Перейти к контенту

ლიტურგიკა - ძველმართლმადიდებლურ ტაძარში ქცევის წესები - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Пропустить меню
Пропустить меню
ძველმართლმადიდებლურ ტაძარში ქცევის წესები
 
მოგითხრობთ მარტივად და გასაგებად, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა ღვთისმსახურების დროს
ლოცვითი ღვაწლი
მამაკაცები ტაძარში დგანან მხოლოდ მარჯვნივ, ქალები ყოველთვის მარცხნივ (თუმცა არის სხვა ფორმაც, მამაკაცები წინ - ქალები უკან). თაყვანისცემა (მეტანიები) ქაოტურად არ სრულდება, არამედ მკაცრად, ტაძარში წაკითხული ლოცვების შესაბამისად, სანთლები - მხოლოდ ნატურალური თაფლისგანაა, ღვთისმსახურების დროს სიარული - გასვლა ან გამოსვლა ტაძრიდან - შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს. ვიღაცისთვის ეს წესები სრულიად გასაგები და ბუნებრივია, მაგრამ ვიღაცისთვის ის შეიძლება ნამდვილი აღმოჩენა გახდეს...


იყო ძველმართლმადიდებელი ქრისტიანი - არა მარტო დიდი პატივია, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც. ქრისტიანი ყველგან დელიკატურად უნდა იქცეოდეს, ყოველთვის და ყველგან ნიმუში იყოს ყველაფერში, მაგალითი მისცეს გარემოცვას სამსახურშიც, სუფრაზეც, ტაძარშიც, დასვენებაზეც, იზრუნოს საკუთარი ქრისტიანული ხატების მოწესრიგებულობაზე (არ იყოს მოუწესრიგებელი), და რაც გინდ მოხდეს, თავაზიანი დარჩეს ირგვლივ მყოფ ადამიანებთან.

მაგრამ განსაკუთრებულ მსჯელობას იმსახურებს ის, თუ როგორ იქცევიან ძველმართლმადიდებელი ქრისტიანები ტაძარში. ამ საკითხში არსებობს დაუწერელი კანონები, რომელთა მიმდევრობა - დასტურია იმისა, რომ ადამიანი ძველმორწმუნეა არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც.


თავსაფარი
 
"გამარჯობა", "მშვიდობა", "ღმერთმა დაგლოცოთ", - ისმის ტაძრებთან საეკლესიო მსახურების დღეებში (თუმცა, სხვა დღეებშიც): ეს ძველმორწმუნეები ესალმებიან ერთმანეთს, და ამ სიტყვებს თაყვანისცემის გარესე არ ამბობენ, რომელშიც ერთდროულად "დაშიფრულია" პატივისცემაც, აზრთა სიწმიდეც, საკუთარი თავმდაბლობაც და მზადყოფნაც შემხვედრ ადამიანს თავმდაბალი პატივი მიაგო.
 
ტაძრის წინ (ტაძრის ეზოში შესვლისას) მორწმუნეები ტაძარს (მისი გუმბათის ჯვარს) სამგზის თაყვანსცემენ ("დიდება, უფალო, ჯვარსა შენსა პატიოსანსა"), შემდეგ ტაძარის შესასვლელ კარებთან სამგზის ლოცულობენ ("ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას"). ტაძარში შესვლის შემდეგ , ცდილობენ არ იხმაურონ, მითუმეტეს თუ უკვე მსახურება დაწყებულია. ქალები შემოსილები უნდა იყონ გრძელი (არა შემოტმასნილი) კაბებით, ასევე თავსაფრებით. მამაკაცები იცმევენ კაფტანს ან გრძელ პერანგს შემოისარტყლავენ, თუმცა, ნებადართულია ღვთისმსახურებაზე იდგე ნებისმიერი სხვა ოღონდ ტაძრის საკადრისი სამოსით. თუმცა, ჰალსტუხი, მაგალითად, უკვე აჩვენებს ტაძარში მოსულ არაძველმართლმადიდებელს: საქმიანი ჩაცმულობის ეს სტილი ძველმართლმადიდებელთათვის მიუღებელია, ისევე როგორც გოგონებს (და ქალებს) ეკრძალებათ მხოლოდ შარვლით ან მუხლს ზემოთ აწეული მოკლე კაბების ჩაცმა.


როგორ დავანთოთ სანთლები?
 
თქვენ თუ ტაძარში მოხვედით, ხოლო ღვთისმსახურება უკვე დაწყებულია, აუცილებელია შემოსვლისას გააკეთოთ ათი მეტანია საწყისი ლოცვებით ("ღმერთო მილხინედან, ღმერთო მილხინემდე"), ჩუმად გაიხადოთ ზედმეტი ტანისამოსი, აიღოთ სანთელი და დელიკატურად დადგეთ თავისუფალ ადგილას, ამის შემდეგ, უკვე უშუალოდ სალოცავში მდგომმა, უნდა გააკეთოთ სამი მეტანია (კვლავ "ღმერთო მილხინეთი") და ჩაწვდეთ ღვთისმსახურების კონკრეტულ მომენტს.
 
მანამ, სანამ ლოცვაზე დადგებოდნენ, ადამიანები აუცილებლად იღებენ სანთლებს. თუკი ღვთისმსახურება ჯერაც არ დაწყებულა, ისინი შეიძლება მშვიდად დავამაგროთ ნებისმიერ ხატთან, რომელთაც აქვთ სასანთლეები, მაგრამ მათთვის, ვინც ტაძარში მსახურების დროს შემოდის, ამისი გაკეთება რეკომენდირებული არ არის, რათა თავიანთი მოძრაობით ხელი არ შეუშალონ სხვა მლოცველებს. ამისთვის ყოველ სამრევლოში არის თავისებური ტრადიცია - სადღაც მიდგმულია ყუთი სანთლებისთვის, რომელთაც აწერიათ "საჯანმრთელო" ან "მიცვალებულთათვის"; ზოგან სტოაში დადგმულია სპეციალური მაგიდა, რომელზეც დევს მრავალგანყოფილებიანი ღია ყუთი ტაძარში არსებული ხატების წარწერებით: მორწმუნეები ამ განყოფილებებში, ანუ იმ წმინდანის სახელზე, რომლის წინაშეც სურთ სანთლის დანთება, დებენ ნაყიდ სანთლებს, შემდეგ უკვე ამ სანთლებს დანიშნულებისდა მიხედვით ხატების წინ დაამაგრებს მესანთლე.


სად უნდა ვიდგეთ და რა დავიკავოთ
 
რაღაც მიზეზით ესა თუ ის ადამიანი, ადრე ნათქვამის საწინააღმდეგოდ, ტაძარში მსახურების დროს წინ წაიწევა, შემდეგ უკან მიდის, ხან შეჩერდება და მიესალმება ან თაყვანს სცემს ვინმე ნაცნობს, რაც უკიდურესად არასასურველი ქმედებაა, ისევე, როგორც არასასურველია ნებისმიერი მისალმება თაყვანისცემის სახით ზურგით კანკელისკენ.
 
ხშირად მლოცველები, - ისინი, ვინც ღვთისმსახურებაზე რეგულარულად დადის (ძველმორწმუნეებში ასეთი ადამიანი უმრავლესობაა) - დღითი დღე, მსახურებიდან მსახურებამდე ერთსა და იმავე ადგილას დგანან. გასაგებია, რომ ტაძარში სხვა ადგილები დაბევებული არ არის, მაგრამ მორწმუნეთა შორის ზოგჯერ არსებობს უსიტყვო შეთანხმება იმის შესახებ, თუ ვინ სად უნდა იდგეს. ეს არ არის მკაცრი მოთხოვნა, უბრალოდ ადამიანები თავს ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ. თუ ვინმე, ვინც იშვიათად დადის ეკლესიაში, უცებ სალოცავად მოვა და შემთხვევით "სხვის ადგილზე" დადგება, გასაგებია, რომ არავინ და არასოდეს არა თუ შენიშვნის მიცემა არ უნდა იკადროს, არამედ, პირიქით, უნდა გაუხარდეს კიდეც, რომ ტაძარში მოვიდა ის, ვინც აქ არცთუ ხშირად დადის.
 
ძველმორწმუნეები მსახურებაზე მკერდზე ხელებგადაჯვარედინებულები დგანან, აუცილებლად უჭირავთ სალოცავი ფსკვნილი ("ლესტოვკა"), რომელსაც მსახურებისას, განსაკუთრებით თაყვანების დროს - თითებით ითვლიან. თუმცა ეს აუცილებელი არ არის. ძველმართლმადიდებელ ქრისტიანს ყოველთვის (ტაძარშიც და სახლშიც) აქვს ხელთბალიში, რომლითაც რეგულარულად სარგებლობს დიდი თაყვანისცემების შესრულებისას, - სწორედ ამ ხელთბალიშზე დებენ ისინი ხელებს, განსაკუთრებით "მიწამდე თაყვანისცემის" დროს.


"წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მეფის წინაშე"
 
ღვთისმსახურებაში არსებობს რამოდენიმე მომენტი, როდესაც კითხვისა და გალობის დროს სიარული კატეგორიულად აკრძალულია. იდეის მიხედვით, მთელი საღმრთო ლიტურგია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ტაძრიდან გასვლა, ასევე მასში უწესივროდ სიარული, არასასურველია. განსაკუთრებულად არ არის რეკომენდირებული სიხარული და მორწმუნეთა ყურადღების დაფანტვა მაშინ, როდესაც იკითხება სახარება, სარწმუნოების სიმბოლო და გალობა "რომელი ქერუბიმთა", ასევე მთელი ლიტურგიის განმავლობაში, ასევე ნებისმიერ დროს, როდესაც იკითხება სამწმიდაო - მამაო ჩვენომდე. ამიტომაც მათ, ვისაც ამ დროს ტაძრიდან გასვლა სურს, მართებს იფიქროს იმაზე, თუ რა იკითხება მოცემულ მომენტში, და ამ დროს გასვლა ხომ არ იქნება შეცდომა.
 
ზოგ ტაძრებში შეიძლება დელიკატური შენიშვნაც მიეცეს მათ, ვინც შემთხვევით რაიმეს დაარღვევს, თუმცა, სხვა ტაძრებში შეიძლება არაფერი თქვან. მაგრამ უმჯობესია მაინც არ დავარღვიოთ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული წეს-განგებანი.
 
მხცოვანი ადამიანები ასეთ შემთხვევებში ასე არიგებენ თავიანთ შვილიშვილებს: წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მეფის ან პრეზიდენტის წინაშე. მოისურვებდით აქეთ იქით სიარულს, ხელების ქნევას ან გქონოდათ არასასიამოვნო გარეგნობა? მაშ, თუ არა, მაშინ, როდესაც ლიტურგიაზე ხართ უფრო მომთხოვნი უნდა იყოთ საკუთარი თავის მიმართ, რადგან დგახართ ღმრთის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მთელი ზეციური დასის წინაშე.


არ აგერიოთ ფანატიზმში
 
ტაძარში ასევე მიუღებელია ჯდომა, ფეხების ერთმანეთზე გადადება - ეს ადამიანს აპროვოცირებს უსაქმობისკენ, იწყებს აქეთ-იქით ყურებას, და ა. შ. - ამგვარი ქცევა ადამიანში იმწამსვე წარმოაჩენს დაუდევრობას. მორწმუნეთა უმეტესობა - ხშირად, ასაკისდა მიუხედავად, - მსახურების დაწყებიდან ვიდრე მის დამთავრებამდე ცდილობს საერთოდ ფეხიც არ მოიცვალოს თავისი ადგილიდან, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული (სამწუხრო, დღესასწაულის წინა მსახურებები) ძველმართლმადიდებლური წეს-განგების მიხედვით რამოდენიმე საათი გრძელდება შესვენებების გარეშე!
 
რა თქმა უნდა, ასეთ "ზედმეტ" "მოღვაწეობას", რომელიც ესაზღვრება ფანატიზმს (განსაზღვრული ქმედებებისა და ჟესტების გაუაზრებელი მოქმედება, რომლის ახსნაც არ ძალუძს), უფალი მორწმუნეთაგან არ ითხოვს - თუკი საჭიროა შეიძლება წამოჯდეთ კიდეც, ან გარეთ გახვიდეთ. მაგრამ ამისი გაკეთება სასურველია ცალკეული ლოცვების დროს (მაგალითად, როდესაც იკითხება კაფიზმები ფსალმუნიდან და სხვა).
 
მორწმუნე ადამიანისთვის ტაძარში ყოფნა იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც საუზმე, სადილი და ვახშამი, რადგან ლოცვა - ფიზიკურ საკვებზე უმნიშვნელოვანესი სულიერი საკვებია. როგორც არსებობს სუფრასთან ქცევის მკაფიო წესები, ასევე ქრისტეს ტრაპეზთანაც - ანუ ღვთისმსახურებაზე - არსებობს ისეთი რამ, რომლის დაცვა განუხრელად საჭიროა.
 
 
გაგრძელება იქნება.

პუბლიკაცია მომზადებულია ძველმართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2025 წ.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому