Перейти к контенту

ლიტურგიკა - რატომ ლიტანიობენ ძველმორწმუნეები მზის მოძრაობის მიმართულებით? - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Пропустить меню
Пропустить меню
რატომ ლიტანიობენ ძველმორწმუნეები მზის მოძრაობის მიმართულებით?
ლოცვითი ღვაწლი
მრავალ წმიდა ჩვეულებათა და მღვდელმოქმედებათა შორის ჩვენმა წმიდა, ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ შეინარჩუნა ძველი ჩვეულება ლიტანიობის დროს ტაძრის გარშემო მსვლელობა მოაწყოს საათის ისრის მიმართულებით. ლიტანიობის ასეთივე ჩვეულებაა დაწესებული ნათლისღების საიდუმლოსა და ჯვრისწერის საიდუმლოთა აღსრულების დროს - მზის მოძრაობის (მიმართულების) მიხედვით, და არა მის საწინააღმდეგოდ, როგორც ეს შემდეგ დაამკვიდრეს - ახალმოწესეობრივ ეკლესიაში. ასეთ მოძრაობას (მზის მიმართულების თანხვდენილად) აქვს ღრმად საიდუმლო მნიშვნელობა.
 
წმიდა წერილში და წმიდა საგალობლებში ხშირად ქრისტე-მაცხოვარი ჭეშმარიტ მზედ იწოდება, მზედ სიმართლისა, აღმოსავლეთის აღმოსავლეთად და სხვა. მზესა და აღმოსავლეთს კი მართლმადიდებლურ სარწმუნოებასი დასავლეთი უპირისპირდება, როგორც ბნელეთის სამეფო, ჯოჯოხეთი. სწორედ დასავლეთით, მზის საპირისპიროდ მოძრაობენ ბნელეთის ძალნი. ზოგჯერ დასავლეთი შედარებულია მწუხრს, ჩრდილოეთი - შუაღამეს, აღმოსავლეთი - ცისკარს, ხოლო სამხრეთი - შუადღეს. ეს შეგვახსენებს დღე-ღამის მოძრაობას, რომელიც ასევე წააგავს ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებას. ამიტომაც მზის მიმართულებით მსვლელობა ლიტანიობის დროს მორწმუნეებს უნდა შეახსენებდეს ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებას, როდესაც ის დედამიწაზე კაცთა შორის მიმოიქცეოდა, რომელსაც თან ახლდა მოციქულები და მისდევდა ხალხი. მაშინ როდესაც ყველა მისი მოწინააღმდეგე, რომლებმაც საბოლოოდ ჯვარს აცვეს იგი, ჩვეულებრივ მის წინააღმდეგ მიდიოდნენ.
 
როდესაც ტაძარში დასავლეთის კარებისკენ მივდივართ - ეს შეგვახსენებს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს ქრისტეზე, როგორც საღამოს ბინდზე; როდესაც ვუახლოვდებით ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს - შუაღამეს - გვახსენდება მისი საიდუმლო შობა ქალწულ მარიამისგან და დაუსაბამო შობა - მამისგან დედის გარეშე; ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს, საკურთხევლის პირისპირ - შეგვახსენებს ცისკარს - დედამიწაზე მის ცხოვრებას; ხოლო სამხრეთი - შუადღეს - მის სახარებისეულ ქადაგებას; ამის შემდეგ მოდის კვლავ დასავლეთი, თითქოსდა მწუხრი - მისი ჯვარცმა და ვნება, შემდეგ ისევ შუაღამე - მისი შთასვლა ჯოჯოხეთს; და აღმოსავლეთი - ცისკარი - სულთა გათავისუფლება, რომლებიც მის განკაცებას ელოდნენ.
 
ჯვრით ლიტანიობის დროს ჯვრისა და ეკლესიის ბაირაღთა საფარველქვეშ, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ დედამიწაზე ქრისტეს ცხოვრება და მისი სწავლების მიმდევრობა; ეს ყველაფერი ჩვენს გონებაში აღძრავს ფიქრს წმ. მოციქულთა, მოსაგრეთა და მოწამეთა მიბაძვისადმი, რომლებმაც მიიღეს პატივი და ზეციური გვირგვინები ქრისტესადმი განუხრელი მიმდევრობის გამო.
 
თავისთავად იგულისხმება, რომ ქრისტეს მტრები - ფარისევლები და მწიგნობრები - არ მისდევდნენ მას, არამედ ყოველთვის მის წინააღმდეგ იყვნენ. აი რატომ უნდა შეახსენებდეს ლიტანიობა სიმბოლურად ქრისტესა და მისი მოწაფეების, და არა მისი მტრების მიყოლასა და მიმბაძველობას. ამიტომაც ლიტანიობაზე ჩვენ კი არ ვუპირისპირდებით მზეს - ქრისტეს, არამედ მივდევთ მას.
 
ჯვრით ლიტანიობის გარდა, ჩვენს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში მზის მიმართულებით მოძრაობა მიღებულია ნათლობის საიდუმლოში - ემბაზის ირგვლივ - და ასევე ჯვრისწერის საიდუმლოში - ანალოღის ირგვლივ.
 
აქ ასეთ მოძრაობებს, თუმც სხვა მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე ჯვრით ლიტანიობის დროს, მაგრამ, მაინც, თავისი შინაგანი, საიდუმლო აზრით, უთითებენ იმაზე, რომ ემბაზისა და ანალოღის გარშემო სიარული უნდა აღესრულებოდეს მზის მოძრაობის მიმართულების მიხედვით, და არა მის წინააღმდეგ. კერძოდ: ნათლობის საიდუმლოში ადამიანი აღთქმას დებს, რომ შეუდგება ქრისტეს, ხოლო ჯვრისწერის საიდუმლოში სიძე და პატარძალი იცხოვრებენ ღმრთის მცნებათა მოთხოვნების შესაბამისად, შედეგად, მათი მოქმედებაც ამ დაპირების შესაბამისად უნდა იქნას გამოხატული, ანუ ისინი უნდა იყვნენ ქრისტეს მიმდევრები, და არა მისი მოწინააღმდეგეები.
 
თუმცა, ეკლესიაში, ღვთისმსახურებაზე არსებობს მოძრაობები მზის მოძრაობის საწინააღმდეგოდაც, როდესაც ეს მოქმედებები თავისი შინაგანი, საიდუმლო აზრით სხვა მნიშვნელობას იძენენ, ვიდრე ჯვრით ლიტანიობები, ემბაზის ირგვლივ მსვლელობა ნათლისღების საიდუმლოში და ანალოღის ირგვლივ მოძრაობა ჯვრისწერის საიდუმლოში. საცეცხლურით, სახარებით და წმიდა ძღვენით გამოსვლა (დიდი გამოსვლა რომელი ქერუბიმთას გალობის დროს), ასევე წმიდა ტრაპეზის (საკურთხევლის) კმევის ან რაიმე საგნის (მაგ.: პურების კურთხევის დროს მწუხრზე და სხვა), სასულიერო პირთა: ეპისკოპოსის, მღვდლის და დიაკვნის ხელდასხმის დროს საკურთხეველში, მოძრაობა (სასაკმევლით ხელში) აღესრულება მზის მიმართულების საწინააღმდეგოდ.
 
ყველა ამ შემთხვევაში სხვა საიდუმლო შინაარსია მოცემული. საკმევლის კმევა აღესრულება უფლის წინაშე (მალაქ. 1:11), სახარებით გამოსვლა აჩვენებს, რომ წმიდა სახარება არის ქრისტეს სწავლება, რომელიც ევლინება ქვეყნიერებას, და არ გადის მისგან, რადგან ის არის ნათელი სოფლისა და ყველას ანათლებს; დიდი გამოსვლაც ასევე მიანიშნებს ქრისტეს მოსვლაზე - იერუსალიმში მის საზეიმო შესვლაზე, როდესაც ჩოჩორზე ამხედრებული ქრისტე იერუსალიმში შედიოდა, ხოლო ძუძუთა ყრმები ადიდებდნენ მას; ხელდასხმის დროს - ღირსეული კაცი (აქსიოს) წარედგინება ღმერთს, რათა შესწიროს მსხვერპლი საკუთარი თავისა და კაცთა შეცოდებებისათვის, ამიტომაც ის მიმართულია პირით აღმოსავლეთისკენ, ანუ სიმართლის მზიკენ - უფლისკენ.


მასალა მომზადებულია ძველმართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2025 წ.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому