფა "დამმოძღვრელ" (ეპისკოპატი) და "დასამოძღვრ" (მღვდლები, ბერები და ერისკაცები) ნაწილებად, რომლებიც მოვალენი იყვნენ, უსიტყვოდ დამორჩილებოდნენ ეპისკოპატს. კათოლიკურ ეკლესიაში ეს მოძღვრება საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1870 წელს ვატიკანის პირველ კრებაზე, რომელმაც დაადგინა, რომ რომის პაპი ფლობს უცთომელობას და უცოდველობას, როდესაც ის ეხ ცატჰედრა (საეპისკოპოსო კათედრიდან) აცხადებს სარწმუნოებრივ დოგმატებს" (Д. Урушев. Поиск истинной Церкви. http://www.ng.ru/ng_religii/2008-09-03/11_search.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 04.11.2020).

"ტრადიციული მართლმადიდებლობისთვის ასეთი სწავლება უცნობია. მართლმადიდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მოძღვართა ცთომილებას, ხოლო მრევლს შეუძლია, შეურყვნელად დაიცვას სარწმუნოების სიწმიდე. ამისი მაგალითები შეიძლება ვიპოვოთ ბიზანტიის ეკლესიის ისტორიაში, ხატმებრძოლურ პერიოდში, როდესაც, პრაქტიკულად ყველა მღვდელმთავარი შთავარდა მწვალებლობაში, ხოლო მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის იბრძოდნენ უბრალო მღვდლები, ბერები და ერისკაცები" ("Традиционное православное богословие не знает такого учения. Оно допускает, что пастыри могут ошибаться и заблуждаться, а паства может непоколебимо хранить чистоту веры. Примеры тому можно найти в истории Византийской Церкви времен иконоборчества, когда практически все архиереи впали в ересь, а за православную веру боролись простые священники, монахи и миряне") (იქვე).  

"სწორედ ამ პოზიციიდან, წმიდა სახარებებსა და წმიდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით, განიხილავს ძველმოწესე ავტორიც ეკლესიაში ეპისკოპოსთა ხარისხის დროებითი შეწყვეტის საკითხს. ეკლესია - ეს მარტო იერარქია როდია, არამედ, საზოგადოდ, ყველა ქრისტიანი, ხოლო ეკლესიის ჭეშმარიტება განისაზღვრება არა მასში ეპისკოპოსთა რაოდენობით, არამედ ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვითა და შენარჩუნებით" (იქვე).

ამრიგად, ისტორიკოს დ. ურუშევის სამართლიანი შენიშვნით, სწავლება, რომელსაც გვთავაზობენ ახალმოწესე "აპოლოგეტები" და "პუბლიცისტები", მომდინარეობს ლათინური შეხედულებიდან რომის ეპისკოპოსზე, რომელიც მათ გადაიტანეს ეპისკოპატზე, რითაც მივიღეთ ე. წ. "კოლექტიური პაპიზმი" და რომლის შესახებაც ჩვენ ამ რამდენიმე წლის წინათ ვწერდით გ. გაბაშვილთან გამართული პოლომიკის ამსახველ ნაშრომში "მართლმადიდებლობის აპოლოგია" (თბილისი 2004. გვ. 64).

იმას, რომ ოფიციალური ახალმოწესე რუსული ეკლესია განიცდიდა ლათინური მწვალებლობების დიდ ზეგავლენას, წერდნენ ჯერ კიდევ საუკუნის წინანდელი რუსი ღვთისმეტყველებიც და ძველმოწესე აპოლოგეტებიც. განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის ოფიციალური ახალმოწესეობრივი "მართლმადიდებელი" ეკლესიის სასულიერო პირთა და ღვთისმეტყველთა შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით. ბევრი მათგანი ერთად შეკრიბა და თავის ნაშრომში გადმოგვცა ცნობილმა ძველმოწესე პოლემისტმა ფიოდორ მელნიკოვმა (1874-1960). აი, რამოდენიმე ამონარიდი მისი წიგნიდან "გზააბნეული ღვთისმეტყველება" (Ф. Мельников. Блуждающее богословие. http://starajavera.narod.ru/bluzhd.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 04.11.2020).

"გაბატონებული ეკლესიის მთელი ღვთისმეტყველება, - წერს ფ. მელნიკოვი, - მისი სისტემა, მიმართულება და სულისკვეთება გაჟღენთილია ლათინიზმით, პროტესტანტიზმით და ათეიზმითაც კი და საკუთარი პოზიციებიდან კი არ დავიწყებთ ამის მტკიცებას, არამედ ახალმოწესეთა ეკლესიის ღვთისმეტყველთა დახმარებით. მათ ხომ უკეთ უწყიან თავიანთი ღვთისმეტყველების ფასი, რომელიც ამ შემთხვევაში გარეშე პირთა შეხედულებებზე უფრო ღირებულია.

"ჩვენს საღვთისმეტყველო აზროვნებას, - ბრძანებს აკადემიური ჟურნალი "Церковный вестник" - დიდი ხანია ადანაშაულებენ იმაში, რომ ის, ოქროს შუალედის ძიებაში, ქანქარასავით ქანაობს კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს შორის და მასში მართლაცდა შეიმჩნევა ეს ქანაობა; თუმც ჯეროვანია აღინიშნოს, რომ ამ ბოლო 50 წლის განმავლობაში კათოლიკურმა ტენდენციებმა ბევრად გადააჭარბა პროტესტანტულს, რასაც სულიერი სკოლის ძველებურმა კათოლიკურმა საფუარმაც შეუწყო ხელი. სადღეისოდ ჩვენ გვყვანან ღვთისმეტყველები, რომლებიც ატარებენ საეკლესიო იერარქიულ ხარისხებს და რომლებიც საფუარისა და აზროვნების მიხედვით პაპისტები უფრო არიან, ვიდრე მართლმადიდებლები. ბოლო ათწლეულებში საეკლესიო - ადმინისტრაციულ და სასკოლო ცხოვრებაში კათოლიკურმა საფუარმა თავი იჩინა ყველაზე უფრო უშნო ფორმებით, - განსაკუთრებით რელიგიური ნიჰილიზმის სახით, რომელიც ესოდენ დამაჯერებლად აღწერა დოსტოევსკიმ პოემაში "Великий инквизитор" ("Церковный вестник", 1907 г., № 27) (Ф. Мельников. Блуждающее богословие. Глава I. Латинские и протестантские начала. http://starajavera.narod.ru/bluzhd.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 04.11.2020).

"გაბატონებული ეკლესია უკანასკნელ ათწლეულებში კი არ გაერეტიკულებულა ლათინობით, - წერს ფ. მელნიკოვი, - არამედ 200 წელზე მეტია, რაც მოკლებულია მართლმადიდებლობის სიწმიდეს. თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ის არც არასოდეს ყოფილა მართლმადიდებლური. განა შესაძლებელია ჩვენი, ძველრუსული ღვთისმეტყველება, რომელიც დაცულია მხოლოდ ძველმართლმადიდებლობაში, მივიჩნიოთ ნიკონისა და პეტრე I-ის მიერ შექმნილი ახალი ეკლესიის კუთვნილებად, რომელმაც ძველ რუსულ ღვთისმოსაობასთან და საყოველთაო მართლმადიდებლობასთან ყოველგვარი შინაგანი, სულიერი და ისტორიული კავშირი გაწყვიტა" (იქვე).

"ჩვენ დაგვავიწყდა, - გულახდილად აღიარებს გაბატონებული ეკლესიის ერთ-ერთი რჩეული მღვდელმთავარი, ხარკოვის არქიეპისკოპოსი ამბროსი, - რომ უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ქრისტეანი, არამედ მართლმადიდებელი ერიც. კაცობრიობის ისტორიის წინაშე ვერავითარი მჭევრმეტყველება ვერ გაამართლებს ქრისტეანი ერის მიქცევას წარმართობისკენ; ხოლო მართლმადიდებლურ შეხედულებათა დაკარგვა ნიშნავს, დაკარგო ჭეშმარიტად ქრისტეანული შეხედულება.

პეტრემდელმა
(იგულისხმება პეტრე I - არქიეპ. პ.) ჩვენმა წინაპრებმა პაპის თავდასხმებისა და კათოლიციზმის მონობისგან კი გვიხსნეს, მაგრამ პეტრეს შემდეგ ვერ დავიცავით თავი პროტესტანტიზმისგან, რომელმაც ქრისტეანულ სამყაროში გონების ზღვარდაუდებელი თარეში დაამკვიდრა და ამასთანავე, წარმართულ შეხედულებებსა და ჩვეულებებსაც გაუღო კარი" (Амвросий, архиепископ харьковский. О причинах отчужде­ния от церкви образованного общества. С.  30) (ფ. მელნიკოვი. დასახ. შრ.).

"არქიეპისკოპოსმა ამბროსიმ აქ მკაფიოდ განასხვავა ახალი მართლმადიდებლობა ძველისგან. მას მართებდა ყოფილიყო უფრო პირდაპირი. ამჟამინდელი "ღვთისმეტყველებისა" და "მართლმადიდებლების" წინაპრებმა დაკარგეს პეტრემდელი პერიოდის სარწმუნოების სიწმინდე. თუმცა სიწმინდე მათმა გალათინებულმა სარწმუნოებამ დაკარგა ჯერ კიდევ ნიკონის რეფორმებიდანვე, ხოლო ჩვენს (ე. ი., ძველმორწმუნეთა) წინაპრებს არასოდეს გადაუხვევიათ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობიდან და ძველი ღვთისმოსაობა გადმოგვცეს შეურყვნელი სიწმიდით" (იქვე).

"გაბატონებულ ეკლესიაში, - ნათქვამია ეპისკოპოს ევდოკიმეს წიგნში: "На заре церковной жизни" - "მოგვიწევს მძიმე სამუშაოს ჩატარება თუნდაც, მაგალითად, ჩვენი შეკრული საღვთისმეტყველო აზროვნების გასათავისუფლებლად. ის ხომ ასწლეულების განმავლობაში იყო ლათინთა ტყვეობაში. როგორი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს, როგორი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რათა გავათავისუფლოთ რომს ჩახუტებული ჩვენი ღვთისმეტყველება. ეს "ჩახუტება" ფიზიკურ ტყვეობაზე უარესი თუ არა, უკეთესი არაფრით არ არის" (Евдоким, епископ. На заре церковной жизни. С.  29. ფ. მელნიკოვი დასახ. შრ. https://txt.drevle.com/text/melnikov-bluzhdayuschee_bogoslovie#r3) (URL-ის მიმართვის თარიღი: 04.11.2020).

ცნობილი გამოცემის "Миссионерское обозрение"-ს რედაქტორი, მმართველი სინოდის ობერ-პროკურორთან არსებულ განსაკუთრებულ დავალებათა მოხელე და ამჟამინდელ მისიონერთა სულისჩამგმელი გ. სკვორცოვი, აღიარებს, რომ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველება ნამდვილად საჭიროებს ლათინური საფუარისგან განწმენდას: "ჩვენი საეკლესიო ორგანიზმი რომ დაავადებულია, - წერს სკვორცოვი, - ამას მე არ უარვყოფ. მაგრამ ამ დაავადების განსაკურნავად აუცილებელია სამღვდელოთა და ერისკაცთა ერთობლივი მუშაობა. ჩვენ, ერისკაცნი, მაგალითად, სამრევლო ცხოვრებით არ ვცხოვრობთ; ჩვენი ღვთისმეტყველება გაჟღენთილია ლათინური საწყისებით. საეკლესიო ცხოვრების მრავალი მხარე უცხოა ქრისტეანობისთვის" (Записки религиозно-философских собраний. С. 228. იქვე).

"200 წელი - ეს ხომ რამდენიმე თაობაა. ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავისუფლად იყო შესაძლებელი განწმენდა ყოველგვარი მწიკვლისა და ცთომილებისგან, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება სინოდალურ ეკლესიაში. არ სურთ აქ მწვალებლობის ტყვეობისგან გათავისუფლება. პირიქით, რაც უფრო ვშორდებით წარსულ წლებს, მით უფრო "მშვენდება" გაბატონებული "მართლმადიდებლობა" ლათინური, პროტესტანტული და, უბრალოდ, წარმართული ფერებით" (ფ. მელნიკოვი. იქვე).

"სინოდალური ეკლესიის საღვთისმეტყველო სკოლა, - ბრძანებს ცნობილი სლავიანოფილი ი. თ. სამარინი, - ეკლესიის მყარი მატერიკიდან გადაიხარა და გადავიდა იმ მყიფე და ძირგამომპალ ნიადაგზე, რომელშიც შეიტყუეს ის დასავლელმა ღვთისმეტყველებმა. აქ, მტრულად განწყობილი ლათინიზმისა და პროტესტანტიზმის ორ ცეცხლს შუა მოქცეული, შემომტევთა მოსაგერიებლად იძულებული გახდა, მიემართა უკვე მზა იარაღისთვის, რომელიც დიდი ხანია აპრობირებული აქვთ ლათინობასა და პროტესტანტიზმს ურთიერთსაწინააღმდეგო დაპირისპირებაში. და აი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ლათინურ-პროტესტანტულ ანტინომიებში გახვეული მართლმადიდებლური სკოლა საბოლოოდ თვითონაც გაორდა. მასში ჩამოყალიბდა ორი სკოლა: ანტილათინური და ანტიპროტესტანტული; მართლმადიდებლური კი თითქოსდა ჩაკვდა" (Полное собрание соч. А. С. Хомякова, т. 2, стр. 23) (იქვე).

"თავშივე დაშვებული შეცდომა, - განაგრძობს სამარინი, - რომელიც სხვა ნიადაგზე გადანერგვამ გამოიწვია, აისახა სამ უცილობელ შედეგში: პირველი, ანტილათინურმა სკოლამ მიიღო პროტესტანტული საფუარი, ანტიპროტესტანტულმა კი ლათინური; მეორე: ამ ვითარებამ, თავის მხრივ, გამოიწვია ის, რომ თითოეული სკოლის მიერ მის მოწინააღმდეგეზე მოპოვებული წარმატება აზიანებდა სხვა სკოლას და აძლევდა იარაღს იმ მტერს, რომელსაც ის უპირისპირდებოდა. და ბოლოს, მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი: დასავლურმა რაციონალიზმმა გამოჟონა მართლმადიდებლურ სკოლაში და რაციონალისტურ ახსნა-განმარტებათა და მტკიცებულებათა ფორმით დარჩა მასში, როგორც საწმუნოებრივი დოგმატების სამეცნიერო გამართლება" (ფ. მელნიკოვი. იქვე).

"ჰოდა, რაღა გასაკვირია, გაბატონებული ეკლესიის ყველა საღვთისმეტყველო წიგნი ლათინური და პროტესტანტული ცთომილებებით რომ არის გადატენილი. აკადემიებში არ არსებობს არც დოგმატური და არც ზნეობრივი ერთობა ძველ, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან" (იქვე).

"საეჭვოა, ვინმე შემოგვედავოს იმაში, - წერს ვ. სვენციცკი, - რომ სასულიერო სკოლა ქმნის ათეიზმის ყველაზე საზიზღარ სახეს და ეს სრულიად გასაგებია. საღვთისმეტყველო სწავლება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ქმედითი და ცხოველმყოფელი, თუკი თვით მასწავლებელი იქნება ჭეშმარიტად რელიგიური. აქ არ შეიძლება მისაღებად ჩაითვალოს რაიმე სახის სიცრუე, უმცირესი ფარისევლობაც კი. მაგრამ როდესაც ათეისტი რელიგიური ცხოვრებისკენ მოგიწოდებთ, ამან შეიძლება ორმაგად გავნოთ. პროფესიულ სკოლებში ხომ მასწავლებლებად უმეტესწილად მიდიან სრულიად ურწმუნო ადამიანები და ასწავლიან სარწმუნოების საფუძვლებს, რამეთუ ეს მათ "პროგრამაში" შედის. ეს სკოლები ნამდვილად წამლავენ ადამიანთა სულებს" ("Лев Толстой и Вл. Соловьев", В Свенцицкого, стр. 4) (იქვე).

"პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი ნ. კ. ნიკოლსკი აღშფოთებული აცხადებდა: "ჩვენ (ე. ი., პროფესორებს) გვაიძულებდნენ გვეთქვა (მეცნიერების სფეროში) არა ის, რაც, ჩვენი აზრით, ჭეშმარიტების ან ისტორიული ფაქტის შესაბამისია და რაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, არამედ ის, რაც ამ გარდამავალი წუთისოფლის ვიწრო და შეზღუდული თვალსაწიერისთვის არის მისაღები. ეს კი, რა თქმა უნდა, ძირს სცემს საეკლესიო ღირსებასა და ავტორიტეტს.

თუკი თავს იმის უფლებას მივცემთ, რომ მიტროპოლიტ ფილარეტის ან მაკარის სახელმძღვანელოსგან მცირედ განსხვავებული რელიგიური შეხედულებები გვქონდეს, იმწამსვე (საკუთარ თვალშიც კი) ვოლტერიანელებად, ერეტიკოსებად, პროტესტანტებად და ნიჰილისტებად გადავიქცევით (ამის თვალსაჩინო დადასტურებად შეიძლება გამოდგეს ერთი მხრივ, მიტრ. ფილარეტ დროზდოვის მიერ მიტრ. ფილარეტ ჩერნიგოველისა და მეორე მხრივ, პროფ. სუბოტინის მიერ პროფ. ნ. ფ. კაპტერევის კრიტიკისა და დევნის ფაქტები - არქიეპ. პ.). მრავალი ჩვენი იერარქის ოცნება, როგორც ჩანს, ის არის, რომ ყველანი, სრულყოფილი მამაკაცის ასაკს მიღწეულნი, ისევ ყრმებად გადააქციონ"
(Никольский Н. К. К Вопросу о церковной реформе. Христианское чтение. 1906 г., ч. 1, стр. 190, 191, 200) (იქვე).

"პროფ. ნიკოლსკისა და პროტოპრესვიტერ სვეტლოვის ზემოთ მოტანილი სიტყვების თანახმად, სინოდალური ეკლესიის სასულიერო აკადემიებში არსებულა მასწავლებელთა ორი კატეგორია: ერთნი არიან ლათინურ-პროტესტანტული ღვთისმეტყველების მონები, ხოლო მეორენი მეცნიერებას რელიგიაზე მაღლა აყენებენ. თავიანთი რწმენით ისინი სრულიად უარყოფენ ქრისტეანობის ძირითად ჭეშმარიტებებს, მსახურებით კი ვალდებულნი არიან, ასწავლონ ის თავიანთ მსმენელთ. რა სიკეთე შეიძლება გამოვიდეს ამგვარი სკოლიდან? აქედან შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ყველაზე საზიზღარი ათეიზმი - სამართლიანად პასუხობს თავისსავე შეკითხვას ბ-ნი სვენციცკი.

უეჭველად და ერთხმად დადგენილია, რომ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველება როგორც თავისი სულითა და საზოგადო მიმართულებით, ასევე ცალკეულ პუნქტებში არამართლმადიდებლური და ათეისტურიც კი არის.

პროფ. ა. პ. ლოპუხინი ამბობს: "როგორც კი გვიწევს იმის გარკვევა, როგორ მიმართებაში უნდა ვიყოთ რომაულ კათოლციზმთან და პროტესტანტიზმთან, იმწუთასვე იწყებს მერყეობას ჩვენი გონება და ჩვენი საღვთისმეტყველო აზროვნების ისტორიაც მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ჯერაც ვერა ვართ თვითმყოფადნი და დამოუკიდებელნი, რაიც მართლმადიდბლობისთვის არის დამახასიათებელი. ცნობილია, რომ ჩვენს საღვთისმეტყველო აზროვნებაში გამუდმებით მოძრაობს ორი დინება, რომლებიც მართლმადიდებლობის კალაპოტიდან ზოგჯერ გადადიან მწვალებლურ მსოფლმხედველობაზე, თანაც ერთს აქვს პროტესტანტიზმის სახე, მეორეს კი რომაული კათოლიციზმისა. ეს არ არის ახალი მოვლენა. ის შესამჩნევად გამოიკვეთა იმ დროს, როდესაც დიდმა მეფე-გარდამქმნელმა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მიმართებით პირველად დაგვაახლოვა დასავლეთს. მისი ორი თანამებრძოლი, თეოფანე პროკოპოვიჩი და სტეფანე იავორსკი, ამ ორი მიმართულების წარმომადგენლებად მოგვევლინა და იმ დროიდან ეს გაორება გამუდმებით გვახსენებდა თავს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საღვთისმეტყეველო აზროვნების სფეროში, მაგრამ ამავე დროს აისახებოდა მთელ ჩვენს საზოგადოებრივ აზროვნებასა და ცხოვრებაზე" (Лютарт. Апология христианства. Перевод профю А. П. Лопухина, стр. 671) (იქვე).

"თეოფანე პროკოპოვიჩისა და სტეფანე იავორსკის დროებაზე დიდი ხნით ადრე ლათინური ზეგავლენის ქვეშ მოექცა დასავლეთრუსული ეკლესია. "ჩვენი წინაპრები, - წერს. ფ. მელნიკოვი, - რომლებიც აღუდგნენ ნიკონის რეფორმებს, სრულიად საფუძვლიანად ამხელდნენ ლათინობაში იმდროინდელ კიეველებსა და ბერძნებს, რომლებმაც "ახალი და უცნობი სარწმუნოების" დანერგვა რუსეთშიაც დაიწყეს" (Глава XI. О причащении) (იქვე).

"დასავლეთ რუსეთის ეკლესიამ, - წერს ი. ჩისტოვიჩი, - რომელიც გამუდმებულ კონტაქტში იმყოფება ლათინობასთან და ემორჩილება მის, როგორც გაბატონებული აღმსარებლობის, მომხიბლველ და უცილობელ ზეგავლენას, მიიღო ლათინური ეკლესიის ზოგიერთი შეხედულება, წესი და ჩვეულება. ლათინები და უნიატები, რომლებიც გამუდმებით საყვედურობენ მართლმადიდებლებს და უწოდებენ მათ სქიზმატებს, სწორედ პროტესტანტულ საწყისთა მიღებაში ადანაშაულებდნენ მათ. ამიტომაც, რათა ჩამოერეცხათ ეს მწიკვლი და მოესპოთ ყოველგვარი საბაბი საყვედურებისთვის, მართლმადიდებლები დაუახლოვდნენ ლათინებს, მოერგნენ მათ და თანდათანობით მათი ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ" (Чистович И. Очерки истории западно-русской церкви, ч. 2, стр. 348) (Ф. Мельников. Блуждающее богословие. http://starajavera.narod.ru/bluzhd.html) (იხ. ასევე ქართული თარგმანი: ფ. მელნიკოვი. "გზააბნეული ღვთისმეტყველება". http://www.oldorthodox.ge/apologetika_gzaabneuli_gvtismetyveleba_1.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 04.11.2020).

უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის ღვთისმეტყველების ამგვარ უბადრუკობას და ლათინობის ზეგავლენის ქვეშ მის მოქცევას ადასტურებს ჩვენი ოპონენტი "პუბლიცისტი" ზ. ნოდიაც. თავის წიგნში "ფიქრები ბოლო ჟამინდელ საქართველოზე" (თბილისი 2016 წ.) მას მოჰყავს მეტად საინტერესო მოწმობები იმისა, რომ ოფიციალური, რუსული "მართლმადიდებელი" ეკლესია "აშლილია" და მისი ღვთისმეტყველება და პრაქტიკა დაქვემდებარებულია ლათინურს.

ვიხილოთ რამდენიმე ამონარიდი ზ. ნოდიას წიგნიდანაც: "ძირითადი მიზეზი ეკლესიის აშლილობისა იმაში მდგომარეობს, - ამბობს წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი), რომ წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა კანონები უყურადღებოდაა მიტოვებული, მეტიც, დავიწყებული და შეცვლილია ისინი საკუთარი მოსაზრებებით, რაც უცხოა ეკლესიის სულისკვეთებისთვის, და მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მტრული სულისკვეთებისგანაა ნასესხები, რომელიც ანადგურებს თვით ეკლესიის სულს" (ციტ. ზ. ნოდია. "ფიქრების ბოლო ჟამის საქართველოზე". თბილისი 2016 წ. გვ. 132).

ზ. ნოდია ასევე აღნიშნავს, თუ რა ცუდი ზეგავლენა მოახდინა საეკლესიო ცხოვრებაზე  "ლათინურ-გერმანულმა შემოჭრამ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში" (ვ. ლოსკის სიტყვები - არქიეპ. პ.) (იქვე. გვ. 133).

ზ. ნოდიას ხსენებულ წიგნში ასევე აღნიშნულია, რომ "ზოგიერთი პროტესტანტული სულისკვეთების მქონე "მართლმადიდებელი" თეოლოგები" (იქვე. გვ. 132) თავიანთი შეხედულებისამებრ ამახინჯებენ წმიდა წერილს და წმიდა გადმოცემას. რომ "ჩვენი შესაძლებლობებისამებრ განხილული დასავლური, რეფორმატორული მეთოდების გამოვლინება ე. წ. მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში, ცხადია, არ არის სრული სია იმ ლიბერალურ-მოდერნისტული სულის გამოხატულებისა, რომელმაც სამწუხაროდ იჩინა თავი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში" (იქვე. გვ. 133). ცნობილია, რომ ამ თემას სპეციალური წიგნი მიუძღვნა ახალმოწესე მღვდელმა კონტანტინე ჯინჭარაძემ. ნიშანდობლივია თვით წიგნის სახელწოდებაც: "რეფორმატორული სული "მართლმადიდებლურ" ღვთისმეტყველებაში" (თბილისი 2007).

ამ თემას მეტად ვეღარ განვაგრძობთ, რადგან, რაც ვთქვით, ისიც საკმარისია იმის საჩვენებლად, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეკლესიის შესახებ ასეთი არამართლმადიდებლური სწავლება, რომელსაც გვთავაზობს ზ. ნოდია, კაცი, რომელსაც წარმოდგენაც კი არა აქვს, რომ თავის ხსენებულ წიგნში ნებსით თუ უნებლიეთ გახდა ისეთ ლათინურ მწვალებლობათა და ცთომილებათა პროპაგანდისტი, როგორიც არის ის, რომ ეკლესიის საძირკველი, ფუძე, ფუნდამენტი, ლოდი, რომელსაც მისი სულიერი შენობა ეფუძნება, არის ეპისკოპატი. ამგვარი სწავლების წყარო ლათინურ-პროტესტანტული (უფრო ლათინური) ზეგავლენის ქვეშ მოქცეული "მართლმადიდებლური" ღვთისმეტყველებაა. შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ სწავლება, თითქოსდა ეკლესიის საძირკველი ეპისკოპატია, აშკარად ლათინური სწავლებაა და ჭეშმარიტების საწინააღმდეგოა.


10. ტერმინების - "დროებითისა" და "სრულის" განმარტება

მეტიც, ზ. ნოდია, თავისი სულიერი თანამოძმეების კვალობაზე, ამტკიცებს, რომ ეკლესია არათუ დაეფუძნა ეპისკოპატს, არამედ ეკლესია - ეს თვით ეპისკოპატია და არა სამღვდელოება, ყველა დანარჩენი - ბერ-მონაზვნობა და მორწმუნე ერი, ერთად აღებული, ეპისკოპატის გარეშე უბრალოდ, მასაა. ზ. ნოდიას და ახალმოწესე "აპოლოგეტებს" ეს აზრი საკმაოდ მკაფიოდა აქვთ გამოთქმული, რაშიც თავის ადგილზე უფრო თვალსაჩინოდ დავრწმუნდებით.

ზ. ნოდია წიგნში, პირადად ჩემდამი მომართულ ერთ-ერთ წერილში აღნიშნავს (სტილი ყველგან დაცულია): "თქვენ ერთმანეთში ურევთ და ერთმანეთისგან ვერ განარჩევთ "ეკლესიის სრულ დაქვრივებას" და "ეკლესიის დროებითი დაქვრივების" საკითხს, რაც იმის ბრალია, რომ შებყრობილი (Sic!) ხართ იმ იდეაფიქსით, რის მიხედვითაც "ეკლესიის სრული დაქვრივება" მორგებული გაქვთ "სტაროვერიაზე", ანუ თვლით რომ "სტაროვერიის" დაქვრივებით დაქვრივდა სრულიად მსოფლიო (საყოველთაო ქრისტეს ეკლესია). ამ შეცდომიდან გამომდინარე, აგებთ მსჯელობის არასწორ კონსტრუქციას, რაც ასეთივე მცდარ დასკვნას განაპირობებს, თუმცა ამას ვერ ხვდებით (ან მიაფუჩეჩებთ) ვინაიდან თქვენებური მშვინვიერი ლოგიკის თვითკმაყოფილება განეტარებთ. ამიტომაც, წმინდა კვიპრიანეს, წმინდა იოანეს და სხვა წმინდა მამათა სწავლება "ეკლესიაეპისკოპოსშია", თითქოს და "შეუძლებელია ეხებოდეს "სტაროვერთა" პრობლემასო", რომ ამტკიცებთ, მცდარი არალოგიკურობაა, ანუ, როცა ამბობთ "ისინი მათ დროს აღმოცენებული სიტუაციიდან გამომდინარე ლაპარაკობდნენ და არა ზოგადადო", "სტაროვერული" სიტუაციაც გარკვეული დროის და სივრცის (ადგილის) სიტუაციაა და არა ზოგადად საყოველთაო ეკლესიისა..." (გვ. 231).

ჩვენ არანაირი "იდეა-ფიქსით" არ ვართ შეპყრობილები. ჩვენ ვეფუძნებით ისტორიულ ობიექტურობას, კერძოდ იმას, რომ აღმოსავლეთის ეკლესიები შთავარდნენ სქიზმაში, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს აბსოლუტურად უკანონო რეფორმას, რომელმაც, თავის მხრივ, მწვალებლობად გამოაცხადა ძველბიზანტიური საეკლესიო გადმოცემები და საშინელი წყევლა-კრულვებით შეაჩვენა მათი მიმდევრები, რასაც (ანუ რეფორმის უკანონობას) უკვე თვით რუსეთის ოფიციალური ეკლესიის ღვთისმეტყველებიცა და ისტორიკოსებიც აღიარებენ (უფრო დეტალურად უკვე ითქვა ნაშრომის მეორე ნაწილში).

ხოლო ეკლესიის დაქვრივება ძველმართლმადიდებელთა სიჯიუტემ და უცოდინრობამ კი არ განაპირობა, არამედ რუსეთის იმდროინდელი გაბატონებული ეკლესიის მწყემსმთავრობის სისასტიკემ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თანდათანობით, დროთა განმავლობაში თითქმის ყველგან დაირღვა ნათლისღების საიდუმლო და ამის გამო გაუქმდა იერარქია, ძველმართლმადიდებლური ეკლესია ნამდვილად ინარჩუნებს მსოფლიოში ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიის პოზიციას.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ზ. ნოდია მისი ცნობიერებისთვის დამახასიათებელი ალოგიკურობით ერთმანეთს უკავშირებს სხვადასხვა საკითხს. გარდა ამისა, ავტორის მსჯელობას საკმაო ბუნდოვანებაც ახლავს, რაც გამოიხატება არა მარტო მართლწერაში, არამედ საღვთისმეტყველო, ლიტურგიკულ და ეკლესიოლოგიურ საკითხთა გააზრებაშიც.

ზ. ნოდია თავს არ იწუხებს იმის ახსნით, გაგვარკვიოს, რომელი შეცდომიდან გამომდინარე ვაგებთ "მსჯელობის არასწორ კონსტრუქციას", ამიტომაც, უნდა ვეცადოთ, გავიგოთ, რა შეიძლებოდა მხედველობაში ჰქონოდა ამგვარი ბრალდებების ავტორს. მაგალითად, მოცემულ შემთხვევაში, ჩვენი მსჯელობა "არასწორ კონსტრუქციად" არის შეფასებული ზ. ნოდიას "სწორი" კონსტრუქციიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ეკლესია ეპისკოპატის გარეშე ეკლესიას არ წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მისი დაქვრივება.

მაგრამ აქ შეგვიძლია ზ. ნოდიას შევუბრუნოთ ბრალდება და ვუთხრათ, რომ მცდარ დასკვნებს, მცდარი "კონსტრუქციებიდან" გამომდინარე, სწორედ თვითონ აკეთებს, როდესაც მთელი ეკლესიის არსს მხოლოდ ეპისკოპატში მოიაზრებს, დანარჩენ ერსა და ბერს ჩამოაქვეითებს და საერთოდ არაფრად მიიჩნევს. ეს რომ ასეა, დასტურდება თუნდაც ზ. ნოდიას მიერ გ. გაბაშვილის შეხედულების გაზიარებით, რომელიც თავის მხრივ, იზიარებდა სხვა რუს "ეკლესიოლოგთა" შეხედულებას ეპისკოპატის გარეშე ეკლესიის არარსებობაზე. კერძოდ, ზ. ნოდიას თქმით, "თქვენეულ (ანუ ძველმართლმადიდებლურ - არქიეპ. პ.) აბსურდს - "მხოლოდ "სტაროვერებმა" შეინარჩუნეს ჭეშმარიტი ეკლესიაო?" (Sic!) - ამხელს გიორგი გაბაშვილის დასკვნა. - "თუკი, მღვდელმთავრობა შეწყდება მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ეს უკანასკნელი წყვეტს თავის არსებობას, რაკი ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს" (იქვე. გვ. 233-234).

უნდა ვკითხოთ ბ-ნ ზვიადს, რომელიც სასულიერო პირი (მით უმეტეს "ეპისკოპოსი") არ ბრძანდება, ვინ არის თვითონ და რა ადგილს იკავებს მის მიერ აღიარებულ ეკლესიაში? ვინ არის ის ახალმოწესე "ეკლესიოლოგებისა" და საკუთარ წარმოდგენაში - ეკლესიის შემადგენელი ნაწილი თუ მისი ხორცმეტი? ეკლესია თუ მხოლოდ ეპისკოპატია, მაშინ ზ. ნოდია და ძმანი მისნი მისი მუწუკები ყოფილან... ფურუნკულები, რომელიც ამ ეპისკოპატს ისევე სჭირდება, როგორც ძაღლს მეხუთე ფეხი!.. და ასეთია არა ჩვენი, არამედ მათ მიერ გაზიარებული "საეკლესიო" სწავლების დამოკიდებულება საკუთარი მრევლის და ყველა იმ დასის მიმართ, რომელიც ეპისკოპატის ქვემოთ დგას. ამას თვალსაჩინოდ ვნახავთ თავის ადგილზე, აქ კი ვიტყვით, რომ შეხედულება ეკლესიის მხოლოდ ეპისკოპატის დონემდე დაყვანის თაობაზე არის აბსურდი და წმიდა მამათა სწავლების დამახინჯებული გაგება! ეს არის ნამდვილი მწვალებლობა, რომელსაც ზ. ნოდია და ძმანი მისნი ჯიუტად მისდევენ.

შემდეგ ზ. ნოდია წერს: "...თქვენ ერთმანეთში ურევთ და ვერ გებულობთ თქვენსა და წმინდა მამათა ხედვების შეუთავსებლობას. ხოლო, რაც შეეხება საკითხის ასე დაყენებას, როგორც თქვენ გვთავაზობთ: "ეკლესია ეპისკოპოსშია" შეუძლებელია გულისხმობდეს ეპისკოპოსის აღმატებას ეკლესიაზე-ო", აი, ამას ჰქვია - "შენვე ჭრი და შენვე კერავ" ან "სამ იგრაეშ, სამ პაიოშ" (იქნებ, რუსულად უფრო გასაგები იყოს თქვენთვის)" და ცოტა ქვემოთ კიდევ ასე წერს: "... როგორც წმინდა მამათა ურჩი მოწინააღმდეგე, თვითმიზნურად ამახინჯებთ და ნაძალადევად ცდილობთ მოარგოთ თქვენს აკვიატებულობას" (ზ. ნ. იქვე. გვ. 232).

დამოწმებული ციტატები არის ზ. ნოდიას კერძო და დაუსაბუთებელი შეხედულება, რომელსაც მხოლოდ პროპაგანდის ელფერი დაჰკრავს. ჩვენი საწინააღმდეგო ყველაზე დიდი "საბუთი" მთელ ამ აბრაკადაბრაში არის ფრაზა: "სამ იგრაეშ, სამ პაიოშ", თანაც ოპონენტი დარწმუნებულია, რომ, თუკი ასე თქვა, ასეც უნდა იყოს... მაგრამ, მთავარი აქ მაინც ის არის, რომ ჩვენს "პუბლიცისტ" ოპონენტს არ ესმის ჩვენი განმარტება, რაც არ ნიშავს იმას, რომ ჩვენ ის არასწორად გადმოვეცით. დაინტერესებულ პირებს ვთავაზობ, გაეცნონ მას ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" გამართულ საღვთისმეტყველო დიალოგში (დიალოგი II) (10).

----------------

10. არქიეპ. პავლე (ხორავა). "მართლმადიდებლობის აპოლოგია". თავი II. "მწვალებლური ეკლესიოლოგია" 1. ეკლესიის დაქვრივებისთვის და 3. ეკლესიისა და ეპისკოპოსის ურთიერთმიმართებისათვის. თბილისი 2004 წ.). იხ. ასევე ინტერნეტში ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ საიტზე: 1) ეკლესიის დაქვრივებისთვის: http://www.oldorthodox.ge/apologetika_martlmadideblobis_apologia_ii_2.html 2) ეკლესიისა და ეპისკოპოსის ურთიერთმიმართებისათვის: http://www.oldorthodox.ge/apologetika_martlmadideblobis_apologia_ii_2.html

----------------

ზ. ნოდია ასეთ ბრალდებასაც გვიყენებს: "იგი (ანუ მე - არქიეპ. პ.) თავისებური ხერხით, მეთოდით ნებისმიერ საკითხს გვერდს უქცევს, ნებისმიერ საეკლესიო ჭეშმარიტებას კონტექსტიდან ამოგლეჯილად შემოგიბრუნებს და ამტკიცებს, - აი, ამ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებიან, ან ვერ გებულობენ ოპონენტებიო" (გვ. 234). თავისი ამ ბრალდების დასამტკიცებლად კი მოჰყავს ასეთი ნიმუში: "მაგალითად, - წერს იგი, - ეკლესიაზე დიდი არ არისო ეპისკოპოსი"... განა ეს ჩვენ ვამტკიცეთ სადმე? ცხადია, არა, მაგრამ დაგაბრალებს და ამ ათვლის წერტილიდან იწყებს თავის მსჯელობას იმ მიზნით, რომ არამართალი, განმტყუნებული და წაგებული გამოგიყვანოს, მკითხველი კი თავის სიცრუეში გადაიტყუოს" (იქვე).

ზ. ნოდია ფიქრობს, რომ, რაკიღა მას პირდაპირი ფორმულირებით არსად უთქვამს - "ეპისკოპოსი ეკლესიაზე დიდიაო, ამგვარი აზრი არასოდეს გამოუთქვამს. მაგრამ იქვე, იმავე გვერდზე, ამ ბრალდების ჩამოყალიბების შემდეგ წერს: "... ჩვენც სწორედ იმის ჩვენება გვინდა, რომ სტაროვერული სამწყსო ეკლესიად არ ითვლება, რადგან თავი არ ჰყოლია (?) და როგორ დაქვრივდებოდა? ამის გამო ვთქვით - "ეკლესია ეპისკოსშიაო", რაც ნიშნავდა იმას, რომ სტაროვერები დაუქვრივებლად (?) დარჩნენ უეკლესიოდ!" (იქვე. გვ. 236). ხოლო ცოტა უფრო ადრე, კერძოდ, 234-ე გვერდზე წერს, რომ "თუკი მღვდელმთავრობა შეწყდება მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ეს უკანასკნელი წყვეტს თავის არსებობას, რაკი ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს" (იქვე. გვ. 233-234).

როგორ გავიგოთ ეს სიტყვები? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ "ეპისკოპოსი ეკლესიაზე დიდია", თუკი მის გარეშე ეკლესია "წყვეტს თავის არსებობას"? წყვეტს - რა გაგებით? როგორც ქვემოთ ვნახავთ, ეპისკოპოსობის არარსებობა ეკლესიას უუქმებს ყოველგვარ თვისებას. ის ეკლესიად აღარ იწოდება, რაგინდ მრავალრიცხოვანი მრევლი, ბერმონაზვნობა და სამღვდელობა ჰყავდეს. მოკვდა ბოლო ეპისკოპოსი - მორჩა, ეკლესია აღარ არსებობს! აი, ასეთი სწავლება პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ "ეპისკოპოსი ეკლესიაზე დიდია" და იმდენად დიდი, რომ მის გარეშე, როგორც ამას ზ. ნოდიას თანამოძმე თუ ერთმორწმუნე რუსი პოლემისტები წერენ, "ეკლესია მკვდარია, ის, უბრალოდ, არ არსებობს" (იხ. ქვემოთ). მთელი იდეოლოგია, რომლის თანახმადაც ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია არ არის, პირდაპირ გულისხმობს აზრს, რომ ასეთ შემთხვევაში ეპისკოპატი ეკლესიაზე დიდია, ეპისკოპატი არის თვით ეკლესია და ასეთი შეხედულება არის მწვალებლობა და მართლმადიდებელ მამათა სწავლების საწინააღმდეგო.

ზოგიერთ შემთხვევაში ზ. ნოდია საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება. კერძოდ, როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ, ოპონენტის აზრით, "თუკი, მღვდელმთავრობა შეწყდება მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ეს უკანასკნელი წყვეტს თავის არსებობას, რაკი ეკლესია უეპისკოპოსოდ არ არსებობს" (იქვე. გვ. 233-234), მაგრამ იგივე ავტორი გვიმტკიცებს, ამავდროულად ეს შესაძლებელიაო მცირე ხნით, მაგალითად ანტიქრისტეს დროიდან ქრისტეს მეორედ მოსვლამდე და არა "სტაროვერული სამასი წლის განმავლობაში". "... მართლაც, - წერს ზ. ნოდია, - შეიძლება საერთოდ დაქვრივდეს ეკლესია, მაგრამ არა საუკუნეობრივად (არა "სტაროვერულად")" (იქვე. გვ. 231-232).

შემდეგ ზ. ნოდია წერს: "ეკლესია იდგება ბოლომდე, თუნდაც, უკვე აღარ იყოს ეპისკოპოსი - უკანასკნელ წლებში..." (ზ. ნ. ხს. წიგნი. გვ. 207). მეტიც, მისი აზრით "იმდენად მცირე მონაკვეთი იქნება დარჩენილი მეორედ მოსვლამდე", რომ უეპისკოპოსოდ დარჩენილი ეკლესია "ინერციით (?) მივა ქრისტე მღვდელმთავრამდე..." (იქვე). ან კიდევ: "უეპისკოპოსოდ დარჩენის შემთხვევაში ეკლესია ძლებს არა საუკუნეების განმავლობაში, არამედ ეპისკოპოსის მოსვლამდე. ანუ, მანამ სანამ ყოფნის რესურსები ისარგებლოს შემორჩენილი მარაგით..." (ზ. ნ. ხს. წიგნი. გვ. 236).

თავის უზარმაზარ წერილში (იქვე. გვ. 224-245) ზ. ნოდია ლამის ყოველ აბზაცში "ღეჭავს" ერთსა და იმავეს, რომ "უეპისკოპოსოდ დარჩენილი ეკლესია არ შეიძლება ეკლესიად ჩაითვალოს", ახლა კი საპირისპიროს გვიმტკიცებს და ამბობს, რომ "უეპისკოპოსოდ დარჩენის შემთხვევაში ეკლესია ძლებს არა საუკუნეების განმავლობაში, არამედ ეპისკოპოსის მოსვლამდე"; ანუ, ეკლესიას, ამ ბოლო ფრაზიდან გამომდინარე, უეპისკოპოსოდ დარჩენა მაინც შეძლებია.

მაგრამ, როგორ უნდა გავიგოთ ეს ბოლო ფრაზა? რას იგულისხმება სიტყვებში: "ეპისკოპოსის მოსვლამდე"?

ზ. ნოდია ასე გვპასუხობს: "ეკლესიის გამოცდილების ისტორია მეტყველებს, თუ როგორ იქცეოდნენ დევნულების დროს გაფანტული მორწმუნენი და იგივე იქნება მაშინაც - საეპისკოპოსო (ესე იგი - მათგან გადმოყოლილი) სულიერი მადლით ნაკურთხ მღვდლებთან ერთად, ან სულაც წინასწარ დარიგებული წმიდა ზიარება, აიაზმა, მირონით შეიარაღებული მრევლი თავს გადაირჩენენ ანტიქრისტეს ბეჭდისა და მდევრებისგან, რაც არ გაგრძელდება დიდხანს, მით უფრო - "სტაროვერულ" სამას წელს... საუბარია ბოლო ჟამის ქრისტეს ეკლესიაზე, რომელიც ძალზედ მცირე სამწყსომდე შემცირდება და ისე იქნება დაფანტული, ერთმანეთსაც კი ვერ ნახავენ და ეგონებათ - "არც არავინაა ჩვენს მეტი დარჩენილი, დანარჩენები გაფუჭდნენ, ან დაიხოცნენო"... ასეთ ვითარებაზე თქვა ქრისტემ - "ოდეს მოვალ, დამხვდება კი კეთილმორწმუნეო..." (იქვე. გვ. 207) (ზ. ნოდიას ეს მსჯელობა ძალზე წააგავს ცნობილი ბერძენი თეოლოგის, ა. კალომიროსის ესქატოლოგიურ შეხედულებებს. აშკარაა, რომ ჩვენს ოპონენტს თავისი ეკლესიოლოგიური "აღმოჩენები" ამოკრეფილი აქვს ა. კალომიროსის ერთ-ერთი თხზულებიდან. მას ჩვენ ქვემოთ უფრო დეტალურად დავიმოწმებთ - არქიეპ. პ.).

"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო", ამაზეა ნათქვამი! ზ. ნოდია ჯერ გაწიწმატებული გვედავება იმაში, რომ თურმე ძველმოწესეები "მწვალებლები" ყოფილან, რადგან რაღაც "ეკლესიის დაქვრივება" მოუგონიათ, ახლა კი იმას გვიმტკიცებს, რომ შეიძლება დადგეს ჟამი, როცა "მართლაც შეიძლება საერთოდ დაქვრივდეს ეკლესია, მაგრამ არა საუკუნეობრივად... მით უფრო - "სტაროვერულ" სამას წელს".

გაუგებარია, რას ნიშნავს "სტაროვერული სამასი წელი"? (უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, აქ ლაპარაკია დაქვრივების 256 და არა 300 წელზე, თუმცა მიგვაჩნია რომ 50 წელში განსხვავება მოცემულ შემთხვევაში არაარსებითია). როგორ არის შესაძლებელი, წლების რაოდენობა იყოს "სტაროვერული"? შავარაუდოდ, მას სურდა ეთქვა, რომ შეუძლებელია ეკლესია სამასი წლის განმავლობაში დარჩეს ეპისკოპოსის გარეშე, მაგრამ რატომ არის ეს შეუძლებელი ზ. ნოდიასა და მისნაირ "პუბლიცისტთა" წარმოდგენით? - ეს მათთვის შეუძლებელია იმიტომ, რომ, მათი მწვალებლური ეკლესიოლოგიის თანახმად, ეკლესია დაფუძნებულია არა ქრისტეს ღმერთკაცობისადმი რწმენაზე, არამედ ეპისკოპატზე. ანუ მართლმადიდებლურ ნიადაგზე გადმოტანილია რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლება პაპზე, როგორც "კლდეზე", რომელზეც ააშენა ქრისტემ ეკლესია, ოღონდ აქ პაპის ადგილს იკავებს "ეპისკოპატი". სწორედ ამის გამო, როგორც არაერთხელ ვთქვით, ეპისკოპოსების არყოფნა (დაქვრივება) აღქმულია თვით ეკლესიის გაუქმებად. მათ წარმოდგენაში, ვინც ეკლესიის საძირკვლად, მის "კლდედ" მიიჩნევს ადამიანთა ჯგუფს, ანუ ეპისკოპოსთა საეკლესიო დასს, ვისთვისაც მთელი ეკლესია მოაზრებულია ამ ერთ საეკლესიო დასში, ცხადია ეკლესიის დაქვრივება არის ეკლესიის გაუქმების, გაქრობის, მოკვდომის და არარსებობის მაჩვენებელი. და ეს არის უკიდურესად მწვალებლური სწავლება და ეკლესიის შესახებ არსებული დოგმატის დარღვევა, მაგრამ მოდი, კვლავ ზ. ნოდიას მსჯელობას მივყვეთ.

წინააღმდეგობაში რომ არ აღმოჩნდეს და მის მიერ მცირე ხნით ეკლესიის დაქვრივების აღიარება ბუმერანგივით უკანვე რომ არ შეუბრუნდეს, ზ. ნოდიას (და არა მარტო მას) შემოაქვს ეკლესიის "დროებით" და "სრულად" დაქვრივების ცნება. მოდი, ვნახოთ, რამდენად სამართლიანად.

"მაშასადამე, - აცხადებს ზ. ნოდია, - საეპისკოპოსო კურთხევა და მადლგამოყოლილი სამღვდელოება და მრევლი, ღმრთის განგებულებით, რჩება უეპისკოპოსოდ. აკლდება გამანაყოფიერებელი (ქიროტონიული) ფუნქცია, მაგრამ ინარჩუნებს ეკლესიურობას, როგორც აპოკალიპტური ჟამის გამონაკლისი (?) წესის ეკლესია. აქედან გამომდინარე, დროებითი დაქვრივების გარდა, ეკლესია საერთოდ არ ფუნქციონირებს უეპისკოპოსოდ (კი, მაგრამ, განა სწორედ დროებით დაქვრივებაზე არ ვსაუბრობთ ჩვენც, ძველმართლმადიდებლები? ზ. ნოდია აქაც აშკარად ურევს - არქიეპ. პ.), ვინაიდან ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და ხელდასხმით საჭიროებს სასულიერო დასის განახლებას, ანუ ეკლესია სიცოცხლისუნარიანობს მათთან ერთად. სწორედ ეს ფუნქცია (ცოცხალი ორგანიზმი) იკარგება დაქვრივებაში (?) და კვდება ეკლესია, თუკი ეპისკოპოსმა არ გადაარჩინა და არ განაახლა ღმრთისმსახურთა დასი... დაქვრივებულობა სხვა არაფერია, თუ არა უეპისკოპოსობა. "სტაროვერებმა" კი - ქრისტეანობისადმი მიკუთვნებულობა გამოაცხადეს იმ ფენომენად, რომელიც თავისთავადაა სიცოცხლისუნარიანი (?) ანუ უეპისკოპოსოდაც ძალუძს თითქოს არსებობა (ეს არის აბსოლუტურად ყალბი აზრი. მსგავსი სწავლება ძველმართლმადიდებლობაში არ არსებობს! - არქიეპ. პ.). ასეთ ეკლესიას - არ ცნობს ქრისტეანობის ისტორია" (გვ. 208).

აჰა, კიდევ: "ბოლო ჟამს, ... მართლაც შესაძლოა საერთოდ დაქვრივდეს ეკლესია, მაგრამ შეუძლებელია გაგრძელდეს საუკუნოდ (რატომ? - არქიეპ. პ.), ანუ "სტაროვერულად" (?)... გამოდის, რომ ორი სხვადასხვა პერიოდის სხვადასხვანაირი "სტაროვერები" (?) ორ სხვადასხვა რამეს აიგივებენ ერთმანეთში - დროებით და სრულ დაქვრივებას... "სტაროვერებმა" კი, თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა გააიგივეს ბოლო ჟამის (ეგონათ - დადგაო) სრულ დაქვრივებასთან და... დარჩნენ უმღვდელოდ, მერე კი "მიაწვნენ" "დროებითი დაქვრივების" ვარიანტს და დაიწყეს "ნადირობა" (?) "გადამრბენ" კლერიკოსებზე, რამაც გასტანა დიიდხანს, - განკვეთილი "ეპისკოპოსის" გამოჩენამდე... ამის მერე იწყება - ახალი მწვალებლობა (?): უქვემოესისაგან უზემოესის მიროცნხებით "განკანონიერება..." (იქვე. გვ. 206-207).

ზ. ნოდია სვამს საინტერესო კითხვას: "... სადამდე შეიძლება გაგრძელდეს დაქვრივებული ეკლესიის უეპისკოპოსობა?" და თვითონვე პასუხობს: "ეპისკოპოსის გამოჩენამდე! (რაც მოხდა კიდეც ძველმართლმადიდებელთა შემთხვევაში - არქიეპ. პ.). უეპისკოპოსოდ დარჩენის შემთხვევაში, ეკლესიას ძალუძს გაძლება არა საუკუნეების მანძილზე (საიდან იცის ეს ზ. ნოდიამ? ან რატომ უდებს ზღვარს ღმრთის ყოვლისშემძლეობას? - არქიეპ. პ.), არამედ ეპისკოპოსის მოსვლამდე (რატომ? რა იცვლება? ან რა მოხდება, თუ ეპისკოპოსი მოვა სწორედ საუკუნეების შემდეგ? - არქიეპ. პ.). რა იგულისხმება ამაში? - მხოლოდ ის, რომ - ეკლესია ფუნქციონირებს ეპისკოპოსის გარეშე დროებით: თუ დროზე არ გამოჩნდა ეპისკოპოსი, მაშინ "დროებით დაქვრივებასთან" კი არა "სრულ დაქვრივებასთანაა" საქმე, ანუ ქრისტეს სწყდება და წარმართობაში გადადის არა კათოლიკე ეკლესია სრულად, არამედ მისი ადგილობრივი ეკლესია, ან მისი კონკრეტული ნაწილი... მხოლოდ მეორედ მოსვლის წინ, ერთადერთ, განუმეორებელ და გამონაკლის შემთხვევაში ძლებს დროებით დაქვრივებული ეკლესია უეპისკოპოსოდ - ცხადია არა სამას წელს, არამედ ერთი თაობის (?) მანძილზე (რას ეფუძნება ზ. ნოდიას ამგვარი მტკიცებულება? - არქიეპ. პ.), ვინაიდან ქრისტე უკვე კართანაა, უკვე მათთანაა, და არამხოლოდ ამქვეყნიური ეკლესია, არამედ დედამიწაც ასრულებს არსებობას" (იქვე. გვ. 205).

ძველმართლმადიდებელთ წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებათა ამ კასკადიდან გამოვყოფთ უმთავრეს და აბსოლუტურად გაუგონარ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ""სტაროვერებმა" - ქრისტეანობისადმი მიკუთვნებულობა გამოაცხადეს იმ ფენომენად, რომელიც თავისთავადაა სიცოცხლისუნარიანი (?) ანუ უეპისკოპოსოადაც ძალუძს თითქოს არსებობა" (ზ. ნ. გვ. 208). აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ოპონენტი აქ იჩენს არა მარტო უმეცრებას, არამედ ელემენტარულ არაობიექტურობას და, უფრო პირდაპირები თუ ვიქნებით - უსინდისობას. რადგან სწორედ ასე ფასდება ადამიანთა ცილისწამება.

არსად, არასოდეს მღვდლიან ძველმოწესეებს, იგივე ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს არ უსწავლებიათ და არ უქადაგიათ, თითქოსდა ეკლესიას ეპისკოპოსი არ სჭირდებოდეს და მის გარეშეც შეეძლოს გაძლება წუთისოფელში. ამას თვით ძველმოწესეობის ისტორია ადასტურებს, საიდანაც ჩანს, თუ რამდენი ძალისხმევა მოანდომეს მათ ეპისკოპოსის ძიებას.

ძველმოწესეებს იმგვარი ცნობიერება და რწმენა რომ ჰქონოდათ, როგორც ამას ზ. ნოდიას სახავს, მაშინ ეპისკოპოსის ძებნაზე თავსაც არ შეიწუხებდნენ ე. წ. "უმღვდელოთა" (რუს.: безпоповцы - "ბეზპოპოვცები") მსგავსად, რომლებიც ასწავლიან, რომ ეკლესია შეიძლება იყოს არათუ ეპისკოპოსის, არამედ საერთოდ, სამღვდელოების გარეშეც. სწორედ ამიტომაც იწოდებიან ისინი "უმღვდელოებად", ანუ "ბეზპოპოვცებად". მაგრამ, ეკლესიაში მღვდლისა და ეპისკოპოსის არსებობის აუცილებლობასა და საჭიროებაზე "მღვდლიან" და "უმღვდელო" ძველმართლმადიდებლებს შორის ყოველთვის იყო დავა, სადაც მღვდლიანი ძველმართლმადიდებლები სასულიერო დასის საჭიროებას და აუცილებლობას ასაბუთებდნენ. ზ. ნოდიამ ან უბრალოდ არ იცის, რას წერს, ან შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს და თავის კალამს, რაც თავში მოუვა ან რაც ენის წვერზე მოადგება, იმას აწერინებს.

ელემენტარულია, რომ დავის დროს მოწინააღმდე მხარეები ურთიერთსამხილებელი წყაროებით უნდა ლაპარაკობდნენ, თუკი ასეთი არსებობს და არა დაუსაბუთებელი მსჯელობებით. ზ. ნოდია თუ იმას გვაბრალებს (მისი ჭკუით - "გვამხელს"), რომ ძველმართლმადიდებელი ქრისტიანები, ანუ ჩვენ, ოდესმე ვამტკიცებდით თითქოსდა ეპისკოპოსის საჭიროება სავალდებულო არ არის და ეკლესიას შეუძლია მის გარეშეც არსებობა, უნდა მოიყვანოს ამისი დამამტკიცებელი საბუთები. მაგრამ, ზ. ნოდიას, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ამგვარი მტკიცებულებები არ მოჰყავს. ეს კი უკვე მისი არაობიექტურობისა და სიცრუის მამხილებელია. ამიტომაც, ზ. ნოდიას ბრალდება, თითქოსდა ძველმართლმადიდელებმა "ქრისტეანობისადმი მიკუთვნებულობა (?) გამოაცხადეს იმ ფენომენად, რომელიც თავისთავადაა სიცოცხლისუნარიანი (?) ანუ უეპისკოპოსოდაც ძალუძს თითქოს არსებობა" - სრული სიცრუეა. ასეთი სწავლება სამღვდელოების მიმღებ ძველმართლმადიდებლობაში არ არსებობს!

ეკლესიის დაქვრივების საკითხში ზ. ნოდია ავლენს ჭკუასუსტობას და უმეცრებას. უმეცრება ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანს საკმარისი ცოდნა არ გააჩნია ამა თუ იმ საკითხის გასარკვევად, ხოლო გონების სისუსტე აშკარავდება იქ, სადაც უმეცარი ადამიანი ვერ ხვდება თავის უმეცრებას, თავი ბრძნად მოაქვს, ვერ ახერხებს თანამიმდევრულ (ლოგიკურ) მსჯელობას, ერთმანეთში ერევა ცნებები და ვერც საკუთარ შესაძლებლობებს საზღვრავს. ზუსტად ასე მოსდის ზ. ნოდიას ეკლესიის დაქვრივების საკითხშიც (თუმცა, არც სხვა საკითხებში გამოუჩენია დიდი სიბრძნე). მაგრამ ყველაზე ცუდი, რაც სჭირს ზ. ნოდიას, არის არა უმეცრება და ჭკუასუსტობა, არამედ უარესი, კერძოდ, - უნამუსობა. შესაძლოა ადამიანი  შეცდეს ან უმეცრებიდან გამომდინარე, ან კიდევ, როგორც წმ. ათანასე დიდი ამბობს, მისი "გონებრივი სიმარტივის" (ეპისტ. ამონ მონაზონის მიმართ), ანუ ჭკუასუსტობის გამო; ეს ყოველივე მას მიეტევება, თუკი ადამიანი გულწრფელად ცდება და შეგონების შემდეგ  შეიწყნარებს ჭეშმარიტებას და მოექცევა. მაგრამ, როდესაც ამ ორ უბედურებას მიემატება მესამე - ამპარტავნობით გამოწვეული უნამუსობა, რასაც მედიდური ლტოლვა და ხიბლისმიერი იდეები კვებავს, მაშინ ის ცდილობს, რაც უნდა დაუჯდეს, მიაღწიოს სასურველ გამარჯვებას, თუნდაც ილუზორულს. ოღონდ ასეთმა ამპარტავნებმა არ უწყიან ის ჭეშმარიტება, რომ შეუძლებელია ყველა ადამიანის მოტყუება, რამეთუ ყველა ადამიანი ჭკუასუსტი როდია.

ჩვენი ნათქვამის ობიექტურობისა და სიმართლის საჩვენებლად განვიხილოთ ზ. ნოდიას ანტიძველმართლმადიდებლური "არგუმენტაცია" ეკლესიის "დროებით" და "სრულ" დაქვრივებასთან დაკავშირებით. ვნახოთ, რამდენად სწორად ერკვევა ის "დროებითისა" და "სრულის" ცნებებში და რამდენად მართებულად უყენებს ამ ტერმინებს ძველმართლმადიდებელთა დამოკიდებულებას ეკლესიის დაქვრივებისადმი, ასევე მის მიერ გააზრებულ "დროებით" დაქვრივებასაც. სანამ განხილვას დავიწყებდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზ. ნოდია აშკარად ვერ არის გარკვეული "დროებითისა" და "სრულის" ცნებათა მნიშვნელობებში აქედან გამომდინარე სავალალო შედეგებითურთ. ამ გაურკვევლობაში ვლინდება მისი უმეცრებაც და ჭკუასუსტობაც.

რას ნიშნავს "დროებითი"? - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, "დროებითი" ნიშნავს: "არამუდმივს, წარმავალს, დროის ერთ მონაკვეთს, ცვალებადს (საპირისპ. მუდმივი)" (განმარტებითი ლექსიკონი. ენის მოდელირების ასოციაცია. ტერმინი: "დროებითი". http://www.ena.ge/explanatory-online) (URL-ის მიმართვის თარიღი: 04.11.2020). მაგალითად: დროებითი მოწმობა, დროებითი ნაგებობა, დროებითი დაქვრივება, დროებითი სნეულება, დროებითი კონფლიქტი და ა. შ. შემთხვევითი არ არის, რომ ამ სიტყვის ფუძეა "დრო", რაც თავისთავად ტერმინის დანიშნულებაზე მეტყველებს.

რას ნიშნავს "სრული"? - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, "სრული" ნიშნავს: 1. რასაც არაფერი აკლია, - უდანაკლისო, მთლიანი, მთელი. 2. მთელი სიძლიერით, მთლიანად, სავსებით გამოვლენილი, - უაღრესი, აბსოლუტური.  3. უნაკლო, უზადო, სრულქმნილი, სრულყოფილი. 4. რასაც არაფერი ეღობება, არაფერი ხელს არ უშლის, არ აბრკოლებს, - შეუზღუდავი. 5. საბოლოო, გადამწყვეტი; მტკიცე. 6. მსხვილი, დიდი ზომისა. ფართო, განიერი, ხალვათი. 7. არც მეტი და არც ნაკლები, - ზუსტი, მთელი. 8. უეჭველი, უდავო, ნამდვილი. 9. კუთხ. (ფშ.) მრთელი, ჯანმრთელი, საღი. 10. გრამატ. ზმნის ფორმა, რომელიც უჩვენებს, რომ მოქმედება დამთავრებულია" (განმარტებითი ლექსიკონი. ენის მოდელირების ასოციაცია. ტერმინი: "დროებითი". http://www.ena.ge/explanatory-online) (URL-ის მიმართვის თარიღი: 04.11.2020).

მკითხველი ადვილად შეამჩნევს მსგავსებასა და განსხვავებას ამ ორი სიტყვის მნიშვნელობებს შორის. მსგავსების მხრივ, ორივე სიტყვა მიანიშნებს აღსანიშნი საგნის ან მოვლენის თავისებურებაზე, ხოლო განსხვავების მხრივ პირველი - "დროებითი" აღნიშნავს მოვლენას, რომელიც ვითარდება მატერიალური სამყაროს დრო-ჟამის განმავლობაში და არ არის საბოლოო. ის არის წარმავალი, ცვალებადი, არამუდმივი; ხოლო მეორე, ანუ "სრული" აღნიშნავს მოვლენას ან საგანს, რომელიც არის იმ თვისებების მქონე, რომელიც ამ სიტყვის განმარტებაშია მოცემული. ანუ სისრულე მიემართება არა დროისკენ, არამედ თვით საგნისკენ და აქ არის არსებითი განსხვავება "დროებითსა" და "სრულს" შორის. სიტყვა "სრულს" თუ დროსთან მიმართებაში გამოვიყენებთ, მაშინ ეს სრული დრო ან უნდა გულისხმობდეს კონკრეტულად აღებული დროის მონაკვეთის სისრულეს (მაგალითად, მთელი დღე, მთლი წელიწადი, სრული ერთი საათი და ა. შ.), ან კაცობრიობის მთელ არსებობას მისი გაჩენის დღიდან ვიდრე აღსასრულამდე, ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, რომლის შემდეგაც დადგება უსასრულობა, ანუ "უჟამო ჟამი".

როდესაც ეკლესიის დაქვრივებასთან მიმართებაში ვამბობთ: ეკლესია არის დროებით დაქვრივებული, უნდა ვგულისხმობდეთ, რომ ეს დაქვრივება არის არა მუდმივი, არამედ წარმავალი, ცვალებადი. ის შეიძლება შეიცვალოს, ანუ ეკლესიას კვლავ აღუდგეს ეპისკოპოსი; თუ ასე არ მოხდა და ეკლესია რაღაც გზებით (რაზეც ვილაპარაკებთ ქვემოთ) უფლის მეორედ მოსვლამდე შენარჩუნდა ან ვერ შენარჩუნდა და გაქრა სასულიერო დასი სრული ამოშრეტის გამო, მაშინ ეკლესიის დაქვრივება, მისი ეს კონკრეტული მდგომარეობა აღმოჩნდება მუდმივი ან სრული.

რას ვერ ხვდება ზ. ნოდია? - ის ვერ ხვდება იმას, რომ ეკლესიის სამასწლიანი დაქვრივებაც დროებითია!

რატომ? - იმიტომ, რომ ეკლესია არსებობს (და იარსებებს) ვიდრე მეორედ მოსვლამდე, ხოლო, რადგან უცნობია მეორედ მოსვლის თარიღი, ეკლესიაც ჩვენთვის განუსაზღვრელი დროის განმავლობაში იარსებებს. დროის მთლიანობა ეკლესიასთან მიმართებაში გულისხმობს პერიოდს, ჟამს მისი დაფუძნებიდან ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. აი, ამ პერიოდში, რა დროითაც უნდა დაქვრივდეს ეკლესია, ის ყოველთვის იქნება დროებითი, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს დაქვრივება - სამი წელი, სამასი წელი თუ სამი ათასი... სხვა საკითხია, თუ როგორ შეინარჩუნებს ეკლესია სასულიერო დასს და კერძოდ, ეპისკოპოსის ხარისხს, ამაზე ჩვენ ქვემოთ ვილაპარაკებთ. მაგრამ დროებითისა და მუდმივის ცნებებთან დაკავშირებით შეუძლებელია ითქვას, რომ, რაც მეორედ მოსვლამდე იარსებებს, შეიძლება იყოს მუდმივი. თვით სამყაროც კი არ არის მუდმივი, არათუ ეკლესიის სამასწლოვანი დაქვრივება. მეტიც, ეპისკოპოსებიანი ეკლესიის არსებობაც დროებითია ამ წუთისოფელში, სანამ ქრისტე მოვა და ეკლესია შევა ახალ, დაუმთავრებელ და მარადიულ სიცოცხლეში. ამიტომაც, თქმა იმისა, თითქოსდა ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაქვრივება იყოს სრული, რადგან ის გაგრძელდა სამასი წელი, არის ჭკუასუსტობის ნიშანი.  

დავუშვათ, ავტორს სურდა, "სრულის" ნაცვლად ეგულისხმა "მუდმივი", ამ შემთხვევაშიაც ვერ გამართლდება მისი ბრალდება, რადგან "მუდმივი", ქართული ენის იმავე განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, არის ის, რაც არსებობს "მუდამ, ყოველთვის..." ის არის "მარადიული, გამუდმებული, განუწყვეტელი, შეუწყვეტელი" (განმარტებითი ლექსიკონი. ენის მოდელირების ასოციაცია. ტერმინი: "დროებითი". http://www.ena.ge/explanatory-online) (URL-ის მიმართვის თარიღი: 04.11.2020). ამქვეყნიური, წარმავალი დროის პირობებში რაიმე მოვლენის მუდმივობა შესაძლოა გულისხმობდეს არსებობას მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს და ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს დიდებით მოსვლამდე. ამის შემდეგ წარმავალ დროებაში არსებული მოვლენა შეწყვეტს არსებობას და დაიწყება მარადისობა.

ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას, ისევე როგორც არსად და არასოდეს უთქვამს, თითქოსდა ეკლესიის დაქვრივება იყო სრული, ასევე არსად და არასოდეს უთქვამს, რომ ის იყო მუდმივი... და არც შეიძლებოდა ეთქვა, რადგან მუდმივობა მებრძოლი, ამქვეყნიური ეკლესიის არსებობასთან მიმართებაში გულისხმობს მის ყოფნას მეორედ მოსვლამდე. ჩვენ კი, სანამ ქრისტე არ მოვა, არანაირად არ შეგვიძლია ვთქვათ, ეკლესიის ესა თუ ის მდგომარეობა იყო თუ არა მუდმივი.

დიახ, ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაქვრივება იყო ხანგრძლივი, დროში გაწელილი, მაგრამ არა მუდმივი, რადგან დადგა დრო, როდესაც მას გამოუჩნდა ეპისკოპოსი, რომელმაც სხვა ეპისკოპოსთა ხელდასხმით დაასრულა მისი ქვრივობის პერიოდი. ამრიგად, ზ. ნოდია ეკლესიის დაქვრივებასთან მიმართებაში არასწორად იყენებს ტერმინებს "დროებითი" და "სრული"; და, რადგან არასწორად იყენებს, ბუნებრივად გამოჰყავს აბსოლუტურად არასწორი და მიუღებელი დასკვნები.

ახლა ვნახოთ ზ. ნოდიას სხვა მოსაზრება. ის წერს: "დავაკონკრეტოთ, საკითხი იმის შესახებ, თუ სადამდე შეიძლება გაგრძელდეს დაქვრივებული ეკლესიის უეპისკოპოსობა? პასუხი - ეპისკოპოსის გამოჩენამდე! უეპისკოპოსოდ დარჩენის შემთხვევაში, ეკლესიას ძალუძს გაძლება არა საუკუნეების მანძილზე, არამედ ეპისკოპოსის მოსვლამდე. რა იგულისხმება ამაში? - მხოლოდ ის, რომ - ეკლესია ფუნქციონირებს ეპისკოპოსის გარეშე დროებით: თუ დროზე არ გამოჩნდა ეპისკოპოსი, მაშინ "დროებით დაქვრივებასთან" კი არა - "სრულ დაქვრივებასთანაა" საქმე, ანუ ქრისტეს სწყდება და წარმართობაში გადადის..." (იქვე. გვ. 205). სხვაგან ზ. ნოდიას ასეც წერს: "უეპისკოპოსოდ დარჩენის შემთხვევაში ეკლესია ძლებს არა საუკუნეების განმავლობაში, არამედ ეპისკოპოსის მოსვლამდე. ანუ, მანამ სანამ ყოფნის რესურსები ისარგებლოს შემორჩენილი მარაგით (?)..." (იქვე. გვ. 236).

არ არის ახლა ზემოთ დამოწმებული მსჯელობის ავტორი ჭკუასუსტი? მაშ, თუკი თვით ზ. ნოდია აკონკრეტებს, რომ "ეკლესიის უეპისკოპოსოდ დარჩენა, შეიძლება გაგრძელდეს ეპისკოპოსის გამოჩენამდე" და სწორედ ამას ეწოდება დროებითი დაქვრივება, როგორ არის შესაძლებელი, დროებით დაქვრივებად არ ჩავთვალოთ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაქვრივება, რომელიც ასევე დროის განსაზღვრულ (და არა მუდმივ) პერიოდში გრძელდებოდა და დადგა დრო, როდესაც ეს დანაკლისი აღმოიფხვრა ეპისკოპოსის გამოჩენით?

მოდი, კიდევ უფრო დეტალურად დავუღეჭოთ ჩვენს ოპონენტს ეს საკითხი და ყოფითი ვითარებიდან აღებული მაგალითითაც დავანახოთ თავისი ნათქვამის უაზრობა. აქ უპასუხოდ დავტოვებთ გამონათქვამს, რომ დაქვრივებულ ეკლესიას შეუძლია არსებობა "... სანამ ყოფნის რესურსები ისარგებლოს შემორჩენილი მარაგით", რადგან ეს ძალზე ბუნდოვანი და გაუგებარი წინადადებაა. ამ "მარაგში" ჩვენი ავტორი, ალბათ, ეპისკოპოსზე უქვემოეს სასულიერო დასს, სამღვდელოებას უნდა გულისხმობდეს. საერთოდ, ბუნდოვანება და გაუგებარი წინადადებები ძალზე ახასიათებს ჩვენი "პუბლიცისტის" წერილებს. მისი ნაწერების პროფესიონალი და ობიექტური შემფასებელი დაგვიდასტურებს, რომ მართლწერაში მეორე კლასის მოსწავლეც კი გაასწრებს... ხოლო ეს წინადადება, სადაც "შემორჩენილ მარაგზეა" ლაპარაკი, ოპონენტის "წიგნიერებისა" და "განათლებულობის" მწვერვალად უნდა ჩაითვალოს... ამიტომაც, თავს ავარიდებთ დავიდარაბას და უაზრო წინადადებების გარჩევას და გადავალთ იმის გარკვევაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს ზ. ნოდიას ნათქვამი: "თუ დროზე არ გამოჩნდა ეპისკოპოსი, მაშინ ... სრულ დაქვრივებასთანაა საქმე"? ან იქნებ გაგვარკვიოთ, თუკი ეკლესიას შეძლებია გაძლება ეპისკოპოსის მოსვლამდე, რას უწუნებთ ძველმართლმადიდებლებს, რომლებმაც გაძლეს მათი ეპისკოპოსის გამოჩენამდე და როგორც კი ებოძათ ეპისკოპოსი, თავიანთი რელიგიური ცხოვრება მოაწესრიგეს კიდეც.

საკითხის არსი ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, დავუშვათ ასეთი მაგალითი: ვთქვათ, ადამიანი არის მომაკვდავი და, თუ სასწრაფო დახმარების მანქანამ დროზე არ მოუსწრო, გარდაიცვლება. რითი იქნება სასწრაფოს "დროზე მოსვლა" განპირობებული, ანუ როდის შეგვეძლება თქმა იმისა, რომ სასწრაფო დახმარება "დროზე" მოვიდა ან პირიქით, მოსვლა დაიგვიანა? ¬- ვუპასუხებთ: "დროზე მოსვლა" განპირობებული იქნება ავადმყოფი ადამიანის სიცოცხლით. სანამ ადამიანი ცოცხალია, ჯერ კიდევ არის დრო, მას უშველონ, ხოლო, თუ გარდაიცვლება, უკვე "დრო" აღარ იქნება, სასწრაფო დაიგვიანებს და ადამიანი მას გარდაცვლილი დახვდება.

ახლა ეს მაგალითი გადავიტანოთ ეკლესიაზე და ვკითხოთ ზ. ნოდიას: რას ნიშნავს უეპისკოპოსოდ დარჩენილ ეკლესიასთან მიმართებაში ეპისკოპოსის "დროული" გამოჩენა? თუ უეპისკოპოსობა არის ის სნეულება, რომელმაც შეიძლება მოკლას ეკლესია და რომლის განკურნება მხოლოდ ეპისკოპოსის დროულ გამოჩენას შეუძლია, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ დაქვრივებული ეკლესია ჯერაც ცოცხალია, ოღონდ მძიმე მდგომარეობაშია. ეპისკოპოსის გამოჩენის "დროულობა" განისაზღვრება ეკლესიის სიცოცხლისუნარიანობით. ანუ, სანამ ეკლესია ცოცხალია, ყოველთვის არის დრო ეპისკოპოსის გამოჩენისა. მაგრამ ეკლესია ადამიანი არ არის, მისი სიცოცხლე ასე ხანმოკლე იყოს. ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეულია, რომელსაც შეუძლია საუკუნეები გაძლოს, რადგან მისი თავი ქრისტე უკვდავი და უძლეველია.

მაშასადამე, თუ ეკლესია შეძლებს ქრისტესთან ერთობის შენარჩუნებას, არ ჩავარდება მწვალებლობაში, არ დაარღვევს მისთვის ბოძებულ გადმოცემებს და მართლმადიდებლობას შეინარჩუნებს - ის ცოცხალია. მას ჭეშმარიტი სარწმუნოება აცოცხლებს, რადგან სწორედ ამ შემთხვევაში დარჩება ქრისტე თავის მორწმუნეებთან და განაცხოველებს მას, და თუ ეკლესიამ ასეთი მდგომარეობა შეინარჩუნა საუკუნეების განმავლობაში, ეპისკოპოსი ნებისმიერ დროს ჩაუდგება მას სათავეში და მოუგვარებს მისი არყოფნით გამოწვეულ ყველა პრობლემას. აქ მთავარია, არსებობდეს ეპისკოპოსის გაჩენის კანონიკური შესაძლებლობები. ესენია, პირველი: ხელდასხმა ეპისკოპოსისგან (რასაც ძველმოწესეები ვერ განახორციელებდნენ სრულიად ბუნებრივი მიზეზის გამო, რადგან არ ჰყავდათ ეპისკოპოსი), და მეორე: მწვალებელთა ან სქიზმატიკოსთა საზოგადოებიდან გადმოსული მართლმორწმუნე ეპისკოპოსის მიღება ეკლესიის წიაღში. ამ თემებს დეტალურად ქვემოთ შევეხებით, აქ კი, განვაგრძობთ რა ჩვენი ოპონენტის ჭკუასუსტობის დემონსტრირებას, აღვნიშნავთ კიდევ რამდენიმე წინააღმდეგობას, გამომდინარეს "დროებითისა" და "სრულის" ცნებათა ვერგაგებიდან.

როგორც ზ. ნოდიას მსჯელობიდან ჩანს, მისთვის "დროებითი" არის დროის ხანმოკლე პერიოდში არსებული დანაკლისი, ცვალება, არამუდმივობა, ხოლო თუ რაღაც მოვლენა გაიწელება საუკუნეების განმავლობაში - ის ხდება სრული. ეს არის უაზრობა.

მოდი, ვკითხოთ ზ. ნოდიას - ქრისტეანთა დევნა პირველი სამი საუკუნის განმავლობაში სრული იყო თუ დროებითი? ზ. ნოდიამ, მისი "ფილოსოფიიდან" გამომდინარე, ასე უნდა გვიპასუხოს, - ეკლესიის დევნა პირველი სამი საუკუნის განმავლობაში იყო სრული (რადგან სამსაუკუნოვან პერიოდში არსებულ დაქვრივებას ის "სრულს" უწოდებს და არა დროებითს). ანუ ამის შემდეგ ქრისტეანთა დევნა არ უნდა განმეორებულიყო და არც უნდა განმეორდეს მომავალში, რადგან ის დასრულდა. მიიღო დასრულებული ფორმა. არის კი ასე? ცხადია, არა!

ეკლესია იდევნებოდა არა მარტო პირველი სამი საუკუნის, არამედ მომდევნო საუკუნეების განმავლობაშიც და სასტიკად იქნება დევნილი ანტიქრისტეს ბატონობის პერიოდში. მაშასადამე, დევნულების სამასწლიანი პერიოდი უნდა ჩავთვალოთ დევნულების დროებით პერიოდად და არა მუდმივად, ან სრულად. ზუსტად ასევე, ეკლესიის თითქმის სამასწლოვანი (უფრო ზუსტად, 256 წლოვანი) შეჭირვების (დაქვრივების) პერიოდი რატომ და რის საფუძველზე უნდა ჩაითვალოს "სრულ" დაქვრივებად?! - განა ცხადი არ არის, რომ ამგვარი მტკიცება არის აბსურდი, ხოლო ასეთ აბსურდებს, როგორც უკვე ვთქვით, ამტკიცებენ ან უმეცრები, ან ჭკუასუსტები, ან კიდევ ისინი, ვინც ერთდროულად არის უმეცარიც და ჭკუასუსტიც.

მაშ, თუკი ტერმინი "დროებითი", როგორც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდან გავიგეთ, ყოფილა არამუდმივი, ცვალებადი, წარმავალი მოვლენა, სწორედ ასეთი წარმავალი, დროებითი და არამუდმივი მდგომარეობა გახლდათ ეკლესიის დაქვრივება, როდესაც მას ხანგრძლივი, მაგრამ დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ზ. ნოდიასავე თქმით - "ეპისკოპოსის გამოჩენამდე") არ ჰყავდა ეპისკოპოსი; და ეს დროებითი დაქვრივება აღმოიფხვრა სწორედ მაშინ, როდესაც ეკლესიას გამოუჩნდა ეპისკოპოსი და ეს ზ. ნოდიას თქმით, არის ეკლესიის დროებითი დაქვრივების დასასრული.

ამრიგად, "დროებითის" ცნება ეკლესიასთან მიმართებაში ისაზღვრება არა რამდენიმე ან ათეული, ან კიდევ ასეული წლებით და გნებავთ, საუკუნეებით, არამედ მატერიალური სამყაროს არსებობასთან მიმართებაში. რადგან "წარმავალი დრო, რომელიც აღინუსხება და იზომება, მატერიალური სამყაროს თვისებაა" (დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი. დრო გრიგოლ ნოსელის ფილოსოფიაში. http://georgianpress.ge/com/news/view/19807?lang=1) (URL-ის მიმართვის თარიღი: 04.11.2020). ამიტომაც ყოველივე ის, რაც ხდება ამ პერიოდში, არის დროებითი და წარმავალი და არა მუდმივი ან "სრული".

შეიძლება გვითხრან, რომ წუთისოფელში მუდმივად შეიძლება იწოდოს წარმავალი მოვლენაც, იმისდა მიხედვით, გაგრძელდება თუ არა ეს მუდმივობა წარმავალი დროის სისრულეში. მაგალითად, გარდაცვლილი ადამიანის მდგომარეობა არის მუდმივი, ვიდრე არ მოხდება მკვდრეთით აღდგომა, ან კიდევ: თუ თვით უფალი არ ინებებს გარდაცვლილი ადამიანის კვლავ გაცოცხლებას, როგორც ეს მოხდა თუნდაც გარდაცვლილი ლაზარეს შემთხვევაში, რომელიც უფალმა აღადგინა (იოანე 11:14-44).

მუდმივობა შეიძლება განხილულ იქნას კონკრეტულ პირთან, ადამიანთა ჯგუფთან და მოვლენასთან მიმართებაშიც. მაგალითად, ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად იყო ღარიბი, ან ავადმყოფი, ან მდიდარი და ა. შ. მუდმივობაზე შეგვიძლია ლაპარაკი ისტორიულ ჭრილშიც, როდესაც სუბიექტის ან ობიექტის არსებობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ამა თუ იმ მდგომარეობის ან მოვლენის მუდმივობასთან. მაგრამ არ შეიძლება ამგვარად ლაპარაკი ისეთ დაწესებაზე, როგორიც არის ეკლესია (მისი ე. წ. მებრძოლი ნაწილი), რომელიც თვითონ არის მუდმივი მოვლენა და არსებობს მისი დაფუძნების დღიდან და იარსებებს ვიდრე მეორედ მოსვლამდე.

ამიტომაც, შეცდომაა თქმა იმისა, რომ ეკლესია შეიძლება დაქვრივდეს დროებით და ამ დროებით დაქვრივებაში ვიგულისხმოთ მხოლოდ რამდენიმე წელიწადი და არამც და არამც რამდენიმე საუკუნე. მაშინ როდესაც თვით ეკლესიისთვის, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეულისთვის, თვით წუთისოფელი არის დროებითი, განსაზღვრული მუდმივი სამყოფელი ვიდრე მეორედ მოსვლამდე, რომლის შემდეგაც ეკლესიისთვის იწყება "დროის" ახალი პერიოდი.

"არსებობს დროის მეორეგვარი გააზრებაც, - წერს დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი, - რომელიც ჩვეულებრივი გაგებით არც არის დრო, არამედ სიკეთისაკენ მარადიული ზეაღმავალი სწრაფვა ანუ ეპექტაზი, რომელსაც სული აღწევს მაშინ, როცა უკან მოიტოვებს ზეაღსვლის ყოველ წინასწარ ეტაპს და მიაღწევს სრულ თავისუფლებას, რაც გულისხმობს თავის თავში ახალ-ახალი სიმაღლეების უსასრულოდ აღმოჩენას... დრო ეპექტაზში დაუსრულებელია ანუ მარადიულია" (დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი. დრო გრიგოლ ნოსელის ფილოსოფიაში. http://georgianpress.ge/com/news/view/19807?lang=1) (URL-ის მიმართვის თარიღი: 04.11.2020).

ამრიგად, ეკლესიასთან მიმართებაში ამქვეყნად მომხდარ მოვლენას მუდმივი მაშინ შეიძლება ეწოდოს, როდესაც დასრულდება ეკლესიის ამქვეყნიური არსებობა, როდესაც შესაძლებელი იქნება ეკლესიის ამქვეყნიური ცხოვრების სისრულის გააზრება და დანახვა იმისა, თუ რა იყო მისთვის ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივი და რა დროებითი; ანუ მუდმივობა და დროებითობა შეიძლება განხილულ იქნას არა მარტო მარადისობასთან, არამედ თვით წარმავალ წუთისოფელთან მიმართებაშიც, რადგან წუთისოფლის არსებობის პერიოდშიც არის რაღაც მუდმივად განგრძობადი და რაღაც დროის ხანმოკლე პერიოდში არსებულიც.

თუმცა თვით წუთისოფელიც მთლიანად არის დროებითი და წარმავალი. კარგად გამოხატა ეს წმ. მოციქულმა პავლემ, რომელიც ამბობს:  "ყოველივე ხილული წარმავალია" და არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს ხილული - სიხარული თუ განსაცდელი. ერთიც და მეორეც დროებითია ამ წუთისოფელში და თვით წუთისოფელიც დროებითია. "წმ. მოციქულმა პავლემ, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - ერთი გამოთქმით გვიჩვენა იმ სიხარულისა და მწუხარების ამაოება, რომელსაც ამ წუთისოფელში განვიცდით: "ხილული წარმავალია, უხილავი კი  წარუვალი" (2 კორ. 4:18). მაშ, რატომ უნდა გვეშინოდეს წარმავალის, მდინარესავით რომ ჩაივლის? რადგან ასეთია აწმყო - მიუხედავად იმისა, სიხარულის მომტანია იგი თუ მწუხარების. სხვა წინასწარმეტყველმა კაცის ბედნიერება ბალახსაც კი არ შეადარა, არამედ კიდევ უფრო კნინს და ყველაფერს ერთად უწოდა "თივის ყვავილი" და ამგვარად მიიჩნია არა მარტო ბედნიერება, მაგალითად, სიმდიდრე ან ფუფუნება, ან ძალაუფლება და პატივი; არამედ ყველაფერი, რაც კი კაცთა შორის სასახელოდ მიიჩნევა, და მოიცვა ისინი ერთი სიტყვით, "დიდება", შემდეგ კი ეს "დიდება" შეადარა თივას და ბრძანა: "ყოველი ხორცი თივა და ყოველი დიდებაი კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა" (ესაია 40:6) (Творения святого отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольского, в русском переводе. Издание СПб. Духовной Академии, 1897. Том 3, Книга 2, Письма к разным лицам, с. 560-817. Творения святого отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольского, в русском переводе. Издание СПб. Духовной Академии, 1906. Том 12, Книга 3, Дополнение к письмам св. Иоанна Златоуста, с. 1001-1002).

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი ბრძანებს, რომ სიტყვებით "ხილული წარმავალია, უხილავი კი - წარუვალი" (2 კორ. 4:18) მოციქული "გვიჩვენებს, რაოდენ იოლია გაჭირვება, რადგან ყოველი ხილული, წარმავალიაო, შედეგად, ჭირვებაც და განცხრომაც, რადგან ისიც ხილულია. სწორედ იმიტომ თქვა "ხილული", რათა მოეცვა განცხრომაც. ასე რომ, ნურც განსაცდელში დავბრკოლდებით და ნურც განცხრომას მივეცემით. თუკი ყოველი ხილული წარმავალია, ხოლო უხილავი წარუვალი, მაშინ მისი სასუფეველი და სატანჯველიც მარადიულნი და წარუვალნი არიან. ამიტომაც, ეძიეთ პირველი (სასუფეველი) და გაექეცით უკანასკნელს (სატანჯველს)" (2-ое послание к коринфянам ап. Павла. https://ekzeget.ru/bible/2oe-poslanie-k-korinfanam-ap-pavla/glava-4/stih-18/) (URL-ის მიმართვის თარიღი: 04.11.2020).

ახლა ყურადღება მივაქციოთ სხვა მომენტებს. ვფიქრობთ, ზ. ნოდია ავლენს არა მარტო უმეცრებას და ჭკუასუსტობას, არამედ უკიდურეს კადნიერებასაც, რადგან ზღვარს უდებს ღმრთის ყოვლისშემძლეობას. ჩვენი "პუბლიცისტი" წერს:  "უეპისკოპოსოდ დარჩენის შემთხვევაში, ეკლესიას ძალუძს გაძლება არა საუკუნეების მანძილზე, არამედ ეპისკოპოსის მოსვლამდე" (იქვე). აუცილებლად უნდა ვიკითხოთ, საიდან იცის ზ. ნოდიამ, სადამდე ძალუძს ეკლესიას გაძლება? ან საიდან იცის, რომ მას არ ძალუძს გაძლება საუკუნეების განმავლობაში? ზ. ნოდიას ეს მტკიცებულება ღმერთს შეურაცხყოფს სამმხრივ და ბადებს სამმაგ ერესს:

1) ზ. ნოდია ეჭვქვეშ აყენებს ეკლესიის უძლეველობას.

ეკლესია, რომელსაც უძლეველობა აღუთქვა მაცხოვარმა, არის მისი სხეული, ხოლო თავი ეკლესიისა არის თვით ქრისტე. უძლეველობა ნიშნავს იმას, რომ ეკლესიას უეპისკოპოსოდაც შეუძლია გაძლოს იმდენი ხანი, რამდენი ხანიც ამას დაუშვებს ქრისტე; ანუ მტკიცებულებით, თითქოსდა "ეკლესიას არ ძალუძს გაძლება საუკუნეების მანძილზე", ზ. ნოდიას ეჭვი შეაქვს ეკლესიის უძლეველობაში. ეს არის პირველი მწვალებლობა.

2) ზ. ნოდიას ეჭვი შეაქვს ღმრთის ყოვლისშემძლეობაში.

ეკლესიის ცხოვრებას, ისევე როგორც მთელი კაცობრიობისას, ღმერთი განაგებს. ამიტომაც, თქმა იმისა, რომ ეკლესიას შეუძლია მცირე ხნით (მაგალითად, სამი წლით ან ხუთი წლით) დაქვრივება, მაგრამ არამც და არამც არ შეუძლია სამასი წლით, ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეძლებია თვით ღმერთს, ქრისტეს, ეკლესიის თავს, რომლის სხეულიც არის ეკლესია. მაშ, რატომ ვუწოდებთ ღმერთს ყოვლისშემძლეს? ამრიგად, ზ. ნოდია ცხვირს ჰყოფს საღმრთო განგებულებაში და დარწმუნებული აცხადებს, თუ რა შეუძლია ღმერთს და რა არა. ამაზე დიდი მკრეხელობა რა შეიძლება იყოს?!

ჩვენს "პუბლიცისტს" უნდა ავუხსნათ, ეკლესიის დამარცხება იმიტომაც არის შეუძლებელი, რომ მისი საძირკველი და თავი არის ქრისტე და ვისაც ამისი ეეჭვება, ვინც ღმრთის ყოვლისშემძლეობას ზღუდავს ამქვეყნიური პირობებით და ამბობს, თუ ეკლესიას არ ეყოლება ეპისკოპოსი, მაშინ ქრისტე, როგორც თავი ეკლესიისა, ვერ იფუნქციონირებს და ეკლესია ვერ იარსებებს;  ან კიდევ, თუ იტყვის, რომ დასაშვებია დროებით, მაგალითად, სამი ან ხუთი წლით დაქვრივება ეკლესიისა, მაგრამ შეუძლებელია, ეკლესია უეპისკოპოსოდ არსებოდეს სამასი წელი, ის კვლავ წუთისოფლის პირობებში აქცევს ქრისტეს ძალას, ზღუდავს ღმერთს, თითქოსდა კაცის შეხედულებაზე იყოს დამოკიდებული ღმრთის ყოვლისშემძლეობა, რომლის შესახებაც ითქვა, რომ მისთვის "ათასი წელი, როგორც ერთი დღე" (2 პეტრე. 3:8), ვამბობთ - აი, ასეთი ადამიანი, ვინც მსგავს რამეს ამტკიცებს, არის უკეთურზე უკეთური მწვალებელი.

3) ზ. ნოდია ეკლესიის უძლეველობას ამყარებს ეპისკოპატზე და არა მაცხოვარზე.

როგორც ზემოთ დამოწმებული მრავალი განმარტებიდან ვნახეთ, ქრისტეს ღმერთკაცობისადმი რწმენა (ზოგიერთი წმიდა მამის განმარტებით, თვით ქრისტე) არის ეკლესიის ურყევი და უძლეველი კლდე. ის, რომ ზ. ნოდია ეკლესიის უძლეველობას ამყარებს ეპისკოპატზე, მკაფიოდ არის გაცხადებული მის მსჯელობაში, სადაც ის ირწმუნება, რომ ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე არ არსებობს (ზემოთ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით). ეს არის მესამე მწვალებლობა.
5
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому