ნათლობა - "საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ დასხმითი ან პკურებითი ნათლობა ..." - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
ეპისკოპოსი ევლოგი (გუტჩენკო)

"საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ დასხმითი ან პკურებითი ნათლობა ..."
ნათლისღება
ამასწინათ სუმის ეპარქიის (უკრაინა) ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სუმისა და ახტირსკის არქიეპისკოპოს ევლოგის განკარგულება ნათლისღების საიდუმლოს კანონიკური ნორმებით შესრულების შესახებ ("О совершении таинства крещения в соответствии с каноническими нормами").

სუმის მღვდელმთავარმა თავისი ეპარქიის კლერიკოსები გააფრთხილა, რომ ვინც არ შეასრულებს მის განკარგულებას მკაცრად დაისჯება...

"ჩემს სამწყემსმთავრო მოვალეობად მიმაჩნია შევახსენო სუმის ეპარქიის ყველა კლერიკოსს ნათლობის საიდუმლოს ღვთისმოშიშებით და ზუსტი შესრულების შესახებ. ნათლობა ყველა საიდუმლოსთან მიმყვანებელი კარია, ჩვენი ცხონების დასაწყისია, ცოდვათა განტევება და ღმერთთან შერიგებაა. ის არის ნიჭი მიშვილებისა, რადგან ნათლობის საიდუმლოში ვხდებით ჩვენ ღვთისშვილები და ქრისტეს მემკვიდრენი, რადგან ჩვენი უფლით ქრისტეთი შევიმოსებით, როგორც განგვიმარტავს ამას წმიდა მოციქული პავლე: "ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით" (გალატ. 3:27).

ამის გარეშე ვერავინ ცხონდება, ასე ბრძანებს ჩვენი უფალი იესუ ქრისტე: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5).

როგორც დოკუმენტიდან ჩანს, "არ არსებობს ბიბლიური ციტატებისა და წმიდა ეკლესიის კანონების დამოწმების აუცილებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნათლობა მხოლოდ შთაფლვითი ფორმით უნდა აღსრულდეს და დასხმა მხოლოდ უკიდურესი და სასიკვდილო საფრთხის შემთხვევაში დაიშვება". ე. წ. "დასხმითი ნათლობა წმიდა წერილისა და გადმოცემების საწინააღმდეგოა და უკრაინაში უნიატებისგან შემოვიდა, რომლებმაც, თავის მხრივ, ის ლათინებისგან მიიღეს. სწორედ უნიატური ზეგავლენით აგრძელებს დღესაც მრავალი მღვდელმსახური დასხმითი ნათლობის მკრეხელურ (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - რედ.) პრაქტიკას. ზოგიერთი იმდენად გახევებულია ამ ცოდვაში, რომ ნათლბის დროს მოსანათლავ ყრმებს ე. წ. პამპერსებსაც კი არ ხდიან.

"წმიდა მამები განკითხავენ მღვდლებს, რომლებიც ასრულებენ დასხმით ნათლობას და ამგვარ ქმედებას "ბილწ დასხმას" უწოდებენ. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II არაერთეხელ მიუტითა ნათლობის შთაფლვით აღსრულების აუცილებლობაზე და დასხმითი ნათლობის დაუშვებლობაზე. "დღეს, - ბრძანებს პატრიარქი, - მრავალი ზრდასრული ადამიანიც ინათლება, და აუცილებელია შევუქმნათ მათ ყოველგვარი პირობა, რათა ეს საიდუმლო მოციქულთა კანონების შესაბამისად, შთაფლვით აღსრულდეს... შემოსული საჩივრები მოწმობს, რომ ნათლობა ჩვენთან დაუდევრად სრულდება, ნაჩქარევად, ხშირად ამოკლებენ კიდეც, თანაც, მის საკრამენტალურ ნაწილებსაც... ყველაზე მეტი საჩივარი და თხოვნა შემოდის მართლმადიდებლურ საიდუმლოთა და წეს-განგებათა კანონიკური ნორმების შეუსაბამოდ შესრულებასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნათლისღება, რომელსაც ზოგჯერ მარტო მოსანათლავის თავზე წყლის დასხმით აღასრულებენ წყალში ადამიანის სრული შთაფლვის ნაცვლად. ზოგიერთ ტაძარში აგებულია პაბტისტერიუმები ყრმათა და მოზრდილთა ნათელსაღებად, მაგრამ მთელი რიგი ტაძრები არ ჩქარობენ მსგავსი ემბაზების აშენებას. მიმაჩნია, რომ ამგვარ ტაძრებში მოზრდილი ადამიანების ნათლობა დაუშვებელია, ხოლო კატეხიზაციისთვის ისინი იმ ტაძარში უნდა გაიგზავნონ, სადაც ბაპტისტერიუმია... მღვდელმსახური ყველაფერში მაგალითი უნდა იყოს თავისი მრევლისთვის", - იმოწმებს თავისი პატრიარქის სიტყვებს სუმის ეპისკოპოსი ევლოგი.

"სამწუხაროდ, სუმის ეპარქიის ზოგიერთი მღვდელმსახური დაუდევრად ეპყრობა ამ საიდუმლოს და მას რაღაც ათწუთიან რიტუალად აქცევს, რადგან თვითნებურად ტოვებს მთელ რიგ ლოცვებს და ნათლობას დასხმით, ზოგჯერ კი პკურებითაც კი აღასრულებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია! ამგვარი დაუდევარი დამოკიდებულება წმიდა საიდუმლოსადმი მეტყველებს სამღვდლო ფიცის დარღვევასა და ღმრთის შიშის არქონაზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ზემოთაღნიშნულის გათვალიწინიებით, ასევე წმიდა წერილისა და საეკლესიო კანონების თანახმად, ეპისკოპოსი ევლოგიმ გასცა კურთხევა: "კათაკმევლობის ლოცვები და საიდუმლო შესრულდეს ზუსტად, კურთხევანის მოთხოვნების შესაბამისად, ყოველგვარი შემოკლებების გარეშე; კათაკმევლობის წინ აუცილებელია წაკითხულ იქნას სახელის მიცემის ლოცვა, სადაც მომავალ ქრისტეანს ზეციურ მფარველს აბარებენ; დაუშვებელია მართლმადიდებლურ თვენში არარსებული სახელის მიცემა (მაგალითად: არტური, ალბერტი, ვლადლენი, ოქტიაბრინა, სნეჟანა და სხვა); სუმის ეპარქიის ყოველ ტაძრში უნდა შეიძინოთ და დაამონტაჟოთ შესაბამისი ზომის ემბაზი, რომელშიც ყრმები სრული შთაფლვით უნდა მონათლოთ; დასხმითი და პკურებითი ნათლობა უნდა გამოირიცხოს სრულიად; მღვდლებს, რომლებიც თვითნებურად აღასრულებენ დასხმას, თუ არ შეწყვეტენ ამ სულისწარმწყმედელ პრაქტიკას, უნდა აეკრძალოთ მსახურება, რადგან ამდაგვარნი ასეთი ქმედებებით იწვევენ ღმრთის რისხვას, რამეთუ ნათქვამია: "წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს! წყეულიმც იყოს, ვინც აკავებს მახვილს სისხლისაგან!" (იერემია 4:10); "და აწ მცნებაჲ ესე თქუენდა მიმართ არს მღდელთა: უკეთუ არა ისმინოთ და უკეთუ არა დაიდვათ გულსა შინა თქუენსა მიცემად დიდება სახელსა ჩემსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და გამოვავლინო თქუენ ზედა წყევაჲ და დავწყეო კურთხევა თქუენი და დავწყეო იგი და განვიქარვო კურთხევა თქუენი და არა იყოს თქუენ შორის, რამეთუ თქუენ არ დაიდევით გულსა შინა თქუენსა" (მალაქ. 2:1-2).

მეუფე ევლოგისმ ასევე გასცა კურთხევა: "ყრმათა შთაფლვა აღსრულდეს უკიდურესი სიფრთხილით, ნათლობის დროს მათ უნდა დაუფარონ ცხვირი და პირი; ყოველ ტაძარში დაიდგას ემბაზები (ბაპტისტერიუმები), რომლებშიც ზრდასრულთა შთაფლვით ნათლობა იქნება შესაძლებელი (ასევე წყლის გადასხმა სუფთა ადგილას); ზრდასრულები უნდა გაიგზავნონ იმ ტაძრებში, სადაც უკვე დაყენებულია მსგავსი ემბაზები ან წლის თბილ პერიოდში მონათლონ ღია წყალსაცავებში, სადაც, შეძლებისდაგვარად დაიცვან ნათლობის სიწმიდე ცნობისმოყვარეთა თვალთვალისგან; ზრდასრულთა ნათლობას წინ უნდა უძღოდეს კათაკმევლობა და კატეხიზაცია, ხოლო უშუალოდ ნათლობის წინ მოსანათლავად მომზადებული უნდა აღიარებდეს თავის ცოდვებს მღვდლის წინაშე (განტევების ლოცვას ამ დროს მღვდელი არ კითხულობს) (შენიშვნა: ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკაში ნათლობის წინ აღსარება დაწესებული არ არის, რადგან ნათლობა ისედაც მიუტევებს ნებისმიერ ცოდვას - რედ.). ნათლიებად უნდა დადგნენ მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტეანები, და მათაც უნდა მიეცეთ წინასწარი დარიგება; დაუშვებელია მიმრქმელად (ნათლიად) იმგვარი ადამიანების დაშვება, რომლებიც უარყოფენ ღმრთის არსებობას, არ აღიარებენ მართლმადიდებლობას, არ არიან ქრისტეანები, ან მონათლულნი არიან მწვალებელთა საზოგადოებებში (მაგ.: კათოლიკურ, უნიატურ და სხვა)".

თავის განკარგულებაში მეუფე ევლოგიმ ხაზი გაუსვა, რომ "ვინც წინამდებარე განკარგულებას არ შეასრულებს, მკაცრი კანონიკური ზომებით დაისჯება. ხოლო ყველას, ვინც ღვთისმოშიშებით და წეს-განგებისაებრ ასრულებს წმიდა საიდუმლოებებს და უბიწოდ იცავს წინდს მადლისა, რომელიც მან მღვდლობის ხარისხში ხელდასხმისას მიიღო, ვაძლევ ჩემს სამღვდელმთავრო კურთხევას. "მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ" (რომ. 16:24)".





oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому