ნათლობა - ლათინთა ნათლობის შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
ლათინთა ნათლობის შესახებ

ამონაწერი ღვთისმეტყველების კანდიდატის სერგი გოვორუნის ნაშრომიდან
ნათლისღება
არიან თუ არა კათოლიკეები მწვალებლები?

კანონიკური წინაპირობების განხილვის შემდეგ კათოლიკეების გადანათვლის საკითხს დავუბრუნდეთ. მანამდე, სანამ გავარკვევდეტ მათთან მიმართებაში რა არის აკრიბია და რა - იკონომია, უნდა დავადგინოთ კათოლიკეები მწვალებლები არიან, თუ - განხეთქილებაში მყოფნი. კოლვადი მამებისთვის ისინი, რაღა თქმა უნდა, მწვალებლები არიან. "ლათინები მწვალებლები არიან და ჩვენ მათ განვეშორებით, როგორც მწვალებელ არიანელებს, საველიანელებს და მაკედონიანელებს", - წერს წმინდა ნიკოდიმოსი.

წმინდა ნეოფიტე კავსოკალიველი წერს, რომ "მართლმადიდებლებისგან ისინი (ლათინები) ხუთი პუნქტით განსხვავდებიან: ოთხი პუნქტით განხეთქილებაში მყოფნი არიან, ხოლო ერთით - სულიწმიდის გამომავლობის საკითხით - მწვალებლები". კათოლიკეებს მწვალებლებად მიიჩნევდა წმინდა ათანასე პარიოსიც.

კითხვაზე, თუ რომელ კრებაზე იყვნენ დაგმობილნი კათოლიკეები, წმინდა ნეოფიტე (ათანაბრებს რა "ფილიოკვეს" დაგმობას ზოგადად კათოლიციზმის დაგმობასთან) ჩამოთვლის შემდეგ კრებებს: კონსტანტინოპოლის, პატრიარქ ფოტის დროს (879), მიქაელ კირულარის დროს (1054), გრიგოლ მეორის დროს (1283-1289), სერგი მეორის დროს (999-1019), იმპერატორების: ალექსი, იოანე, მანუელ კომნინების (მე-11 და მე-12 საუკუნეები) დროს ჩატარებულ კრებებს. ასევე, ფლორენციის კრების შემდეგ (1482) ჩატარებულ აღმოსავლეთის სამი პატრიარქის, რუსეთისა და მოლოვო-ვლახეთის ეკლესიების ადგილობრივ კრებებსა და სხვ.

ამგვარად, კათოლიკეები არა მხოლოდ განხეთქილებაში იმყოფებიან, არამედ მწვალებლებიც არიან. ამიტომ მატ მიმართ აკრივიად გადანათვლა, ხოლო იკონომიად - მირონცხება უნდა ჩაითვალოს.


მონათვლის წესი

აქ ყველაფერი შედარებით რთულადაა. საქმე ისაა, რომ მეორე მსოფლიო კრების მე-7 და ტრულის კრების 95-ე კანონები მწვალებლების მიღებას გადანათვლის გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებენ, თუ ნათლობა სწორად იყო შესრულებული: ე. ი. სამგზის შთაფლვით და მამისა, ძისა და სულიწმიდის მოხმობით. წმინდა ნიკოდიმოსი წერს, რომ ისეთი ერეტიკოსები, როგორებიც არიან ევნომიანელები, მონტანისტები, საველიანელები და სხვა მათნი მსგავსნი, ეკლესიაში მიიღებიან როგორც "ელინები", რადგანაც ისინი "ან საერთოდ არ არიან მონათლულნი, ან არ მონათლულან მართლმადიდებელთა მსგავსად და ამიტომ მოუნათლავებად ითვლებიან". არიანელები კი, რადგან მათ შეინარჩუნეს ნათლობის მართლმადიდებლური წესი, შეიძლება ეკლესიაში მიღებულ იქნან მირონცხებით.

კათოლიკეები დასცილდნენ ნათლობის მართლმადიდებლურ წესს და სამგზის შთაფლვა დასხურებით შეცვალეს. ამიტომ ისინი ეკლესიაში უნდა იქნენ მიღებულნი არა როგორც მწვალებლები, არამედ როგორც "ელინები" (ანუ წარმართები - რედ.) და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრიდენტის კრებაზე (1545-1563) კათოლიკურმა ეკლესიამ დასხურებით მონათვლის პრაქტიკა საყოველთაოდ შემოიღო.

კოლივადი მამები თვლიან, რომ, სწორედ აღნიშნულ მიზეზთა გამო, კათოლიკეთა ნათლობა არანაირი საბაბით არ უნდა იქნას აღიარებული ჭეშმარიტ ნათლობად. წმინდა ნიკოდიმოსი წერს, რომ ლათინთა ნათლობა ყალბია, რადგან "... ნათლობის დროს წყალში ლათინები არ აღმოცენდებიან ქრისტეს ორბუნებოვანი თესლიდან და ამიტომ მათი არც სხეული და არც სული არ განიღმრთობა. მარტივად რომ ვთქვათ, ისნი კი არ აღმოცენდებიან, არამედ ხმებიან და კვდებიან".

"უფალმა, - განაგრძობს წმინდა ნიკოდიმოსი, - დაბადება დაადგინა წყლისაგან და სულისა; შობს არა მასხურებელი, არამედ მუცლადხებული, ასევე, იშვება არა ნასხურები, არამედ მუცლად მყოფი ნაყოფი". წმინდა ათანასე პარიოსი წერს, რომ ლათინები ევნომიანელებზე უარეს მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ეს უკანასკნელნი შთაფლვით ინათლებოდნენ; ამიტომ, - ამბობს იგი, - "ლათინობიდან მობრუნებული აუცილებლად და ყოველ მიზეზ გარეშე უნდა მოინათლონ... ლათინთა ნათლობა ყალბია და ამიტომ მიუღებელია, როგორც აკრივიით, ასევე იკონომიით", - წერს წმინდა ნიკოდიმოსი. მას ეთანხმება ევსტრატი არგენტისიც, რომელიც ამბობს: შეუძლებელია, რომ ლათინთა ნათლობა თუნდაც იკონომიით იქნას შეწყნარებული, რაგან სხურებით ნათლობის მათეული წესი არასწორია.

იგივე არგუმენტებია მოყვანილი 1755 წლის ოროსშიც, რომელშიც, სხვათა შორის, წერია: "ჩვენ მათგან (მწვალებლებისგან) მოსულებს ვიღებთ, როგორც მოუნათლავებს, მივდევთ რა ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს, რომელმაც თავის მოწაფეებს მისცა მცნება, მოენათლათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა; ასევე, წმინდა და საღმრთო მოციქულებმა, რომლებიც გვიბრძანებენ მოსულების მონათვლას სამჯერადი შთაფლვით და თითოეული შთაფლვისას, თანამიმდევრულად, წმიდა სამების ერთი სახელის მოხმობას... ასევე, მეორე, მეხუთე და მეექვსე წმინდა მსოფლიო კრებებს, რომლებმაც სამგზის შთაფლვის გარეშე მონათლულების მართლმადიდებლობაში მიღება მოუნათლავების მსგავსად დაადგინეს".
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому