სამწუხაროდ, ჩვენთან პოლემიკისას გველაპარაკებიან არა საეკლესიო განწესებებისა და წმიდა მამებისეული სწავლების პოზიციიდან, არამედ ყოფიერებაში დამკვიდრებული ჩვეულების საფუძველზე მღვდლები იხილონ მხოლოდ გრძელი თმებით. ეს კანონთა და წმიდა მამათა სწავლებების საწინააღმდეგოა. ხოლო თუ რაოდენ საშიშია ეს, ჩანს წმ. ბარსანუფი დიდის და იოანეს პასუხებიდან, რომლებიც ამბობენ, რომ მამათა რჩევის უარმყოფელნი ექვემდებარებიან უკიდურეს ბოროტებას, გადადიან ღმრთის მცნებებს და ხდებიან ღვთის მტრები.
"თუ კაცი მამებს არ სთხოვს რჩევას იმ საქმის თაობაზე, რომელიც კეთილ საქმედ ეჩვენება, მაშინ ამის შედეგი იქნება ცუდი, და ის კაცი დაარღვევს მცნებას, რომელიც მაბობს: "შვილო, განუზრახველად ნურას იქმ" (ზირ. 32:19); და კიდევ: "ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან" (2 რჯლ. 32:7). და ვერსად ნახავ, რომ წერილი უბრძანებდეს ვინმეს თავისთავად რამის გაკეთებას; არ ითხოვდე რჩევას, ნიშნავს ამპარტავნებას, და ასეთი კაცი აღმოჩნდება ღმრთის მტერი, რადგან "უფალი ამპარტავანთ შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთ მადლს მოანიჭებს" (იგავ. 3:34). მაშ, ვინ იქნება (ამის შემდეგ) მდაბალი, თუ არა მხოლოდ ის, ვინც მოიდრეკს წმიდა ბერების წინაშე ქედს და რჩევას მიიღებს მათგან, ღმრთის შიშით" (იქვე. კითხვა 532. გვ. 100).
ჩვენ კი რას ვხედავთ?
ვუთითებთ წმიდა მამათა თხზულებებზე (მღვდელმსახურთა მიერ თმების შეჭრის საკითხზე), ეკლესიის კანონებზე, პასუხად კი, საკუთარ ჩვეულებაზე დაფუძნებით, ჯიუტად გვპასუხობენ, რომ ეს ეკლესიის ჩვეულება არ არის. მეტიც, ეჭვობენ მამათა გამონათქვამების ჭეშმარიტებას იმის საფუძველზე, რომ დამოწმებული გვავს ახალმოწესეობრივი გამოცემების მიხედვით.
წიგნებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მთლად კანონიერი და უსაფრთხო როდია ეკლესიის წმიდა მამათა შრომების ახალმოწესეობრივი გამოცემათა სრული უარყოფა. როგორც ცნობილია არსებობს "წმ. მოციქულთა დადგენილებების" მთელი რვატომეული, რომლებიც მწვალებლებმა შერყვნეს (გააფუჭეს) და ამ მიზეზით კანონთა კრებულებში არ იქნენ შეტანილნი. მაგრამ, როგორც ძველად, ასევე ახლო პერიოდში, მართლმადიდებელი ქრისტიანები მათ ხშირად იმოწმებდნენ, და დღემდე იმოწმებენ. სხვათა შორის, ახალმოწესეობრივმა სასულიერო აკადემიამ ქ. ყაზანში წიგნად გამოსცა ეს დადგენილებები და არავინ, თვით ძველმოწესეებიც კი არ უკადრისობენ მის გამოყენებას.
ან რა ვთქვათ ბალსამონისა და ზონარას განმარტებებზე? ჩვენ მათი შრომები ვიცით მხოლოდ ახალმოწესეთა თარგმანების მიხედვით, რადგან ძველმოწესეებს ისინი არასოდეს უთარგმნიათ და არც გამოუციათ, მაგრამ ჩვენი სულიერი წინაპრები არ სარგებლობდნენ მათით? ან ჩვენ არ ვსარგებლობთ? რა თქმა უნდა - ვსარგებლობთ! მაშ, რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ როდესაც რომელიმე სადავო საკითხი ეწინააღმდეგება საზოგადოდ მიღებულ ჩვეულებებს კატეგორიულად უარყოფენ მათ (ამ ჩვეულებას მე სპეციალურად არ ვუწოდებ ძველმოწესეობრივს, რადგან მღვდლების მიერ გრძელი თმების ტარება არ არის ძველმოწესეობრივი. ამ წესმა აქ ფეხი მოიკიდა მოციქულთა გადმოცემებისადმი უყურადღებობისა და სულიერი ცხოვრების მოშვებულობის გამო, რაც ქვემოთ იქნება ნაჩვენები).
ანდა, რომელ წყაროებს იმოწმებენ ძველმოწესეები, როდესაც ისინი ახალმოწესეებს წვერის პარსვის გამო ედავებიან, - განა მათივე გამოცემებით არა?
ჩემი ოპონენტები ამბობენ, რომ მამათა გამონათქვამები გრძელი თმების ტარების წინააღმდეგ ახალმოწესეობრივი დამახინჯებებია, მაგრამ იფიქრეთ, განა ეს ლოგიკურია? ახალმოწესეობრივი მღვდლებიც ატარებენ გრძელ თმებს, ისევე, როგორც ძველმოწესე მღვდლები, მაშ, ლოგიკური არ უნდა ყოფილიყო ახალმოწესეობრივ თარგმანებში (თუკი მათ საკუთარი პრაქტიკის სასარგებლოდ დაამახინჯებდნენ) მამებს გაემართლებინათ გრძელი თმების ტარება და არ გაეკიცხათ გრძელი თმების მატარებლები? მაშ, რა დაამახინჯეს მათ მამათა გამონათქვამებში? თუკი მე მომიწევს ახამოწესეთა წინააღმდეგ გამოსვლა და ისეთი საკითხის წამოწევა, რომელიც მათთან დავის საგანია, მე დიდი სიამოვნებით ვისარგებლებ მათი გამოცემებით, როგორც ჩემი სიმართლის ყველაზე სანდო წყაროებით, რადგან ნათქვამია: "მტრის მოწმობა უმჯობესიაო".
ახალმოწესეობრივ გამოცემებში ძალიან ბევრი რამ არის სასარგებლო, ამიტომ დაუშვებელია ფიქრი: რადგან ისინი მწვალებლები არიან, ყველაფერს ამახინჯებენ. წმ. ბასილი დიდი არავის უკრძალავს წარმართთა თხზულებების წაკითხვას. მას მოჰყავს ფუტკრის მაგალითი, რომელიც მიეახლება მრავალ ყვავილს, მაგრამ ყველასგან როდი იღებს სასარგებლო ნექტარს. განა ასე არ უნდა მოვექცეთ მწვალებელთა მიერ თარგმნილ და გამოცემულ წიგნებს? თანაც, საჭიროა კიდევ გავითვალისწინოთ, რომ მწვალებელთა შორისაც არის განსხვავება, ზოგი მათგანი უფრო ახლოს დგას მართლმადიდებლობასთან, ვიღაც უფრო შორს. იეჰოველთა, ბაპტისტთა და სხვა პროტესტანტთა თარგმანებით (თუ საქმე არ გვაქვს სპეციალურ სამეცნიერო შრომებთან, რომლებიც ხშირად გამოიცემა ხელნაწერების საფუძველზე), ჩვენ არ ვსარგებლობთ, ხოლო თუ რომელიმე თარგმანით ვისარგებლებთ, განსჯითა და სიფრთხილით.
მინდა კიდევ დავამატო ის, რომ ნიკონამდე და მის დროსაც, წმიდა მამათა ყველა ნაშრომი როდი იყო თარგმნილი. ძალიან ბევრი ამ მიმართულებით გაკეთდა ნიკონის შემდგომ პერიოდში. არსებობს თანამედროვე, ძალიან კარგი თარგმანები. არ მინდა სახელობითად ჩამოვწერო, მაგრამ ჩემი ოპონენტები თმებთან დაკავშირებულ საკითხში, ძალიან ხშირად სარგებლობენ წმ. მამათა თხზულებებით, რომლებიც ახალმოწესეთა მიერ არის თარგმნილი. ასეთი ბევრი წიგნი სახლებშიც აქვთ და დავის დროს დაუბრკოლებლად მიმართავენ მათ. გამოდის, რომ მათთვის (როდესაც ეს ძალიან აწყობთ) დასაშვებია ახალმოწესეობრივი გამოცემების გამოყენება, ჩემთვის კი - არა. ასეთ "ლოგიკას" მე კატეგორიულად არ ვეთანხმები, და დარწმუნებული ვარ, თქვენ მე ამაში მხარს დამიჭერთ და არ შემეწინააღმდეგებით.
ახლა კი კვლავ დავუბრუნდეთ განსახილველ საკითხს.
როგორც გახსოვთ, მღვდლების მიერ გრძელი თმების ტარების წინააღმდეგ მე დავიმოწმე წმ. მოც. პავლეს გამოთქმები კორინთელთა მიმართ მისი პირველი ეპისტოლედან, რომელშიც ნათქვამია: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" (1 კორ. 11:14). მაშინ მე ვწერდი, რომ წმ. მოციქულ პავლეს განკარგულება უკვე არის კანონი. ის დაწესებულია ყველა მამაკაცისთვის მიუხედავად მისი საზოგადოებრივი ან სულიერი მდგომარეობისა.
აქ სიტყვით "კაცი" მოციქულმა აღნიშნა ჩვენი ბუნება, და არა საზოგადოებრივი მდგომარეობა. თუკი მოციქულის მიერ განხილვადი საკითხი ეხებოდა ოდენ განსაზღვრულ ფენას (მაგალითდ, სასულიეროს) საზოგადოებაში, მაშინ მოციქული იტყოდა არა "კაცს", არამედ მიუთითებდა, თუ ვისთვის არის გრძელი თმების ტარება "საძრახისი", და ვისთვის არა. თუკი გრძელი თმების ტარება მღვდლების პრეროგატივა იყო, მაშინ ის ილაპარაკებდა იმაზე, როგორ იტაცებენ ზოგიერთნი სამღვდლო კუთვნილებას და აკრძალავდა ამგვარ მოქმედებას, მაგრამ მსგავს ვერაფერს ვხედავთ მის ეპისტოლეში.
თუკი ვინმე შეეცდება დაგვიმტკიცოს, რომ სიტყვით "კაცი" მოციქულმა მიანიშნა მხოლოდ ერისკაცებზე, და არა მღვდლებზე, მაშინ მან უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მღვდელში არ იგულისხმება "კაცი", მაგრამ რაკიღა ასეთი მტკიცებულება მკრეხელურია და ბრიყვული, იმედი მაქვს ჩვენ ქრისტიანთაგან ასეთ "არგუმენტს" არავინ გამოიყენებს.
სამწუხაროდ, ჩვენს ქართულ ეკლესიაში ამ საკითხში ვერ იქნა მიღწეული ერთსულოვნება. მე მიმტკიცებდნენ, რომ მოციქულის სიტყვა ეხება მხოლოდ ერისკაცთ, და არა მღვდელმსახურთ. იმოწმებდნენ იმავე მოციქულ პავლეს, რომელიც თავის იმავე ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ წერს: "ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს. და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს" (1 კორ. 11:4, 5).
ჩვენი ოპონენტების აზრით, რაკიღა მღვდლები თავს იფარავენ კამილავკით ან სხვა თავსაბურავით, აქ მოციქული გულისხმობს მხოლოდ ერისკაცთ. სწორედ მათ ეკრძალებათო თავის დაფარვა. ზუსტად ასევე, ამბობენ ისინი, მოციქულის მითითება თმების შეჭრაზე, ეხებაო ერისკაცთ, და არა მღვდელმსახურთ. მაგრამ, წმიდა მამათაგან ვინ განმარტა წმ. წერილის ეს ადგილი ამგვარი შინაარსით მითითებული არსად არის. ხოლო რადგან ასეა, მოცემული განმარტება არ მივიღეთ.
ისიც აღსანიშნავია, რომ მღვდელმსახურები ყოველთვის როდი ლოცულობენ ეკლესიაში დაფარული თავით. როგორც ცნობილია, მღვდელმსახურები (დიაკვნები, პრესვიტერები და ეპისკოპოსები) არიან ქრისტეს, მოციქულთა და ანგელოზთა ხატებანი. ასე წერს ამის შესახებ, მაგალითად, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი. ამასთან დაკავშირებით, რადგან თვით მღვდელმსახურთა შესამოსელი (მათ შორის თავსაბურავებიც) განსაზღვრულ საგანთა სიმბოლოებია, არ შეიძლება მათი განხილვა ჩვეულებრივი თავსაბურავების (ქუდების) სახით. გარდა ამისა, თვით მღვდელმსახურები განსაზღვრულ შემთხვევებში, ეკლესიაში თავსაბურავთა გარეშე ლოცულობენ (მაგ.: ექვსი ფსალმუნის კითხვისას; ან როდესაც იკითხება ლოცვები: მამაო ჩვენო, მრწამსი, ღირს არსი და მრავალი სხვა).
თუკი მოციქულ პავლეს სიტყვები ეხება მხოლოდ ერისკაცთ და არანაირად მღვდელმსახურებს, მაშინ რატომ ითხოვს ეკლესია მათგან მითითებულ და მრავალ სხვა ლოცვებში თავდაუბურავად დგომას? პასუხი ერთია, - ჩვენ ყველანი (როგორც მღვდლები, ასევე ერისკაცები) ვასრულებთ მოციქულის განკარგულებას, მაგრამ, როდესაც მღველი გამოხატავს ერთგვარ მაღალ სულიერ არსს, მაშინ ის თავზე იხურავს, მაგალითად, მიტრას, საკოსს, ომოფორს (რომლებიც, სხვათა შორის, ლიტურგიის განსაზღვრულ ადგილებში უნდა მოიხსნას).
მაგრამ, როდესაც მღვდლები, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, თვითონაც, ერთან ერთად გამოხატავენ თავიანთ ადამიანურ ბუნებას, მაშინ, ისინი, სხვა ადამიანებთან ერთად ღმერთს შეწყალებას სთხოვენ და მათთან ერთად უფალს თავდაუბურავად ევედრებიან. მოციქულის განკარგულება აქ სრულად არის დაცული.
ახლა, მოდი, კვლავ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს დავუბრუნდეთ.
მოციქულს კორინთელთათვის არ უთქვამს, თითქოსდა გრძელი თმების ტარებით ვინმე სამღვდლო ღირსებას ისაკუთრებდეს, რაც სინამდვილეში მკრეხელობა იქნებოდა, გრძელი თმების ტარება მართლაც რომ მღვდლების პრეროგატივა რომ ყოფილიყო.
ამრიგად, დავა ჩვენს შორის, მოც. პავლეს გამონათქვამთან დაკავშირებით, აზრს კარგავს. ჩვენ ის გვესმის ისე, როგორც გვასწავლის ამას მოციქული და, როგორც განგვიმარტავენ წმიდა მამები, ხოლო თქვენ, ვინც მღვდლმსახურთა გრძელთმიანობას იცავთ, მომიტევეთ ქრისტეს გულისთვის და, არ ვიცი რის ან ვის საფუძველზე, მისი სიტყვების სრულიად უკუღმართულად გესმით.
ვინ განგვსჯის? კვლავ იგივე წმიდა მამები განგვსჯიან!
განგვსჯის მთელი ძველი ეკლესია, რომელიც წმიდა მამების განმარტებებით ხელმძღვანელობდა და დაადგინა, რათა სასულიერო პირებს არ გაებედათ და ხალხისთვის წმიდა წერილი თვითნებურად არ განემარტათ (იხ. VI მსოფლ. კრების კანონები). მოდი კვლავ მამათა შემწეობას მივმართოთ და ვნახოთ, როგორ განმარტავენ ისინი ამ ადგილს. მართალია, ამჯერად მარტო ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებას მივმართავთ, მაგრამ, ვფიქრობ მისი განმარტებაც საკმარისად ნათლად აჩვენებს ჩვენი შეხედულების სიმართლეს გრძელი თმების ტარებასთან დაკავშირებით.
კორინთელთა მიმართ 1-ლი ეპისტოლეს 11-ე თავში წმ. მოციქული წერს: "მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს. იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას. ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი. ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს. და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს. ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს. ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის. თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის. თავად განსაჯეთ, განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე? განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის? ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა. მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას" (1 კორ. 11:1-16)
"აქედან ჩანს, რომ პავლე და სხვა მოციქულებიც ბევრ რამეს ზეპირად გადასცემდნენ ეკლესიას წერილების გარეშე.
"მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა".
მსჯელობის კვალად, ის, როგორც ჩანს, აგრძელებს საუბარს მათთან, ვისაც აქებს მის მიერ ბოძებული გადმოცემების დაცვისთვის; მაგრამ სინამდვილეში ასწავლის დაუმორჩილებელთ. როდესაც გესმის, რომ ქრისტეა ყოველი კაცის თავი, იგულისხმე: ყოველი მართლმადიდებელი. რადგან ჩვენ, მორწმუნეები - მისი სხეული ვართ, და არა წარმართები, ამიტომაც ქრისტე მათი თავი არ არის.
"ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი".
კაცი ქალის თავია, რადგან მბრძანებლობს მასზე. ღმერთი ქრისტეს თავია, რადგან მისი მიზეზია, როგორც მამა. თავთან დაკავშირებით რაც ითქვა, იმავე აზრით არ უნდა გავიგოთ ქრისტეზეც. ქრისტე - ჩვენი თავია იმიტომ, რომ ის არის ჩვენი შემოქმედი, და იმიტომაც, რომ - ჩვენ მისი სხეული ვართ. ხოლო მამა ქრისტეს თავია, როგორც მისი მიზეზი. თუკი ქრისტეს თავად მამის წოდებას კაცობრივად გაიგებ, ანუ იმგვარი აზრით, როგორც ქრისტეა წოდებული ჩვენს თავად, აქ არავითარი უკეთურება არ იქნება. რადგან მამა ქრისტეს ღმერთადაც იწოდება მის კაცობრივ ბუნებასთან მიმართებაში (ინ. 20:17). რადგან ის საკუთარი ნებით გვემსგავსა ჩვენ, იწოდება კიდეც ჩვენს ძმად და თავად, მაგრამ არაფერია ახალი, თუკი ის იღებს კნინობით სახელებს, და როგორც განკაცებულს თავისი მამა ჰყავს თავად, საკუთარი მეფედ და ღმერთად.
"ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს".
კაცს თავის დაბურვას უკრძალავს არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ ლოცვისა და წინასწარმეტყველების დროს. თავის დაბურვას უკრძალავს არა მარტო სამოსით, არამედ თმებითაც. რადგან მან, ვინც გაიზარდა თმები, თავზე სწორედ ეს თმები აქვს.
რატომ ირცხვენს თავს ასეთი კაცი? იმიტომ, რომ მეთაურად და მბრძანებლად არის დაწესებული, არადა (თმის მოზრდით) თვით აქცევს თავს ქვეშევრდომად. თავის დაბურვა ნიშნავს თავზე ძალაუფლების დაწესებას, თავსაბურველს მბრძანებლის ადგილი უკავია, და დამორჩილების ნიშნად გამოიყენება.
ან კიდევ ასე: არცხვენს თავს - ანუ ქრისტეს, ამცირებს რა საკუთარ თავს და კარგავს თავისუფლებას. რადგან, როგორც პატარა სხეული ამცირებს თავს, ასევე ისიც, ვინც ღმრთის მიერ თავისუფლად არის შექმნილი, მაგრამ თავს იმცირებს, როგორც ქვეშევრდომი, არცხვენს ქრისტეს, რომელიც არის მისი თავი, როგორც სხეულის.
კვლევის ღირსია, თუ რატომ მიიჩნევს მოციქული ამას ცოდვად. ქმარსა და ცოლს, ერთს ძალაუფლების, მეორეს კი - მორჩილების ნიშნად, სხვა მრავალი რამეც ებოძათ, სხვათა შორის ის, რომ ერთს თავი ჰქონოდა დაუბურავი, მეორეს კი - დაბურული. მაშ, როგორ არ არის ცოდვა გადახვიდე ბუნებით საზღვრებს, კაცი თავს იწონებდეს გრძელი თმებით, ცოლი კი თავდაუბურავი დადიოდეს? მოციქული პავლე აღმოფხვრის ამ მოვლენას, როგორც თვითნებობას, რომელიც საკმაოდ წარმწყმედელია საეკლესიო საქმეებში. რადგან მწვალებლობებიც აქედან ჩნდება, ანუ იქიდან, რომ ყოველი მისთვის დაწესებულ ზღვარს გადადის.
"და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს".
როგორც ვთქვი, იყვნენ წინასწარმეტყველების მადლით დაჯილდოვებული ქალებიც, მაგალითად, ფილიპეს ქალიშვილები (საქმე 21:9) და მრავალნი სხვანი. მაშ, რითი ირცხვენენ ისინი თავს? მით, რომ საკუთარ თავს გარიყულად აცხადებენ, რადგან გადადიან ღმრთით ბოძებულ ძალაუფლებას. იცოდე ასევე, რომ კაცს უკრძალავს იყოს დაბურული, როგორც ითქვა, ლოცვისა და წინასწარმეტყველების დროს, ხოლო ქალს უკრძალავს არა მარტო ამ შემთხვევებში, არამედ ყოველთვის. რადგან ეს სურს მას, როცა ამბობს: "ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს". როგორც თავგადაპარსულობა მისთვის ყოველთვის სამარცხვინოა, ასევე თავდაუბურავად ყოფნაც. თმები ცვლიან საბურველს. ამიტომაც, ვინც თავსაბურავი მოიხსნა ის წააგავს თავგადაპარსულს.
ქალს თუ არ სურს თავის დაბურვა, მაშინ ბარემ გაიკრიჭოს; ხოლო თუ ქალისთვის სირცხვილია გაკრეჭა ან გაპარსვა, მაშინ დაიბუროს.
პავლე მოციქული აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ თავდაუბურავად ყოფნა თავგადაპარსულობას წააგავს; და როგორც სამარცხვინოა ეს უკანასკნელი მდგომარეობა, ასევე სამარცხვინოა პირველიც. ამით გამოხატავს, რომ ქალისთვის თავდაუბურავად ყოფნა ყოველთვის სამარცხვინოა.
"ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა".
პირველ მიზეზად დაასახელა ის, რომ კაცის თავი არის ქრისტე, და ამიტომაც ის თავდაუბურავი უნდა იყოს. ახლა კი გვიჩვენებს სხვა მიზეზსაც, იმას, რომ ის არის "ხატი და დიდება ღვთისა", ანუ ღმერთის ადგილნაცვალი და ხატი. ამიტომაც ყოველთა მეფის ძალაუფლების წარმომადგენელს ამ ძალაუფლების ნიშნებით მართებს წარდგომა ქრისტეს წინაშე, ანუ დაუბურავი თავით. რადგან ეს არის ნიშანი იმისა, რომ კაცი არც ერთი მიწიერის მორჩილებაში არ იმყოფება, არამედ თვითონ არის ყოველივეს მბრძანებელი, როგორც ღმრთის ხატი.
"ხოლო ქალი ქმრის დიდებაა".
ანუ, დამორჩილებულია ქმარს. ამიტომაც, ამ მორჩილების ნიშნით უნდა წარდგეს იგი ქმრის წინაშე, ასეთი ნიშანი კი - გახლავთ დაბურული თავი.
"რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის".
წარმოგვიდგენს მიზეზებს, რომელთა გამო კაცს უპირატესობა აქვს ცოლის წინაშე, კერძოდ: ქალი შეიქმნა კაცის ნეკნიდან, და არა პირიქით; კაცი როდია შექმნილი ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის. ნათქვამია: "შევუქმნათ მაგას შემწე, მაგისი მსგავსი" (დაბ. 2:18). როგორ შეიძლება კაცი იყოს თავდაბურული, როდესაც ის ასე პატივდებულია ღმრთისგან? ასეთ შემთხვევაში კაცი წარმოჩინდება, როგორც ქალის ტანისამოსის მიმსაკუთრებელი, რომელმაც როგორც კი მიიღო დიადემა, ჩამოაგდო იგი საკუთარი თავისგან, და ჩაიცვა მონის ტანისამოსი.
"ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის".
ნათქვამი ნიშნავს, რომ ქალს უნდა გააჩნდეს თავისი მორჩილების ნიშანი, რაც სხვა არაფერია, თუ არა თავსაბურავი, "ანგელოზთა წინაშე ღვთისმოშიშების" ნიშანი, რათა მათ წინაშეც არ წარმოჩინდეს, როგორც ურცხვი. რადგან როგორც თავის დაბურვით და დახრილი თვალების ქალი, როგორც მორჩილი, აჩვენებს თავის მოწიწებას და ერთგულებას, ასევე დაუბურავი თავით ის წარმოაჩენს ურცხვობას, რომელსაც ზურგს მორწმუნეთადმი მიჩენილი აქცევენ ანგელოზები. ხოლო კლიმენტი, "სტრომატების" ავტორი, საკმაოდ დახვეწილად შეიმეცნებს ანგელოზებში ეკლესიის მართალთ. ქალიო, ამბობს ის, თავს უნდა იბურავდეს, რათა მრუშობისკენ არ წააქეზოს ისინი.
"თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში".
ამას იმიტომ ამბობს, რომ უდიდესი უპირატესობა მიანიჭა კაცს, დაამტკიცა რა, რომ ქალი არის მისგან, და მისთვის, და მის მორჩილებაშია იგი. ხოლო ქმრებმა ჯეროვანზე მეტად რომ არ აიმაღლონ თავი, და ცოლები არ დააკნინონ, ამბობს, რომ პირველდაწყებითი შესაქმის დროს, ქალი, მართლაც, ასეა შექმნილი ქმრისგან, მაგრამ ახლა არც კაცი იშვება ქალის გარეშე. თუმცა, უფალში, ანუ ყველაფერს იქმს ღმერთი, აცოცხლებს თესლს და ამტკიცებს საშოს.
"როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან".
ქალიო, ამბობს, არის კაცისგან. რადგან ჯერაც მამაკაცებს რჩებათ ის თვისება, რომ ქალია კაცისგან. ხოლო კაციც ქალისგან, ანუ ქალი ემსახურება ადამიანის გაჩენას, უმეტესი მოქმედება კი - თესლშია. ამიტომაც კაცზე არ შეიძლება მთელი სიმკაცრით ითქვას, რომ ის ქალისგანაა, მაგრამ თავისი მამისგან ქალის მიერ, რომელიც ადამიანის შობას ემსახურება. ხოლო უფლის შესახებ პავლემ ასე კი არ თქვა, არამედ: "იშვა ქალისაგან" (εκ) (გალატ. 4:4). ის მოერიდა გამოეყენებინა თანდებული δια, რათა მწვალებელთათვის არ მიეცა მიზეზი ეთქვათ, რომ უფალმა ქალწული გაიარა, როგორც რამ არხი, - ან იმიტომ, რომ მის შობაში მამაკაცი არ მონაწილეობდა, არამედ ის იყო მხოლოდ მისი (ქალის) მუცლის ნაყოფი.
"ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის".
ეს სრულყოფილება არის არა კაცისგან, არამედ ღვთისგან. თუკი ყველაფერი ღმრთის ძალით აღესრულება, და თვით დააწესა კაცებსა და ქალებს შორის ურთიერთობა, ნუ იდავებ, არამედ შეიწყნარე.
"თავად განსაჯეთ".
კვლავ მათვე აწესებს მსაჯულებად, რათა სრულიად დადასტურდეს ის, რაც სურს.
"განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე?"
აქ მიანიშნებს რაღაც საშინელზე, იმაზე, რომ უპატივობა ღმერთამდე აღწევს.
"განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის, ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა?"
როგორ არ იქნება საძრახისი კაცისთვის თმების გაზრდა, როდესაც ის ამის მეშვეობით იღებს ქალურ სახეს და, უფლობისთვის დაწესებული, ქვეშევრდომობის ნიშანს იღებს? მაგრამ ქალისთვის თმების გაზრდა პატივია, რადგან ის ამ შემთხვევაში თავის წესს იცავს, ხოლო საკუთარი წესის დაცვა - ყველასთვის პატივია. რისთვის არის საჭირო მეორე თავსაბურავით შემოსვა, თუკი თმები ისედაც თავსაბურავია? იმისთვის, რათა საკუთარი მორჩილება გამოხატულ იქნას არა მარტო ბუნებით, არამედ თავისუფალი ნებითაც.
"მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას".
მართლაც, მსგავს საგნებში წინააღმდეგობა - კინკლაობის საქმეა, და არა განსჯისა და გულისხმისყოფისა. რადგან, შეიძლება, კორინთელები, რომელთაც სურდათ მჭევრმეტყველება, კამათობდნენ, რათა დაემტკიცებინათ ამ საქმის უმნიშვნელობა. ამიტომაც მოციქული ამბობს, რომ არც ჩვენ გვაქვსო ასეთი ჩვეულება ვიდაოთ უნდა გაიზარდოს თუ არა თმები მამაკაცმა, ქალი კი იყოს თავდაუბურავად, და არც სხვა ეკლესიებსო. ამიტომაც, თქვენ მარტო ჩვენ კი არ გვეწინააღმდეგებით, არამედ მთელ ეკლესიას. ეს უნდა ვაჩვენოთ მსმენელებს - რათა არაფერი გავაკეთოთ მოციქულთა ჩვეულებაზე უმეტესად" (წყარო იხ.: https://ekzeget.ru/bible/1oe-poslanie-k-korinfanam-ap-pavla/glava-11/).
ამრიგად, ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რომ მოციქულ პავლეს სიტყვა ეხება სწორედ ბუნებისთვის თვისობრივ და არა სასულიერო ან საზოგადო პატივს. ამაზე უთითებს მოციქულის სიტყვები - "თვით ბუნება გვასწავლის" (შეად. 1 კორ. 11:14), რომ "თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის", ქალებისთვის კი, პირიქით, ეს პატივია.
მოციქულის აზრი, ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით, მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ გრძელი თმები თავის დაბურვის და მორჩილების ნიშანია. ქალმა ქმრისადმი მორჩილების ნიშნად თმები უნდა გაიზარდოს, რადგან უფალმა ქმარი მის თავად დააწესა. როგორც მორჩილი, ის (ქალი) თავდაბურული უნდა იყოს, ხოლო თავსაბურავად მას (ქალს) გრძელი თმები მიეცა. ამიტომაც, თუკი ქალი თმებს იჭრის, ეს საძრახისია მისთვის, რადგან ამით ის აცხადებს თავის ერთგვარ დაუმორჩილებლობაზე, რაც შეარცხვენს მას.
ხოლო კაცს "უკრძალავს თავის დაბურვას არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ ლოცვისა და წინასწარმეტყველების ჟამს". მაგრამ, რადგან გრძელი თმები - ეს თავის დაბურვის ნიშანია, ხოლო თავის დაბურვა მორჩილებისა, კაცისთვის "სამარცხვინოა თმების გაზრდა". ამიტომაც, ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით, მან "თავსაბურავი უნდა მოსპოს არა მარტო სამოსელით, არამედ თმებითაც" (ანუ გრძელი თმები არ უნდა მოუშვას).
"რატომ ირცხვენს თავს ასეთი კაცი?" - კითხულობს ნეტ. თეოფილაქტე, და თვითონვე პასუხობს: "იმიტომ, რომ მეთაურად და მბრძანებლად არის დაწესებული, არადა (თმის მოზრდით) თვით აქცევს თავს ქვეშევრდომად. თავის დაბურვა ნიშნავს თავზე ძალაუფლების დაწესებას, თავსაბურველს მბრძანებლის ადგილი უკავია, და დამორჩილების ნიშნად გამოიყენება"
"როგორ არ იქნება საძრახისი კაცისთვის თმების გაზრდა, როდესაც ის ამის მეშვეობით იღებს ქალურ სახეს და, უფლობისთვის დაწესებული, ქვეშევრდომობის ნიშანს იღებს?" - ვიკითხავთ ჩვენც ნეტ. თეოფილაქტესთან ერთად. და თუკი ეს უსირცხვობაა ერისკაცთათვის, შესაბამისად, მღვდელმსახურთათვისაც, და უფრო მეტადაც არ შეურაცხყოფს ის მღვდელმსახურთ, თუკი ისინი დაწესებულნი არიან მეთაურებად, როგორც ბუნებით, ასევე სამღვდლო ძალაუფლებითაც?!
ის, რაც სამარცხვინოა მამაკაც ერისკაცისთვის ბუნებითად, როგორ შეიძლება პატივი იყოს მღვდელთათვის? და პირიქით, როგორ შეიძლება პატივი იყოს მღვდლისთვის ის, რაც ასეთია მხოლოდ ქალთათვის, და ისიც, ნიშანია მორჩილებისა და ქვეშევრდომობისა.
დოგმატურად და კანონიკურად, მღვდელმსახურებმა მარტო იმიტომ კი არ უნდა დაიგრძელონ თმები, რომ ბუნებით კაცები არიან, არამედ იმიტომაც, რომ ერს მწყემსავენ და მეთაურობენ ხალხს. გრძელთმიანი ეპისკოპოსი ან მღვდელი ქალზე უდაბლესია და უპატივოა უფლის წინაშე!
ფოთში ვიღაცამ მკითხა, როდესაც მღვდლმსახურთა გრძელთმიანობის შესახებ მედავებოდა, რომ მე ვაკნინებ თვით უფალს, რომელსაც როგორც ნაზორეველს გრძელი თმები ჰქონდა. ამაზე ვუპასუხებ, რომ:
ჯერ-ერთი, მე კი არ ვუწოდე ურცხვობა კაცთა გრძელთმიანობას, არამედ თვით მოციქულმა პავლემ.
მეორეც, როგორც წმ. ეპიფანე კვიპროსელი განმარტავს: "ეს (ნაზორეველობა - არქიეპ. პ.) არავითარი კარგი საქმე არ არის ღმრთისთვის, თუმც მას ღმრთის გულისთვის იღებენ. მაგრამ ამ ჩვეულებას ჯიუტად იცავენ იმის შემდეგ, რაც რჯულის ქვეშ ყოფნის დრო ამოიწურა და გამოჩნდა ჭეშმარიტება. კათოლიკე ეკლესიისთვის და მოციქულთა ქადაგებისთვის უცხოა საჯაროდ ბეწვიანი შესამოსელისა და შეუკრეჭავი თმის ტარება. ზოგიერთებს ენებათ გრძელი თმების ტარება, რა თქმა უნდა, ცხოვრების საკუთარი წესის გამო, საკუთარი მოსაზრებით, რადგან სახარებაში ეს განწესებული არ გახლავთ, ის არც მოციქულებს მიუღიათ და წმიდა მოციქულმა პავლემ უარყო ეს ჩვეულება" (Часть 5. Стр.ТЕ, ТНЕ).
წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ერთმნიშვნელოვნად წერს საეკლესიო სამართლის დამრღვევ მღვდელმსახურებზე, რომ: "გრძელ თმებში, თავმომწონედ, საკუთარი თავის ცხონებულთა რიგებში წარმოდგენას ბედავენ... მაგრამ, მითხარი, ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობებზე უარესი როგორ არ იქნება?" (Творения преп. Симеона Нового Богослова Ч. 1, слово 47. С. 431).
მესამეც, წმიდა მამათა სწავლებით გრძელი თმების ტარება არის არა ქრისტიანული, არამედ ანტიქრისტიანული, წარმართული და დემონთთაყვანისმცემლური. წმ. კირილე იერუსალიმელი ამის შესახებ სრულიად განსაზღვრულად და არაორაზროვნად წერს: "ელინთა უგუნური ნაშიერები - წერს ის წარმართებზე, - თავიანთ ბუნების საწინააღმდეგო ჩვეულებებს მისდევენ და პირუტყვებივით მცხოვრებნი, თმებს იმის საფუძველზე იგრძელებენ, რომ საკუთარ ღვთაებებს უძღვნიან მას" (Творения святителя Кирилла Александрийского. СПб, 1906. Ч. 3, С. 170).
ამრიგად, არ არსებობს წინააღმდეგობა ძველ და ახალ აღთქმებს შორის, და არ ეწინააღმდეგება ძველ აღთქმას მოციქულიც, რომელმაც თქვა, რომ თმების გაზრდა არცხვენს კაცს, რადგან თქვა, რომ თმები, როგორც თავსაბურავი, მორჩილების ნიშანია. ქალი ემორჩილება კაცს, რადგან კაცია მისი თავი, ხოლო კაცის თავია ქრისტე. ძველ აღთქმაში ყველანი ემორჩილებოდნენ ძველ რჯულს, ამიტომაც ნაზორეველები ატარებდნენ გრძელ თმებს, და მაშინ ეს ურცხვობად არ მიიჩნეოდა.
დასასრული.