Перейти к контенту

სწავლანი - რატომ არ ატარებენ ძველმორწმუნენი ჯვრებს ქრისტეს გამოსახულებით? - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Пропустить меню
Пропустить меню
რატომ არ ატარებენ ძველმორწმუნენი ჯვრებს ქრისტეს გამოსახულებით?
მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი
XVII ს-ის შუაწლებში ნიკონის რეფორმამ გახლიჩა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია. ამ დროიდან ნიკონიანელებსა და ძველი საეკლესიო წეს-ჩვეულებების მიმდევრებს შორის შეიმჩნევა საგრძნობი განსხვავებანი გარეგან ატრიბუტიკაში, შეეხო ეს საკითხი სამკერდე ჯვარსაც.
 
ჯვარს, როგორც სარწმუნოების ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს, ძველმორწმუნეები ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ნიკონის რეფორმის შემდეგ მათთვის პრინციპული იყო მისი ტრადიციული ფორმის - რვაკიდურიანობის შენარჩუნება, რომელიც ზოგჯერ ოთხკიდურიან ჯვარშიც იყო ჩახატული (ან ამოტვიფრული). ამასთან ჯვრები, რომელსაც ქალები ატარებენ ძველმორწმუნეობაში, ტრადიციის თანახმად, მამაკაცთა ჯვრებისგან განსხვავდებოდა: მათ არ ჰქონდათ მკაფიოდ ჩამოქნილი ფორმები და უფრო ყვავილების ფოთლებს წააგავდნენ.


 
ძველმორწმუნეთა ჯვრების უკანა მხარეს ყოველთვის დაწერილი იყო ლოცვის სიტყვები: "აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან" (ფსალმ. 67:1), ანუ კიდევ "ჯვარსა შენსა თაყვანის ვცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვაქებთ და ვადიდებთ".
 
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჯვრის რვაკიდურიანი ფორმა - მხოლოდ ძველმოწესეობის განმასხვავებელი თავისებურება როდია. ასეთი ჯვრები გვხვდება რუსულ, სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც. სხვა საქმეა, რომ თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესია დასაშვებად მიიჩნევს ექვს და ოთხკიდურიან ჯვრებსაც, რომლებსაც ძველმორწმუნეები არასრულყოფილად მიიჩნევენ. ისინი ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ოთხკიდურიანი ჯვარი (დაგრძელებული ვერტიკალური ღერძით) მხოლოდ ლათინური ტრადიციაა (ძველმოწესეები მას ასეც უწოდებენ - "ლათინური ჯვარი").
 
ამაში ისინი დიდი მოშურნეობით მისდევენ გადმოცემას, რომლის თანახმადაც დედოფალმა ელენემ, რომის იმპერატორის კონსტანტინე I-ის დედამ, IV ს-ში გოლგოთაზე წარმოებულ გათხრებში აღმოაჩინა რვადაბოლოებიანი ჯვარი (გადმოცემის მიხედვით, დაფა, პილატესეული წარწერით, იქვე ეგდო - "აპოკ." რედ.) - სწორედ მასზე იყო ჯვარცმული მაცხოვარი. საინტერესოა აღინიშნოს, რომ რვაკიდურიანი ჯვარი XVI ს-ის შუაწლებიდან განთავსებული იყო რუსეთის სახელმწიფო გერბზე, მაგრამ 1625 წელს მთავრობამ ის მესამე გვირგვინით შეცვალა.
 
რის სიმბოლოს წარმოადგენს რვადაბოლოებიანი ჯვარი? დიდი ხარიხას გარდა (ჰორიზონტალური ძელი - "აპოკ." რედ.), რომელზეც მიაჭედეს მაცხოვრის ხელები, იქვე იყო ზედა და ქვედა ხარიხები. ზედა წარმოადგენდა დაფას, რომელზეც დაწერილი იყო: "იესუ ნაზარეველი, მეფე იუდეველთა". ამასთან დაკავშირებით სახარებაში ნათქვამია: "დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესუ ნაზარეველი, იუდეველთა მეფე" (ინ. 19:19-22).
 
ამ წარწერასთან დაკავშირებით ძველმორწმუნეობაში ყოველთვის დაობდნენ: ზოგს მკრეხელობად მიაჩნდა სამკერდზე ჯვარზე გამოესახათ სიტყვები იმისა, ვინც ქრისტე ჯვარს აცვა და მოჰკლა. მათ შორის გამოირჩეოდნენ პომორელთა და ფედოსეველთა მიმართულებები. ძველმოწესეობის ერთმა იდეოლოგმა, სოლოვეცის მონასტრის არქიდიაკვანმა ეგნატემ, მეფე ალექსი მიხეილის ძეს სავედრებელი არზაც კი გაუგზავნა, რათა მას "პილატესეული წარწერა" აეკრძალა. უმეტეს შემთხვევაში ძველმოწესეთა ჯვრებზე ეს წარწერა არ არის, მაგრამ ზოგჯერ ის შეცვლილია აბრევიატურით ИНЦИ ან INRI (ლათინურად).
 
კიდევ ერთი ხარიხა, - ქვედა, - განკუთვნილი იყო იესუს ფეხსადგამად. მასაც თავისი ისტორია აქვს. ეკლესიაში განმტკიცებული ტრადიციით მას თავისებურ "სიმართლის საზომად" მიიჩნევენ. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ხარიხის ერთი მხარე ზემოთაა აწეული და მონანული ავაზაკის მხარეზე უთითებს, რომელიც ქრისტესთან ერთად დასაჯეს, ხოლო მეორე, შესაბამისად ქვემოთაა დაწეული, და უთითებს იმ ავაზაკზე, რომელმაც იესუს მიერ დაპირებული მადლი უარყო.
 
ძველმოწესეები ყოველთვის მიიჩნევდნენ, რომ სამკერდე ჯვარი, რომელსაც ქრისტიანებს ნათლისღების დროს აძლევენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვიხსნათ. ეს ეხება იმ მომენტებსაც, როდესაც ექიმთან ვიმყოფებით ან აბანოში შევდივართ. თუმცა, თუკი მორწმუნეს რაღაც მიზეზის გამო მოუწევს თავისი სამკერდე ჯვრის მოხსნა, აუცილებელია წაიკითხოს სპეციალური ლოცვა: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მაკურთხე, განმწმინდე და დამიცევ მე შენი პატიოსანი ჯვრის ძალით".
 
XVII საუკუნემდე მართლმადიდებლურ სამკერდე ჯვრებზე ჯვარცმული მაცხოვრის გამოსახულება არ იხილვება (ასეთი ტრადიცია ახასიათებდა მხოლოდ ლათინურ (პაპისტურ) ეკლესიას), მაგრამ XVII ს-ის განხეთქილების შემდეგ პატრიარქ ნიკონის მომხრეებმა ჯვარზე იესუს ჯვარცმის გამოსახვაც დაიწყეს. ძველი წეს-ჩვეულებების მიმდევრები აგრძელებდნენ ტრადიციული ჯვრების ტარებას, ხოლო ახალ ჯვრებს არაკანონიკურად მიიჩნევდნენ. ასეთი ტენდენცია დღემდეა შემორჩენილი.
 
ძველმორწმუნეთა აზრით იესუს ჯვარცმის გამოსახულებიანი ჯვარი ემსგავსება ხატს, რომელიც განკუთვნილია არა სატარებლად, არამედ უშუალოდ საჭვრეტად და სალოცავად. ძველმორწმუნეები ჯვარს მიიჩნევენ სიმბოლოდ, ხოლო გამოსახულებას - ხატად. გამოდის, რომ როდესაც ტანისამოსის ქვეშ ხატს მალავენ მორწმუნე ამით ერთგვარ წარმართულ ამულეტად აქცევს ქრისტიანულ ფასეულობას. ჯერ კიდევ IV ს-ში ბასილი დიდი ამის შესახებ წერდა: "ყოველი, რომელიც ამულეტივით ატარებს რაიმე ხატს, სამი წლით ზიარებისგან უნდა განიკვეთოს" (ეს განწესება მოცემულია ნომოკანონში).


წყარო: https://cyrillitsa.ru/tradition/147314-pochemu-starovery-nikogda-ne-nosyat-kre.html
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому