აპოლოგეტიკა - საღვთისმეტყველო დისპუტი დავით მანაგაძესთან - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
საღვთისმეტყველო დისპუტი სოციალურ ქსელ facebook-ში
დისპუტი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანსა და დავით მანაგაძეს (საქართველოს ოფიციალური ეკლესიის სასულიერო სემინარიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტი) შორის
ძველმართლმადიდებლის დისპუტი
დავით მანაგაძე: როდესაც ღვთისმშობელი ზღვით მიემგზავრებოდა დიდი ღელვა ატყდა რის შემგეგაც იგი ათონზე გადავიდა და ეს სიტყვები წარმოთქვა "ფარავდეს ჩემი მადლი აქაურობას ვიდრე მეორედ მოსვლამდე!" ძველმართლმადიდებელთა სექტას ვეკითხები! მაჩვენეთ თქვენი ტაძარი ათონის მთაზე! თუ ცილსწამებთ ღვთისმშობელს და ამბობთ რომ თავის სიტყვას არ ასრულებს?!

პასუხი: თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ძველმართლმადიდებლური ეკლესია სექტა არ არის! ტერმინ "სექტას", როდესაც მას რელიგიური თვალსაზრისით იყენებენ (მაგ. ამა თუ იმ კონფესიის არსის აღსანიშნავად), კონკრეტული შინაარსი და განსაზღვრება გააჩნია. სექტის შინაარსი და სტრუქტურა ყოვლად მიუსადაგებელია ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. სამწუხაროა, რომ თქვენ არაობიექტურად უდგებით ამ საკითხს და მეცნიერული თუ ეკლესიოლოგიური განმარტების სანაცვლოდ, რომელსაც მიუკერძოებელი განსჯა უნდა ედოს საფუძვლად, გასაქანს აძლევთ დაუოკებელ ღვარძლს ჩვენი ეკლესიის მისამართით და მასზე აფუძნებთ თქვენს "განმარტებას". ამგვარი მსჯელობა, თქვენს ბოღმასთან ერთად, უმეცრებასა და არაობიექტურობასაც წარმოაჩენს. თქვენ არ გცოდნიათ ვის უნდა უწოდოთ სექტა და ვის არა. შეურაცხყოფის მიყენება ადვილია, დამტკიცება - ძნელი. თუ მე ვცდები, მაშინ დაგვისაბუთეთ ჩვენი ეკლესიის სექტანტურობა. მაგრამ, ჯერ სექტის რაობა უნდა განგვიმარტეთ, შემდეგ კი დეტალურად უნდა აღგვიწერეთ რის გამო უწოდებთ ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას სექტას.

ახლა რაც შეეხება თქვენს მკრეხელურ ბრალდებას ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ჩვენ "ცილს ვწამებთ" ღვთისმშობელს და ვამბობთ, რომ "თავის სიტყვას არ ასრულებს", რადგან მან ათონის მთას (ადგილს, სადაც ბერ-მონაზვნობის მომავალი სავანე დაფუძნდებოდა) აღუთქვა, რომ მისი მადლი დაიფარავდა აქაურობას "ვიდრე მეორედ მოსვლამდე".

ეს არის საოცრად პრიმიტიული და ძველმორწმუნეთა მიმართ დაბოღმილი კაცის ბრალდება. ასე რომ არ იყოს, ბ-ნო დავით, "ღვთისმშობლის ცილისწამებაში" უპირველეს ყოვლისა თქვენი ეკლესია უნდა დაგედანაშაულებინათ, რადგან სწორედ ის ასწავლის უფლის მეორედ მოსვლამდე ათონის მთის განადგურებას და ჩაძირვას. აქედან კი გამოდის, რომ ჩვენ კი არა, თქვენი ეკლესია სწამებს ცილს ღვთისმშობელს, რომელმაც, როგორც თქვენ ამბობთ, ათონს მეორედ მოსვლამდე მფარველობა აუწყა...

თქვენი მოძღვრების მიერ შემოთავაზებული ლეგენდების მიხედვით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება (ღმერთო მომიტევე!). ჯერ ის ჰპირდება ათონს თავის მადლისმიერ მფარველობას მეორედ მოსვლამდე, შემდეგ კი აუწყებს ბერებს, რომ უფრო ადრე დატოვებს ათონს, რომელიც განადგურდება.

ჩვენ არ გვესმის რას გინდათ მიაღწიოთ ან რისი დამტკიცება გსურთ ამგვარი "არგუმენტებით"? თქვენი მხარე ჩვენთან პოლემიკისას ძალზედ ხშირად ეყრდნობა სასწაულებს, რომელთაც ერთ ერთ უმთავრეს არგუმენტად წარმოაჩენს, მაგრამ არ აინტერესებს ეს "არგუმენტი" რამდენად იმოქმედებს მის სასარგებლოდ. ავიღოთ თუნდაც თქვენს მიერ მოტანილი შემთხვევა. თქვენი ლოგიკა ასეთია, რადგან ათონის მთა არსებობს (მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ახალმოწესეობრივ ეკლესიას, თუნდაც ათონზე უამრავი დარღვევა აქვს, გამეფებულია უსჯულოება, მრავალჯერ ჰქონია ადგილი უბრალო და მართალი ბერების დევნას და უპირატესობა ხელში უპყრია კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის მომხრეებს, რომელიც აშკარა ეკუმენისტია (თუ მასონი არა) და ა. შ.), მაშასადამე თქვენი ეკლესიის სიმართლე უდავო ყოფილა.

ათონის მთის არსებობა და ის აღთქმა, ღვთისმშობელმა რომ მისცა იქ მცხოვრებ ბერებს, სულაც არ მეტყველებს ჩვენი ეკლესიის არაჭეშმარიტებაზე. ძველმართლმადიდებელთა დანაშაული არ არის ის, თუ მათ უსასტიკესი დევნა-შევიწროების შედეგად ტაძრები არა თუ ათონზე, საკუთარ მიწა-წყალზეც რომ წაერთვათ... ის, რომ ათონი დღემდე არსებობს და ჯერაც არ ჩაძირულა, სულაც არ ნიშნავს მის სიმართლეს ძველმორწმუნეთა წინაშე. ასე, რომ მივუდგეთ, სამყაროც ჯერაც დგას და უკიდურესად მწვალებელი და წარმართი ხალხებიც დღეგრძელობენ... რაც მათზე საღმრთო მზრუნველობის, საღმრთო განგების ნიშნად უნდა აღვიქვათ. ჩვენ დღევანდელ დღეს ვხედავთ, ღმერთმა კი ყოველი ჩვენგანი მომავალი უწყის. ამდენად, რა დევს უფლის ჩანაფიქრში, როდესაც ის ამა თუ იმ ადგილს ჯერაც ხელუხლებელს ტოვებს, ან როდესაც მართლმადიდებლურ სიწმინდეებს მწვალებლებს ჩაუგდებს ხელში და ა. შ. მხოლოდ ერთმა ღმერთმა უწყის, თქვენ კი აქედან გირჩევთ საკუთარი თავის მოსატყუებლად დასკვნებს ნუ აკეთებთ. ყურადღებით წაიკითხეთ სახარება სადაც წერია:

"შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი. მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი" (ლუკა 13: 26-27).

და კიდევ: "ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო" (მათე 7:21-23).

და ბოლოს, "მცნებისა და აღთქმის მომცემი კი არ არის დამნაშავე, - ბრძანებს ნეტ. იერონიმე, - თუკი ის, ვისაც აღთქმა მიეცა, ამ აღთქმის უღირსი აღმოჩნდება, მით უფრო, რომ აღმთქმელის მხრიდან მოცემულია არჩევანიც: "თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ" (ესაია 1:19-20) (Творения его ч.10, толк. на прор. Иезек. гл. 20, ст.5-6).

დავით მანაგაძე: რატომ ჩაიძირება ათონის მთა ეს უკვე სხვა საკითხია... მაგრამ მე საუბარი მაქვს თქვენს ცდომილებებზე. მაღლა გარკვევით დავწერე, რომ ათონის მთა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშაა და სწორედ განელება რწმენისა იქნება მისი დაფარვის მიზეზი, რაც შეგეხება თქვენს მოყვანილ არგუმენტებს, სადღაც სხვაგან ნუ გადაუხვევთ ძალიან გთხოვთ, პასუხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, მე არ ვიცი ვინ რას ხმარობს თქვენთან პოლემიკაში მე ვიცი 1. ვინც დედა-ეკლესიას განუდგა ის სექტაა 2. წმ.კრებებმა ჩვენ გვიწოდეს მართლმადიდებლები და არა ძველმართლმადიდებლები ამიტომ მსოფლიო ჭეშმარიტებას იცნობს როგორც მართლმადიდებლების სახელით, როგორც იყო ადრე და იქნება უკუნისამდე. მასე რომ მივუდგეთ მაშინ შეგვიძლია ყველა დასახელება შევცვალოთ 3.სასწაულებს ? "სასწაულებს ეძიებდეს ბოროტი და მრუში ხალხი და არა მიეცათ მათ ნიშანი გარნა იონას ნიშნისაო" მაცხოვარი ბრძანებს აქედან გამომდინარე ჩვენ სასწაულებს არ ვეძებთ უფალი იღებს წყალობას ახალ ისრაელსა ზედა და მისი ნებითა ხდება სასწაულები. მაგ: წმ. ცეცხლი, ათონის მთის ღვთისმშობლის სასწაულთ მოქმედი კანდელი, წმ.მამათა უხრწნელი სხეულები და ა.შ.

პასუხი: მე არსად არ ვუხვევ. პირდაპირ ვპასუხობ თქვენს მიერ დასმულ საკითხს. უხვევთ თქვენ! მე გთხოვეთ დაგემტკიცებინათ ჩემთვის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის სექტანტურობა და ეს გაგეკეთებინათ მეცნიერულად, საღვთისმეტყველო დონეზე, თქვენ კი პოპულისტური განცხადებებით არიდებთ თავს პოლემიკას.

1. მაგალითად, რას ნიშნავს თქვენი განმარტება, რომ "ვინც დედა-ეკლესიას განუდგა ის სექტაა"? განა დედა-ეკლესიას არ განუდგა რომის პაპისტური ეკლესია, მასზე უფრო ადრე მონოფიზიტური, მონოთელიტური და სხვა აღმსარებლობების ეკლესიები, პროტესტანტებზე რომ არაფერი ვთქვათ? და როგორ იხსენიებს მათ თქვენი "დედა-ეკლესია"? "სექტას" უწოდებს? არამც და არამც! თქვენი ეკლესიის კალენდრებში (მაგ. 1988 წ.) არამართლმადიდებლური მიმართულებები "ეკლესიებად" იწოდებიან და არა სექტებად, მათ შორის რომის კათოლიკური, სომხური (მონოფიზიტური), მალანკარიის ინდოელთა, ეთიოპიის (ნესტორიანულ-მონოთელიტური), ინგლისის ანგლიკანური (ნახევრად პროტესტანტული), ამერიკის ეპისკოპალური (პროტესტანტული) და სხვა.

მეტიც - ამ უძველესი მწვალებლობების და ჭეშმარიტი დედა-ეკლესიისგან მომწყდარი მიმართულებების მწყემსმთავრებს სიწმიდის დამადასტურებელი რეგალიებსაც კი უნარჩუნებს და მათ "უწმიდესებად" და "უნეტარესებად" მოიხსენიებს.

ჩვენ მრავალი ოპონენტისთვის გვიკითხავს თუ რატომ უწოდებენ ამ კონფესიებს "ეკლესიას" (იქნებ ეს ეკლესიოლოგიურია სულაც) და არა სექტას, ხოლო ძველმართლმადიდებლებს პირიქით, - სექტას და არა ეკლესიას? პასუხს არავინ გვაძლევს, რადგან ყველა მათგანი სიძულვილიდან და ბოღმიდან გამომდინარე მსჯელობს და არა ეკლესიოლოგიიდან! ეკლესიოლოგია რომ ედოს საფუძვლად თქვენს დავას ძველმართლმადიდებლებთან, მაშინ მიხვდებოდით, რომ ეს ჩვეულებრივი ეკლესიაა და არა სექტა. ასე, რომ მე კი არ ვარიდებ თავს თქვენს კითხვებს, თქვენ არიდებთ თავს ჩემს პასუხებს და ცდილობთ პოლემიკის თქვენთვის სასურველ კალაპოტში მიგდებას. არ გამოგივათ ეს ბატონებო!

მე დაგისვით კითხვა და ან პასუხი გამეცით, ან ვაჟკაცურად აღიარეთ, რომ ამ საკითხში იჩქარეთ და არასწორი ტერმინით მოიხსენიეთ ჩვენი ეკლესია. თუ არა და, დავამტკიცებ, რომ თქვენი სახით საქმე გვაქვს ახირებულ, ჯიუტ და ფანატიკოს ადამიანთან, რომელიც ოსტატურად უხამებს ყოველივე ამას საკუთარ უმეცრებას.

2. თქვენ წერთ, რომ "წმ. კრებებმა ჩვენ გვიწოდეს მართლმადიდებლები და არა ძველმართლმადიდებლები. ამ საკითხზე სხვა ადგილას უკვე გიპასუხეთ და ვფიქრობ განმეორებას აზრი არა აქვს. მოკლედ კი ვიტყვი, რომ ქრისტეს მიმდევრებს ქრისტეანები ეწოდათ და არა მართლმადიდებლები. საეკლესიო ლოცვებში ჩვენ საკუთარ თავს მართლმადიდებლებს ვუწოდებთ, ხოლო ოფიციალურ საეკლესიო სახელწოდებად ძველმართლმადიდებლებად იმიტომ ვიწოდებით, რათა გაგვარჩიონ მათგან, მართლმადიდებლის სახელი ვინც მიისაკუთრა.

ამ პუნქტთან დაკავშირებით მეც მაქვს შეკითხვა: რომელმა მსოფლიო კრებამ უწოდა ქრისტეს ეკლესიას "მართლმადიდებლური". როდის შემოვიდა საეკლესიო ცნობიერებაში ტერმინი "მართლმადიდებლური" ეკლესიის კონფესიური (აღმსარებლობითი) კუთვნილების ნიშნად?

3. და ბოლოს, ათონის მთას რაც შეეხება. თქვენ წერთ: "რატომ ჩაიძირება ათონის მთა ეს უკვე სხვა საკითხია...". რატომ არის "სხვა საკითხი"? განა თავიდანვე არ ამტკიცებდით, რომ "ათონის მთას ღვთისმშობლის მადლი დაიფარავდა მეორედ მოსვლამდე"? თუკი "ჩაიძირება", როგორღა დაიფარავს? განა ეს აბსურდი არ არის? მე ვგონებ, თქვენ დაუფიქრებლად ისვრით სიტყვებს და მერე არ გყოფნით ვაჟკაცობა უკან დაიხიოთ და აღიაროთ, რომ შეცდით.

მაშ ასე, გაგვიჩნდა რამოდენიმე შეკითხვა, რომელსაც თქვენ პასუხი უნდა გასცეთ:

1) რა არის სექტა და რა ნიშნის მიხედვით უნაწილებთ "სექტისა" და "ეკლესიის" სახელწოდებებს სხვადასხვა რელიგიურ აღმსარებლობებს?

2) რომელმა მსოფლიო კრებამ უწოდა ქრისტეს ეკლესიას "მართლმადიდებლური"? ანუ როდის შემოვიდა საეკლესიო ცნობიერებაში ტერმინი "მართლმადიდებლური" ეკლესიის კონფესიური (აღმსარებლობითი) კუთვნილების ნიშნად?

3) ჩაიძირება თუ არა ათონის მთა? და თუ ჩაიძირება, როგორღა იქნება ის მეორედ მოსვლამდე?

მიპასუხეთ! ხოლო თუ აღიარებთ რომ სამივე საკითხში შეცდით, ეს არანაირად არ მიაყენებს ჩრდილს თქვენს პიროვნებას და პირიქით, ერთიორად ამაღლდებით როგორც ჩემს, ასევე ობიექტური მკითხველის თვალში.

დავით მანაგაძე: ‎1. ვინც პატრიარქს განუდგა ის სექტაა - არქ. გაბრიელი (ურგებაძე).

2. ეკლესიის გადმოცემის თანახმად, 44 წელს ღვთისმშობელი, მოციქულებთან ერთად, კვიპროსზე გაემგზავრა.ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობა მშვიდობიანად დაიწყო, მაგრამ კუნძულ კვიპროსთან მიახლოებისას, მოულოდნელი ძლიერი პირქარი ამოვარდა, მეზღვაურებმა ვერაფრით დაიმორჩილეს იალქნები და ხომალდი სხვა მიმართულებით გაქანდა. ქარმა გემი ეგეოსის ზღვაში შეიყვანა და ათონის მთის ნაპირთან მიაყენა. ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ათონის მთა წარმართთათვის წმინდა მთად იყო მიჩნეული. ძველ ბერძნებს აქ აპოლონის და ზევსის სადიდებელი მთელი რიგი წარმართული ტაძრები ჰქონდათ აღმართული.

როგორც კი ღვთისმშობლის ხომალდი ათონის ნაპირს მიადგა, წარმართული ტაძრები ერთიანად ჩამოიქცა. ყოვლადწმინდამ მოგზაურობის ამგვარ წარმართვაში ღვთის ნება დაინახა, გადავიდა მისთვის უცნობი მიწის ნაპირზე, სადაც სასწაულის მხილველი ადგილობრივი მოსახლეობა დიდი მოწიწებით შეხვდა მას. ყოვლადწმინდამ წარმართებში ღვთის სიტყვა იქადაგა და როდესაც იქაურებში ჭეშმარიტი რწმენა განამტკიცა, დატოვა ერთ-ერთი მისი მხლებელი, ხომალდზე ავიდა და კვიპროსისკენ გასცურა. მას შემდეგ ათონი ქრისტიანული ეპოქის ისტორიაში შევიდა და ღვთისმშობლის მეორე წილხვედრი გახდა.ყოვლადწმიდამ წმინდა გაბრიელი ქართველის ხელით ინება ნაპირზე გამობრძანება და იმ დღიდან ივერთა მონასტერიცა და მთლიანად ათონის წმინდა მთაც ამ საკვირველთმოქმედი ხატის მფარველობის ქვეშ მოექცა, ვითარცა ღმრთისმშობლის წილხვედრი. წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით როდესაც ივერიის წმინდა ხატი ათონის ნახევარკუნძულს დატოვებს, ბერებმაც სასწრაფოდ უნდა დატოვონ თავიანთი სავანეები და წავიდნენ სადაც სურთ, ოღონდ აღთქმა მონაზნობის წმინდად შეინახონ, რამეთუ მას შემდეგ, რაც ხატი ამ ადგილს დატოვებს დამანგრეველი მიწისძვრებით ათონი ზღვაში შთაინთქმება. ეს იქნება ღმრთისმშობელ მარიამის გაფრთხილება რომ ანტიქრისტე უკვე გამეფდაო ქვეყანაზე.

3. რაც შეეხება ტერმინს მართლმადიდებელი ჩნდება მას შემდგეგ,რაც პირველი ერესი გაჩნდა,ხოლო წმიდა მამები მეორე მსოფლიო კრებაზე მწვალებლებისაგან განსანსხვავებლად იყენებდნენ ტერმინს "მართლმადიდებელი" (და არა "ძველმართლმადიდებელი"). ჩავთვალოთ (ნუ რათქმაუნდა პირობითად), რომ თქვენ ხართ მართლები, მაინც გამიჩნდება გრძნობა ... რატომ უნდა გავეცნო მსოფლიოს "ძველმართლმადიდებლის" სახელით, როდესაც წმიდა კრებებმა "მართლმადიდებლები" გვიწოდეს? გრცხვენიათ ბოლო სახელის?


პასუხი: დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან მაკვირვებს საკითხის გარკვევის თქვენეული ტაქტიკა და პრინციპები. მომიტევეთ მაგრამ, ძალიან ღიმილის მომგვრელია თქვენი განმარტება: "ვინც პატრიარქს განუდგა ის სექტაა", თან იმოწმებთ ვიღაც გაბრიელ ურგებაძეს. ვინ არის ეს გაბრიელი? წმინდანია? თქვენთვის შეიძლება, მაგრამ ჩვენთვის არა. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ტერმინის განმარტება საკუთარი შეხედულების მიხედვით კი არ უნდა წარმოებდეს, არამედ საზოგადოდ, მართლმადიდებლობაში მიღებული საღვთისმეტყველო და ეკლესიოლოგიური განმარტებების მიხედვით.

შემდეგ, ვთქვათ გავიზიარეთ ბ-ნ გაბრიელ ურგებაძის შეხედულება (რომ "სექტა" თურმე "პატრიარქისგან განდგომილი" ორგანიზაცია ყოფილა (ოღონდ რომელი პატრიარქისგან?), მაშინ იქნებ ამიხსნათ რას ბრძანებს იგივე გაბრიელი "სქიზმის" და "მწვალებლობის" შესახებ? კარგი იქნება თუ ცოტათი მაინც ჩაიხედავთ საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ან ოდნავ განათლებულ ადამიანებს მაინც ჰკითხავთ ამ საკითხთა შესახებ, თორემ უკვე სერიოზულად ვფიქრობ ღირს თუ არა თქვენთან კამათის გაგრძელება.

სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ოფიციალური საეკლესიო წრეები არ თვლიან ძველმართლმადიდებლობას სექტად. თქვენი საპატრიარქოს საიტზეც კი ასე ეწერა ამ ბოლო დრომდე. ეს ისე, ცნობისთვის.

2. ახლა რაც შეეხება ათონს და მის ისტორიას, სკოლის მოწაფესავით რომ ჩამომიწიკწიკეთ, - გთხოვათ ვინმემ ამისი გაკეთება? გითხრათ ვიმემ რომ არ გვჯერა ათონის ღვთისმშობლისადმი მისი წილხვდომილობა? ცხადია, არა! ჩვენ ათონის ისტორია კი არ დავაყენეთ ეჭვქვეშ, არამედ თქვენი მტკიცებულებები, რომლებიც უთანხმოებაში არიან ერთმანეთთან.

თქვენი ბრალდება იყო ასეთი: რადგან ათონზე არ არის ძველმართლმადიებელთა მონასტერი, ხოლო თვით ათონს ჯერ კიდევ პირველივე საუკუნიდან ღვთისმშობელმა აღუთქვა მეორედ მოსვლამდე ყოფნა, ჩვენ ღვთისმშობელს აღთქმის გატეხვას ვაბრალებთ. ასე იყო ფორმულირებული თქვენი ბრალდება. ამ უაზრობის უარყოფა, კიდევ უფრო დიდი უაზრობა იქნება, მაგრამ არ შემიძლია ერთ საკითხს არ შევეხო. ეს არის საღმრთო აღთქმის საკითხი. რას ნიშნავს და როგორ უნდა გავიგოთ საღმრთო აღთქმა? ავიღოთ თუნდაც ათონელი მამებისთვის მიცემული აღთქმა, რომ ათონი მეორედ მოსვლამდე დაცული იქნება. რას ნიშნავს ეს თქვენი აზრით? - ათონის მართლმადიდებლობაში ყოფნას? და საიდან ჩანს ეს? არსაიდან!

ის, რომ ღმერთი აღთქმას აძლევს ადამიანს, არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი მწვალებლობაში არ გადავარდება. აღთქმა არ არის უპირობო. ღმრთის აღთქმა (მისი წყალობის და მადლის ბოძების თვალსაზრისით) მოქმედებს მანამ, სანამ ეს ადამიანი ღმრთის ერთგულია.

ნეტ. იერონიმე ბრძანებს: "სახარებაში მე აღმეთქვა ცათა სასუფეველი, მაგრამ თუ არ შევასრულებ იმას რაც მემცნო, დანაშაული აღთქმის მომცემზე კი არ იქნება, არამედ ჩემზე, რომელიც აღთქმულის მიღების ღირსი ვერ აღმოვჩნდი. რადგან თუკი არჩევანი დამოკიდებულია თავისუფალ ნებაზე, შენ, რომელსაც არ გნებავს იღვაწო, აღთქმულის აღსრულებას შენზე ამაოდ ელოდები " (ნეტ. იერონიმე. Творения блаж. Иеронима, часть 3, письмо 105, стр. 317).

ამრიგად, მიუხედავად იმისა, ადამიანი ასრულებს თუ არა უფლის მცნებას, უფლის აღთქმა მაინც ძალაშია. ათონის შემთხვევაშიც ასეა, ის უკვე აღარ არის ის სიწმინდე ღვთისმშობლის დროს რომ იყო, მაგრამ ღვთისმშობლის აღთქმა მაინც მოქმედებს. და მოქმედებს ის იმ უკეთურებზე ათონს რომ დაპატრონებიან. თუ იკითხავთ როგორო? გიპასუხებთ:

ღმერთი იმყოფება როგორც ყველა ჭეშმარიტად მორწმუნესთან, რომლებიც ზუსტად ასრულებენ მის წმიდა მცნებებს, ასევე მათთან, ვინც არღვევს მათ და მიიდრიკება უკეთურებისკენ. "სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ; თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ, ხოლო თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ. რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება" (2 ტიმ. 2:11-13).

ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: "ო, ღმერთო, ყველგანმყოფო და უკეთურთაგან შორს მდგომო, რომელი მათთანაც იმყოფები, თუმც არა მადლით ცხოვნებისა, არამედ მსჯავრით შურისგებისა" (таинствен. богословия., кн 3, гл. 28, чис. 3).

ეზეკიელის წინასწარმეტყველების განმარტებაში ნეტ. იერონიმე წერს: "არ ახდება, რაც ფიქრში მოგდით, რომ ამბობთ: ვიქნებით, როგორც სხვა ხალხები არიან, როგორც სხვა ქვეყნების ტომები არიან, რომ ხესა და ქვას ვემსახუროთო. ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, რისხვის გადმონთხევით არ ვიმეფო თქვენზე!"(ეზეკ. 20:32-33).

განმარტება: არ იფიქროთო, ბრძანებს უფალი, აღსრულდებოდეს თქვენი ზრახვანი, რომელშიაც გმობთო ჩემს სახელს. რადგან ამბობთ, რომ არ გსურთ უფლის ძალაუფლების ქვეშ ყოფნა და მის ხალხად იწოდებოდეთ, არამედ გსურთ იყოთ როგორც სხვა ხალხები არიან თავიანთ ჭკუაზე, რათა ხესა და ქვას ემსახურონ და კერპებს თაყვანი სცენ და ამბობთ ჩვენც ეგრე ვიყოთო ერთ ერთი ამ ხალხებს შორის. ამაზე უფალი საკუთარი თავის დაფიცებით პასუხობს და ამბობს: არ მიგატოვებთ და არ უგულებელგყოფთ, როგორც ბატონი გაქცეულ მონას, არამედ დაგაბრუნებთო ჩემი ძალაუფლებისკენ, მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით ისევ მოგაქცევთ ძველ მსახურებაზე და ისევ ვიმეფებო თქვენზე, რათა თქვენი ნებით იქნება ეს თუ მის წინააღმდეგ, მე გყავდეთ მეფედ და განიცადოთ რისხვა იმ მეფისა, რომლის წყალობასაც ზურგი აქციეთ" (Блаж. Иероним. Творения. ч. 10, стр. 289-290).

ამრიგად, უფალი იმ მწვალებლებსაც კი მწყემსავს, რომლებიც გაექცნენ მის მეუფებას და ცთომას მიეცნენ, მაგრამ მეფობს მათზე არა მადლით, არამედ "მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, რისხვის გადმონთხევით" მეფობს მათზე. ამიტომაც, აღთქმა ათონის მთის შენარჩუნებაზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლის ძალით, მაინც ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ათონი ახალმოწესეთა მწვალებლობებშია შთავარდნილი. ღმრთის ძალა მაინც არის მათთან, თუმცა არა ცხოვნების მადლით, როგორც წმიდა მამები განმარტავენ, არამედ შურისგების მსჯავრით, და რომც არ უნდოდეთ მათთან იყოს, მაინც მათთან იქნება, რათა იმეფოს მათზე "მაგარი ხელით, გაშლილი მკლავითა და რისხვის გადმონთხევით" (ეზეკ. 20:32-33).

ჯერ ჯერობით, უფალი ელოდება ათონისა (და არა მარტო ათონის) სინანულს რათა "გაიხსენოს, საიდან დაეცა, მოინანიოს და უწინდელ საქმეებს მიჰყოს ხელი" თუ არადა, მოვა მასთან და "ადგილიდან დაძრავს მის სასანთლეს, თუკი არ მოინანიებს" (შეად. გამოცხ. 2:5), "შეერკინება მათ ბაგეთა თვისთა მახვილით" (გამოცხ. 2:16), "დაამხობს მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დააყრის, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს. სიკვდილით მოკლავს მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ უფალია დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულ თქვენგანს" (შეად. გამოცხ. 2:22).

სწორედ თქვენზეა ზედგამოჭრილი უფლის სიტყვა ლაოდიკიის ეკლესიისადმი, რომელიც თავს იქებს გარეგნული პომპეზურობით და მოჩვენებითი ღვთისმსახურებით. მაგრამ უფალი ამბობს: "ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე" (გამოცხ. 3:14-19).

საერთოდ, ღმრთის აღთქმა არ უქმდება ადამიანების ცოდვებით, როგორც არ გაუქმდა იგი ადამისა და ევას შეცოდებით. როდესაც ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანები "აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს" (დაბ. 1:28). "აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით" (დაბ. 2:15-17).

თქვენი მსჯელობიდან კი გამოდის, რომ ადამს არ შეეძლო შეეცოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში დაირღვეოდა უფლის აღთქმა მიცემული ადამისთვის, რომ გაანაყოფიერებდა და გაამრავლებდა დედამიწაზე, გააბატონებდა მას ყოველ ცხოველზე, რაც კი დედამიწაზე დახოხავს, ზღვაში დაცურავს და ცაში დაფრინავს.

თქვენებურად ასე გამოდის: თუ ადამი იმავე დღეს მოკვდება, რა დღესაც ის აღთქმას დაარღვევს, როგორღა გამრავლდება და დაეუფლება მიწის მკვიდრთ დაცემის შემდეგ? შედეგად, ღმერთი დაიცავს მას დაცემისგან, უკიდურეს შემთხვევაში, მისი შვილების დაბადებამდე მაინც, რათა არ დაირღვეს მისი აღთქმა კაცობრიობის მოდგმის გამრავლებასთან დაკავშირებით. მაგრამ ყოველივე ამგვარი, ადამიანური განსჯის მიხედვით როდი მოხდა. ადამმა დაარღვია უფლის აღთქმა, ხოლო ღმრთის მცნება კაცობრიობის გამრავლებაზე დღემდე მოქმედებს.

3. თქვენ წერთ: "რაც შეეხება ტერმინს მართლმადიდებელი ჩნდება მას შემდგეგ, რაც პირველი ერესი გაჩნდა, ხოლო წმიდა მამები მეორე მსოფლიო კრებაზე მწვალებლებისაგან განსანსხვავებლად იყენებდნენ ტერმინს ”მართლმადიდებელი” (და არა ”ძველმართლმადიდებელი)".

თქვენ ან არ გესმით მე რას ვლაპარაკობ, ან თავს იკატუნებთ... ლაპარაკი გვქონდა (თქვენ აყენებდით ასე საკითხს) იმის შესახებ თუ როდის ეწოდა ეკლესიას "მართლმადიდებლური". თქვენ ამბობდით, რომ ეს სახელი ეკლესიას მსოფლიო კრებებმა უწოდეს. მსოფლიო კრებათა ეკლესია ჩვენი ეკლესიაც არის. ჩვენ მის მემკვიდრეებად მივიჩნევთ თავს, მაგრამ ვიცით, რომ არცერთ მსოფლიო კრებაზე მამებს ეკლესიისთვის რაიმე სახელი არ შეურქმევიათ.

ის, რომ მამები ხშირად იყენებენ სიტყვას "მართლმორწმუნე", "მართლმადიდებელი", მწვალებლებისგან განსასხვავებლად, არის სწორედ ის პრინციპი, რამაც გააჩინა ტერმინი "ძველმართლმადიდებელი" და ამ ტერმინსაც თავისი გამოყენება გააჩნია. მამები ძველ ეკლესიაზეც საუბრობენ, ძველ სარწმუნოებაზეც და ძველ გადმოცემებზეც და თვით ძველ მამებზეც კი... ასე, რომ გირჩევთ თავი დაანებოთ ამ ბავშვურ აკვიატებას... არ დამაწყებინოთ ახლა ამგვარი ადგილების ამოკრება... ერთიც იკმარეთ. მაგალითად, კლიმენტი ალექსანდრიელი (I-II სს.) ბრძანებს: "ჭეშმარიტი ეკლესია, ნამდვილი, ძველი - ერთადერთია..." (Священник Григория Дьяченко. "Уроки и примеры христианской веры". Москва. 1894 г., стр. 450).

მე ერთხელ უკვე გითხარით, რომ ტერმინი "მართლმადიდებელი" ეკლესიის აღმსარებლობით ნიშნად დასავლეთის ეკლესიასთან განხეთქილების შემდეგ დამკვიდრდა, რადგან მათ მიისაკუთრეს სახელწოდება "კათოლიკე", რაც საყოველთაოს ნიშნავს. მართლმადიდებლურ მრწამსში ჩვენ ვამბობთ: "მრწამს, ერთი, წმიდა, კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესია" და არა "მრწამს, ერთი, წმიდა, მართლმადიდებლური და საყოველთაო ეკლესია". მიუხედავად იმისა, სიტყვა "მართლმადიდებლური" XI საუკუნიდან ეკლესიის აღმსარებლობით ტერმინად დამკვიდრდა, მრწამსში ეკლესიის სახელწოდებად მაინც "კათოლიკე" ანუ საყოველთაო რჩება. ორივე სახელი მის თვისებაზე მიანიშნებს. ასეთივეა "ძველმართლმადიდებელიც", რომელიც უკვე ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" გამოჩენისა და მათ მიერ ამ სახელწოდების მისაკუთრების გამო დამკვიდრდა. ასე, რომ თქვენი ტიტინი ამ საგანზე პატარა ბავშვის სიჯიუტეს წააგავს...

ისე, სხვათა შორის, რამდენი წლის ხართ? მომიტევეთ მაგრამ, თქვენი მსჯელობა ეჭვს მიჩენს, ან ძალიან ახალგაზრდა ბრძანდებით ან ძალიან მოხუცი... და ბოლოს:‎

4. თქვენი გვეკითხებით: "რატომ უნდა გავეცნო მსოფლიოს "ძველმართლმადიდებლის" სახელით, როდესაც წმიდა კრებებმა "მართლმადიდებლები" გვიწოდეს? გრცხვენიათ ბოლო სახელის?".

ნაწილობრივ უკვე გაგეცით პასუხი, ისე კათოლიკეებმა რომ გკითხონ, "რატომ უნდა გავეცნო მსოფლიოს "მართლმადიდებლის" სახელით, როდესაც წმიდა კრებებმა "კათოლიკე" გვიწოდეს? გრცხვენიათ ამ ბოლო სახელის?"-ო, რას უპასუხებთ?

სანამ რაიმეს მოიფიქრებდეთ, ჩემგან უწყოდეთ, ჩვენ არასოდეს გვრცხვენოდა სახელ "მართლმადიდებლის", მე ერთხელ უკვე მოგწერეთ, რომ ასე იწოდება ჩვენი ეკლესია ღვთისმსახურებაში. სწორედ ეს არის ჩვენი სახელი, ანუ მართლმადიდებელი. ჩვენ ვლოცულობთ მართლმადიდებელთათვის, ჩვენ ვდღესასწაულობთ მართლმადიდებლურ დღესასწაულებს და მათ ასეც ვუწოდებთ... ჩვენ ვლოცულობთ მართლმადიდებელ გარდაცვლილთათვის.... ბოლოს და ბოლოს, გონებაჩლუნგი თუ არ ბრძანდებით, იქნებ დაანებოთ თავი ამ უაზრო ქილიკს? თუ თქვენს საპატრიარქოს პოლემიკის წარმოების მეთოდი აქვს ასეთი?

დავით მანაგაძე: თქვენს მიერ მოყვანილი აბსურდული, მაგალითები და ორაზროვანი პოზიცია ძალზედ მაკვირვებს. სექტის ზუსტი განმარტება თუ გაინტერესებთ, შემიძლია წიგნები მიგითითოთ ან წმ. მამები სადაც არის ზუსტი განმარტება, ისეთი, რომელსაც ვერ შევცვლით. რაც შეეხება თქვენს პასუხს ათონის მთასთან დაკავშირებით, კარგად დაიწყეთ, მაგრამ თქვენ არ დაუკვირდით კითხვას. აქედან გამომდინარე, ეს პასუხი არ მაკმაყოფილებს. თქვენ იძახით, რომ ჩვენს ეკლესიაში მადლი არ არის,მაგრამ მინდა შეგახსენოთ რა წერია სახარებაში "ეკლესია არის სვეტი ჭეშმარიტებისა", ასევე თქვენ თქვენდაუნებურად იმყოფებით სულიწმიდის გმობაში, რატომ? თქვენ უარყოფთ სულიწმიდის მოქმედებას საქ.სამოციქულო ეკლესიაში, ანუ ჩავარდნილნი ხართ სულიწმიდის გმობაში, ეწინააღმდეგებით რა მაცხოვრის სიტყვებს... რაც შეეხება აბსურდულ ბრალდებას, მე ეხლაც ვიტყვი და ყველგან, რომ ეკლესია არის კათოლიკე და სამოციქული,მართლმადიდებლობა ძირითადად გაჩნდა 1054 წლიდან როცა განყოფა მოხდა ანუ დიდი განხეთქილება. ოსტატურად მაგრამ გვერდს უქცევთ ჩემს კითხვას და ამისათვის მრავალსიტყვაობას იშველიებთ. გეკითხებით თქვენ ხართ ჩემთვის სქიზმატი, განხეთქილებაში გასული ამიტომ გეკითხებით თუ თქვენ ხართ ჭეშმარიტი ეკლესიიის შვილები რატომ არ შეუნარჩუნეთ მას სახელი "მართლმადიდებლური" და როტომ გადააკეთეს "ძველმართლმადიდებლად" იცით ალბათ რომ ეკლესიას მოდერნიზმი არ უყვარს და უცხოა. გეუბნებით კიდევ ერთხელ ეკლესია არის კათოლიკე და სამოციქულო,მაგრამ მართლმადიდებელი გამოიყენება 2 მსოფლიო კრების განჩინებებში, აქედან გამომდინარე არის ეკლესია "ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია" ეს არის არსებითი თვისებანი ეკლესიისა და უამითოდ ეკლესია ეკლესიად აღარ იქნება (მართლ. კატეხიზმო გვ. 148).

პასუხი: 1. ბ-ნო დავით, თქვენ მწერთ: "თქვენს მიერ მოყვანილი აბსურდული, მაგალითები და ორაზროვანი პოზიცია ძალზედ მაკვირვებს".

ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა რომ არ გამოგვივიდეს, მოდი დავაკონკრეტოთ ცნებები. მაგალითად, რას ნიშნავს "აბსურდული" ან "ორაზროვანი". ეს ისეთი ბრალდებებია, რომელთაც დამტკიცება სჭირდება. არადა ჩემს პოსტში არაფერი იყო აბსურდული ან ორაზროვანი. თქვენ შეიგიძლიათ ასე რამდენიც გინდა ამტკიცოთ და სხვა ბრალდებებიც წამოგვიყენოთ, მაგრამ მტკიცებულების გარეშე ეს ყოველივე მხოლოდ თქვენს პირად შეხედულებად დარჩება და არა ეჭვმიუტანელ ფაქტად.

2. შემდეგ წერთ: "სექტის ზუსტი განმარტება თუ გაინტერესებთ, შემიძლია წიგნები მიგითითოთ ან წმ. მამები სადაც არის ზუსტი განმარტება, ისეთი, რომელსაც ვერ შევცვლით".

დიახ, ზუსტად ამას გთხოვდით მეც, რომ მიგეთითებინათ საღვთისმეტყველო განმარტებები სექტის რაობაზე და არა ვიღაც გაბრიელ ურგებაძის აბსოლუტურად მიუღებელი მტკიცებულება, რომ "ვინც პატრიარქს განუდგა ის სექტაა". ჯერ ერთი იმიტომ, რომ პატრიარქს შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო განუდგნენ; მეორეც, შესაძლოა მას განუდგნენ მისი მწვალებლობის, ან უსამართლობის გამო, ასეთ შემთხვევაში კი (იხ. ორგზისი კრების 15-ე და წმ. მოციქულუთა 31-ე კანონის ბალსამონის განმარტება (ბოლოში). და მესამე, ტერმინი "სექტა" უფრო გვიანდელი წარმონაქმნია და დიდ სჯულისკანონში ჩვენ ის არ გვაქვს. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა და ამჯერად ამაზე არ შევჩერდები, მაგრამ თუ თქვენ გსურთ შემიძლია გაგესაუბროთ ამ თემაზე. ამრიგად, თქვენ თავიდანვე გმართებდათ იმ კრიტერიუმებით მოქმედება, ახლა რომ მპირდებით.

3. თქვენ ბრძანებთ: "რაც შეეხება თქვენს პასუხს ათონის მთასთან დაკავშირებით, კარგად დაიწყეთ, მაგრამ თქვენ არ დაუკვირდით კითხვას აქედან გამომდინარე ეს პასუხი არ მაკმაყოფილებს".

სიმართლე გითხრათ ვერ ვგებულობ რას ვერ დავუკვირდი კითხვაში. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ გაგაჩნიათ გარკვეული მიდგომა საღმრთო აღთქმისადმი (ღვთისმშობლის აღთქმა, ცხადია, ამგვარ აღთქმათა რიგს განეკუთვნება). მე შევეცადე განმეხილა თვით აღთქმის მიცემის და მისი შესრულება-არშესრულების საკითხი. მოვიტანე კონკტრეტული მაგალითებიც და ვაჩვენე, რომ ღმრთის აღთქმა, რომელიც მიცემული ადამიანისთვის, ან ადამიანთა ჯგუფისთვის, ან ხალხისთვის და ა. შ. არასოდეს არ უქმდება და უფალს უკან არ მიაქვს თავისი ნათქვამი. უბრალოდ, თვით ადამიანები განუდგებიან ამ აღთქმას და ასეთ შემთხვევაში (როგორც ეს ეზეკიელის წინასწარმეტყველებასა და მის განმარტებაში გიჩვენეთ), უფალი, მართალია, აღთქმას არ აუქმებს, მაგრამ ეს აღთქმა ღმრთის ჭეშმასრიტებისგან განდგომილებს სასჯელად შეექმნებათ და არა წყალობად. ისე, თავისთავად საინტერესოა, რატომ უნდა ჩაიძიროს ათონის მთა თუ არა მის დასასჯელად?

4. თქვენ ასევე ამბობთ: "თქვენ იძახით, რომ ჩვენს ეკლესიაში მადლი არ არის, მაგრამ მინდა შეგახსენოთ რა წერია სახარებაში "ეკლესია არის სვეტი ჭეშმარიტებისა", ასევე თქვენ თქვენდაუნებურად იმყოფებით სულიწმიდის გმობაში, რატომ? თქვენ უარყოფთ სულიწმიდის მოქმედებას საქ. სამოციქულო ეკლესიაში, ანუ ჩავარდნილნი ხართ სულიწმიდის გმობაში, ეწინააღმდეგებით რა მაცხოვრის სიტყვებს..."

ბ-ნო დავით, თქვენი ეს ბრალდება საკმაოდ მიამიტურია. მე მესმის, რომ თქვენ გჯერათ საკუთარი ეკლესიის, მაგრამ თქვენი "პატრიოტული" პოზიცია ვერც აქ იქნება ჩვენი გამტყუნების საფუძველი. ჩვენ იმაში კი არ გედავებით ეკლესია არის თუ არა სვეტი ჭეშმარიტებისა (ცხადია, არის!), არამედ იმაში სად არის ეს ეკლესია. თქვენის აზრით ის თქვენთანაა, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და გვაქვს ამგვარი ფიქრის საფუძველი. ამიტომაც, მხოლოდ თქვენი გულმხურვალე "პატრიოტიზმი" საქმეს ვერ უშველის.

ზუსტად ამავე მიზეზით შეუძლებელია ითქვას, რომ ჩვენ ან სულიწმიდას ვგმობთ ან ვეწინააღმდეგებით მაცხოვრის სიტყვებს (ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი მკრეხელობისგან!). ჩვენ ვიცით რომ ეკლესია ვერ იქნება ძლეული ჯოჯოხეთის ბჭით, მაგრამ ერთი მიპასუხეთ, როგორ არის შესაძლებელი ამგვარ უძლეველ ეკლესიად აღვიქვათ ის თემი, რომელიც მწვალებლებთან ერთად ლოცულობს, საკუთარ ეკლესიაში უშვებს მწვალებლებს, იყო ემს-ს წევრი. ამასწინათ სომხეთის მონოფიზიტი პატრიარქი ეწვია საქართველოს. ის არა თუ შეუშვეს სამების ტაძარში (თანაც მაშინ, როდესაც იქ წირვა მიდიდოდა), არამედ ხალხი მივარდა მას და "კურთხევებიც" კი აიღეს მისგან. და ეს ხდებოდა თქვენი პატრიარქის და მთელი სამღვდელოების თვალწინ). უამრავი სხვა მაგალითების მოტანაც შეგვიძლია, თანაც არა ყურმოკრული ამბების, არამედ თქვენი ეკლესიის ოფიციალურ წყაროებში დამოწმებულის, რომლებიც ცხადად გვიჩვენებენ, რომ ის საკრებულო რომელიც თავს "მართლმადიდებლურს" უწოდებს, სულაც არ არის მართლმადიდებლური (მაგალითისთვის იხ. გიორგი გაბაშვილის "პატრიარქ ილია II-ს სულიერი მოღვაწეობა დიდი სჯულისკანონის ფონზე").

ამჯერად კონკრეტული მაგალითების ამოწერისგან თავს შევიკავებ. მაგრამ ამ წერილში საკმაოდ ცხადად არის ნაჩვენები თქვენი ეკლესიის სახით "დედა-ეკლესიასთან" გვაქვს საქმე თუ .... ???

5. თქვენი შემდეგი ფრაზა: "რაც შეეხება აბსურდულ ბრალდებას, მე ეხლაც ვიტყვი და ყველგან, რომ ეკლესია არის კათოლიკე და სამოციქული, მართლმადიდებლობა ძირითადად გაჩნდა 1054 წლიდან როცა განყოფა მოხდა ანუ დიდი განხეთქილება. ოსტატურად მაგრამ გვერდს უქცევთ ჩემს კითხვას და ამისათვის მრავალსიტყვაობას იშველიებთ".

აქ უკვე საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებით ბ-ნო დავით. განა მეც იმას არ გეუბნებოდით, რომ "მართლმადიდებლობა ძირითადად გაჩნდა 1054 წლიდან", ანუ ეკლესიის აღმსარებლობით სახელწოდებად "მართლმადიდებლობა" ფუძნდება სწორედ 1054 წლიდან. უფრო მეტიც, ოფიციალურად ქრისტეს ეკლესიას "მართლმადიდებლური" ამაზე გვიან ეწოდა. არც ერთ თვენს შეკითხვას გვერდს არ ვუქცევ და გპირდებით რომ არც მომავალში ავუქცევ. მრავალსიტყვაობა კი დეტალურ განმარტებას მოჰყვა, რომელიც, სამწუხაროდ თქვენ არ გაითვალისწინეთ. სხვაგვარად აბა როგორ აგიხსნათ, მითხარით?! ან საერთოდ, აქვს კი მნიშვნელობა რა ეწოდება ეკლესიას? წმიდა წერილი (მოციქულთა საქმეები) გვამცნობს, რომ ქრისტეს მიმდევრებს ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტეანები. ამ დღიდან მას ქრისტეს ეკლესია, ქრისტეანული ეკლესია ეწოდება და ასეა დღემდე. მაგრამ, რადგან უამრავმა სექტამ, სქიზმამ და მწვალებლობამ დაირქვა სახელი "ქრისტეანული", არაჭეშმარიტი კონფესიებისგან განსასხვავებლად მას სპეციალური, აღმსარებლობის აღმნიშვნელი ტერმინის შემოღება დასჭირდა. ასე გაჩნდა ჯერ "მართლმადიდებლური" და მოგვიანებით "ძველმართლმადიდებლური", რადგან "მართლმადიდებლად" უამრავი სქიზმატური და მწვალებლური დენომინაცია იწოდება.

მინდა გკითხოთ, მაგალითად, აღიარებთ თუ არა თქვენ ე. წ. ეკლესიას, რომლის სახელწოდებაა "ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ეკლესია"? იცით ეს რომელი ეკლესიაა? ხომ არის აქ დაფიქსირებული სახელწოდება "მართლმადიდებელი"?

ვფიქრობ უცნობი არ უნდა იყოს თქვენთვის, რომ ეშმაკს ძალუძს ანგელოზის სახე მიიღოს და ასე გამოეცხადოს ადამიანს, რათა გარეგნული ხიბლით აცთუნოს იგი. აქვს თუ არა მნიშვნელობა რას ვხედავთ ჩვენ ამ შემთხვევაში? თუ არსია მთავარი? თუ მხოლოდ გარეგნობას აქვს თქვენთვის მნიშნელობა, მაშინ ეშმაკის ხელში ჩავარდებით, ხოლო თუ არ დაუჯერებთ გარეგნულ ფორმას (ანგელოზის სახის მიღებას) და მიჰყვებით ამ შემთხვევისთვის აუცილებელ წმიდა მამებისეულ დარიგებას თავს გადაირჩენთ.

ასეა აქაც, ყველამ დაირქვა ქრისტეანული, მაგრამ არიან კი ქრისტეანულნი? მრავალს ეწოდება "მართლმადიდებლური", მაგრამ არიან კი ამდაგვარნი? ან რატომ მაინცდა მაინც თქვენი "მართლმადიდებელი" ეკლესია უნდა ვაღიაროთ (მხოლოდ სახელწოდების გამო) და არ ვაღიაროთ ამ სახელით გამომავალი ათასი ცრუ ეკლესია?

6. დავით მანაგაძე: "თქვენ ხართ ჩემთვის სქიზმატი, განხეთქილებაში გასული ამიტომ გეკითხებით თუ თქვენ ხართ ჭეშმარიტი ეკლესიიის შვილები რატომ არ შეუნარჩუნეთ მას სახელი "მართლმადიდებლური" და როტომ გადააკეთეს "ძველმართლმადიდებლად" იცით ალბათ რომ ეკლესიას მოდერნიზმი არ უყვარს და უცხოა".

"ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო" ამაზეა ნათქვამი. თქვენს ბოლო ფრაზას "ეკლესიას მოდერნიზმი არ უყვარს"-ს ვგულისხმობ. და თქვენი ეკლესია მოდერნისტული არ არის? განა ამის გამო არ არის ის უარყოფილი ჩვენს მიერ? განა ამიტომაც არ იწოდება ჩვენი ეკლესია ძველ, მართლმადიდებლურ ეკლესიად? განა პატრიარქმა ნიკონმა, შემდეგ კი ანტონ I კათალიკოსმა (საქართველოში) მოდერნიზმის ქურაში არ გაატარეს თავიანთი ეკლესიები? ჩვენს საიტზე დევს ნაშრომი "ანტონ I - ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი". კარგი იქნება თუ გაეცნობით, რადგან იქ ნაჩვენებია ამ "მოღვაწეთა" მოდერნიზმიც და მწვალებლობანიც. ან ეკუმენისტებთან ერთობა არ არის მოდერნიზმი? და თვით ეკუმენიზმი არ არის მოდერნიზმი? მწვალებლების ეკლესიაში შეშვება არა რის მოდერნიზმი? წყალპკურებითი "ნათლობა" არ არის მოდერნიზმი? (იხ. მაგალითად, ამ საკითხთან ქართლის კათალიკოსის ბესარიონ ორბელიშვილის პოზიცია: http://www.oldorthodox.ge/sxv_orbelishvili.html

და აგრეთვე აღმოსავლეთის "მართლმადიდებელი" ეკლესიების პატრიარქთა დამოკიდებულებაც: http://www.oldorthodox.ge/natloba.html

ასევე ათონელი ბერების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით: ბერძნული "პიდალიონი" ("მესაჭე"), ნიკოდიმე მთაწმინდელი და "კოლივადები".

აი, რა არის მოდერნიზმი... აი, რატომ არ არის თქვენი ეკლესია, სახელწოდების მიუხედავად "მართლმადიდებლური"...

დიახ, ბ-ნო დავით, სწორედ იმიტომ, რომ ვართ ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები, ეკლესიას შევუნარჩუნეთ სახელი მართლმადიდებლური. ასე იწოდება ჩვენი ეკლესია (უკვე მერამდენედ გეუბნებით), მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში, რაკიღა უამრავი სხვა "მართლმადიდებლებიც" არსებობენ და ასე უწოდეს თავიანთ ეკლესიას, იმ ჭეშმარიტი, ძველი მართლმადიდებლობის მიმდევრობის ნიშნად, რომელიც თანამედროვე "მართლმადიდებლობისგან" განსხვავებით ათასგვარ მოდერნისტულ საეკლესიო საიდუმლოებებს და ღვთისმსახურების ფორმებს მისდევს, ვიწოდეთ კიდევაც ეს ტერმინი. გამგებისთვის გასაგები უნდა იყოს ეს უმარტივესი საკითხი.

7. დავით მანაგაძე: გეუბნებით კიდევ ერთხელ ეკლესია არის კათოლიკე და სამოციქულო, მაგრამ მართლმადიდებელი გამოიყენება 2 მსოფლიო კრების განჩინებებში, აქედან გამომდინარე არის ეკლესია "ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია" ეს არის არსებითი თვისებანი ეკლესიისა და უამითოდ ეკლესია ეკლესიად აღარ იქნება (მართლ. კატეხიზმო გვ. 148).

ვფიქრობ ამ საკითხზე უკვე საკმარისად ვილაპარაკეთ. ვიტყვი მხოლოდ ერთს: მსოფლიო კრებათა განჩინებებში სიტყვა "მართლმადიდებელი" არ არის გამოყენებული ეკლესიის აღმსარებლობითი (კონფესიური) სახელწოდების თვალსაზრისით. დანარჩენზე კი უკვე გიპასუხეთ.

P.S. დამავიწყდა მეკითხა: რატომ გამოტოვეთ ჩემი ადრინდელი კითხვა თუ რატომ ხმობს "ეკლესიად" თქვენი ეკლესია ისეთ მწვალებლობებს, როგორიცაა კოპტური, სომხური, "კათოლიკური", ანგლიკანური და სხვა მწვალებლური დენომინაცია? რა კრიტერიუმებით მოქმედებთ თქვენ როდესასც ზოგს "ეკლესიას" არქმევთ და ზოგს "სექტას"? აქვს თუ არა თქვენს ეკლესიას ამ საკითხთან მიმართებაში კონკრეტული ეკლესიოლოგიური დოქტრინა თუ პირადი სიმპათიების საფუძველზე იქცევით ასე?

დავით მანაგაძე: სექტა არის რელიგიური თვალსაზრისით, ერთმანეთთან ერთობაში მყოფი ადამიანების, ორგანიზებული საზოგადოება, რომელიც არ არის ერთობაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან. თავისი სარწმუნოების სწავლა მოძღვრების გადმოცემისას ეფუძნება ან იყენებს ბიბლიის, არასაეკლესიო განმარტებას, ამახინჯებს არა ცალკეულ დოგმატებს (როგორც ერესი), არამედ ძირფესვიანად უარყოფს მთლიანად საეკლესიო გადმოცემას.

1. ეკლესია ერთია მხოლოდ წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა კონფენციები არ არიან ჭეშმარიტებაში,ანუ მათ შეგვიძლია უწოდოთ ცრუ ეკლესიები,ეშმაკის სახლები და ა.შ. "ვისაც არ უპყრია ჭეშმარიტება იგი არ ეკუთვნის ეკლესიას - წმიდა გრიგოლ პალამა".

2. ამ კითხვაზე სექტის განმარტებაში გიპასუხეთ...

"ძველმართლმადიდებლობისა" და მართლმადიდებლობის შესახებ პასუხს მაინც გაურბიხართ.


პასუხი: პასუხი: მადლობა ღმერთს, როგორც იქნა მივიღე საღვთისმეტყველოს მსგავსი რაღაც განმარტება, რომელიც წინანდელ დოდნავ ჯობია და უარყოფს თქვენს (უფრო სწორედ გაბრიელ ურგებაძის) წინა სწავლებას, ვინაიდან, აქ არ არის ნათქვამი თითქოსდა "სექტა იყოს ადამიანთა ის დაჯგუფება, რომელიც პატრიარქს განუდგება". აქ უქმდება პირველი განმარტება (და სამართლიანადაც), რადგან ის იყო აბსოლუტურად ცდომილი, არაზუსტი, არასაღვთისმეტყველო, არამეცნიერული და გაუგებარიც კი. თუმცა თავისი ობიექტურობით და მეცნიერულობით არც ეს ბრწყინავს.

მოდი, განვიხილოთ ეს განმარტება და ვნახოთ რას გვასწავლის ის სექტის შესახებ და შეიძლება თუ არა მისით მსჯელობა ჩვენზე (ძველმართლმადიდებლებზე).

I. განმარტებაში ნათქვამია, რომ "რელიგიური თვალსაზრისით, ერთმანეთთან ერთობაში მყოფ ადამიანთა, ორგანიზებულ საზოგადოებას" სექტა რომ ეწოდოს ის ერთობაში არ უნდა იყოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ეს არის ამ განმარტების პირველი ნიშანი (ცხადია, აქ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას რომელია ეს "მართლმადიდებელი ეკლესია", რომლის პრეტენზია დღეს უამრავ კონფესიას გააჩნია). ზოგად, საღვთისმეტყველო ჭრილში ეს მტკიცებულება სწორია, რადგან ძირითადად, სექტა არ შეიძლება იყოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კავშირში, ის ხომ განცალკევებული საზოგადოებაა (თუმცა, თქვენი ეკლესიის ცნობილი ღვთისმეტყველისა და არქიეპისკოპოსის, იოანე სან-ფრანცისკოელის (შახოვსკი) თქმით: "შეიძლება სექტაშიც იყოს მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლობაშიც იყოს სექტა"). გაცილებით უფრო საინტერესოა სხვა ნიშნები, კერძოდ:

II. თავისი სარწმუნოების სწავლა მოძღვრების გადმოცემისას ეფუძნება ან იყენებს ბიბლიის, არასაეკლესიო განმარტებას და

III. ამახინჯებს არა ცალკეულ დოგმატებს, (როგორც ერესი) არამედ ძირფესვიანად უარყოფს მთლიანად საეკლესიო გადმოცემას".

ასეთია, ბ-ნო დავით, თქვენის აზრით სექტის რაობა. იმისთვის, რათა დაამტკიცოთ, რომ ტერმინი "სექტა" სწორად გამოიყენეთ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მისამართით, თქვენ უნდა გადადგათ შემდგომი ნაბიჯები:

ა) უნდა აჩვენოთ, რომ თქვენი ეკლესია ნამდვილად ქრისტეს ეკლესიაა (ამისთვის კვლავ რამოდენიმე პუნქტის დაკმაყოფილება მოგიწევთ, კერძოდ: სათითაოდ განიხილოთ ქრისტეს ეკლესიის ნიშნები და ახასიათებს თუ არა ეს ნიშნები თქვენს ეკლესიას) და პირიქით, აჩვენოთ, რომ ძველმართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს ეკლესია არ არის (იგივე პრინციპით, ანუ ქრისტეს ეკლესიის ნიშნები მიუყენოთ ძველმართლმადიდებლობას და დაამტკიცოთ, რომ ის ამ ნიშნებს ვერ აკმაყოფილებს);

ბ) ძველმართლმადიდებლური ეკლესიის "სექტად" გამოცხადებისთვის (თქვენს მიერ მოწოდებული განმარტების მიხედვით) უნდა აჩვენოთ, თუ რაში გამოიხატება თქვენი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, თურმე ძველმართლმადიდებლური ეკლესია "თავისი სარწმუნოების სწავლა მოძღვრების გადმოცემისას ეფუძნება ან იყენებს ბიბლიის, არასაეკლესიო განმარტებას"; და ბოლოს

გ) "ამახინჯებს არა ცალკეულ დოგმატებს (როგორც ერესი), არამედ ძირფესვიანად უარყოფს მთლიანად საეკლესიო გადმოცემას" (ე. ი. არა თუ დოგმატებს ამახინჯებს, არამედ ძირფესვიანად უარყოფს მთლიანად საეკლესიო გადმოცემას").

ამ ბოლო პუნქტში დამატებითი ორი ნაბიჯის გადადგმა დაგჭირდებათ. პირველი: უნდა აჩვენოთ მისი მწვალებლობა, ანუ რომელ დოგმატებს ამახინჯებს ჩვენი, ძველმართლმადიდებლური ეკლესია და მეორე: რაში გამოიხატება "საეკლესიო გადმოცემის ძირფესვიანი უარყოფა" (უნდა დაამტკიცოთ ფატქობრივად, მაგალითების საფუძველზე).

თანაც, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეს ყოველივე იძენს თქვენს მიერ იგნორირებული ჩემი შეკითხვის ფონზე, თუ რა პრინციპით ანიჭებს თქვენი ეკლესია მწვალებელთა საზოგადოებებს (რომაელ-პაპისტებს, სომხებს, კოპტებს, ანგლიკანებს, ინდოელ მალანკარებს და მისთანათ), - რომლებიც მართლაც ამახინჯებენ წმ. წერილსაც, საეკლესიო გადმოცემასაც და ეკლესიის სჯულმდებლობასაც, - "ეკლესიის" სახელწოდებას და მათ იერარქებს კი მადლმოსილებად მიიჩნევს (რადგან ამას ნიშნავს მათი ხმობა "უწმიდესებად" და "უნეტარესებად". და პირიქით, ძველმართლმადიდებლებს, რომლებიც თქვენგან არ განსხვავდებიან დოგმატურ-კანონიკური სწავლებითა და წყობით, "სექტას" უწოდებთ?!

თქვენ ამ შეკითხვას თავს ვერ აარიდებთ, რადგან მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას.

გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან მეცოდებით ბ-ნო დავით, რადგან ისეთ ხაფანგში გაქვთ თავი შეყოფილი, როგორ გამოძვრებით აქედან ვერ წარმომიდგენია. ეს შეუძლებელი ამოცანაა, რადგან ძველმართლმადიდებელ ეკლესიას არაფერი იმდაგვარი, რაც თქვენ საკუთარი (თუ ოფიციალური? - არ ვიცი! – Oldb.) განმარტების მიხედვით დააბრალეთ არ გააჩნია. თუმცა ამ საკუთარი თავისთვის დაგებული მახიდან თავის გამოხსნა შეუძლებელი როდია, მაგრამ ამას თავგანწირვა და ვაჟკაცობა სჭირდება. კერძოდ, თქვენ უნდა აღიაროთ, რომ ძველმართლმადიდებლური ეკლესია სექტა არ არის და საქმეც მორჩენილია.

თუ არა და, ამ კამათიდან ან სამარცხვინო წასვლა მოგიწევთ ან კიდევ დიდი მარცხის წვნევა...

არჩევანი აწ თქვენზეა.

რაც შეეხება თქვენი ამ პოსტის პირველი პარაგრაფის ბოლო ფრაზას: "ეკლესია ერთია მხოლოდ წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა კონფენციები არ არიან ჭეშმარიტებაში, ანუ მათ შეგვიძლია უწოდოთ ცრუ ეკლესიები, ეშმაკის სახლები და ა.შ. "ვისაც არ უპყრია ჭეშმარიტება იგი არ ეკუთვნის ეკლესიას - წმიდა გრიგოლ პალამა". არაფრის მომცემია, რადგან ეს ელემენტარული და პრიმიტიული დეკლამაციაა...

ახლა რაც შეეხება საკითხს "ძველმართლმადიდებლობისა" და "მართლმადიდებლობის" შესახებ. თქვენ მსაყვედურობთ, რომ მე ამ თემაზე საუბარს გავურბივარ. ძალზედ მაკვირვებს ასეთი განცხადება. რა არის ეს, ბ-ნო დავით? უპასუხისმგებლობა, უუნარობა თუ დემაგოგია? მე ვფიქრობ, ეს უკანასკნელი. გაიხსენეთ, ამ საკითხზე მე თქვენ გაგეცით დეტალური განმარტება არა მარტო წინა პოსტში, არამედ იმის წინაშიც და კიდევ სხვაგანაც. კლიმენტი ალექსანდრიელის გამონათქვამიც კი დაგიმოწმეთ, მაგრამ, როგორც ჩანს თქვენ უკვე გრძნობთ საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში რომ იმყოფებით და დემაგოგიას მიმართავთ. ამიტომ, მოდი კიდევ ერთხელ შევეხოთ ამ საკითხს, ოღონდ რომ არ განვმეორდე, ცოტა სხვანაირად.

წმიდა წერილში ძველ სარწმუნოებასა და ძველ ღვთისმოსაობაზე ბევრგანაა ლაპარაკი და მინიშნებულია ისეთი ტერმინებით, როგორიცაა "პირველითგან", "წინაპართაგან", "ძველთაგან" (ეს. 25:1; იერ. 18:15; 1 ინ. 2:7). რის გამო ამხელს ღმერთი ეფესოს ეკლესიას და მისი მეშვეობით კაცობრიობას იოანეს გამოცხადებაში? იმითვის, რომ "დაუტევა თავისი პირველი სიყვარული". და აფრთხილებს "გაიხსენოს, საიდან დაეცა, მოინანიოს და უწინდელ საქმეებს მიჰყოს ხელი".

ძველი და უწინდელი ხომ ის არის, რაც არახალია, რაც სიახლეებისგან გაუცხოებულია; ის, რაც ბერძნულად "ორთოდოქსიად", ანუ ერთხელ არჩეულ გზად იწოდება. მართლმადიდებლობა და ძველმართლმადიდებლობა ამ მხრივ სინონიმებია. თუ ტერმინ "მართლმადიდებლობაში" გარეგნულად არა, მაგრამ შინაგანად დევს ძველი, პირვანდელი, თავდაპირველი მოძღვრების არსი, "ძველმართლმადიდებლობაში" ეს შინაარსი გარეთ არის გამოტანილი და პირდაპირა არის მითითებული არსებული სწავლების ძველი წარმომავლობა.

ქრისტეს ეკლესიის ისტორიაში ამ მხრივ მრავალ საინტერესო მაგალითს ვხვდებით. სანიმუშოდ დაგიმოწმებთ თქვენი ეკლესიის მიერ გამოცემულ საკმაოდ მოცულობით წიგნს "ქრისტიანული ეკლესიის ისტორია" (I-XV სს. შუა წლები. (დასაბამიდან კონსტანტინოპოლის დაცემამდე)). შეადგინა გ. კოპლატაძემ. საქ. საპატრიარქოს გამოცემა. თბილისი 2010 წ.), რომელიც შედგენეილია სხვადასხვა ისტორიული წყაროების მიხედვით და საიდანაც ვგებულობთ, რომ მწვალებლობებთან მებრძოლი ქრისტეს ეკლესია ყოველთვის მიანიშნებდა "ძველი საეკლესიო გადმოცემისადმი ერთგულებას" (შეად. გვ. 367).

ცალკეული ისტორიული ფაქტების აღწერისას ნაშრომში ვხვდებით ასეთ მითითებებს (დააკვირდით ტერმინებს "სიახლე", "სიძველე", "ძველი მართლმადიდებლობა", "ძველი ეკლესია"):

"მსოფლიო კრებათა დადგენილებების ყოველგვარი დარღვევა, ყოველი სიახლე, რომელიც ქრისტეს ეკლესიის სულს არ შეესაბამებოდა, აღმოსავლეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებოდა (იქვე);

"ფოტიოსის სახელი დღემდე საძულველია ლათინებისთვის, რომლებიც ბერძნულ მართლმადიდებლობას ფოტიოსის ერესსაც კი უწოდებენ, თითქოს მას ძველი სამოციქულო ეკლესიის სწავლება და წესები კი არ დაეცვას, არამედ, პირიქით, რაღაც სიახლე შემოეტანოს" (იქვე. გვ. 391).

"ეს ის დრო იყო,როცა პაპს პატრიარქ ფოტიოსთან კამათი ჰქონდა გამართული და ფოტიოსი ყველა მის მცდარ მოქმედებას ბულგარეთში და რომის ეკლესიის ყველა გადახვევას ძველი მართლმადიდებლობისგან გაბედულად ამხელდა" (იქვე. გვ. 420).

"მას შემდეგ, რაც ფოტიოსმა რომის ეკლესიის განდგომა ძველი ეკლესიისგან საჯაროდ ამხილა, მათ შორის დაუფარავი მტრობა ჩამოვარდა" (იქვე გვ. 443).

"პატრიარქმა მიქაელ კერულარიოსმა ძველი საეკლესიო ადათების ამგვარი უგულებელყოფისთვის ყურადღების მიქცევა თავის მოვალეობად ჩათვალა და 1053 წ. წერილი მისწერა იტალიაში ეპისკოპოს იოანე ტრანიელს, რომელშიც ახლადდანერგული ადათების სიმცდარეზე მშვიდად და ზომიერად მიუთითებდა" (იქვე. გვ. 446).

"მიქაელ კერულარიოსმა (...) საქმის მსვლელობა (...) პატრიარქებს საფუძვლიანად აღუწერა... წერილებში ჩამოთვლილი იყო ყველა სიახლე რომის ეკლესიისა, რომელიც ძველი ერთიანი ეკლესიის სწავლებისა და ადათებისგან გადახვევას მოასწავებდა" (იქვე. გვ. 448).

მაგალითების დამოწმება მრავლად შეიძლება, მაგრამ ესეც კი საკმარისია იმის საჩვენებლად როგორ უპირისპირებენ ისტორიკოსები ახალ და ძველ ეკლესიას, როგორც აღნიშნავენ ძველი მართლმადიდებლობის უპირატესობას ახალ, გამოგონილ სწავლებებთან და მწვალებლობებთან მიმართებაში იმ დონეზეც კი, რომ პატრიარქი ფოტიოსი, მაგალითად, "რომის ეკლესიის ყველა გადახვევას ძველი მართლმადიდებლობისგან გაბედულად ამხელდა" (დასახ. ნაშრ. გვ. 420).

ამდენად, ტერმინი "ძველი მართლმადიდებლობა", სხვაგავარად "ძველმართლმადიდებლობა" ისეთივე ძველია, როგორც თვით "მართლმადიდებლობა" და ის ამ ტერმინის იდენტურია ისტორიულადაც და შინაარსობრივადაც. ეს ორი სიტყვა ერთი და იგივეს გამომხატველია. უბრალოდ, "ძველმართლმადიდებლობას" საკუთარი სწავლების უპირატესობის წარმოჩენამ "ახალი მართლმადიდებლობის" წინაშე, უკვე სახელწოდების მინიშნებითაც მოუწია.

აქვე მინდა დავსძინო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში (თუნდაც ნიკონ პატრიარქის რეფორმიდან დღემდე) არც რუსეთში და არც საქართველოში, ძველმართლმადიდებლებთან პოლემიკაში არავის ეს ტერმინი ("ძველმართლმადიდებელი") არაკანონიკურ ტერმინად არ ჩაუთვლია. და არც ძველმართლმადიდებლური ეკლესია მიუჩნევია ამის გამო არაკანონიკურად. რატომ და რის საფუძელზე მიიჩნევთ თქვენ მას გაუგებარია.

ამრიგად, როგორც ვხედავთ მე არაფერს გავურბივარ. მაშინ როდესაც თქვენ ნამდვილად გაურბიხართ ჩემს შეკითხვებს. მომავალში რომ ასე არ მოხდეს, ჩემი ყოველი პოსტის ბოლოში გავიმეორებ იმ კითხვებს, რომლებზეც მე პასუხი საერთოდ ვერ მივიღე. სადღეისოდ ეს კითხვებია:

1) თუ რატომ ხმობს "ეკლესიად" თქვენი ეკლესია ისეთ მწვალებლობებს, როგორიცაა კოპტური, სომხური, "კათოლიკური", ანგლიკანური და სხვა მწვალებლური დენომინაცია? რა კრიტერიუმებით მოქმედებთ თქვენ როდესაც ზოგს "ეკლესიას" არქმევთ და ზოგს "სექტას"? აქვს თუ არა თქვენს ეკლესიას ამ საკითხთან მიმართებაში კონკრეტული ეკლესიოლოგიური დოქტრინა თუ ასე პირადი სიმპათიების საფუძველზე იქცევით?

2) აღიარებთ თუ არა იმ ე. წ. ეკლესიებს, რომელთა სახელწოდებაში დაფიქსირებულია ტერმინი "მართლმადიდებელი" (მაგ.: "ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ეკლესია"; ან "რუსეთის მართლმადიდებელი ძველმოწესეობრივი ეკლესია"; ან "ძველმესტილეთა მართლმადიდებელი ეკლესია" (თავისი სინოდებითურთ) და ა. შ.)? რადგან აქ დაფიქსირებულია სახელწოდება "მართლმადიდებელი", მისაღებია თუ არა ეს ეკლესიები თქვენთვის?

კონკრეტულ კითხვებზე ველოდები კონკრეტულ პასუხს. ასევე ყველა იმ საკითხის გადაწყვეტას, რომელიც თქვენი მსჯელობიდან გამომდინარეობს და პუნქტობრივად ჩამოგიწერეთ ზემოთ. თავს ნუ აარიდებთ პოლემიკას.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому