სწავლანი - იერუსალიმში წამსვლელთათვის - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
წმ. გრიგოლ ნოსელი

იერუსალემში წამსვლელთათვის
ძველი იერუსალიმი
რადგანაც წერილობითად მეკითხები, საყვარელო, ჯეროვნად ჩავთვალე ყოველივეზე თანამიმდევრობით მეპასუხა. მათ, ვისაც ცხოვრების უმაღლესი წესისთვის მიუმართავთ, გამუდმებით უნდა იკითხონ სახარება რადგან, როგორც მრუდე საგნებს ასწორებენ სწორი საზომით, ასევე უნდა შევუფარდოთ ჩვენი მოქმედება სახარებისეულ სწავლებას, როგორც ჭეშმარიტ საზომს და ჩვენი ცხოვრება ღმრთისკენ მისით წარვმართოთ.

მაშ ასე, რადგანაც დაყუდებული და ბერული ცხოვრების ამრჩევთაგან ზოგიერთი ღვთისმოსავ საქმედ მიიჩნევს იერუსალემის იმ ადგილთა მონახულებას, სადაც მაცხოვარს თავისი ამქვეყნად ყოფნის განმავლობაში უცხოვრია, კარგი იქნებოდა ჩაეხედათ ამ ჭეშმარიტი საზომისთვის, და თუ ამას მცნებათა დაცვა მოითხოვდა, ეს საქმე უფლის ნაბრძანებივით აღესრულებინათ. ხოლო, თუკიღა არ არის უფლის მცნებებში ამგვარი რამ, მაშინ არ ვიცი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ნამცნები იმის კეთება რაც გსურს და თანაც, კეთილის არჩევანში საკუთარი თავი დაყენებულიყო ჭეშმარიტების საზომად.

უფალმა თავის რჩეულებს ზეციური სასუფევლის დამკვიდრებისკენ მოუწოდა, მაგრამ იერუსალემში მოგზაურობა კეთილ საქმეთა რიგში არ დაუყენებია. მანვე გვაუწყა ნეტარებანი, მაგრამ არც მათ შორის მოუხსენებია ეს საქმე. აწ გონიერთ მართებთ განსჯა, რად უნდა ვეცადოთ იმის კეთებას, თუკი ის ვერც ნეტარების მომგვრელია და ვერც ცათა სასუფევლის მომნიჭებელი.

სასარგებლოც რომ იყოს ეს საქმე, ამ შემთხვევაშიც საქებარია როდია სრულყოფილთათვის მისთვის მოშურნება. მეტიც, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ვიხილავთ, რომ საზიანოც კი შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც მკაცრი ცხოვრება აურჩევია. აქედან, განსაკუთრებული მონდომების კი არა, უდიდესი სიფრთხილის საგანი უნდა იყოს იერუსალემში წასვლა, რათა ღვთისნიერად მცხოვრებმა არ განიცადოს რაიმე ვნება.

კი მაგრამ, რა არის საზიანო? - იკითხავს ვინმე. ღვთისმოშიში ცხოვრება ყველასთვის სავალდებულოა - მამაკაცთათვისაც და დედაკაცთათვისაც, - ღვთისმოშიში ცხოვრების განმასხვავებელი ნიშანი კი უბიწოებაა; ხოლო უბიწოება ყველაზე კარგად მშვიდი და განცალკევებული ცხოვრების წესშია დაცული, რათა ბუნება არ მშფოთვარებდეს დედაკაცთა ურთიერთობით მამაკაცებთან და მამაკაცთა ურთიერთობით დედაკაცებთან, რაკიღა ისინი საკუთარი უბიწოების დაცვისკენ ისწრაფვიან. არადა, მოგზაურობის დროს აუცილებლობით ირღვევა სიფრთხილე და სჯულიერება; განა უსაფრთხოა დედაკაცთათვის ასეთი შორ მანძილზე მოგზაურობა, თუ მას ვინმე თანამგზავრი არ ეყოლება? ფიზიკური უძლურების გამო, ის ვიღაცამ უნდა შესვას აყროლებულ პირუტყვზე და ჩამოსმის დროსაც საჭიროებს ხელის მიშველებას. ამიტომაც, რომ ასწიო და პირუტყვზე შესვა დედაკაცი, ამ სამსახურის გამწევი ან ვინმე ახლობელი უნდა გყავდეს ან კიდევ დაქირავებული მონა და ორივე შემთხვევაში თავიდან საყვედურს ვერ აიცილებს, რადგან უცნობს მიანდობს თავს თუ ნაცნობს, - მაინც ირღვევა კანონი უბიწოებისა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში, სასტუმროებსა და დუქნებში ჰყვავის გარყვნილება და ცოდვაში შთავარდნის მიზეზიც მეტია, როგორ არის შესაძლებელი კვამლით გარემოცულ ადამიანს თვალები არ აეწვას? როგორ შეიძლება გაიარო ადგილები, სადაც ირყვნება მზერა, გული და სმენა; სადაც ვნებები ბობოქრობენ და არ შეგაწუხოს ვნებამ? როგორ შეიძლება უვნებლად გაიარო ის ადგილები, სადაც ვნებათა ბობოქრობაა?

და რა კეთილდღეობას მიეწევა ის, ვინც მოინახულებს იმ ადგილებს, სადაც თითქოსდა უფალი სხეულებრივად მყოფობს, ჩვენგან კი განშორებულია? ან როგორც ზოგიერთ სჯერა, სულიწმიდის მადლი თითქოსდა უხვად იფრქვევა იერუსალიმელთა შორის, ჩვენთან კი ვერა? პირიქით, ღმრთის მყოფობაზე იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ვხედავთ, მაშინ ის უფრო უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი კაპადოკიელებს შორის უფროა, ვიდრე სხვა ადგილას, რადგან მარტო უფლის სადიდებელი საკურთხევლები რამდენი აქვთ! მთელს მსოფლიოში არ იქნება იმდენი საკურთხეველი, რამდენიც აქაა.

შემდეგ, იერუსალემში რომ მეტი მადლი იყოს, ვიდრე სხვაგან, ცოდვა როდი დაისადგურებთა იქ მცხოვრებთა შორის. არადა, არ არსებობს სიბილწის სახეობა, რომელსაც არ მისცემოდნენ იქ მცხოვრებნი; მათ შორის ფართოდ არის გავრცელებული მზაკვრობაც, მრუშობაც, ქურდობაც, კერპთმსახურებაც, მწამვლელობაც, შურიც და მკვლელობაც; ბოროტების ამ უკანასკნელ სახეობას იმენად გაუდგამს ფესვები მათ შორის, რომ არსად ისე ადვილად არ კლავენ ადამიანს, როგორც აქ; თანატომელნი, ბილწი შურითა და სიხარბით გამხეცებულნი ერთმანეთის სისხლს ეშურვიან.

ამრიგად, რითი დამიმტკიცებ, რომ იქ, სადაც ეს ყოველივე ხდება, მადლი უფრო მეტადაა ვიდრე სხვა ადგილას? მაგრამ ვიცი, რომ ზოგიერთი მაინც შემეკამათება. ერთნი ამბობენ: სხვას რომ შეაგონებ, საკუთარ თავს რად არ შეაგონებ და იერუსალემში რად დადიხარ? მაშ, მოისმინონ მათ ჩემი გამართლება. თქვენი ცხოვრების განმგებელის მიერ ბოძებული იმ მოვალეობის გამო, რომელშიაც დაწესებული ვარ და ვცხოვრობ, წმიდა საეკლესიო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც არაბეთის ეკლესიის კეთილმოწყობისთვის მოიწვიეს, იმ ადგილებში ყოფნამ მომიწია. ხოლო, რაკიღა არაბეთი იერუსალიმის მოსაზღვრე ქვეყანაა, იერუსალიმის წმიდა ეკლესიათა წინამძღვრებს შევპირდი მათთან მისვლას, რადგან იქ საკმაოდ არეული იყო საქმეები და შუამავალი სჭირდებოდათ. თანაც, კეთილმორწმუნე იმპერატორმა მიბოძა თავისი ეტლი, რითაც მგზავრობა გამიადვილა, ამიტომაც დაცული ვიყავი იმ განსაცდელებისგან სხვები რომ განიცდიან იერუსალიმში მოგზაურობისას. თანაც ეტლი ჩვენთვის იყო ეკლესიასავით და მონასტერივით, სადაც მთელი გზის განმავლობაში ერთად აღვუვლენდით ლოცვას უფალს და ვმარხულობდით.

ასე, რომ ნურავინ ცდუნდება ჩვენს გამო, არამედ უფრო უნდა დაიჯეროს ჩვენი ნათქვამი, რადგან ვაფრთხილებთ იმის შესახებ, რაც საკუთარი თვალით გვიხილავს. ის, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია ჩვენ იერუსალიმში ყოფნამდეც გვიღიარებია და ეს რწმენა მთელს დედამიწაზე სულ უფრო და უფრო ვრცელდებოდა; ქალწულისგან უფლის განკაცება უფრო ადრე ვუწყოდით, ვიდრე მივიდოდით ბეთლემს და მიცვალებულთა აღდგომაც იმაზე ადრე ვირწმუნეთ, ვიდრე ვიხილეთ საფლავი უფლისა; ის, რომ ჭეშმარიტად იყო ქრისტეს ამაღლება, ზეითუნის მთის ხილვამდეც ვიცოდით. იერუსალემში მოგზაურობამ კი მხოლოდ ის სარგებლობა მოგვიტანა, რომ აღმოვაჩინეთ რა უფრო გვაქვს წმიდა სხვა ქვეყნებთან შედარებით.

ამიტომაც, უფლის მოშიშებო, აქებდით მას იმ ადგილებში, სადაც იმყოფებით. რადგან ადგილის შეცვლა როდი მიგვაახლებს უფალს. სადაც უნდა იყოთ, უფალი დამკვიდრდება თქვენთან თუკი სამკვიდრებელი თქვენი სულისა იმდენად წმიდა იქნება, რომ უფალს შეეძლება თქვენში დავანება, რათა თქვას: "და ვიქცეოდი მე თქუენ შორის, და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად" (ლევ. 26:12).

ხოლო თუ შინაგანი კაცი აღსავსეა მზაკვარებით, გოლგოთაზე ან ზეითუნის მთაზეც რომ ავიდეს, ან დადგეს უფლის საფლავთან - შორსაა ქრისტესგან მათ მსგავსად, ვისაც ჯერ ქრისტეს სარწმუნოებაც კი არ მიუღია. ასე, რომ საყვარელო, ურჩიე ძმებს კაპადოკიიდან პალესტინაში კი არ იმოგზაურონ უფალთან შესახვედრად, არამედ სხეულიდან იმოგზაურონ უფლისკენ.

ხოლო თუკი ვინმე ჩემი დარიგების სანაცვლოდ წინ დაგიდებს სიტყვებს უფლისა, რომელმაც ამცნო მოწაფეებს არ განშორებოდნენ იერუსალემს, გულისხმაყონ ნათქვამის აზრი. რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი და მისი ნიჭები ჯერ კიდევ არ აღთქმოდათ მოციქულებს, უფალმა მანამ უბრძანა მათ იერუსალემში დარჩენა, სანამ არ შეიმოსებოდნენ ზეგარდმო ძალით ღმრთისა.

მოციქულთათვის მაშინ ნათქვამს დღემდე რომ ძალა ჰქონდეს და დღემდე რომ იყოს საჭირო მისი აღსრულება, მაშინ სულიწმიდა თავის მადლს ცეცხლის სახით დაურიგებდა ყველას და ყოველი კაცისთვისაც სავალდებულო იქნებოდა იმ ადგილას ყოფნა, სადაც ასეთი ნიჭი მოიცემა. ხოლო თუკი სული სუნთქავს იქ, სადაც სურს, მაშინ ნებისმიერი მორწმუნე, ძალისაებრ მისი სარწმუნოებისა, ხდება მიმღები სულიწმიდის ნიჭებისა და არა იერუსალემში ყოფნის გამო.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому