აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III_XIV_წინასწარმეტყველთა სიტყვა "მეძავ ეკლესიას" - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
მეძავი ბაბილონი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი XIV
___________________________________________________________________________________________________________________________________

წინასწარმეტყველთა სიტყვა "მეძავ ეკლესიას"

კიდევ ბევრი რამის თქმა შეგვეძლო ზ. ნოდიას მწვალებლურ ნაცოდვილართან დაკავშირებით, მაგრამ ყველა ამ ცთომილების განხილვა შორს წაგვიყვანს. ვფიქრობთ, რაც ვთქვით, სავსებით საკმარისია, რათა მკითხველს სწორი წარმოდგენა შეექმნას ამ პიროვნების ცოდნასა და განათლებაზე, ასევე იმ პუბლიკაციებზე, რომლებიც მან თავის ყოფილ თანამოძმეებსა და მოძღვარს - ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და მათ არქიეპისკოპოს პავლეს (ხორავა) მიუძღვნა; და რაც მთავარია, სწორი წარმოდგენა შეექმნას იმ არაობიექტურობასა და მიკერძოებულობაზე, იმ დემაგოგიასა და ყალბ პროპაგანდაზე, რომელსაც ეწევა ეს რელიგიურად გაუნათლებელი ადამიანი. მისი შეხედულებების ტირაჟირება პრესით, სოციალური ქსელებითა და მომრავლებული კერძო ტელეარხების მეშვეობით, უფლებას არ გვაძლევდა, გავჩუმებულიყავით რელიგიურ საკითხებში ჩაუხედავი და ამ არაკომპეტენტური პიროვნების მიერ "გაშუქებულ" საკითხებზე, რათა ფართო საზოგადოებას ჩვენი ძველმართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ არასწორი წარმოდგენა არ შექმნოდა. სწორედ ამან გვაიძულა ზ. ნოდიას სრულიად უღირსი და მდაბიური ნააზრევისთვის ესოდენი ადგილი დაგვეთქმო ჩვენს წიგნში, რაც იოტისოდენადაც არ არის განპირობებული ზ. ნოდიას არც პიროვნების და არც მისი თხზულების მნიშვნელობით. ზ. ნოდიას მიერ ტირაჟირებული უაზრო ბრალდებების განხილვას ამით დავამთავრებდით, რომ არა კიდევ ერთი თემა, რომელიც წინამდებარე ნაშრომის ბოლო ნაწილისთვის შემოვინახეთ. ერთი მხრივ, ის ეხება ზ. ნოდიას ზნეობრივ მდგომარეობას, ასევე იმას, თუ როგორ ესმის მას ქრისტეანობა და, მეორე მხრივ, უფრო ფართო პლანში - ეს გახლავთ ერთგვარი შეფასება იმისა, თუ რას წარმოადგენს ის ეკლესია, რომელსაც ის "ხმალამოწვდილი" იცავს.


1. ზ. ნოდიას მუქარა

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ზ. ნოდიამ კრებულში "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" ჩვენს წინააღმდეგ დაწერილი "ახალი" პუბლიკაციის გარდა ("ქართველ სტაროვერთა სამხილებლად") (გვ. 189), განათავსა ძველი პუბლიკაციებიც საერთო სახელწოდებით "წერილები". ჩხადია, ამ წერილებში, ისევე როგორც მის "ახალ" პუბლიკაციაში, ახალი არაფერია. ზ. ნოდია ძველმოწესეობისადმი მიძღვნილ ყველა წერილსა თუ პუბლიკაციაში ერთსა და იმავეს ნაყავს... ოღონდ სხვადასხვანაირად კაზმავს და ვითომცდა ახალი "არგუმენტაციის" იმიტაციას ქმნის, რადგან ძველმართლმადიდებლობასთან სალაპარაკო მას უკვე აღარაფერი დარჩა. ასეთია მისი მესამე "წერილი", რომელიც მან თავის ახალგამომცხვარ წიგნში გამოაქვეყნა ვითომცდა იმისთვის, რათა "მკითხველს სრული წარმოდგენა შექმნოდა "სტაროვერთა" გარშემო 2011-დან 2016-მდე მიმდინარე "ეპისტოლარულ მიმოწერაზე" (გვ. 221). სინამდვილეში, ამ წერილების გამოქვეყნებით, რომელსაც ავტორმა, უკვე აღნიშნულის გარდა, არ დაურთო არანაირი განმარტება, ფაქტობრივად, ჩვენ მიმართ (და კონკრეტულად ჩემ მიმართ) შეინარჩუნა ის დამოკიდებულება, რაც 2011-2016 წლებში ჰქონდა. თუ რა დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი ეს ჩვენ მიერ განხილულ უამრავ ბრალდებაში ვნახეთ, მაგრამ არის ერთი, რომელიც გაკვირვებას იწვევს უკვე არა მისი ავტორის უცოდინრობით დოგმატიკის, კანონიკის, ლიტურგიკის თუ ისტორიის სფეროებში, არამედ ზნეობის სფეროში, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის, მით უმეტეს, ქრისტიანისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია.

ზ. ნოდიას მიერ მითითებულ წლებში, როდესაც ჩვენ შორის საეკლესიო საკითხებზე გამართული დავა ძლიერ გამძაფრდა, ჩვენ ოფიციალური ეკლესია სულიერ მეძავობაში ვამხილეთ და შესაბამისი ადგილებიც დავიმოწმეთ წმიდა წერილიდან. მაგრამ, სამწუხაროდ, ზ. ნოდიამ, ჩვენი გამონათქვამი ოფიციალური ეკლესიის "მეძავობაზე" საკმაოდ მშვინვიერად გაიგო და "დედის გინებად" შერაცხა. ცნობილია, როდესაც პოლემიკაში ადამიანს არგუმენტები ელევა, ის უხეშობას და პირდაპირ ძალადობასაც კი მიმართავს. ასე დაემართა ზ. ნოდიასაც. არა იმდენად მისი ეკლესიის "დაცვის" მიზნით, რამდენადაც ჩემთან პირადი და ფიზიკური ანგარიშსწორების განზრახვით, ზ. ნოდიამ თავისი შინაგანი ბოღმა და არაქრისტეანული აღტყინება სრული სიმძაფრით გაამჟღავნა. თავის მესამე წერილში (იხ. ხს. წიგნი. გვ. 245), რომელსაც ეწოდება: "ავთო ხორავას - მომიტევებია პირადი მტრობა, სულიწმიდის გმობას არ გაპატიებ" - ზ. ნოდია თავშეუკავებლად გვემუქრება.

ამ წერილის შინაარსის გადმოცემას აზრი არა აქვს, რადგან, როგორც დანარჩენ "წერილებში", და მის ახალ პუბლიკაციაში სათაურით "ქართველ სტაროვერთა სამხილებლად", ერთი და იმავე "არგუმენტაციით", ერთი და იმავე ბოღმითა და მრისხანე აღტყინებით არის გადამღერებული ერთი და იგივე თემა, რასაც არანაკლებ არაქრისტიანული მუქარა "აგვირგვინებს".

ზ. ნოდია წერს: "მართლაცდა, ვერ "წარსტყვევენ ეკლესიას ჯოჯოხეთის ბჭენი" და როგორღა უნდა ითქვას მასზე ის სიბილწე (სიძვა, მეძავობა - არქიეპ. პ.), რასაც ეს საბრალობელი (ანუ მე - არქიეპ. პ.) ბედავს, რადგან ქრისტეს ეკლესიის დაცემა (იმ უხამსობას ვერ გავიმეორებს, რასაც კადრულობს!) (ანუ სიძვა, მეძავობა - არქიეპ. პ.) შეუძლებელია და სწორედ ეკლესიის ამ თვისების გამო იგი მოურეველია!" (იქვე. გვ. 249).

"უგუნურო, - აგრძელებს ჩემი მისამართით ზ. ნოდია, - ისე შესტოპე შენს ეშმაკეულობაში (როცა ბილწი სიტყვებით ლანძღავ დედა-ეკლესიას), რომ ვეღარ ხვდები რა გელის!.. არ იცი განა, რას ნიშნავს დედის გინება?! ამით ხომ არა მარტო მე, არამედ მთელს მრევლს იწვევ?! ყველანაირად შეძელი აუგად მოგეხსენიებინა ქრისტეს ეკლესია და რაც შესაძლოა პირად მტერს აპატიო, არ ეპატიება სულიწმიდის მგმობელს! შენნაირებს წმიდა ნიკოლოზი თავში კვერთხის ჩარტყმით გაუმასპინძლდა და მეც, ალბათ იგივენაირად მოგექცევი. მხოლოდ ერთი რამ მაბრკოლებს - შენ ნორმალურის შთაბეჭდილებას არ ტოვებ და შენზე ხელის აღმართვა არ ეგების..." და ა. შ. ... ბოლოს კი ამ ბოღმის ნთხევას წყევლა-კრულვით ამთავრებს: "... დაე, ღმერთმა აღასრულოს შენზე ის, რაც მსგავს შემთხვევებში მოუქმედნია! და დაე, აღასრულოს იმ ერეს იერარქებზეც, რომლებიც არ იშლიან დედა-ეკლესიის სიწმინდის შებღალვას!!!" (იქვე. გვ. 250).

აი აქ, ამ სიტყვებში ჩანს დემონური ხავილი... ადამიანის წარწყმედის, დაღუპვის დაუოკებელი სურვილი... ანგარშისწორების ჟინი... და ეს ჩვენი ყოფილი სულიერი შვილის და დღევანდელი დაუოკებელი მტრის სულიერი პორტრეტის უბადლო მაჩვენებელია. ვწუხვართ, რომ ადამიანი, რომელიც თავს მართლმადიდებელ ქრისტეანად მიიჩნევს, კადრულობს არა მარტო სიცრუეს ძველმართლმადიდებლობის მიმართ (რის წარმოჩენასაც უდიდესი ადგილი დავუთმეთ ჩვენს წინამდებარე ნაშრომში), არამედ ბოროტმზრახველობასაც. ის ვარდება ყველაზე უმძიმეს ცოდვაში - უსიყვარულობაში და მისთვის საძულველ ადამიანებზე ღმრთის უსასტიკეს განჩინებას ელოდება.

ნიშანდობლივია და სულაც არ არის გასაკვირი ჩემდამი დაპირისპირებული ზ. ნოდია "თავის გატეხვას" და "ფიზიკური მოსპობას" რომ მისურვებს, რადგან ეს მისი შინაგანი ნატურის გარეგანი გამოვლინებაა. როგორც დიდი შოთა რუსთაველი ამბობდა: "კოკასა შიგან რასა სდგას, იგივე წარმოსდინდება". მაგრამ, ვფიქრობთ, ზ. ნოდიას დაავიწყდა ღმრთის ნებისა და მიშვების გარეშე დედამიწაზე რომ არაფერი ხდება. სწორედ ამაზეა ნათქვამი: "კაცი ბჭობდა - ღმერთი იცინოდაო". ზ. ნოდიას სერიოზული დაფიქრება მართებს მსგავსი მუქარებით გამოსვლისას, რადგან შესაძლოა ღმერთმა მისი სურვილი არ აასრულოს და "სალმობაი მისი მიექცეს თავსა მისსა" (ფსალმ. 7:16).

თავისი ხასიათით ზ. ნოდია წარმოგვიდგება ურაპატრიოტიზმით, ამპარტავნებით, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით, ხიბლითა და უსაზღვრო ამბიციებით აღტყინებულ პიროვნებად. ექვსი წლის წინათ დაწერილი "წერილების" თავის ახალ წიგნში განმეორებით ზ. ნოდიამ აჩვენა, რომ მას ადრინდელი ბოღმა და ღვარძლი სულაც არ განელებია, მაშინ, როდესაც ჩვენ არაერთხელ ვცადეთ მასთან კონტაქტის დამყარება. მის მეუღლეს შევთავაზეთ კიდეც, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხები პირად მიმოწერაში განგვეხილა და ამ ახალ წიგნში ეს თემები არ შეეტანა. არა იმიტომ, რომ შეგვეშინდა, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდით ზ. ნოდიას ცოდნა-განათლება სარწმუნოების სფეროში, და ისიც, თუ რა საცოდაობას დაწერდა და მწვალებლობათა ქადაგებით საკუთარ თავს როგორ განსაცდელსაც მოაწევდა.

მაგრამ სულ სხვაგვარად გადაწყვიტა ზ. ნოდიას გონებამ. სავარაუდოდ, მან იფიქრა, რომ ჩვენ მისი შეგვეშინდა და არათუ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა, არამედ შესაშური მონდომებით შეუდგა ძველი პუბლიკაციების გადამღერებას, მეტიც, სოციალურ ქსელ "Facebook"-ზე ზ. ნოდიას მეუღლემ, ლია რუსიაშვილმა, დიდის რიხით და სიამაყით გამოგვიცხადა კიდეც, რომ მის მეუღლეს ჩვენს წინააღმდეგ მომზადებული ჰქონდა გამანადგურებელი "არტილერია". როგორც ვნახეთ, ეს "არტილერია" გამართული ვერ აღმოჩნდა და ყველა ჭურვი, რომელიც ახალგამომცხვარმა "თეოლოგმა" და "პუბლიცისტმა" ჩვენ დაგვიმიზნა, ხელშივე "აუფეთქდა". ამდენი მწვალებლობა ერთ წიგნში, თანაც გადმოცემული ასეთი უწიგნურობითა და საკითხის უცოდინრობით, იშვიათად თუ გვინახავს და გვსმენია. ახლა კი ზ. ნოდია, რომელსაც ჰგონია, რომ გამანადგურებელი "არტილერიით" გვებრძვის, "თავში კვერთხის ჩარტყმითაც" გვემუქრება, როგორც თურმე წმ. ნიკოლოზს უქნია არიოზისთვის და ამასაც არ ჯერდება - ღმერთს შესთხოვს ჩვენს განადგურებას და ქრისტეანისთვის შეუფერებელი აღტყინებით გვითვლის წყევლა-კრულვას: "დაე, ღმერთმა აღასრულოს შენზე ის, რაც მსგავს შემთხვევებში მოუქმედნია! და დაე, აღასრულოს იმ ერეს იერარქებზეც, რომლებიც არ იშლიან დედა-ეკლესიის სიწმინდის შებღალვას!!!"

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ზ. ნოდიამ არ უწყის, უსამართლო წყევლას ღმერთი არ ჰკრავს და ის მაწყევარსვე უბრუნდება (ამის შესახებ იხ. ღირ. იოსებ ვოლოკოლამელის (XV ს.) "განმანათლებელი" (Просветитель) და მეორეც, თუკი ზ. ნოდია "დედა-ეკლესიის სიწმიდის შემბღალველებზე" ღმრთის საშინელ განჩინებას ელოდება, რას უნდა ელოდოს თვითონ, როგორც შემბღალველი წმიდა დედა-ეკლესიის მართლმადიდებლური სწავლებებისა?! ჰოი, უგუნურებავ! არ დაემართოს ზ. ნოდიას ის, რაც წმიდა დავით ფსალმუნთმგალობელს უთქვამს: "ხნარცვი თხარა და აღმოჰკუეთა იგი და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელიცა ქმნა. მიექცეს სალმობაი მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი თხემსა მისსა ზედა დაუხდეს" (ფსალმ. 7:15-16).


2. სცემა თუ არა წმ. ნიკოლოზმა არიოზი?

ზ. ნოდია თავისი აღტყინებული ბოღმის დაკმაყოფილებას ეკლესიის დიდი წმინდანის ცხოვრებაში ეძებს და ვერც ხვდება, რომ აქაც უდიდეს მკრეხელობას ჩადის.

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ყოველი სიტყვა ან ქმედება, რომელიც სახარების საწინააღმდეგოა, თუნდაც წმინდანთა თხზულებებში ან მათ ცხოვრებაში გვხვდებოდეს, არ არის მოსაწონი - წმინდანებიც ადამიანები იყვნენ და როგორც ვნებებს დაქვემდებარებულნი, ცდებოდნენ კიდევაც, რაზეც წინამდებარე ნაშრომის პირველ ნაწილშიც აღვნიშნეთ.

მეორეც, წმ. ნიკოლოზს ასეც რომ ექნა, გადმოცემის მიხედვით, ის არ გაამართლა პირველმა მსოფლიო კრებამ და მას ხარისხი ჩამოართვა, ხოლო შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ეს პატივი წმ. ნიკოლოზს სასწაულებრივად დაუბრუნა, რაც მისი მოქმედების კურთხევას სულაც არ ნიშნავს. წმ. მართლმადიდებელი ეკლესია თვით მწვალებელთა მიმართაც კი ასწავლის, რომ მათ უნდა მოვექცეთ მშვიდად და ლმობიერად, რათა მივიზიდოთ ისინი სინანულზე (კართაგენის კრების 66-ე კანონი. დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 263-264). აქ კი რას ვხედავთ? მართლმადიდებელ ქრისტეანებზე აღბორგებული ზ. ნოდია ჩვენს დასჯას ჯერ თავში კვერთხის ჩარტყმით ელტვის და, ამასაც რომ არ ჯერდება, უფალს შესთხოვს ჩვენს მოსპობას. რისთვის? - იმ სიმართლისთვის, რაც ჩვენგან ისმის ზ. ნოდიასნაირი მწვალებლების სამხილებლად, იმათ სამხილებლად, რომლებიც თავს "მართლმადიდებელს" უწოდებენ და არ არიან.

და მესამეც, კარგა ხანია, მეცნიერებმა და თეოლოგებმა ეჭვქვეშ დააყენეს წმ. ნიკოლოზის მიერ არიოზის ცემის "ფაქტი", რომ თითქოსდა წმ. ნიკოლოზმა არიოზს სილა გააწნა (კვერთხის თავში ჩარტყმაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია).

ერთ-ერთ ქართულ საიტზე ვკითხულობთ: "დათქმული დროისათვის ყველა ქვეყნიდან ნიკეაში ჩამოვიდნენ ეპისკოპოსები. ჩამოვიდა წმინდა ნიკოლოზიც. იმპერატორიც დაესწრო ამ კრებას. კრება შედგა სამეფო სასახლის ერთ-ერთ დარბაზში. კრებაზე დამსწრეთა რიცხვი 2000-ზე მეტი იყო. მათგან ეპისკოპოსთა რიცხვს 318 შედაგენდა. მათ შორის იყვნენ: ოსია კორდუბელი, ევსტათი ანტიოქელი, მაკარი იერუსალიმელი, სპირიდონ ტრიმიფუნტელი და სხვები. კრების სხდომამ 2 თვემდე გასტანა. ეპისკოპოსთა სკამები დარბაზის გარშემო დადგეს, შუაში კი იდო წმიდა წერილი, როგორც ჭეშმარიტების უტყუარი მოწმობა. მისთვის უნდა შეესაბამებინათ კრების გადაწყვეტილება. კრებას იმპერატორი თავმჯდომარეობდა. მან ეპისკოპოსებს მიმართა სიტყვით და გამოხატა თავისი სიხარული მათი ასეთი მრავალრიცხოვნების გამო. შემდეგ იწყეს არიოზის წინადადების განხილვა. არიოზი ჯიუტად იცავდა თავის შეხედულებებს, მას მხარს რამდენიმე ეპისკოპოსიც უჭერდა. არიოზი ისეთი კადნიერებით გამოირჩეოდა თავის მტკიცებებში, რომ ნიკოლოზმა, რომელიც თვითონაც იღებდა ამ კამათში მონაწილეობას, ვერ მოითმინა და ყველას თანდასწრებით მას სილა გააწნა. ეკლესიის მამებს ეს საქციელი შეუფერებლად მოეჩვენათ და ნიკოლოზს მთავარეპისკოპოსის ხარისხის შესამოსელი გახადეს. მაგრამ მალე იხილეს, როგორ გადასცა ნიკოლოზს თვითონ უფალმა სახარება, ღვთისმშობელმა კი - ომოფორი. ამ ხილვის შემდეგ მათ დაუბრუნეს ნიკოლოზს ძველი წოდება და პატივი მიაგეს (წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება. http://www.orthodoxy.ge/tveni/dekemberi/nikoloz.htm) (URL-ის მიმართვის თარიღი: 01.12.2020).

"მაგრამ არსებობს თუ არა ამ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მტკიცებულების რაიმე საფუძველი? - სვამს კითხვას მღვდელი ფილიპ პარფენოვი სტატიაში "სიკეთე მუშტებით: დაარტყა თუ არა წმიდა ნიკოლოზმა არიოზს?" - შეგვიძლია თუ არა ვიპოვოთ რაიმე მითითება ამაზე წმიდა მამებისეულ ან საღვთისმსახურებო გადმოცემაში?" (Священник Филипп Парфенов. Добро с кулаками: Ударял ли святитель Николай Ария? https://www.pravmir.ru/dobro-s-kulakami-udaryal-li-svyatitel-nikolaj-ariya) (URL-ის მიმართვის თარიღი: 01.12.2020).

«ღირ. ანდრია კრიტელის (660-740) "საქებარ სიტყვაში", რომელიც მან წმ. ნიკოლოზს მიუძღვნა, მოყვანილია ასეთი საინტერესო ცნობა, სადაც წმ. ნიკოლოზს აღევლინება ქება მწვალებლობაში შთავარდნილი ერთი ეპისკოპოსის მოქცევისთვის: "ვის არ გააოცებს შენი სულგრძელობა? ვის არ გააკვირვებს შენი თვინიერება? შენი მშვიდობის მოყვარე და მორჩილი სული? ოდესღაც, როგორც ამბობენ, ქრისტეს ვენახს რომ ათვალიერებდი, წააწყდი ნეტარსახსენებელ კაცს თეოგენს (რომელიც მაშინ მარკიონიტელი ეპისკოპოსი იყო), წერილის სიტყვებით მანამდე ამხილე მისი ცთომილება, სანამ სიცრუიდან ჭეშმარიტებისკენ არ მოაქციე. მაგრამ რადგან მასში მიმალული იყო გაღიზიანება, რომელიც გამოიწვია ამ მხილებამ, შენ, შენიშნე რა ამგვარი განწყობა, ამაღლებული ხმით წარმოთქვი მის მიმართ ეს სამოციქულო დარიგება: "მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა" (ეფეს. 4:26). ძმაო ჩემო! შევრიგდეთ"» (იქვე).

ეს მოწმობა სრულიად ეთანხმება იმ დახასიათებას, რომელიც ეძლევა წმიდა ნიკოლოზს მის ტროპარში: "კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო". მაშ, შეეძლო კი ასეთ ადამიანს, ვინმესთვის ან სილა გაეწნა ან წიგნი ჩაეცხო თავში და მით უმეტეს კვერთხი, რომელიც ჩვენს თავზე აღუმართავს ზვიად ნოდიას?

"წმ. ნიკოლოზის ცხოვრების ჩვენამდე მოღწეულ პირველ "ცხოვრებაში", რომელიც ღირ. სიმეონ მეტაფრასტს ეკუთვნის (X ს. ქრისტეს შობიდან) პირველი მსოფლიო კრების საქმეებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ამ კრებაზე წმიდა ნიკოლოზიც მონაწილეობდა. ის გადაჭრით აღსდგა არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ, უარყო იგი და იმის შემდეგ, რაც კრებამ მართლმადიდებლური სარწმუნოების ურყევი კანონი დაადგინა, ნიკეა დატოვა და თავის სამწყსოს მიაშურა. მეტი წმ. ნიკოლოზის ცხოვრების მოცემულ ვერსიაში არაფერია ნათქვამი.

წმ. ნიკოლოზის მიერ არიოზის ცემის ფაქტს ვერც საღვთისმსახურებო ტექსტებში ვხვდებით. მაგალითად, 6/19 დეკემბერს შეიძლება ვიპოვოთ მთელი რიგი მითითებები იმაზე, რომ წმ. ნიკოლოზმა ქმედითი როლი ითამაშა ნიკეის კრების სარწმუნოების სიმბოლოს შედგენის საქმეში, მაგრამ არსად არ არის მინიშნება, რომ მან არიოზს სილა გააწნა ან სხვა სახის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, წმიდა მამებისეული და საღვთისმსახურებო გადმოცემის საწინააღმდეგოდ, წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებაში ჩნდება სრულიად შეუფერებელი ამბები, რომლებიც წიგნიდან წიგნში გადადის და ქადაგებიდან ქადაგებაში ისმის. რა თქმა უნდა, ასეთია ცნობილი ჩანართი ვითომცდა წმ. ნიკოლოზის მიერ "არიოზის" ცემის შესახებ.

დეკანოზ ლიბერი ვორონოვის გამოკვლევის თანახმად, რომელიც 1961 წელს მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალში გამოქვეყნდა (Святитель Николай - ревнитель и защитник православия; № 6, сс. 6575; № 7, сс. 6674), ამგვარი თქმულება (არიოზის ცემის შესახებ) ჩნდება მხოლოდ XVI საუკუნეში იპოდიაკვან დამასკინოს თესალონიკელის წყალობით, შემდეგ კი ის ხვდება დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრების" რედაქციაში.

ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსები ვ. ვ. ბოლოტოვი და ა. ვ. კარტაშევი პირველ მსოფლიოს კრებაზე წმ. ნიკოლოზის მონაწილეობასაც კი ლეგენდად მიიჩნევენ, რასაც ისტორიული საფუძვლები არა აქვს, მაგრამ დეკ. ლიბერი მიიჩნევს, რომ არ არის მართებული საღმრთისმსახურებო გადმოცემისა და პატრიარქ ფოტიდან მოყოლებული, ზოგიერთი ბიზანტიელი მამის გადმოცემების უგულებელყოფა: მათ შეხედულებას შესაძლოა, საფუძველი ჰქონოდა; შესაძლოა წმ. ნიკოლოზი, რომელიც კრების დელეგატთა რიცხვში არ შედიოდა, მძაფრად დაუპირისპირდა არიოზს და წმიდა მამამ ეს მწვალებელი მკაცრად დაგმო, ოღონდ, რა თქმა უნდა, სიტყვიერად.

მაშინ თვით არიოზის მომხრეებმა, იმპერატორ კონსტანტინესთან დაახლოებული ეპისკოპოსის ევსები ნიკომიდიელის ჩათვლით, გადაწყვიტეს, გასწორებოდნენ მას და ციხეში ჩაემწყვდიათ. არიოზის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევაში, წმიდა მოციქულთა 27-ე კანონის თანახმად, არც ერთ ეპისკოპოსს არ ექნებოდა ხარისხსში აღდგენის უმცირესი შანსიც კი ("ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც სცემს ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს, ან ძალადობის ჩამდენ ურწმუნოს, ვბრძანებთ მის განკვეთას, რადგან უფალს ეს კი არ უსწავლებია ჩვენთვის, არამედ ამისი საწინააღმდეგო (გვასწავლა), ვინაიდან მას სცემდნენ და ნაცვლად ამისა იგი არ სცემდა, აგინებდნენ და არ აგინებდა, იტანჯებოდა და არ პასუხობდა" (1 პეტ. 2,23)". დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 165).

ხოლო 55-ე კანონის მიხედვით ("თუ რომელიმე პირი ეპისკოპოსს აგინებს, განიკვეთოს, რადგან ნათქვამია: "შენი ერის მთავარზე ძვირი არ თქვა" (საქმე 23:5)), პატივის აყრის ალბათობა საკმაოდ დიდია. სწორედ მაშინ დაიბადა სასწაულებრივი საღმრთო ჩარევის ვერსია წმინდანის მოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც, წმინდანის ცხოვრების გვიანდელი რედაქციების მიხედვით, უკვე ღირ. სიმეონ მეტაფრასტის შემდეგ გაჩნდა!

დეკ. ლიბერი ვარაუდობს, რომ დრომდე და ჟამამდე წმ. ნიკოლოზის მიერ არიოზის მხილების ზეპირ გადმოცემას წერილობით არ აფიქსირებდნენ და ერიდებოდნენ მის გასაჯაროებას, რათა მწვალებლებს წმინდანის კრიტიკის ან ცილისწამების მიზეზი არ მისცემოდათ, "რამეთუ ყოველთვის გამოჩნდებიან უღირსი ადამიანები, რომლებიც ჩირქს მოსცხებენ ან წმიდა ნიკოლოზის პიროვნებას და მას ზედმეტ მოშურნეობაში დაადანაშაულებენ, ან კიდევ იმათ, ვინც ამართლებს წმ. ნიკოლოზს და ნიკეის მამებსაც, რომლებმაც "გაატარეს" თავიანთი თანამოძმის უხეშობა" (მღვდ. ფ. პარფიონოვი. დასახ. წყარო).

"მაგრამ დრო იცვლება... - წერს მღვდელი ფილიპე (პარფიონოვი), - და ის, რაზეც ოდესღაც საჭიროდ თვლიდნენ არ ესაუბრათ, XVI საუკუნეში არათუ წერილობით ფიქსირდება, არამედ სინამდვილესთან შეუფერებელი ფორმით გადმოიცემა და სარწმუნოების მრავალი აშკარად არაგონივრულად მოშურნე ლამის წმინდანის ღირსებადაც კი მიიჩნევს ამგვარ ქმედებას! რუსულ ნიადაგზე (სამწუხაროდ ქართულზეც - არქიეპ. პ.), ვაი რომ ამგვარ ქმედებებს დიდი მოთხოვნილება აქვს. რამეთუ, თუკი ესოდენ დიდმა წმინდანმა საკუთარ თავს მისცა უფლება, აი, ასეთი რადიკალური მოქმედებით "პირი დაეხშო" მწვალებლისთვის, მაშინ ისეთ საკუთარ ვნებებსაც, როგორიც არის მრისხანება და სიძულვილი სხვაგვარადმოაზროვნეთა ან რელიგიური ოპონენტების მიმართ, მიეცემა სრული გამართლება.

ბევრს ან თავისი სიმარტივის, ან უმეცრების გამო, წმინდანზე არსებული ეს საკმაოდ განმტკიცებული მითი ეკლესიის ნამდვილ ხმად მიაჩნია. მაგრამ ამგვარი მითები, "ბებიის ზღაპრები", რომლებიც ზოგჯერ სრულიად კეთილი მოსაზრებებით ვრცელდება (როგორც იყო ეს პირველქრისტეანთა დროს აპოკრიფულ სახარებებთან დაკავშირებით), მაინც უარყოფილ და მხილებულ უნდა იქნას. რადგან აქ ლაპარაკია ქრისტეანული ცხოვრებისთვის ძალზე მნიშვნელოვან მომენტზე - სათნოების რომელ მაგალითებს მივბაძოთ და როგორ ვლინდებოდა ის წმიდა მამათა ცხოვრებაში, რომელთა მიმართაც ცრუ ლეგენდების გამოყენება შეუფერებელია!" (Священник Филипп Парфенов.  Добро с кулаками: Ударял ли святитель Николай Ария? https://www.pravmir.ru/dobro-s-kulakami-udaryal-li-svyatitel-nikolaj-ariya) (URL-ის მიმართვის თარიღი: 01.12.2020).

მაგრამ, ჩვენი ოპონენტი ზ. ნოდია სწორედ ამგვარ ცრუმოშურნეობას მიმართავს და ვითომ "ჭეშმარიტების" დასაცავად ჩვენთან ანგარიშსწორებით იმუქრება. ეს მუქარა, რომელიც დიდი წმინდანის სახელთან დაკავშირებულ მითს არის ამოფარებული, სინამდვილეში ზ. ნოდიას არაქრისტეანულ აღტყინებას ააშკარავებს და გვიჩვენებს, რომ ამ ადამიანს სულიერად ქრისტეანული აღარაფერი შერჩენია.




3. სულიერი სიძვის ბიბლიური განმარტება

ახლა კი გადავხედოთ მაინც რისთვის გვსჯიდა ასეთი სისასტიკით ზ. ნოდია? ჩვენი მისამართით დაწერილ მესამე წერილში ის ამბობს: "... ვერ წარსტყვევენ ეკლესიას ჯოჯოხეთის ბჭენი" და როგორღა უნდა ითქვას მასე ის სიბილწე, რასაც ეს საბრალობელი ბედავს, რადგან ქრისტეს ეკლესიის დაცემა (იმ უხამსობას ვერ გავიმეორებ, რასაც კადრულობს!) შეუძლებელია და სწორედ ეკლესიის ამ თვისების გამო იგი მოურეველია!" (ზ. ნ. ხს. წიგნი. გვ. 249). მკითხველი რომ გაურკვევლობაში არ ვამყოფოთ, ვიტყვით, - ზ. ნოდიას ასეთი აღშფოთება გამოიწვია ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის (არა მარტო ქართულის, არამედ რუსულისაც და მათთან ევქარისტულ ერთობაში მყოფი სხვა "ეკლესიებისაც") წოდებამ "მეძავად". სწორედ ამ ტერმინმა გამოიწვია ზ. ნოდიას მძაფრი აღშფოთება. მაგრამ, როდესაც ჩვენ ამ ტერმინს ოფიციალურ ეკლესიას ვუყენებდით, გამოვდიოდით ბიბლიური და წმიდა მამებისეული განმარტებებიდან, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო "მეძავობას", "სიძვას", "მრუშობას" და "ბოზობას" უწოდებდნენ ღმრთისადმი ეკლესიის ღალატს, მწვალებლებთან თანამლოცველობას და მწვალებლობათა ქადაგებას.

როდესაც ღვთის ერზე, ანუ ეკლესიაზეა ლაპარაკი, უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ ტერმინს, რომელიც შესაძლოა აღებულ იქნას ცხოვრებისეული მაგალითებიდან, სულიერი დატვირთვა ახლავს. რა თქმა უნდა, სიძვა უმძიმესი ცოდვაა და როდესაც მას ღვთის ერის მიმართ იყენებენ, მასში აუცილებლად ღვთისგან განდგომასა და კერპთაყვანისცემას ან მწვალებლებთან ზღვარდაუდებელ ურთიერთობას გულისხმობენ. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესია "მეძავია", ამას ვამბობთ მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე, რაზეც ყურადღება არა მარტო ძველმოწესეებს, არამედ თვით ამავე ეკლესიის ყოფილ და მოქმედ წევრებსაც გაუმახვილებიათ, და რაც გინდ საკვირველი იყოს, თვით ზვიად ნოდიასაც; ანუ, თვით ზ. ნოდიაც აქტიურად ადსტურებს თავისი "დედა-ეკლესიის" "მეძავობას". სანამ ამის დამადასტურებელ ფაქტებს მოვიყვანდეთ, ჯეროვნად გვიჩნს, ორიოდ სიტყვით აღვნიშნოთ სულიერი მრუშობის (მეძავობის) მნიშვნელობა.

სულიერ სიძვა-მრუშობად იწოდება განდგომა ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, გატაცება მწვალებლობებით, სქიზმებით და ყოველგვარი ცრუსწავლებებით (მაგალითად, ისეთებით, როგორიც ზ. ნოდიას, ე. ჭელიძის, ვ. სინილშჩიკოვისა და მათი მსგავსი "მეცნიერებისა" თუ "თეოლოგების" თხზულებებში გვხვდება). სულიერ მრუშობად ითვლება ასევე ხიბლისმიერი აღტყინება, როდესაც ადამიანები თავიანთი მომავლის გასაგებად "მომლოცველობენ" წმინდანთა საფლავებზე ან წმიდა ადგილებზე და ზოგჯერ კურთხევას იღებენ ისეთ "ღვაწლზე", რომელიც მათ აღავსებს ამპარტავნობით და კი არ აახლოებს ღმერთთან, არამედ აშორებს მას; სულიერი მეძავობაა ასევე ჯადოქრობა, მჩხიბავობა და მრავალი სხვა მისთანა საქმიანობა.

ხორციელი სიძვა-მრუშობა - ეს არის არაპროდუქტიული, უკურთხებელი, არაღვთივსათნო და უსირცხვო სქესობრივი კავშირი მამაკაცსა და დედაკაცს შორის, ხოლო სულიერი სიძვა-მრუშობა განდგომაა ზეციერი სიძისგან, ქრისტესგან და ღმრთის მტერ მწვალებლებთან ბილწი სულიერი ერთობისა და კავშირის დამყარება. ეს რომ ასეა, დასტურდება წმიდა წერილიდან, სადაც სიძვასა და მრუშობას უწოდებს ღმერთი ისრაელის განდგომას ჭეშმარიტებისგან და წარმართებთან სულიერ თანაზიარობას. ვიხილოთ ამის დამადასტურებელი მაგალითები ბიბილიდან.

წმიდა წერილი პირდაპირ უწოდებს სიძვას ჭეშმარიტი ღმერთის ღალატს და უცხო "ღმერთთა" თაყვანისცემას:

1. "შეურაცხება ქმნეს თავიანთ მამათა ღმერთის მიმართ, - ნათქვამია მენაშეს ტომის სახელოვან წარმომადგენელებზე, - და ისიძვეს იმ ქვეყნის ხალხთა ღმერთებთან მათი პირისგან რომ აღხოცა ღმერთმა" (ძვ. ქართ.: "და შეურაცხება ქმნეს ღმრთისა მიმართ მამათა მათთასა და ისიძვიდეს შემდგომად ღმერთთა ერისა მის ქუეყანისათა, რომელნი-იგი აღPოცნა ღმერთმან პირისაგან მათისა") (1 ნეშტთა 5:25).

2. "შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით" (ძვ. ქართ.: "და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა) (ფსალმ. 105:39).

XII ს-ის ცნობილი ეგზეგეტის ექვთიმე ზიგაბენის განმარტებით: "შეიბილწაო მიწა მკვლელობებით, სისხლისღვრით და ებრაელთა ბოროტი საქმეებით; რადგან განუდგნენ ღმერთს და მიეკედლნენ ეშმაკთ; რამეთუ დავითი, სხვა წინასწარმეტყველთა მსგავსად, სიძვას კერპთა და დემონთა გაღმერთებას უწოდებს" (Евфимий Зигабен. https://ekzeget.ru/bible/psaltir/glava-105/stih-39/evfimij-zigaben) (URL-ის მიმართვის თარიღი: 01.12.2020). ექვთიმე ზიგაბენს იქვე სხვა წმიდა მამათა განმარტებანიც მოჰყავს:

თეოდორიტე: "სიძვაში აქ არა მარტო სიამტკბილობა, არამედ კერპთმსახურებაც იგულისხმება".

იოანე ოქროპირი: "წინასწარმეტყველნი ხშირად, თავიანთი ჩვეულებისამებრ, კერპთმსახურებას სიძვას უწოდებენ, რითაც აჩვენებენ ღმრთის მზრუნველობასაც და იუდეველთა უმადურობასაც. რამეთუ ღმერთი ისე ზრუნავდა მათზე, როგორც ქმარი საკუთარ ცოლზე; ხოლო ისინი განუდგნენ უფალს და მიეცნენ ეშმაკთ" (იქვე).

ევსუქი: "ღმრთისგან განდგომა სიძვად იწოდება. ამიტომაც ებრაელთა დემონთმსახურებისა და უსჯულო საქმეთა გმო განრისხდა ღმერთი თავის ერზე, რის გამოც გადასცა ისინი მათ მტრებს, და ისინიც დაეუფლნენ მათ, როგორც მოგვითხრობს ამას წიგნი მსაჯულთა" (იქვე).

3. ახალმოწესე ეპისკოპოსი ბესარიონი (ნეჩაევი) ესაიას წინასწარმეტყველების განმარტებაში წერს: "წინასწარმეტყველი გლოვობს სიონად წოდებული იერუსალემის მოქალაქეთა ზნეობრივ დაცემას. სიონი არის მთა, ანუ გორაკი, რომელიც თავისი სიმაღლით იერუსალიმის სხვა ნაწილებს აღემატება და ცნობილია ციხესიმაგრითაც, რომელიც აქ ჯერ კიდევ ოდითგანვე არსებობდა; აქ დავითის დროს განთავსებულ იქნა კარავი და მოეწყო სამეფო სასახლე. ადრე, დავითის დროს, ნაწილობრივ კი სოლომონის მეფობისას (მისი მეფობის პირველ ნახევარში), ასევე მეფეთა - ასას და იოსაფატის დროს იერუსალიმი ღმრთისა და მისი სჯულის ერთგული ქალაქი იყო და  ვითარც პატიოსანი ცოლი ერთგულებს თავის ქმარს, უბიწოდ იცავდა ღმრთის პატივისცემას. მაგრამ, როგორც ესაია ამბობს, გაბოზდა, "მეძავად იქცა", რადგან სხვა ღმერთებს დაუწყო მსახურება და კერპებს თაყვანისცა. ამიტომაც ამბობს ესაია: "როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან" (ესაია 1. 21)" (Еп. Виссарион (Нечаев) https://ekzeget.ru/bible/kniga-proroka-isaii/glava-1/stih-21/vissarion-necaev-episkop) (URL-ის მიმართვის თარიღი: 01.12.2020).

"საერთოდ, ძველაღთქმისეულ წერილში ისრაელიანთა კერპთმსახურება სიძვად იწოდება (გამ. 34:15 და მსაჯ. 8:33), ანუ ეს არის ჭეშმარიტი ღმრთისადმი ერთგულების დარღვევა, რომელთანაც ურთიერთობა წმიდა წერილში წარმოდგენილია მეუღლეობრივი ურთიერთობის დარად: ღმერთმა ისე შეიყვარა თავის ერი, როგორც ქმარს უყვარს თავისი ცოლი" (იქვე).

"ვითარ იქმნა მეძავ ქალაქი სარწმუნოი სიონ?" (ესაია 1:21). "საოცარი კითხვა, - ბრძანებს წმ. ბასილი დიდი, - რომელიც გამოხატავს ძლიერ გაკვირვებას უჩვეულო მოვლენის გამო: როგორ მოხდა, რომ ერთგული და ღვთის მსჯავრით აღსავსე ქალაქი, რომელშიც დავანებული იყო სიმართლე, გაბოზდა და მკვლელთა სამკვიდრო გახდა? განა გასაკვირი არ არის, როგორ ვარდება სიძვის სიბილწეში სიწმიდით აღსავსე მთელი ქალაქი, როდესაც სარწმუნოებაში მტკიცე ერთი მართალი სულის ურწმუნოებაში შთავარდნაც კი იწვევს გაკვირვებას? რომელ დროებას ეხება ეს ბრალდება, თუ არა იმას, როდესაც ამ ქალაქმა, მზაკვარებისა და მემრუშეობის მონად რომ გადაიქცა, მოჰკლა ზეცით გარდამოსული და მასში დავანებული სიმართლე - ქრისტე, ჩვენი უფალი? (Свт. Василий Великий Толкование на книгу пророка Исаии. https://ekzeget.ru/bible/kniga-proroka-isaii/glava-1/stih-21/vasilij-velikij-svatitel) (URL-ის მიმართვის თარიღი: 01.12.2020).

"ვითარ იქმნა მეძავ ქალაქი სარწმუნოი სიონ?" (ესაია 1:21). ეს კითხვა, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - მიანიშნებს მოლაპარაკის წუხილზეც და იუდეველთა უგრძნობელობაზეც, და შემთხვევის მოულოდნელობაზეც. ასევე, პავლეც გაოგნებულ ამბობდა გალატელებზე: "მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე" (გალ. 1:6). ეს არის მხილებისა და შეგონების სახე, რომელიც სათნოებებისკენ მოუწოდებს. ... მეძავი რომ უწოდა, წინასწარმეტყველმა ხორციელი გარყვნილება კი არ იგულისხმა, არამედ ღმრთისადმი უმადურობა, რომელიც ბოზობაზე უმძიმესია" (Свт. Иоанн Златоуст. https://ekzeget.ru/bible/kniga-proroka-isaii/glava-1/stih-21/ioann-zlatoust-svatitel) (URL-ის მიმართვის თარიღი: 01.12.2020).

ასეთ ღალატში ამხელს ღმერთი ისრაელს წინასწარმეტყველთა პირით და სხვაგანაც ეუბნება:

4. "აიღე ქნარი, მოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო; დაუკარ ტკბილად, ბევრი იმღერე, რომ გაგიხსენონ! სამოცდაათი წლის თავზე მოხედავს უფალი ტვიროსს და ისიც დაიბრუნებს თავის გასამრჯელოს; დაიწყებს ბოზობას ქვეყნიერების ყველა სამეფოსთან დედამიწის ზურგზე. მისი ნავაჭრი და გასამრჯელო უფლისათვის იქნება შეწირული. არც დაუნჯდება, არც დაიბეჭდება, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი ნავაჭრი, რომ მაძღრისად ჭამონ და დიდებულად შეიმოსონ" (ესაია 23:16-18) (ახალქართული თარგმანი აღებულია საქართველოს საპატრიარქოს 1989 წ.-ის გამოცემიდან. იხ. ასევე ინტერნეტში: ძველი აღთქმა თანამედროვე ქართულ ენაზე. http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/sarchevi.htm) (URL-ის მიმართვის თარიღი: 01.12.2020).

ამასვე ბრძანებს იერემიაც:

5. "... ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ წვებოდი მეძავივით" (იერემია 2:20).

6. "... შენ ბოზობდი ბევრ საყვარელთან, მაგრამ დამიბრუნდიო, გეუბნება უფალი. აბა, აჰხედე გორაკებს და მონახე ადგილი, სადაც არ გაუპატიურებულხარ. გზის პირას ეჯექი, მათ, როგორც არაბი უდაბნოში, და ბილწავდი მიწას შენი ბოზობით და სიბოროტით. შეკავდა წვიმები და გაზაფხულის წვიმაც არ მოსულა. მეძავის შუბლი გქონდა, არ გახსოვდა სირცხვილი" (იერემია 3:1-3).

"ვინც დაშორდება ღმრთის მზრუნველობას და აირჩევს კერპთმსახურებას, - ბრძანებს ნეტ. თეოდორიტე, - თავის განდგომილების ფასად წარწყმედას მოიმკის, რამეთუ სიძვად აქ წინასწარმეტყველმა კერპთმსახურებას უწოდა. ასე ბრძანებს ღმერთი იერემიას მეშვეობითაც: "მითხრა უფალმა მეფე იოშიას დროს: ნახე, რა ჩაიდინა განმდგარმა ისრაელმა? დადიოდა ყველა მაღალ გორაკზე და ყველა ხემხვივანის ქვეშ და ბოზობდა იქ. მე ვთქვი მას შემდეგ, რაც ყოველივე ეს ჩაიდინა: ჩემკენ მოიქეცი-მეთქი! მაგრამ არ მოქცეულა. ხედავდა ამას მისი მოღალატე დაი იუდა. დაინახა, რომ გარყვნილების გამო გავუშვი განმდგარი ისრაელი და მივეცი გაყრის წიგნი, მაგრამ არ შეშინებია მოღალატე იუდას, მის დას, და ისიც საბოზაოდ წავიდა. მოხდა ისე, რომ თავისი საქვეყნო ბოზობით წაბილწა ქვეყანა. ბილწობდა ქვასთან და ხესთან" (იერემია 3:6-9). ანუ, მიმატოვაო მე - სიძე, და ემსახურაო არარსებულ ღმერთებს. ამიტომაც აქ კერპთმსახურებას წინასწარმეტყველმა ბოზობა უწოდა. მაგრამ ეს თქვა არა ბაბილოვნელთა გამო, არამედ მათზე, ვინც თავისი უკეთურებით ტყვე შეიქნა. რადგან მათ, ჰყავდათ რა სიძედ ღმერთი, დემონთა მონობა შეიყვარეს და იბოზეს მათთან" (Феодорит Кирский блж. Псалтирь 72:27. ).

7. იმავეს ამბობს ეზეკიელიც: "გამიხსენებენ გადარჩენილნი იმ ხალხებში, სადაც ტყვედ იქნებიან, როცა შევმუსრავ მათ გარყვნილ და განდგომილ გულებს და თვალებს, რომლებიც ირყვნებოდნენ მათი კერპების კვალზე; საკუთარი თავი შეძაგდებათ იმ უკეთურებათა და სიბილწეთა გამო, რასაც სჩადიოდნენ (ეზეკ. 6:9).

8. მეტიც, ღმერთმა, თეოდორიტეს მიხედვით, "რადგან იცოდა ზოგიერთთა უკეთურება, რომ მსხვერპლს შეწირავდნენ დემონთ, დაადგინა, რათა ყოველ მსურველს დაეკლა საკლავი და ვაცი, დასაკლავი პირუტყვი კარვის კარებთან უნდა მიეყვანა და სისხლი იქ დაეღვარა, ხორცი კი სახლში ეჭამა" ამიტომაც არის ნათქვამი ლევიანთა წიგნში: "აღარ დაუკლან საკლავი ვაცებს, რომელთა კვალზეც გარყვნილობენ. ეს ჰქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში" (ძვ. ქართ.: "და არღარა შესწირვიდენ მსხუერპლთა მათთა ამაოთა მიმართ, რათა არა ისიძვიდენ შემდგომად კვალსა მათსა, შჯულად საუკუნოდ იყოს, ესე თქუენდა და ნათესავსა შორის თქუენსა") (ლევ. 17:7) (Толковая Библия А.П. Лопухина. Лев. 17:7. https://azbyka.ru/otechnik/Lopuhin/tolkovaja_biblija_03/17) (URL-ის მიმართვის თარიღი: 01.12.2020).

9. "ყველა მისი კერპი გაცამტვერდება, ყველა მისი ნამსხვერპლი ცეცხლში დაიწვება და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან ბოზობის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ; ამიტომაც ბოზობის გასამრჯელოდ შეიქნებიან" (მიქა 1:7).

კირილე ალექსანდრიელის განმარტებით "ეს სიტყვები გამოხატავს ირონიას და დასცინის იუდას უგუნურებას; რამეთუ ააშკარავებს მისთვის დამახასიათებელ უგუნურებას. სწორად და სამართლიანად ამბობს, რომ სიბრძნითა და გონიერებით აღსავსე ისრაელი, მადლობას ქვებსა და ხეებს სწირავდა და თავისი დიდების მიზეზად და საკუთარი კეთილდღეობის მომცემად მათ მიიჩნევდა" (Кирилл Александрийский свт. (http://bible.optina.ru/old:mih:01:07#svt_kirill_aleksandrijskij) (URL-ის მიმართვის თარიღი: 01.12.2020).
ასე, რომ "თავისი საქვეყნო ბოზობით წაბილწა ქვეყანა. ბილწობდა ქვასთან და ხესთან" (იერ. 3:9).

ღმრთის ღალატი, ანუ ჯადოქრობა და კერპთაყვანისმცემლობა, როგორც სიძვა და ბოზობა, ულმობლად არის მხილებული მცირე წინასწარმეტყველებთანაც. ნაუმი ამბობს:

11. "ბოზი დიაცის უზომო ბოზობის გამოა, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, რომელიც თავის ბოზობით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით - ტომებს" (ნაუმი 3:4).

ახალ აღთქმაშიც, კერძოდ იოანეს "გამოცხადებაში" კერპთმსახურება და მწვალებლობა შედარებულია სიძვა-მრუშობას.

14. პერგამონის ეკლესიის ანგელოზს: "მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ" (გამოცხ. 2:14).

15. თიატირის ეკლესიის ანგელოზს: "მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ. მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული" (გამოცხ. 2:20, 21).

VI ს-ის საეკლესიო მწერალი და ეპისკოპოსი აპრინგიუსი (Apringius) ამ ადგილის განმარტებაში ბრძანებს: "მათ, ვინც მეძავობენ სწავლა-მოძღვრებაში, განკითხვის დღეს დიდი სასჯელი ელოდებათ" (Апрингий. Трактат на Откровение, ჩჩშL 107:53-54) https://ekzeget.ru/interpretation/otkrovenie-ap-ioanna-bogoslova/glava-2/stih-21/apringij) (URL-ის მიმართვის თარიღი: 01.12.2020).

და ბოლოს, არ შეიძლება არ აღინიშნოს მეძავთა დედა და თავადვე დიდი მეძავი - ბაბილონი, რომლის შესახება "გამოცხადებაში" ნათქვამია:

16. "მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა" (გამოცხ. 14:8).

17. "მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს; რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი. ... ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას" (გამოცხ. 17:1-5, 15, 16).

ეკუმენიოსის განმარტებით: "მეძავთა დედას - დიდ ბაბილონს ასე ეწოდება განხეთქილებათა, აღრევათა და წმინდანთა დევნულების გამო, რომელიც მასში (ანუ ამ ქალაქში) აღესრულება, რამეთუ სახელი ბაბილონი, როგორც ცნობილია, აღრევას ნიშნავს. ხოლო მეძავთა დედა მას ღმრთისგან განდგომილების გამო ეწოდება..."  (Экумений.
Комментарий на Откровение. TLG 2866.001,185.9-17. https://ekzeget.ru/interpretation/otkrovenie-ap-ioanna-bogoslova/glava-17/stih-5/ekumenij)
(URL-ის მიმართვის თარიღი: 01.12.2020).

ამიტომაც:

18. "რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით. ... იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო ქვეყნის მეფენი, რომელნიც სიძვით და ფუფუნებით ცხოვრობდნენ მასთან, როდესაც იხილავენ მისი ხანძრის კვამლს" (გამოცხ. 18:3, 9).

19. "რადგანაც ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვა, ვინაიდან განიკითხა დიდი მეძავი, თავისი სიძვით რომ გახრწნა ქვეყანა, და იძია მისი ხელიდან თავისი მონების სისხლი" (გამოცხ. 19:2).


4. სულიერი სიძვის წმიდა მამებისეული განმარტება

ამრიგად, როგორც ვნახეთ, წმიდა წერილი და წმიდა მამები სულიერ სიძვა-მრუშობად მიიჩნევენ ღმრთისგან განდგომას, ჭეშმარიტების ღალატს და კერპთაყვანისცემას, მწვალებლობას, ასევე წუთისოფლის სიამეთა გაღმერთებასა და ოკულტურ საქმიანობას (დემონთმსახურებას). წმიდა მამები სიძვა-მრუშობას უწოდებენ ასევე, ღმრთისგან, მისი წმიდა ნებისგან ნებისმიერ განდგომას, მწვალებლობას, კერპთაყვანისცემას, ურწმუნოებას და საერთოდ, ყოველგვარ ცოდვას და უწმიდურებას. წმიდა წერილი ბრძანებს: "რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც განზე განგიდგება" (ფსალმ. 72:27).

ექვთიმე ზიგაბენს მოჰყავს ამ სიტყვების წმიდა მამებისეული განმარტება: "ღმრთისგან მეძავობას დავითი უწოდებს განდგომილებასა და დემონთმსახურებას. თეოდორიტეს თქმით, ასე ბრძანებს ღმერთი იერემიასთან: "ნახე, რა ჩაიდინა განმდგარმა ისრაელმა? დადიოდა ყველა მაღალ გორაკზე და ყველა ხემხვივანის ქვეშ და ბოზობდა იქ" (იერემია 3:6). და კიდევ, ნაცვლად იმისა ეთქვა, რომ ემსახურებოდა ეშმაკთ, ბრძანა: "თავისი საქვეყნო ბოზობით წაბილწა ქვეყანა. ბილწობდა ქვასთან და ხესთან" (იერემია 3:9). ასე ითქვა იმიტომ, რომ ეკლესია იწოდება ღმრთის პატარძლად, რამეთუ რწმენითა და მცნებათა დაცვით არის შეერთებული ღმერთთან".

მწვალებლებთან თანაზიარობის სიბილწის გასააზრებლად განსაკუთრებით საგულისხმოა წმ. იოანე დამასკელის განმარტება, რომელიც ზიარებისთვის ამბობს: "... ერთი მხრივ, მის (ზიარების - არქიეპ. პ.) მიერ ქრისტეს ვეზიარებით ჩვენ და წილმქონე ვხდებით მისი ხორცისა და ღმრთეებისა, მეორე მხრივ კი, მის მიერვე ვეზიარებით და ვუერთდებით ურთიერთსაც, რადგან, ვართ რა ერთი პურის წილმიმღებნი, ყველანი ქრისტეს ერთი სხეული, ერთი სისხლი და ურთიერთის ასოები ვხდებით, ქრისტეს თანამესხეულეებად წარმოჩენილნი. ამიტომ, მთელი ძალით ვეკრძალოთ, რომ არ მივიღოთ ზიარება მწვალებელთაგან, არცთუ მივცეთ მათ, რადგან უფალმა თქვა: "არ მისცეთ ძაღლებს სიწმინდეები, არც დაყაროთ თქვენი მარგალიტები ღორების წინა" (მათე 7,6), რათა არ გავხდვთ წილმქონე ბოროტმადიდებლობისა და იმათი სასჯელისა. მართლაც, თუ ზიარება უეჭველად არის შეერთება ქრისტესთან და ურთიერთთან, მაშ, უეჭველადვე ყველას, ჩვენთან ერთად თანაწილმიმღებს, არჩევანისამებრ ვუერთდებით, რადგან ეს შეერთება არჩევანის მიერ ხდება, ესე იგი, არა ჩვენი განზრახულების გარეშე" (წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ოთხმოცდამეექვსე. უფლის წმინდა და უბიწო საიდუმლოთა შესახებ. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/86.htm)




5. ოპონენტთა თვითმხილება

ამრიგად, ჩვენ გავარკვიეთ, თუ რა ყოფილა სულიერი მეძავობა, ბოზობა, მრუშობა, ბილწქმედება. ახლა გასარკვევია, რამდენად სამართლიანად გამოვიყენეთ ეს სიტყვა ოფიციალური ეკლესიის მიმართ, რომელიც ეკუმენიზმში მონაწილეობით ათწლეულების განმავლობაში იყო მწვალებლებთან ურთიერთობაში და არც ახლა უკადრისობს ამგვარ ქმედებას.

მოდი, ჯერ ვნახოთ, როგორ აფასებენ წმიდა მამები ეკუმენიზმის მწვალებლობას და მწვალებლებთან ისეთ ურთიერთობას, რომელსაც დასაშვებად მიიჩნევს ოფიციალური მართლმადიდებლობა; და ასევე ვნახოთ, როგორ აფასებენ ამგვარ ქმედებას თვით ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც სამართლიანად იყვნენ შეწუხებულნი მწვალებლებთან ამგვარი უსჯულო ურთიერთობით.

ეკუმენიზმი - ეს არის თანამედროვე ცრუსწავლება, რომელიც ამახინჯებს მართლმადიდებლურ დოგმატს ქრისტეს ეკლესიის ერთობისა და სიწმიდის შესახებ. ეკუმენიზმის დოქტრინის მიხედვით, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს და მის წმიდა მოციქულთა მიერ დაფუძნებული ეკლესია ოდესღაც თურმე დაქუცმაცებულა ნაწილებად, - სხვადასხვა კონფესიად (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი), რომლებშიც სათითაოდ, ამა თუ იმ ზომით მოცემულია ღმრთის ჭეშმარიტება და რომლებშიც შესაძლებელია სულის ცხოვნება. უფრო ფართო აზრით, ეკუმენიზმი ასწავლის, თითოსდა "ჭეშმარიტების მარცვლები" გაბნეულია ყველა რელიგიაში, მათ შორის არაქრისტეანულშიც, და მოუწოდებს გაერთიანებისკენ ჯერ ქრისტეს აღმსარებელ "ეკლესიებს", შემდეგ კი საერთოდ ყველა "კეთილი ნების ადამიანს".

მაგრამ წმიდა წერილი ამხელს ამგვარ ცრუსწავლებას. წმიდა მოციქული პავლე გვმოძღვრავს: "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე". ხოლო წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი გვიბრძანებს: "ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ" (2 იოანე 1:10). წმიდა მოციქულმა პავლემ ასეც ბრძანა: "... არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:7-9).

წმიდა წერილის ეს მცნებები მკაცრი და ერთმნიშვნალოვანი აკრძალვაა ე. წ. ეკუმენისტური დიალოგებისა, რაც ვითომცდა მწვალებელთა მართლმადიდებლობისკენ მოქცევას ისახავს მიზნად, სინამდვილეში კი იღვწის თავისი ანტიეკლესიური მიზნების მისაღწევად.

შემდეგ - მწვალებელთა საწინააღმდეგო განწესებებს ვხვდებით მართლმადიდებლური ეკლესიის "დიდ სჯულისკანონში". კერძოდ, წმიდა მოციქულთა 45-ე კანონი ბრძანებს: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდლო წესი, როგორც მღდლებმა, დაემხონ" (დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 168). (იხ. ასევე: სლავ. "კორმჩაია" (Кормчая): "Моляйся с еретики, да отлучится. Аще же яко причетники примет я, да извержется. Епископ, или пресвитер, или диакон, аще помолится токмо с еретики, или в дому, или в церкви, да отлучится. Аще же повелит им служить в церкви, яко пресвитером, или оно что от священных содевати, яко причетником, таковый да извержется").

ფაქტობრივად, აქ განმეორებულია, ოღონდ სხვა ფორმულირებით, ზემოთ დამოწმებული სამოციქულო განკარგულებანი, რომლის მიხედვითაც გვმართებს მწვალებელთაგან განშორება და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია მწვალებლებთან ლოცვითი ერთობის აკრძალვაზე, რადგან ლოცვა სულიერი ერთობის უმაღლესი გამოხატულებაა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთია უამრავ საეკლესიო კანონიდან, რომლებიც მოცემულ საკითხს ეხება.

ეკუმენიზმისა და ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მწვალებლური საქმიანობის საკმაოდ ღრმა და მამხილებელი ანალიზი მოგვცა ამავე ეკლესიის წევრმა, ზემოთ უკვე ხსენებული თეოლოგიური ალმანახის "ივერიის გაბრწყინების" ყოფილმა რედაქტორმა, აწ გარდაცვლილმა გიორგი გაბაშვილმა. წერილში: "პატრიარქ ილია II-ის სულიერი მოღვაწეობა დიდი სჯულისკანონის ფონზე" ("ივერიის გაბრწყინება". 1995 წ. აპრილი). ის ულმობლად ამხელს ოფიციალური ეკლესიის სულიერ "სიძვა-მრუშობას" და განურჩეველ ლოცვით-ევქარისტულ შეხებას მწვალებლებთან.

ცხადია, ჩვენ აქ ვერ განვათავსებთ ამ საკმაოდ ვრცელ პუბლიკაციას, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ ავტორი იძლევა საკმაოდ კარგ ანალიზს იმისა, თუ რა არის ეკუმენიზმი, რომ დაუშვებელია მწვალებლებთან ლოცვითი-ევქარისტული ერთობა, რომ ოფიციალური საპატრიარქო, სხვა ადგილობრივ "მართლმადიდებელ" საპატრიარქოებთან ერთად, განურჩეველ და მკრეხელურ ერთობაშია მწვალებლებთან, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და თვით წარმართებთანაც კი. მეტიც, მოტანილია ოფიციალური წერილობითი მოწმობები (მაგ. საპატრიარქოს ჟურნალ "ჯვარი ვაზისადან"), სადაც დაფიქსირებულია მწვალებელთა ზიარების და მწვალებლებთან ზიარების აღმაშფოთებელი ფაქტები. ეს ყოველივე კი ავტორს შეფასებული აქვს დიდი სჯულისკანონისა და ასევე ძველ წმიდა მამათა და ოფიციალური ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხილ მოღვაწეთა მამხილებელ თხზულებათა შუქზე.

მოკლედ, გ. გაბაშვილი გვაძლევს საკუთარი ეკლესიის სულიერი "სიძვა-მრუშობის" აღმაშფოთებელ მაგალითებს.

თავის დროზე ხსენებულმა სტატიამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ოფიციალურ ეკლესიაში, განსაკუთრებით არ დაეთანხმნენ ავტორს იმაში, რომ პატრიარქი ილია II უხილავად განკვეთილია ეკლესიისიდან მისი მწვალებლური მოღვაწეობისთვის, რის გამოც გ. გაბაშვილმა მოიტანა დამატებითი მტკიცებულებანი. კერძოდ, გ. გაბაშვილი წერს: "ვრცელ ქრისტიანულ კატეხიზმოში", რომელიც აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლური წიგნია, კითხვაზე: "როგორ არის ეკლესია წმიდა, როდესაც მასში იმყოფებიან ცოდვილნიც?", - მიგებულია: "ისინი, რომელნიც სცოდავენ, მაგრამ ჭეშმარიტი სინანულით თავს განიწმენდენ, ხელს არ უშლიან ეკლესიას იყოს წმიდა; ხოლო შეუნანებელი ცოდვილნი, ან საეკლესიო ხელისუფალების ხილული მოქმედებით, ანდა - ღმერთის სამსჯავროს უხილავი მოქმედებით, ვითარცა მკვდარი ასონი, მოიკვეთებიან ეკლესიის სხეულისგან, და ამრიგად, ეკლესია, ამ მხრივაც წმიდა რჩება" (Пространный Христианский Катихизис Православныя Кафолическия Восточня Церкви, стр. 27, Берлин, 1924 г.). იხ. აგრეთვე: Православно-Догматическое Богословие Макария митрополита МосковскогоЮ т, 2, стр. 198; С.-Петербург, 1983).

"როგორც ვხედავთ, შეუნანებელი ცოდვილნი ან საეკლესიო ხელისუფლების, ანდა ღმერთის უხილავი სამსჯავროს მიერ განიკვეთებიან. რას ნიშნავს "ღმერთის უხილავი სამსჯავრო"? ამ სახელქვეშ ხომ არ იგულისხმება ადამიანის გარდაცვალების შემდგომ მასზე აღსრულებული ე. წ. "კერძო სამსჯავრო", რომელიც ცოცხალთათვის უხილავია? არამც და არამც! ამ საკითხზე ნათლის მოსაფენად მივმართოთ დოგმატური ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოს, რომელშიც ვკითხულობთ: "... ხოლო, როდესაც ვამბობთ, რომ ერეტიკოსები და განხეთქილების მოქმედნი არ ეკუთვნიან ეკლესიას, ვგულისხმობთ არა იმათ, ვინც ერესსა და განხეთქილებას ფარულად მისდევენ, ცდილობენ რა თავი მოაჩვენონ ეკლესიის წევრებად და გარეგნულად საეკლესიო წესებს აღასრულებენ, ანდა გატაცებულნი არიან მწვალებლური და "რასკოლნიკური" ცდომილებებით ყოველგვარი ბოროტგანზრახულებისა და სიჯიუტის გარეშე რამეთუ ნათელია, რომ მათ ხილული სახით თავი თვისი ჯერ არ ჩამოუცილებიათ მორწმუნეთა საზოგადოებისაგან და არც საეკლესიო ხელისუფლებისგან განდევნილან, თუმცა შესაძლოა უკვე განდევნილნი არიან ჩვენსა და მათგან დაფარული ღმერთის სამჯავროთი..." (Православно-Догматическое Богословие Макария митрополита Московского, т. 2, стр. 203; С.-Петербург, 1983 г.).

"მაშასადამე, აქ ლაპარაკია არა ამასოფლიდან უკვე გასულ სულებზე, არამედ ცოცხალ ადამიანებზე, რომელნიც, მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო ხელისუფლებას ჯერ არ განუკვეთია ეკლესიისგან, შესაძლებელია უკვე განკვეთილი არიან ჩვენთვის და მათთვის უხილავი სამსჯავროთი ღმრთისა.

მართლაც, ორიგენე გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ განკვეთა საეკლესიო ხელისუფლებამ, ისმის კითხვა: საკრებო განკვეთამდე, რა, იგი ღმრთის უხილავი სამსჯავროს მიერ განკვეთილი არ იყო?! თუ ღმერთი მის წვალებებს შეიწყნარებდა ეპისკოპოსთა გადაწყვეტილების მომლოდინე?! ამგვარი არასწორი კითხვები დაებადა მას, ვისაც უმართებულოდ ესმის სახარებისეული სწავლება იმის თაობაზე, რომ ეპისკოპოსებს შეკვრისა და გახსნის ნება აქვთ უფლისგან მიცემული. ეპისკოპოსთამიერი შეკვრაც და გახსნაც უფლის წინაშე ძალაშია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის საღმრთო ნებას ეთანხმება, ანუ როდესაც ის ღმერთს სათნოუყოფია, წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ არ იწყნარებს სულიწმიდა და მისი კარნახით - მთელი ეკლესიაც ე. წ. "ავაზაკთა კრებების" გადაწყვეტილებებს?! ისინი ხომ ხშირად კანონიერად ხელდასხმულ ეპისკოპოსებს მიუღიათ?!

ამრიგად, ეპისკოპოსთა კრების განაჩენი არის ადამიანთათვის უხილავი ღვთის სამსჯავროს ამქვეყნიური ხილული ბეჭედი, და როდესაც ხილული უხილავთან წინააღმდეგობაში მოდის, მაშინ იგი (ხილული) უკანონო ხდება!

მაგრამ უფალი ეკლესიაში იკონომიით მოქმედებს: ვთქვათ, სამღვდლო პირმა ჩაიდინა სასიკვდილო ცოდვა - მოკლა კაცი; საეკლესიო ხელისუფლების გადაწყვეტილებამდე სულიწმიდა არ წყვეტს ამ სასულიერო პირის მეშვეობით მღვდელმსახურებას, თუმცა უხილავად ცოდვილი უკვე განკანონებულია... ამას ღმერთი იქმს იმისათვის, რომ საეკლესიო ცხოვრება დაიცვას განუკითხაობისგან...

ზემოთ ძირითადად პიროვნულ-ხორციელი ცოდვები ვახსენეთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდვათა შორის უმძიმესნი სარწმუნოებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეცოდებანია. ასეთია ეკუმენიზმიც იგი მიმართულია სარწმუნოების სიმბოლოს მე-9 წევრის ეკლესიის შესახებ დოგმატისა და საკუთრივ მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზმის წინააღმდეგ. და რაოდენ სავალალოა, როდესაც სარწმუნოებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მომართულ ცოდვებს სასულიერო პირი სჩადის.

სანამ საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურად ირიცხება ეკუმენურ ორგანიზაციებში და პატრიარქის წარგზავნილები მონაწილეობენ ეკუმენურ შაბაშებში, პატრიარქი ილია II ღმერთის წინაშე ყველა შემთხვევაში შეუნანებელ ეკუმენისტად წარმოსდგება (განურჩევლად იმისა, ენთუზიაზმით მონაწილეობს ეკუმენიზმში, თუ უხალისოდ) და მანამდე დარჩება შეუნანებელ ცოდვილის სულიერად მკვდარ მდგომარეობაში, სანამ საჯაროდ არ დაგმობს ამ თავის საზოგადო ცოდვას და არ დასტოვებს ეკუმენურ ორგანიზაციებს!" (გ. გაბაშვილი. "არა არს დაფარულ, რომელ არა განცხადნეს" (მათ. 10:26). "ივერიის გაბრწყინება" 1995 წ., 17-27 აგვისტო, გვ.4,5).

აი, ასე წერდა მაშინ გ. გაბაშვილი, რომლის დასკვნით, ალმანახ "ივერიის გაბრწყინების" რედაქციასთან ერთად, ილია II-ის სულიერი "ღვაწლი" (თუნდაც საქართველოს, ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის ფორმალურ გამოსვლამდე ემს-დან) შეფასებულია მკვეთრად უარყოფითად.

აქ აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ ეკუმენიზმის მწვალებლობაში გაბატონებული ეკლესიის ყოფნა მარტო პატრიარქის "დამსახურება" არ გახლდათ. მართალია, ის უმთავრესი მოქმედი პირი იყო ამ ვითარებაში, მაგრამ ეკუმენისტური იდეების დანერგვა-განვითარებაში არანაკლები როლი მიუძღვის დანარჩენ სამღვდელოებასაც.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.მ.ს.-ში გაწევრიანდა 1962 წელს. ამ თარიღიდან იწყება ჩვენში ეკუმენური მოძრაობის ისტორიის ათვლა. უნდა ითქვს, რომ ილია II-ის ინტრონიზაციამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში ეკუმენიზმის მდინარე საკმაოდ მდორედ მიედინებოდა, მაგრამ ახალმა პატრიარქმა მას ახალი ძალა და მჩქეფარება შთაბერა... ეკუმენიზმში კიდევ უფრო აქტიურ ჩაბმას სულიერ პლანში უკვე საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა - ეპისკოპოსებისა და მღვდლების დიდი ნაწილი თითქოსდა ერთმანეთს ეჯიბრებოდა საეკლესიო კანონების დარღვევაში და ამ არაღმრთისსათნო საქმეში პატრიარქი მათ "პირველ ხმას" აძლევდა. - ილია II აწყობს ევროპასა და ამერიკაში ვოიაჟებს, რომლის დროსაც "დიდ სჯულისკანონს" - მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების კოდექსს ფეხქვეშ თელავს, რითაც ცდილობს, თავი მოაწონოს ევროამერიკელ ეკუმენისტებს" ("ივერიის გაბრწყინება" #17 1997 წ.).

"შიომღვიმის მონასტრის მიერ მიწერილ წერილში პატრიარქ ილია II-სადმი, როდესაც მათ გაწყვიტეს ევქარისტული კავშირი ილია II-სთან, პუნქტებად ჩამოყალიბებულ მათ პრეტენზიებში ოფიციალურ სამღვდელოებასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: "ნაწილი იერარქებისა საბჭოდან (ე.მ.ს.-დან - არქიეპ. პ.) გამოსვლას მსოფლიო ინტეგრაციული პროცესის წინააღმდეგ წასვლად მიიჩნევს. ისინი ეკლესიის წევრებს აშინებენ ეკონომიკური სიდუხჭირით, პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული იზოლაციით და ათასი სხვა საშინელებით. ეს ადამიანები ასე იმიტომ აზროვნებენ, რომ ეჭვი ეპარებათ თვით მაღალი ღმერთის არსებობაში, რომლის ნების გარეშე დედამიწაზე არაფერი ხდება და არ უწყიან, რომ ჭეშმარიტების სიწმიდის დასაცავად თავდადებულ ერს ღმერთი არ გაწირავს! მეორე ნაწილი იერარქებისაა, რომლებსაც არა აქვთ ჭეშმარიტი რელიგიური განცდა, არა აქვთ სურვილი მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატების გააზრებისა, ფიქრობს, რომ ეკუმენისტური საბჭოს წევრობა დიდი ცოდვა არ არის - ასეთები სხვადასხვა კომპრომისებით ცდილობენ, მოატყუონ ღმერთი და საკუთარი თავი" (იქვე. გვ. 3).

რა მდგომარეობაა ახლა?

რომის პაპის ამასწინანდელი ვიზიტი და ამ მწვალებლისადმი პატრიარქ ილია მეორის მიმართვა, როგორც საყვარელი სულიერი ძმისადმი, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, მკრეხელური და მიუღებელია. აქ კვლავ გვახსენდება გ. გაბაშვილის შეფასება, რომელიც მან მისცა პატრიარქის რელიგიურ მოღვაწეობას. ამავე სიტყვებით მივმართავთ ყველას, ვინც კი იტყვის, რომ დღეს ილია მეორე და საქართველოს ოფიციალური ეკლესია გამოსულია ემს-დან.

"... როდესაც ადამიანი წლების მანძილზე გვევლინება ეკუმენური მოძრაობის გენერალური შტაბის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცკ-ს ერთ-ერთ პრეზიდენტად, ხოლო დღესდღეობით თუკი ვერღარ ვხედავთ მას ამ პოსტზე, ეს არა სინანულისა და ეკუმენიზმისაგან გამიჯვნის, არამედ უბრალოდ ამ არჩევით თანამდებობაზე ყოფნის ვადაგასვლისა და ხელახლა აღარ არჩევის შედეგია, - ეს ადამიანი თავისი საქმით "საჯაროდ ქადაგებს" ეკუმენიზმს" ("ივერიის გაბრწყინება" 1995 წელი, 27 აპრილი). ის, რაც 12 წლის წინათ ითქვა, აქტუალურია დღესაც. პატრიარქი ილია მეორე (და მთელი ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესია) დღესაც განაგრძობს ეკუმენისტურ მოღვაწეობას და ამისი ყველაზე უტყუარი ფაქტია რომის პაპ ფრანცისკეს დიდი ზარ-ზეიმით მიღება, სვეტიცხოველში შებრძანება და მლიქვნელური "კონცერტი" (გულამოფსკვნილი გალობით და მდუღარე ცრემლების უხვი ფრქვევით), რომლის აპოგეა გახლდათ ილია მეორის მიმართვა რომის პაპისადმი, რომელშიც მან მსოფლიო მწვალებელი თავის "საყვარელ ძმად" აღიარა.

ცხადია, მსგავსი მდგომარეობაა სხვა ადგილობრივ "მართლმადიდებელ" ეკლესიებშიც, რომლებიც ან მჭიდროდ თანამშრომლობენ ეკუმენიზმთან, ან კიდევ, თუ არ თანამშრომლობენ, ევქარისტულ ერთობაში არიან მათთან, ეს კი ერთი და იგივეა.

თუმცა, უკეთესია, ოფიციალური ეკლესიის თანამედროვე მდგომარეობაზე ვუსმინოთ ჩვენს ოპონენტს, "კვერთხმომარჯვებულ" ზ. ნოდიას, რომელიც, როგორც თვითონ წერს, ხმალამოწვდილი ებრძვის ოფიციალურ ეკლესიაში ეკუმენისტურ განწყობას და მარტოკა ითხოვს, რათა ოფიციალურმა მართლმადიდებელმა "დედა-ეკლესიამ" გაწყვიტოს ლოცვით-ევქარისტული კავშირი სულიერ მეძავებთან, ანუ ეკუმენიზმში ჩაბმულ სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან. საკუთარ თავს "დიოგენეს ფანარს" უწოდებს (იხ. ზ. ნ. დასახ. წიგნი. გვ. 129), რამეთუ ხედავს, ეკლესიას, სადაც ახლა იმყოფება და რომლის გამოც ჩვენთვის "თავში კვერთხის ჩარტყმა" არ ეზარება, ნამდვილად არის "მეძავი". სხვაგვარად რატომ უნდა დაეწერა ის, რასაც თავისი ხსენებული წიგნის გვერდებზე აღშფოთებით წერს და ამბობს: "არ გაგიკვირდეთ, - "სრულიად მართლმადიდებელთა კრებაზე" (იგულისხმება კრეტაზე 2016 წელს ჩატარებული სრულიად მართლმადიდებელთა კრება - არქიეპ. პ.) რომის პაპის გამოცხადება და მისი პრიმატის აღიარება, რაც პატრიარქ ბართლომეს პერსონალური დანიშნულებაა. ყოველივე ეს რომც არ მოხდეს, ისიც საკმარისია ამ კრების დაგმობისთვის, რაც მის ეკუმენისტურ პროექტშია მოცემული. უფრო მეტიც, უამკრებოდაც (ავტორის სტილი ყველგან დაცულია. ხაზგასმები ჩვენია - არქიეპ. პ.) უნდა გაემიჯნოს ამ ეკუმენისტ "მართლმადიდებლებს" მართალი მართლმადიდებელი - "დიდი სჯულისკანონის" დარღვევის, ანუ მწვალებლებთან თანამლოცველობის გამო!" (ზ. ნოდია. "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე". თბილისი 2016 წ. გვ. 8).

"ჩვენი ეკლესია რომ არ იყოს - გაერთიანებული რელიგიის ფერხულში - ეკუმენიზმით ჩაბმული, ანუ ღმერთის კანონმორჩილი რომ იყოს - ანტიეკუმენიზმით, კვლავაც საზეპურო, რჩეული ერი ვიქნებოდით და ღმერთი შურდულითაც კი დაგვამარცხებინებდა გოლიათს (ებს), მაგრამ საპატრიარქოს კურს-ნაბიჯები, ერთმა ღმერთმა უწყის - ნებსით თუ უნებლიედ - სრულიად ეწერება მასონურ მსოფლიო მოწყობის გეგმაში..." (იქვე. გვ. 26) - წერს დიდი დანანებით ზ. ნოდია.

"ნაცვლად ანტიეკუმენისტური მისიისა, - ვკითხულობთ ცოტა ქვემოთ, - რომ საქართველოს ეკლესია ევქარისტულად გაემიჯნოს ქვაბავაზაკთა საკრებულოს და მთელი მსოფლიო ეკლესიის დატერორებული ანტიეკუმენისტები შემოიერთოს თავის იურისდიქციაში (ეს ნამეტანი ფანტასტიკა ხომ არ არის? - არქიეპ. პ.), საპატრიარქო ზრუნავს - პოლიტიკურ გაბრწყინებაზე" (იქვე. გვ. 27).

უფლისთვის საძაგელი და ამგვარი გულისამრევი "ნელთბილობის" (იხ. იოანეს "გამოცხადება" 3:15-16) შემხედვარე სასოწარკვეთილ ზ. ნოდიას ვერ გაუგია: "ვისია ეს ეკლესია - მართლმადიდებლების თუ ფსევდომართლმადიდებელი ეკუმენისტების, ანუ მწვალებლების?!..." (იქვე. გვ. 31).

"რა არის სამარჩიელო, - წერს კიდევ სხვაგან ჩვენი "პუბლიცისტი", - რომ სწორედ ეკუმენიზმია - მხეცის ნიშანი, ანუ ანტიქრისტეს ბეჭედი, - სიმბოლო ცრუ ეკლესიისა, ქრისტემტყუვრობისა. აი, სადამდე მიიყვანა საქმე იერარქთა მღვდელმოქმედებითმა ერეტიკოსობამ და მათი საქმეების გამპრავებელმა ვირტუალურმა "ანტიეკუმენისტებმა", რომლებიც "იკონომიურ პედაგოკიკას" არქმევენ ეშმაკთან კომპრომისს. და მაინც: მთავარი დამნაშავენი სწორედ მოდერნისტი "ღვთისმეტყველები" ბრძანდებიან, რომლებმაც მწვალებლური "ახალი მართლმადიდებლობის" ქადაგებით გააბედინეს იერარქებს "დიდი სჯულისკანონის" დამრღვევი მღვდელმოქმედება" (იქვე. გვ. 35).

ჩვენი ოპონენტი ზ. ნოდია თავისი "დედა-ეკლესიის" ეკუმენისტურ მოღვაწეობას სულიერ მასტურბაციას უწოდებს.

პატრიარქ ილია მეორისადმი მიწერილ "ღია ეპისტოლეში" ზ. ნოდია წერს: "სარწმუნოებრივი ჩუკენობაა ჭეშმარიტად ის, რაც ამჟამად ხდება ეკუმენიზმის გამოისობით: სინოდალური განცხადების მიხედვით, დე იურე თითქოსდა გამოსული ვართ ემს-დან, მაგრამ დე-ფაქტო, საიდუმლოებრივ-ევქარისტულ განზომილებაში არც არასოდეს გავცილებივართ ეკუმენისტებს. ეს კი მწვალებლობის ტოლფასია!" (ზ. ნოდია. "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე". თბილისი 2016. გვ. 187).

ზ. ნოდია ხედავს თავის "დედა-ეკლესიაში" მიმდინარე მწვალებლურ პროცესებს და მოუწოდებს: "იზრუნეთ ქრისტეანულად და არა მასონური კანონებით..." (იქვე. გვ. 45) "... კაცთა მოდგმის მტერი, თავისი მოკავშირე რაზმითურთ მოვიდა ცეცხლით  და ათეიზმით, მერე შეცვალა ტაქტიკა და თვითონვე უშენებს ტაძრებს, მაგრამ შიგნიდან ანგრევს ეკლესიას, აძევებს ქრისტეს, რათა ადგილი მოუმზადოს ანტიქრისტეს" (იქვე. გვ. 46). "ეკლესიაშიც შესულია სატანის შხამი - ეკუმენიზმ-მოდერნიზმ-სეკულარიზმი და თითქოს "ორი ბატონის" შერწყმასავით მიმდინარეობს ქრსიტეანობისა და ქრისტემტყუვრობის სინკრეტიზაცია" (იქვე. გვ. 47).

აპროტესტებს რა დიალოგს არამართლმადიდებლებთან, ზ. ნოდია აღნიშნავს: "მართლმადიდებელთათვის კი საეკლესიო სამართლის, ანუ წმინდა დიდი სჯულისკანონის მიხედვით, ყოვლად დაუშვებელია დოგმატურ ცთომილებაში მყოფ ერეტიკოსთან ერთად ლოცვა და მსახურებაში მონაწილეობა, არამედ საღვთისმეტყველო დისპუტიც კი სხვა სარწმუნოების მიმდევრებთან..." (იქვე. გვ. 50), "რომ ოფიციალურ ეკლესიას სჭირდება წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტისეული პათოსი (რომელიც არა აქვს - არქიეპ. პ.) და არა "დიპლომატიური კეკლუცობა" (იქვე), რადგან "პანეკუმენიზმს თავისი მრწამსი გააჩნია და მასთან მართლმადიდებლობის (მრწამსის, ლიტურგია) სინკრეტიზაცია არის მშობელი მითოსურ-პაგანისტური ანტიქრისტეანობისა, რომლის პრეზიდენტი ცხრა წლის მანძილზე იყო საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მაგრამ როგორც კი ამ გაუგებრობას (?) ნათელი მოფინა ბერ-მონაზონთა დაპირისპირებამ ემს-სთან (?) (ბერმონაზვნობა ემს-ს კი არა, ემს-ში მყოფ თავის საპატრიარქოს დაუპირისპირდა - არქიეპ. პ.), მან დატოვა ეკუმენისტური მსოფლიო საბჭო. თუმცა, 2005-ში საპატრიარქოში, ხანუქობის სადღესასწაულოდ ჩაატარა რაბინთან ერთად პანეკუმენისტური ფსალმუნება და მენორაზე სანთლის დანთება..." (იქვე. გვ. 52) (ე. ი. პატრიარქ ილია მეორეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო იძულებით დაუტოვებია, იმდროინდელ ბერმონაზონთა პროტესტის გამო და არა საკუთარი შეგნებით, და სამღვდელოების მხარდაჭერით, რომ ემს - მწვალებლური ორგანიზაციაა და მწვალებლურ მიზნებს ემსახურება - არქიეპ. პ.).

ზ. ნოდია იმასაც ხვდება, რომ ამ გასაცოდავებულ "დედა-ეკლესიაში", რომელსაც სატანის ეკუმენისტი და წუთისოფლის ინტერესებს დაქვემდებარებული "მსახურები" დაპატროენებიან, ანტიეკუმენისტურ კრებას "ვერავინ ბედავს" (იქვე). და ვინ გაბედავს, როდესაც "ქვაბ-ავაზაკთად ქმნილ" ოფიციალურ "დედა-ეკლესიას", გაჩაღებული აქვს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ილია მეორის მიერ დაპყრობილი საპატრიარქო ტახტისთვის და "ბევრი შიშით უყურებს, თუ ვინ შეიძლება გახდეს მისი მემკვიდრე..." (იქვე, გვ. 88)? პასუხი აქ ასეთი აქვს ზვიად ნოდიას: "მსოფმთავრობას ვინც აწყობს პატრიარქიც ის იქნება" (იქვე).

თავისი წიგნის მომდევნო გვერდებში ზ. ნოდია კიდევ უფრო თამამად უტევს თავის "დედა-ეკლესიას" და აშკარად აცხადებს მის მეძავობას, აი ფაქტიც: "მაშინ, როცა, ემს-დან გამოსვლა არ უდრის ეკუმენიზმიდან გამოსვლას, არ არსებობს ასეთი კანონი, არამედ რჯულისკანონი ამხელს და მოითხოვს: ილოცა (იფსალმუნა) პატრიარქმა ხანუკობაზე იუდეველებთან? - განიკვეთოს (რისგან განიკვეთოს? - ზიარებისგან, ეკლესიისგან თუ მსახურებისგან სლავურ ტექსტებსა და ბალსამონ-ზონარას კომენტარებში ლაპარაკია არა განკვეთაზე, არამედ სასულიერო პატივისგან დამხობაზე - არქიეპ. პ.). ... ე. ი. მან (ანუ ილია მეორემ - არქიეპ. პ.) ერეტიკული მღვდელმოქმედება იკადრა და თავი განიყენა ეკლესიისგან, შეურწყა რა ქრისტეს უმწიკვლო სხეულს ქრისტესთვის უცხო და მწიკვლოვანი სხეული..." (იქვე. გვ. 112-113) (სწორედ ამგვარ დიფუზიას უწოდებს წმიდა წერილი "ბოზობას", რაც ასე ეწყინა ჩვენგან "პუბლიცისტ" ზვიად ნოდიას, არადა ახლა თვითონ მეტად ხატოვნად აღწერს სიძვა-მრუშობის ხორციელი აქტის სულიერ შინაარსს: "ქრისტეს უმწიკვლო სხეულს ქრისტესთვის უცხო და მწიკვლოვანი სხეული შეურწყა...".

როგორც იტყვიან, - კომენტარი ზედმეტია!

თავისი წიგნის ერთ-ერთ თავში (იხ. გვ. 116) ზ. ნოდია ედავება ახალ, მოდერნისტულ ეკლესიას, რომელიც პირდაპირ მიემართება ახალმოწესეთა რეფორმირებული "მართლმადიდებლობისკენ", რომელსაც ჩვენი ოპონენტი "დედა-ეკლესიას" უწოდებს. ზ. ნოდია თავისი "ანალიზის" საფუძველზე ასკვნის, თუ რაშია უსჯულოების საიდუმლოს არსი. მისი თქმით, უსჯულოების საიდუმლოს არსი - ეს არის "შეთქმულება ღვთის და მისი ხალხის წინააღმდეგ და მთელი მსოფლიოს ჩაბმა ამ შეთქმულებაში!!!" (იქვე. გვ. 117) (57).

---------------------

57. ერთგან ზ. ნოდია წერს, რომ ნიკონის რეფორმები და 1667 წლის კრება რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის საშინაო საქმე გახლდათ და თუნდაც არ ეძებნებოდეს გამართლება მის განკარგულებებს, მსოფლიო ეკლესია ამის გამო ვერ დადანაშაულდება. მსგავსი "არგუმენტი" სხვებისგანაც ხშირად გვესმის, ამიტომაც, რამოდენიმე წინააღმდეგობრივ საკითხზე გავამახვილებთ აქ ყურადღებას:

1) ამტკიცებენ (მათ შორის ზ. ნოდიაც), რომ ადგილობრივი ეკლესია რომც დაქვრივდეს, ის სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან ევქარისტული ერთობის ძალით ინარჩუნებს ეკლესიურობას, რადგან ექვარისტიის ძალით არის კავშირში სხვა ეპისკოპოსთან, ან მიტროპოლიტთან, ან პატრიარქთან.  მაგრამ, როგორც კი საქმე მიდგება 1667 წლის კრებაზე, ეს პასუხისმგებლობა ექვარისტულ ერთობაზე სადღაც იკარგება და ამბობენ, 1667 წლის კრება, როგორც შეცდომა, რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის შეცდომაა და მსოფლიო ეკლესიას რატომ ეხებაო. მაშ, სად დაიკარგა ეკლესიათა შორის ევქარისტული ერთობის ძალა? თუ ზ. ნოდია თავის წიგნში გაწიწმატებული ითხოვს ევქარისტული ერთობის გაწყვეტას ეკუმენისტურ ადგილობრივ ეკლესიებთან, რადგან მათთან ერთობით ისვრებიან მართლმადიდებლებიც, როგორ არის შესაძლებელი 1667 წლის კრების ცოდვები მოვკითხოთ მარტო რუსეთის ადგილობრივ ეკლესიას, და არა მასთან ევქარისტულ ერთობაში მყოფ სხვა ეკლესიებსაც, რომლებმაც არათუ დაგმეს, არამედ გაამართლეს ეს რეფორმა და თავიანთი მხარდაჭერით გააძლიერეს კიდეც მართლმორწმუნეთა მადევარი და მაწყევარი ეკლესია?

2) როგორ არის შესაძლებელი, 1667 წლის კრება ჩაითვალოს მხოლოდ რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის საქმედ, თუკი მასში და მთელ რეფორმებში, როგორც ეს ზემოთ არაერთხელ ვნახეთ, აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების მღვდელმთავრები და პატრიარქებიც კი?

3) და ბოლოს, გვიჩნდება ასეთი კითხვაც: ადგილობრივი ეკლესიები სხვადასხვა სწავლებებს ფლობენ თუ ერთსა და იმავეს? თუ ერთსა და იმავეს, მაშინ ისინი ადგილობრივ კრებებზე ამ ერთი და იმავე სწავლების სხვადასხვა დარღვევათა ადგილობრივ გამოვლინებებს ებრძვიან; და მაშინ, როგორ გვაქვს საქმე წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებით, თუკი მიიჩნევენ, რომ წეს-ჩვეულებებში ადგილობრივ ეკლესიებს შორის შეიძლება იყოს სხვაობა, რაღა საჭირო იყო რეფორმა და ქრისტეანთა ხოცვა-ჟლეტა? რა როლს თამაშობს ასეთ შემთხვევაში ევქარისტული ერთობა? მოეთხოვება თუ არა პასუხისმგებლობა ქრისტეანთა დევნაზე იმ ეკლესიას, რომელსაც ამ დევნულებაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ აქტიურ ევქარისტულ კავშირშია ქრისტეანთა მადევარ რეფორმატორულ ეკლესიასთან? - პასუხი ცხადია და ნათელი - ევქარისტული ერთობის ძალით, ყველა ადგილობრივი ეკლესია, რომელმაც მხარი დაუჭირა ნიკონის უკანონო რეფორმას, ძველი გადმოცემების მწვალებლობად გამოცხადებას, ამ გადმოცემათა მიმდევარი ქრისტეანების უსამართლო წყევლას და მათ საშინელ დევნას, - თვითონაც დამნაშავეა რეფორმის შედეგებში და ნიკონიანურ ეკლესიასთან ერთდ თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობას.

---------------------

ამაზე იტყვიან "ფიცი მწამს - ბოლო მაკვირვებსო!". თვითონ ბ-ნი ზ. ნოდია რატომ ვერ ხვდება, "უსჯულოების საიდუმლომ", რომელიც ჯერ კიდევ მოციქულ პავლეს დროიდან მოქმედებდა (იხ. 2 თესალონიკ. 2:7) ეს შეთქმულება ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა წინააღმდეგ რომ მოაწყო? ვინ ესწრებოდა 1667 წლის რუსეთის "ადგილობრივ" კრებას? - ლამის მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები კონსტანტინოპოლის გარდა. ვინ იყვნენ ამ კრების ორგანიზატორები და შემსრულებლები? - როგორც უეჭველი ისტორიული მოწმობებით დასტურდება იეზუიტები რომლებიც თვით ახალმოწესე ისტორიკოსების თქმით მასონების მიერ იყვნენ მართულნი (უფრო დეტალურად ზემოთ უკვე ვისაუბრეთ). ანუ, მასონური, გნებავთ, იეზუიტური შეთქმულება მართლმადიდებლობის წინააღმდეგ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, სწორედ რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელდა, ცხადია, მათ არ დავიწყნიათ ისეთი პატარ-პატარა ქვეყნების ეკლესიებიც, როგორიც საქართველოა (გაიხსენეთ ზემოთ. II ნაწილი. "ანტონ პირველი - ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი"). მასშტაბურმა იეზუიტურმა შემოსევამ წალეკა მართლმადიდებლური სამყარო, რომლის შედეგებსაც  ზვიად ნოდია და მისი მსგავსი მართლმადიდებლები ახლა იმკიან. ზ. ნოდიას, თუ ის გულწრფელია თავის ძიებებში, მართებს ყურადღება მიაპყროს თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებას და იეზუიტების მონაწილეობას ამ აქტში, შემდეგ უნიაზე კონსტანტინოპოლის დათანხმებას და მის უარყოფით შედეგებს (წყალპკურებითი "ნათლობის" მასობრივად დამკვირდების ჩათვლით) და ასევე XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას, რომლის მსახვრალი ხელი XVIII ს-ში საქართველოსაც (და არა მარტო) გადმოსწვდა. სხვაგვარად, ზ. ნოდიას მცდელობა "შიგნიდან" გაასწოროს ოფიციალური ეკლესიის გაპარტახებული სხეული, ქარის წისქვილებთან ხმალამოწვდილ ბრძოლას დაემსგავსება.

ზ. ნოდიას კარგად ესმის, რომ "ემს-დან გამოსვლა კი არ შველის" საქმეს, "რაც თავისთავად საჭიროა, მაგრამ არასაკმარისია, არამედ ევქარისტული ერთობის შეჩერება შიგნითა ეკუმენისტებთან, თანამსახურების შეწყვეტა, ან ანათემით გამიჯვნა ერესიარქებთან" (იქვე. გვ. 119), რამეთუ, როგორც თვით ჩვენი "პუბლიცისტი" ხედავს, ოფიციალური "დედა-ეკლესია" სავსეა "იუდეურ-მასონური შიდა სქიზმატებით", "რეფორმატორ-ეკუმენისტებით", "ცრუ ეკლესიოლოგებით" და "კანონდამრღვევი ერესიარქებით" (იქვე. გვ. 118, 120).

ზ. ნოდიას მთელი წიგნი სავსეა ოფიციალური ეკლესიის "შიდა-ეკუმენისტების", "მასონების", "ერესიარქების" და "ცრუ-თეოლოგების" მხილებით, ყველგან ისმის მოწოდება გაემიჯნონ მწვალებლურ ეკლესიებს, ეკუმენისტებს, მაგრამ ნურას უკაცრავად - ყურსაც არავინ იბერტყავს. სად არის ახლა ზ. ნოდიას საქები პროფ. ე. ჭელიძე? - ამოუღია ოდესმე ხმა ამ ადამიანს ეკუმენიზმის, ერესიარქების და სხვა იმ უმსგავსობების წინააღმდეგ, რომელზეც მსჯელობდა გ. გაბაშვილი და დღეს განწირულივით გაჰკივის ზ. ნოდია? - არასოდეს! დაფიქრებულა ჩვენი "პუბლიცისტი" ვინ არის ე. ჭელიძე? არის კი საერთოდ მართლმადიდებელი ქრსიტეანი და ემსახურება თუ არა იგი მართლმადიდებლობის გაძლიერებას? თუ პირიქით, თავისი "მეცნიერული" მოღვაწეობით ცდილობს საქართველოში ლათინური წყალპკურებითი "ნათლობის" გამყარებას, რათა არ მოიშალოს ეკუმენიზმის მთავარი საყრდენი - მწვალებლებს შორის საიდუმლოთა უერთიერთცნობა, რომელთაგან უპირველესი ნათლობაა, რადგან, თუკი ურთიერთშორის აღიარებულ არ იქნა ნათლობის საიდუმლო, ბუნებრივია, ვერც ეკლესიათა აღიარების შესაძლებლობა იქნება. ამიტომაც, სწორედ ამით, ანუ ნათლობის საიდუმლოს ურთიერთცნობით დაიწყო ლათინებთან ვაი-მართლმადიდებელთა დიალოგი, ამით გრძელდება და ალბათ, ამის დახმარებითვე დაგვირგვინდება.

კიდევ ბევრი ადგილის მოყვანა შეგვეძლო ზ. ნოდიას წიგნიდან ოფიციალური ეკლესიის "მეძავობაზე", მის "ბილწ" ქმედებებზე, მაგრამ ვფიქრობთ, რაც ვთქვით და დავიმოწმეთ, ესეც საკმარისია. დასასრულ, უნდა შევეხოთ უმთავრესს, რასაც საკუთარი პირითვე აღიარებს ჩვენი ოპონენტი, მრავალი ტიტულატურის მიმსაკუთრებელი "საზოგადო მოღვაზე", "თეოლოგი", "პუბლიცისტი" და "ეთნოგრაფი" ზ. ნოდია. ის, ფაქტობრივად აღიარებს, რომ ოფიციალურ ეკლესიაში, გ. გაბაშვილის გარდაცვალების შემდეგ (ზ. ნოდიას აზრით ის მასონებმა მოკლეს), ზ. ნოდიას გარდა არავინ დარჩა, ვინც კი იბრძოლებდა "ივერიის გასაბრწყინებლად" და ეკუმენიზმის მოსაშთობად. ქვემოთ მოხმობილი სიტყვებით ზ. ნოდიამ ულმობელი განაჩენი გამოუტანა თავის თავსაც და თავის "დედა-ეკლესიასაც". სხვაგვარი ფიქრის შესაძლებლობა თვით ზ. ნოდიამ არ დაგვიტოვა, რადგან ასე ბრძანა: "... ადრეც ვთქვი, რომ მას მერე, რაც გაჩუმდა ყველა, ჩვენი ეკლესიიდან, მხოლოდ მეღა მიჭირავს "დიოგენეს ფანარი" - ეკუმენიზმიდან სინოდ-საპატრიარქოს გამოსვლის აუცილებლობის მართლმხილებითი ესტაფეტა და გიორგი გაბაშვილი რომ არ მოეკლათ, მარტო არ ვიქნებოდი. ჩემისთანა და ჩემზე უკეთესი უამრავია ამ ეკლესიაში, მაგრამ არ ჩანან (მაშ, რით არიან ისინი ზ. ნოდიაზე, ამ "დიოგენეს ფანარზე" უკეთესნი? - თავიანთი მდუმარებით? ლაჩრობით? თუ იმით, რომ ჭკუა ჰყოფნით შეიგნონ, - ვერაფერს გააწყობენ ამ გაფუჭებულ და გამეძავებულ "ეკლესიასთან" - არქიეპ. პ.) და მარტო ვარ მეთქი, რომ ვამბობ, ვგულისხმობ, რომ ბევრნი ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ სულ სხვაა შინაური იუდეველების, ეკუმენისტების, საეკლესიო სამართლისა და კანონიკური მოშლილობის მხილება" (იქვე. გვ. 129).

ამიტომაც გაიძახის ჩვენი "პუბლიცისტი" - "აღდეგ სჯულისკანონო!" (იქვე. გვ. 129), მაგრამ ეს ხმა ისმის, როგორც ხმა "მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", თუმცა იხტიბარს არ იტეხს, რადგან "ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა ეკლესიის წიაღიდან, რათა სხვებმაც ისინდისონ, სიმართლეს თვალები გაუსწორონ, ღვთის გულისათვის ჭეშმარიტება დაამოწმონ და ცხადყონ, რომ "არ მომკვდარან, მხოლოდ სძინავთ და მალევე გაიღვიძებენ" (იქვე. გვ. 129).  დღეისთვის კი სურათი ასეთია - ოფიციალური ეკლესია, სადაც ხმას არავინ იღებს სიმართლის დასაცავად, სავსეა "მძინარე მართლმადიდებლებით", რომელთაც თავს დაჰფოფინებს "დიოგენეს ფანარი" ზ. ნოდია და დაჰკიჟინებს - "აღდეგ სჯულისკანონო!", მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, - ყველას საღათას ძილით სძინავს.

დასასრულ, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე გვიჩნდება ასეთი მნიშვნელოვანი კითხვა: არის თუ არა ოფიციალური ეკლესია, საერთოდ, ეკლესია? და რა არის ნიშნები ეკლესიისა? ამის გარკვევას მივუძღვნით ჩვენი ნაშრომის ბოლო თავს.
20
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому